მთავარი,სიახლეები

რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე

18.07.2021 • 3539
რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე

უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრიარქოს პრივილეგიები, რომელიც ძალადობას არათუ მხარს უჭერს, არამედ ორგანიზატორია ძალადობრივი აქციების და ამის დემონსტრირებას არც ერიდება? – ეს კითხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერს დავუსვით, რომ გაგვეგო, რამდენად არიან ისინი მზად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად? გვექნებოდა სხვა სურათი, „ოცნების“ ნაცვლად ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში?

აღმოჩნდა, რომ პარტიების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების და კონსტიტუციური უფლებების დაცვის სანაცვლოდ, მზადაა საპატრიარქოს რეიტინგს გაუწიოს ანგარიში. პარტიების დიდი ნაწილი ვერც იმ მარტივ რეალობას უსწორებს თვალს, რომ საპატრიარქო 5 ივლისს მოძალადის როლში მოგვევლინა და ამ აქციების თანაორგანიზატორი გახდა.

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა, სხვადასხვა პრივილეგიას ითვალისწინებს: დაფინანსებას ბიუჯეტიდან, გადასახადებისგან გათავისუფლებას, პატრიარქის ხელშეუვალობას, საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას…

პოლიტიკოსები ცდილობენ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულობა „ისტორიული როლით“ ახსნან, ხოლო საპატრიარქოსგან ძალადობის მხარდაჭერა მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებს დააბრალონ, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებს. პოლიტიკოსებმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ასევე სცადეს გვერდი აევლოთ მოცემულობისთვის, რაც უახლეს ისტორიაში არაერთხელ ვნახეთ – საპატრიარქო სიმდიდრის სანაცვლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ძალაუფლების შენარჩუნებში ეხმარება ხელისუფლებებს და რეალურად ამიტომაც სჭირდება ხელისუფლებას [როგორც ჩანს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსაც] საპატრიარქოს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონები უხადოს.

მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც თვლის, ან ცდილობს, რომ ის პოზიცია გახადოს დამაჯერებელი, რაც საპატრიარქოს არ გაანაწყენებს და რასაც „ოცნებაც“ აჟღერებს: „საპატრიარქო კი არ არის მოძალადე, არამედ ცალკეული სასულიერო პირი“.

მამუკა ხაზარაძე რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები, იგივე ვითარება გვექნებოდა, რაც ახლა გვაქვს – ის კონსტიტუციურ შეთანხმებას ძალაში დატოვებდა და პრივილეგიებსაც შეუნარჩუნებდა ეკლესიას. მან უხერხულობის ასარიდებლად „პრივილეგიები“ სხვა სიტყვით ჩაანაცვლა – „შეღავათები“.

„ყველა თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე, მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რას ხმარდება ეს ფული და როგორ. ეს კითხვა იმიტომ ისმება, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია. შეღავათები არის ეკლესიისთვის და არა გარედან რომელიმე სხვა კომპანიის საქმიანობის დასაფარად. ძველად იყო ამბავი, როცა ეკლესიას ამოეფარნენ ბიზნესმენები და ისინი სარგებლობდნენ ამ შეღავათებით… მე გამოვითხოვდი ინფორმაციას, რა გაკეთდა ამ შეღავათებით, რამდენად დადგა ეკლესია ფეხზე,“ – მხოლოდ ამ კუთხით აქვს კითხვა მამუკა ხაზარაძეს იმ დროს, როცა ადამიანებს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქციებზე თავს დაესხნენ, სცემეს, ევროკავშირის დროშა დაწვეს, იმ დროს, როცა საპატრიარქოსგან ორგანიზებული აქციები კრემლის გზავნილების ასპარეზად იქცა.

„ლელოს“ ლიდერმა სიამაყით გაიხსენა, რომ თვითონაც იყო ჩართული 2001 წელს კონსტიტუციური შეთანხმების მიღების პროცესში. მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ სახელმწიფო მუდმივად ვალშია საპატრიარქოსთან.

„მე ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი ამ პროცესის 2001 წელს და ვმუშაობდი ამ დოკუმენტზე, მიწვეული ვიყავი. ეს შეთანხმება გაფორმდა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიას მიადგა ძალიან დიდი ზარალი და ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ ზარალს ვერც ვერასდროს ავანაზღაურებთ, მაგრამ წლიურად განისაზღვრა 25 მილიონი ლარი,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რამდენად გამართლებულია ბიუჯეტიდან აფინანსებდე საპატრიარქოს, რომლის ორგანიზებულ აქციებზე ადამიანებს თავს ესხმიან?

„მე მგონი, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, ეკლესიას არ აუღია ამაზე პასუხისმგებლობა, ეკლესიამ ჩაატარა პარაკლისი… არიან ცალკეული სასულიერო პირები, რომლებიც პრორუსულ ხაზს ატარებენ ეკლესიაში, მაგრამ არ შეიძლება, ეს მთლიანად ეკლესიაზე ითქვას. ძალადობრივი ჯგუფები აკეთებენ ამას და ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება,“ – მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

კიდევ რა ფაქტი სჭირდება იმის დანახვას, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან იყო კონსოლიდაციაში და აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას? – ესეც ვკითხეთ მამუკა ხაზარაძეს.

„ასე დიდი დოზით არის კორუფცია ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ყველა კორუმპირებულია? ეკლესია საკუთარ თავში აუცილებლად ნახავს ძალას, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ აგრესიას, ან ხელს უწყობენ მას მდუმარებით, მსგავსი ქმედებები არ იყოს… მე ვიცი ჩემი მამაოს დამოკიდებულება და ვიცი, რამდენად პატიოსანი და ასევე სხვა მამაოები როგორ ემსახურებიან ქვეყანას. არ შეიძლება ასე ხელაღებით საუბარი,“ – ისევ აიცილა საპატრიარქოს კრიტიკა მამუკა ხაზარაძემ.

„ეს ძალიან ცუდი გარიგებაა, რაც ემსახურება რუსულ ინტერესების გატარებას და მისი გაძლიერების ხელშეწყობას,“ – ასეთია ხატია დეკანოიძის პოზიცია კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მართლმადიდებელ ეკლესიასთან. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. ამ პარტიას საკითხზე პოზიციის დაფიქსირება 6 ივლისს ვთხოვეთ. პარტიის პრესსამსახურში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიგვიღია.

ხატია დეკანოიძემ პოზიცია გაგვიზიარა, თუმცა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ეს მისი პირადი აზრია და არ გამორიცხავს, პარტიის შიგნით უმცირესობაში იყოს.

ხატია დეკანოიძეც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება შესაძლოა არ გაუქმდეს. ის ცალსახად იმის მომხრეა, რომ დაფინანსება სახელმწიფოსგან ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს.

„ნაციონალური მოძრაობის დროსაც ხდებოდა ეს შეთანხმება ვაჭრობის საგანი. ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ასეა,“ – თქვა ხატია დეკანოიძემ. მისი აზრით, მარტივად დასანახია, როგორ იყენებს ამ კონსტიტუციურ შეთანხმებას ეკლესია და თავის მხრივ, საპატრიარქო. ხატია დეკანოიძე უფრო დიდ პრობლემას კრემლის გზავნილების გავრცელებაში და რუსული მოდელის გაძლიერების ხელშეწყობაში ხედავს, რაშიც ის პირდაპირ საპატრიარქოს აქტიურ ჩართულობას ხედავს.

„არსებობენ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებიც პირდაპირ ხელს უწყობენ რუსულ ინტერესებს. სეკულარულ სახელმწიფოში ბევრად უფრო სხვა სტანდარტია შემოსატანი… საპატრიარქო ამხელა პრივილეგიების ფონზე ნაწილს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს, ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროებს გადახედვას. ამ წუთას ვერ გეტყვით, გაუქმდება თუ არა ეს კონსტიტუციური შეთანხმება, პარტიის შიგნით ამაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაა. იცით, რომ ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი კონსერვატიულია, მაგრამ რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, მას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასა და კეთილშობილებასთან,“ – გვითხრა ხატია დეკანოიძემ.

უნდა ჰქონდეს თუ არა ამ საკითხზე კონკრეტული პოზიცია პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს? – ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ეს საჭიროა, თუმცა ენმ-ში კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს პარტიას მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე. ასე არ გვიმსჯელია, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა გახდეს ეს შეთანხმება ფინანსური გარიგების საგანი სეკულარულ სახელმწიფოში,“ – დასძინა ხატია დეკანოიძემ.

როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებაზე – კითხვა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მივწერეთ და პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.

კონსტიტუციურ შეთანხმებას არ გააუქმებდა, თუმცა ეკლესიას პრივილეგიებს ჩამოართმევდა იაგო ხვიჩია, „გირჩის“ ლიდერი. მას გაუჭირდა იმის დასაბუთება, რატომ არის საჭირო მაშინ კონსტიტუციური შეთანხმების არსებობა, თუკი ის კონკრეტულ უპირატესობას არ აძლევს ეკლესიას.

„შესაძლოა ეს შეთანხმება იყოს აღმზრდელობითი საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად, რელიგიურ ორგანიზაციებს ენიჭებათ რაღაც პრივილეგიები, გათავისუფლებული არიან რაღაც გადასახადისგან, რაც რელიგიურ საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ პრობლემაა არაა თავად კონსტიტუციური შეთანხმება, არამედ პრობლემაა  შეთანხმების შინაარსი,“ – მიიჩნევს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციური შეთანხმება ზოგიერთ ნაწილში წინააღმდეგობრივია, მაგალითად, კომპენსაცია საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის გამო.

„მარტო ეკლესია ხომ არ დაზარალებულა? მარტო ეკლესიისთვის ხომ არ ჩამოურთმევიათ ქონება? მთელ საქართველოს ჩამოგვართვეს ქონება, სხვა რელიგიურ მიმდინარეობასაც ჩამოართვეს ქონება. ჩვენ სადაც შეგვიძლია, უკან უნდა დავაბრუნოთ ეს ქონება. ახლა გამოდის, რომ საბჭოთა ტერორისგან დაზარალებული ხალხი კომპენსაციას უხდის ეკლესიას, ეს არ არის სწორი. მარტივად „კი“ და „არა“ ვერ იქნება ჩემი პასუხი. მე შეთანხმების გაუქმება არ მგონია მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით, პრივილეგიები არ უნდა არსებობდეს და ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ,“ – გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

„ეპისკოპოსები და ცალკეული სასულიერო პირები მიდიან და მოდიან, ისტორია, ქრისტიანობა და საქართველო კი განუყრელია ერთმანეთისგან“, – გვითხრა პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და მიგვანიშნა, ძალადობის ორგანიზატორი საპატრიარქოს გაკრიტიკებას რომ არ აპირებს: „ეს ფაქიზი საკითხია და მისით მანიპულაცია არ შეიძლებაო“.

პაატა მანჯგალაძის აზრით, ცალკეული ეპისკოპოსის პოზიცია არ უნდა გავაიგივოთ საპატრიარქოს პოზიციასთან. მას შევახსენეთ, რომ  აგრესიულ ჯგუფებს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ საპატრიარქომ ღიად და ოფიციალურად მოუწოდა.

პაატა მანჯგალაძე

„ყველა მოძალადემ, სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს, კანონის წინაშე თანაბრად უნდა აგოს პასუხი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი, ხოლო თუ შეღავათები დისკრიმინაციულია, ეს დასადგენია და უნდა გამოვასწოროთ… მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ორიათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში არსებობდეს კონტრაქტი საპატრიარქოსთან. მე ვხედავ პრობლემას იმაში, თუ ვინ ახალისებს ძალადობას საპატრიარქოში, ვინ ახალისებს სიძულვილის ენას, ვინ ასწავლის ანტიმართლმადიდებლობას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რადგან ქრისტიანობა ნიშნავს სიყვარულს, მიტევებას,“ – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს მოდელს: როცა მოქალაქე თავად ირჩევს, რომელი რელიგიური მიმდინარეობა უნდა დაფინანსდეს.

„კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას დავუჭერ თუ არა მხარს, არ ვიცი. ამას ანალიზი სჭირდება, მზად არ ვარ, გიპასუხოთ,“ – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.

რეფერენდუმს ჩაატარებდა კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრულ პრივილეგიების საჭიროებაზე გიორგი აბრამიშვილი, „რეფორმატორების“ ერთ-ერთი ლიდერი. მას ვკითხეთ, რატომ სურს რეფერენდუმის ჩატარება იმ საკითხზე, როცა კონსტიტუციით არის განსაზღვრული – თანასწორობა და არა ვინმეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. კონსტიტუცია ასევე ადგენს სეკულარობის პრინციპს.

„მაგრამ იმავე კონსტიტუციის მესამე მუხლში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია და ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმით… ვაღიარებთ იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი, თუმცა ვთვლით, რომ არცერთი კონფესია არ უნდა იყოს ჩაყენებული განსაკუთრებულ პირობებში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ორმაგ სტანდარტებს წარმოშობს სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის დამოკიდებულებების დონეზე… ჩვენ უნდა გავიგოთ, საზოგადოების ინტერესი რა არის. მაგალითად, ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენთან ისტორიული ძეგლების, მათ შორის, ეკლესია-მონასტრების სანახავად. ამ შემოსავალს როცა იღებს ეკლესია, ის არ იბეგრება, მაგრამ სახელმწიფო რამდენად სარგებლობს ამით, ეს შეთანხმების საგანია,“ – გვიპასუხა გიორგი აბრამიშვილმა.

გიორგი აბრამიშვილი არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ საპატრიარქო 5 ივლისს მოძალადე გახდა.

„ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები არიან მოძალადეები და არა საპატრიარქო. ვთვლი, რომ გავლენების გადანაწილება ხდება იქაც [საპატრიარქო], როგორც ბევრ სხვა ადგილას. მე რაც მახსოვს, 20 – 25 წელიწადია ამ გავლენების გადანაწილების პროცესია ყველგან,“ – მიიჩნევს გიორგი აბრამიშვილი.

კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ემხრობა ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკელების“ ლიდერი:

„ამ დოკუმენტზე აპელირებს საპატრიარქო და ხელისუფლებაც, რომელიც შეზრდილია საპატრიარქოსთან. გარდა ამისა, რაც წერია კონსტიტუციურ შეთანხმებაში, ისიც კი ირღვევა ამ პირობებში, როდესაც საპატრიარქოს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელიც მას მიანიჭა არამხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ყველა წინა ხელისუფლებამ არასწორი და მახინჯი მოქმედებით, როგორიცაა მილიონობით თანხების გადარიცხვა, მიწების გადაცემა, ქონების გაფორმება. ჩენ ასევე მომხრე ვართ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის, რა ქონებას ფლობს საპატრიარქო. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა ფინანსდებოდეს რელიგიური კონფესიები ბიუჯეტიდან,“ – მიიჩნევს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკელების“ ლიდერისთვის სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პროცესში გამოჩნდა, როგორ იყენებს საპატრიარქოს ხელისუფლება:

„ხელისუფლება, რომელსაც დეკლარირებული აქვს ევროპული კურსი, იყენებს საპატრიარქოს, რომ დააშინოს ადამიანების და ძალადობრივი ჯგუფები გამოიყენოს პროგრესის წინააღმდეგ. ასე მოიქცევა ეკლესია და ხელისუფლება ყოველთვის, როცა მათ ექნებათ თანხვედრი ინტერესები და გარიგებული იქნება საპატრიარქოსთან ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომაც, პირველ რიგში, საბიუჯეტო დაფინანსება საპატრიარქოს უნდა შეუწყდეს. წლების განმავლობაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს შეასრულოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სეკულარული სახელმწიფო. პირიქით, ჩვენთან ხელისუფლება ხარკს უხდის ეკლესიას და მერე ამ ბერკეტს იყენებს ყველა წინასაარჩევნო პერიოდში. ამან გამოიწვია ის, რომ ეკლესია პირდაპირ ერევა პოლიტიკაში, მითითებებს აძლევს ხელისუფლებას და იყენებს სახელმწიფო მანქანას, როცა მას ეს სჭირდება,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „ბათუმელებთან“.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების უპირობო მომხრეა ელენე ხოშტარიაც, „დროას“ ლიდერი.

ელენე ხოშტარია

„ჩვენ ახლახანს ვნახეთ ამ გაუმართლებელმა პრივილეგიებმა რა შედეგებამდე მიგვიყვანა. ეს არის გაუმართლებელი პრივილეგიები, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად, სამართლებრივად, ეს საბიუჯეტო დაფინანსება ასევე არის გაუმჭვირვალე. გაურკვეველია კომპენსაციის საკითხიც, რაც უკავშირდება საბჭოთა კავშირის დროს რეპრესიებს – რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიხადოთ ეს ფული, რატომ ამდენი, რაში ვიხდით ამ ფულს?“ – კითხულობს ელენე ხოშტარია.

„დროას“ ლიდერის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის „ისტორიული როლის და მნიშვნელობაზე“ ხაზგასმით გაუმართლებელია ინსტიტუტისთვის პრივილეგიების მინიჭება, რადგან, პირველ რიგში, ეს არღვევს სეკულარული სახელმწიფოს იდეას.

„პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ ამ შეთანხმებას გააუქმებენ, ნეგატიური დამოკიდებულება ექნება უმრავლესობას. თვლიან, რომ უმრავლესობასთან არ უნდა შევიდნენ კონფრონტაციაში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, სადამდე მივედით, ყველაფერი ნათელია,“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ და იმის ახსნაც სცადა, პოლიტიკოსების უმრავლესობა რატომ არიდებს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის პრივილეგიების გაუქმებას.

„პრივილეგიებზე და უპირატეს მდგომარეობაზე ნუ ვისაუბრებთ ასე, რადგან ეს არასწორი, ცალმხრივი და ცოტა ზერელე დამოკიდებულებაა საკითხთან დაკავშირებით,“ – გაღიზიანება არ დამალა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მას საპატრიარქოს პრივილეგიების გადახედვა კი არა, სიტყვა „პრივილეგიების“ გამოყენებაც კი არასწორად მიაჩნია ამ ინსტიტუტთან მიმართებით. პარლამენტარს ვკითხეთ, თავად რა სახელს არქმევს ვითარებას, როცა საპატრიარქო ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება, პატრიარქი ხელშეუვალია, გადასახადებისგან თავისუფალია და ასე შემდეგ.

„ვარქმევ იმას, რაც წერია რა… ეს საკმაოდ კარგი ჩანაწერია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ,“ – კონკრეტული სიტყვის მოფიქრება დეპუტატმა არ მოინდომა და არჩია იმაზე ესაუბრა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს.

ისტორიული როლის აღიარება რატომ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად პრივილეგიებით სარგებლობდე და თანასწორი გარემო არ შექმნა ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანისთვის? – ვკითხეთ ისევ ირაკლი ქადაგიშვილს.

ირაკლი ქადაგიშვილი

„ეგ სიტყვა პრივილეგირებული მე მესმის რატომაც გამოიყენება, რომ რამენაირად ჩრდილი მიადგეს, ვფიქრობ, ეკლესიას აქვს ის პოზიცია, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და რაც საკმარისია. დაფინანსება, რასაც ბიუჯეტიდან იღებს საპატრიარქო, ხმარდება საგანმანათლებლო პროგრამებს და ასე შემდეგ. პატრიარქი ხელშეუვალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ადამიანის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, მასზე პასუხისმგებლობა არ ვრცელდება… ბევრი სახელმწიფოა ასეთი, სადაც ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღიარებულია, საგადასახადო პოლიტიკაც განსაკუთრებულია. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,“ – მიიჩნევს ირაკლი ქადაგიშვილს.

პარლამენტარს ვთხოვეთ დაესახელებინა რომელიმე ქვეყანა, გარდა ორიოდე ისლამური რესპუბლიკისა, სადაც რელიგიურ ჯგუფს აქვს ისეთივე პრივილეგიები, როგორც საქართველოში. დეპუტატს საბოლოოდ კონკრეტიკა გაუჭირდა და გვითხრა, რომ მაშინ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რის საჭიროებასაც ვერ ხედავს.

„სკანდინავიის ქვეყნები, მაგალითად, ხომ შეგიძლიათ აიღოთ და წაიკითხოთ მათი კონსტიტუცია?… მაშინ ჩვენი კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. მე კი ვფიქრობ, რომ არ უნდა შეიცვალოს, რადგან ისტორიაა ასეთი, ამ ისტორიას ვერ შევცვლით,“ – კონკრეტული არგუმენტების დასახელებას ისევ ისტორიაში დაბრუნება ამჯობინა უმრავლესობის დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ წევრი ასევე თვლის, რომ საპატრიარქო არ იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. „პრივილეგიების“ მსგავსად, საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე აქცენტმაც დეპუტატი გაანაწყენა:

„არ გვაქვს ჩვენ სწორი აღქმა და წარმოდგენა, იქ იყო პარაკლისზე მისვლა სალოცავად, პარაკლისზე მისვლა კი დანაშაული არ არის ჯერჯერობით საქართველოში… ეკლესია თავისი გამოცდილებით წინააღმდეგია გარკვეული ცხოვრების წესის, ეკლესიას თავისი მორალური და დოგმატური სწავლება გააჩნია, თუ ჩვენ დავიწყებთ ეკლესიის სწავლების დანაშაულად გამოცხადებას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გავატაროთ…“, – გვიპასუხა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატს არც იმის დანახვა სურს, რომ საპატრიარქოს პრივილეგიები უთანასწორო გარემოს ქმნის:

„პრობლემას თქვენ იქ ეძებთ, სადაც თავად რელიგიური ორგანიზაციები არ ნახულობენ პრობლემას“, – დასძინა დეპუტატმა. მას შევახსენეთ, რომ რელიგიური ორგანიზაციები უთანასწორო გარემოზე და საპატრიარქოს პრივილეგიებზე საკონსტიტუციო სასამართლოშიც დაობენ.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამეს დაადგენს, მერე ვილაპარაკოთ, კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა ირაკლი ქადაგიშვილი.

„კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება არის საჭირო, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ქართული ეკლესია ხელახლა გაქრისტიანდეს, ეს არ არის ქრისტიანობა, რასაც ახლა ვუყურებთ საპატრიარქოს სახით, ეს არ არის ქრისტიანული ეკლესია,“ – კატეგორიულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები ასევე აზიანებს სახელმწიფოს.

„დღეს საპატრიარქო არის მთავარი მუხრუჭი ქვეყნის განვითარების და ეს არის კრემლის რეზიდენტურა საქართველოში… კონსტიტუციური შეთანხმება არის საფუძველი იმის, რომ მილიონებს უხდის საპატრიარქოს სხვადასხვა მთავრობა, გარდა ამისა, უამრავ უძრავ ქონებას გადასცემენ, საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ამან განაპირობა ის, რომ საპატრიარქო ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ მონსტრად, ვისთანაც დაპირისპირება უჭირს პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ძალას და ლიდერს, ჩვეულებრივი გარიგებაა,“ – ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე

როგორი იქნებოდა ამ პოლიტიკოსის პოზიცია, მას რომ ჰქონდეს უმრავლესობაში მოსვლის მოლოდინი და რა გამოსავალი არსებობს ახლა, როცა შედარებით რეიტინგული პოლიტიკური ძალები საპატრიარქოს პრივილეგიების გადახედვას არ აპირებენ?

„მოკლე და სწრაფი გზა არ ვიცი, რადგან ყველა პოლიტიკური პარტია პოპულისტურია საქართველოში იშვიათი გამონაკლისების გარდა,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. – „ისინი ამ თემაზე საუბარს მაშინ დაიწყებენ, როცა ჩათვლიან, რომ ეს მომგებიანია. მანამდე კი, მუდმივად ითამაშებენ თამაშს ისე, რომ საპატრიარქოს მხარდაჭერა შეინარჩუნონ. გამოსავალი არის სიმართლის ლაპარაკი“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვლის, რომ ეკლესიის ისტორიული როლის სახელით ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან მუდმივად თანხის გამოყოფა არგუმენტი ვერ იქნება.

„განსაკუთრებული ისტორიული როლი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მუდმივად პენსია უხადოს მაგ ინსტიტუტს. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია დაზარალდა, მაგრამ დაზარალდნენ სხვა ინსტიტუტებიც, ყველა ოჯახს შეეხო ბოლშევიკების ხელი, ჩემი წინაპრებიც დაზარალდნენ, მაგრამ ამის გამო კომპენსაციას არავინ მიხდის,“ – დასძინა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.

„არაფერი არ ესაქმება ხელისუფლებას ნებისმიერი რელიგიური კონფესიის საქმიანობაში,“ – მიიჩნევს გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. მისი აზრით, სეკულარიზმის პრინციპის დაცვა და კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის თავისუფლების იდეისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიური კონფესიისთვის, რომ მთავრობამ არ განსაზღვროს, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რა – არა. ეს ძალიან საფრთხის შემცველია და თავდაპირველად როცა შეიქმნა ეს დოკუმენტი [კონსტიტუციური შეთანხმება], პრობლემა იყო არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ საკონსტიტუციო სტატუსიც, როცა ერთი კონფესიის გამოყოფა მოხდა სამართლებრივ სივრცეში.

გიგა ბოკერია
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ეს შეთანხმება ქმნის უთანასწორო გარემოს…. მართლმადიდებელ ეკლესიას ბუნებრივად აქვს პრივილეგია ბრჭყალებში, რადგან ის უმრავლესობის რელიგია და ასე იყო ისტორიულადაც, მაგრამ ამას არ სჭირდება კონსტიტუციაში ჩანაწერი. ის, რომ უმრავლესობის რელიგია არის ქრისტიანობა, ეს არის ადამიანების არჩევანი და არა ის, რომ კანონში რაღაც ჩაიწერა,“ – გვიყვება გიგა ბოკერია.

„ევროპულ საქართველოზე“ რომ იყოს გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, ეს პოლიტიკური ძალა თავად მოქალაქეებს დაუტოვებდა რელიგიური და ასევე ნებისმიერი არამომგებიანი ორგანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობას საკუთარი გადასახადით დაუბეგრავად.

„მომხრე ვარ მოდელის, სადაც მკაცრი გაყოფაა სახელმწიფოსა და ნებისმიერ საეკლესიო ჯგუფს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის სამოქალაქო სახელმწიფოს პრინციპებისთვის, სადაც ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი,“ – აღნიშნა გიგა ბოკერიამ „ბათუმელებთან“.

გიგა ბოკერიას დაკვირვებით ამ საკითხზე პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის, რადგან რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიას კი არ სურს საპატრიარქოს მხარდაჭერა, არამედ „მთავრობები მუდმივად სარგებლობენ ამ თემებით და ისარგებლებენ პოლიტიკური ამოცანებისთვის, რაც მთავრდება ძალიან ცუდად და ამის ყველაზე მახინჯი მაგალითი სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ,“ – დაასრულა გიგა ბოკერიამ.

„ბათუმელებმა“ სცადა გიორგი გახარიას, ან მისი პოლიტიკური გუნდის „საქართველოსთვის“ პოზიციის გაგება. თუმცა, პარტიის ლიდერებმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხეს. პარტიის პოზიცია ვერც პრესცენტრმა მოგვაწოდა. 

კონსტიტუციური შეთანხმების პირდაპირ გაუქმებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩვენ მიერ გამოკითხული 10 პოლიტიკური სუბიქტიდან მხარს უჭერენ: „რესპუბლიკელები“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: