ჩვენ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში – სალომე ზურაბიშვილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 19 ივლისს, პეტრას ციხეზე გაიმართა.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამი ქვეყნის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რატომ მოეწერე შეთანხმებას ხელი პეტრას ციხეზე:

„იმ ადგილას, სადაც იმართებოდა ბრძოლები, ახლა, თქვენი აქ ყოფნის შედეგად, პეტრას ციხე გახდა ჩვენი საერთო მიზნების, სამი ქვეყნის და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი.

ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო, საერთო წარსული, ჩვენი გამოწვევები, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოების და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც შეიძლება მომდინარეობდეს გარე და შიდა წყაროებიდან.

თუმცა ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და პოლარიზაციის გამოწვევებს ქვეყნის გარეთ და შიგნით.

ჩვენი რეაგირება ევროპული რეაგირებაა, არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება. მოხდება მხოლოდ წინსვლა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან ასოცირებამ ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს:

„ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს, რადგან ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება,  გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ჩვენი კანონმდებლობის ადაპტაცია ევროპასთან და ასევე, ვიღებთ ერთმანეთის გაძლიერების ვალდებულებას.

გვჭირდება ეკონომიკის საერთო ხედვა. შავი ზღვა არის ახალი მიდგომების და ახალი შესაძლებლობების სიმბოლო. სამივე ქვეყანაში ვიმუშავებთ ევროკავშირთან ერთად, რომ დავახლოვდეთ შავი ზღვის ინიციატივის კონტექსტში.

ასევე, უნდა მოვახდინოთ ასოცირება არა მარტო ჩვენს ერებს შორის, არამედ ევროკავშირთან.

პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ სამი აღარ ვიქნებით იგივე, შავი ზღვა აღარ იქნება იგივე“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან

„შუა სეზონზე პლაჟს არავინ ასუფთავებს, ნაგავია ყველგან. გუშინ მოვიდნენ, ცოტა დაასუფთავეს და მოგროვებული ნარჩენებიც არ გაუტანიათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლიკო მჭედლიშვილი. ის ქობულეთში ისვენებს.

დამსვენებლის თქმით, პლაჟს პერიოდულად ასუფთავებენ და ამას თვითონაც ხედავს, მაგრამ პლაჟზე სისუფთავე მაინც არ არის.

„სამი დღეა ასე. შაბათს დილით, მაგალითად, იყო სუფთა ზღვა და სანაპიროც, შუადღის შემდეგ ნაპირი დაბინძურებული დაგვხვდა. ასე გვინდა ტურიზმი?“ – კითხულობს დამსვენებელი.

ოლიკო მჭედლიშვილის თქმით, თუ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც არ დაასუფთავებენ პლაჟს, მაშინ ტურისტები ქობულეთის მერიასთან აქციას გამართავენ.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღე დაფიქსირდა დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც ზღვამ გამორიყა და დაბინძურების სავარაუდო მიზეზი თურქეთში განვითარებული სტიქიური მოვლენებია. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამ სიტუაციას ექსტრემალურს უწოდებს.

„დალაგება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში დილის 4-5 საათიდან. შესაბამისად, უკვე დალაგებული ადგილები ხელახლა რჩება დასასუფთავებელი. სანაპიროს მთელს პერიმეტრზე ჩართული არის დასუფთავების სამსახური, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში. ახლა მობილური ჯგუფები მუშაობენ ფიჭვნარის ტერიტორიაზე და შემდეგ, როდესაც უკვე სანაპირო ზოლი, პლაჟი გათავისუფლდება დამსვენებლისგან, მთელი ღამის განმავლობაში და ასევე დილის საათებში შესაბამისი ტექნიკის გამოყენების გზით, მთლიანად იქნება ჩართული დასუფთავების სამსახური. ასევე ყველა ადამიანს შეუძლია კეთილი ნების საფუძველზე ჩაერთოს ამ სამუშაოში,“ – აცხადებს მირიან ქათამაძე.

რატომ არ აჰყავს დამატებითი მუშახელი ქობულეთის მერიას იმისთვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს და დამსვენებელს დაბინძურებულ პლაჟზე დისკომფორტი არ შეექმნას?

„ჩვეულებრივ სიტუაციაში რესურსი საკმარისია. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ზღვიდან არ წყდება ნატანის გამორიყვა, ვერ ხერხდება 14-კილომეტრიანი მონაკვეთის დასუფთავება. რაც შეეხება დამატებითი ჯგუფებს, ჯერჯერობით დაქირევება არ იგეგმება,“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქობულეთის სანაპირო ზოლს 62 ადამიანი ალაგებს, ასევე 30-კაციანი მობილური ჯგუფი და 4 ერთეული ტექნიკა.

„ჩვენ არ გვინდა ფაშიზმი, გვინდა ევროპა“ – გზავნილები აქციიდან

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“, „თავისუფალი მედია – თავისუფალი საზოგადოება“, „არა ავტორიტარიზმს“  – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს.

რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა, მათ შორის იყო ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერი:

„როგორც იცით, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ გაუგზავნა მიმართვა ბატონ  შარლ მიშელს და ჩვენი სათქმელი არის ის, რომ მედია არის ერთიანი და მებრძოლი, როგორც არასდროს, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

რაც ჩვენ ვნახეთ, სადამსჯელო ოპერაცია მედიის წინააღმდეგ ხუთ ივლისს, ეს ჯერ კიდევ გრძელდება, გრძელდება საჯარო სივრცეში, პარლამენტში, გრძელდება სოციალურ ქსელებში.

ეს უნდა შეწყდეს, უნდა დაისაჯონ მოძალადეები და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ვთხოვთ ბატონ მიშელს, რომ მხარში ამოგვიდგეს, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, იყოს კიდევ უფრო კრიტიკული თუ საჭიროა და მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ვალდებულებების შესრულება.“

ხატია ჯინჯიხაძე აქციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აქციაზე ტრანსპარანტით – „არა ავტორიტარიზმს“ – მივიდა:

„არა ავტორიტარიზმს, იმიტომ, რომ დღეს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა, ავტორიტარიზმის მიმართ სიმპათიები, რომელსაც ამჟღავნებს საქართველოს მთავრობა, არის დამღუპველი ჩვენი ევროპული განვითარებისთვის.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სლოგანი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს.

ვალდებულებები, რაც აიღო ხელისუფლებამ, 19 აპრილის შეთანხმებით არ სრულდება, ხელისუფლების მიზანია მართლმსაჯულება ჩაიგდოს ხელში, ხელისუფლების მიზანია მედიაზე თავდასხმები განახორციელოს, უფლებები გათელოს და წაახალისოს ქვეყანაში ჰომოფობია და ქსენოფობია. ეს ქმნის ავტორიტარიზმის საფუძველს.

ამ ყველაფერს მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ“.

ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში აქციაზე

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი ლაშა ტუღუში:

„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში, ჩვენი საქართველო არის ევროპული ქვეყანა და არა ფაშისტური ქვეყანა.

მეორე მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, არა მარტო შემსრულებელი, არამედ ორგანიზატორი.

ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მავანის და ჩვენ ამას ველოდებით, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ამბავი, რომელმაც ასე მარტივად უნდა ჩაიაროს, ამის უკან დგას გარკვეული ძალა და ვინ არის ეს ძალა, ხელისუფლებაშია, მის გარეთ არის – ჩვენ ვითხოვთ დაისაჯოს ყველა, იმიტომ, რომ ფაშიზმის ადგილი ამ ქვეყანაში  არ არის.

ჩვენ გვინდა ცივილიზაცია, განვითარება, დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა ევროპა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას.“

დღესვე სამოქალაქო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა ღია წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც 19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

59 ორგანიზაცია შარლ მიშელს მიმართავს

 

შუქი ჩაქრა სასტუმროში, სადაც საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელსაც ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ასევე სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.

შუქი სწორედ იმ სასტუმროში ჩაქრა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია ტარდება.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.

როგორც ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას, შუქი მალევე ჩაირთო სასტუმროს ზედა სართულებზე, თუმცა პირველ სართულზე, სადაც მედიაცენტრია გახსნილი, ელექტროენერგია კვლავ არ არის.

,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ შუქი მათი მიზეზით არ ჩამქრალა.

ზელენსკი ევროკავშირზე: სამივე ქვეყანა ვართ გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებულია

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან. საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას უკრაინისა და საქართველოს საერთო პრობლემაზე, ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან დღეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ მაღალი დონის შეკრებაში, რომელშიც ევროპის ასოცირების ქვეყნები მონაწილეობენ. ჩვენ შევუერთდით ამ მისწრაფებას და გვაქვს საერთო მიზნები მომავლისთვის – ეს არის ევროკავშირის სრული წევრობა, თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის, ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში, [ახალ] აბასთუმანში და საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა ეს ყველაფერი. მე დეჟავუს განცდა დამეუფლა, უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა და ასეთ შემთხვევებში, ჩვენ კარგად გვესმის, ძალიან ღრმად ​ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებულია და ეს რეალობა დამდგარია.

ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალური განზომილება ევროკავშირის გაფართოებისთვის და მათ გარეშე ევროპული პროექტი დაემსგავსება დაუსრულებელ ფაზლს. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბატონი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია. ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ სურს ხვალვე შევუერთდეთ ევროკავშირს“.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა კარგად აცნობიერებს, თუ რა ამოცანები აქვს შესასრულებელი და, რომ მათ ეს ამოცანები არ აშინებთ: – “ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა მიმართულებით კანონები, განვახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა, მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ, გაციფრულება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა… ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ და ანტიკორუფციული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არის ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს კიდევ უფრო მეტ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე წარსულში მიგვიღწევია”.

ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმ ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ – სამი ასოცირებული ქვეყანა, ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გაგვაჩნია. ეს გამოწვევა არა მარტო სამ ქვეყანას ეხება, არამედ მთელ კონტინენტს. ეს კონფერენცია ეხება მომავალს და გვესმის ჩვენი ქვეყნის სათქმელი, ჩვენი ქვეყნის ხმა – ჩვენ ვართ თუ არა ევროპის მომავლის ნაწილი. ზოგიერთი ქვეყანა არის ამ გზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ევროპული მისწრაფებებით არსებობს და ევროკავშირის 49-ე დირექტივის ფარგლებში ხდება ძალისხმევის განხორციელება. ამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ ევროპელი პარტნიორები, ჩვენ გვაქვს მისწრაფებები, ევროპული მომავალი შევქნათ ჩვენი ასოცირების ქვეყნებში“.

ზელენსკიმ გამოსვლისას აღნიშნა, რომ დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის: “სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ; გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება, სხვა მხრივ ვერ ვხედავ აი ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს.

ჩვენ ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მე მიხარია, რომ გზას ვუკვალავთ ამ ინტეგრაციის მიმართულებას ერთად და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვიპოვით ადგილს ევროკავშირის სისტემაში“.

„იმედია ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ არა ბრიუსელის გასახარად, არამედ საკუთარი ხალხისთვის“

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის საჯარო ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაასრულა. მიშელმა თავის სიტყვაში სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის  და მოლდოვას პრეზიდენტებს მიმართა.

შარლ მიშელმა დღეს სამი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ევროკავშირი კვლავაც ამ ქვეყნების სანდო პარტნიორია, ხოლო ამ ქვეყნებმა თავის მხრივ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ, ოღონდ არა ბრიუსელის, არამედ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი მიღწევებით, ძალისხმევით, წინსვლითა და დაბრკოლებებით. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს – კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე.

არ ყოფილა ეს იოლი გზა. ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის პირობებში ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას.

ჩვენ გვინდა, რომ სტაბილურობა, ჩვენი გამძლეობა, ჩვენი მედეგობა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს.

ერთ თაობაში მოხდა ეს ყველაფერი.

ევროკავშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებებს და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიული სივრცე ჩვენი ერთობის, ჩვენი თავისუფლების საფუძველია და ეს არის ჩვენი ფასეულობების საფუძველი.

2009 წელს, პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს 12 წლის თავზე, ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა. [ის] სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთო დღის წესრიგი, ჩვენი საერთო მისწრაფებები საჭიროებები და დეკემბერში ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას გპირდებით საჯაროდ, რომ ევროკავშირი  დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თვენი ქვეყნებისთვის.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესებისთვის, თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველას გვესმის ადამიანთა უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მცირე და საშუალო საწარმოები, პრესის დაცულობა არის ის ფასეულობები, რომლებიც საუკეთესო გარანტიაა კეთილდეობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

____

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

„როდის გადადგებით?“ – ღარიბაშვილის ირონიული რეპლიკა ჟურნალისტებს

„როდის გადადგებით?“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სასტუმროს ფოიეში შეკრებილ ჟურნალისტებს. ღარიბაშვილმა სასტუმრო კონფერენციის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ დატოვა.

კითხვის დასმის შემდეგ პრემიერმა სასტუმროს ფოიე სწრაფად დატოვა.

პრემიერის ეს რეპლიკა ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი იყო და კადრის გადაღება მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეძლო.

„როდის გადადგებით?“ – ეს იყო ერთადერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა დღეს ირაკლი ღარიბაშვილს, კონფერენციის დაწყებამდე დაუსვეს. ამ კითხვის შემდეგ მან ტრიბუნა დატოვა.

მანამდე კი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა,  რა ინფორმაცია მიაწოდა შარლ მიშელს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან.

როდის გადადგებით? – ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს

 

3 ქვეყნის პრეზიდენტი ბათუმში – საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.

საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობაა.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

კონფერენციის პარალელურად ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წევრები აპროტესტებენ საქართველოში 5 ივლისსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებენ, რომ ქვეყნის არჩევანს – ევროპულ გზას – საფრთხე ემუქრება.

ბათუმში ჩამოვიდა მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში ჩამოვიდა მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. მას ათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

მაია სანდუ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან.

ამ წუთებში სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, მშვიდობიან აქციას მართავენ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები.

აქციის მიზანია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის პოლიტიკოსების ინფორმირება საქართველოში 5 ივლისსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება.

„ლექსოსთვის“, „თანასწორობა და სამართლიანობა“, „ევროპა ჩვენი შანსია“, „ჰომოფობია კლავს“  – აქციაზე ჩანს პლაკატები ამ და სხვა წარწერებით.

დღესვე შარლ მიშელს ღია წერილით მიმართა 60-მდე  ქართულმა ორგანიზაციამ.

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“ – აქცია ბათუმში | LIVE

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, მშვიდობიან აქციას მართავენ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები.

აქციის მიზანია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის პოლიტიკოსების ინფორმირება საქართველოში 5 ივლისსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება.

„ლექსოსთვის“, „თანასწორობა და სამართლიანობა“, „ევროპა ჩვენი შანსია“, „ჰომოფობია კლავს“  – აქციაზე ჩანს პლაკატები ამ და სხვა წარწერებით.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ საქართველო ევროპულ კურსს თმობს.

„ჩვენ გვინდა ევროპაში ვიცხოვროთ, იმიტომ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და არა რაღაც ფაშისტური სამყაროს ნაწილი, რომელსაც ახლა თავზე გვახვევენ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლაშა ტუღუშმა.

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

დღესვე შარლ მიშელს ღია წერილით მიმართა 60-მდე  ქართულმა ორგანიზაციამ.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად.

გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ,“ – წერია მიმართვაში.

 

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

აქცია ბათუმში.19 ივლისი, 2021 წელი
აქცია ბათუმში.19 ივლისი, 2021 წელი
აქცია ბათუმში.19 ივლისი, 2021 წელი
აქცია ბათუმში.19 ივლისი, 2021 წელი
აქცია ბათუმში.19 ივლისი, 2021 წელი

„დილის 8 საათზე გამაღვიძეს და გამაგდეს ციხიდან“ – სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი

„დღეს, დილის 8 საათზე, გამაღვიძეს, გამიყვანეს და გამაგდეს დილაუთენია ციხიდან. კომიკურია ეს ყველაფერი“ – ამბობს მიხეილ ბატურინი, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც დღეს, 19 ივლისს, გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ბატურინი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დაკავებული იყო „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“.

ამ საქმეზე მსჯავრდებულები დღეს, 19 ივლისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამ საქმეზე 2 ბრალდებული უკრაინელი ოფიცერი იყო, ერთი მათგანი კი საქართველოს მოქალაქე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი. მათ რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„ასეთი უსამართლობა და ცირკი, რა ვიცი. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში ეგეთ უსამართლობას აქვს ადგილი“ – უთხრა ტვ „პირველს“ ბატურინმა.

მისი თქმით, ციხეში ყოფნისას, ბოლო ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, მას ხელი მოეწერა შეწყალებაზე.

„ხუთშაბათიდან დაიწყო მთელი კამპანია, გრძელდებოდა პარასკევ-შაბათს, როცა ცდილობდნენ ყველანაირად ჩვენი ხელმოწერები მიეღოთ, კადრულობდნენ იმას, რომ მოიტანეს რაღაც სამედიცინო დოკუმენტი, მაგათი ახსნით სავალდებულო იყო ხელმოწერა.

ეს ხდებოდა იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა კამერებს, რომ მე ვაწერ ხელს და არ ჰქონდა მნიშვნელობა რაზე იქნებოდა, ეს ხდებოდა იმისთვის, რომ გაეთამაშებინათ უკრაინელ მეზღვაურებთან, რომ აგერ ბატურინმა მოაწერა ხელი და თქვენც მოაწერეთო“ – ამბობს ბატურინი.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება.

უკავშირდება თუ არა ზელენსკის ვიზიტს უკრაინელი ბრალდებულების გათავისუფლება – ოპოზიციის ვერსიით, ზელენსკი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება თანამემამულეების გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ მიიღო.

 

უპრეცენდენტო საჩუქარი აბიტურიენტებს SEU -სგან

უპრეცენდენტო საჩუქარი მომავალ SEU-ელებს!

აირჩიეთ SEU პირველ ნომრად.

პირველკურსელს (ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკალირებული ქულების ჯამით საუკეთესო შედეგს აჩვენებს) საჩუქრად დაგხვდება ლეპტოპი Lenovo V15 ან 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის!

COVID-19 პანდემიის პერიოდში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, SEU-ს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში: ყველა სტუდენტი მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო ვაუჩერს.

დამატებითი ინფორმაცია სხვა ფინანსური შეღავათებისა და სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე: www.seu.edu.ge/ka/1758/

როდის გადადგებით? – ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს

როდის გადადგები? – ეს იყო ერთადერთი კითხვა, რაც ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს დაუსვეს. ამ კითხვის შემდეგ მან ტრიბუნა დატოვა.

მანამდე კი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა თუ რა ინფორმაცია მიაწოდა შარლ მიშელს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას:

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან, მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს, პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ გვეწვია უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტი, ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ, ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, იმ საკითხებს, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში. ასევე მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან, რომელიც, პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ვალდებულებები  ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს.

ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში, მე მას ასევე ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს მოწერილი ხელი შეთანხმებაზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შემაფერხებელი პოლიტიკური ფაქტორი სიტუაციის სტაბილიზაციასა და დამშვიდებისთვის.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნება და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს. ამაზე სრული თანხვედრა გვაქვს.“

პრემიერის თქმით, მან შარლ მიშელს ასევე თხოვა, რომ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ „იმისთვის, რომ არავის არ მიეცეს სპეკულაციის საშუალება“, – ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით ის შარლ მიშელს ესაუბრა ასევე საარჩევნო რეფორმასა და მართმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე:

„თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავეს, გვქონდა ოპოზიციის ჩართულობაც, ასევე ჩვენ მას ვუთხარით, რომ ვართ მოტივირებული და გავაგრძელებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მას ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე.“

___

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

„თუ არაფერი შეიცვლება, ევროკავშირის დახმარების პაკეტი შესაძლოა გადაიხედოს“ – სამადაშვილი

„თუ არაფერი შეიცვლება, უახლოეს მომავალში, თუ „ქართული ოცნება“ აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს იმისთვის, რომ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი, დაწყებული ამნისტიიდან,  დამთავრებული საარჩევნო რეფორმით, შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს“ – განაცხადა „ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, დღეს, 19 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ.

სამადაშვილის თქმით, ევროპელი  პარტნიორები არიან უკიდურესად შეშფოთებული იმით, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“  პოზიციები მთლიანად არის აცდენილი იმ  შეფასებებს, რაც დღეს აქვს დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ერთის მხრივ და მეორე მხრივ – ევროპელ კოლეგებს:

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც კარგად აცნობიერებს თუ რამხელა პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატია.

რა თქმა უნდა. ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც  განვითარდა ქვეყანაში 5 ივლისს. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის,  რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უკანასკნელ დღეებში მომხდარი მოვლენები არის არამხოლოდ უკან დახევა ჩვენი ევროპული დღის წესრიგიდან,  არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას.

ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არის საფუძველი და ქვაკუთხედი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის“.

სალომე სამადაშვილი ასევე აცხადებს, რომ  შარლ მიშელი შესაბამის შეფასებებს გააკეთებს:

„ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან და დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში, ჩვენ ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება პირობითობის დაცვით შესაძლოა შეჩერებული იქნას, მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით შარლ მიშელმა  გააჟღერა ასევე მოწოდება, რომ დოკუმენტს ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შეუერთდეს.

„ჩვენ მოვისმინეთ ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რომ ამ დოკუმენტს სასურველია შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენს ევროპელ კოლეგებს, სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპული მომავალი და ის პოლიტიკური ცვლილებებიც რაც ამ ქვეყანას სჭირდება“.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

ბათუმში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აგრძელებს ამბულატორიული ქსელის გაფართოებას და ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პ.ბაგრატიონის #129- ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში

თანამედროვე, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ფილიალის შექმნისას იხელმძღვანელეს სრულიად ახალი და განსხვავებული კონცეფციით, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომფორტულ გარემოს

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში

კლინიკა აღჭურვილია წამყვანი მწარმოებლების(Voluson, Philips, Siemens და სხვა) უახლესი დიაგნოსტიკური (კომპიუტერული ტომოგრაფი, რენტგენი, ციფრული ექოსკოპები და სხვა) და ლაბორატორიული (Becman Coulter, Roche, Human, Medica, Elit Pro და სხვა) აპარატურით, რაც განაპირობებს დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების მაღალ სანდოობას.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს დახმარებას გაუწევენ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები თბილისიდან.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმში

მეტი კომფორტისთვის ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ – ლაბორატორიული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების მონაცემები მიიღონ ელეტრონულად – პაციენტის ე.წ. ელექტრონულ კაბინეტში. ამავე „ელექტრონული კაბინეტის“ საშუალებით შეეძლებათ ექიმების რეიტინგის ნახვა და შეფასებების მიხედვით ექიმის შერჩევა, ხოლო შემდეგ, სასურველ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 23 წელზე მეტია ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე – „ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ბათუმის არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის“.

ბათუმის ფილიალს დაუკავშირდით : 557 816 816 ან 2 800 816

მის.: პეტრე ბაგრატიონის N129

59 ორგანიზაცია შარლ მიშელს მიმართავს

სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ღია წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც დღეს, 19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

მიმართვას, რომელსაც კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ავრცელებს, ხელს აწერს 59 ორგანიზაცია, მათ შორის არიან მედიაკომპანიებიც.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.

„ბატონო პრეზიდენტო მიშელ,

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ.

გულითადად მივესალმებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სულისკვეთებას გააღრმავოს და გააძლიეროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, შორის არსებული ურთიერთობები. ამ წერილის ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თქვენს ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები.

საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად.

გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“ – ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვს ხელს აწერენ:

  1. მაუწყებელთა ალიანსი
  2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  3. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  6. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  7. აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  8. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  9. უფლებები საქართველო
  10. ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  11. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  12. ლიბერალური აკადემია თბილისი
  13. მედიის განვითარების ფონდი
  14. მედიის უფლებები
  15. მედია კლუბი
  16. სატელევიზიო ქსელი
  17. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  18. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  20. მოძრაობა სირცხვილია
  21. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  22. საფარი
  23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  24. პენცენტრი
  25. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
  26. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  27. მწვანე სექტორი
  28. მთავარი არხი
  29. ფორმულა
  30. ტვ პირველი
  31. ტელეკომპანია კავკასია
  32. მედიაჰოლდინგი ჰერეთი
  33. გაზეთი ბათუმელები
  34. ნეტგაზეთი
  35. ინდიგო მედია
  36. პუბლიკა
  37. ტაბულა
  38. მედიაჰოლდინგი ქრონიკა
  39. ონ. ჯი
  40. Ge /მედია.ჯი
  41. გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  42. ინტერნიუსი საქართველო
  43. ღია რუსთავი.ჯი
  44. რუსთავის მედია ჯგუფი
  45. გურიის მოამბე
  46. მეტრონომ.ჯი
  47. ქუთაისი თუდეი
  48. რადიო ძველი ქალაქი
  49. Dailyinfo.ge
  50. At.ge
  51. FirtsNews.ge
  52. News Agency Expressnews
  53. TV akhali / ტელეკომპანია ახალი
  54. TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში
  55. Newsrepors.ge
  56. Nevsposts.ge
  57. Kutaisi Post
  58. დემოკრატიის ინსტიტუტი
  59. TV 25

სია ამ დრომდე ახლდება.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

ზელენსკი საქართველოში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩამოფრინდა. იგი საქართველოსადა მოლდოვას პრეზიდენტებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას  თქმით, ზელენსკი გაემგზავრება ხურჩაში და ენგურის ხიდზე – საოკუპაციო ხაზთან.

„მოგეხსენებათ საქართველოსა და უკრაინას აქვს ერთნაირი ტიპის გამოწვევები, ორივე მათგანი ებრძვის ოკუპაციას, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეების, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ” – თქვა დარასელიამ

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია – ვაშაძე

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს რომ გადაუხვიოს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

შარლ მიშელი ოპოზიციას დღეს, 19 ივლისს შეხვდა ბათუმში. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს კომენტარები მედიასთან ოპოზიციის ლიდერებმა.

„ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება.

საჯარო გამოსვლებში ქართული ოცნების ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, რაღა თქმა უნდა.

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია იმის, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით და სხვა მიმართულებით, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი.

ვისაუბრეთ 5 ივლისის, უმძიმესი ძალადობის ფაქტებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში და კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები.

ბატონმა შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, მაგრამ ასევე კონკრეტულ მექანიზმებზეც, როგორ იცით ეს არის მაკროფინანსური მხარდაჭერის სანქცირება ფაქტობრივად, ეს არის სხვა მექანიზმები – ამაზე აუცილებლად იქნება საუბარი“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, ვაშაძე შეეხო ასევე „ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს:

„მე მრცხვენია ხოლმე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებიც ასე ესაუბრებიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის 2012 წელს იწყება საქართველოს ისტორია.

საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობას გაცილებით გრძელი ისტორია აქვს და არაერთი კრიტიკული და გაცილებით უფრო მკაფიო განცხადებები გვახსოვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, დაწყებული მართლმსაჯულებით, ადამიანის უფლებებით თუ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლით, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე თავს ირცხვენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საგარეო ასპარეზზე“ – განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

 

უკრაინელი სამხედროების შეწყალება ზელენსკისთან იყო შეთანხმებული – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – აცნობეს „ბათუმელებს“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან.

დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამი მსჯავრდებული შეიწყალა. „სააკაშვილის ზღვით შემოყვანის“ ეგრეთ წოდებულ საქმეზე 2 ბრალდებული უკრაინელი ოფიცერი იყო, ერთი მათგანი კი საქართველოს მოქალაქე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი.

სამივე მათგანს რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

თიბისი კაპიტალის დახმარებით EBRD -იმ 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან – EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით. თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.

ბათუმში უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთლიანად აჭარაში 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი სითბო
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 19 ივლისი

19 ივლისის დილის მდგომარეობით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა რეგიონში არის – 273, მძიმე პაციენტია – 46, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პაციენტი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 334 პაციენტი იმყოფება; 10 პირია საკარანტინო სივრცეში, ხოლო 1 545 პირი თვითიზოლაციაშია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში სულ აცრილია 37 248 ადამიანი. აქედან ფაიზერით – 4 260, ასტრაზენეკათი – 6 238, სინოვაკით -12 468 და სინოფარმით – 14 282.

ამავე თემაზე:

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

საქართველოში კოვიდის 848 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

19 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში გარდაიცვალა 15 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 19 ივლისის მდგომარეობით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 388 329 , ბოლო 24 საათში – 848
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 366 250, ბოლო 24 საათში – 1231
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 5 566 , ბოლო 24 საათში – 15

ბოლო 24 საათში ჩატარდა 181 94 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9607, PCR ტესტით – 8587

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,66%, ბოლო 14 დღის – 4,6%, ბოლო 7 დღის – 4,92%

ამ დროისთვის ქვეყანაში:

  • სულ აცრილია – 357 106, დღიურად აცრილია – 3 271 პირი,
  • კარანტინის რეჟიმში – 71
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 446
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 092

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე:

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 651, აჭარაში – 273, იმერეთში – 535.

მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 46, იმერეთში -175.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 3, იმერეთში – 9.

1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 – თბილისში, 334- აჭარაში.

10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამავე თემაზე:

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. დღეს დილით შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარები გააკეთეს მედიასთან.

„ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის სწორედ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ბატონი მიშელის თანამონაწილეობით, რომელსაც აქვს სწორედ ბატონი მიშელის სახელი. ამ დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით დღეს არსებობს რიგი გამოწვევები. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც დანიშნა მაგალითად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს, იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ელოდება ამ ხელისუფლებისგან ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო პარტნიორებიც,“ – თქვა შეხვედრაზე შესვლამდე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან, ევროპულ ფასეულობებთან და იმასთან, რომ ჩვენ ღიად ვხედავთ რუსულ კვალს, თუმცა “ქართული ოცნება” ამას უარყოფს. გარდა ამისა, აქეთ გადმოდის შეტევაზე და ამბობს, რომ არაფერ შუაში არ არის,“ – თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

დღეს ბათუმში ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” იხსნება.

კონფერენციას ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” მსჯავრდებულები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამ საქმეზე 2 ბრალდებული უკრაინელი ოფიცერი იყო, ერთი მათგანი კი საქართველოს მოქალაქე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი. მათ რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

“ისინი უკვე გამოვიდნენ ციხიდან, თავისუფლები არიან,” – გვითხრა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ. ის ბრალდებულების ინტერესებს იცავდა.

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება.

უკავშირდება თუ არა ზელენსკის ვიზიტს უკრაინელი ბრალდებულების გათავისუფლება – ოპოზიციის ვერსიით, ზელენსკი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება თანამემამულეების გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ მიიღო.

“უკრაინელმა მეზღვაურებმა და ბატურინმა უარი თქვეს შეწყალების დაწერაზე. ხისტი და პრინციპული პოზიცია ჰქონდა ზელენსკის ადმინისტრაციას. პრეზიდენტ ზელენსკის ჩამოსვლის ამბავი ეჭვის ქვეშ რომ დადგა, ორ უკრაინელ მეზღვაურს შეწყალება შესთავაზეს. საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო დაცვის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს კი ციხეში ტოვებდნენ. სააკაშვილის დევნის გამო. პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო. უკრაინელმა მეზღვაურებმა და ბატურინმა უარი თქვეს შეწყალების დაწერაზე. ხისტი და პრინციპული პოზიცია ჰქონდა ზელენსკის ადმინისტრაციას,” – წერს ფეისბუქზე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

3 მსჯავრდებული 2020 წლის ნოემბერში ღია ზღვაში დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში. სამივე მათგანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობდა თავის დროზე ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ უცნობია.

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 19 ივლისს გაიმართა.

დღესვე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” დასასწრებად.

საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვლენ.

პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ

ფიზიკურ პირებს, რომლებიც BOOKING-ით ბინებს აქირავებენ, გადასახადი იმ თანხის [საკომისიოს] 18%-ით გაეზარდათ, რასაც ვებგვერდზე განცხადების განთავსებისთვის იხდიან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი ბინას BOOKING.COM-ის საშუალებით აქირავებს, დასაბეგრი პირი, ამ შემთხვევაში BOOKING.COM დღგ-ს თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც ბინის გამქირავებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

ანუ, BOOKING-ი გადაგახდევინებთ დამატებით იმ საკომისიოს 18%-ს, რასაც თქვენ უხდით მას მომსახურებისთვის, და არა ბინის ქირის 18%-ს. BOOKING.COM-ი კი, ფიზიკური პირის მიერ დამატებით გადახდილ 18%-ს საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს [ამ შემთხვევაში BOOKING.COM] დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა,  მხოლოდ  იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

„თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ  არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოიშვება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან მიწოდებულ ციფრულ მომსახურებებზე.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში,  რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.“

„აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია  დღგ-ის  საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისა  და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის  ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

 

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესწრება

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” იხსნება.

კონფერენციას ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შარლ მიშელი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. რაც შეეხება უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებს, ისინი დღეს ჩამოვლენ.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია თემაზე: “ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა”.

 

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ „ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში“.

შალვა პაპუაშვილი ასევე წერს: „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “.

საქმე იმაშია, რომ დღეს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თავისი კოლეგა თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით არ მიუშვა პარლამენტის ტრიბუნასთან.

„ბათუმელებმა“ შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, რატომ იძალადა დღეს თავის ქალ კოლეგაზე, თინა ბოკუჩავაზე ფიზიკურად? და არის თუ არა მისი საქციელი დეპუტატის ეთიკის კოდექსის დარღვევა?

შალვა პაპუაშვილმა კითხვებს არ უპასუხა.

რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე

უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრიარქოს პრივილეგიები, რომელიც ძალადობას არათუ მხარს უჭერს, არამედ ორგანიზატორია ძალადობრივი აქციების და ამის დემონსტრირებას არც ერიდება? – ეს კითხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერს დავუსვით, რომ გაგვეგო, რამდენად არიან ისინი მზად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად? გვექნებოდა სხვა სურათი, „ოცნების“ ნაცვლად ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში?

აღმოჩნდა, რომ პარტიების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების და კონსტიტუციური უფლებების დაცვის სანაცვლოდ, მზადაა საპატრიარქოს რეიტინგს გაუწიოს ანგარიში. პარტიების დიდი ნაწილი ვერც იმ მარტივ რეალობას უსწორებს თვალს, რომ საპატრიარქო 5 ივლისს მოძალადის როლში მოგვევლინა და ამ აქციების თანაორგანიზატორი გახდა.

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა, სხვადასხვა პრივილეგიას ითვალისწინებს: დაფინანსებას ბიუჯეტიდან, გადასახადებისგან გათავისუფლებას, პატრიარქის ხელშეუვალობას, საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას…

პოლიტიკოსები ცდილობენ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულობა „ისტორიული როლით“ ახსნან, ხოლო საპატრიარქოსგან ძალადობის მხარდაჭერა მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებს დააბრალონ, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებს. პოლიტიკოსებმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ასევე სცადეს გვერდი აევლოთ მოცემულობისთვის, რაც უახლეს ისტორიაში არაერთხელ ვნახეთ – საპატრიარქო სიმდიდრის სანაცვლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ძალაუფლების შენარჩუნებში ეხმარება ხელისუფლებებს და რეალურად ამიტომაც სჭირდება ხელისუფლებას [როგორც ჩანს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსაც] საპატრიარქოს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონები უხადოს.

მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც თვლის, ან ცდილობს, რომ ის პოზიცია გახადოს დამაჯერებელი, რაც საპატრიარქოს არ გაანაწყენებს და რასაც „ოცნებაც“ აჟღერებს: „საპატრიარქო კი არ არის მოძალადე, არამედ ცალკეული სასულიერო პირი“.

მამუკა ხაზარაძე რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები, იგივე ვითარება გვექნებოდა, რაც ახლა გვაქვს – ის კონსტიტუციურ შეთანხმებას ძალაში დატოვებდა და პრივილეგიებსაც შეუნარჩუნებდა ეკლესიას. მან უხერხულობის ასარიდებლად „პრივილეგიები“ სხვა სიტყვით ჩაანაცვლა – „შეღავათები“.

„ყველა თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე, მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რას ხმარდება ეს ფული და როგორ. ეს კითხვა იმიტომ ისმება, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია. შეღავათები არის ეკლესიისთვის და არა გარედან რომელიმე სხვა კომპანიის საქმიანობის დასაფარად. ძველად იყო ამბავი, როცა ეკლესიას ამოეფარნენ ბიზნესმენები და ისინი სარგებლობდნენ ამ შეღავათებით… მე გამოვითხოვდი ინფორმაციას, რა გაკეთდა ამ შეღავათებით, რამდენად დადგა ეკლესია ფეხზე,“ – მხოლოდ ამ კუთხით აქვს კითხვა მამუკა ხაზარაძეს იმ დროს, როცა ადამიანებს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქციებზე თავს დაესხნენ, სცემეს, ევროკავშირის დროშა დაწვეს, იმ დროს, როცა საპატრიარქოსგან ორგანიზებული აქციები კრემლის გზავნილების ასპარეზად იქცა.

„ლელოს“ ლიდერმა სიამაყით გაიხსენა, რომ თვითონაც იყო ჩართული 2001 წელს კონსტიტუციური შეთანხმების მიღების პროცესში. მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ სახელმწიფო მუდმივად ვალშია საპატრიარქოსთან.

„მე ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი ამ პროცესის 2001 წელს და ვმუშაობდი ამ დოკუმენტზე, მიწვეული ვიყავი. ეს შეთანხმება გაფორმდა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიას მიადგა ძალიან დიდი ზარალი და ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ ზარალს ვერც ვერასდროს ავანაზღაურებთ, მაგრამ წლიურად განისაზღვრა 25 მილიონი ლარი,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რამდენად გამართლებულია ბიუჯეტიდან აფინანსებდე საპატრიარქოს, რომლის ორგანიზებულ აქციებზე ადამიანებს თავს ესხმიან?

„მე მგონი, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, ეკლესიას არ აუღია ამაზე პასუხისმგებლობა, ეკლესიამ ჩაატარა პარაკლისი… არიან ცალკეული სასულიერო პირები, რომლებიც პრორუსულ ხაზს ატარებენ ეკლესიაში, მაგრამ არ შეიძლება, ეს მთლიანად ეკლესიაზე ითქვას. ძალადობრივი ჯგუფები აკეთებენ ამას და ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება,“ – მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

კიდევ რა ფაქტი სჭირდება იმის დანახვას, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან იყო კონსოლიდაციაში და აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას? – ესეც ვკითხეთ მამუკა ხაზარაძეს.

„ასე დიდი დოზით არის კორუფცია ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ყველა კორუმპირებულია? ეკლესია საკუთარ თავში აუცილებლად ნახავს ძალას, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ აგრესიას, ან ხელს უწყობენ მას მდუმარებით, მსგავსი ქმედებები არ იყოს… მე ვიცი ჩემი მამაოს დამოკიდებულება და ვიცი, რამდენად პატიოსანი და ასევე სხვა მამაოები როგორ ემსახურებიან ქვეყანას. არ შეიძლება ასე ხელაღებით საუბარი,“ – ისევ აიცილა საპატრიარქოს კრიტიკა მამუკა ხაზარაძემ.

„ეს ძალიან ცუდი გარიგებაა, რაც ემსახურება რუსულ ინტერესების გატარებას და მისი გაძლიერების ხელშეწყობას,“ – ასეთია ხატია დეკანოიძის პოზიცია კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მართლმადიდებელ ეკლესიასთან. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. ამ პარტიას საკითხზე პოზიციის დაფიქსირება 6 ივლისს ვთხოვეთ. პარტიის პრესსამსახურში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიგვიღია.

ხატია დეკანოიძემ პოზიცია გაგვიზიარა, თუმცა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ეს მისი პირადი აზრია და არ გამორიცხავს, პარტიის შიგნით უმცირესობაში იყოს.

ხატია დეკანოიძეც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება შესაძლოა არ გაუქმდეს. ის ცალსახად იმის მომხრეა, რომ დაფინანსება სახელმწიფოსგან ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს.

„ნაციონალური მოძრაობის დროსაც ხდებოდა ეს შეთანხმება ვაჭრობის საგანი. ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ასეა,“ – თქვა ხატია დეკანოიძემ. მისი აზრით, მარტივად დასანახია, როგორ იყენებს ამ კონსტიტუციურ შეთანხმებას ეკლესია და თავის მხრივ, საპატრიარქო. ხატია დეკანოიძე უფრო დიდ პრობლემას კრემლის გზავნილების გავრცელებაში და რუსული მოდელის გაძლიერების ხელშეწყობაში ხედავს, რაშიც ის პირდაპირ საპატრიარქოს აქტიურ ჩართულობას ხედავს.

„არსებობენ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებიც პირდაპირ ხელს უწყობენ რუსულ ინტერესებს. სეკულარულ სახელმწიფოში ბევრად უფრო სხვა სტანდარტია შემოსატანი… საპატრიარქო ამხელა პრივილეგიების ფონზე ნაწილს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს, ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროებს გადახედვას. ამ წუთას ვერ გეტყვით, გაუქმდება თუ არა ეს კონსტიტუციური შეთანხმება, პარტიის შიგნით ამაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაა. იცით, რომ ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი კონსერვატიულია, მაგრამ რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, მას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასა და კეთილშობილებასთან,“ – გვითხრა ხატია დეკანოიძემ.

უნდა ჰქონდეს თუ არა ამ საკითხზე კონკრეტული პოზიცია პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს? – ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ეს საჭიროა, თუმცა ენმ-ში კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს პარტიას მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე. ასე არ გვიმსჯელია, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა გახდეს ეს შეთანხმება ფინანსური გარიგების საგანი სეკულარულ სახელმწიფოში,“ – დასძინა ხატია დეკანოიძემ.

როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებაზე – კითხვა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მივწერეთ და პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.

კონსტიტუციურ შეთანხმებას არ გააუქმებდა, თუმცა ეკლესიას პრივილეგიებს ჩამოართმევდა იაგო ხვიჩია, „გირჩის“ ლიდერი. მას გაუჭირდა იმის დასაბუთება, რატომ არის საჭირო მაშინ კონსტიტუციური შეთანხმების არსებობა, თუკი ის კონკრეტულ უპირატესობას არ აძლევს ეკლესიას.

„შესაძლოა ეს შეთანხმება იყოს აღმზრდელობითი საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად, რელიგიურ ორგანიზაციებს ენიჭებათ რაღაც პრივილეგიები, გათავისუფლებული არიან რაღაც გადასახადისგან, რაც რელიგიურ საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ პრობლემაა არაა თავად კონსტიტუციური შეთანხმება, არამედ პრობლემაა  შეთანხმების შინაარსი,“ – მიიჩნევს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციური შეთანხმება ზოგიერთ ნაწილში წინააღმდეგობრივია, მაგალითად, კომპენსაცია საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის გამო.

„მარტო ეკლესია ხომ არ დაზარალებულა? მარტო ეკლესიისთვის ხომ არ ჩამოურთმევიათ ქონება? მთელ საქართველოს ჩამოგვართვეს ქონება, სხვა რელიგიურ მიმდინარეობასაც ჩამოართვეს ქონება. ჩვენ სადაც შეგვიძლია, უკან უნდა დავაბრუნოთ ეს ქონება. ახლა გამოდის, რომ საბჭოთა ტერორისგან დაზარალებული ხალხი კომპენსაციას უხდის ეკლესიას, ეს არ არის სწორი. მარტივად „კი“ და „არა“ ვერ იქნება ჩემი პასუხი. მე შეთანხმების გაუქმება არ მგონია მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით, პრივილეგიები არ უნდა არსებობდეს და ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ,“ – გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

„ეპისკოპოსები და ცალკეული სასულიერო პირები მიდიან და მოდიან, ისტორია, ქრისტიანობა და საქართველო კი განუყრელია ერთმანეთისგან“, – გვითხრა პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და მიგვანიშნა, ძალადობის ორგანიზატორი საპატრიარქოს გაკრიტიკებას რომ არ აპირებს: „ეს ფაქიზი საკითხია და მისით მანიპულაცია არ შეიძლებაო“.

პაატა მანჯგალაძის აზრით, ცალკეული ეპისკოპოსის პოზიცია არ უნდა გავაიგივოთ საპატრიარქოს პოზიციასთან. მას შევახსენეთ, რომ  აგრესიულ ჯგუფებს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ საპატრიარქომ ღიად და ოფიციალურად მოუწოდა.

პაატა მანჯგალაძე

„ყველა მოძალადემ, სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს, კანონის წინაშე თანაბრად უნდა აგოს პასუხი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი, ხოლო თუ შეღავათები დისკრიმინაციულია, ეს დასადგენია და უნდა გამოვასწოროთ… მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ორიათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში არსებობდეს კონტრაქტი საპატრიარქოსთან. მე ვხედავ პრობლემას იმაში, თუ ვინ ახალისებს ძალადობას საპატრიარქოში, ვინ ახალისებს სიძულვილის ენას, ვინ ასწავლის ანტიმართლმადიდებლობას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რადგან ქრისტიანობა ნიშნავს სიყვარულს, მიტევებას,“ – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს მოდელს: როცა მოქალაქე თავად ირჩევს, რომელი რელიგიური მიმდინარეობა უნდა დაფინანსდეს.

„კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას დავუჭერ თუ არა მხარს, არ ვიცი. ამას ანალიზი სჭირდება, მზად არ ვარ, გიპასუხოთ,“ – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.

რეფერენდუმს ჩაატარებდა კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრულ პრივილეგიების საჭიროებაზე გიორგი აბრამიშვილი, „რეფორმატორების“ ერთ-ერთი ლიდერი. მას ვკითხეთ, რატომ სურს რეფერენდუმის ჩატარება იმ საკითხზე, როცა კონსტიტუციით არის განსაზღვრული – თანასწორობა და არა ვინმეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. კონსტიტუცია ასევე ადგენს სეკულარობის პრინციპს.

„მაგრამ იმავე კონსტიტუციის მესამე მუხლში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია და ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმით… ვაღიარებთ იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი, თუმცა ვთვლით, რომ არცერთი კონფესია არ უნდა იყოს ჩაყენებული განსაკუთრებულ პირობებში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ორმაგ სტანდარტებს წარმოშობს სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის დამოკიდებულებების დონეზე… ჩვენ უნდა გავიგოთ, საზოგადოების ინტერესი რა არის. მაგალითად, ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენთან ისტორიული ძეგლების, მათ შორის, ეკლესია-მონასტრების სანახავად. ამ შემოსავალს როცა იღებს ეკლესია, ის არ იბეგრება, მაგრამ სახელმწიფო რამდენად სარგებლობს ამით, ეს შეთანხმების საგანია,“ – გვიპასუხა გიორგი აბრამიშვილმა.

გიორგი აბრამიშვილი არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ საპატრიარქო 5 ივლისს მოძალადე გახდა.

„ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები არიან მოძალადეები და არა საპატრიარქო. ვთვლი, რომ გავლენების გადანაწილება ხდება იქაც [საპატრიარქო], როგორც ბევრ სხვა ადგილას. მე რაც მახსოვს, 20 – 25 წელიწადია ამ გავლენების გადანაწილების პროცესია ყველგან,“ – მიიჩნევს გიორგი აბრამიშვილი.

კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ემხრობა ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკელების“ ლიდერი:

„ამ დოკუმენტზე აპელირებს საპატრიარქო და ხელისუფლებაც, რომელიც შეზრდილია საპატრიარქოსთან. გარდა ამისა, რაც წერია კონსტიტუციურ შეთანხმებაში, ისიც კი ირღვევა ამ პირობებში, როდესაც საპატრიარქოს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელიც მას მიანიჭა არამხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ყველა წინა ხელისუფლებამ არასწორი და მახინჯი მოქმედებით, როგორიცაა მილიონობით თანხების გადარიცხვა, მიწების გადაცემა, ქონების გაფორმება. ჩენ ასევე მომხრე ვართ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის, რა ქონებას ფლობს საპატრიარქო. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა ფინანსდებოდეს რელიგიური კონფესიები ბიუჯეტიდან,“ – მიიჩნევს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკელების“ ლიდერისთვის სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პროცესში გამოჩნდა, როგორ იყენებს საპატრიარქოს ხელისუფლება:

„ხელისუფლება, რომელსაც დეკლარირებული აქვს ევროპული კურსი, იყენებს საპატრიარქოს, რომ დააშინოს ადამიანების და ძალადობრივი ჯგუფები გამოიყენოს პროგრესის წინააღმდეგ. ასე მოიქცევა ეკლესია და ხელისუფლება ყოველთვის, როცა მათ ექნებათ თანხვედრი ინტერესები და გარიგებული იქნება საპატრიარქოსთან ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომაც, პირველ რიგში, საბიუჯეტო დაფინანსება საპატრიარქოს უნდა შეუწყდეს. წლების განმავლობაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს შეასრულოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სეკულარული სახელმწიფო. პირიქით, ჩვენთან ხელისუფლება ხარკს უხდის ეკლესიას და მერე ამ ბერკეტს იყენებს ყველა წინასაარჩევნო პერიოდში. ამან გამოიწვია ის, რომ ეკლესია პირდაპირ ერევა პოლიტიკაში, მითითებებს აძლევს ხელისუფლებას და იყენებს სახელმწიფო მანქანას, როცა მას ეს სჭირდება,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „ბათუმელებთან“.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების უპირობო მომხრეა ელენე ხოშტარიაც, „დროას“ ლიდერი.

ელენე ხოშტარია

„ჩვენ ახლახანს ვნახეთ ამ გაუმართლებელმა პრივილეგიებმა რა შედეგებამდე მიგვიყვანა. ეს არის გაუმართლებელი პრივილეგიები, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად, სამართლებრივად, ეს საბიუჯეტო დაფინანსება ასევე არის გაუმჭვირვალე. გაურკვეველია კომპენსაციის საკითხიც, რაც უკავშირდება საბჭოთა კავშირის დროს რეპრესიებს – რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიხადოთ ეს ფული, რატომ ამდენი, რაში ვიხდით ამ ფულს?“ – კითხულობს ელენე ხოშტარია.

„დროას“ ლიდერის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის „ისტორიული როლის და მნიშვნელობაზე“ ხაზგასმით გაუმართლებელია ინსტიტუტისთვის პრივილეგიების მინიჭება, რადგან, პირველ რიგში, ეს არღვევს სეკულარული სახელმწიფოს იდეას.

„პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ ამ შეთანხმებას გააუქმებენ, ნეგატიური დამოკიდებულება ექნება უმრავლესობას. თვლიან, რომ უმრავლესობასთან არ უნდა შევიდნენ კონფრონტაციაში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, სადამდე მივედით, ყველაფერი ნათელია,“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ და იმის ახსნაც სცადა, პოლიტიკოსების უმრავლესობა რატომ არიდებს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის პრივილეგიების გაუქმებას.

„პრივილეგიებზე და უპირატეს მდგომარეობაზე ნუ ვისაუბრებთ ასე, რადგან ეს არასწორი, ცალმხრივი და ცოტა ზერელე დამოკიდებულებაა საკითხთან დაკავშირებით,“ – გაღიზიანება არ დამალა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მას საპატრიარქოს პრივილეგიების გადახედვა კი არა, სიტყვა „პრივილეგიების“ გამოყენებაც კი არასწორად მიაჩნია ამ ინსტიტუტთან მიმართებით. პარლამენტარს ვკითხეთ, თავად რა სახელს არქმევს ვითარებას, როცა საპატრიარქო ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება, პატრიარქი ხელშეუვალია, გადასახადებისგან თავისუფალია და ასე შემდეგ.

„ვარქმევ იმას, რაც წერია რა… ეს საკმაოდ კარგი ჩანაწერია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ,“ – კონკრეტული სიტყვის მოფიქრება დეპუტატმა არ მოინდომა და არჩია იმაზე ესაუბრა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს.

ისტორიული როლის აღიარება რატომ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად პრივილეგიებით სარგებლობდე და თანასწორი გარემო არ შექმნა ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანისთვის? – ვკითხეთ ისევ ირაკლი ქადაგიშვილს.

ირაკლი ქადაგიშვილი

„ეგ სიტყვა პრივილეგირებული მე მესმის რატომაც გამოიყენება, რომ რამენაირად ჩრდილი მიადგეს, ვფიქრობ, ეკლესიას აქვს ის პოზიცია, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და რაც საკმარისია. დაფინანსება, რასაც ბიუჯეტიდან იღებს საპატრიარქო, ხმარდება საგანმანათლებლო პროგრამებს და ასე შემდეგ. პატრიარქი ხელშეუვალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ადამიანის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, მასზე პასუხისმგებლობა არ ვრცელდება… ბევრი სახელმწიფოა ასეთი, სადაც ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღიარებულია, საგადასახადო პოლიტიკაც განსაკუთრებულია. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,“ – მიიჩნევს ირაკლი ქადაგიშვილს.

პარლამენტარს ვთხოვეთ დაესახელებინა რომელიმე ქვეყანა, გარდა ორიოდე ისლამური რესპუბლიკისა, სადაც რელიგიურ ჯგუფს აქვს ისეთივე პრივილეგიები, როგორც საქართველოში. დეპუტატს საბოლოოდ კონკრეტიკა გაუჭირდა და გვითხრა, რომ მაშინ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რის საჭიროებასაც ვერ ხედავს.

„სკანდინავიის ქვეყნები, მაგალითად, ხომ შეგიძლიათ აიღოთ და წაიკითხოთ მათი კონსტიტუცია?… მაშინ ჩვენი კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. მე კი ვფიქრობ, რომ არ უნდა შეიცვალოს, რადგან ისტორიაა ასეთი, ამ ისტორიას ვერ შევცვლით,“ – კონკრეტული არგუმენტების დასახელებას ისევ ისტორიაში დაბრუნება ამჯობინა უმრავლესობის დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ წევრი ასევე თვლის, რომ საპატრიარქო არ იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. „პრივილეგიების“ მსგავსად, საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე აქცენტმაც დეპუტატი გაანაწყენა:

„არ გვაქვს ჩვენ სწორი აღქმა და წარმოდგენა, იქ იყო პარაკლისზე მისვლა სალოცავად, პარაკლისზე მისვლა კი დანაშაული არ არის ჯერჯერობით საქართველოში… ეკლესია თავისი გამოცდილებით წინააღმდეგია გარკვეული ცხოვრების წესის, ეკლესიას თავისი მორალური და დოგმატური სწავლება გააჩნია, თუ ჩვენ დავიწყებთ ეკლესიის სწავლების დანაშაულად გამოცხადებას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გავატაროთ…“, – გვიპასუხა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატს არც იმის დანახვა სურს, რომ საპატრიარქოს პრივილეგიები უთანასწორო გარემოს ქმნის:

„პრობლემას თქვენ იქ ეძებთ, სადაც თავად რელიგიური ორგანიზაციები არ ნახულობენ პრობლემას“, – დასძინა დეპუტატმა. მას შევახსენეთ, რომ რელიგიური ორგანიზაციები უთანასწორო გარემოზე და საპატრიარქოს პრივილეგიებზე საკონსტიტუციო სასამართლოშიც დაობენ.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამეს დაადგენს, მერე ვილაპარაკოთ, კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა ირაკლი ქადაგიშვილი.

„კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება არის საჭირო, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ქართული ეკლესია ხელახლა გაქრისტიანდეს, ეს არ არის ქრისტიანობა, რასაც ახლა ვუყურებთ საპატრიარქოს სახით, ეს არ არის ქრისტიანული ეკლესია,“ – კატეგორიულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები ასევე აზიანებს სახელმწიფოს.

„დღეს საპატრიარქო არის მთავარი მუხრუჭი ქვეყნის განვითარების და ეს არის კრემლის რეზიდენტურა საქართველოში… კონსტიტუციური შეთანხმება არის საფუძველი იმის, რომ მილიონებს უხდის საპატრიარქოს სხვადასხვა მთავრობა, გარდა ამისა, უამრავ უძრავ ქონებას გადასცემენ, საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ამან განაპირობა ის, რომ საპატრიარქო ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ მონსტრად, ვისთანაც დაპირისპირება უჭირს პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ძალას და ლიდერს, ჩვეულებრივი გარიგებაა,“ – ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე

როგორი იქნებოდა ამ პოლიტიკოსის პოზიცია, მას რომ ჰქონდეს უმრავლესობაში მოსვლის მოლოდინი და რა გამოსავალი არსებობს ახლა, როცა შედარებით რეიტინგული პოლიტიკური ძალები საპატრიარქოს პრივილეგიების გადახედვას არ აპირებენ?

„მოკლე და სწრაფი გზა არ ვიცი, რადგან ყველა პოლიტიკური პარტია პოპულისტურია საქართველოში იშვიათი გამონაკლისების გარდა,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. – „ისინი ამ თემაზე საუბარს მაშინ დაიწყებენ, როცა ჩათვლიან, რომ ეს მომგებიანია. მანამდე კი, მუდმივად ითამაშებენ თამაშს ისე, რომ საპატრიარქოს მხარდაჭერა შეინარჩუნონ. გამოსავალი არის სიმართლის ლაპარაკი“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვლის, რომ ეკლესიის ისტორიული როლის სახელით ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან მუდმივად თანხის გამოყოფა არგუმენტი ვერ იქნება.

„განსაკუთრებული ისტორიული როლი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მუდმივად პენსია უხადოს მაგ ინსტიტუტს. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია დაზარალდა, მაგრამ დაზარალდნენ სხვა ინსტიტუტებიც, ყველა ოჯახს შეეხო ბოლშევიკების ხელი, ჩემი წინაპრებიც დაზარალდნენ, მაგრამ ამის გამო კომპენსაციას არავინ მიხდის,“ – დასძინა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.

„არაფერი არ ესაქმება ხელისუფლებას ნებისმიერი რელიგიური კონფესიის საქმიანობაში,“ – მიიჩნევს გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. მისი აზრით, სეკულარიზმის პრინციპის დაცვა და კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის თავისუფლების იდეისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიური კონფესიისთვის, რომ მთავრობამ არ განსაზღვროს, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რა – არა. ეს ძალიან საფრთხის შემცველია და თავდაპირველად როცა შეიქმნა ეს დოკუმენტი [კონსტიტუციური შეთანხმება], პრობლემა იყო არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ საკონსტიტუციო სტატუსიც, როცა ერთი კონფესიის გამოყოფა მოხდა სამართლებრივ სივრცეში.

გიგა ბოკერია
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ეს შეთანხმება ქმნის უთანასწორო გარემოს…. მართლმადიდებელ ეკლესიას ბუნებრივად აქვს პრივილეგია ბრჭყალებში, რადგან ის უმრავლესობის რელიგია და ასე იყო ისტორიულადაც, მაგრამ ამას არ სჭირდება კონსტიტუციაში ჩანაწერი. ის, რომ უმრავლესობის რელიგია არის ქრისტიანობა, ეს არის ადამიანების არჩევანი და არა ის, რომ კანონში რაღაც ჩაიწერა,“ – გვიყვება გიგა ბოკერია.

„ევროპულ საქართველოზე“ რომ იყოს გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, ეს პოლიტიკური ძალა თავად მოქალაქეებს დაუტოვებდა რელიგიური და ასევე ნებისმიერი არამომგებიანი ორგანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობას საკუთარი გადასახადით დაუბეგრავად.

„მომხრე ვარ მოდელის, სადაც მკაცრი გაყოფაა სახელმწიფოსა და ნებისმიერ საეკლესიო ჯგუფს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის სამოქალაქო სახელმწიფოს პრინციპებისთვის, სადაც ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი,“ – აღნიშნა გიგა ბოკერიამ „ბათუმელებთან“.

გიგა ბოკერიას დაკვირვებით ამ საკითხზე პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის, რადგან რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიას კი არ სურს საპატრიარქოს მხარდაჭერა, არამედ „მთავრობები მუდმივად სარგებლობენ ამ თემებით და ისარგებლებენ პოლიტიკური ამოცანებისთვის, რაც მთავრდება ძალიან ცუდად და ამის ყველაზე მახინჯი მაგალითი სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ,“ – დაასრულა გიგა ბოკერიამ.

„ბათუმელებმა“ სცადა გიორგი გახარიას, ან მისი პოლიტიკური გუნდის „საქართველოსთვის“ პოზიციის გაგება. თუმცა, პარტიის ლიდერებმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხეს. პარტიის პოზიცია ვერც პრესცენტრმა მოგვაწოდა. 

კონსტიტუციური შეთანხმების პირდაპირ გაუქმებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩვენ მიერ გამოკითხული 10 პოლიტიკური სუბიქტიდან მხარს უჭერენ: „რესპუბლიკელები“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“.

კონფერენციაზე დასწრება PCR ან სწრაფი ტესტის საფუძველზეც შეგიძლიათ – ახალი წესი

საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.“.

ეს წესი ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შედის.

მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე [144] „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ კონფერენციაზე დასწრება მონაწილეს შეუძლია სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხითაც, ოღონდ ტესტირება ბოლო 24 საათში უნდა იყოს ჩატარებული.

„თუ ასეთი სწრაფი ტესტის პასუხი მონაწილეს აქვს, მას თავისუფლად შეუძლია დაესწროს კონფერენციას და PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება არ აქვს“ – გვითხრეს 144-ზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 17 ივლისს მიიღო, რითაც ცვლილება წინა, 15 ივლისს მიღებულ დადგენილებაში შეიტანა.

წინა დადგენილებით კი, ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვები მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იყო.

ამასთან, ნებისმიერი ტიპის ტრენინგის, კონფერენციისა და სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

 

დაპირისპირება ციხის უფროსთან, რის გამოც მას ციხეში უპირებენ შებრუნებას – ლეონიდეს ამბავი

„როცა სვამ კითხვებს და აპროტესტებ, სისტემა ყოველთვის გიპირისპირდება, ძალიან რთულია. როცა სისტემა გეჯახება, თითქოს ყველა პირს კრავს შენს წინააღმდეგ. ხვდები, რომ იტანჯები, მაგრამ უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია რა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყოფილი პატიმარია და ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა.

გამორიცხული არაა, ლეონიდე რამდენიმე დღეში ისევ ციხეში დაბრუნდეს. მას გამოძიება ამჯერად ციხის უფროსის მოადგილესთან ჩხუბს ედავება და ბრალის დადასტურების შემთხვევაში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ლეონიდე მიქაბერიძემ პატიმრობის დროს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩივლა.

ყოფილი პატიმარი ჩვენთან შეხვედრის დროსაც საუბარს სამართლებრივ დეტალებზე იწყებს – მტკიცებულებებზე, რაც, მისი აზრით, წინააღმდეგობრივია მის საქმეში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმები დარღვეულია. ლეონიდე პროფესიით იურისტი არაა, თუმცა ციხეში ყოფნის დროს საჩივრების დროს კოდექსების გულდასმით გაცნობა მოუხდა.

როდის და რატომ დაიწყო ციხეში ლეონიდე მიქაბერიძემ წერილების და საჩივრების წერა?

„ეს ჩემი შვილის გამო მოხდა, მანამდე საჩივარი არ დამიწერია,“ – გვიყვება ლეონიდე და ციხის ადმინისტრაციასთან პირველ კონფლიქტს იხსენებს, როცა ტელეფონით დაურეკა დედამ და უთხრა, შენი შვილი დაიბადა, მამა გახდიო.

ლეონიდეს პაემანზე შვილის ნახვის უფლება არ მისცეს.

„მითხრეს, რომ ეს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა… მაშინ დავიწყე საჩივრების წერა. შემდეგაც ვიდავე ხანგრძლივი პაემნების უფლების შესახებ. მეუბნებოდნენ, რომ რადგან სხვა საქმეზე ბრალდებული ხარ, არ გაქვს ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობის უფლებაო. ეს მაშინ, როცა უკვე მსჯავრდებული ვიყავი და ბრალდებულიც. საბოლოოდ, სასამართლო მოვიგე და დადგინდა, რომ მქონდა ხანგრძლივი პაემნების უფლება. ჩემი შვილი პირველად 2017 წლის ივნისში ვნახე, ბავშვი სამი წლის ხდებოდა უკვე,“ – ამბობს ლეონიდე.

ლეონიდეს ეღიმება, როცა ვეკითხები, თუ გაქვთ დათვლილი ჯამში რამდენი წერილი გაქვს გამოგზავნილი პატიმრობის ყოფნის დროს-მეთქი. თავს აქნევს, აღარ მახსოვსო და მერე ირონიით გვიყვება ციხიდან სახალხო დამცველისთვის, თუ ჟურნალისტებისთვის წერილების გაგზავნა როგორ გახდა ბათუმის ციხის დირექტორის მოადგილესთან დაპირისპირების მიზეზი.

„ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ რაღაც წერილები არ იყო გაგზავნილი, გადავამოწმე და არ იყო მისული ადრესატამდე. ჩვენ არანაირ დოკუმენტს არ გვაძლევდნენ ციხეში, რითაც დაადასტურებდი, რომ წერილი ნამდვილად გააგზავნე. სადაა ჩემი წერილიო, რომ იკითხავდი ციხის ადმინისტრაციაში, არ ჩაგიბარებიაო, გეტყოდნენ და ვერაფერს აკეთებდი. ამის გამო მე და კიდევ რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ამ დროს დამელაპარაკა ბექა გაგნიძე, ბათუმის ციხის დირექტორის მოადგილე, დამპირდა, რომ წერილების გაგზავნაში ხელი არ შემეშლებოდა და კაცურ სიტყვას გვაძლევდა… ჩვენ მაინც განვაგრძეთ შიმშილობა და იუკადრისა, ჩემს სიტყვას როგორ არ ეცით პატივიო.

კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა დეესკალაციის ოთახში გადამიყვანეს. ეს ოთახი რეალურად იმისთვისაა, რომ ადამიანმა თვითდაზიანება არ მიიყენოს და სხვას არ მიაყენოს ზიანი. სინამდვილეში კი უსაფრთხოებისთვის კი არა, დასჯისთვის იყენებენ დეესკალაციის ოთახს და სულ ასეა,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ლეონიდე დეტალურად აღწერს დეესკალაციის ოთახს, თუმცა უფრო მტკივნეულად იქ გატარებული მარტოობა ახსოვს:

„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოთახია, მაგრამ იქ არც საწოლია, არც მაგიდა, სკამი, ღია ტუალეტია მხოლოდ და იატაკზე ლეიბია დაგებული. ოთახში დღის სინათლე არ აღწევს… თუ თვითდაზიანება გინდა, ხომ შეიძლება კედელს მიეხეთქო და თავი დაიზიანო? ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.

ყველაზე რთული ისაა, როცა სრულიად მარტო რჩები და ვერავის ელაპარაკები. როცა მშვიდად ხარ და წესით გარეთ უნდა იყო, მაგრამ ვიღაცას ასე სურს და იქ ხარ გამოკეტილი. იცით, რამდენჯერ მითქვამს კონკრეტული უფლებით სარგებლობაზე უარი, ოღონდაც ჩემს საკანში ვინმე ყოფილიყო? ადმინისტრაციაშიც იციან, რომ მარტოობაა ყველაზე დიდი სასჯელია. შესაძლოა, ჩვეულებრივ საკანში შეგიყვანონ და მარტო დაგტოვონ.

ერთი თანამოსაკნე მყავდა, სასწაულ ისტორიას ნახავდი მაგის განაჩენში: იქ ეწერა, მოწმემ როგორ თქვა სასამართლოში, რა დამავიწყებს მძარცველის სახეს, ეს კაცია ნამდვილადო და თურმე ბადრაგს დაადო ხელი. სასამართლოს ეს იმით აუხსნია, პირველად იყო მოწმე სასამართლოში, ნერვიულობდა და დაიბნაო.

თანამოსაკნე იყო ის ბიჭიც, რომელიც თან მახლდა ციხის კორიდორში, როცა ინსპექტორ-კონტროლიორს თითქოს სახეში დავარტყი ხელი. ესეც ჩემი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდია. ციხიდან როცა გამოვედი, გავიგე, რომ იმ ბიჭს – ნიკას თავი მოუკლას. ციხეში გაუგია დედის გარდაცვალება, დაკრძალვის დღეს აბაზანაში შესულა და… ნიკა 25 წლისაც არ იყო,“ – გვიყვება ლეონიდე.

ლეონიდე მიქაბერიძე 2015 წელს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის გაასამართლეს. ამჯერად მას სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი. ეს მუხლი გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. მუხლის მეხუთე ნაწილი კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევაზე 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაური განიხილავს. ის რამდენიმე დღეში ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს და განაჩენს გამოაცხადებს.

ლეონიდე მიქაბერიძის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას სამ ეპიზოდში ედავება დანაშაულის ჩადენას პროკურატურა. პირველ შემთხვევაში, გამოძიების ვერსიით, საპატიმრო დაწესებულებაში ლეონიდემ კონტროლიორს სახეში ხელი დაარტყა, მერე ეპიზოდის მიხედვით, პატიმარმა ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ბექა გაგნიძეს დაარტყა სახეში ხელი, ხოლო მესამე ეპიზოდში ლეონიდე მიქაბერიძემ ინსპექტორს ელექტრო მადუღარადან შეასხა ცხელი წყალი. ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებია.

„მაგრამ სასამართლო პროცესზე, მაგალითად, ციხის ექიმმა დაადასტურა, რომ მას არ უნდა შეევსო ციხის უფროსის მოადგლისთვის ფორმა 100, ეს არ იყო მისი უფლებამოსილება და არ შეავსებდა სხვას რომ ეთხოვა… ციხის ექიმმა დაწერა, რომ ბექა გაგნიძეს დაზიანება ჰქონდა, სიწითლე სახის არეში, ექსპერტიზით კი დაზიანება არ დადგინდა. ექსპერტიზის მიხედვით არც სხვა პირების დაზიანება დადგინდა“, – ამბობს ლეონიდე მიქაბერიძე.

ყოფილი პატიმარი ყურადღებას ამახვილებს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, რომელიც საქმეში სრულყოფილად წარმოდგენილი არ არის.

„საინტერესოა, რატომ არ ჩანს ამ კადრებში ის მონაკვეთი, თუკი მე ვინმეს ვცემ და ვაზიანებ? კადრებში არც ის ჩანს, რომ მე მირტყეს,“ – აღნიშნა ლეონიდემ და 2016 წლის ბოლოს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „ლეონიდე მიქაბერიძეს აღენიშნებოდა დაზიანება ზედაპირული ნაჭდევის სახით მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად“.

ციხიდან გამოსვლამდე პატიმარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც მიუმართავს.

„ამ წერილით ინსპექტორი ადასტურებს, რომ სათვალთვალო კამერებიდან კადრების ამოღებას სჭირდება მოსამართლის განჩინება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გარეშე ამოიღეს ჩემზე ჩანაწერები, ესეც დარღვევაა,“ – მორიგ წერილს გვაცნობს ყოფილი პატიმარი.

ყოფილი პატიმარი გვიზიარებს მოსაზრებას იმაზეც, როგორ შეეცვალა გენდერული სტერეოტიპები.

„რასაც დავაკვირდი, კაცები რასაც კადრულობენ, იმას არ იკადრებს ქალი. ისინი სხვანაირი გაბედულები არიან… ციხის ადმინისტრაციის კაც თანამშრომლებს ისე იყენებენ მოწმეებად და ისე გეტყვიან, ესაა სიმართლეო, გაოცდები, თვალს არ დაახამხამებენ, ქალებს კი, ამას ვერ უბედავენ, თუ რა ხდება, არ ვიცი,“ – გვითხრა ლეონიდემ.

ლეონიდე მიქაბერიძე ბათუმში ცხოვრობს დედასთან, ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. საუბრის ბოლოს კი დასძენს, ახლაც უმუშევარი ვარო.

„ახლაც უმუშევარი ვარ. ვინ ამიყვანს სამსახურში, დღე-დღეზე შესაძლოა ისევ დამაკავონ,“ – გაღიმება სცადა ლეონიდემ.

———————–

ლეონიდე მიქაბერიძის სარჩელზე ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინაც მას მსჯავრდებულთან ერთად უკვე ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

2016 წელს ლეონიდე მიქაბერიძის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.

ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთში მიმდინარე ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო.

ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა სამ სეტში და ტიტული მოიპოვა.

ერთი კვირის წინ 23 წლის მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინა იაშინასთან ერთად, ყაზახეთის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულიც გახდა.

___________

ფოტო: საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

ზღვაში ნავთობის ჩაღვრისთვის გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში ნავთობპროდუქტი ჩაღვარა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ მიეცემა.

__________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველოში კოვიდის 1286 ახალი შემთხვევაა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5%-ზე მეტია

18 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1286 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 16 885 აქტიური შემთხვევაა, 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.

აჭარაში კოვიდის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 ივლისი

18 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 245 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 1 445 ინფიცირებული.

Exit mobile version