განათლება,მთავარი,სიახლეები

მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

18.09.2020 • 1731
მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე.

თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ ყოფილა. პირიქით, ორმოსწავლიან კლასში, როგორც თორნიკე ამბობს, გაკვეთილები საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოც კი იყო.

„სოფელში ყველაზე პრობლემური უცხო ენის სწავლაა, რადგან პრაქტიკაც ნაკლებია და ტექნიკური შესაძლებლობებიც. არ გვქონდა მოსასმენი რესურსები, ამიტომ აბიტურიენტობის პერიოდში ქალაქში მომიწია მომზადება. პრობლემა იყო ისიც, რომ აბიტურიენტობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ბათუმში ბაბუა ცხოვრობს და მასთან ვჩერდებოდი ხოლმე, იქედან დავდიოდი რეპეტიტორებთანაც. თავის დროზე მათემატიკაც ბაბუამ შემაყვარა, რადგან მათემატიკის მასწავლებელი იყო და ბავშვობაში სულ მაძლევდა ამოცანებს მათემატიკური აზროვნების განვითარებისთვის“, – გვეუბნება თორნიკე.

სწორედ ბავშვობისდროინდელი სიყვარული და დამოკიდებულება დაეხმარა თორნიკეს მისაღებ გამოცდებზე, სადაც მან მათემატიკაში 32 ქულა აიღო. თორნიკე წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩაირიცხა.

თორნიკე ამბობს, რომ ძალიან უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები და მისი მომავალი პროფესიაც ამან განსაზღვრა. „პროგრამისტი გავხდები და ეს ძალიან საინტერესოა. უნივერსიტეტი და ჩემი პროფესიაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც მქონდეს დასაქმების შესაძლებლობა“.

თორნიკეს აზრით, მათემატიკაში წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებელია კარგი საფუძველი და მუდმივი მუშაობა. „დღეში მინიმუმ ერთი საათი უნდა იმუშაო, რომ მათემატიკური ინტელექტი განგივითარდეს. ეს ერთგვარი ჯაჭვია, წყვეტა იწვევს პრობლემას. ეს წყვეტა რომ არ მქონოდა, ამაში დამეხმარა სწორედ ბაბუა“, – გვეუბნება ის.

რა აკლიათ სოფელში ბავშვებს? – ვკითხეთ მას. თორნიკეს აზრით, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა შექმნას მთავრობამ.

„ტექნოლოგიები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვისაც. სკოლაშიც თითქოს არის რაღაცები, მაგრამ საკმარისი არ არის. ვერ ვმუშაობთ ლაბოტორიებში ექსპერიმენტებზე, მათემატიკის, უცხო ენის სწავლება უკეთ უნდა იყოს, უფრო სახალისო უნდა იყოს სწავლის პროცესიც.

სკოლაში არ გვაქვს სპორტული დარბაზი, სპორტული აღჭურვილობა, უნდა იყოს შემეცნებითი გასართობები, ექსკურსიები, ახალგაზრდული ბანაკები, მუნიციპალურ საქმეებში კი ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი და ცხოვრებაც და სწავლაც საინტერესო უნდა გახდეს“, – ამბობს თორნიკე.

თორნიკე იმედოვნებს, რომ სტუდენტობის წლებს ნაყოფიერად გამოიყენებს და პროფესიონალი პროგრამისტი იქნება. ის მეორე სტუდენტია მაღალმთიანი აჭარიდან, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის. ამ უნივერსიტეტში სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება.

__________________________________

ამავე თემაზე:

ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: