რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში „ბოიკოს კოშკებისთვის“ იბრძვიან – ბრიტანული დაზვერვა

დღეს, 27 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ შავ ზღვაში უკრაინა და რუსეთი იბრძვიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმებისთვის ყირიმსა და ოდესას შორის. ეს არის ე.წ. “ბოიკოს კოშკები”, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს წაართვა.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ გასულ კვირას რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესროლა უკრაინულ სამხედრო კატერს, რომელიც შავ ზღვაში გაზისა და ნავთობის პლატფორმის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობდა.

დაზვერვა წერს, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინამ დაარტყა რუსეთის მიერ კონტროლირებად რამდენიმე პლატფორმას და რუსეთიც და უკრაინაც პერიოდულად იკავებდნენ პლატფორმებს.

პლატფორმებზე ნახშირწყალბადის ძვირფასი რესურსებია. თუმცა, ისევე როგორც კუნძულ ზმეინის შემთხვევაში, პლატფორმები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბაზების, დესანტის  და შორი მანძილის სარაკეტო სისტემების განლაგებისთვის – წერს ბრიტანული დაზვერვა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 17 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,29-30 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 260 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 4 396 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 8 555 ერთეული [+15 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 403 ერთეული [+24]
  • MLRS – 728 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 498 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 378 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 411 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 854 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 808 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ხოლო ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 152 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 527ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 145 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6079საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 453 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინელი ბებიები ომის პირობებში – 12 ფოტო

„უკრაინელმა ბებიამ ომის დაწყების დღეებში 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა და მოკლა“, – მსგავსი მითი თუ რეალობა არაერთხელ გავრცელდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც უკრაინელების შეუპოვარ ბრძოლას ასახავდა ოკუპანტების წინააღმდეგ.

დაზუსტებით არც იმის თქმა შეიძლება, რამდენად რეალურია, რომ ომის ზონაში მცხოვრები უკრაინელი მოხუცები უარს ამბობენ საკუთარი სახლების მიტოვებასა და გაქცევაზე…

ფაქტი კი ის არის, რომ ამ ომშიც ყველაზე მეტად მოხუცები და ბავშვები ზარალდებიან.

ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არაერთი მოხუცი დაიღუპა თუ უსახლკაროდ დარჩა, ათასობით ბავშვი კი ოკუპანტმა ქვეყანამ გაიტაცა – იძულებით დეპორტაცია მოუწყვეს.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული მედიისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული 12 ფოტო მოგიყვებათ იმის შესახებ, რას განიცდიან ან როგორ ცხოვრობენ უკრაინელი ბებიები ფრონტის რეგიონებში.

 

 

ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს.

მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს.

ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას.

„უკვე ნიდერნალდებში ვარ, რადგან სწავლა სექტემბერში მეწყება. თეოლოგიისა და რელიგიის ფაკულტეტზე ვისწავლი. ეს არის ერაზმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამა და მთლიანად რელიგიურ საკითხს ეთმობა გლობალიზებულ მსოფლიოში.

უნივერსიტეტები, სადაც მე ვისწავლი, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ძალიან კარგი სივრცეა რელიგიების შესასწავლად, რადგან უნივერსიტეტებს კარგი კვლევითი ცენტრები აქვთ და ეს დამეხმარება ჩემი სამაგისტრო კვლევის წარმოებაში“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

მისი თქმით, თეოლოგია მისთვის ახალი სფეროა, რადგან ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებები შეისწავლა, თუმცა ეს არის სფერო, რომელიც მის ინტერესს ყოველთვის იწვევდა და ახლა აქვს შესაძლებლობა ცოდნა ამ მიმართულებითაც აიმაღლოს.

ზამთრის მოდული მთლიანად დაეთმობა საკითხს „ცოდნა არ არის ნეიტრალური“ და აქცენტი გაკეთდება რელიგიურ უმცირესობებზე, ინტერრელიგიური მუშაობის დროს დიალოგის ტექნოლოგიასა და ეთიკას.

გაზაფხულის სემესტრში კი კორდოვას უნივერსიტეტებში შუა საუკუნეების რელიგიის მდგომარეობას, ჰუმანიზმსა და ადრეულ მოდერნიზმს შევისწავლი.

ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მიმართულებით წავიყვან ჩემს კვლევებს, რადგან პოლიტიკის მეცნიერებებიდან მოვდივარ და ჩემი გამოცდილება თეოლოგიას ნაკლებად ემყარება, თუმცა ინტერესი მაქვს კარგად შევისწავლო ინტერრელიგიური ურთიერთობების, რელიგიური დიალოგის და ეროვნული იდენტობის საკითხი თანამედროვე სახელმწიფოებში.

ლია დეკანაძე უკვე ნიდერლანდებშია

მინდა ვიმუშაო ისლამზე, რადგან ისლამის საკითხი რაღაც დონეზე ნაკვლევია აჭარაში, თუმცა ჩემ ინტერესს წარმოადგენს გენდერული ასპექტები, რომელიც გათვალისწინებული იქნება კვლევაში. თუნდაც ქალების როლი რელიგიის შენარჩუნებაში.

სოფელში ცხოვრებამ და შემდეგ იქ, თემში ჩემმა აქტიურობამ მომცა შესაძლებლობა უფრო კარგად დავკვირვებოდი ამ საკითხს, რადგან ყოველდღიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ევროპაშია, მისი სამომავლო საქმიანობა მაღალმთიან აჭარას და „სოლიდარობის თემს“ უკავშირდება.

„სამომავლოდ, ჩემი კვლევები ასევე დამეხმარება ამ ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვების და მისიის განსაზღვრაშიც“, – ამბობს ლია.

ხულოს მაღალმთიან სოფელში გაზრდილი ლია, პირველად დასავლეთში, აშშ-ში flex-ის პროგრამით მოხვდა და ერთი წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლა.

მისი თქმით, ყველა ის გაცვლითი პროგრამა თუ აქტივობა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მისი ცხოვრება განათლების მიმართულებით უკეთესობისკენ შეცვალა, დასავლური მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით შეძლო.

ლია ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე მან პირველად მიმართა სახელმწიფოს განათლების დაფინანსების მოპოვების მიზნით და პირველივე ჯერზე უარი მიიღო.

„მე სწავლაში ფული არასდროს გადამიხდია, იმიტომ, რომ უბრალოდ არ მქონდა ამის შესაძლებლობა.

„ფლექსის“ დაფინანსება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ავიღე, პროექტები იყო, კონფერენციები თუ გაცვლითი პროგრამები, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, ძირითადად სწორედ ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

რომ არა ეს ერაზმუს+ის პროგრამა და ევროპული დაფინანსება, ფაქტობრივად ვერ გავაგრძელებდი მაგისტრატურაზე სწავლას, რადგან ცხოვრება ისე გაძვირდა, ქალაქში ბინის ქირაობასაც კი ვერ შევძლებდი ჩემი შემოსავლებით.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 8 500 ევრო ღირს მარტო სწავლა წელიწადში ევროპაში, 20 წელიც რომ მემუშავა, ამის თანხას ვერასდროს დავაგროვებდი საქართველოში, ამიტომ ჩემთვის ამ დაფინანსების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ლია.

როგორ ფიქრობ, რატომ გითხრათ აჭარის განათლების სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი? – თქვენი აზრით, ეს ხომ არ უკავშირდება თქვენს სამოქალაქო აქტივიზმს, თუნდაც იმას, რომ მუსლიმ თემს წარმოადგენთ, ან იმას, რომ კრიტიკულად ხართ განწყობილი ხელისუფლების მიმართ? – ვკითხეთ ლია დეკანაძეს.

ის ამბობს, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა არც გამორიცხავს.

„აჭარის განათლების სამინისტროს, „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში მივმართე. გადავედი მეორე ეტაპზე, ინტერვიუც გავიარე, თუმცა ვერ მივიღე დაფინანსება. მხოლოდ თანადაფინანსებას ვითხოვდი, უბრალოდ ბინის ქირაში რომ შემხიდებოდა სახელმწიფო, რადგან ვიცით, რომ ჰოლანდიაში ცხოვრება საკმაოდ ძვირია.

ამ ეტაპზე მიჭირს დაზუსტებით რაიმეს თქმა, ეს უარი უკავშირდება თუ არა ჩემ აქტივიზმს და კრიტიკულ განწყობებს, თუმცა ინტერვიუ საკმაოდ დაძაბული იყო და რაღაც პროცესში თავდაცვის რეჟიმში ყოფნაც მომიწია.

ერთ-ერთი კომისიის წევრმა, (სამწუხაროდ არ ვიცი მისი სახელი, რადგან დისტანციურად ვერთვებოდი), როცა ჩემი კვლევის მიზნებს ვუხსნიდი, ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველოში გვაქვს უნიკალური შემწყნარებლობის მაგალითი განსხვავებული რელიგიების მიმართ და ამას არ უნდა კვლევაო.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მკაფიოდ ამეხსნა ჩემი საქმიანობა და მიზნები, მათთვის მაინც არ იყო მკაფიოდ გაგებული.

როგორც კარიერული, ასევე პროფესიული განვითარების გეგმა საკმაოდ კარგად მქონდა წარმოდგენილი, იმ უნივერსიტეტებს, სადაც სწავლას ვაგრძელებ, ძალიან კარგი რეიტინგი აქვთ, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა უარის მიზეზი.

სამინისტროსგან უკუკავშირი არ მიმიღია, თუ რატომ არ მომცეს დაფინანსება. მითხრეს, რომ მინისტრისთვის უნდა მიმემართა ცალკე განცხადებით. უკვე მივმართე და პასუხს დაველოდები“, – გვეუბნება ლია.

მისი აზრით, ევროპაში სწავლა იმ მიზეზით არჩია, რომ თბილისი და ბათუმი არასტუდენტური ქალაქებია.

„სრული სასწავლო გრანტიც რომ მიიღო, თბილისში და ბათუმში ცხოვრება უკვე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ბინასაც კი ვეღარ ვიქირავებ ჩემი შემოსავლებით. ბინის გარდა გჭირდება სასწავლო მასალების შეძენა, ტრანსპორტირება, კვება. ევროპაში კი მაქვს სრული სტიპენდია და ასეთ ყოფით საკითხებზე ფიქრი აღარ მიწევს.

არც თბილისი და არც ბათუმი, არ არის სტუდენტური ქალაქები. როცა სტუდენტი ვიყავი, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ არ დამეგვიანა ლექციებზე, იმდენად მოუწესრიგებელია ტრანსპორტი. შესაბამისად, მე მჭირდებოდა სტუდენტური ქალაქი და ამიტომ ვარჩიე ევროპა.

გული მწყდება, რომ თბილისში სწავლის დროს სათანადო დრო ვერ დავუთმე საბაკალავრო ნაშრომს, რადგან ვმუშაობდი, თავი რომ მერჩინა. დრო არ მქონდა ამისთვის. ბევრი წნეხი იყო, მათ შორის კოვიდი და ახლა მინდა, რომ მთელი ეს პერიოდი, რომელსაც ევროპაში გავატარებ, სწავლას და კვლევას დავუთმო. ნამდვილი სტუდენტი ვიყო“, – გვეუბნება ლია.

ბათუმი ფესტივალზე 4D Monster Lobsters და Melomaniakk იმღერებენ

ბათუმი ფესტივალი ვიზიტორებს ზაფხულის ბოლოს ყველაზე მუსიკალურ უქმეებს პირდება. კომპანია ლისინ ივენთის ორგანიზებით 26 და 27 აგვისტოს ბათუმში, ანბანის კოშკთან უფასო კონცერტები გაიმართება.

„ჩვენი მიზანია, რომ წავახალისოთ ადგილობრივი ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულის ბოლო კვირაში ბათუმი ფესტივალის სცენა მთლიანად ადგილობრივი შემსრულებლებისთვის დაგვეთმო.“ – აცხადებს კომპანია ლისინ ივენთის წარმომადგენელი, ფესტივალის ორგანიზატორი თათული ჯანჯღავა.

1

26 აგვისტოს ბათუმი ფესტივალზე ბენდი Melomaniakk იმღერებს. ბენდი ბათუმსა და სრულიად აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

27 აგვისტოს ბათუმი ფესტივალზე მსმენელების წინაშე ყველასათვის საყვარელი 4D Monster Lobsters წარსდგება.

ლისინ ივენთის წარმომადგენლების თქმით, ბათუმი ფესტივალი ვიზიტორებს სექტემბრის ბოლომდე უამრავ სიურპრიზს პირდება.

2

ბათუმი ფესტივალი 16 ივლისს გრანდიოზულად გაიხსნა და ღონისძიებები ანბანის კოშკთან ყოველდღიურად, 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კომპანია ლისინ ივენთის მიზანია, ხელი შეუწყოს ბათუმის და აჭარის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას და ტურისტებს საქართველო გააცნოს.

ბათუმი ფესტივალი არის საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ქუჩის მარკეტი, რომელიც აერთიანებს 6 განსხვავებულ ზონას: საკვები ზონა, საშოპინგო ზონა, საბავშვო გასართობი ზონა, ღია კინოთეატრი, გასართობი ზონა და ბარების ზონა.

3

ბათუმი ფესტივალის სტუმრებს შეგიძლიათ დააგემოვნოთ აზიური და ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნიმუშები, შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, მეგობრებთან ერთად უყუროთ სპორტულ მატჩებსა თუ ფილმებს, უფასოდ დაესწროთ მაგიურ შოუებსა და კონცერტებს და დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო სხვა აქტივობებით. ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ბათუმი ფესტივალზე ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის ადამიანი იპოვის გასართობს.

4

ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“

ბათუმის ზღვაში, საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლიის“ მოპირდაპირედ, ზღვაში წყლის ჭავლი ამოდის.

ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ განათავსა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ზღვაში საკანალიზაციო მილი გასკდა, რაც იწვევს ზღვის წყლის დაბინძურებას.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელები“ კომპანია „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა.

კომპანიის განცხადებით, ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა.

„ამ დროისთვის არანაირ დაზიანებას ადგილი არ აქვს. შერიფ ხიმშიაშვილის 6 ნომერში მდებარეობს „ბათუმის წყლის“ სატუმბი სადგური, სადაც ხდება სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით.

სანიაღვრე წყლების ზღვაში ჩაშვების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 მეტრის ქვეშ მოქცეულია უდიდესი სიმძლავრის ტუმბოები.

პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ზღვის ფსკერზე დამონტაჟებულია ზღვაში ჩამშვები მილები.

სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა ხდება 1.8 მეტრამდე დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ეშვება.

სატუმბი სადგურის გვერდით მოწყობილია 300 კუბ მეტრი შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს“-გვწერს „ბათუმის წყალი“.

მათივე განმარტებით, სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურის და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა KFW პროექტის პირობებში.

„აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს“.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 260 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 4 390 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 8 539 ერთეული [+18 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 379 ერთეული [+18]
  • MLRS – 726 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 497 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 367 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 411 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 823 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 804ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ხოლო ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 464 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 6122 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 513 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6062 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 441 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვის შეიძლება შეუწყდეს წყლის მიწოდება – „ბათუმის წყლის“ დირექტორის განმარტება

„ეს ემსახურება მონაცემთა ბაზის განახლებას და მომსახურების გაუმჯობესებას“, – გვითხრა „ბათუმის წყლის“ დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ, რომელსაც ვკითხეთ: რატომ ითხოვენ „ბათუმის წყლის“ აბონენტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, როცა ეს მონაცემები კომპანიისთვის ისედაც ცნობილია?

დღეს, 25 აგვისტოს, „ბათუმის წყლის“ აბონენტებმა კომპანიიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს ლათინური შრიფტით, სადაც წერია, რომ წყალმომარაგება შეგიწყდებათ, თუ „ბათუმის წყალს“ არ მიაწვდით აბონენტის შესახებ ინფორმაციას.

„პატივცემულო აბონენტებო! გთხოვთ, 2003-09-26-მდე წერილობით, ან ელექტრონული ფორმით აცნობოთ შპს „ბათუმის წყალს“ აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიწყდებათ წყალმომარაგება სემეკის 32-ე დადგენილების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ცნობისთვის, აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: აბონენტის ნომერი, აბონენტის დასახელება [სახელი, გვარი], პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკადასტრო კოდის, დაზუსტებული მისამართი, ძირითადი საკონტაქტო ნომერი და ალტერნატიული ნომერი, ან/და ელექტრონული მისამართი,“ – აღნიშნულია სატელეფონო შეტყობინებაში.

„ბევრი ადამიანი იცვლის საცხოვრებელს, იცვლება ტელეფონის ნომრები, ზოგს არ მისდის ინფორმაცია, მაგალითად, ავარიულ დაზიანებაზე, ან დროებით შეზღუდვებზე და ასე შემდეგ. ამისთვის გვჭირდება ეს მონაცემები სემეკის დადგენილების შესაბამისად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე მჟავანაძემ, „ბათუმის წყლის“ დირექტორმა.

ალექსანდრე მჟავანაძემ განმარტა, რომ კომპანიას არ დასჭირდება იმ აბონენტების მონაცემები, ვისი მონაცემებიც არ შეცვლილა.

„იქნება კომუნიკაცია მომხმარებელთან… წყლის მიწოდება არ შეუწყდება არავის, ეს ვადა გახანგრძლივდება, თუ მოქალაქეები ვერ მოახერხებენ დროულად ამ მონაცემების მოწოდებას. დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და ავუხსნით, როგორ უნდა მოგვაწოდოთ მონაცემები,“ – გვითხრა ალექსანდრე მჟავანაძემ.

„ბათუმის წყლის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება გასაგები შინაარსით გაუგზავნა აბონენტებს, თუმცა დასძინა, რომ თითოეულს დამატებით გაუგზავნიან განახლებულ ინფორმაციას.

უკრაინამ, როგორც ჩანს, გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთში – CNN

ინფორმაციას უკრაინელების მიერ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის პირველი ხაზის სავარაუდო გარღვევაზე სამხრეთში, კერძოდ, ზაპოროჟიეს რეგიონში, უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის მხრივ, CNN-ი ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის.

„ჩნდება უფრო და უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ უკრაინის ჯარებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთ ფრონტის ზოგიერთ ნაწილში, ზაპოროჟიეს რეგიონში და სოლისებურად აფართოებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებას.

ახლა რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი, სამხრეთის ფრონტის ზოგიერთ ნაწილში, მოსკოვის ჯარის შესახებ პირქუშ სურათს ხატავს“, – მარკ მილის ამ ციტატას ავრცელებს „უკრაინსკა პრავდა“.

„უკრაინსკა პრავდა“ ასევე აღწერს რუსი ბლოგერების მიერ გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაციის დეტალებს – ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ სამხრეთით ნოვოპროკოპოვკაზე (ამას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი) და ასევე, დაიწყო პარალელური შეტევა აღმოსავლეთით, ვერბოვოის რაიონში – ორივე მიმართულება მოქცეულია მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

ზოგიერთი რუსი ეგრეთ წოდებული სამხედრო კორესპონდენტი იუწყება, რომ უკრაინა ქვეითი ჯარის დასაცავად იყენებს თვითმფრინავებს, ასევე დამატებითი საბრძოლო მასალა გადაისროლა მალაია ტოკმაჩკას რაიონში.

ასევე, როგორც ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ იუწყება, რუსეთის ჯარებმა ამ რეგიონში პოზიციები მინიმუმ თვე-ნახევრის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ, რათა ფრონტის სხვა მიმართულებაზე სცადონ წარმატების მიღწევა და ბრძოლის ველზე შეცვალონ სიტუაცია.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა მოახერხა რუსეთის თავდაცვის მთავარი, პირველი ხაზის გარღვევა, რომელსაც რუსები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ამასთან, მან უკრაინის კონტრშეტევას, რომელიც უკვე 8 კვირა გრძელდება, უწოდა – „ძალიან ნელი“.

 რა უთხრა მოსამართლეს 4 კაცის დაჭრაში ბრალდებულმა – „რატომ უნდა მივიმალო?“

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ს.-ს, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში, პროკურატურის ვერსიით, 4 პირი დაჭრა.

ეს 22 აგვისტოს მომხდარი ამბავია. გასროლის შედეგად ავტოსახელოსნოში მომუშავე მამა და მისი ორი შვილი დაიჭრა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, ისიც სახელოსნოში მუშაობდა.

გამოძიება ბრალდებულს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, თუმცა კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან (სსკ-ის 19-109 მუხლი).

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ბრალდებული გიორგი ს. 45 წლისაა, პროფესიით იურისტია, პერიოდულად ტაქსის მძღოლად მუშაობს და იმ ავტოსახელოსნოს მეზობლად ცხოვრობს, სადაც სანადირო თოფით შეიარაღებულმა 4 პირი დაჭრა.

„მიმალვის საფრთხე არსებობს“, – პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა დაასაბუთა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„რა მიმალვის საფრთხე? – ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში თოფით, ის თავად ამბობს იმასაც, გავისროლეო…,“ – გაცხარდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ ასე არ არის, ის ვარშანიძის ქუჩაზე შეაჩერეს პოლიციელებმა“, – დოკუმენტებს მიუბრუნდა პროკურორი პაატა ცეცხლაძე და დასძინა, ფოტომასალითაც ჩანს იგივე, რასაც ვამბობო.

„ცუდად მესმის, ვერ ვიგებ“, – მოსამართლეს გახედა ბრალდებულის დედამ. თამარ ბეჟანიშვილმა მას უთხრა, რომ პირველ რიგშია და უკეთეს ადგილს ვერ შესთავაზებს.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, დაზარალებულის მხრიდან – არავინ.

„მზად არიან შერიგებისთვის, დაწყებული გვაქვს პროცესი“, – თქვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ბრალდებულს მიუბრუნდა.

„ხომ თქვენი ფეხით მიხვედით პოლიციის მე-4 განყოფილებაში, ჯავახიშვილის ქუჩაზე? თოფიც თან მქონდაო“, – იკითხა ადვოკატმა.

„ჰო, მაისური გამოვიცვალე და წავედი… თოფი დაშლილი მედო მანქანაში, გასაკეთებელი იყო“, – ძალიან ხმადაბლა თქვა რამდენიმე წინადადება ბრალდებულმა.

„ხომ არ მიიმალები, თუ გირაოს შეგიფარდებენ?“ – ჰკითხა ისევ ადვოკატმა ბრალდებულს.

„მე რატომ უნდა მივიმალო?“ – გაოცდა ბრალდებული.

„ის ცდილობდა კონფლიქტის თავიდან არიდებას… ამ გასროლამდე სახელოსნოში მას სასტიკად სცემეს. მისი სახლის წინ აჩერებდნენ მანქანებს თვეობით, ეს არ სრულდებოდა“, – ადვოკატის ვერსიით, კონფლიქტი მეზობლებს შორის ავტოსახელოსნოს წინ ავტომანქანების გაჩერებას უკავშირდებოდა.

„…შემდეგ დეზინფორმაცია გაუვრცელეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, – დაამატა ადვოკატმა. – „…მას კი, უკრაინაში ჰყავს ცოლი და შვილი.

გიორგის არ ჰქონია მოკვლის განზრახვა, მხოლოდ დაშინების მიზნით გაისროლა ფრინველის საფანტი შორიდან“, – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ და პაუზის შემდეგ ისიც უთხრა მოსამართლეს, კლინიკაში დაჭრილებიც რომ მოინახულა.

„მათ მსუბუქი დაზიანება აქვთ, ერთ-ერთმა უკვე დატოვა კიდეც საავადმყოფო… იმედი მაქვს, შედგება საპროცესო შეთანხმება“, – ადვოკატმა პროკურორს გახედა და ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურის მტკიცებულებების დიდი ნაწილის უდავოდ მიჩნევას აპირებს.

დაცვის მხარე ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა გასამართლდეს. ადვოკატი ასევე აპირებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

„ბევრად მძიმე სურათი იქმნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით“, – აღნიშნა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, ვიდრე ის ბრალდებულს ეტყოდა, რომ პატიმრობა შეუფარდა.

მაჩალიკაშვილის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა – პროკურორს შეგიძლიათ უჩივლოთ

პროკურორს შეიძლება უჩივლოთ სასამართლოში, თუ ის დაზარალებული პირის სტატუსს არ მოგანიჭებთ, ან დროულად არ გაგაცნობთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ერთ-ერთი მოსარჩელე მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა – თემირლანი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მაშინ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა ამ საქმეში მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

2020 წელს კი, პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება საერთოდ შეწყვიტა. ვიდრე გამოძიება შეწყდებოდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2019 წელს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოუთხოვია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წელს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში [მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება] დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი [სიცოცხლის უფლება], თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს კონკრეტულ უფლებებს, თუ რა შეუძლია დაზარალებულს, მათ შორის, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ამ უფლებით სარგებლობა დაზარალებულს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს პროკურორის გადაწყვეტილებები და თვითნებობისგან დაიცვას საკუთარი ინტერესები, იმ სამართლებრივი ნორმით კი, რაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, დაზარალებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა ნეიტრალური ორგანოს წინაშე საკითხი სადავო გაეხადა.

„…სავარაუდო დანაშაულსა და სიცოცხლის მოსპობის შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი დადასტურებულია, მათ შორის, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით. მეტიც, არსებობს არა მარტო დასაბუთებული ვარაუდი, არამედ პრეზუმფციაც კი ზიანის სახელმწიფოს წარმომადგენლების ეფექტური კონტროლის ქვეშ მიყენებაზე, რისი გაქარწყლების ვალდებულებაც, თუ კონკრეტული პირები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულ ნი, სახელმწიფოს ეკისრება.

ამის მიუხედავად, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ,“ – აღნიშნული იყო საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკონსტიტუციოს 2019 წელს მიმართა.

ამ საქმეზე მოსარჩელე იყო ასევე მერაბ მიქელაძე. იგი ქობულეთში, ლერმონტოვის N13-ში მდებარე პანსიონის შენობის მესაკუთრე შპს ,,M&B“-ის წარმომადგენელია. ადგილობრივი მოსახლეობა ქობულეთში მუსლიმური პანსიონატის გახსნის აღსაკვეთად რელიგიური ნიშნით დევნას ახორციელებდა პანსიონატის პერსონალსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებზე, უზღუდავდა პანსიონატით სარგებლობის, პანსიონის ტერიტორიაზე გადაადგილების, ახლოს მდებარე სერვისების [მათ შორის საკვების შეძენის] გამოყენების შესაძლებლობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგრეთვე ჩაიშალა სასწავლო პროცესი, რის შედეგადაც მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ კონკრეტულ პირებს.

„მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, რომელიც მიუთითებს არა მხოლოდ მუქარის, არამედ პანსიონატთან დაკავშირებული პირების შეურაცხყოფისა და რელიგიური ნიშნით განგრძობადი და სისტემური შევიწროების ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია მხოლოდ მერაბ მიქელაძის მიმართ გამოთქმული პანსიონატის გადაწვის მუქარის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. აღნიშნულ გამოძიებაშიც მერაბ მიქელაძის მონაწილეობა შეზღუდულია, ვინაიდან მას არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

კიდევ ერთი მოსარჩელის, სამსონ თამარიანის შემთხვევა კი ასეთია: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით სამსონ თამარიანი გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით [ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით] წარდგენილ ბრალდებაში.

წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შემდეგ სამსონ თამარიანმა 2018 წლის 25 მაისს მიმართა მთავარ პროკურორს, რათა მომხდარიყო დაზარალებულად ცნობილი – მერგელ მელტონიანის პასუხისგებაში მიცემა ცრუ ჩვენების ბრალდებით. მთავარი პროკურატურიდან საქმე გადაეგზავნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას. 2018 წლის 14 ივნისის წერილით სამსონ თამარიანს ეცნობა, რომ მისი საჩივრის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნული პასუხი სამსონ თამარიანმა 2018 წლის 27 ივნისს გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორთან. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურიდან სამსონ თამარიანმა მიიღო 2018 წლის 29 ივნისის ნიკოლოზ სანიკიძის ხელმოწერილი პასუხი, რომლითაც მას კვლავ უარი ეთქვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე.

იმის გამო, რომ პროკურორის გადაწყვეტილება არ საჩივრდებოდა, ვერც სამსონ თამარიანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი და იმავე მოთხოვნით შესული სარჩელები გააერთიანა და საბოლოოდ არაკონსტიტუციურად მიიჩნია  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვებიც: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის მიუთითა აღნიშნული უფლების მნიშვნელობაზე. სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“.

როგორ ეხმაურება კადიროვი პრიგოჟინის დაღუპვას, რომელსაც დიდი ხნის მეგობარს უწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ტელეგრამის საკუთარ ოფიციალურ არხზე ევგენი პრიგოჟინთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჩეჩნეთის ლიდერი ევგენი პრიგოჟინს უწოდებს „დიდი ხნის მეგობარს“.

კადიროვი პრიგოჟინზე წარსულ დროში საუბრობს. ის „ვაგნერის“ დამფუძნებლის მეგობრებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. ის გროზნოში პირველივე მიწვევაზე ჩამოვიდა, თუმცა ჩემზე უფროსი იყო.

მასთან შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე მსჯელობა. ის ყოველთვის მზად იყო, რომ დაგხმარებოდა და მთელი გულით, რეალურად გეხმარებოდა. ჩვენ მას დახმარების ხელი გავუწოდეთ ლიბიისა და აფრიკის ზოგიერთ საკითხში. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან მაჩუქა „ვაგნერის“ ოქროს მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

კადიროვის აზრით, პრიგოჟინი სახელმწიფო მასშტაბის ფიგურა იყო და მისი ღვაწლი უკრაინასთან ომში წარუშლელია.

„ის სახელმწიფო მნიშვნელობის პერსონა იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებაში. სხვა ყველაფრის  გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით – აქ და ახლა.

ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. მას ამ დამსახურებას ვერ წაართმევ. მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია“.

პრიგოჟინის დაღუპვაზე გუშინ მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმაც. ვლადიმერ პუტინის თქმით, პრიგოჟინს 90-იანი წლებიდან იცნობდა, „ის მძიმე ბედის კაცი იყო“ და ასევე „ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა“.

პუტინის შეფასებით, „ის საჭირო შედეგებს აღწევდა – საკუთარი თავისთვისაც და საერთო საქმისთვისაც, როცა მე ვთხოვდი. ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი“.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ „ამ ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში. ეს გვახსოვს, ვიცით და არ დავივიწყებთ“.
__

23 აგვისტოს, საღამოს, რუსეთში, კონკრეტულად კი ტვერის ოლქში, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი Embraer Legacy ჩამოვარდა. რუსული წყაროების მიხედვით, ბორტზე იმყოფებოდა  10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, მისი დაცვის წევრები, ასევე დიმიტრი უტკინი. კრემლის პროპაგანდისტული მედიის თანახმად, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი და ამჟამად ექსპერტიზა ტარდება.

2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ და „ვაგნერმა“ ერთი რუსული ქალაქი აიღო. თუმცა ის მალევე შეჩერდა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ ბელორუსში გადავიდა.

14 პირი დავაკავეთ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს დაბადებული ლ. კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.გ. – ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი. ხოლო ლ.კ. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ც. სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 31 ვაზნა.

სქრინი შსს-ს მიერ დღეს, 25 აგვისტოს გავრცელებული ვიდეოდან

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1969 წელს დაბადებული, ო.ზ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, “გეკო”-ს ტიპის შაშხანა და ვაზნები ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული მ.ა. და 1961 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 9 მჭიდი, 91 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და ხელყუმბარა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, წყალტუბოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1971 წელს დაბადებული ო.რ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული გ.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პისტოლეტი, 1 მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღეს. ხოლო, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი”, 3 მჭიდი და 7ვაზნა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 259 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 4 378 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 8 521 ერთეული [+10 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 361 ერთეული [+28]
  • MLRS – 724 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 495 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 356 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 409 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 790 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 802 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 464 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 6085 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 492 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6042 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 424 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ნიკორა“ ადასტურებს, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა – „ვწუხვართ“

8 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ სურსათისა ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. დაზარალებულებს სალმონელოზი დაუდასტურდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პაციენტებმა საკვებად „ნიკორაში“ შეძენილი კიევური კატლეტი ჭამეს.

„სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.

მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „ნიკორა ტრეიდში“ ადასტურებენ მათთან ნაყიდი პროდუქციით ადამიანების მოწამვლას.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია”.

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით“, – ნათქვამია „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 17 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ორეულები, პუტინის შურისძიება, რა ელის „ვაგნერს“ – მსოფლიო პრიგოჟინის სიკვდილზე

პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა და მისი სავარაუდო სიკვდილი დღეს ნომერ პირველი თემაა მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთში ეს სულაც არ უკვირთ. ნამდვილად მოკლულია თუ არა პრიგოჟინი? – პოლიტიკოსები, ექსპერტები და ანალიტიკოსები შეფასებებში საკმაოდ ფრთხილობენ.

რა ელის „ვაგნერს“, მოახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი ომზე და რა ბედი ეწევა პრიგოჟინის „აფრიკულ იმპერიას“? დასავლეთში მრავალი ვერსია და ვარაუდი ისმის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის თვითმფრინავის იდუმალ აფეთქებაზე.

  • როგორ რეაგირებს მსოფლიო პრიგოჟინის სიკვდილზე

ევროკომისიაში უკრაინულ „24-ე არხს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია დაიჯერო რუსული ინფორმაცია, რადგან ფაქტების დადასტურება რთულია. ბრიუსელში „ვაგნერის“ ლიდერის გარდაცვალების შედეგებზე არ საუბრობენ.

ამავდროულად, ევროკავშირში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ „ვაგნერელებმა“ საშინელი კვალი დატოვეს მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ხოლო ევროკავშირმა პრიგოჟინსა და მის დაქირავებულებს, სანქციები დაუწესა უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და აფრიკის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულების გამო.

  • ამერიკული ვერსია

საკმაოდ სწრაფი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეაქცია.

აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კატასტროფის უკან შესაძლოა პუტინი იდგეს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „რუსეთში იშვიათად ხდება რამე, რის უკანაც პუტინი არ დგას“. ამასთან, მან დაამატა, რომ ზუსტად არ იცის რა მოხდა, მაგრამ „გაკვირვებული არ არის“.

პენტაგონმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, როგორც ავიაკატასტროფის, ისე იმის შესახებ, საერთოდ იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე. აქ განაცხადეს, რომ სწავლობენ დაზვერვის მონაცემებს საკუთარი დასკვნების გასაკეთებლად.

  • პრიგოჟინი გააფრთხილეს

ჯერ კიდევ ივლისში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ძალიან გაუკვირდება, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ პრიგოჟინი თუ „აიშორებს კრემლის შემდგომ შურისძიებას“.

ვფიქრობ, პუტინს ზოგადად მიაჩნია, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც საუკეთესოა თუ ცივად მიირთმევ. ჩემი გამოცდილებით, პუტინი – ის შურისძიების ნამდვილი მოციქულია. ამიტომ, გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას. მე რომ პრიგოჟინი ვიყო, ჩემს დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, – თქვა ბერნსმა.

პრიგოჟინი – ის „მოსიარულე გვამია“. პუტინი ხალხს ბევრად ნაკლები დანაშაულისთვის აპატიმრებდა და ხოცავდა, ვიდრე პრიგოჟინმა ჩაიდინა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პუტინი მას მისცემს სიცოცხლის უფლებას იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა – წარუმატებელი ამბოხიდან რამდენიმე დღის შემდეგ ივარაუდა იან ბრემერმა. ის პრეზიდენტია კომპანია Eurasia Group-ის, რომელიც პოლიტიკური რისკებს იკვლევს.

პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ტელეფონით ესაუბრა პუტინის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველს, უშაკოვს. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა.

საუბრის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ შეერთებული შტატები არ იყო ჩართული ამ მოვლენებში და პროცესს განიხილავდა, როგორც რუსეთის შიდა საქმეს.

  • ბრიტანული ვერსია

BBC-ის წყაროები ბრიტანულ დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ФСБ-ს შიდა დაზვერვა დაესხა თავს. ისინი სრულიად ერთგულები არიან ვლადიმერ პუტინის და ასევე ხელმძღვანელობენ სასაზღვრო ჯარებს.

ითვლება, რომ ეს, სავარაუდოდ, გააძლიერებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის პოზიციებს. პრიგოჟინს ისინი ეზიზღებოდა და საჯაროდ აკრიტიკებდა.

„ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ პუტინმა ის მოიშორა – მან დაიბრუნა კონტროლი“, – მიაჩნია სერ ჯონ სოუერსი. ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია, ეს ყოფილიყო მოწყობილობა, რომელმაც „უცებ მოკლა ყველა, ვინ ბორტზე იმყოფებოდა“.

„რა თქმა უნდა, ეს არის შიდა სამუშაო, სავარაუდოდ ეს იყო ბომბი ღვინის ყუთში. ეს არის ერთგვარი ირონიული დასასრული საკვების ყოფილი მიმწოდებლისა და პუტინის მზარეულის“, – ვარაუდობს ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი, კრისტოფერ სტილი.

  • კიდევ რა ითქვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა CNN-ს განუცხადა, რომ პუტინი გააქრობს ყველა თავის ოპონენტს და ეს აშინებს ყველას, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ კი თქვა: „ასე ხდება, პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც პუტინი მიიჩნევს საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ, ბუნებრივი სიკვდილით არ იღუპებიან“.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განაცხადებით კი, პრიგოჟინის სიკვდილმა აჩვენა, თუ რა ღირს ლუკაშენკოს ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიები“. მან ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინის სიკვდილით შეიძლება ბოლო მოეღოს ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნას.

  • პრიგოჟინის და უტკინის „ორეულები“

„ვაგნერის“ დამფუძნებელს, ისევე როგორც მის მეთაურს ჰყავდათ „ორეულები“ – მოქალაქეები, რომლებმაც ოფიციალურად შეიცვალეს სახელები, გვარები… მათ ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის სახელზე აიღეს პასპორტები. ამას აღნიშნავს BBC, ადრე კი ამის შესახებ New York Times-ი წერდა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც პერსონალური მონაცემების ცვლილება დაარეგისტრირეს სახელმწიფო რეესტრში თუ სასამართლო ქრონიკებში. მაგალითად, ერთ „ორეულს“, წარსულში ლეონიდ კრასავინს, პრიგოჟინის დაბადების თარიღი ჰქონდა. მედია ვარაუდობს, რომ ის ლიეტუაში გაფრინდა, როდესაც პრიგოჟინი დაასანქცირეს.

დიმიტრი უტკინის ორეული კი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრიგოჟინის კუთვნილ კომპანიას, რის შემდეგაც დაიბრუნა თავისი ნამდვილი სახელი.

ასე მოიქცნენ პრიგოჟინის სხვა ორეულებიც, მაგრამ უცნობია ავიაკატასტროფის დროს რამდენი „ორეულის“ გამოყენება შეძლეს „ვაგნერის“ მეთაურებმა.

___

ილუსტრაცია: 24-ე არხი

ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს.

პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს.

„შიდა ომებს დიქტატორი კი მოიგებდა, მაგრამ ახლა დიდი სპილოა ოთახში – რუსეთი უკრაინას ვერ უგებს ომს… შემდეგი ამბოხი ისევ ამ ფორმით იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბრუტალური ამბოხი აუცილებლად მოხდება რუსეთში,“ – ამბობს პოლკოვნიკი.

პრიგოჟინის სიკვდილით ხომ არ განისაზღვრა პუტინის მომავალიც? თუ გარემოცვის უახლოესი წევრებიც შეიძლება გაწირონ, რატომ არ შეიძლება სისტემის მეთაურის „ჩამოგდებაც“ იფიქრონ იქ, სადაც რეალურად პუტინის ერთგული საეჭვოა ვინმე იყოს? – ვკითხეთ პოლკოვნიკს.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლაშა, 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობდით: პრიგოჟინი მოკლეს, რადგან რუსეთში ამბოხს სხვაგვარი რეაქცია ვერ ექნებოდა. რა გამოჩნდა ამჯერად, როცა ღიად თქვეს, რომ პრიგოჟინი მკვდარია? 

როდესაც პრიგოჟინმა დაიწყო ამბოხი, დაუშვა მთავარი შეცდომა: ან უნდა გაიმარჯვო, ან კვდები. სხვა ლოგიკა ჯერ არ ყოფილა რუსეთში და ისტორიულად სხვა პრეცედენტი არ ყოფილა. პრიგოჟინმა რაღაც მესამე გზა აირჩია, რაც დიდი შეცდომა იყო.

მე ახლაც ვფიქრობ, რომ პრიგოჟინი და თავისი მომხრეები კარგა ხნის წინ გაანეიტრალეს. რთული სათქმელია, როგორი ფორმით მოხდა ეს, მაგრამ მაშინ, ცხელ გულზე, მოერიდნენ ამის თქმას, ხისტ მოქმედებას. მაშინ ყველანაირად სცადეს იმის ჩვენება, ვითომ პრიგოჟინი შეხვდა პუტინს, მორჩილება გამოუცხადა, შემდეგ ვითომ ბელარუსში გადაიყვანეს.

ეს ყველაფერი დაიდგა – გუშინ პრიგოჟინი სახელითაც მოკლეს. ეს იყო ჩვეულებრივი კაგებეს სტილის აქტი, თითქოს უბედური შემთხვევაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა და რატომ.

  • ვის შეეძლო ესროლა პრიგოჟინის თვითმფრინავისთვის? 

ცხადია, პუტინის დავალების გარეშე ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. ეს ამბავი იმის ინდიკატორია, რომ პუტინი ისევ აკონტროლებს ძალაუფლებას. პრიგოჟინი რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას.

  • როგორ შეიძლება დადგენილიყო დროის ასე მოკლე მონაკვეთში, რომ პრიგოჟინი იყო იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჩამოვარდა? 

მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს უკვე დასრულებული სიმღერაა. ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს.

  • პრიგოჟინის სიკვდილით ხომ არ განისაზღვრა პუტინის მომავალი? თუ გარემოცვის უახლოესი წევრებიც შეიძლება გაწირონ, რატომ არ შეიძლება სისტემის მეთაურის „ჩამოგდებაც“ იფიქრონ იქ, სადაც რეალურად პუტინის ერთგული საეჭვოა ვინმე იყოს?  

ჩემი აზრით, პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად. შიდა ომებს დიქტატორი კი მოიგებდა, მაგრამ ახლა დიდი სპილოა ოთახში – რუსეთი უკრაინას ვერ უგებს ომს. რუსეთი მარცხდება უკრაინასთან ომში.

შიდა ოპონენტებს რაღაც ტრიუკებით მოუგვარებდა პუტინი საქმეს, მაგრამ უკრაინას უკვე ვერაფერს უშველის. სწორედ უკრაინის ომი მოახდენს უდიდეს გავლენას რუსეთის შიდა ფაქტორებზე.

აშკარად გამოჩნდა, რომ არავინ არ უერთგულებს პუტინს, თუკი მისი ძალაუფლება შესუსტდება. დასუსტება კი, სახეზეა – შემდეგი ამბოხი ისევ ამ ფორმით იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბრუტალური ამბოხი აუცილებლად მოხდება რუსეთში. ეს სისტემა რუსეთში აუცილებლად ჩამოიშლება.

შესაძლოა, პუტინის თვითმფრინავი არ ჩამოაგდონ, მაგრამ მოიწამლოს, ფეხი დაუცურდეს და დაგორდეს, ან რამე მსგავსი მოხდეს. ბოლო ერთი იქნება. ჩანს, რომ მეტად უნდა დაიძაბოს სიტუაცია, კულმინაციამდე რომ მივიდეს ეს ყველაფერი.

არავითარი ახლოს ყოფნა და დანდობა არ იქნება – აქ იმპერიის ტახტზეა საუბარი. რუსეთში შენ თუ დაინდობ, მაშინ შენ არ დაგინდობენ. პუტინმა შექმნა იმპერიული მიდგომა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია კადიროვი, რომელსაც წესით და რიგით უნდა დაეცვა რეჟიმი, მაგრამ მან თავისი ძალები გააჩერა და დაელოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

გერასიმოვი-შოიგუს და მოსკოვის შიდა წრეების გარდა არავინ ღია მხარდაჭერას პუტინს არ უცხადებს. ბოლოს ლუკაშენკოს გადასარჩენი გახდა.

პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთში კლანების შიდა დაპირისპირება კინაღამ სამოქალაქო ომამდე მივიდა. სამოქალაქო ომის საინტერესო სანახავი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინმა როგორღაც მოახერხა ძალების მოკრება და გამოვიდა ამ სიტუაციიდან. ის ახლა ახერხებს შიდა კლანების გაკონტროლებას.

  • რატომ დასჭირდა კრემლს პირდაპირი გზავნილი პრიგოჟინის შემთხვევაში, რომ მეამბოხე დაისჯება? აქამდე ასე მკაფიოდ არ ჩანდა სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობა, როცა ნემცოვი მოკლეს, ან ნავალნი მოწამლეს…

არ ჩანდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, ვინ ებრძოდა ამ ადამიანებს.  აბა, ნემცოვი ვინ მოკლა? პრიგოჟინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან პირდაპირ გამოჩნდა სახელმწიფოს ჩართულობა და მესიჯი იყო აშკარა. ეს იყო ახლა აუცილებელი პუტინისთვის, რომ აღარავინ გაბედოს ამდაგვარი პროტესტი.

თუმცა პრიგოჟინი რეალურად განასახიერებდა იმ უკმაყოფილებას, რაც დაგროვდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. პრიგოჟინი ებრძოდა კორუმპირებულობას, არაორგანიზებულობას, იძახდა, რომ ომი წარვმართეთ უნიჭოდ და ამის გამო ვმარცხდებითო. ამიტომაც, ხისტ მოქმედებებს მოერიდნენ მის წინააღმდეგ, თქვეს, რომ ვითომ პრიგოჟინი ისევ ცოცხალია, ისევ პუტინს ემსახურება, მერე თითქოს აფრიკაში რაღაცებს აკეთებს და ბოლოს ფიზიკური განადგურება დოკუმენტურადაც გააფორმეს.

  • არ გჯერათ, რომ შესაძლოა, პრიგოჟნს ორეული ჰყავდეს? 

შესაძლოა, ორეული ჰყავდეს, მაგრამ არანაირი პრიგოჟინი ცოცხალი არ არის. ის რა წუთშიც ხელში ჩაუვარდათ, მაშინვე მოკლეს. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო მათი შეხედულებით პროფესიონალურად შესრულებული დავალება.

  • თქვენი აზრით, როგორ იმუშავებს ეს ამბავი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილზე, ვისაც შესაძლოა აშინებდნენ რუსები ფიზიკური განადგურებით? 

დაშინებას ყოველთვის ეცდებიან, მათ შორის, ღიად, მედვედევმაც გვითხრა ხომ პირდაპირ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც მივიერთებთო. მე ვიცი ის, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია დასავლეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ დაახლოება. ეს მომენტი ჩვენ, საქართველომ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ამ თემაზე:

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

როდის აღდგება წყლის მიწოდება თოდოგაურში, გონიოში და სხვაგან – ბათუმის წყლის განმარტება

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ უკვე თითქმის 24 საათია  წყალი არ მიეწოდებათ და ამ დრომდე იმის გარკვევაც კი ვერ მოახერხეს ბათუმის წყალში, როდის ჩაირთვება წყალი. „მთელი დღეა გვეუბნებიან 12 ჩაირთვება, სამზე, ექვსზე. ახლაც უწყლოდ ვართ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბათუმის წყალს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:

„გუშინ ყველა აბონენტს გავუგზავნეთ შეტყობინება წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დღესაც გაგრძელდა რეაბილიტაცია.

ამ დროისთვის დაზიანებული მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ხელვაჩაურის მიმართულებაზე წყლის მიწოდება უკვე აღდგა. სხვა ტერიტორიებზე წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, რადგან რეზერვუარის შევსებას 4 საათი სჭირდება. ღამის 12-საათამდე ყველა აბონენტს აღუდგება წყლის მიწოდება“.

ბათუმის წყლის ინფორმაციით, 800 მილიმეტრიანი მილი დაზიანდა შარაშიძის ქუჩაზე, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდა თოდოგაურის, ხელვაჩაურის რიგ და გონიოს დასახლების აბონენტებს სრულად“.

ქმარი ფულს სძალავდა ცოლს ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით – რა თქვა სასამართლომ

ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს დავითი [სახელები შეცვლილია] ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. ეს პროკურატურის ვერსიაა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა საბოლოოდ სასამართლოში დუმილი არჩია.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა.

გამოძიების ვერსიით, დავითმა ნათიას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ჯერ მოიპოვა, რომლის გახმაურების მუქარით „2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დ. ბ.-ე სისტემატურად სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების გადაცემას ქალაქ ბათუმში მყოფ ნ. ხ-ს. მას ეშინოდა რა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გახმაურების, რასაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები,“ – აღნიშნულია ბრალდებაში, რაც კაცს პროკურატურამ წარუდგინა.

2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დათოს ნათიასგან საერთო ჯამში დაახლოებით 4000 ლარი მიუღია.

დაზარალებულ ქალს თავდაპირველად გამომძიებლებისთვის უთქვამს, რომ კაცი სისტემატურად ემუქრებოდა ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნებით, ერთხელ კი, ჩანგლის დემონსტრირებითაც დაემუქრა. შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიუხედავად, დავითს ქალისთვის სოციალურ ქსელ „ვაიბერშიც“ მიუწერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავითი უდანაშაულოდ მიიჩნია სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ანგარებით], 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა [გამოძალვა] და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით [მუქარა] წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.

დავით ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია მხოლოდ 381-ე პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით [შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა] და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი, „რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2021 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით – შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

განაჩენის მიღებამდე ბრალდებული სასამართლოს 12 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ჰყოლია გათავისუფლებული.

პროკურორ ანა როყვას ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაუსაჩივრებია, თუმცა 2022 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელად დატოვა.

უზენაესმა სასამართლოში კი, მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნიეს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ხ-მ დ. ბ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე. მოწმე გ. ხ-მ გამოძიების ეტაპზევე უარი განაცხადა, როგორც გამომძიებელთან, ისე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემაზე.

დ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დ. ბ-ს ტელეფონიდან, წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია – მიმოწერები, ფოტოსურათები და ა.შ. აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის მოწმის სახით ჩვენება მიუციათ პოლიციელებს, თუმცა ისინი არ იყვნენ ფაქტის თვითმხილველნი და ის უთხრეს მოსამართლეს, რაც გამოძიების ეტაპზე მოისმინეს დაზარალებულისგან.

„…საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რისი გარკვევაც შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების შეფასების შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებიან

ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებიან. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.

ევროპის მოედანზე სამოქალაქო ორგანიზაციის „მაიდანბათუმის“ აქტივისტებმა გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. შეგროვებულ თანხას აქტივისტები უკრაინაში გააგზავნიან ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად.

საღამოს 7 საათზე აქციაზე შეკრებილებს ქართველი და უკრაინელი აქტივისტები მიმართავენ, ასევე, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები.

 

დღეიდან მოსალოდენლია ძლიერი წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნა – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

„25-26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე  შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს სააგენტო.

ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ.

განათლების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსის“ (Peace Corps) შეთანხმების თანახმად, ამერიკელი ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოს რეგიონების სკოლებში იმუშავებენ. ისინი მოსწავლეებსა და ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებაში.

ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

პანდემიის შემდეგ პროგრამა შეჩერებული იყო.

საქართველო 2001 წლიდან თანამშრომლობს „მშვიდობის კორპუსთან“ და ამ ხნის მანძილზე 1000-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა საქართველოს  საჯარო სკოლებში.

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ და ამერიკელი მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან მას შემდეგ თანამშრომლობენ.

კაცის სხეულზე მოწყობილ სამალავში „კოკაინი“ აღმოაჩინეს – სარფის საბაჟო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45.31 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 259 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +340]
  • ტანკი – 4 375 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 8 511 ერთეული [+23 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 333 ერთეული [+15]
  • MLRS – 723 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 494 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 344 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 773 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 801 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 462 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 6012 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 476 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6024 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 408 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონზე“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ ვერ დასრულდა ოზურგეთში, კურორტ გომისმთის საავტომობილო გზის მშენებლობა გათვალისწინებული დროის შესაბამისად?

დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე 2023 წლის ზაფხულამდე ახალი გზა უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გზა ისევ არ არის. წინა წლების მსგავსად, ამ ზაფხულსაც გომისმთაზე მოხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ შაბათ-კვირას შეიძლება, როცა გზის მშენებლობა ჩერდება. გომისმთაზე ასვლა შესაძლებელია შუახევიდანაც, რომელიც გარდა იმისა, რომ უფრო შორია, რეაბილიტირებული არ არის და ყველა ტიპის ავტომანქანა ვერ გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ „კომპანიას ვადა მიეცა მიმდინარე წლის ბოლომდე“. გზის სამუშაოებს კურორტ გომისმთაზე კომპანია „ნიუ როუდი“ ასრულებს.

გომისმთის დამსვენებლებს ამ ზაფხულსაც დახვდა სასმელი წყლის პრობლემა: წყალი გარკვეულ უბნებს განრიგით, დაახლოებით ნახევარი საათით მიეწოდება, ნაწილი კი, წყალს ისევ წყაროდან ეზიდება.

გომისმთაზე რამდენიმე მესაკუთრე ამბობს, რომ წყლის სისტემის მოწყობაა დაგეგმილი და ამისთვის ფულს მოსახლეობაც აგროვებს. მათი თქმით, გაურკვეველია, ვინ უნდა მოაწყოს წყლის სისტემა ან რატომ სთხოვეს მოქალაქეებს ფულის შეგროვება.

„ზოგი 100 ლარს დებს, ზოგი – 300 ლარს, კონკრეტული თანხა არ დაუსახელებიათ,“ – გვითხრეს გომისმთაზე, სადაც, მაგალითად, ამ დრომდე ასეთივე პრინციპით გროვდება შუქის ფული: შუქი კურორტს მიეწოდება, თუმცა მრიცხველები არ არის.

გომისმთის გზასა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული კითხვებით ოზურგეთის მერიას მივმართეთ, თუმცა პრესცენტრის წარმომადგენელი შეკითხვებს მხოლოდ გაეცნო – სამი დღეა პრესცენტრის წარმომადგენელი, ნინო ბახტაძე, ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს სოციალურ ქსელში უპასუხოდ ტოვებს.

შეკითხვა ასევე უპასუხოდ დატოვეს ოზურგეთის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ჩატშიც.

ოზურგეთის მერიის ინტერნეტგვერდის მიხედვით, დაბა გომისმთაზე მერიას ამ ეტაპზე წარმომადგენელი არ ჰყავს და ამ პოზიციაზე ვაკანსიაა.

სასმელი წყლის შესახებ „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. უწყების პრესცენტრში განმარტეს, რომ გომისმთის „რთული რელიეფის გამო“ წყლის სისტემას არ აწყობენ და ეს უახლოეს მომავალში დაგეგმილი არც არის.

უწყებაში ასევე განგვიმარტეს, რომ შესაძლოა სასმელი წყლის სისტემას აწყობდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

კურორტი გომისმთა
კურორტი გომისმთა

BMA.BATUMI.GOV.GE – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ახალი ელექტრონული სისტემა

2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ბმას“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მრავალბინიან სახლში ავტომატურად ჩამოყალიბდა მესაკუთრეთა გაერთიანებები, ხოლო მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მცხოვრებებს მიეცათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით ჩამოეყალიბებინათ ანალოგიური კავშირები.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მთავარი ფუნქცია საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა და განვითარებაა. იმისთვის, რომ ამხანაგობების განვითარება არ შეფერხებულიყო და გამხდარიყო მზარდი, როგორც ამხანაგობებს, ასევე თვითმმართველ ერთეულებს უნდა გაეზარდათ გამოწვევები და თანმიმდევრული ქმედებები განეხორციელებინათ. ინოვაციებმა, ტექნოლოგიების განვითარებამ და ელექტრონული კომუნიკაციების სიმცირემ განაპირობა ელექტრონული პლატფორმის დანერგვის საჭიროება. ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინცით მომუშავე სისტემა დისტანციური მმართველობის მომსახურების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს დაიწყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში ამხანაგობების აღრიცხვა ელექტრონულ პორტალზე BMA.BATUMI.GOV.GE. დღეის მდგომარეობით პორტალზე დასარეგისტრირებლად შესულია 120 განაცხადი. ნებისმიერ ამხანაგობას შეუძლია მიმართოს ბათუმში არსებულ 14 ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრს და მოითხოვოს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ელექტრონული გვერდის გახსნას ელექტროპლატფორმაზე.

დღეის მდგომარეობით ხორციელდება 23 მუნიციპალური პროგრამა, რომლით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ აღრიცხვაზე მყოფ ამხანაგობებს. აქედან 19 პროგრამა სრულად მუნიციპალური სახსრებით ფინანსდება, ხოლო 4 თანადაფინანსებით (99% – მერიის პროცენტული წილი, 1%- ამხანაგობის).

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ელექტრონული სისტემის BMA.BATUMI.GOV.GE -ს უპირატესობები:

  1. დაზოგეთ დრო, დისტანციურად ჩაერთეთ მუნიციპალურ პროგრამებში და მიიღეთ ამხანაგობის აღრიცხვის ბარათი;
  2. მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და თვალი ადევნეთ მიმდინარე პროცესებს;
  3. შეატყობინეთ მუნიციპალიტეტს ამხანაგობის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ;
  4. მიიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსური მხარდაჭერა;
  5. მუნიციპალიტეტსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის მყარი ეფექტური კომუნიკაცია;

ელექტრონული პორტალი განახლდა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ დაფინანსებული პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში.

შოვში დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერა სჭირდება – „მჯეროდა, რომ ნიკამ ტყეს შეაფარა თავი“

„…ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე. შემდეგ კი, ტელეფონი გამოირთო,“ – გვიყვება ეკა გოგლიძე, ის შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნიკოლოზ ჩალაძის ცოლია.

38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა იქ მეწყერი ჩამოწვა.

„ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… იმ დღეს დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი.

მე ამბროლაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი ვარ. იმ დღეს მედიიდან გავიგე, შოვში მეწყერი ჩამოწვაო. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან, მაგრამ ვეღარ მიპასუხა, თურმე…

გაუჩერებლად ვრეკავდი, იქნებ მიპასუხოს-მეთქი. მეორე დღეს ავედი ადგილზე, ვეძებდით… რატომღაც მჯეროდა, რომ ტყეს შეაფარებდა თავს: აი, ახლა გამოჩნდება, აი, ახლა დარეკავს-მეთქი, ჩემთვის ვამბობდი.

მერე გავიაზრე, როგორ ადგილზე იყო ეს კოტეჯები – იქ ვინც იყო, ისვენებდა თუ მუშაობდა, ყველა დაიღუპა. როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც,“ – ამბობს ეკა გოგლიძე.

ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: დემეტრე და დავითი. სტიქიის დროს დაღუპული კაცის ოჯახს ახლა საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ეს ოჯახი სოციალურ შემწეობას არ იღებს.

„პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებენ მხოლოდ ბავშვები და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი საჭიროება აქვს ბავშვს ამ სინდრომით.

ნიკას სურდა, თავისი ხელით აეშენებინა ახალი სახლი. ნიკას სოფელი ონშია, სოფელი ლაგვანთა, მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში. ნიკას ოჯახი გასაყოფი იყო, მაგრამ სახლი არ იყო იმხელა, რომ გაყოფილიყო.

ნიკა ამბობდა, ახალი სახლი უნდა ავაშენოთ, შვილები გვეზრდებიანო, ვენახიც ჩაყარა, სულ მუშაობდა ფიზიკურად, ხან სად, ხან – სად,“ – გვითხრა ეკა გოგლიძემ.

ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს.

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ ეკა გოგლიძის ანგარიშის ნომერს:

ლიბერთი ბანკი #GE72LB0711182522606000

საქართველოს ბანკი
#GE93BG0000000143172300

თიბისი ბანკი
#GE41TB7761345064300037

რა უთხრა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მოსამართლეს – 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

„თავს არ ვცნობ დამნაშავედ“, – მიმართა სასულიერო პირმა, გელა ბაჟუნაიშვილმა, მოსამართლეს, როცა მან ბრალდების შესახებ დადგენილება წაიკითხა და ბრალდებულს ჰკითხა: „როგორია თქვენი პოზიცია?”

სასულიერო პირს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირის ძმისშვილია.

დღეს, 23 აგვისტოს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასასამართლო სხდომა გამართა „ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე“.

19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 2023 წლის 18 მაისს დანით მოკლეს, მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა, თუმცა 2023 წლის ივლისში ის დიდ ბრიტანეთში დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ. საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ვკითხეთ, თუმცა მან ვერ გვითხრა, როდის გადმოსცემენ მკვლელობაში ბრალდებულს საქართველოს.

სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, ამ საქმეზე კიდევ 5 ბრალდებულისგან განსხვავებით, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„მათ არაფერი დაუშავებიათ. მე მონასტერში ვარ, 2 ძმა პატიმარია, ჩემი სარჩენია… ისინი შრომობდნენ პატიოსნად, იყვნენ გარეთ ჩემსავით,“ – მიმართა სასულიერო პირმა მოსამართლეს. ლევან ყოლბაიას მღვდლისთვის პასუხი არ გაუცია. ამ საქმეზე პატიმრობაში რჩება სასულიერო პირის ორი ძმა, მათ შორის, ერთი მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამაა.

„რატომ არ უნდა იყვნენ ეს ბრალდებულები თანასწორი, იმიტომ, რომ ანაფორა აცვია?“ – გვითხრა შესვენების დროს პატიმრობაში მყოფი სტუდენტი ბიჭების ახლობელმა, ნატალია ბერიძემ. ეს ბიჭები მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებული პირის თანაკლასელები იყვნენ. გამოძიება 2 სტუდენტს, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ერთს – დანაშაულის დაფარვას. ამ სამი ბრალდებულის საქმეს ცალკე განიხილავს სასამართლო.

სასულიერო პირი და მისი ორი ძმა ბრალს არ აღიარებენ. ნატალია ბერიძის თქმით კი, დაღუპულის მეგობრები პრაქტიკულად ადასტურებენ იმას, რასაც პროკურატურა ამბობს.

„ეს ორი სტუდენტი არ შესწრებია დანაშაულის ჩადენას, შემდეგ გაიგეს, როცა ჩავიდნენ მდინარის პირას. დააშინეს, რომ არაფერი ეთქვათ… ამ ზეწოლას ადასტურებს პროკურორიც. წარმატებული სტუდენტები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანაც მუშაობდნენ. ჩვენ ვითხოვდით მათ გათავისუფლებას 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ სასულიერო პირისგან განსხვავებით, სტუდენტები არ გაათავისუფლეს გირაოთი. ეს უსამართლობაა, მათ ჩვენება მისცეს, არ გაქცევიან მართლმსაჯულებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატალია ბერიძემ.

ორი სტუდენტის მონათხრობი ამ საქმეში მთავარი მტკიცებულებაა – დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა მათ მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვეს, რადგანაც ისინი პოლიციის განყოფილებაში ფარულად ჩაუწერიათ.

„რას ემსახურებოდა მათი ფარულად ჩაწერა, როცა ისინი მზად იყვნენ, მიეცათ ჩვენება?“- იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„გამოდის, რომ მათ ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ… ამ დროს მათ ჰქონდათ უფლება, არ მიეცათ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“, – დიალოგში კიდევ ერთი ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც იმის დასაბუთება სცადა, რატომ იყო ბრალდებულების ფარული ჩაწერა პოლიციის განყოფილებაში უკანონო.

„ისინი ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს“, – მოსამართლეს მიმართა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა და შემდეგ გისოსებს მიღმა მყოფ ბრალდებულებს გახედა: „ეს პირები ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ… იგრძნობოდა, ასე ვთქვათ, „დალაგებული“ თემა: რა უნდა ეთქვათ დედისთვის, რა – პოლიციისთვის. დედას ეუბნებოდნენ, რომ აი, კახეთისკენ ეძებეთ…“ – აღნიშნა პროკურორმა.

„სასამართლოს რომ სხვა რამ უთხრან, რა გამოვა, ისაა სწორი მაინცადამაინც, რაც პოლიციის განყოფილებაში ტარიელ კუტალაძემ ჩაწერა?“ – იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„ხშირად თუ იცვლიდნენ პოზიციას, საკუთარი თავის სასარგებლოდ, ან ჩემი კლიენტის სასარგებლოდ რაც ილაპარაკეს, ის რატომ არ ჩაწერეთ?“ – გაბრაზდა მეორე ადვოკატიც.

ადვოკატმა მოითხოვა მკვლელობის ადგილის დათვალიერების ოქმის დაუშვებლად მიჩნევაც, რადგან ოქმი სოფელ აჭყვისთავში შეუდგენიათ, გამომძიებლებმა კი, სოფელ ლეღვაში დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.

„ერთია, დანაშაულის ჩადენის ადგილი, მეორე – გვამის აღმოჩენის ადგილი“, – მიმართა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ადვოკატებს.

კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში სატელეფონო საუბარია: მკვლელობაში ბრალდებული კაცი მოკლულის დედას ჩაუწერია, ვიდრე მოკლული ბიჭის ცხედარს იპოვიდნენ.

„…ამ ჩანაწერის ამოღება მოხდა კანონიერად, მაგრამ კერძო პირებს შორის საუბრის ჩაწერა იყო უკანონო – ფარულად და უნებართვოდ ჩაწერეს“, – თქვა ადვოკატმა.

„ეს ჩანაწერი ეხება ძალზე მნიშვნელოვან საუბარს, ის არის მოკლულის დედა… ის ეძებდა თავის შვილს, რომელიც დამარხული იყო და ამ დროს იღებდა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. გაუჩნდა შიში, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა სატელეფონო საუბრის ჩაწერა. ეს ჩანაწერი მას საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, წარმოადგინა საგამოძიებო ორგანოში“, – გაცხარდა პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.

„შემდეგ სხდომაზე მოგახსენებთ“, – მხარეებს მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ და წინასასამართლო სხდომის განხილვა გადადო.

 

ამ საქმეზე:

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

 

მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?

უმაღლესი განათლების ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა „ქვაქვარელი სიმანდსი“ [Quacquarelli Symonds, შემოკლებით QS] მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს – QS World University Rankings 2024 აქვეყნებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანასა და 1 500 უნივერსიტეტს.

კვლევის მეთოდოლოგია ფირმის ისტორიაში ყველაზე გაფართოებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეყრდნობა, სამი დამატებითი კრიტერიუმით: მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი.

„შედეგები ეყრდნობა 17,5 მილიონი აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის ექსპერტულ მოსაზრებას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი უკვე მეთორმეტე წელია რეიტინგის სათავეშია. მას მეორე ადგილზე მოჰყვება კემბრიჯის უნივერსიტეტი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ოქსფორდის უნივერსიტეტი“, – ვკითხულობთ QS-ის ვებგვერდზე.

ტრადიციულად, QS-ი რეიტინგის შედგენისას იყენებს რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს უნივერსიტეტების შესაფასებლად. ის აფასებს ინტერვიუებს, შედეგებს, ციტირებებს, საერთაშორისო კავშირებსა და სხვა საკითხებს.

საბოლოოდ კი, QS World University Rankings-ი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგულ სიას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა დაიყოს რეგიონების მიხედვით და გაიფილტროს ქვეყნების მითითებით.

აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებლის რეპუტაცია, ფაკულტეტისა და სტუდენტთა თანაფარდობა, ციტირება ფაკულტეტის მიხედვით, საერთაშორისო ფაკულტეტისა და საერთაშორისო სტუდენტების თანაფარდობა, მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი [რამდენად მოიცავს უნივერსიტეტის კვლევები საერთაშორისო/სხვა ქვეყნების საკითხებს ან/და რამდენად აქვს უნივერსიტეტს საერთაშორისო ერთობლივი კვლევები] არის კრიტერიუმები, რომლებიც შეისწავლება სხვადასხვა მეთოდით.

ყველაზე მაღალი წონა პროცენტულად აკადემიურ რეპუტაციას აქვს. ამ კრიტერიუმის კვლევისას მკვლევრები სთხოვენ აკადემიკოსებს, დაასახელონ მათ სფეროში ლიდერი უნივერსიტეტები.

1500 უნივერსიტეტში საქართველოდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი [თსუ] და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი [სტუ] მოხვდნენ.

როგორც QS-ს ვებგვერდზე ვხედავთ, თსუ-ს რეიტინგი მეორე წელია უარესდება. უახლეს რეიტინგში იგი 801-850 ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2023 წელს 601-650, ხოლო 2022 წელს 571-580 ადგილზე იყო.

თსუ-ს ვარდნა აქვს QS-ის განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების რეიტინგშიც [Emerging Europe & Central Asia]. ამ რეიტინგში რეგიონის 400 უნივერსიტეტი შედის, ხოლო თსუ-ს ადგილი რეიტინგში წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2019 – 109; 2020 – 86; 2021 – 108 და 2022 – 118.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის მონაცემები. მარცხნივ: QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში; მარჯვნივ: QS განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეიტინგში

როგორც ჩანს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში წელს პირველად მოხვდა და მისი ადგილი ასე განისაზღვრა: 1401+. ხოლო განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების რეიტინგში სტუ-ს პოზიციებზე მონაცემები 2018 წლიდან იძებნება. წლების განმავლობაში რეიტინგი ასე გამოიყურება: 2018 – #251-300; 2019 – #251-300; 2020 – #301-350; 2021 – #251-300; 2022 – #251-300.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგის მონაცემები. მარცხნივ: QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში; მარჯვნივ: QS განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეიტინგში

თსუ-სა და სტუ-ს საერთო ქულები რეიტინგში მითითებული არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთო ქულა არ არის მითითებული 600 ადგილის ზემოთ მოხვედრილი უნივერსიტეტებისთვის, ხოლო მე-600 ადგილზე მინიმალური საერთო ქულა 19.8-ია. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქართულ უნივერსიტეტს ამაზე ბევრად დაბალი ქულა აქვს.

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის ქულების ნახვა. მაქსიმალური 100 ქულაა. მაგალითად, აკადემიურ რეპუტაციაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კრიტერიუმია კვლევაში, თსუ-ს 9.7, ხოლო სტუ-ს 6.3 ქულა აქვს.

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის სულ 42 უნივერსიტეტია; პირველ 6 ადგილს თურქეთის უნივერსიტეტები იკავებენ, მათ შემდეგ 2 ადგილი უკრაინულ უნივერსიტეტებს ეკუთვნით, შემდეგ ისევ ერთი თურქული უნივერსიტეტია, ხოლო მეათე ადგილზე მოდის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ სიაში ბოლოდან მეორეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

რეიტინგების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) კემბრიჯი, შეერთებული შტატები – 100 ქულა
2. კემბრიჯის უნივერსიტეტი; კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი – 99.2 ქულა
3. ოქსფორდის უნივერსიტეტი; ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი – 98.9 ქულა
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი; კემბრიჯი, შეერთებული შტატები – 98.3 ქულა
5. სტენფორდის უნივერსიტეტი; სტენფორდი, შეერთებული შტატები – 98.1 ქულა
6. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი; ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – 97.8 ქულა
7. ETH ციურიხი; ციურიხი, შვეიცარია – 93,3 ქულა
8. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (NUS); სინგაპური, სინგაპური – 92.7 ქულა
9. UCL; ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – 92.4 ქულა
10. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (UCB); ბერკლი, შეერთებული შტატები – 90.4 ქულა

მიიღე ამერიკული დიპლომი – სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს მიღებას

სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს მიღებას შემდეგ პროგრამებზე:

  1. სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა

წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, სდსუ-ს აქვს შესაძლებლობა ილიას უნივერსიტეტთან ერთად ქართველ აბიტურიენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკული პროგრამა.

სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს. მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსება.

პროგრამის არჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ბაზაში, კოდით 0100130.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: + 995 0322 311 611, ან ეწვიეთ ბმულს: https://www.sdsu.edu/programs/civil-engineering

  1. კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა

სდსუ საქართველოს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. სდსუ-სა და თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კოდია: 0010151.

გაითვალისწინეთ,  რომ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე ინტერესი ძალიან მაღალია, შესაბამისად აბიტურიენტებს ვურჩევთ, პროგრამების ჩამონათვალში შეიტანონ სდსუ-ს სხვა პროგრამები: კომპიუტერული ინჟინერია (0030169) ან სამოქალაქო ინჟინერია (0100130).

2023-2024 წლის მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 0322 311 611.

  1. კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა

სდსუ საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

სდსუ-სა და სტუ-ს კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კოდია: 0030169.

2023-2024 წლის მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 0322 311 611.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი განათლების დიპლომი!

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, დამაკავეს“ – ბათუმელი აქტივისტი

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, რომლებსაც პოლიციელი მოუწოდებდა, დაეტოვებინათ საქართველო. დამაკავეს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.

ხელბორკილდადებულ სამოქალაქო აქტივისტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შევხვდით. ალექსანდრე მილორავა ბათუმში, თაყაიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში გუშინ ღამით დაუკავებიათ.

„შევესწარი ჩემი სახლის წინ კამათს, როცა უკრაინის მოქალაქეები აპროტესტებდნენ უკანონო პარკირებას ზებრაზე, პოლიციელი კი ეუბნებოდა, თუ არ მოგწონთ ეს რეალობა, დატოვეთ საქართველო და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ უკრაინასო. როცა უკრაინელებმა ეს გააპროტესტეს, გამოვიდა ავტომანქანის მესაკუთრე და იმანაც უკრაინელებს დაუწყო ჩხუბი.

პოლიციელებმა იქვე რუსული გემის შემოსვლის დროს გამართული აქცია გამახსენეს, თქვენ კვერცხები არ უნდა გესროლათ ჩვენთვისო. ვუთხარი, რომ კვერცხები ვესროლეთ ოკუპანტებს და არა პოლიციელებს და დავამატე: საქართველოს ოკუპანტისა და ოკუპანტების ინტერესების დამცველების დედაც-მეთქი, ამ დროს დამაკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის,“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამ საქმეს დღეს, 23 აგვისტოს, განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 258 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 4 373 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 8 488 ერთეული [+12 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 318 ერთეული [+23]
  • MLRS – 722 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 491 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 324 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7  745 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 800 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 462 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 970უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 457 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 011საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 390 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 -32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი

„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი.

ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც კარგად შეასწავლიდა ენას. ქალაქიდან მოწვეული მასწავლებლები მკაცრი კლიმატის გამო სოფელში დიდ ხანს არ ჩერდებოდნენ.

არც გარემო უწყობდა ხელს, რადგან სოფელი ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

14 წლის იყო მანუშაკი, როცა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ესწავლა ენა. მამამ სომხურ-ქართული ლექსიკონი აჩუქა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ქართულის შესწავლა.

მართალია, ჯერ კიდევ ვერ ფლობს ენას ისე, როგორც მას სურს და ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, თუმცა იმდენი შეძლო, რომ ამ საგანში მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა და უფროსი მასწავლებელიც გახდა.

„უმაღლესი განათლება არ მაქვს მიღებული, რადგან იმ დროს, როცა მე სკოლა დავამთავრე, ჩემი სოფლიდან უნივერსიტეტში არავინ აბარებდა. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შეიძლება ქალაქში წავსულიყავით და იქ გვესწავლა.

თუმცა დღეს ვითარება საგრძნობლად შეცვლილია, ყველა მშობელი ცდილობს ასწავლოს შვილს და უკეთესი მომავალი მისცეს“, – გვეუბნება მანუშაკი.

მანუშაკი

სულ რაღაც 5 წელია, რაც სოფელში ინტერნეტი შევიდა, თუმცა ბავშვებს, ახალგაზრდებს მაინც არ აქვთ სათანადო პირობები ნორმალური განათლების მისაღებად.

უფრო მეტიც, სოფელში არის სკოლები, მაგრამ ორივე ამორტიზებული. მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, თუმცა მანუშაკმა და მისმა მოსწავლეებმა ჯერ კიდევ არ იციან, სად გააგრძელებენ სწავლას – მეზობელ სოფელში, თუ ხის, ძველ, ნახევრადდანგრეულ სკოლაში.

მანუშაკ მკრტიჩიანი მოსწავლეებთან ერთად

„ძალიან რთული სიტუაციაა ჩემს სკოლაში, რადგან ავარიულია. 51 ბავშვი გვყავს. შარშან ძველ ხის სკოლაში ვისწავლეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ხე ნაკლებად საშიშია და შეიძლება ადვილად არ ჩამოინგრეს.

წელს ალბათ მეზობელ სოფელში მოგვიწევს წასვლა დაზამთრებამდე, აქედან 9 კილომეტრშია. თუმცა ზამთარში გზები იკეტება და ონლაინსწავლებაზე მოგვიწევს გადასვლა.

ჯერ არ ვიცით, რა და როგორ იქნება, არაფერი უთქვამთ, რა უნდა გავაკეთოთ“, – გვითხრა მანუშაკმა.

როგორც მანუშაკი ამბობს, სოფელში, „სადაც მხოლოდ ქვები და ნანგრევებია“, ბავშვებს სკოლის გარდა არაფერი აქვთ და ისიც კეთილმოუწყობელი.

მასწავლებლის თქმით, არც კომპიუტერული კლასები აქვთ ბავშვებს, არც ლაბორატორიები და არც სხვა საგანმანათლებლო რესურსები.

„ბავშვები ოცნებობენ სათამაშო მოედანზე და არც ეს გვაქვს. ფეისბუქში კამპანია წამოვიწყე თანხის შესაგროვებლად და ჩემი ქართველი კოლეგები ძალიან დამეხმარნენ. 1200 ლარი შეგროვდა, 800 ლარი მე მქონდა შეგროვებული, თოჯინები გავაკეთეთ და გავყიდე.

თუმცა ახლა გვითხრეს, რომ მოედნის გაკეთება გათვალისწინებულია მომავალი წლისთვის. არჩევნები მოდის და ალბათ მაგ დროისთვის რამეს გააკეთებენ. თუმცა სკოლის მშენებლობაზე ჯერ არაფერი ისმის“, – გვითხრა მანუშაკმა.

ამ ფიცრულ სკოლაში ბავშვები სამ ცვლაში სწავლობდნენ, რის გამოც სწავლა საღამოს 8 საათზე სრულდებოდა

მისი თქმით, სოფელში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა მეცხოველეობითაა დაკავებული და ბევრს შრომობს. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით დღეს უფრო მეტად ფიქრობენ შვილების განათლებაზე და თუ სოფელში ახალი სკოლა არ ააშენეს, მიგრაცია ამ სოფლიდანაც დაიწყება.

„აქ არავინ გაჩერდება სკოლის გარეშე“, – ამბობს მასწავლებელი.

ასეთი მკაცრი და ნაცრისფერი მდგომარეობის მიუხედავად, მანუშაკი ცდილობს, თავის მოსწავლეებს ქართული ენა შეაყვაროს და შეასწავლოს.

აუხსნას ბავშვებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ისწავლო იმ სახელმწიფოს ენა, სადაც ცხოვრობ და ვითარდები.

სოფელში ქვის სკოლაც აქვთ, თუმცა ავარიული
დაბზარული კედლები სკოლაში

„მართალია, ეთნიკურად სომხები ვართ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ენა ქართულია. ვფიქრობ, ყველა უნდა ფლობდეს ამ ენას.

ვცდილობ, მე თვითონ შევქმნა რაღაც რესურსები, რომ სწავლების პროცესი გავუმარტივო ბავშვებს. რაღაც პერიოდი ჩემს სახლში ვამეცადინებდი ბავშვებს უსასყიდლოდ, მოვაწყვე ბანაკი, რომ სახალისო გარემო შემექმნა მათთვის.

ძალიან მოსწონთ ასეთი აქტივობები ბავშვებს. კიდევ გვინდა ბანაკის გაკეთება. მინდა, ქართულენოვანი ბავშვებიც მოვიწვიო, რომ ადვილად შეძლონ ინტეგრირება და ენის დაუფლებაც.

სოფელში ერთი ძველი ბიბლიოთეკა გვაქვს, 30 წელია არავის შეუღია მისი კარები. ძველი, დაობებული წიგნები ეწყო შიგნით. მე და ჩემმა მოსწავლეებმა გამოვასუფთავეთ, დაგვეხმარნენ მშობლებიც და ასე მოვაწყვეთ სივრცე თავისუფალი აქტივობებისთვის.

შენობა სარემონტოა და ძალიან გვინდა. რომ კეთილმოეწყოს და უფრო მეტი საგანმანათლებლო რესურსი ჰქონდეთ ბავშვებს ენის შესასწავლად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას ენის შესწავლის დროს და ბუნებრივ გარემოსაც, ამიტომ ძალიან მინდა, რომ ბავშვებმა სოფლიდან გასვლა ხშირად მოახერხონ“, – ამბობს მანუშაკი.

ის გვიყვება 11 წლის მოსწავლის ემოციებზე, რომელიც პირველად წავიდა ექსკურსიაზე სოფლიდან.

„ჩემმა კოლეგამ, ლალი მარგიანმა, დაგვპატიჟა თბილისში. ერთი მოსწავლე მყავდა, რომელიც არასდროს ყოფილა სოფლის გარეთ, ისე განიცდიდა, ისეთი ემოციით ელოდა ამ დღეს, ორი ღამე არც კი ეძინა.

გაკვეთილზე რომ გამოვიძახე, მითხრა, გთხოვ, მასწავლებელო, დღეს არა, მხოლოდ ექსკურსიაზე ვფიქრობო.

მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა და ასე აკვირდებოდა ყველაფერს.

თბილისში ეროვნული მუზეუმი ვნახეთ, ძალიან უხაროდათ ბავშვებს, როცა გიდის საუბარს ხვდებოდნენ. კიდევ ერთი მოსწავლე მყავდა, რომელსაც ვერ ვაკავებდი ქუჩაში, სულ წინ-წინ გარბოდა, უნდოდა, ბევრი რამის ნახვა მოესწრო. მათთვის ყველაფერი საინტერესო იყო, რასაც ირგვლივ ხედავდნენ.

ეს ემოციები ძალიან დიდხანს გაჰყვათ. ძალიან მინდა, რომ მოსწავლეები ხშირად გავიყვანო სოფლიდან და ბევრი ადგილი მოვატარო. ეს ენის შესწავლაშიც დაეხმარებათ და საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობაშიც“, – გვითხრა მანუშაკმა.

მანუშაკი ახლა 34 წლისაა, თუმცა ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლების მიღება არც ახლაა გვიანი და სამომავლოდ უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს.

წელს მანუშაკი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეა წარდგენილი. საუკეთესო ათეულში უკვე მოხვდა და სურს, რომ ფინალამდე მივიდეს.

„არ ვიცი, გავიმარჯვებ თუ არა, მაგრამ მინდა, ხუთეულში მოვხვდე და ის თანხა, რომელსაც ჯილდოს სახით მივიღებ, ჩემს მოსწავლეებს მოვახმარო. მინდა, სივრცე მოვაწყო მათთვის, რომ სწავლების პროცესი სახალისო და საინტერესო იყოს. მინდა, გავაფერადო მათი ცხოვრება.

დღეს ხომ არაფერია მათთვის სოფელში საინტერესო, მხოლოდ ქვები და გაფუჭებული გზები. არც გაზი, არც მოედანი, არც კლუბები.

მინდა, რაღაც მაინც გავაკეთო მათთვის სოფელში.

ჩემს გონებაშიც მხოლოდ სწავლაა. სულ იმას ვამბობ, სანამ დავბერდები, სულ უნდა ვისწავლო“, – გვეუბნება მანუშაკი.

სკოლის გარდა მანუშაკს სახლშიც მძიმე შრომა აქვს, მეუღლესთან ერთად 30 სულ საქონელს უვლის. თუმცა ამბობს, რომ თავისი საყვარელი საგნისა და მოსწავლეებისთვის დრო აუცილებლად უნდა გამოყოს.

„ბევრი კითხვა აქვთ ბავშვებს, ყველაფერი აინტერესებთ, მშობლებს კი მძიმე, დამღლელი ცხოვრება აქვთ და ხშირად მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ სცალიათ. მე უნდა გამოვნახო დრო ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მას შემდეგ, რაც ბავშვები სოფელს გასცდნენ, სულ იმაზე ფიქრობენ, რომ უკეთ ისწავლიან და აუცილებლად შეცვლიან თავიანთ სოფელში ცხოვრებას. დარდობენ, რომ ბევრი რამ აკლიათ დღეს, მაგრამ თან კარგად სწავლობენ, რომ ეს ცვლილებები შეძლონ“, – გვეუბნება მანუშაკ მკრტიჩიანი.

ახლა სოფელ ფარავანში 51 ბავშვი უკეთეს განათლებასა და ცხოვრებაზე ფიქრობს. ბავშვები ფიქრობენ ენაზე, რომელიც  არასდროს უსწავლიათ, არც სოფელში ესმით ამ ენაზე საუბარი, თუმცა იციან, რომ ამ ენის შესწავლა მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამაც გაიგოს მათი ხმა და სურვილები.

მანუშაკის ცხოვრება სოფელში, იხილეთ ვიდეოზე:

(ვიდეოკადრები სოფელ ფარვანადან მოგვაწოდა შუშან მკრტჩიანმა)

სკოლა, სახლი, ბოსელი - მასწავლებლის ცხოვრება სოფელ ფარავანში

Exit mobile version