მთავარი,სიახლეები

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

14.07.2021 • 13039
“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში. სამივე მათგანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

დღეს, 14 ივლისს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ვიდრე გამოაცხადებდა, მოსამართლემ აღნიშნა: “ამ საქმეში მთავარი იყო დადგენილიყო, თქვენ გქონდათ თუ არა ნებართვა. თქვენ ასეთი ნებართვა არ გქონდათ”.

“ნორმა მიგვითითეთ, კანონის ნორმა, რის საფუძველზე ამბობთ ამას?” – სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“მზად ვიყავი ასეთი შოუსთვის,” – თქვა მოსამართლემ და შენიშვნა მისცა ადვოკატს.

“დაასახელეთ ნორმა,” – ბრაზი აღარ დამალა ადვოკატმა. -“რა არის შოუ, ნორმას გთხოვთ და ეს არის შოუ?”

ადვოკატს მოსამართლის მითითებით მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი.

ადვოკატის შემდეგ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმაც დატოვა და მისმა ოჯახის წევრებმაც.

მოსამართლემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რა იყო ბრალდებულების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის მიზანი.

კონკრეტული სამართლებრივი ნორმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ვერც პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ დაასახელა. მან რამდენიმე სამართლებრივი აქტი მოიშველია და განმარტა, რომ “საკითხი კომლექსურად უნდა შევაფასოთ”.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შურისძიება, რომ თუ ვინმე მსგავს რამეს გაბედავს, დაისჯება… ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,” – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უკვე სასამართლოს ეზოში.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: