მთავარი,სიახლეები

შოვში დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერა სჭირდება – „მჯეროდა, რომ ნიკამ ტყეს შეაფარა თავი“

23.08.2023 • 30657
შოვში დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერა სჭირდება – „მჯეროდა, რომ ნიკამ ტყეს შეაფარა თავი“

„…ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე. შემდეგ კი, ტელეფონი გამოირთო,“ – გვიყვება ეკა გოგლიძე, ის შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ნიკოლოზ ჩალაძის ცოლია.

38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა იქ მეწყერი ჩამოწვა.

„ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… იმ დღეს დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი.

მე ამბროლაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი ვარ. იმ დღეს მედიიდან გავიგე, შოვში მეწყერი ჩამოწვაო. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან, მაგრამ ვეღარ მიპასუხა, თურმე…

გაუჩერებლად ვრეკავდი, იქნებ მიპასუხოს-მეთქი. მეორე დღეს ავედი ადგილზე, ვეძებდით… რატომღაც მჯეროდა, რომ ტყეს შეაფარებდა თავს: აი, ახლა გამოჩნდება, აი, ახლა დარეკავს-მეთქი, ჩემთვის ვამბობდი.

მერე გავიაზრე, როგორ ადგილზე იყო ეს კოტეჯები – იქ ვინც იყო, ისვენებდა თუ მუშაობდა, ყველა დაიღუპა. როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც,“ – ამბობს ეკა გოგლიძე.

ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: დემეტრე და დავითი. სტიქიის დროს დაღუპული კაცის ოჯახს ახლა საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ეს ოჯახი სოციალურ შემწეობას არ იღებს.

„პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებენ მხოლოდ ბავშვები და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი საჭიროება აქვს ბავშვს ამ სინდრომით.

ნიკას სურდა, თავისი ხელით აეშენებინა ახალი სახლი. ნიკას სოფელი ონშია, სოფელი ლაგვანთა, მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში. ნიკას ოჯახი გასაყოფი იყო, მაგრამ სახლი არ იყო იმხელა, რომ გაყოფილიყო.

ნიკა ამბობდა, ახალი სახლი უნდა ავაშენოთ, შვილები გვეზრდებიანო, ვენახიც ჩაყარა, სულ მუშაობდა ფიზიკურად, ხან სად, ხან – სად,“ – გვითხრა ეკა გოგლიძემ.

ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს.

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ ეკა გოგლიძის ანგარიშის ნომერს:

ლიბერთი ბანკი #GE72LB0711182522606000

საქართველოს ბანკი
#GE93BG0000000143172300

თიბისი ბანკი
#GE41TB7761345064300037

გადაბეჭდვის წესი


ასევე: