მერია „იაფი სახლების“ ფასადებს არემონტებს – დაიხარჯება 1 მილიონი

ბათუმში, 6 საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ კორპუსებიდან ოთხი, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი ე.წ. „იაფი სახლებია“, ხოლო ორი – ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსი, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

„დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციაზე“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 294 763 ლარით გამოაცხადა.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის მაქსიმუმ 1 მილიონ 4 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ოთხი „იაფი სახლისთვის“ – 1 მილიონ 290 ათას 763 ლარი.

პროექტის მიხედვით, ეკომიგრანტების კორპუსებს და „იაფ სახლებს“ გარედან თუნუქის საიდინგის ფილებით შეფუთავენ.

ძირითადი სამუშაოები რაც კორპუსებზე უნდა შესრულდეს

ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის ა, ბ, გ და დ [„იაფი სახლები“]

პროექტის მიხედვით, „რეაბილიტაციას ექვემდებარება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ოთხივე ფასადი, ასევე ტერიტორიაზე არსებული ეზოს სხვადასხვა ნაწილის კეთილმოწყობა.

არსებული შენობების ყველა ფასადი მოპირკეთდება ხაოიანი თუნუქის საიდინგის ფილებით. ასევე მოეწყობა წყალსაწრეტი სისტემა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე სადემონტაჟო სამუშაოები ითვალისწინებს: ღიობების კედლის მოჩარჩოებისა და კარნიზის მოხსნას. წყალსაწრეტი სისტემის დემონტაჟს და ასევე კიბისა და შენობების I სართულზე მოწყობილი გისოსების დროებით დემონტაჟს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება არსებული კიბისა და გისოსების მონტაჟი.

ეზოს ტერიტორიაზე კი მოხდება ოთხივე შენობისთვის არსებული სარინელის დემონტაჟი, არსებული ქვაფენილის, ბორდიურის, სანიაღვრე ჭების და დაზიანებული საბავშვო მოედნის დემონტაჟი (რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საბავშვო ატრაქციონის კაუჩუკის ფილების დემონტაჟს.)

საპროექტო დავალების გათვალისწინებით ეზოს ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს: ოთხივე შენობისთვის სარინელის მოწყობას, სანიაღვრე ჭების, ბეტონის საფარის, ბორდიურის, საბავშვო მოედნის (ატრაქციონის) სპორტული ტრენაჟორების, ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მწვანე საფარისა და დეკორატიული ღობის მოწყობას. ასევე ტერიტორიაზე მოხდება ლამპიონების მონტაჟი.“

„იაფი სახლები“ / არსებული სიტუაციის ფოტოები პროექტიდან
„იაფი სახლი“ / რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ჯავახიშვილის 78-ის მიმდებარედ „იაფი სახლების“ მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება პირველად 2018 წლის 2 აპრილს გააფორმა [ორ კორპუსზე, შპს „მტმ“-სთან. საბოლოოდ გადახდილია 2 291 495 ლარი.]

დანარჩენ ორ კორპუსზე კი, ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 22 მარტს [შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-თან. საბოლოოდ გადახდილია 2 197 048 ლარი].

პირველი ორი კორპუსის მშენებლობა 2019 წელს დასრულებული იყო, თუმცა, მოქალაქეებზე ბინების გადაცემა მერიამ 2021 წელს დაიწყო.

ტბეთის ქუჩაზე, N16 და N18

პროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც „რეაბილიტაციას ექვემდებარება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ოთხივე ფასადი.

არსებული შენობების ყველა ფასადზე შეავსებენ ბათქაშის დაზიანებულ ნაწილს, რის შემდეგაც ფასადს მოაპირკეთებენ ხაოიანი თუნუქის საიდინგის ფილებით. საიდინგის შიდა კონსტრუქცია წარმოადგენს მილკვადრატს, რომელზეც შედუღდება ლითონის ფურცელი და კედელთან ჩამაგრდება ანკერები საშუალებით;

მეტალის კონსტრუქციებს შორის მოეწყობა 4-მმ იანი პენოპლასტის ფილა.

ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ფანჯრის, კარის (მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საიდინგი ეწყობა), აივნის კუთხეების მოჩარჩოებას ხაოიანი თუნუქის ფურცლით, ფასადის გარკვეულ ნაწილში გათვალისწინებულია სამღებრო სამუშაოები, კედლების გარკვეულ ნიშნულამდე ასევე კიბისა და პანდუსის კუთხეების გრანიტის ფილით მოპირკეთება, არსებულ ღიობებზე მეტალის ცხაურების მოწყობა.

ასევე შეიცვლება წყალსაწრეტი სისტემა და ყველა მეტალის ელემენტი (გისოსები, კიბის, პანდუსისა და აივნის მოაჯირები) დამუშავდება ანტიკოროზიული საღებავით.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადზე სადემონტაჟო სამუშაოები ითვალისწინებს: „კედლებზე ბათქაშის დაზიანებული ნაწილის მოხსნას მოწყობილი პენოპანელისა და წყალსაწრეტი სისტემის დემონტაჟს. ეზოს ტერიტორიაზე კი მოხდება დაზიანებული საბავშვო მოედნის დემონტაჟი. რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საბავშვო ატრაქციონის კაუჩუკის ფილებისა და ბორდიურის დემონტაჟს. ეზოს ტერიტორიაზე შენობის ირგვლივ მოხდება სარინელის მოწყობა.“

ეკომიგრანტების სახლები ტბეთის ქუჩაზე / არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან / ეკომიგრანტებს აქ ბინები 2014 წელს გადასცეს
ეკომიგრანტების კორპუსები რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2024 წლის 4 იანვარს და დასრულდება 9 იანვარს.

კორპუსების რეაბილიტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

მთავრობა ზღვასთან მიწის ნაკვეთს პირდაპირი წესით ასხვისებს – მყიდველმა „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

აჭარის მთავრობა ნონეშვილის ქუჩაზე, #1-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ნაკვეთის პირდაპირი წესით გასხვისებას გეგმავს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „კომუნა ჰოლდინგი“, რომელსაც ამ ნაკვეთს აუქციონის გარეშე მიჰყიდიან, ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიული სახლის ათვისებას და ახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში კომპანიამ აქ მცხოვრები ოჯახები უნდა დააკმაყოფილოს.

1788 კვ.მეტრია მიწის ნაკვეთი, რომელსაც კომპანიას პირდაპირი წესით მიჰყიდიან.

დოკუმენტების მიხედვით, გასასხვისებელი ფართობის ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დახმარებით დაადგინეს. კომპანიამ მიწის ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმის ბიუჯეტში 1 მილიონ 326 912 ლარი უნდა შეიტანოს. სწორედ ამ პირობით გადასცემს საკრებულო მთავრობას  ნაკვეთს გასასხვისებლად.

ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიული სახლი 1788 კვ.მეტრზე მდებარეობს. ამ სახლის ათვისებისა და მთავრობისგან შესყიდული ნაკვეთის გაერთიანების შემდეგ, კომპანიას აქ, საერთო ჯამში, 3576 კვ.მეტრი ექნება. კომპანია, სავარაუდოდ, კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც მოითხოვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კომუნა ჰოლდინგს“ ნონეშვილის #1-ში მდებარე ავარიულ სახლში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, მათ შორის უმეტესობასთან შეთანხმება ოფიციალურადაც არის გაფორმებული.

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი გელა გაბაიძეა. ის ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიის წილებს, მათ შორის რამდენიმეს კი თავად ხელმძღვანელობს. წელს, ნოემბერში გელა გაბაიძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. 2021 წელს კი მას „ოცნების“ ანგარიშზე 10 000 ლარი შეუტანია.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდარის და სხვა თანამდებობის პირების ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასები და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი იზრდება. შესაბამისი განკარგულების პროექტები ბათუმის საკრებულომ დღეს, 19 დეკემბერს დაამტკიცა.

ცვლილების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6650 ლარი იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი კი 5680 ლარი. მეორე მოადგილე 5015 ლარს მიიღებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძეა, ხოლო მისი მოადგილეები ირაკლი თავდგირიძე, ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე არიან.

4256 ლარამდე იზრდება კომისიების თავმჯდომარეების ხელფასიც. საკრებულოში სულ ხუთი კომისია მუშაობს, იგივე იქნება ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასიც.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები 3025 ლარს მიიღებენ ხელფასის სახით. საკრებულოში ორი მოქმედი ფრაქციაა. ესენია „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები.

იზრდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ხარჯიც. ეს თანხა საკრებულოს წევრის აქტიურობის მიხედვით გამოითვლება.

საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად, 10 პროცენტით იზრდება საკრებულოს აპარატში და მერიაში დასაქმებულთა ხელფასებიც.

მერის ხელფასი 6650 ლარი იქნება.

____

შესაბამისად გაიზარდა მერის და მერის მოადგილეების ხელფასებიც.

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

 

 

გერმანია ლიეტუვაში 5 ბატალიონს განათავსებს რუსეთის შესაკავებლად

18 დეკემბერს ლიეტუვაში გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ლიეტუვაში გერმანიის ბუნდესვერის 5 ბატალიონის მუდმივად განლაგებაზე. მათ შორის არის სატანკო და საარტილერიო ბატალიონები. ლიეტუვაში, ჯამში, თითქმის 5 ათასი გერმანელი სამხედრო ჩავა.

ბუნდესვერის ბრიგადის სრულად აღჭურვა და საბრძოლო მზადყოფნა 2027 წლისთვის იგეგმება, თუმცა განლაგება შესაძლოა 2024 წელს დაიწყოს.

ბრიგადას ექნება მუდმივი შემადგენლობა და როტაცია მოხდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ბევრი გერმანელი ჯარისკაცი ჩავა ლიეტუვაში ოჯახთან ერთად, ამიტომ თანამედროვე გარნიზონების გეგმები მოიცავს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობასაც.

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, განაცხადა, რომ ეს ისტორიული მომენტია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიგადა გერმანიის ხელმძღვანელობით შეიქმნება რუსეთის შესაკავებლად.

მედიის ცნობით, ლიეტუვაში არის მოწოდებები გერმანელი სამხედროების უფრო სწრაფად განლაგებაზეც. ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მიესალმება ქვეყანაში გერმანული ბრიგადის განლაგების დაჩქარებას 2026 წლის ბოლომდე.

ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 2024 წლის 15 იანვარს განახლდება.

წელს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ ავტორიზაცია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 332 სკოლას მიანიჭა.

აჭარაში, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ავტორიზაცია 22-მა საჯარო სკოლამ გაიარა.

მთლიანობაში, საქართველოში 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლაა.

ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, აპათიის წამალი ომში ჩართვაა – „აზოვის“ მეთაური

ეროვნული გვარდიის „აზოვის“ ბრიგადის მეთაური,  პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო [„რედისი“] ფეისბუქზე წერს, რომ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და მოუწოდებს ყველას, ვინც არ არის ჩართული თავდაცვაში, შეუერთდნენ სამხედროების რიგებს.

„სასოწარკვეთის, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალია ახლა მიმდინარე ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვა.

ჩვენ არ ვიცით ზუსტი დღე, თვე ან წელი როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენ გვერდით სანდო თანამებრძოლები არიან, ჩვენს გულებში სამშობლოს სიყვარულია, ხელში კი – იარაღი. და ეს ყველაფერი უკან დახევის საშუალებას არ მოგვცემს: არც დღეს, არც ერთ ან ათ წელიწადში.

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული უკრაინის თავდაცვის ძალების სამსახურში, უნდა გააკეთონ გააზრებული არჩევანი: აიღონ იარაღი, შეუერთდნენ სამხედროების რიგებს ან გახდნენ არმიის საიმედო ზურგი, რომელიც მუშაობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად.

ეს ომი დიდხანს გასტანს. ის შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ჩვენზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ყოველდღე, რომ გამარჯვებას მივუახლოვდეთ.“

„აზოვის“ მეთაური მიიჩნევს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინელები შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას:

„ნებისმიერი „ზავი“ ან „შეთანხმება“ იქნება მორიგი ტაიმაუტი მტრისთვის, რათა დაგროვდეს რესურსები შემდგომი შეტევისთვის“ – წერს პროკოპენკო.

იგი ასევე წერს, რომ ბევრი უკრაინელი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უარს ამბობს რეალობის აღქმაზე და ზოგი ცდილობს თავი დაარწმუნოს, რომ ყველაფერი თავისით დასრულდება.

„ცალკე ცეცხლს აღვივებენ რუსული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური თავდასხმები, რომლებიც მიმართულია უკრაინის საზოგადოების დემორალიზებაზე. ისინი ამბობენ, რომ უკრაინის არმია და მოხალისეები დაღლილები და გატეხილნი არიან.

„აზოვი“ უკვე ათი წელია იბრძვის… ვისწავლეთ არ მივაქციოთ ყურადღება და არ დავემორჩილოთ შიშს; მივხვდით, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ ჩვენმა ახალგაზრდობამ, არამედ მთელმა ჩვენმა ცხოვრებამ გაიაროს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის ფრონტზე;

მივხვდით, რომ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმ გზისა, რომელიც შეგნებულად ავირჩიეთ“ – წერს პროკოპენკო.

როდის მოვა წყალი ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და „გოროდოკში“

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს, 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის, ჰელიმიშისა და ბათუმგორის ქუჩებზე, ასევე ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და გოროდოკში მცხოვრებ აბონენტებს.

„ბათუმის წლის“ ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ასევე, სულაბერიძისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთაში ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, ამ დროისთვის რეზერვუარებში წყლის დონე 3.5 მეტრია, რის გამოც მაღალსართულიან კორპუსებში შეინიშნება წნევის ნაკლებობა.

___________

ფოტო: „ბათუმის წყალი“/facebook

ზოოკუთხის ადგილას არავითარი კორპუსები არ აშენდება – ბათუმის მერი

დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული ზოოკუთხის შესახებაც დაუსვეს კითხვები.

ბათუმის მერის თქმით, ზოოკუთხის ადგილას არ იგეგმება კორპუსების აშენება და გამოთავისუფლებული ტერიტორია პარკის განვითარებას მოხმარდება.

„ზოოპარკის გადატანისთვის გამოთავისუფლებულია შესაბამისი ადგილი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ პროექტზე მუშაობას, თუ როგორი სახით, რა სტანდარტებით უნდა აშენდეს ეს პროექტი და ბუნებრივია, ზოოპარკი ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან უნდა გადავიდეს.

არავითარი კორპუსები ზოოკუთხის ადგილას არ აშენდება, აღნიშნული სივრცე მოხმარდება ბათუმის ცენტრალური პარკის განვითარებას.

ის იდეა, რომ იქ შეიძლება განთავსდეს საგანმანათლებლო დაწესებულება თუ ბაღისთვის რაიმე ინფრასტრუქტურა, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

________________

მსგავს თემაზე:

ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

9 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ხალხს ბათუმში ბინებს ჰპირდებოდა იაფად – თაღლითობა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართობების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადაცემას.

აღნიშნულის სანაცვლოდ იგი 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 295 650 ლარისა და 135 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული თანხის აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხვითა და თანხის გარკვეული ოდენობის კვლავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენითა და რეგისტრაციით, განახორციელა უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა.

შენიღბა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო და რეალური მესაკუთრე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი მოქალაქეთა ნდობის მოპოვებისა და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, სარგებლობდა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად

3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისიში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც ჯამში შეგროვდა 775 000 ლარი. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 275 000 ლარი – კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შენატანი თანხებია.

შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან. აღნიშნული ორგანიზაციები თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს უწევენ ადმინისტრირებას.  დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.

ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხები შემდეგი მიმართულებით განაწილდა:

სამაშველო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა

სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, თიბისის ანგარიშიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაერიცხა 30 000 ლარი.

ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას და გრძელვადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პროექტს მართავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც  ამ მიზნით გადაერიცხა 280 000 ლარი. საქველმოქმედო თანხა მოხმარდა ონის რაიონში 10 სექტემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქოსოციალური ცენტრის მოწყობას, ფსიქოლოგთა გუნდის დაკომპლექტებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები ასევე ითვალისწინებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობას და დაზარალებულ მოსახლეობასთან სახლებში ვიზიტებს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით 430 ადამიანს გაეწია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური დახმარება.

დაზარალებულთა ფინანსური დახმარება

სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდა შეფასება და შეიქმნა იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. შედეგად, შოვის ანგარიშიდან 136 პირს ჩაერიცხა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თითოს ათასი ლარის ოდენობით, ჯამში 136 000 ლარი.

ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. შოვის საქველმოქმედო ანგარიშიდან საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დაფინანსდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, შოვის ანგარიშიდან 20 000 ლარი მოხმარდა სტიქიის შედეგად შოვში დაღუპული ორი უკრაინელი მოქალაქის უკრაინაში გადასვენების ხარჯებს.

შოვის ანგარიშზე დარჩენილი ფინანსური რესურსი, დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობით სრულად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

თიბისი მადლობას უხდის ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე

დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატურის სტატუსის მინიჭება მიულოცა. სწორედ ამ დროს სლაიდზე გამოჩნდა რუსეთის რუკა ევროკავშირის დროშის ფერებში.

მოგვიანებით არჩილ ჩიქოვანმა ბოდიში მოიხადა ფაქტის გამო და შეცდომა ტექნიკურ გუნდს დაუკავშირა.

„ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში, თუმცაღა, რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელზე მუნიციპალიტეტის მეც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და მინდა საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, კოლეგებო თქვენც, ვინც ეს შეცდომა იხილა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ.

როდესაც არანორმირებულად გვიწევს შრომა და მუშაობა, ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები და კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

დღეს ბათუმის საკრებულოზე ქალაქის მომავალი, 2024 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

მერის მილოცვის დროს ეკრანზე გამოჩნდა რუსეთის რუკა ევროკავშირის შეფერილობით და ვარსკვლავებით

 

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ცნობით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2023 წლის 28 დეკემბერს შეწყდება საახალწლო არდადეგების გამო.

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 2024 წლის 15 იანვარს განაახლებენ.

ბათუმში სულ 36 მუნიციპალური საბავშვო ბაღია.

 

რა თქვა არჩილ ჩიქოვანმა თავის ანგარიშში რუსეთის რუკის გამოყენებაზე

„საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჯერ არ გასულა ყველა საკითხი, მათ შორის ბიუჯეტი“, – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანს განმარტების გაკეთება იმის გამო მოუწია, რაც დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში მოხდა:

არჩილ ჩიქოვანის მოხსენების დროს საკრებულოში, დიდ ეკრანზე გამოჩნდა სლაიდი, რომელზეც გამოსახული იყო რუსეთის დროშა ევროკავშირის შეფერილობით და ვარსკვლავებით. ამ დროს არჩილ ჩიქოვანი საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავდა.

ახლახან საკრებულოს სხდომაზე განცხადების გაკეთება მოუწია ბათუმის მერიის პრესსამსახურის უფროსს. თეკლა ჩიჩუამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს [სლაიდში რუსეთის რუკის შეტანა] იყო მისი და გრაფიკოსის შეცდომა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სხდომაზე დღეს ბათუმის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მაინც ვერ მივხვდი, რატომ მოგვილოცეთ რუსეთის დროშით“, – თქვა არჩილ ჩიქოვანის „მილოცვის“ შემდეგ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრია სასაუბრო იმ პროექტებში არსებულ კორუფციაზე, რაც სხდომაზე უნდა განიხილონ, სხდომაზე დარჩენას აზრი აღარ აქვს. მან მოუწოდა ფრაქციის წევრებს, დაეტოვებინათ სხდომა პროტესტის ნიშნად.

„ქართული ოცნების“ წევრებმა არჩილ ჩიქოვანს „შესანიშნავი ანგარიშისთვის“ მადლობა გადაუხადეს, ხოლო რუსეთის რუკის ჩვენება შეაფასეს, როგორც „ტექნიკური შეცდომა“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვაზე: ღელვა 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 და 22 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

თიბისი გამარჯვებულია ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“

თიბისი, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის − „GITI 2023“ ფარგლებში გამართულ კონკურსში დაჯილდოვდა ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“.

11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანი საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტების და ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის წარმოჩენაა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT პროექტების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებასა და მათ ციფრულ ტრანსფორმაციას.

ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ თიბისი დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

თიბისისთვის, განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავრი მიმართულებაა და როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის – ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. IT აკადემია თიბისიმ 2019 წელს შექმნა. აკადემიაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში IT აკადემიას ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 300-ზე მეტი კი თიბისიში და შვილობილ კომპანიებში მუშაობს.

ამჟამად, IT აკადემიაში მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, თიბისი დაჯილდოვდა ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 348 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 5 798 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 10 771 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 8 190 ერთეული [+15]
  • MLRS – 926 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 299 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 611 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 842 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 1 200 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 553 თვითმფრინავი
  • 259 ვერტმფრენი
  • 9 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 177 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 397 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 453 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

111 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში და 111 ათასი ლარი მიითვისეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი – კომპანიის ბუღალტერი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

რას ჰყვება რამაზი, რომელმაც $10 000 გადაიხადა და აშშ-ის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს

არალეგალური მიგრაცია დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან შრომით ემიგრაციაში ძირითადად ქალები მიდიან, რაც მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნან, რომ საქართველოში აშკარად იკვეთება მიგრაციის ფემინიზაციის ნიშნები.

საქართველოს რამდენი მოქალაქეა არალეგალურ შრომით ემიგრაციაში უცხოეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს, რადგან შრომით მიგრაცია არარეგულარული ხასიათისაა და ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია.

ლოგიკურად, რახან საქართველოდან მიგრანტთა უმეტესობა ქალია, უცხო ქვეყანაში არალეგალურად ყოფნისას საფრთხეც სწორედ ქალებს ემუქრებათ ყველაზე ხშირად.

უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა შესაძლოა თავად გეგონოთ, რომ ლეგალურად მიემგზავრებით ემიგრაციაში, სინამდვილეში კი ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცეთ, რისგანაც თავის ასარიდებლად აუცილებელია ყველაფრის დეტალურად გადამოწმება.

მიგრაციის სამთავრობო კომისია ემიგრაციაში წასვლის მსურველებს არალეგალური საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. კომისიის გზამკვლევში წერია, რომ:

  • ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებაში ან საცხოვრებლად გადასვლაში;
  • ვიზის მისაღებად პირადად უნდა მიმართოთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას;
  • არ უნდა გადასცეთ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი სხვას;
  • წინასწარ უნდა გადაამოწმოთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. უნდა მოითხოვოთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები;
  • თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ მუშაობის დაწყებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზებია: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვრის უკანონო კვეთა, ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენა.

როდესაც საზღვრის უკანონო კვეთა მიგრანტთა თანხმობით ხდება, კრიმინალური დაჯგუფებები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ ადამიანების იმ ქვეყანაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები არ არიან და არც ლეგალურად შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ასეთ შემთხვევებში კრიმინალურ დაჯგუფებასა და მიგრანტს შორის ურთიერთობა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სრულდება.

ხშირად, საფასურის გადახდის მიუხედავადაც, კრიმინალურ დაჯგუფებებს არ გადაჰყავთ მიგრანტები საზღვარზე, მიგრაციის მსურველს უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება უწევს, გადახდილ ფულს კი მათ არავინ უბრუნებს. ასე დაემართა რამაზსაც, ამერიკაში მოხვედრის მსურველ საქართველოს მოქალაქეს ზესტაფონიდან. რამაზმა ჯერ ამერიკის ტურისტული ვიზის მიღება სცადა, რაზეც უარი მიიღო, მერე კი არალეგალური გზების ძიება დაიწყო მექსიკის გზით ამერიკაში მოსახვედრად.

რამაზს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ურჩიეს ,,გადამყვანებთან“ დაკავშირება და საკონტაქტო ინფორმაციაც მიაწოდეს. რამაზს 10 000 დოლარი მოსთხოვეს მექსიკის საზღვრიდან ამერიკის საზღვრამდე გადაყვანაში, რის შემდეგაც ამერიკელ მესაზღვრეებს უნდა ,,ჩაბარდებოდა“ და თავშესაფარი მოეთხოვა მას შემდეგ, რაც დროებით ციხეში მოათავსებდნენ.

რამაზი ქუთაისის აეროპორტიდან ჯერ პოლონეთში ჩავიდა, იქაური სამუშაო ვიზა მიიღო, შექმნა იმიტაცია, რომ აქვე უნდა დარჩენილიყო სამუშაოდ და მართლაც იმუშავა ვარშავაში 2 თვე, რის შემდეგაც მექსიკაში გადაფრინდა, მექსიკაში ტურისტის სტატუსით შეუშვეს, ჩაფრენისას მას ნამდვილად დახვდა „გადამყვანი“, რომელმაც რამაზი სასტუმროში დააბინავა:

„მითხრა, რომ დილით მომაკითხავდა და იყო დიდი ჯგუფი მიგრანტების, ვისთან ერთადაც ამერიკის საზღვრამდე ავტობუსით მიმიყვანდა, თუმცა ამის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. ვერსად განვაცხადებ ამას, მე თვითონაც კანონსაწინააღმდეგო საზღვრის კვეთას ვგეგმავდი და პასუხს ვერავის მოვთხოვ.

,,გადამყვანს“ 6000 დოლარი ქეშად გადავეცი მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვფრინდი პოლონეთიდან და საზღვარზე უპრობლემოდ შემიშვეს, ჩავთვალე, რომ ამის შემდეგ გზა ხსნილი იყო, დანარჩენი, 4000 დოლარი მერე უნდა მიმეცა მისთვის, ჯამში 10 000 დოლარი, მას შემდეგ, რაც ამერიკის საზღვართან მიმიყვანდა.

სასტუმროში სამი დღე ვიცადე, მივხვდი, რომ აღარ გამოჩნდებოდა ეს ადამიანი და თავად ვიპოვე ავტობუსი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი შტატის საზღვრამდე მიმიყვანდა. ჩემით ვცადე გადასვლა, თუმცა ზედაც არავინ შემომხედა, უკან გამომაბრუნეს ამერიკელმა მესაზღვრეებმა, მექსიკაში.

გამიმართლა, რომ მქონდა 4000 დოლარი, რითაც უკან დაბრუნება მოვახერხე. არავის ვურჩევ ასეთი არასაიმედო გზით სიარულს და ვინმეს ნდობას, 10 ათასი დოლარიდან მხოლოდ 2300 ჩამომყვა სახლში, ვალი არ იყო ეს ფული, ემიგრანტმა მშობლებმა შემიგროვეს, მაგრამ სირცხვილით ვეღარ ვეუბნებოდი მათ, რაც მოხდა“, – იხსენებს რამაზი.

რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, რამაზის გვარს არ ვასაჯაროებთ, გვეუბნება, რომ ისევ აპირებს მექსიკის გზით სცადოს ამერიკაში მოხვედრა.

“2300 ჩამომყვა სახლში, ვალი არ იყო ეს ფული, ემიგრანტმა მშობლებმა შემიგროვეს, მაგრამ სირცხვილით ვეღარ ვეუბნებოდი მათ, რაც მოხდა“, – იხსენებს რამაზი.

იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები;

როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება; ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ საშიშ ადგილებს არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.

იმედა ენდელაძე მაგალითად მეხუთე თვეა უკვე საფრანგეთში ცხოვრობს. შენგენის ზონაში 3 თვიანი ყოფნის ვადა რომ ამოიწურა, იმედა საფრანგეთში, კერძოდ სტრასბურგში დარჩა. იმედას მძიმე ონკოლოგიური დაავადება აქვს, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობენ და დანამდვილებით იცის, რომ საფრანგეთში ამ ტიპის დაავადებას 90%-ით კურნავენ. სწორედ ეს იყო მისთვის სტრასბურგში არალეგალურად დარჩენის მოტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ ევროპაში საფრანგეთს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს, იმედა 5 თვე ელოდა ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ ხნის განმავლობაში ის საქართველოდან წაღებული 5000 ევროთი ცხოვრობდა.

აქამდე იმედას მსგავსად  დადასტურებულად მძიმე დიაგნოზის მქონე ემიგრანტებს მყისიერად აძლევდნენ ლტოლვილის სტატუსს და მკურნალობაც დაუყოვნებლივ იწყებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, ეს მიდგომა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იმედას ჯანმრთელობის დაზღვევა მისცეს, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობას შეძლებს, მას არ აქვს თავშესაფარი, ეს სტატუსი ემიგრანტ პაციენტს არ მიანიჭეს:

„წმინდანის მსგავსი მოთმინება გმართებს, რომ ამას გაუძლო. იცი, რომ უმძიმესი ონკოლოგიური დაავადება გაქვს, ხან რა გაგეთიშება, ხან რა, ხან გონებას ვკარგავ და მეუბნებიან, რომ მიმკურნალებენ, მაგრამ არ სახლი ჩემით უნდა მოვძებნო, როგორ? ახლა სტრასბურგ ქართველების იმედად ვარ, ხან ვინ შემიფარებს და ხან ვინ, არც ვიცი ხანდახან ვფიქრობ რა სჯობდა, იქნებ არც წამოვსულიყავი საერთოდ“ – ამბობს იმედა.

მას რომ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდეს, საფრანგეთის საემიგრაციო სამსახური სოციალურ საცხოვრებელში ბინას გამოუყოფდა ყოველთვიურ დახმარებასთან ერთად, რის შემდეგაც მშვიდად შეძლებდა მკურნალობას. თუმცა საფრანგეთში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, რისი გაცემის ფინანსური რესურსიც ქვეყანას იმ რაოდენობით, როგორც გასულ წლებში გასცემდა, აღარ აქვს.

ქრისტინე კიკაბიძე უკვე 6 წელია ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად, საფრანგეთის სამხრეთით ცხოვრობს. ოჯახს ჯერ სტატუსი არ აქვთ ქვეყანაში და არალეგალებად მიიჩნევიან.

ქრისტინე ამბობს, რომ ძალიან ბევრ რესურსზე არ მიუწვდებათ ხელი მიგრანტებს და ორმაგად უწევთ შრომა ქვეყანაში ლეგალურად მყოფ მიგრანტებთან შედარებით. ქრისტინე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საფრანგეთში არალეგალ მიგრანტ ქალებს ერთადერთ პოზიციაზე, ისიც არარეგულარულად, არასტაბილურად შეუძლიათ დასაქმება – დამლაგებლებად, კაცებს მუშებად მშენებლობებზე, სხვა სამსახურზე ფიქრიც კი არალეგალისთვის წარმოუდგენელია:

„მიმტანადაც კი ვერ იმუშავებ თუ საბუთები არ გაქვს, იქაც კონტრაქტი გჭირდება. არასტაბილურობა და მუდმივი შიშ, რომ ხვალ შეიძლება სამსახური არ გქონდეს – ესაა არალეგალი მიგრანტის ცხოვრება. მაგალითად, თუ მე დღეს სახლს ვალაგებ, შეიძლება დიასახლისმა ხვალ მითხრას, რომ არ სჭირდება ხვალ დალაგება. შესაბამისად, არც გადამიხდის. კონტრაქტით რომ ვიყო დასაქმებული, მექნებოდა ყოველთვიური, სტაბილური ხელფასი.

რასაც მე და ჩემი ქმარი გამოვიმუშავებთ, ვხარჯავთ ქირასა და კვებაში – ბინის ქირაში 700 ევროს ვიხდით. ლტოლვილის სტატუსი რომ მქონდეს და ლეგალურად ვიყო საფრანგეთში, საემიგრაციო სამსახური ამ ქირის ნახევარს მაინც დაფარავდა, ბავშვებისთვის კი სულ მცირე 100-100 ევრო მექნებოდა ყოველთვიურად სოციალური დახმარება.

ლეგალურად ემიგრირებულებს სახელმწიფო ენის სწავლების კურსზე სიარულის უფლებასაც აძლევს. ენის სწავლა კი ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობას, პროფესიული განვითარების შანსს გაძლევს უცხო ქვეყანაში“, – ამბობს ქრისტინე.

მისი მონათხრობის მიხედვით, ერთადერთი რამ, რაც არალეგალებსა და ლეგალურ მიგრანტებს ათანაბრებს, ეს ჯანმრთელობის დაზღვევაა, რასაც არალეგალი მიგრანტებიც ისეთივე კარგი ხარისხისას იღებენ, როგორც ლეგალურად ემიგრირებულები. თუმცა ეს მხოლოდ საფრანგეთის მაგალითია. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ მხრივ მიდგომები სხვადასხვანაირია.

ქრისტინე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს გაუმართლა, რადგან ნაცნობისგან იქირავეს ბინა. საერთოდ კი არალეგალი მიგრანტები საფრანგეთში ბინას ვერ ქირაობენ და ეჩვევიან აზრს, რომ ძირითადად ქუჩაში მოუწევთ ცხოვრება, თუ ნაცნობი არ აღმოაჩნდათ ქვეყანაში, ვინც მათ შეიფარებს:

„ძალიან ხშირად ქართველები დაკეტილ სახლებში უკანონოდ იჭრებიან და სახლდებიან. მერე მოდის პოლიცია, არალეგალურად ცხოვრებას ემატება პრობლემები პოლიციასთან, რაც ბოლოს, როგორც წესი დეპორტაციით მთავრდება ხოლმე“, – ამბობს ქრისტინე.

გაეროს UN DESA-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოდან წასული მოსახლეობის რაოდენობამ 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია, და რომლის 51 პროცენტიც ქალია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38 პროცენტი ქალია.

რესპონდენტების ემიგრაციის ქვეყნებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ისრაელი, პორტუგალია, რუსეთი და საბერძნეთი.

__

მთავარი ფოტო: აშშ, არიზონა. ემიგრანტები სასაზღვრო ზოლთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA/ETIENNE LAURENT

ბათუმის მერიაში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური უქმდება

2024 წლის პირველი იანვრიდან უქმდება ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

სამსახურის გასაუქმებლად საჭიროა მისი დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისი პროექტი საკრებულოშია. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 19 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიიღოს.

„საქართველოს კანონის „თავდაცვის კოდექსი“ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), 2024 წლის პირველ იანვრამდე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული;

2024 წლის პირველი იანვრიდან აღნიშნულ უფლებამოსილებებს კოდექსის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“ – აღნიშნულია მერიიდან საკრებულოში გაგზავნილი პროექტის განმარტებით ბარათში.

  • 2023 წელს მერიის სამხედრო სამსახურში დასაქმებული იყო 10 პირი, რომელთა ხელფასებში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს ჯამში 287 688 ლარი დაიხარჯება [2023 წელს სამსახურის უფროსის ხელფასი თვეში 3 872 ლარი, ხოლო განყოფილების უფროსის – 3 025 ლარი იყო.]
  • ამასთან, წვევამდელთა ტრანსპორტირებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 2022 წელს 11 100 ლარი დაიხარჯა, 2023 წლისთვის კი, 20 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის სახით 2022 წელს ქალაქის ბიუჯეტში 4 400 ლარი შევიდა.

მერიის სამხედრო სამსახური სრული შემადგენლობით გადავა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, თუ იგეგმება საშტატო ცვლილებები? – ამ დროისთვის „ბათუმელებმა“ პასუხი ვერც თავდაცვის სამინისტროდან მიიღო და ვერც ქალაქის მერიისგან.

სსიპ „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს“ წესდება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა. სააგენტო სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და ის მუშაობას 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყებს.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი სააგენტოს მიზნებია:

  • „ერთიანი თანამედროვე სტანდარტების სამხედრო აღრიცხვიანობის სისტემის ჩამოყალიბება/ოპტიმიზაცია და მართვა;
  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელის გაწვევის ორგანიზება;
  • სამხედრო სამსახურისათვის პერსონალის მოზიდვა/რეკრუტირება;
  • სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების/მომზადების მიზნით ან/და კანონით დადგენილი სხვა საჭიროებისათვის (საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, საგანგებო სიტუაციის დროს) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება, გაწვევა;
  • საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის განხორციელებით სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის გაზრდა.“

სააგენტოს დაქვემდებარებაში იქნება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრები, მათ შორის, „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი“.

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

ახალი კოდექსის მიხედვით, 2024 წელი მობილიზაცია-გაწვევის კუთხით, გარდამავალი წელი იქნება.

ამავე კოდექსით, „წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი კი, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

2025 წლის 1-ელ იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარია.

პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.“

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან

ახალი წლის დღეებში, საქართველოში, პიროტექნიკასთან დაკავშირებული დამწვრობისა და სხვა სახის დაზიანების დაახლოებით ასამდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. პიროტექნიკით დაზიანების შედეგად გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობებიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ემერჯენსის განყოფილების ექიმი ეთერ ქურიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი პაციენტი უშუალოდ ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ შედის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

ექიმი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა პიროტექნიკით დაზიანების დროს პაციენტებს სჭირდებათ თითების ან ხელის მტევნის ამპუტაცია. განსაკუთრებულად მძიმე დამწვრობების დროს საჭირო ხდება პაციენტის გადაყვანა დამწვრობის ცენტრში, რომელიც საქართველოში მხოლოდ თბილისში მდებარეობს.

  • ქალბატონო ეთერ, რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები?

ძალიან ხშირია და იმის ფონზე, თუ რამდენი გაფრთხილებაც კეთდება წლების განმავლობაში პიროტექნიკის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით, მაინც, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დაზარალებული შემოდის. 

როგორც წესი, ყველაზე მეტი დაზიანება შემოდის უშუალოდ 31 დეკემბერს, 12 საათის შემდეგ. პაციენტები მოჰყავთ როგორც ზედაპირული, ისე საკმაოდ სერიოზული ტრავმებით. 

  • ყველაზე ხშირი ალბათ დამწვრობაა?

კი, დამწვრობა საკმაოდ ხშირია და მას აქვს რამდენიმე ხარისხი. პიროტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ხარისხის დამწვრობა, როგორც მსუბუქი, ისე – მძიმე; ასევე ხშირია ტრავმები – არის როგორც ჭრილობები, ასევე ტრავმული დაზიანება, ანუ ძვლოვანი სტრუქტურის დაზიანება, კიდურების ამპუტაცია და სახის დაზიანებები. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ თვალის დაზიანებაც ჰქონდა პაციენტს. პიროტექნიკის გამოყენებისას ძირითადად სახისა და კიდურების დაზიანება ხდება.

ძირითადად ზედა კიდურების (თითების და ხელის მტევნის) ამპუტაციის მიზეზი ხდება ხელში დაჭერილი ფეიერვერკი/პიროტექნიკა; ზოგჯერ არც არის ხელში დასაჭერი და მაინც ხელში უჭირავთ აფეთქებისას, ეს არის ხოლმე პრობლემა. პიროტექნიკის უმეტესობა უნდა იყოს დამაგრებული რაიმე სიმყარეზე და ირგვლივ არ უნდა იყვნენ ადამიანები, არც შენობა.

სამწუხაროდ, უმეტესად ხელში დაჭერილს აფეთქებენ და სწორედ ეს იწვევს თითების ამპუტაციას ან/და ისეთ ჭრილობებს, რომ არტერიული სისხლდენითაც შემოდიან პაციენტები. როგორც წესი, კომბინირებული ტრავმებია – ანგიოქირურგიული და ტრავმატოლოგიური ერთად. 

  • როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ხარისხის დამწვრობასთან გვაქვს საქმე?

დამწვრობას აქვს ოთხი ხარისხი. თუ არის ზედაპირული დამწვრობა, მხოლოდ წვის შეგრძნება და სიწითლე ზედა კიდურზე, ეს არის პირველი, მაქსიმუმ მეორე ხარისხის დამწვრობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმიტომ, რომ საჭიროებს შეხვევას და მეთვალყურეობას, რომ დამწვრობა სამომავლოდ არ გართულდეს ინფექციით.

მხოლოდ სიწითლისა და წვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პაციენტმა თვითონ მიმართოს კლინიკას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გადაუდებლად, შემთხვევის პირველივე წუთებში უნდა მოხვდეს პაციენტი კლინიკაში. მაგალითად, თუ არის აფეთქების მომენტი, კიდურზე არის კანის მთლიანობის დარღვევა, უცხო სხეული ჭრილობაში, სისხლდენა, ღრმა არის ეს ტრავმა – დაზიანებულია კანი, კუნთები, პაციენტი მაშინვე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ უნდა იქნეს გადაყვანილი კლინიკაში. 

  • რა შეგვიძლია ჩვენით რომ გავაკეთოთ პიროტექნიკით დაზიანების დროს?

აქ არის ორი შემთხვევა.

  • თუ არის დამწვრობა და სუფთა ჭრილობა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხელი შევუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს [საშუალოდ 20 წუთის განმავლობაში], რომ წვის შეგრძნება და დისკომფორტი მოიხსნას;
  • თუ არის დამწვრობა, მაგრამ თან ჭრილობაზე არის უცხო სხეული, მაგალითად, ტანსაცმლის ან უშუალოდ პიროტექნიკის ნარჩენები, ეს უცხო სხეულები სტერილური ბინტით ან სხვა სტერილური მასალით/ტამპონით (რომლებიც იყიდება ყველა აფთიაქში, ან მოგვეპოვება სახლშიც), უნდა მოშორდეს და შემდეგ გამდინარე წყლის ქვეშ ჩამოირეცხოს;

იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობა სისხლდენითa, სხვა ტაქტიკაა: 

  • უცხო სხეულის არსებობის შემთხვევაში ჯერ სტერილური ბინტით ვაშორებთ ამ უცხო სხეულს; შემდეგ, სტერილური ბინტის საფენებით მაგრად ვაჭერთ სისხლმდენ ადგილზე, რის შემდეგაც უნდა გადავახვიოთ ჭრილობა მარლით/ბინტით – დამწოლი ნახვევი ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე; ან შეიძლება ხელი დააჭირო [სისხლდენის ადგილზე] და დაელოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. 
  • ტანსაცმელი თუ ედება ჭრილობას, უნდა შევაჭრათ ეს ქსოვილი, მოვაშოროთ დამწვრობას ან ჭრილობას, შემდეგ შევახვიოთ სტერილურად და გადავიდეთ კლინიკაში.
  • უცხო სხეული რაც უფრო მალე მოშორდება დამწვრობას, მით უკეთესია. როცა დახმარებას ვუწევთ მყისიერადვე, ის [უცხო სხეული] ისე ღრმად არ იქნება, რომ მისი მოშორებით ან სისხლდენა გაძლიერდეს ან რაიმე პროცესი გამწვავდეს. მთავარია, ინფექციებისგან დაზარალებულისა და საკუთარი თავის დასაცავად, ეს არ გააკეთოთ შიშველი ხელებით, საუკეთესო შემთხვევაში გამოიყენეთ სტერილური ხელთათმანი, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ არის, ამიტომ უცხო სხეულის ამოსაღებად ჭრილობას შეეხეთ სუფთა მარლით. 

როგორც კი დაზიანება მოხდება პირველ რიგში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, რომ სპეციალისტები დროულად მოვიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ პირველადი დახმარება. ეს დახმარებაც უნდა დავიწყოთ უსაფრთხო გარემოში, ანუ უნდა უზრუნველვყოთ გარემო, სადაც დამატებით კიდევ სხვა ადამიანი/დამხმარე არ დაზიანდება.

  • რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს ამ პროცესში ხელის სამკაულები?

თუ ჭრილობა ზედა კიდურებზეა, შეიძლება ადამიანს ხელზე ეკეთოს ბეჭედი, სამაჯური, საათი… ნებისმიერი სამკაული უნდა მოიხსნას ხელიდან, რადგანაც დამწვრობის შემდეგ ხელი იწყებს შეშუპებას, რა დროსაც სამკაულები შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 

  • რამდენად უსაფრთხოა ამ დროს მალამოს, ზეთის, კბილის პასტის და ა.შ. გამოყენება დაზიანებულ ადგილზე?

გამდინარე წყლისა და სტერილურად შეხვევის გარდა სახლის პირობებში მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. არც მალამო შეიძლება, არც სხვა გზით დამუშავება მანამ, სანამ ექიმი არ შეაფასებს დამწვრობის ხარისხს. ასევე, უნდა შეფასდეს, ჭრილობას ესაჭიროება მხოლოდ შეხვევა, მცირე ნაკერი თუ საოპერაციოში დამუშავება.

არც ზეთი, არც კბილის პასტა, არც სარეცხი საპონი და არც სხვა რამ არ შეიძლება.

წყლის გარდა სახლში სხვა არაფერი არ შეიძლება დამწვრობაზე, იმიტომ, რომ წყლის გარდა, ნებისმიერი სხვა ნივთიერება არასტერილურია და შეიძლება გააღრმაოს დამწვრობა და გახდეს ინფექციის წყარო.

  • როგორც ცნობილია, საქართველოში დამწვრობის ცენტრი მხოლოდ თბილისში მდებარეობს, რა შემთხვევაში შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამწვრობის ცენტრში გადაყვანა?

ზოგადად ემერჯენსის განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში არის მორიგე ექიმი სრული გუნდით. დაზიანების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ემერჯენსის განყოფილებას, იქ მოხდება პირველადი დახმარება ან ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ხან არის დამწვრობის ღრმა ხარისხი და პაციენტს სჭირდება სტაციონარული მკურნალობა კლინიკაში.

დამწვრობების უმრავლესობა არის ამბულატორიული – პაციენტი მიდის, შეხვევა უკეთდება და ეწერება კლინიკიდან, მაგრამ თუ არის სახის დამწვრობა, თუ არის სხეულის დიდი მიდამოს დამწვრობა ან ღრმა დამწვრობა, რომელსაც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა დარჩეს კლინიკაში.

  • უსაფრთხოების რა წესები შეიძლება გაითვალისწინონ ადამიანებმა პიროტექნიკისა და ფეიერვერკების გამოყენების დროს?

უსაფრთხოების მიზნით, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოიყენოს მოზარდმა, გამოიყენოს მხოლოდ სრულწლოვანმა.

ასევე, უნდა იყოს დაცული გამოყენების ყველა ის წესი, რაც აწერია პიროტექნიკულ ნაწარმს. გარდა ამისა, ეს ასაფეთქებელი საშუალებები ჩვენთან იყიდება ყველგან, მაგრამ პიროტექნიკა საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს, რომელთა დაცვაც, ცხადია, ყველგან ვერ მოხერხდება. ამიტომ უმჯობესია, ეს საშუალებები იყოს შეძენილი ლიცენზირებულ მაღაზიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ასეთი პიროტექნიკა აფეთქდება ისე, რომ გამოიწვევს დაზიანებებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის წინააღმდეგ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დეპარტამენტმა შეამცირა და ახალი ტენდერი 6 მილიონ 790 ათასი ლარითა გამოაცხადა. ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, თუმცა დეპარტამენტს ამ ტენდერის გამოც უჩივლეს.

სატენდერო კომისიის 14 დეკემბრის ოქმით, ახალ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულია კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ და დეპარტამენტი ამჯერად მისგან საბანკო გარანტიის წარდგენას ითხოვს.

ეს კომპანია გამარჯვებულად წინა ტენდერშიც იყო გამოცხადებული და ის მომსახურებას დეპარტამენტს მაშინ 6 888 500 ლარად სთავაზობდა. ახლა კი, 5 249 997 ლარად სთავაზობს [კომპანიის დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი, ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია.]

მომჩივანი კომპანია „ტრანსპროექტი“, რომელიც წინა ტენდერის გამოც უჩიოდა დეპარტამენტს, ამჯერად სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც ხორვატიული კომპანიის ფილიალი გამარჯვებულად გამოავლინეს.

„ტრანსპროექტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ არ გამოიყენა შესაბამისი რელევანტური ნორმატიული აქტი და ნაცვლად დისკვალიფიკაციისა, „გასაჩივრებული ოქმით გამარჯვებულად გამოავლინა აფიდავიტის დამრღვევი, არაკეთილსინდისიერი პრეტენდენტი.“

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აფიდავიტი წარმოადგენს წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.“

მომჩივანი კომპანიის საჩივარში აღნიშნულია:

„მიგვაჩნია, რომ [სატენდერო კომისიის] აღნიშნული ოქმი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მიღებულია სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის არასათანადოდ შეფასების შედეგად და უნდა გაუქმდეს.

საგზაო ინჟინრის (გუნდის ხელმძღვანელი) პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სპეციალისტის, მიხეილ კეჭაყმაძის მონაცემები გაყალბებულია და ადგილი აქვს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რასაც შემსყიდველის მხრიდან არ მოჰყოლია კანონშესაბამისი რეაგირება…

მოცემულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, საგზაო ინჟინერს (გუნდის ხელმძღვანელს), უნდა გააჩნდეს, სულ მცირე, 10-წლიანი გამოცდილება საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების დეტალურ პროექტირებაში, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე (მათ შორის, მინიმუმ 5 წელი გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე);

აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტმა, სისტემაში ატვირთა მიხეილ კეჭაყმაძის ანკეტა, რომელშიც არასწორად მიუთითა კონკრეტული, კონტექსტურად საჭირო პროფესიული გამოცდილების ქრონოლოგია.

კერძოდ, საინფორმაციო ანკეტის მეხუთე პოზიციაზე მითითებულ მომსახურებაზე, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე მიხეილ კეჭაყმაძის კანდიდატურა დამკვეთთან შეთანხმდა 2018 წლის 07 სექტემბერს და არა 2017 წლის ოქტომბერში, როგორც ეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ანკეტაშია მითითებული.

გამომდინარე იქედან, რომ მეხუთე პოზიციაზე მითითებული მომსახურების დამკვეთი იგივე შემსყიდველი [გზების დეპარტამენტი] გახლდათ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ გადაამოწმა აღნიშნული მონაცემები, დაადგინა ფაქტობრივი ტყუილი და ნაცვლად იმისა, რომ დისკვალიფიკაცია მიეცა, თავად „ჩაუსწორა“ ანკეტა და მწვანე შუქი აუნთო აფიდავიტის დამრღვევს.

მიგვაჩნია, რომ შემსყიდველს უნდა ემოქმედა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესით“, რითაც პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ვინაიდან მან, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.“

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა გზების დეპარტამენტის გასაჩივრებული ოქმი, სადაც მართლაც არის აღნიშნული, რომ

„სატენდერო კომისიის აპარატის მიერ, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საინფორმაციო ანკეტის მე-5 პოზიციაზე მითითებულ მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე, მიხეილ კეჭაყმაძის კანდიდატურა დეპარტამენტთან შეთანხმდა 2018 წლის 7 სექტემბერს.

შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე წარმოდგენილი სპეციალისტის პროფესიული გამოცდილება, ანკეტაში მითითებული 2017 წლის ოქტომბრის თვის ნაცვლად. სატენდერო კომისიამ გაითვალისწინა 2018 წლის სექტემბრის თვიდან…“

  • მომჩივანი კომპანია „ტრანსპროექტი“ დავების საბჭოსგან მოითხოვს „ბათილად ცნოს გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, მიუთითოს გზების დეპარტამენტს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შერჩევა/შეფასების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება“.

დავების განხილვის საბჭოში „ტრანსპროექტის“ საჩივრის განხილვის დროდ 2023 წლის 21 დეკემბერია ჩანიშნული.

„ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე“ ხელახლა გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა მომზადდეს – „ტენდერის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.

____

წინა ტენდერის და მისი შეწყვეტის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 400 ათასად ობობა ევაკუატორს იყიდის – ტენდერი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ევაკუატორის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი ხელახლა, 400 ათასი ლარით გგამოაცხადა. ევაკუატორის შესყიდვაზე ინსპექციას ტენდერი ადრე 350 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა, გასულ თვეში ის ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ერთი ერთეული ევაკუატორის [ობობა] შესყიდვაზე პრეტენდენტთა წინადადებების მიღება ამჯერად 2023 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის საბოლოო ღირებულება ინსპექციის 2024 წლის ფინანსებით დაიფარება.

პირობის მიხედვით, შემთავაზებული ევაკუატორი უნდა იყოს: ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; მიწოდებისას გარბენი – არაუმეტეს 3500 კმ, განბაჟებული.

ამასთან, „გამარჯვებული პრეტენდენტი შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას ვალდებულია ჩაატაროს, სწორი ექსპლუატაციის ინსტრუქტაჟი, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის. ასევე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.“

პრეტენდენტს ასევე შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ევაკუატორის შეთავაზოს, ვიდრე ტენდერითაა მოთხოვნილი.

ინსპექციას ევაკუატორი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯით უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 300 დღის განმავლობაში [საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების) ხარჯების ჩათვლით].

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ევაკუატორით სპეციალურ სადგამზე გადააქვს ავტომობილები, რომლებიც არასწორადაა პარკირებული, ასევე ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიდანაც უნებართვოდ ვაჭრობენ; ასევე გააქვს სხვადასხვა უნებართვო ჯიხურები.

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია/facebook 

ბათუმის მერიას საკრებულოში შეტანილი აქვს პროექტი, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე  ტრანსპორტირების საფასური, რომელსაც მესაკუთრე იხდის, ამ დროისთვის 45 ლარია.

საკითხი, საფასურის გაზრდაზე საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

ამ თემაზე ვრცლად:

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“

მეციტრუსეები მანდარინს ვეღარ ყიდიან იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ წინასაახალწლო პერიოდში ციტრუსი კარგ ფასად გაიყიდებოდა. ფერმერების თქმით, მანდარინის რუსეთში ვეღარ გააქვთ, თუმცა ექსპორტიორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს და რა გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს აჭარის მთავრობა? – აჭარის მთავრობის აპარატსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

აჭარაში წელს დაახლოებით 55 ათას ტონა ციტრუსის მოსავალია. მანდარინის კრეფა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რატომ ვერ გააქვთ ქართული მანდარინი ევროპის ბაზარზე, ნახეთ აქ.

მანდარინის მიღება უკვე დაასრულა, მაგალითად, ციტრუსის ერთ-ერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა ქობულეთში „აჭარა ტრეიდინგ გრუპმა“. ამ საწარმოდან მანდარინით დატვირთული ბოლო მანქანა რუსეთის მიმართულებით 2 დღის წინ გაუშვეს. საწარმოს ხელმძღვანელი, კახა შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“.

„რუსეთში მანდარინის გატანის პრობლემა არ შექმნილა, პირიქით, განბაჟების ტარიფი რუსულ მხარეს დაკლებული აქვს,“ – გვიყვება კახა შავაძე, „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელი. – „რუსეთშიც დადგა ხარისხზე მოთხოვნა, ამიტომაც, შეიქმნა პრობლემები. დაახლოებით 3 – 4 დამამზადებელი მუშაობს კეთილსინდისიერად, დანარჩენი ძირითადად აკეთებს ე.წ. „თოჯინას“, როცა ყუთს ზემოდან მოაწყობენ ხარისხიან მანდარინს.

მყიდველს როცა უთანხმდებიან რუსეთში, მაგალითად, 400 ტონაზე, ის ნახულობს ერთ მანქანას, ორ მანქანას და შემდეგ აკლებს ფასს, რადგან აღარ უღირს. ჩვენ გვაქვს საშუალება, მივიღო ხარისხიანი მოსავალი და გლეხმაც საშუალოდ ლარი, ლარ-ნახევარი მიიღოს.

ჩვენ შემთხვევაში რუსეთში ფასი არ შეუცვლიათ, მაგრამ 20 დეკემბრის შემდეგ ნაკლებად ვაგზავნით მანდარინს, ვიდრე გაივლი საბაჟოს პროცედურას და მანდარინს მიიტან დახლამდე, შეიძლება ვეღარ გაიყიდოს. პირველი იანვრიდან 15 – 20 რიცხვამდე გაყიდვები არ არის. წელს კი დიდი ნალექი მოუწია მანდარინს მწიფობის დროს და ლპობის პროცესი ადრე მიდის.

ჯამში 900 ტონამდე გავუშვით ექსპორტზე, უმეტესობა რუსეთში. 70 თეთრი გადავიხადეთ შერეულ მანდარინში, დანარჩენი ხარისხის მიხედვით 80-90 თეთრი,“ – გვითხრა კახა შავაძემ.

წელს არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო სუბსიდია 25 თეთრი, რასაც ქობულეთში საწარმო 5 თეთრს ამატებს. არასტანდარტულ მანდარინს აჭარაში მხოლოდ ერთი საწარმო იღებს. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, რეალურად არასტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს აძლევენ.

„ეს იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გაყიდი არასტანდარტულ მანდარინს. სხვა შემთხვევაში, თავად უნდა მოაგვარო ტრანსპორტირების პრობლემა. გარდა ამისა, რამდენიმე დღე რიგში უნდა ჩადგე, საწარმომდე რომ მიხვიდე,“ – გვითხრეს მეციტრუსეებმა.

ამ თემაზე:

მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი

 

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პასუხი ბათუმის ხელოვნურ კუნძულთან დაკავშირებით

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია, ქ. ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელების“ მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს  გამოქვეყნებულ ქალბატონო ნინო ჩხობაძის მოსაზრებებთან დაკავშირებით.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-სათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბათუმის კუნძულის  გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებით საზოგადოებრიობის მიერ გამოთქმული თითოეული მოსაზრება, რაც გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების პროცესში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ  მოსაზრებები გამოხატულია ზედაპირულად  და სრულად არ არის გაანალიზებული პროექტის და გზშ-ს მომზადების პროცესში ჩატარებული დიდი მოცულობის კვლევების შედეგები. ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოების ინფორმირება ინტერვიუში დასმულ ყველა საკითხთან დაკავშირებით.

  1. სტატიაში რესპონდენტის მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელებამ შეიძლება კუმულაციური რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, შეიცვალოს ზღვის დინამიკა და კუმულაციურად შეძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში.

გზშ-ს ანგარიშში დეტალურადაა განხილული აჭარის სანაპირო ზოლის ბუნებრივი პირობები (იხილეთ პარაგრაფი 5.1.3.), მათ შორის: მდ. ჭოროხის მორფოდინამიკური სისტემა და  ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ტერიტორიის მორფოდინამიკა. როგორც ანგარიშშია მოცემული, საკვლევ აკვატორიაში, ადგილობრივი ნაპირების დინამიკა გამოხატულია, ჩაკეტილ, იზოლირებულ საკვლევ უბანზე, ტალღებით მასალის ორმხრივი მიგრაციით და მისი ცვეთით, კერძოდ: დაცული ნავმისადგომის აშენებამდე საპროექტო აკვატორიაში მხოლოდ ჩრდილოეთიდან შემოდიოდა მცირე რაოდენობის პლაჟური მასალა (ჩრდილო-დასავლეთის რუმბების იშვიათი ღელვებით მოტანილი), რაც მდ. ბარცხანას მცირე გამონატანთან ერთად ქმნიდა მცირე პარამეტრების პლაჟს, რომელიც პერიოდულად საჭიროებდა ხელოვნურად შევსებას. დღეისათვის დაცული ნავმისადგომის აშენების შემდეგ, ეს მონაკვეთი სრულიად დამოუკიდებელი უბნია, სადაც ნაპირგასწვრივი გადაადგილებით ტალღებს მასალა ვეღარ შეაქვთ და ვეღარც გამოაქვთ.

როგორც გზშ-ს ანგარიშის 6.4.2. პარაგრაფშია მოცემული, პროექტის განხორციელება სანაპირო ზოლის განვითარების დინამიკაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს  დადებითი ზემოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ქალაქისათვის 84 ჰა ფართობის ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის დამატებასთან. როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში, არსებული დიდი კაშხლების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით  მდ. ჭოროხს პლაჟწარმომქმნელი მყარი ნატანი პრაქტიკულად აღარ შემოაქვს, რის გამოც ადგილი აქვს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო ზოლის ინტენსიურ წარეცხვას. პროცესის შენელების მიზნით, საჭიროა პლაჟწარმომქმნელი მასალის ხელოვნურად შეტანა. წარეცხილი ტერიტორიების კომპენსაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს ქალაქისათვის ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის შემატება.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის შემთხვევაში, გამორიცხული იქნება ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე აკვატორიის სანაპირო ზოლის ეროზიული პროცესები, რაც ასევე დადებითი ზემოქმედებაა.

როგორც აღინიშნა, საპროექტო აკვატორია წარმოადგენს იზოლირებულ ჩაკეტილ უბანს და შესაბამისად პროექტის განხორციელება სანაპირო ზოლის განვითარების დინამიკაზე კუმულაციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ იქნება.

  1. ხელოვნური კუნძულის პროექტთან კონტექსტში ნახსენებია შოვის ტრაგედია, მდინარეების კალაპოტების შეცვლასთან დაკავშირებით და თითქოს, რომ გზშ-ს ანგარიშში შესაბამისი კვლევები არ არის მოცემული.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძული პროექტის ფარგლებში არცერთი მდინარის კალაპოტის ცვლილება დაგეგმილი არ რის. მდ. ბარცხანა რჩება პროექტის ფარგლებს გარეთ, ხოლო მდ. კუბასწყალი დღეს არსებული კალაპოტით ზღვიური შესართავით დაკავშირებული იქნება კუნძულის შიდა აკვატორიასთან. შესაბამისად მდ. კუბასწყალი ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მცირე უსახელო ხევს, რომელიც საპროექტო აკვატორიაში ჩაედინება მდ. ბარცხანას და მდ. კუბასწყლის შესართავებს შორის მონაკვეთზე, გამყვანი კოლექტორით ჩართული იქნება მდ. ბარცხანაში. გაანგარიშების შედეგების მიხედვით, მცირე ხევის 100 წლიანი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯია 67 მ3/წმ (წყალშემკრები აუზის ფართობი 2.3 კმ2), რაზედაც გათვლილია ხევის წყლის გამყვანი კოლექტორის პროექტი.

გზშ-ს ანგარიშის 5.1.7 პარაგრაფში მოცემულია საპროექტო აკვატორიის არეალში ჩამდინარე ზედაპირული წყლის ობიექტების ჰიდროლოგიური მახასიათებლები, კერძოდ: ინფორმაცია მაქსიმალური ხარჯების შესახებ, ხოლო 6.5 პარაგრაფში დეტალურადაა შეფასებული, როგორც პროექტის შესაძლო ზეგავლენა მდინარეების ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, ასევე მათი ზემოქმედება კუნძულის ინფრასტრუქტურაზე. შეფასების შედეგების მიხედვით ნეგატიურ ზემოქმედებას ადგილი არ ექნება.

  1. სტატიაში ნაპირების წარეცხვის რისკებთან ერთად, ყურადღებაა გამახვილებული ქალაქის საკანალიზაციო სისტემაზე შესაძლო დაწოლაზე და ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებულ რისკებზე.

როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული (იხილეთ პარაგრაფი 4.9.3.2.), პროექტის განხორციელება ბუნებრივია დაკავშირებული იქნება ქალაქის წყალმომარაგების წყალარინების სისტემებზე, რისთვისაც გენერალური გეგმის კონცეფცია ითვალისწინებს მთელ რიგ ქმედებებს, მათ შორის მნიშვნელოვანია, პირველად საქართველოში, სამეურნეო და ფეკალური ჩამდინარე წყლების განცალკევებული სისტემების მოწყობა და სამეურნეო ჩამდინარე წყლების გაწმენდა, ხელახლად გამოყენების მიზნით. აღნიშნული მინიმუმამდე შეამცირებს, როგორც გამოყენებული წყლის ასევე ჩამდინარე წყლების რაოდენობას. როგორც სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, საჭიროების შემთხვევაში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღებს მონაწილეობას საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში.

გარდა აღნიშნულისა, როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, კუნძულის პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება ქალაქის ისტორიულ უბნებში მაღალსართულიან განაშენიანებაზე მოთხოვნა და მოსახლეობის გადანაწილება მოხდება კუნძულის ტერიტორიაზე. აღნიშნული ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემებზე ზეწოლა არ იქნება მაღალი.

  1. სტატიაში აღნიშნულია, რომ კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია ზღვის დონის 1 მეტრამდე აწევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქ. ბათუმის დატბორვა და ამაზე გზშ-ს ანგარიშში არაფერია ნათქვამი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება არც ადგილობრივ და არ გლობალურ კლიმატზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ იქნება. შესაბამისად ქ. ბათუმის და აჭარის რეგიონის კლიმატზე ზემოქმედების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად კლიმატზე ზემოქმედების საკითხი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვას არ ექვემდებარება.

როგორც გზშ-ს ანგარიშშია დასაბუთებული (იხილეთ პარაგრაფი 5.1.3.) კუნძულის მოწყობა, ქ. ბათუმის და აჭარის სანაპირო ზოლის განვითარების დინამიკაზე ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს და შესაბამისად, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული რისკები კუნძულის არსებობასთან დაკავშირებული არ იქნება.

რაც შეეხება საკუთრივ ხელოვნურ კუნძულს, დამცავი მოლების პროექტი მომზადებულია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით პროგნოზირებული წყლის დონის აწევის დონეების გათვალისწინებით. გზშ-ს მე-2 დანართის (ანგარიშის ქარების და ტალღების შესახებ) 1.2.2.2. პარაგრაფში (კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატება) შეფასებულია ზღვის დონის პროგნოზირებული მატება, რაც 50 წლიანი პერიოდისათვის (2075 წლისათვის) შეადგენს 0.5 მ-ს.

კუნძულის დამცავი მოლების პროექტი დამუშავებულია 100 წლიანი განმეორებადობის ტალღის სიმაღლის გათვალისწინებით და გაანგარიშებულია ზღვის დონის აწევის პროგნოზირებული მაჩვენებელიც. აღნიშნული უზრუნველყოფს კუნძულის ტერიტორიის საიმედო დაცვას.

  1. გულდასაწყვეტია, რომ რესპონდენტის მიერ დაკნინებით ფორმაში არის ნახსენები მომავალში კუნძულის ქვანაყარი მოლების კედლებზე მიდიების და ხამანწკების გამრავლებასთან დაკავშირებით გზშ-ს ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. 

გზშ-ს ანგარიშში მოცემული ზღვის ბიოლოგიური გარემოს კვლევის მასალები მომზადებულია მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მიერ და მოიცავს წლის ყველა სეზონზე ჩატარებული კვლევის შედეგებს. ანგარიშში ასახულია ასევე ადრე ჩატარებული კვლევის შედეგები.

რაც შეეხება მიდიებს და ხამანწკებს, ცნობილია რომ კვერცხიდან გამოსული ლავრები ზაფხულის ბოლომდე რჩებიან პლანქტონში წყლის ზედაპირულ ფენაში და პლანქტონური განვითარების პერიოდის დამთავრების შემდეგ ეშვებიან ფსკერზე, ემაგრებიან სხვადასხვა საგნებს (ქვებს, გემების კორპუსებს და სხვა) და ახალგაზრდა მოლუსკებად გარდაიქმნებიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დიდი მტკიცება არ არის საჭირო, რომ კუნძულის პერიმეტრზე დაგეგმილი, დაახლოებით 3 კმ სიგრძის მოლების ქვანაყარი კედლები საუკეთესო ჰაბიტატი იქნება აღნიშნული სახეობების გამრავლებისათვის.

როგორც გზშ-ს ანგარიშის 6.7.3.2. პარაგრაფშია მოცემული, მოლების ქვანაყარების უბნებზე პოპულაციების სწრაფად აღდგენის მიზნით, გათვალისწინებულია მოლუსკების ხელოვნური გამრავლების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოლების ქვანაყარ კედლებზე მიდიების და ხამანწკების, როგორც თევზის საკვები ბაზის გამრავლების თაობაზე გზშ-ს ანგარიშში მოცემული ჩანაწერი მართებულია და განხორციელებული იქნება კუნძულის მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებზე.

  1. რაც შეეხება კუნძულის პროექტის ქ. ბათუმის გენგეგმაში ასახვის საკითხს შეიძლება ითქვას შემდეგი: ბათუმის კუნძულის განაშენიანების გეგმა მომზადებულია საერთაშორისო ბრიტანული კომპანიის ARUP-ის მიერ. Arup (ოფიციალურად Arup Group Limited) არის ბრიტანული მრავალეროვნული პროფესიონალური სერვისების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში, რომელიც უზრუნველყოფს დიზაინის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დაგეგმვისა და საკონსულტაციო მომსახურებებს ქალაქების განაშენიანების ყველა ასპექტში. მასში დასაქმებულია დაახლოებით 17000 ადამიანი 90-ზე მეტ ოფისში 35 ქვეყანაში, და მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტებში 160-ზე მეტ ქვეყანაში. ARUO-ის მიერ ბათუმის კუნძულის განაშენიანების გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული თანამედროვე ქალაქების დაგეგმარების საუკეთესო სტანდარტები და პრაქტიკა, როგორც ადამიანების კომფორტულ გარემოში განსახლების, ასევე სატრანსპორტო სქემების, სარეკრეაციო ზონების მოწყობის თუ სხვა ფუნქციური დანიშნულების დაწესებულებების განთავსების თვალსაზრისით.
  2. პროექტის განხორციელების ადგილის ალტერნატიულ ვარიანტად სახმელეთო ტერიტორიის გამოყენების თაობაზე და ასევე კუნძულის ზღვის ტალღებისაგან დაცვასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აქცენტები არასწორადაა დასმული, კერძოდ:

ხელოვნური კუნძულის პროექტი თავის შინაარსით და დაგეგმილი ინფრასტრუქტურით  დაკავშირებულია ზღვასთან და ასეთი პროექტის განხორციელება ხმელეთზე თავიდანვე ეწინააღმდეგება საპროექტო კონცეფციას. სწორედ პროექტით გათვალისწინებულ 2 ნახევარკუნძულ და კუნძულზე დაგეგმილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება მიმზიდველი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორებისათვის და ბიზნეს წრეებისათვის, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აჭარის რეგიონს და ქვეყანას.

საპროექტო აკვატორიის წყალქვეშა ფერდის მდგრადობისა და კუნძულის ტალღებისაგან დაცვის თაობაზე გზშ-ს ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია, კერძოდ:

წყალქვეშა ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით (იხილეთ გზშ-ს ანგარიში პარაგარფი 5.1.2.), საპროექტო აკვატორიის წყალქვეშა ფერდის გეოლოგიური პირობები ხელსაყრელია დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისათვის და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით გეოდინამიკური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი არ არის. რაც მთავარია საპროექტო აკვატორია დიდი მანძილითაა დაცილებული ბათუმის წყალქვეშა კანიონიდან და ამ მხრივ პროექტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

თვით გზშ-ს ანგარიშში (პარაგრაფები 4.2 და 4.3) და ასევე N1 და N2 დანართში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ტალღური რეჟიმის და დამცავი მოლების პროექტის შესახებ. დამცავი მოლების პარამეტრები განსაზღვრულია საპროექტო აკვატორიის ტალღური რეჟიმის მათემატიკური მოდელირების შედეგების გათვალისწინებით, რაც ასევე ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ზღვის დონის პროგნოზირებულ აწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე ტალღის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამორიცხულია. აღნიშნული შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს უპირველესი ინტერესია და ტალღური რეჟიმის შესწავლისა და მოლების პროექტის მომზადებისათვის, სწორედ ამ მიზნით იქნა შერჩეული დიდი გამოცდილების და ავტორიტეტის საერთაშორისო კომპანიები.

გზშ-ს ანგარიშის 6.11.8 პარაგრაფში განხილულია პროექტის შესაძლო ზემოქმედება ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, სადაც აღნიშნულია, რომ კუნძულის მოწყობის შემდეგ ნავსადგურის წინ ტალღის დღეს არსებული პარამეტრები არ შეიცვლება და ნაოსნობის ან ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობებზე ზემოქმედებას არ მახდენს

საპროექტო აკვატორიის მიმდებარე სახმელეთო ნაწილზე არსებული თამარის დასახლებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, აღსანიშნავია ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილები, მაგრამ გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, განაშენიანება დაგეგმილია იმ მიდგომით, რომ მოსახლეობისათვის არ ხდება დღეს არსებული ვიზუალური ხედების დახურვა. ამასთანავე ადგილობრივი მოსახლეობისათვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება კუნძულის ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეები. უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი საჯარო წვდომა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული იქნება ახლად შექმნილ სამუშაო ადგილებზე რაც დადებითი ეკონომიკური საგებლის მომტანი იქნება მათთვის.  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Сcolliers-ის კვლევის თანახმად კუნძულის პროექტის განხორციელების შემდგომ შესაძლებელი გახდება 7 000 სამუშაო ადგილის შექმნა, რაც ნიშნავს ამდენივე სოციალურად უზრუნველყოფილ ოჯახს აჭარაში და დანარჩენ საქართველოში.

გზშ-ს ანგარიშის 4.9.2.1. პარაგრაფში მოცემულია დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების-ინერტული მასალების და ქვების მოპოვებისათვის შერჩეული კარიერების შესახებ. ინერტული მასალების და ქვებით მომარაგება მოხდება საქართველოში არსებული ლიცენზირებული კარიერებიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.

დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მიესალმება და აფასებს პროექტთან დაკავშირებულ ყველა გამოხატულ მოსაზრებას, ვინაიდან  ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას სიღრმისეულად განვიხილოთ წამოჭრილი კითხვები  და უფრო საფუძვლიანად შევაფასოთ ყველა შესაბამისი საკითხი.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონული მნიშვნელობის პროექტია, რადგან მას აქვს პოტენციალი, ბათუმი საერთაშორისო პოზიციონირება აიყვანოს ახალ სიმაღლეებზე ნახევარკუნძულების და კუნძულის შექმნა კიდევ უფრო გაალამაზებს რეგიონის ბუნებრივ ლანდშაფტს და მოიზიდავს ტურისტებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას და შექმნის დასაქმების შესაძლებლობას მოსახლეობისთვის. ⠀

ნიდერლანდების საელჩომ თომა კაკაბაძეს „ტიტა“ გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს თომა კაკაბაძეს ნიდერლანდების საელჩომ ჯილდო გადასცა – „საელჩოს ტიტა“.

„თომა ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს აჭარაში შშმ პირების უფლებების დასაცავად. ის მრავალ აქტივობას ატარებს იმისთვის, რომ ბათუმი ეტლით მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტული გახადოს.

თომამ სოციალური კაფე დააარსა, სადაც შშმ პირების სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავენ.

თომა სამაგალითო სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც თავის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებთან ერთად ცდილობს, დადებითი ცვლილებები შეიტანოს საზოგადოებაში“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თომა კაკაბაძე ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა დააჯილდოვა.

ასევე, ნიდერლანდების საელჩომ „ტიტა ადამიანის უფლებებისთვის“ წელს გადასცა მადონა ხარებავას.
„ქალბატონი მადონა ქალთა გაძლიერებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის ადვოკატირებას ეწევა. ის წლების განმავლობაში იბრძვის სამეგრელოსა და აფხაზეთში შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინკლუზიისთვის.
ის ადამიანის უფლებათა სამაგალითო აქტივისტია, რომელიც დაუღალავად ებრძვის სტერეოტიპებს და ცდილობს, საზოგადოებაში ყველამ თანაბარი შესაძლებლობები მიიღოს“ – წერს ნიდერლანდების საელჩო.

______________________

იხილეთ ვიდეო: თომა კაკაბაძე არაადაპტირებული გარემოს შესახებ

გოდერძის უღელტეხილზე მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს

გუშინ, 17 დეკემბერს, გოდერძის უღელტეხილზე მიმავალი 8 ადამიანი ჩარჩა თოვლში. მოქალაქეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს.

„უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი.

მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა”, – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო.

გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.

ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. სანამ ქმრის გვარზე გადავიდოდა, დალი ჩხეტიანი იყო, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ გვარი შეიცვალა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში დასახლდა.

„ღარიბული ცხოვრება იყო, იქეთაც და აქეთაც,“ – გვიყვება დალი საკუთარ თავზე და გვიხსნის, რომ სახლი, რომელშიც გვიმასპინძლა, საკუთარი ხელით ააშენა ქმართან ერთად.

საბჭოთა კავშირის დროს ჩაის მეურნეობაში მუშაობდა. მძიმე შრომას ეწეოდა. 90-იანი წლების სიმძიმე კი ქმართან ერთად სოფლის მეურნეობის გაძღოლით გადაიტანა. ჰყავდათ ძროხები და ამუშავებდნენ მიწებს და ასე მოყვანილი პროდუქციით ირჩენდნენ თავს.

დალი მეუღლის დაღუპვის შემდეგ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა-შვილის შემოსავალი 365 ლარია, 82 წლის ქალის პენსია.

„ხანდახან დღიურ სამუშაოზე ეძახიან ხოლმე ჩემს შვილს. როცა კარგადაა, დადის და მუშაობს. რაღაცებს რომ ანგრევენ, ბლოკის ამოღებაზე მუშაობს. დახმარება ვთხოვე სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენი ოჯახის სახელზე მიწაა დარეგისტრირებული. მითხრეს, კი გაქვს ქულა დაბალი, მაგრამ მიწის გამო ვერ მიიღებ დახმარებასო. არადა, წლებია ის მიწა არ დაგვიმუშავებია. იმის დამუშავების ძალა სად მაქვს?“ – კითხულობს დალი დოღონაძე.

დალი დოღონაძე ბოლო წლებში სოფელ გელათში, მისი სახლის მეზობლად მდებარე აგროტურისტულ სასტუმრო სახლში მუშაობდა – ხაჭაპურებსა და მჭადებს აცხობდა.

დალი დოღონაძე - ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

სწორედ აგროტურისტულ სახლში იპოვა ის გრაფიტის ავტორმა, საშა კორბანმა, ფოტო გადაუღო და შემდეგ ქუთაისის ცენტრში, შენობის ფასადზე გადაიტანა.

დალის გრაფიტთან დაკავშირებით ორმაგი ემოციები აქვს. ერთი მხრივ, ძალიან მოსწონს ის პოპულარობა და ხალხის სიყვარული, რაც ნახატმა მოუტანა, მეორე მხრივ კი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ამ სიხარულს თრგუნავს.

„რად მინდოდა დახატვა მე? მე ეგ არ ვიცოდი, თორემ მაგას არ დავახატვინებდი. რა გაკეთდა ჩემთვის? არაფერი. კი, კარგია პოპულარობა, სახელიც კაია, მაგრამ მარტო სახელი რათ მინდა, მაგალითად, მითხარით?“ – ამბობს დალი.

მაგრამ კითხვაზე, თუ რა ემოციები გაუჩნდა, როცა საკუთარი თავი ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე, კედელზე დახატული დაინახა, ასე პასუხობს:

„ისე, ერთი მხრივ, გამიხარდა. ხალხი რას მეუბნება, იცი? რა გამოვიდა შენთვისო? მაგრამ მაინც კაია. რომ მივდივარ, ხალხი მცნობს. ყველის გამყიდველები რომ დამინახავენ, ეეეე, დალი ბებო მოდისო, იწყებენ ხმამაღლა გადაძახილს. რა ამბავია ნეტავ იცოდე“.

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც დალი დოღონაძის გრაფიტია, ყველის გამყიდველებს აქვთ დახლები. დალის ამ ქუჩაზე ყველა იცნობს, რადგან სამი ათეული წელია სოფლიდან ყველი ჩააქვს გასაყიდად და გამყიდველებს აბარებს. დალი იხსენებს, რომ როცა პირველად გადაიღეს მასზე რეპორტაჟი, უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს. მიდიოდნენ მასთან და ფოტოებს იღებდნენ.

დალი ახლა ვეღარ მუშაობს. თვალის ოპერაცია გაიკეთა. შესაბამისად, ის დამატებითი შემოსავალი, რაც პენსიის გარდა ჰქონდა, აღარ აქვს.

„ექიმმა ამიკრძალა მუშაობა. ნაკვერჩხალს გამოსხივება აქვს და არ მოუხდება შენს თვალსო.

მეც ვატყობ, რომ აღარ შემიძლია. სანამ იქ ვმუშაობდი, უკეთ ვიყავი. ტურისტებიც მჩუქნიდნენ პატარ-პატარას. ახლა ვეღარ ვმუშაობ, მაგრამ მიხარია, ტურისტები რომ მოდიან. სულ მკითხულობენ, დალი ბებო სადააო, გადავდივარ ხოლმე და ვნახულობ. მეხვევიან, მკოცნიან, მიხარია. მაიკოც, აგროტურისტული სახლის მეპატრონე, ძალიან მეხმარება,” – გვიყვება დალი დოღონაძე.

კითხვაზე, რას განიცდის ყველაზე მეტად, დალი კითხვითვე გვპასუხობს.

„ყველაზე მეტად უქონლობას განვიცდი. სარეცხი მანქანა ჩემთვის არაა და მაცივარიც გაფუჭებული მაქვს. ამ სიცივეში გარეთ გარეცხო რამე როგორია?“

დალი დოღონაძე

დალი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ერთადერთხელ დაეხმარა. ქარმა მის სახლს სახურავი გადახადა, ტყიბულის მერიამ კი სახლის გადახურვა დაუფინანსა.

„ტელეფონი ჩემმა მეზობელმა მაიამ მაჩუქა, ტელევიზორი შვილიშვილმა მომიტანა. სხვა თუ რამეს ხედავ, ყველაფერი სხვისი მოცემულია,“ – ამბობს დალი.

დალის თქმით, ბოლოს ყველაზე მეტად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაუხარდა.

„ევროპა ძაან კაია. ხალხისთვის თუ შეიქმნა, ძალიან კარგი იქნება. ჩემი ასაკის ადამიანს სიმშვიდე, მშვიდი, კარგი ცხოვრება სჭირდება. ჩემი ხნის ხალხს მეტი რა უნდა. კარგი ცხოვრება როგორია? კარგი საჭმელი, სასმელი რომ გექნება. სახლში კარგი ავეჯი, სულ სხვის ნაჩუქარ რაღაცებში რომ არ იყო“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 347 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 5 783 ერთეული [+44]
  • ჯავშანტექნიკა – 10 752 ერთეული [+60]
  • საარტილერიო სისტემა – 8 175 ერთეული [+38]
  • MLRS – 926 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 610 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 290 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 610 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 822 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 1 198 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 553 თვითმფრინავი
  • 259 ვერტმფრენი
  • 9 861 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 165 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 382 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 437 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე

„პროცესის პოლიტიზების მე არაფერი მინახავს ნამდვილად. არ შემიმჩნევია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ“ – ამბობს მარინა ბერიანიძე, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლაში წელს მეორედ გახდა დირექტორი. „ბათუმელები“ მას, როგორც განათლების სამინისტროს მიერ წელს დაჯილდოებულ მასწავლებელს, სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მარინა, არის თუ არა ის რეფორმები თქვენთვის გასაგები და მისაღები, რის შესახებაც ისაუბრა სამინისტრომ? 

რომ გითხრათ, ყველაფერს ფუნდამენტურად გავეცანი-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის. ბევრი მიმართულებით ვარ დაკავებული. თვალს ვადევნებ, რასაკვირველია.

რა მიმართულებითაც არის პრობლემები და შინაურულადაც გვისაუბრია ამაზე პედაგოგებს და პრეტენზიებიც გვაქვს ხოლმე, ყველაფერზე იყო აქცენტი ამ პრეზენტაციაზე.

დაწყებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, სახელმძღვანელოების გადახედვაზეც არის ლაპარაკი, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ანაზღაურებაზე კარგი ინფორმაციები გვაქვს, სქემის გადახედვაზე და არა გაუქმებაზეა საუბარი, იმიტომ, რომ განვითარების გარეშე პედაგოგი ვერ დადებს შედეგს.

ასევე, სახელფასო დანამატებისა და ხელფასის გამიჯვნა, ეს ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. ზუსტი, დეტალური ინფორმაცია ალბათ კიდევ მოგვეწოდება.

  • თქვენ ბიოლოგიას ასწავლით სკოლაში და როგორც ვიცი, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებს ყველაზე ცოტა საათები გაქვთ. თქვენ რამდენი საათი გაქვთ და რამდენი ლარით გაიზრდება თქვენი ხელფასი ივლისში?

ზოგადად ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის საათები ცოტაა, დაახლოებით 10-11 საათია მხოლოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც საბუნებისმეტყველო საგნების საგნობრივი ჯგუფი შეიქმნა, პედაგოგებს უფლება აქვთ, ამ საგნობრივი ჯგუფიდან შეივსონ საათები, თუ აქვთ კომპეტენცია, რა თქმა უნდა.

რეგიონებში ჩვენ პროგრამა – „ასწავლე საქართველოსთვის“ გვეხმარება ამ დანაკლისის შევსებაში. მე 15 საათი მაქვს ბიოლოგია და ერთი კლასი მაქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების.

  • რამდენი ლარით გეზრდებათ ხელფასი, 500-ით თუ ნაკლებით?

ჩემი აზრით, ეს იქნება დაახლოებით 800 ლარის ფარგლებში. არ ვიცი ზუსტად, არ გამომითვლია.

  • მაშინ რაზე დაყრდნობით ელოდებით 800 ლარით გაზრდას, თუ ჯერ პრინციპი არ ვიცით?

ზოგადად ემატება ყველას და როგორც მე მივხვდი, სრული დატვირთვის შემთხვევაში მაქსიმალურად მოემატება და გარდა ამისა, მენტორი ვარ და შესაბამისად, უფრო მაღალ ანაზღაურებას ველოდები.

  • თქვენი 15 საათი ითვლება სრულ დატვირთვად?

სრული დატვირთვა არის 18 საათი, მაგრამ სტატუსის დანამატი რომ სრულად ანაზღაურდეს, 15 საათია საჭირო. თუმცა ამჯერად დანამატების ცვლილებაზე არ არის ლაპარაკი, საბაზო ხელფასი იზრდება და ეს ეხება ყველა პედაგოგს.

თუმცა არსებობს ხელფასის გამოთვლის კონკრეტული სქემა და ყველას შეუძლია თავისუფლად გამოთვალოს ელემენტარული არითმეტიკის ცოდნის პირობებში.

აქ გათვალისწინებულია, რა სტატუსი აქვს პედაგოგს – მაგისტრია, საშუალო განათლებითაა, ბაკალავრია თუ სხვა. ამიტომ, რა ტიპის გამოსაანგარიშებელი სქემა დაიდება, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ივლისამდე მოგვაწვდიან ალბათ.

  • თქვენთვის მისაღებია ის მოდელი, რაც შემოგთავაზათ სახელმწიფომ? აკმაყოფილებს მასწავლებლის საჭიროებებს?

კაცი უნდა ეყოს ხელფასსო ნათქვამია და ამას ვიზიარებ. ვინ რამდენად ბოლომდე კმაყოფილი დარჩება ამ ხელფასით, ვერ გეტყვით. ზოგისთვის საკმარისი იქნება, ზოგისთვის – არა. გააჩნია. მე ზოგადად მომწონს, არა უშავს. ასეთი მასშტაბის ზრდა საერთოდ არ მახსოვს, რომ ყოფილიყო.

  • თქვენი კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ მასწავლებლები არსებული სისტემის გამო არიან გადაღლილები, გადამწვარი და ასე შემდეგ. თქვენი აზრით რატომ, რა პრობლემებს ხედავთ სასკოლო სისტემაში?

რაღაც ტიპის პრობლემები არის. პრობლემაა ისიც, რომ შეიძლება რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იყოს საკმარისი. ჩვენი სკოლაც ამ წუთას კაპიტალურ რემონტშია და განახლებული ჩაგვბარდება, მაგრამ ზოგადად რესურსების პრობლემა არის.

  • ქალაქის სკოლებშიც კი, პედაგოგები ამბობენ, რომ მხოლოდ დაფით და ცარცით ვერ გაზრდიან თანამედროვე თაობას. თქვენ თუ გაქვთ სკოლაში ლაბორატორია ან სხვა საჭირო რესურსები?

დიახ, სწორი შენიშვნაა, თუმცა აქაც არის „მაგრამები“. დაფის და ცარცის გარდა ხომ არსებობს კომპიუტერი? მასწავლებლების აქტიურობაც კარგია ზოგჯერ. ათასი კონკურსია, ათასი საგრანტო პროგრამა და სკოლას შეუძლია მოიპოვოს რესურსები. ასე ვართ ჩვენც სხვადასხვა პროექტში ჩართული. ჩვენ გვქონდა აინშტაინის ლაბორატორია სკოლაში და კარგად ვიყენებდით, მაგრამ ამ სკოლაში, ახლა სადაც ვართ, მსგავსი ლაბორატორია არ არის.

ჩართული ვართ „სტემში“, „ჩხირკედელას“ პროექტში და გვეხმარებიან რესურსებით. ვიცი, რომ აქ მოტივაცია გასაზრდელია, რადგან პრაქტიკულად თუ არ დაინახა რაღაც ბავშვმა, ნაკლებად დაინტერესდება საგნით. გარდა ამისა, ითქვა, რომ 2027 წლამდე ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს და ჰქონდეს ყველა რესურსი, რაც საჭიროა სწავლა-სწავლებისთვის.

  • რას ფიქრობთ იმ პედაგოგებზე, ვინც საათების სიმცირის გამო იძულებულია რამდენიმე სკოლაში დასაქმდეს?

ჩემი აზრით, ეს არის პიროვნებაზე დამოკიდებული, ინდივიდუალური ამბავია. მეც მყავს ასეთი კოლეგები სკოლაში, მაგრამ ამის გამო გამოფიტული არ არიან. სავსე არიან ენერგიით, აქტიურები არიან და გადაწვის არაფერი ეტყობათ.

ქალაქში შეიძლება უფრო ძნელია, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ.

ასეთი ვითარება უფრო საბუნებისმეტყველო საგნებთან გვხვდება, საათებიც არასაკმარისია და სერტიფიცირებული კადრებიც ნაკლებია.

  • თქვენი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა როგორი უნდა, რომ ამ მიმართულებით უარეს კრიზისში არ აღმოჩნდეს სკოლა წლების შემდეგ?

როდესაც სერტიფიცირების პროცესები დაიწყო, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის შეღავათი იყო ის, რომ თუკი სკოლაში არ იყო საკმარისი საათი, მათ მაინც ეძლეოდათ სტატუსის სრული დანამატი. თუმცა ეს იყო სასაცილო დანამატი, 75 ლარზე იყო ლაპარაკი.

შემდეგ, საგნობრივი ჯგუფები როცა შეიქმნა, შეგვეძლო სხვა საგნებიდანაც შეგვევსო საათები.

უნივერსიტეტებშიც ამ მიმართულებებზე სწავლა უფასოა და ხელს უწყობს სახელმწიფო ახალგაზრდების დაინტერესებას.

  • მაგრამ ფაქტია, რომ ვერ დააინტერესა და არც მდგომარეობა იცვლება. რატომ?

არ ვიცი. ალბათ შეიძლებოდა რაღაცის კიდევ გაკეთება.

  • წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს სკოლებში, თქვენს საგნებში როგორია ვითარება?

წაკითხულის გააზრება ბავშვებს კი არა, იმდენ მოზრდილს უჭირს… შევდივარ კლასში და ვკითხულობ, „სად არის ეს მოსწავლე, ბავშვებო? მპასუხობენ – „არ არის“. ვეუბნები, მე გეკითხებით, სად არის? და რომელი პასუხი უნდა გქონდეთ ამ კითხვაზე?

ალბათ საჭიროა ტექსტებზე მეტი მუშაობა და მეტი დაკვირვება, რადგან ასე გვაქვს საქმე.

შეიძლება შიოდეს ბავშვს, მაგრამ იმიტომ, რომ დილით არ ჭამს. თუ ვერ ასწრებ, წაიტეხე რამე, – ვეუბნები ხოლმე. ეს არის პრობლემა. თუმცა ალბათ არის ისეთიც, ვისაც აქვს საკვების პრობლემაც.

ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს სკოლაში და რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ კვება დაინერგება სკოლებში. თუმცა ამასაც სჭირდება ინფრასტრუქტურა.

  • რადგან დირექტორიც ხართ, მინდა გკითხოთ სკოლების დამოუკიდებლობაზე. წელს იყო დირექტორების არჩევნები და ბევრი თქვენი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ პროცესი იყო ზემოდან მართული და არაგამჭვირვალე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

თავისუფლებას რაც შეეხება, ბოლო ცვლილებებით რაც დაანონსებულია, იმდენი თავისუფლება აქვთ სკოლებს, რომ ვფიქრობ, იქეთ არ შეიქმნას მერე პრობლემა.

თუნდაც შეფასების სისტემა ავიღოთ, ყველაფერში თავისუფლება გვაქვს, იქნება ეს კურიკულუმები, შემაჯამებლები თუ სხვა.

არჩევნებს რაც შეეხება, ალბათ უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, რადგან დირექტორიც ვარ ამ სკოლაში, მეორე ვადით ამირჩიეს.

  • თქვენც ერთი კანდიდატი იყავით, თუ რატომ გეუხერხულებათ?

ერთი იმიტომ ვიყავი, რომ მეტი არავინ იყო მსურველი.

ჩვენთან კი არა, ძალიან ბევრ სკოლაში არ იყვნენ საკმარისი კანდიდატები იმ მიზეზის გამო, რომ არ არიან სერტიფიცირებულები.

  • გიორგი ჭაუჭიძეს ხომ იცნობთ? სერტიფიცირებული კანდიდატია და არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც, არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ?

როგორ არ ვიცნობ, მაგრამ მე რასაც ვუსმინე მინისტრს, მან თქვა, რომ როცა ის დაინიშნა, პროცესი უკვე დაწყებული იყო და მას უბრალოდ დაკვირვება მოუხდა.

  • „პროცესი დაწყებული იყო“ რას ნიშნავს? მას აქვს სერტიფიკატი და კადრების დეფიციტის მიუხედავად, ის არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. ჭაუჭიძის გარდა კიდევ ბევრია ასეთი და ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?

ეს დეტალი ნამდვილად არ ვიცი. არც ის ვიცი, რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლა არასერტიფიცირებულებსაც აძლევენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

მე პოლიტიზების არაფერი მინახავს, ნამდვილად. არ შემიმჩნევია. ეს რომ შემემჩნია, თანამშრომლობა აღარ შედგებოდა. არ არსებობს ასეთი რამ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ არც სუსი, არც მმართველი პარტია არ ერევა დირექტორების არჩევნებში?

საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის სუსი, თუ დამიჯერებთ. შემიძლია დავიფიცო. ვისაც სად უნდა, როგორ უნდა, იქ არის. არანაირი ზეწოლა, მით უმეტეს წალკაში.

  • არც არჩევნების გამო დაანონსდა ხელფასების მატება?

ჩვენ სულ არჩევნებში ვართ და რატომ არის ასეთი განწყობა, არ ვიცი. აბა, როდის უნდა გააკეთონ, რომ არჩევნებს არ დაუკავშირდეს?!

ის, რის გაკეთებასაც აპირებენ, თუ გაკეთდა, ნამდვილად შეცვლის მდგომარეობას.

რაც სკოლაში გამოცდები მოიხსნა, ბავშვები რაღაცნაირად მოეშვნენ, ამიტომ ამაზეც არის საუბარი, რომ რაღაც საფეხურზე დაინერგოს ბავშვების შეფასება. საუბარია პროფილურ და პროფესიულ სწავლებაზეც. ამ სიახლით ყველა ვართ კმაყოფილი ჩვენს სკოლაში.

2027 წლამდე ყველა პრობლემა მოიხსნება. მე იმედიანად ვარ და ამ წუთას არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ხელისუფლებას არ ვენდო.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 3გრადუსი
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

ზღვაზე: ღელვა ღამით: 4-5 ბალი, დღისით: 4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს დახმარება სჭირდება – მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს

პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილი ორწლინახევრის ლაზარე ნაკაშიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭირობა..

შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მოხდა.

„ბათუმელებს“ ლაზარეს ნათლია, ირინა ხოროშევა ესაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ლაზარე თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, თუმცა ხვალ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ოპერაციისთვის.

„კარაპს მედლაინში“ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, მაგრამ რადგან კლინიკა კერძოა, სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხის გარეშე კი ბავშვს ოპერაციას არ უტარებენ.

40 ათასი ლარია საჭირო ოპერაციისთვის“- გვეუბნება ირინა ხოროშევა.

მისი თქმით, სულ ცოტა, სამი ოპერაციაა გასაკეთებელი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ოპერაციაა.

„უნდა გადაუნერგონ სკალპი და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან აიღონ კანი. ამ დროისთვის ბავშვს ანტიბიოტიკური თერაპია უტარდება“ – გვითხრა მან.

ლაზარეს დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

თიბისი – GE97TB7357545061100080

მიმღები: ლუიზა ხამათაშვილი [ბავშვის დედა]

პიტბულმა ლაზარეს 5 წლის ძმაც დაკბინა. თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

„ფეხზე აქვს საკმაოდ ღრმა ჭრილობა, თუმცა ოპერაცია არ დასჭირდება.

საავადმყოფოში წავიყვანეთ, იმიტომ, რომ ბავშვს მაღალი სიცხე მისცა და ხველება დაეწყო. თუმცა, საავადმყოფოში შესვლისთანავე აქაც თანხაზე დამიწყეს ლაპარაკი.

საყოველთაო დაზღვევა თურმე არ აფინანსებს 5 წლის ბავშვის პირველად დახმარებას“- გვეუბნება ირინა. ბავშვი ამ დროისთვის საავადმყოფოში წევს.

როგორ აღმოჩნდა პიტბული სოფელში? – ვკითხეთ ირინა ხოროშევას.

მისი თქმით, პიტბულის ჯიშის ძაღლი სოფელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

„სავარაუდოდ მიტოვებული ძაღლია, რადგან ჩვენი უბნის, ან სოფლის ძაღლი არ არის. წინა ღამეს გამოჩნდა და მეორე დღეს, სახლის ჭიშკართან იყო მოსული. ამ ჭიშკართან დაკბინა ბავშვებიც.

როგორც ვიცი, ყველა სახლის ეზოში იყო მისული.

ჩამოჰყავთ ხოლმე ძაღლები და ასე ტოვებენ. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები ჩვენს სოფელში. თან გზასთან ახლოს ვცხოვრობთ და სულ გვხვდება მიტოვებული ძაღლები. გააჩერებენ მანქანას, ჩამოყრიან ძაღლებს და მიდიან.

მაგრამ პიტბული გაიმეტო გზაზე ჩამოსასმელად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სიკვდილზე მოაწერო ხელი“ – გვეუბნება ირინა.

მისი თქმით, როცა ძაღლი შენიშნა, შესაბამის სამსახურში დარეკა, თუმცა ძაღლის გადასაყვანად 250 ლარი მოითხოვეს.

„250 ლარი მომთხოვა პირადად მე. კერძო კომპანია ვარ და ძაღლის გადაყვანა ასე ჯდებაო. რამდენი ძაღლი უნდა ჩამოაგდონ თვეში – 10, 20, 30? როგორ ფიქრობთ, რამდენ ოჯახს აქვს სოფელში ამდენი თანხა, რომ ამდენი ძაღლის გადაყვანაში გადაიხადოს?

მერიამ უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება“ – ამბობს ირინა ხოროშევა.

მისი თქმით, ამ დროისთვის პიტბული თავშესაფარშია გადაყვანილი და დაკვირვების ქვეშაა.

რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომში | 17 დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 346070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1250]
  • ტანკი – 5 739 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 10 692 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 8 137 ერთეული [+37]
  • MLRS – 923 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 609 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 278 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 610 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 766 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 1 194 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 553 თვითმფრინავი
  • 259 ვერტმფრენი
  • 9 836 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 407 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

ემინ უჩარი ბათუმში 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბიზნესმენი ემინ უჩარი ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 7 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. შესაბამისი დოკუმენტებით ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართეს. ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ავტორი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველია.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ემინ უჩარის კომპანია შპს „MAQRO“  კახაბრის ქუჩაზე #48-ში რვა ჰექტარზე მეტ ტერიტორიას [87 386 კვ.მეტრი] ფლობს. ტერიტორია სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მერიის რუკაზე მოცემული ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია, სადაც დადგენილი კ2 კოეფიციენტია 1.8.

კომპანია მერიას სწერს, რომ გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ჯამში შვიდ შენობას გააერთიანებს და განმარტავს, რომ დაგეგმილი შენობები მაქსიმუმ 50-სართულიანი იქნება:

„ამ შენობებში განთავსდება როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული, სასტუმრო, გასართობი და გამწვანებული ფართობები, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.“

კომპანიამ მერიას ტერიტორიის განაშენიანების სავარაუდო კონცეფცია წარუდგინა – რენდერი დოკუმენტიდან
კონცეფცია

კომპანიას კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე მერიასთან შეთანხმება სჭირდება, ამიტომაც სთხოვს მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადების თაობაზე დავალება ოფიციალურად მისცეს.

დავალების გაცემისას მერია კომპანიას მისცემს კონკრეტულ მითითებებს, თუ რა კვლევები უნდა წარუდგინოს დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით.

რენდერი

 

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, გამოსცა ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ზემოთ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებისა და დამტკიცების შესახებ. გდგ დოკუმენტს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ამტკიცებს ბათუმის საკრებულო.

შპს „ MAQRO“ საქართველოში 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს ბიზნესმენი ემინ უჩარი ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

ემინ უჩარი საქართველოში ფლბს ასევე შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“, შპს „მაქრო ფუდსა“ და „მაქრო ტურიზმს“.

ემინ უჩარი საქართველოში მსხვილ ბიზნესს და ქონებას ფლობს. მან ბიზნესსაქმიანობა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის რეგიონში დაიწყო. ცნობილია მის კავშირებზე ამ რეგიონის მმართველთან ვასიფ თალიბოვთან.

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე – 448 ათასი ლარი დაიხარჯება ჰონორარებში

ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი.

„შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით, ბათუმში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე], ქალაქის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყგობას და მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც 2023 წლის 25 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება.

ღონისძიებები სხვადასხვა კულტურულ და სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კულტურის ცენტრმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერები, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა დეკორაციის დამზადებას, ბეჭდვით მომსახურებას, სცენების დადგმასა და მორთვას და სხვ. გამარჯვებული გამოვლენილია და გაფორმებულია ხელშეკრულებაც.

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატურად გაფორმებული სივრცეები, თოვლის ბაბუას [სანტას] სახლი და სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი.

გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, ელექტრონული ლაივ შოუები, მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები.

ასევე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

2023 წლის 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე გაიმართება საახალწლო გალა კონცერტი“, – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოსგან მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას.

„ძირითადად აქცენტი გაკეთდა ცნობილ და ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლებზე. გასათვალისწინებელი იყო ასევე, რომ ვინაიდან საახალწლო-საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო და კულტურული ღონისძიებები, შესაბამისად ბათუმში დაგეგმილი კონცერტებისთვის კონკრეტული კულტურული კოლექტივების საბოლოო შერჩევა დამოკიდებული იყო მათ დროით გრაფიკზე, რამდენად შეძლებდნენ შეთავაზებული პირობებისა და ვადების მიხედვით კონცერტებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, ბათუმის მერის ბრძანებით, შექმნილმა კომისიამ 13 დეკემბერს დაამტკიცა საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებათა პროგრამა [ასევე საკონცერტო] და განისაზღვრა მონაწილე თითოეული ბენდი, სტუდია და სოლო შემსრულებლები.

ასევე, „ვინაიდან საახალწლო კონცერტების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს და ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს… ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად საავტორო სამუშაოსთან არის დაკავშირებული, შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა კი მოითხოვდა განსაზღვრულ ვადებს, რასაც შესაძლოა, ღონისძიების შეფერხებით ჩატარება ან ჩაშლა გამოეწვია.“

ღონისძიებებში მონაწილეების სია და გრაფიკი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ, ცხრილებში:

25, 26, 27, 28 და 29 დეკემბერი

31 დეკემბერი 

2, 3, 4, 5 და 7 იანვარი

ბათუმში საახალწლო სამზადისი დაწყებულია.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

„რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციას აფუძნებს

ახალშექმნილი პარტია, „რეგიონები საქართველოსთვის“ ბათუმში რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს. ლიდერები ახალშექმნილი პარტიის აქტივს სასტუმრო „რედისონში“ ხვდებიან.

„რეგიონები საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ „მოწყენილობას აღმოფხვრის“, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი.

„ეს არის პირველი შეხვედრა რეგიონებში და ჩვენ ვაპირებთ ეს პროცესი გაგრძელდეს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და პოლარიზაციის პირობებში კიდევ ერთი ახალი პარტია პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების მიზნით საჭიროდ გვესახება. ისეთ რთულ და გარდამტეხ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც მმართველი გუნდი მოსწონს და არც ოპოზიციური პარტიები ეიმედება, ვიაზრებთ რა ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება დაფუძნდეს თავისი წარმომადგენლობით ერთ-ერთი მრავალფეროვანი პარტია „რეგიონები საქართველოსთვის“, რომლის მიზანია წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.

კანონის უზენაესობაზე, ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიების ჩამოყალიბება, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, მათი უფლებების დაცვისა და განხორციელების უზრუნველყოფა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა“, – ნათქვამია პარტიის  განცხადებაში.

რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

Exit mobile version