მთავარი,სიახლეები

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

17.07.2021 • 14306
რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას მშობლებს მოუწოდა: მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებსო. „ბათუმელებმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვს ჰკითხა, რა არის დელტა შტამი და რა საფრთხეს უქმნის ის ბავშვებს.

  • ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის დელტა შტამი, ასევე მის გავრცელებაზე ბავშვებში – მართალია თუ არა, რომ ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და აგრესიულია. შესაბამისად, რისკებიც უფრო მაღალია?

დელტა შტამთან მიმართებაში რა ინფორმაციასაც დღეს მსოფლიო დაზუსტებულად ფლობს, არის ის, რომ ადამიანიდან ადამიანზე მისი გადაცემა ალფა შტამთან შედარებით არის 50-60 პროცენტით გამარტივებული. ასევე, დადგენილია, რომ ათასჯერ მეტია სასუნთქ გზებში და ლორწოვანში ვირუსის კონცენტრაცია, ვიდრე წინა ვარიანტების შემთხვევაში. ამიტომაც, რაც უფრო მაღალი კონცენტრირებული ვირუსების რაოდენობა აქვს ზედა სასუნთქ გზებში დაავადებულ ადამიანს და უფრო დიდი რაოდენობით აფრქვევს ვირუსს. ეს გადაცემას ამარტივებს და უფრო მეტია ალბათობა ირგვლივ მყოფები დაავადო.

თუ ალფა ვარიანტს ჰქონდა დაახლოებით 3-4 ადამიანის დაავადების საშუალება [ერთ ინფიცირებულს], დელტა ვარიანტს საშუალოდ 5-8 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. დანარჩენი პარამეტრული მინიშნებები, რომ დელტა ვარიანტმა უფრო მეტი ადამიანი მოახვედრა საავადმყოფოში, ან მეტი ბავშვი გახადა მძიმედ ავად, ან სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზარდა, ჯერჯერობით ასეთი დაზუსტებული მონაცემი მსოფლიოში არ არსებობს.

თუ ავიღებთ ბრიტანეთის მაგალითს, იქ შეწონილია დელტა ვარიანტის გავრცელება, მაღალი ხარისხით ვაქცინირების მასშტაბებთან ზედა ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ყველაზე დიდია ჰოსპიტალიზაცია, კრიტიკული პაციენტები თუ სიკვდილობა:

დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 51 000 ახალი შემთხვევაა. როდესაც მათ, მეორე ტალღის დროს, ნოემბერში ჰქონდათ 50 000 ახალი შემთხვევა, ყოველ დღე 30 ადამიანი ხდებოდა კრიტიკულ დეპარტამენტში, ანუ იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ბოლო ერთ კვირაში კი 50 000 ახალი შემთხვევიდან, კრიტიკულ დეპარტამენტში მხოლოდ რვა ადამიანი მოხვდა.

ეს განპირობებულია იმით, რომ ზედა ასაკობრივი ჯგუფი 80-90 პროცენტი, მაგალითად ისრაელში 50 წლის ზემოთ აცრილი ჰყავთ. აუცრელი კონტიგენტი დარჩა ქვედა ასაკობრივ ჯგუფში, ამიტომაც გადმოიწია ბავშვთა ასაკში და არაა ისე, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს ერჩის. ეს ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს აზიანებს, რაც არ არის სწორი. კრიტიკულად და მძიმედ სიკვდილობა ბავშვებში ამ ვირუსის გამო არ არის გავრცელებული მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.

როგორც კი ჩვენმა მოსახლეობამ გაიგო, რომ სამი ბავშვი იყო სამწუხაროდ მძიმედ და ერთი დაიღუპა, სიცხის დამძიმების რისკის შიშით ყველამ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს მიმართოს. ამიტომ სიმპტომურად  ცოტა უცნაურად მიდის ზაფხული.

  • უცნაურობა რაში მდგომარეობს?

ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე, სიცხის გამო ტემპერატურის მართვა ბავშვებში გართულებულია, როცა ტემპერატურა გარემოში მაღალია, დეჰიდრატაცია, ანუ სითხის დანაკარგი ბავშვებს ისედაც მეტი აქვთ. როცა ტემპერატურა ვირუსით არის გამოწვეული, ან სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა, უფრო რთულად ემორჩილება დამწევ საშუალებებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვები გვყავდეს სიგრილეში, რაც შეიძლება მეტი სითხე შევთავაზოთ, რომ ინფექცია არ მიმდინარეობდეს მაღალი ცხელებით. დანარჩენი, რასაკვირველია, პედიატრთან კონსულტაციაა. სხვა რაიმე მინიშნება ან მძიმე მიმდინარეობა – მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება, ამიტომ არ უნდა ინერვიულოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამაზე ძალიან.

  • მოწოდება ჰქონდა ამირან გამყრელიძეს მშობლების ვაქცინაციის აუცილებლობაზე, სწორედ ამ ნიშნით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბავშვების ავადობა არ გვინდა – ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ყველა მშობლისთვის სტრესია, სიცხით მიმდინარე დაავადება, მით უმეტეს, თუ კორონასთან იქნება ეს დაკავშირებული. როცა მშობლებს ესმით მედიით ასეთი ინფორმაციები, რა თქმა უნდა  მშვიდად ვერ იქნებიან – რაც არ უნდა თვალსაზრისი იყოს, ვეცდებით ბავშვებს ავარიდოთ ეს ინფექცია, თუნდაც მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობდეს. თუნდაც 2-3 შემთხვევა ათი ათასობით ბავშვიდან, ისიც საყურადღებოა. შიდა ოჯახური გავრცელება რომ შევამციროთ, ერთადერთი ბერკეტია, მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების აცრა, რადგან ბავშვების აცრას ვერ ვახერხებთ არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოც კი. 12 წლის ქვევით პრეცედენტიც არ არსებობს.

ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ერთხელ კიდევ დიდი მოტივაცია გავუჩინოთ ოჯახის წევრებს და უფროს თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინაცია თუ იქნება მაღალი პროცენტით, ეს აგვარიდებს ბავშვების ავადმყოფობას.

  • დღეს არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მონაცემები უფრო ჩქარა და დრამატულად გაიზრდება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში ტესტირებით დადასტურებული შემთხვევები 390 000-ია. მონაცემებს დაახლოებით სამზე ამრავლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ [ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომებით პაციენტები, რომლებსაც ანალიზი არ გაუკეთებიათ] დაახლოებით ერთ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე მაინც იქნება, ვინც გადაიტანა ინფექცია. როდესაც ერთი მილიონ ადამიანს 3,5 მილიონიდან გარკვეულწილად იმუნიტეტი აქვს უკვე შეძენილი, რა თქმა უნდა, მეორე ტალღის მსგავსი საქართველოში არ იქნება, რადგან კონტაქტები წყდება, როცა იმუნური ადამიანი ხვდება ვირუსს. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ჩვენ გვექნება შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი არ იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზედა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მოწყვლად ადამიანებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

რატომ ვადარებთ მაგალითად ისრაელს – ისრაელში თუ 6000 ახალი შემთხვევაა აქტიური, შეიძლება ბოლო ერთ კვირაში 3-4 ადამიანი გარდაიცვალა, როცა ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 100- 150 მოქალაქეს ვკარგავთ. ამიტომ ჩვენთვის ეს ძლიერი დარტყმა იქნება. თუ შემთხვევების რაოდენობა 2000 იქნება [მეტ გაზრდას არ ველოდები, მაგრამ ესეც სერიოზულია], არაიმუნური ფენა, ასაკოვანი ადამიანები განსაკუთრებით დაზარალდებიან და ყოველდღიური სიკვდილობა იქნება 25-30. ერთ თვეში საქართველოში საშუალოდ 1000 ადამიანი დაიღუპება და ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის.

შემთხვევები შეიძლება იყოს იქ, სადაც არ გყავს იმუნური ფენა და ეს შეიძლება იყოს ადრეული ასაკის ადამიანებიც, სადაც სიკვდილობა დაბალია. ის ხალხი უნდა გვყავდეს დაცული, ვისაც დიდი რისკი აქვს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის. რა თქმა უნდა, შემთხვევები  შეიძლება იყოს, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ამ ქვეყნებს სიკვდილობის მაჩვენებელი ჩამოუვიდათ მინიმალურამდე. ნახევარი წლის შემდეგ ვაქცინაციამ რაც დაანახა კაცობრიობას, იმუნიზაცია ინფიცირებისგან ბოლომდე ვერ იცავს, მაგრამ ალბათობას 60-80 პროცენტით ამცირებს. ბუნებრივად იმუნიზირებული ბევრია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცრელი ადამიანებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაგვეზრდება და ეს ციფრები იქნება  სავალალო.

  • თუ ვერ დაჩქარდა ვაქცინაციის პროცესი, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში მკაცრი შეზღუდვების ისევ საჭირო იქნება?

შეზღუდვების დაწესებასთან მიმართებაში ძალიან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანა, უპრეცენდენტო მართვის სტანდარტია ახლა საქართველოში, რომელსაც არაიმუნიზირებული ჰყავს მოსახლეობის 98 პროცენტი – 2 პროცენტიანი ვაქცინაციის მოცვით ქვეყანა გავხსენით. მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა, მაშინ ქვეყნები თავიდანვე ამ პოლიტიკას ატარებდნენ, შვედეთი იყო თუ ბელორუსი და ასე შემდგომ.

სრულიად უკონტექსტოდ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ეპიდემიოლოგიური არასტაბილურობის პირობებში, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით ქვეყანას ხსნი და მერე უკვე სამედიცინო ექსპერტების, დაავადებათა კონტროლის თუ  ვინც აძლევს რეკომენდაციას მთავრობას… როდესაც მიდიხარ ამ გზით… ეს ნიშნავს, რომ მათ აზრს არ ითვალისწინებ. ძალიან უხერხულია, მეტი რომ არაფერი ვუწოდო ამ სიტუაციას.

შეზღუდვების შემოღება დაგვჭირდება. თუ 2000-მდე მიაღწევს ნიშნული, ვაქცინაციის ამ ტემპის გათვალისწინებით, რაღაც ტიპის შეზღუდვა საჭირო იქნება, ადამიანები რომ არ დავხოცოთ. სწორედ იმაზე ვნერვიულობთ ჩვენ, რომ ყოველდღიურად 20 და 30 ადამიანის სიკვდილი არ გვქონდეს. ეს ალბათ იქნება ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ზრუნვა, დიდი შეკრებების კონტროლი…

  • რამდენად მოსალოდნელია სრული ლოქდაუნი?

სრული ლოქდაუნი გამორიცხულია, ამის საჭიროება არ იქნება. გაიზარდა სამედიცინო ინფორმაცია, ცოდნა, ამიტომ სრული ლოქდაუნი არ განიხილება. სრული ლოქდაუნის ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის არისვთქვათ თუ დღეში 5000 შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ლოქდაუნი, მაგრამ ეს არ მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯოგური იმუნიტეტისკენ მიმავალი ქვეყანა ვართ, რომელიც არ არის ცივილური მართვის პრინციპი. ასე აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტისკენ უფრო მივდივართ, ვიდრე ხელოვნური იმუნიტეტისკენ ვაქცინაციის გზით.

რაც შეეხება დელტა შტამისგან ვაქცინით დაცვის ალბათობას, ეს არის 90 პროცენტი. ბრიტანეთის მაგალითი არის ძალიან კარგი ამ მხრივ, ასევე ისრაელის მაგალითი. იქ დიდი ნაწილი 50 წლის ზემოთ ადამიანების ვაქცინირებულია. მიუხედავად ამისა, რომ ორჯერადი არიან აცრილები, იქაც ხდებიან ავად, მაგრამ უდიდესი ნაწილი არის უსიმპტომო ან მიმდინარეობს მსუბუქად.

ბრიტანეთში ალფა ვარიანტის დროს, რადგანაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, დადგენილ შემთხვევებთან შეფარდების მიხედვით 1,9 პროცენტი იყო გარდაცვალება. დღეს, დელტა ვარიანტის დომინაციის პირობებში, სიკვდილობის მაჩვენებელი 0,2 პროცენტია [ბრიტანეთის მთავრობის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშით]. მკვეთრად შემცირებული.

ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა გვეშინოდეს მძიმე პაციენტების და გარდაცვალების რიცხვის ზრდის.

  • თქვენი აზრით, ჩინური ვაქცინით აცრილებს მესამე დოზა დასჭირდებათ?

გუშინ „ლანცეტმაც“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჰონგ-კონგის მეცნიერებმა „სინოვაკთ“ აცრილები „ფაიზერით“ აცრილებს შეადარეს: ათჯერ უფრო ნაკლები აქვთ ანტისხეულების ტიტრობრივი მაჩვენებლები „სინოვაკით“ აცრილ პაციენტებს, ვიდრე „ფაიზერით“, მაგრამ იქვე წერია, რომ ჩვენ უჯრედული იმუნიტეტის, ანუ მეორე მახსოვრობის რგოლი არ შევაფასეთ და არ ვიცით რეალურ ცხოვრებაში ათჯერ ნაკლები ანტისხეულები ათჯერ ნაკლებ დაცვას ნიშნავს თუ არა.

მეცნიერულად და ლაბორატორიულად ათჯერ ნაკლებია ანტისხეულების ტიტრი ჩინურ ვაქცინებში, ვიდრე არის ფაიზერში და დასავლური ტიპის ვაქცინებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალიან და ალბათ გარდაუვალი იქნება ბუსტერული დოზის გამოყენება – ყველას დაგვჭირდება, „ფაიზერია“ ეს „ასტრაზენეკა“, „ჯონსონია“ თუ ყველა სხვა ვაქცინა.

ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში ძალიან მომწონს, რაც აქვს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს და უნგრეთს, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ „სინოფარმით“ აცრილები. მაგალითად უნგრეთმა თქვა, რომ ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება გაიკეთოს მესამე აცრა – არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“. ვფიქრობ, ამაზე ვიმსჯელებთ იმუნიზაციის საბჭოს ექსპერტები. მე იმას ვემხრობი, რომ 3-4 თვის შემდეგ [ამაზე ჩამოვყალიბდებით], მესამე დოზის გაკეთების საშუალება მივცეთ განსაკუთრებით მათ, ვინც ჩინური ვაქცინითაა აცრილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: