მთავარი,სიახლეები

მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?

23.08.2023 • 9550
მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?

უმაღლესი განათლების ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა „ქვაქვარელი სიმანდსი“ [Quacquarelli Symonds, შემოკლებით QS] მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს – QS World University Rankings 2024 აქვეყნებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანასა და 1 500 უნივერსიტეტს.

კვლევის მეთოდოლოგია ფირმის ისტორიაში ყველაზე გაფართოებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეყრდნობა, სამი დამატებითი კრიტერიუმით: მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი.

„შედეგები ეყრდნობა 17,5 მილიონი აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის ექსპერტულ მოსაზრებას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი უკვე მეთორმეტე წელია რეიტინგის სათავეშია. მას მეორე ადგილზე მოჰყვება კემბრიჯის უნივერსიტეტი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ოქსფორდის უნივერსიტეტი“, – ვკითხულობთ QS-ის ვებგვერდზე.

ტრადიციულად, QS-ი რეიტინგის შედგენისას იყენებს რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს უნივერსიტეტების შესაფასებლად. ის აფასებს ინტერვიუებს, შედეგებს, ციტირებებს, საერთაშორისო კავშირებსა და სხვა საკითხებს.

საბოლოოდ კი, QS World University Rankings-ი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგულ სიას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა დაიყოს რეგიონების მიხედვით და გაიფილტროს ქვეყნების მითითებით.

აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებლის რეპუტაცია, ფაკულტეტისა და სტუდენტთა თანაფარდობა, ციტირება ფაკულტეტის მიხედვით, საერთაშორისო ფაკულტეტისა და საერთაშორისო სტუდენტების თანაფარდობა, მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი [რამდენად მოიცავს უნივერსიტეტის კვლევები საერთაშორისო/სხვა ქვეყნების საკითხებს ან/და რამდენად აქვს უნივერსიტეტს საერთაშორისო ერთობლივი კვლევები] არის კრიტერიუმები, რომლებიც შეისწავლება სხვადასხვა მეთოდით.

ყველაზე მაღალი წონა პროცენტულად აკადემიურ რეპუტაციას აქვს. ამ კრიტერიუმის კვლევისას მკვლევრები სთხოვენ აკადემიკოსებს, დაასახელონ მათ სფეროში ლიდერი უნივერსიტეტები.

1500 უნივერსიტეტში საქართველოდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი [თსუ] და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი [სტუ] მოხვდნენ.

როგორც QS-ს ვებგვერდზე ვხედავთ, თსუ-ს რეიტინგი მეორე წელია უარესდება. უახლეს რეიტინგში იგი 801-850 ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2023 წელს 601-650, ხოლო 2022 წელს 571-580 ადგილზე იყო.

თსუ-ს ვარდნა აქვს QS-ის განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების რეიტინგშიც [Emerging Europe & Central Asia]. ამ რეიტინგში რეგიონის 400 უნივერსიტეტი შედის, ხოლო თსუ-ს ადგილი რეიტინგში წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2019 – 109; 2020 – 86; 2021 – 108 და 2022 – 118.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის მონაცემები. მარცხნივ: QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში; მარჯვნივ: QS განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეიტინგში

როგორც ჩანს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში წელს პირველად მოხვდა და მისი ადგილი ასე განისაზღვრა: 1401+. ხოლო განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების რეიტინგში სტუ-ს პოზიციებზე მონაცემები 2018 წლიდან იძებნება. წლების განმავლობაში რეიტინგი ასე გამოიყურება: 2018 – #251-300; 2019 – #251-300; 2020 – #301-350; 2021 – #251-300; 2022 – #251-300.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგის მონაცემები. მარცხნივ: QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში; მარჯვნივ: QS განვითარებადი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეიტინგში

თსუ-სა და სტუ-ს საერთო ქულები რეიტინგში მითითებული არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთო ქულა არ არის მითითებული 600 ადგილის ზემოთ მოხვედრილი უნივერსიტეტებისთვის, ხოლო მე-600 ადგილზე მინიმალური საერთო ქულა 19.8-ია. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქართულ უნივერსიტეტს ამაზე ბევრად დაბალი ქულა აქვს.

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის ქულების ნახვა. მაქსიმალური 100 ქულაა. მაგალითად, აკადემიურ რეპუტაციაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კრიტერიუმია კვლევაში, თსუ-ს 9.7, ხოლო სტუ-ს 6.3 ქულა აქვს.

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის სულ 42 უნივერსიტეტია; პირველ 6 ადგილს თურქეთის უნივერსიტეტები იკავებენ, მათ შემდეგ 2 ადგილი უკრაინულ უნივერსიტეტებს ეკუთვნით, შემდეგ ისევ ერთი თურქული უნივერსიტეტია, ხოლო მეათე ადგილზე მოდის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ სიაში ბოლოდან მეორეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

რეიტინგების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) კემბრიჯი, შეერთებული შტატები – 100 ქულა
2. კემბრიჯის უნივერსიტეტი; კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი – 99.2 ქულა
3. ოქსფორდის უნივერსიტეტი; ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი – 98.9 ქულა
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი; კემბრიჯი, შეერთებული შტატები – 98.3 ქულა
5. სტენფორდის უნივერსიტეტი; სტენფორდი, შეერთებული შტატები – 98.1 ქულა
6. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი; ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – 97.8 ქულა
7. ETH ციურიხი; ციურიხი, შვეიცარია – 93,3 ქულა
8. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (NUS); სინგაპური, სინგაპური – 92.7 ქულა
9. UCL; ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – 92.4 ქულა
10. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (UCB); ბერკლი, შეერთებული შტატები – 90.4 ქულა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: