ზემო აჭარაში გზებზე მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებით და ჯაჭვებითაა რეკომენდებული

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით – აცხადებს დღეს, 14 იანვარს, აჭარის გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და „ყველა მიმართულება ეტაპობრივად გაიწმინდება“.

მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / გზების დეპარტამენტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 14-დან 17 იანვრის ჩათვლით აჭარაში უმეტესად უანალექო ამინდი იქნება.

ამასთან, აჭარის ტერიტორიაზე ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით მოძრაობა სავალდებულოა ბათუმი ახალციხის გზის ქედა-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე:

იანვრიდან გზების ნაწილზე მოძრაობისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო იქნება-ახალი კანონი

 

აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

„აჭარაში მივიწყებული ხალხური თამაშობებისა და სათამაშოების კვლევაზე, ხოლო კვლევის ფარგლებში შესწავლილი მასალით გზამკვლევის მომზადებაზე“, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ, 45 ათასი ლარით, ტენდერი გამოაცხადა.

„შესყიდვის ობიექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული თამაშებისა და სათამაშოების მოძიება, შესწავლა, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა და ამით აჭარაში არსებული და მივიწყებული ხალხური თამაშებისა და სათამაშოების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ტენდერში აღნიშნულია, რომ „ძველი თამაშების მივიწყება და თამაშების პრაქტიკიდან მათი ამოგდება წყვეტს კავშირს თაობათა შორის, დღის წესრიგში აყენებს ტრადიციული კულტურის ტრანსლაციის პრობლემას. ამიტომ საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა.“

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტით ასევე გათვალისწინებულია „ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს კი, საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც.“

კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებებით: საბავშვო თამაშები – მოზრდილების გართობა-თამაშობანი და სათამაშოები.

რაც შეეხება გზამკვლევს, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ გზამკვლევში სააგენტოსთან შეთანხმებით ყურადღება უნდა დაეთმოს, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ თამაშობებსა და სათამაშოებს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

„გზამკვლევი უნდა იყოს არაფორმალური სტილით დაწერილი, წასაკითხად საინტერესო, უნდა გადმოსცემდეს ინფორმაციას ლაკონიურად, აქცენტს აკეთებდეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშობებსა და სათამაშოებზე.“ – აღნიშნულია ტენდერში.

წინადადებების მიღება ტენდერში 2024 წლის 21 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

კვლევა უნდა ჩატარდეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო კვლევის მასალები და ტენდერით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები სააგენტოს 90 დღეში სრულად უნდა ჩაბარდეს.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამავე თემაზე:

ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთმა ომში დღემდე 370 ათასი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 370 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 6 075 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 302 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 8 747 ერთეული [+19]
  • MLRS – 957 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 648 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 861 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 814 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 667 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 353ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 664 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 729 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 455 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

ბორის აკუნინი რუსეთში უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანეს

მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) რუსეთში ჯერ ტერორისტების სიაში შეიყვანეს, ახლა კი უცხოელ აგენტად გამოაცხადეს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ 12 იანვარს განაახლა „უცხოური აგენტების“ რეესტრი და აგენტების სიაში, აკუნინის გარდა, შეიყვანეს: გამოცემა „ხოლოდი“, ტელეგრამის არხის ავტორი ანდრეი კურშინი, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ალექსანდრე მინკინი და ყოფილი მუნიციპალური დეპუტატი ანტონ სოკოლოვი.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მათგანი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ განხორციელებას, როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში.

ბოლის აკუნინთან დაკავშირებით რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მწერალმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების შეგროვებაში.

აგენტად გამოცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2023 წლის დეკემბერში, რუსეთის ხელისუფლებამ აკუნინი „ტერორისტების და ექსტრემისტების“ სიაში შეყვანა და საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ მწერლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ამბების“ და ტერორიზმის საჯარო გამართლების მუხლით.

„წერენ, რომ დღეს უცხოელ აგენტად გამომაცხადეს. ეს მე, ტერორისტი და ექსტრემისტი? თავს ბინ ლადენად ვგრძნობ, რომელსაც არასწორი პარკირების ჯარიმა გამოუწერეს“ – ასე გამოეხმაურა ბორის აკუნინი ტელეგრამზე ინფორმაციას მისი აგენტად გამოცხადების შესახებ.

მწერალმა 2013 წელს დატოვა რუსეთი და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

ამავე თემაზე: 

რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

 

ბათუმში ღამით ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13  იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, მთაში – თოვა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 15 იანვარს გამოიდარებს და 15-16 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში გაზი გაითიშა – როდის დაიწყება ჩართვა

დღეს, 13 იანვარს, ბათუმის მინიციპალიტეტის რიგ ქუჩებზე გაზი გაითიშა.

„სოკარის“ ცნობით, მიზეზი გაზსადენზე მომხდარი ავარიაა და გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 13 იანვარს, 18 საათიდან, ეტაპობრივად.

„გთხოვთ, გაზის დანადგარები იქონიოთ ჩაკეტილ მდგომარეობაში“ – ნათქვამია კომპანიის შეწყობინებაში.

„ბათუმელები“ კომპანია „სოკარში“ აზუსტებს ინფორმაციას, თუ რა გახდა გაზის გათიშვის მიზეზი და რამდენ აბონენტს არ მიეწოდება გაზი დღეს ბათუმში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 369 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700]
  • ტანკი – 6 065 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 11 269 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 8 728 ერთეული [+18]
  • MLRS – 957 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 646 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 848 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 806 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 632 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 1 345ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 641 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 448 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 588 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 704 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 376 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბლუმბერგი: აშშ-ი ზელენსკის ომის უფრო მკაფიო გეგმას მოსთხოვს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

რატომ არ ასრულებს ივანიშვილი მწვანე კონცხზე აღებულ ვალდებულებას, სადაც 5 ჰა. მიწა გადასცეს

მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი.

ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შესყიდული ტერიტორიის მიმდებარედ შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიწის ნაკვეთი 2017-2020 წლებშიც შეისყიდა და, საბოლოოდ, ამ ფართობების ერთ კოდზე გაერთიანებების შემდეგ, საკუთრებაში 5 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა [49 511 კვ. მეტრი].

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას აქ მშენებლობის  ნებართვის მიღებიდან 4 წელში მრავალფუნქციური შენობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, 5 წლის ვადაში კი შენობა ექსპლუატაციისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირობებში ასევე ვკითხულობთ:

„მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში უნდა განათავსოს სასტუმრო-არანაკლებ 150 ნომერი, ავტოსადგომი, ღია და დახურული ტიპის აუზები, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. აღნიშნულ პროექტში უზრუნველყოს არანაკლებ 33 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.“

სამინისტრომ დოკუმენტში ასევე ჩაწერა, რომ მყიდველს უფლება აქვს გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების, მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით შეძენილი უძრავი ნივთი იპოთეკით დატვირთოს.

კომპანიას მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია, შესაბამისად, არც სასტუმრო გაუხსნია.

ბათუმის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა 2018 წელს დაუმტკიცა.

დადგენილების დანართის მიხედვით, რომელიც მაშინ კომპანიამ წარადგინა, დასაგეგმარებელი ტერიტორია ექვს საკადასტრო ერთეულს მოიცავდა, რომელიც პირობითად სამ ზონად იყო დაყოფილი.

ესკიზი

დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, არსებული შენობების რეაბილიტაციასთან ერთად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია დასასვენებელი კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა.

პროექტის მიხედვით, პირველ ზონაში განლაგებული უნდა იყოს „თაუნჰაუსის“ ტიპის შენობები, გასაქირავებელი სეზონური სახლები და სასტუმრო.

მეორე ზონის პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის რეაბილიტაციას, რომელიც დაიბრუნებს სასტუმროს ფუნქციას. ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება დამხმარე ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობა და ღია აუზი [სპა ].

მესამე ზონა მოიცავს აპარტოტელის, სასტუმროს, გასაქირავებელი სახლების, რესტორნისა და აუზის კომპლექსს, სადაც გათვალისწინებულია ნაკვეთზე არსებული ორი შენობის რეაბილიტაცია და სასტუმროს ფუნქციით დატვირთვა.

რენდერი

2017 წელს კომპანიამ შესყიდული ნაკვეთების გასწვრივ პლაჟიც მოითხოვა, საიჯარო წესით 49 წლის ვადით.

2019 წლის სექტემბერში შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ადრე შეთანხმებულ პროექტში ცვლილება მოითხოვა და მაშინდელი მერის, ლაშა კომახიძის ბრძანების შესაბამისად, ახალი ნებართვა მიიღო 2021 წლის 10 სექტემბრამდე ვადით.

დოკუმენტების მიხედვით, 2020 წლის 26 აგვისტოს [N896 ბრძანება] კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის ვადა 2022 წლის აგვისტომდე გაუგრძელებიათ.

დოკუმენტების მიხედვით, 2021 წელს კომპანიამ მერიას ოფიციალურად აცნობა, რომ მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ცვლილება სჭირდება, რადგან სამი საკადასტრო კოდი გააერთიანა. შესაბამისად, გაიზარდა სამშენებლო ფართობიც. ამასთან, კომპანიამ სამშენებლო ნებართვის ვადის გაგრძელება მოითხოვა. თუმცა, მერიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კომპანიას განუმარტა, რომ  ნებართვას ვადა ისედაც 2022 წლის აგვისტომდე ჰქონდა: „მოთხოვნის საფუძველი არ არსებობსო.“

იმ დროს კომპანიამ 24-თვიანი გრაფიკი წარუდგინა მერიას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯერ 2020 და შემდეგ 2022 წელს ცვლილება შევიდა კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ცვლილების შინაარსს რეესტრის მონაცემები არ შეიცავს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ ვადების გაგრძელება ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

განაახლა თუ არა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის აგვისტოდან დღემდე, ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში არ პასუხობენ. შესაბამისად, არ ვიცით აქვს თუ არა ახლა კომპანიას მშენებლობის მოქმედი ნებართვა. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ მერიამ ივანიშვილის კომპანიის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის პროექტები დაბლოკა.

შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ ასივე პროცენტი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ ეკუთვნის. ეს ფონდი კი „ქართუს“ საკუთრებაა.

აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის

აჭარის მთავრობა ჩაქვში იმ სახლის სარესტავრაციო პროექტის ყიდვას გეგმავს, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. პარალელურად, აჭარის მთავრობა აღნიშნული ქონების პრივატიზებასაც განიხილავს, თუმცა რა პირობებით, არ ამბობს.

„ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. სატენდერო თანხა 70 ათასი ლარია.

„შესასყიდი მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის დოკუმენტების ანალიზის შედეგად. დოკუმენტაცია დაეგზავნა ელექტრონული ფოსტით ხუთ იურიდიულ პირს, საიდანაც მხოლოდ ოთხისგან მივიღეთ დოკუმენტაცია“ – აღნიშნულია კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველს „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 70 000 ლარის ჯამური ღირებულების ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება“.

პირობებში არის მოთხოვნები პრეტენდენტის პერსონალის [რესტავრატორი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი] გამოცდილების შესახებაც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 19 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა პროექტი კმდს-ს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა გადასცეს.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამასთან, ქონება კმდს-ზეა გადაცემული სარგებლობაში – „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნამდე ვადით“.

ჩაქვში, სანაპიროზე [ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში] მდებარე ეს ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.

სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს აჭარას – შემდგომში პრივატიზებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქ. N12-ში მდებარე 1379 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 348,20 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის პრივატიზების საკითხს.“

ამ თემაზე ვრცლად:

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც.

სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, რაშიც 7 315 132 ლარი დაიხარჯა

მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა 18 096 153 ლარამდე გაიზარდა.

შესაბამისად, გაიზარდა პროექტის საბოლოო ღირებულება და ამ დროისთვის შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოებში ჯამში 25,4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სამთავრობო პროგრამის – „განვითარებული რეგიონები“ ფარგლებში.

ფოტოები შარტავას გამზირიდან, სადაც ხეივნის რეკონსტრუქცია და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024 / ხედი ფიროსმანის ქუჩიდან
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024 /ხედი ფიროსმანის ქუჩიდან
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024 /აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე რკინის თაღში გამავალი ეს ხიდი ერთმანეთთან შარტავას გამზირის ხეივნებს აკავშირებს /ხიდი ჯერ არ არის დასრულებული
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე /ხედი აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით / 12.01.2024 /მარჯვნივ ბათუმის სტადიონი
ბათუმი, გმირთა ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024
ბათუმი, გმირთა ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024 / ამ ადგილიდან [გმირთა ხეივანი] 2 საფეხმავლო ხიდი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბასთან გადადის
ბათუმი, ხეივანი შარტავას გამზირზე / 12.01.2024 / აქ ერთი ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია

შარტავას გამზირზე სამუშაოების დასაწყებად ხეივნების ნაწილი 2021 წლის აგვისტოში შემოღობეს.

სამუშაოებს აქ ფაქტობრივად 2 კომპანია ასრულებს: „საბა კონსტრაქშენი“ და ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“ [ამ ამხანაგობაში შედიან: შპს „საბა კონსტრაქშენი“ და შპს Georgian Bridge Company].

2024 წლის 12 იანვრის მდგომარეობით ორთავე კომპანიისთვის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია ჯამში 22 923 467 ლარი.

„ყინულის შადრევანი“ [მარჯვნივ] და მის ადგილზე მშენებარე კონსტრუქცია შარტავსა გამზირზე ბათუმში. ეს კონსტრუქცია მშენებარე საფეხმავლო ხიდებს შორისაა
ხეივნის რეაბილიტაციას საბოლოოდ შეეწირა „ყინულის შადრევანი“, რომელიც ბოლო რამდენიმე წლებია ამორტიზებული იყო, თუმცა, ქალაქის მერიამ არც რეკონსტრუქცია მოახდინა მისი და არც დემონტაჟი.

„ყინულის შადრევნის“ ადგილზე დღეს ახალ კონსტრუქციას ამონტაჟებენ, თუმცა რას, ან რომელი პროექტის ფარგლებში? – ამ კითხვაზე პასუხს ბათუმის მერიიდან მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

გარკვეული დეტალების დაზუსტება „ბათუმელებმა“ დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთანაც სცადა, თუმცა ჩვენს ზარებს აქ არ უპასუხეს.

ამ თემაზე:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ბლუმბერგი: აშშ-ი ზელენსკის ომის უფრო მკაფიო გეგმას მოსთხოვს

შეერთებულ შტატებს სურს დაინახოს უკრაინის უფრო მკაფიო გეგმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის წარმოებისას. ეს თემა მომავალ კვირას დავოსში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად განხილვის საგანი იქნება.

Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ თემაზე ზელენსკისთან ისაუბრებს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. აშშ-ის ოფიციალური პირები ამ საკითხს უახლოეს კვირებში გაამახვილებენ ყურადღებას.

„ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ ზელენსკისა და მისი არმიის მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებული უთანხმოება აფერხებს ახალი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობას“, – წერს გამოცემა.

უკრაინელი სამხედროები ახლა ამუშავებენ გეგმას 2024 წლისთვის და განიხილავენ ვარიანტებს მრავალი სპექტრით. შეერთებულ შტატებს სურს განსაზღვროს, რა კუთხით მიმართოს თავისი მხარდაჭერა, რათა დაეხმაროს უკრაინას მომავალი წელს საკუთარი თავი დაიცვას.

კიევის პარტნიორები ამბობენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო სამხედრო სტრატეგიის შემუშავებას ამჟამინდელი პოზიციების დასაცავად და შემდგომში რუსული ხაზების გარღვევას.

___

დღეს კი ლატვიაში მყოფმა ზელენსკი იმაზე ისაუბრა, რომ ფრონტზე რთული მდგომარეობაა, რადგან „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. ამასთან, რუსები არ თმობენ საკუთარ მიზნებს“. მან ასევე განმარტა, რომ მტერი ჯერ კიდევ აკონტროლებს უკრაინის ცას, ამიტომ თავდაცვის ძალებს „განიერი ნაბიჯები წინ ვერ მიიწევენ“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში 2024 წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსული არმია ეცდება წინ წაიწიოს.

რაც შეეხება რუსეთს და მის ეკონომიკას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ეკონომიკა არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ადრე ყველა პირიქით ფიქრობდა. და რუსეთი დღეს „არავითარ შემთხვევაში არ შიმშილობს“.

ბუდანოვის პროგნოზი ასეთია: „ამ ტემპით მას (რუსეთის ფედერაციას) შეუძლია საკმაოდ დიდ ხანს გაძლოს“.

„დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდა რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

აჭარაში ორ ქალს 110 წელი შეუსრულდა, 35-მა ადამიანმა კი საუკუნეს გადააბიჯა

აჭარაში მცხოვრებ ორ ქალს ნაქიფე დავითაძესა და ფატყუმე დიასამიძეს 110 წელი შეუსრულდათ.

35 მოქალაქემ კი, ვინც აჭარაში ცხოვრობს 100 წელს გადააბიჯა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 5 კაცი და 30 ქალია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების” პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 35 მოქალაქეს 1000 – 1000 ლარი გამოეყო. აქედან ერთ მათგანს 100 წელი 2024 წლის 7 იანვარს შეუსრულდა“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე აჭარაში მცხოვრებ კიდევ 12 მოქალაქეს შეუსრულდება 100 წელი და ისინი ერთჯერად ფულად დახმარებას „საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ“.


მთავარი ფოტო: Maria Che

ბათუმში სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სასწრაფო ადგილზე გადაყირავდა.

ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება და მოტეხილობა მიიღო სასწრაფოს პერსონალმა.

ყველა მათგანი გადაყვანილია კლინიკაში.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავდა სამი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სანაპირო ზოლში თოვლჭყაპი, მთაში თოვა | როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა – ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 14 იანვარს ღამით მოსალოდნელია ზოგან თოვლჭყაპი, მთაში თოვა; 14 იანვარს დღისით და 15-16 იანვარს კი,
უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.“

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 368 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 6 060 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 254 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 8 710 ერთეული [+11]
  • MLRS – 957 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 642 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 836 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 806 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 612 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 1 339 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 620 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 578 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 694 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 345 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი შავ ზღვაზეც აღარაფერს წარმოადგენს, ხომალდებსაც კი ოჩამჩირეში მალავს“ – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“.

პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება.

  • ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი რაიმე სამუშაოები ამ კუთხით.

ხელშეკრულების მიხედვით, „სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის ვადაში, 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდში.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ველობილიკის ამორტიზებული მონაკვეთების დემონტაჟი, დარჩენილ ნაწილზე საღებავის მოცილება და ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა კომპანიამ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.

  • ბულვარის ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 50 ათას 797 ლარით. ამ ტენდერში გამარჯვებული ველობილიკის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს.
  • აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ველობილიკის რეაბილიტაციაზე ბულვარის ადმინისტრაციას ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებული შპს „არალის“ გარდა მონაწილეობდა შპს „მარეთი 777“, რომელიც ბულვარს მომსახურებას 1 956 574 ლარად სთავაზობდა, თუმცა მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

სატენდერო დოკუმენტაციაში „მშენებლობის ღირებულების ნაკრები სახარჯთაღრიცხვო ანგარიშის“ ფორმაში, რომელიც თან ახლავს ტენდერს, მითითებული იყო გრაფა: „ლოკ. ხარჯ.#2 ელ. სამუშაოები – ველობილიკის განათება“.  განათება დატანილია ასევე რენდერებზეც, თუმცა ამ ტენდერის ფარგლებში ველობილიკის განათება არ იგეგმება.

სატენდერო დოკუმენტებიდან

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განათება ხარჯთაღრიცხვის ფორმაში „უბრალოდ ჩარჩა, კრებსითში და #2 ხარჯთაღრიცხვა ტენდერს არც ახლდა. რაც შეეხება რენდერებს, ჩანს იმიტომ, რომ პროექტი შეძენილია განათების ჩათვლით. ველობილიკის განათება დაგეგმილია, მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე ეს, ალბათ სამომავლოდ გაკეთდება“.

ამ თემაზე:

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

 

 

„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე

საახალწლოდ სოფელში წავედი. ბავშვობაში ალბათ ყველაფერი წარმომედგინა, გარდა ჩემი უბნის დაცარიელებისა. ჩემს მშობლებს ერთი მეზობელი შერჩათ იქ და მალე ისინიც წავლენ. 

შუქი ხშირად არ აქვთ ზამთარში. შიში მატანს, როცა ოჯახის წევრებს ვერ ვუკავშირდები. როცა იმ ერთადერთ მეზობელსაც ვერ ვუკავშირდები. რთულია თავში გაჭედილ აზრი – „იქნებ რა უჭირთ?“ ჰო, ყელში ამოვიდა ვერ გაგებული ამბავი ბებოზე, დედაზე, მამაზე. დამჯდარი ტელეფონებზე ნერვიულობა ამოვიდა ყელში და ყველა სხვა სევდას გადაუსწრო. 

ელექტროენერგიით არც საახალწლო დღეებში გვინებივრია, მაგრამ უშუქობა რა მოსატანია იქ, სადაც პროტესტი გაქვს დაშლილი. სიბნელე ხომ ძალიან ალეგორიული რამაა და ბნელ ოთახზე ათასჯერ დიდ სიბნელეში გაქვს გაყოფილი თავი, თუ იმას ვერ ამბობ, რასაც ფიქრობ.

შფოთავ ყოველ გამოთქმულ წინააღმდეგობაზე და აუცილებლად არსებობს შიში, რომ ამ გამოთქმული უკმაყოფილებისთვის, გაბედულობისთვის დღეს თუ ხვალ მაინც „მოგვხვდება“: დაკარგავ სამსახურს, შენი ახლობლები დაკარგავენ სამსახურს, მოგიხსნიან სოციალურ დახმარებას, შენ ახლობლებს მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. „თავკაცები“ აგვითვალწუნებენ. შენ ახლობლებსაც აითვალწუნებენ და  ასე, დაუსრულებლად.  

არ უნდა წამოგცდეს, განსაკუთრებით საჯაროდ არ უნდა წამოგცდეს რა გაწუხებს. 

ჩემი სოფლიდან ერთმა Facebook-ში დაპოსტა (ისევე როგორც მე) – წერდა, დავიღალეთ სიბნელით, იქნებ დამთავრდეს 90-იანებიო. 

პოსტი წააშლევინეს. არა, არ უნდოდა წაშლა – წააშლევინეს. მიუთითეს წაეშალა. უთხრეს, რომ არ უნდა გაბედოს „წუწუნი“ და კმაყოფილი უნდა იყოს ყველაფრით. მერე რა, რომ შუქი არ აქვს. მთავარია ცოცხალია და „მშვიდობაა ქვეყანაში“. 

მთელი სოფელი ამ ამბავზე ლაპარაკობდა, ასე გავიგე მეც. იმ საღამოს სტუმრები გვყავდა. ყველა შეწუხებული იყო. „არ მუასვენეს – პოსტი რაფერ დაწერეო“, „რა, ტყუილი თქვა?“, „შუქი რატომ უნდა ჩაქრეს მთელი დღე კი არა ერთი საათიც? და ვერც უნდა ვთქვათ უშუქობა მოგვწყინდაო?“, „ასეთი ამბავი მე არ მახსოვს“, „არაფერი არ მუშაობს და ვერც გვითქვამს. დღეს პოსტს წაგაშლევინებენ, ხვალ ვინ იცის რა იქნება?“.

შესაბამისად, მე ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო პოსტის წაშლის იძულების სათავეში. ეს ჩემ სოფელშიც იციან და ჩვენმა სტუმრებმაც იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაუსახელებია ხმამაღლა. 

ეს ხდება სოფელში, სადაც ყველა ყველას ნათესავია ან იცნობს.

გასულ ზაფხულს ჩემმა მეგობარმა დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძების ფოტოები გამოაქვეყნა. ძირგამომპალი ხის ბოძების ფოტოები. გამვლელებისთვის საშიში ბოძების. ბოძების, რომლებიც არა თუ უხვ, არამედ მცირე ნალექსაც ვერ გაუძლებდა. ამის შეფასებას არანაირი ცოდნა არ სჭირდებოდა. ეს ყველასთვის ფაქტი იყო – თვალით ხილული. 

ჩემ მეგობარს რამდენჯერმე შეუთვალეს „პოსტი წაშალე და როგორც არის შეირგეო“.  მეგობარს პოსტი არ წაუშლია და სახლში დაადგნენ. 

პოსტი არც ამის შემდეგ წაშალა. შემდეგი ეტაპი მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა იყო. მაღალმთიანი რეგიონის სოფლებში, ძირითადად დასაქმების სამი შესაძლებლობა არსებობს – ბაღი, სკოლა და საჯარო მოხელეობა. ჩემი აზრით, სწორედ სამსახურის დაკარგვის შიშის გამოწვევაა „ნაცადი და გამართლებული“ მეთოდი, რომელიც ახშობს ყველა პროტესტს.

ეს დახშობა დასაქმებულის ახლობლებსაც სწვდება. 

ჩემმა მეგობარმა პოსტი არც ამის შემდეგ წაშალა და ხელში ოჯახის წევრების დიდი უკმაყოფილება შერჩა, რომელთაც სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. 

ზაფხული იყო. ხულოში მივდიოდი სხვა სოფლის „მარშუტკით“. 

წინა სავარძლების უკან ვიჯექი და კარგად მესმოდა მძღოლის და მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა კაცების საუბარი. 

ცხადი იყო, რომ მძღოლმა რაღაცები იცოდა და მეტის გასაგებად სვამდა კითხვებს. ბიჭებს ჰკითხა, თქვენი კლასელი როგორაა, ხომ არ მოეშალა მშვიდობააო. ერთი მაშინვე წამოენთო: „იმ პოსტზე ამბობთ, ხომ? დაწერა ამ დამტვრეულ გზაზე და დადო ფოტო. არ უნდა ექნა?“. გაბრაზებული იყო და არც მიზეზის თქმას მორიდებია – „თქვენ მუშაობთ მძღოლად, თქვენ უფრო უნდა გაღელვებდეთ. იმიტომ დაწერა პოსტი, რომ ყოველ დღე ფუჭდება ამ გზებზე მანქანები“. 

მეორე ბიჭი თემის შეცვლას ცდილობდა. 

მძღოლი თითქოს არაფრის თქმას აღარ აპირებდა, მაგრამ ვერ მოითმინა – „თქვა და შეიცვალა რამე? ხომ ნახეთ წააშლევინეს. პირველად მოხდა ასე თუ ბოლოჯერ? ჩემმა ბიჭმა ახლა დეიწყო მუშაობა. რამეს ვიტყვი და გამოაგდებენ, მერე რა ვქნათ? 

ბიჭებო, ერთს გეტყვით – „დათვი რომ მოგერევა ბაბა უნდა დუუძახო”. 

გუშინ ერთმა ნაცნობმა მომწერა ჩემ პროტესტს გასაქანი არ აქვსო. აღარ ჩავეკითხე რატომ-მეთქი. ეს ისედაც ვიცოდი და ადრეც უთქვამს – „დედაჩემი საჯარო მოხელე რომ არ იყოს, ასე ჩუმად კი არ ვიქნებოდიო“.

ამ დილით პირველი რაც წავიკითხო ეს იყო – „ამ ქვეყანაში პროტესტი უნდა გამოხატო ჩუმად, რაფინირებულად, ხმის ტემბრი არ უნდა გაგექცეს. იდეალურ შემთხვევაში შეგიძლია საერთოდ არ გამოხატო, ან ისე უნდა გამოხატო, რომ ყველას მოეწონოს“.

რა სამუშაოები ჩატარდება გერგეტის სამებაზე – გამოყოფილია 679 ათასი ლარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გერგეტის სამების რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები ჩატარდება როგორც ტაძარზე, ასევე სამრეკლოზე. შესაბამისი პროექტები მზადაა და სამუშაოებისთვის 679 ათასი ლარია გამოყოფილი.

სააგენტომ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 679 ათას 58 ლარია.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

  • „მთავარ ტაძარზე არსებული ფურცლოვანი სპილენძის საფარის შეცვლა წინასწარ დაჟანგული სპილენძის საფარით, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობით;
  • სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაცია და მასზე ახალი ფურცლოვანი სპილენძის სახურავის მოწყობა;
  • ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოგოზვა;
  • სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე ფურცლოვანი სპილენძის გადახურვის მოწყობა;
  • ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვა და ინტერიერში კამარების რესტავრირება;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდა და ახალი გადახურვის მოწყობა;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაცია;
  • ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავება და ამოგოზვა;
  • მეხამრიდის მოწყობა;
  • ეზოში, ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთის არსებული ფიქალი ქვების მოხსნა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვა.“

„გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი [XIV საუკუნის 30-იანი წლები], სამრეკლო [XIV საუკუნის II ნახევარი] და საბჭეო [XV საუკუნე]. გერგეტის სამება წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს.“

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადას, ტენდერში აღნიშნულია, რომ „სამუშაოების დასრულების შემდეგ [საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან] 5 წლის განმავლობაში რაიმე წუნის [დეფექტი, ნაკლოვანებები] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.“

ამასთან, „პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“.

ამავე თემაზე:

ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ ამის მიზეზეად შალვა პაპუაშვილმა 11 წელი დაუსახელა – რომ „ბევრია“:

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო“.

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად 2012 წელს დანიშნეს.

გიორგი კეკელიძის გათავისუფლების მოტივების გასარკვევად „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტს დაუკავშირდა. ინფორმაცია, მიღების შემთვევაში აქვე განახლდება.

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტს ექვემდებარება.

ჯარიმები საზღვარზე ოქროსა და სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობისთვის – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 14 429,74 ლარის ოდენობით შეეფარდათ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ვალე“, „ნინოწმინდა“ და „ყაზბეგი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 45 980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო 7 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.“ – აცხადებს სამსახური.

ქართველი ჟურნალისტი ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა

წუხელ, გვიან ღამით, უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებულ ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი იმყოფებოდა. დავით კაჭკაჭიშვილი ამ ეტაპზე თურქული სააგენტო „ანადოლუსთვის“ მუშაობს.

ჟურნალისტის თქმით, სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა.

დავით კაჭკაჭიშვილი პირდაპირ ჩართვაში გვიან ღამითვე მოუყვა „ანადოლუს“ მაყურებელს იმის შესახებ, რომ ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ ადამიანები, განადგურდა ერთ-ერთი სასტუმრო და დაიწვა მანქანები, მათ შორის რეპორტიორის მანქანაც.

დავით კაჭკაჭიშვილის თქმით, მან სარაკეტო თავდასხმის შედეგად მცირე დაზიანება მიიღო. ასევე დაშავდა მისი ერთ-ერთი კოლეგა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 367 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
  • ტანკი – 6 050 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 11 238 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 8 699 ერთეული [+15]
  • MLRS – 957 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 641 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 834 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 806 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 596 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 1 337 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 609 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 563 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 692 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 310 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი გვაქვს – ზელენსკი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

მეწყრული ფერდის გამაგრება რიკოთზე დროში გაიწელება – დავა 63 მილიონიანი ტენდერის გამო

რიკოთის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის მიმდებარედ, პოტენციური მეწყრული ფერდის გამაგრებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას დავების საბჭოში უჩივიან.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 63 908 792 ლარით აქვს გამოცხადებული.

სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა შპს „ენერგონის“, რომელიც დეპარტამენტს მომსახურებას 58 786 564 ლარად სთავაზობს.

კომპანია არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და მას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.

კომპანია მიიჩნევს, რომ „მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციათა ერთობლიობა ადასტურებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ გამოცდილებას, აგრეთვე სრულიად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, გასაჩივრებულ დისკვალიფიკაციის ოქმში, კომისიის მსჯელობა არის მცდარი და არაარგუმენტირებული.“

საჩივარში კომპანიას მოჰყავს თავისი არგუმენტები და ასკვნის, რომ გზების დეპარტამენტის „სატენდერო კომისიამ მხედველობაში არ მიიღო მათ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია მისი სრული შინაარსით, რის შედეგადაც კომპანიას მიენიჭა უკანონო დისკვალიფიკაცია.“

„ენერგონი“ დავების საბჭოსგან მოითხოვს „გაუქმდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი #3 და შემსყიდველის მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასა და პრეტენდენტის ქმედებებთან.“

დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ 2024 წლის 16 იანვარია მითითებული.

„ენერგონის“ საჩივარი საბჭოში 5 იანვარსაა დარეგისტრირებული, იმავე დღით დათარიღებული ოქმით კი, სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად მეორე პრეტენდენტი შპს „ცეკური“ გამოავლინა და მას გარკვეული დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

„ცეკური“ გზების დეპარტამენტს მომსახურებას 62 077 052 ლარად სთავაზობს. ანუ, 3,2 მილიონი ლარით ძვირად, ვიდრე „ენერგონი“.

დამატებით წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ მიიღებს სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას გააფორმებს თუ არა ხელშეკრულებას „ცეკურთან“.

ტენდერის ბედი დამოკიდებული იქნება ასევე დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე „ენერგონის“ საჩივართან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა სატენდერო პროცედურები დროში გაიწელოს.

 

მთავარი ფოტო: რიკოთი/„ბათუმელების“ არქივიდან

 

ტენდერის ფარგლებში რა სამუშაოებია გათვალისწინებული რიკოთზე, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

პენსიონერები სესხში ისევ მაღალ პროცენტს იხდიან – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

საქართველოს სახალხო დამცველი „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემაზე მიმართავს – პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ.

სახალხო დამცველის შეფასებით, დგას „არათანაბარი ინფორმირების პრობლემა“.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოითხოვს „პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები“.

ოვერდრაფტის სესხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი თავისი წინადადებას „ლიბერთი ბანკისადმი“ ასე აყალიბებს:

„მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები.

2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო.

შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა.“

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დასაცავად შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს ბენეფიციარი პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას და შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“…

____

2023 წლამდე პენსიონერები აღებულ სესხში 30%-ზე მეტს იხდიდნენ. 2023 წლიდან კი განისაზღვრა მაქსიმალური ზღვარი და 26% დაწესდა.

ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, გამწვანებულ ზოლში საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის 499 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება რკინა-ბეტონის ფილები, ბეტონის საძირკვლები, კაუჩუკის ბორდიურები და ასევე „კაუჩუკის მასიური/მონოლითური ფენილი“.

მთლიანობაში დღეს არსებულ გამწვანებულ ზოლში ჯამში 462 კვადრატული მეტრი ტერიტორია კაუჩუკის საფარიანი რკინაბეტონის ფილით დაიფარება.

პროექტით ასევე დაგეგმილია რამდენიმე ხის გადარგვა, ვინაიდან ტერიტორიაზე დაგეგმილია სხვადასხვა ატრაქციონისა და ინვენტარის განთავსება, ასევე ააშენებენ საპირფარეშოს, რომელიც იქნება ადაპტირებული.

არსებული სიტუაცია / ფოტო პროექტიდან

ტერიტორია, სადაც ახალი საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი, ახალ ბულვარში სასტუმრო მარინას პირდაპირ მდებარეობს – სასეირნო და ველო ბილიკებს შორის.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ხაზით] ახალ ბულვარში, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი
საბავშვო კუთხის მოსაწყობად ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 499 ათას 575 ლარით გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2024 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

საპირფარეშოს შენობა ახალ საბავშვო კუთხეში / ფოტომონტაჟი პროექტიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, „ახალი საბავშვო კუთხის მოწყობის სამუშაოები მიმწოდებელმა ეტაპობრივად უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში.

პროექტით, საბავშვო კუთხეში ლურჯი და ყვითელი ფერის კაუჩუკის საფარის მოწყობაა დაგეგმილი:

კაუჩუკის საფარი ახალ საბავშვო კუთხეში / რენდერები ტენდერიდან

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ბულვარში ძაღლების სავარჯიშო/გასართობ მოედანს მოაწყობს

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს.

ეს მედიკამენტებია:

  1. ალეცენზა
  2. ტეცენტრიკი
  3. ავასტინი
  4. ტარცევა
  5. გაზივა
  6. მაბტერა
  7. ჰერცეპტინი
  8. კადსილა
  9. ზელბორაფი
  10. ფესგო
  11. პოლივი
  12. პერჯეტა
  13. როზლიტრეკი

„უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, „გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ“.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი ტიპი 2
  • პარკინსონი
  • ეპილეფსია

საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:

სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
პენსიონერები;

ვეტერანები;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
– გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი გვაქვს – ზელენსკი

უკრაინა და მსოფლიო ახლა განიცდის იარაღის დეფიციტს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება და ჭურვების, რაკეტების და სხვა ტიპის შეიარაღების წარმოების გაზრდა რუსული აგრესიის ეფექტურად დასაძლევად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 10 იანვარს, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკი დღეს ვილნიუსში იმყოფება.

„იარაღი, რომელიც ჩვენ არ გყოფნის. მინდა დავიწყო პოზიტივით: დღეს ჩვენ ლიეტუვის რესპუბლიკასთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთობლივი წარმოების შესახებ. კერძოდ, საბრძოლო დრონების საშუალებებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კიდევ ბევრი იქნება მსგავსი კონტრაქტი და შეთანხმება, რაზეც უკრაინა მუშაობს.

უკრაინის ლიდერის შეფასებით, „ზოგადად, მსოფლიოში იარაღის დეფიციტია. იარაღის დეფიციტია უკრაინაშიც. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თავდაცვაში“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია ერთობლივი წარმოებით, ამიტომ კიევმა ამ საკითხზე თანამშრომლობა დაიწყო აშშ-ის პარტნიორებთან და აგრძელებს მას ევროპელ მოკავშირეებთან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მისი ქვეყნისთვის აქტუალურია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების საკითხი.

„რაც შეეხება იმას, რისი წარმოებაც ახლა ჩვენ არ შეგვიძლია: ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები – ეს ძალიან გვაკლია“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა და გაიხსენა, რომ „სადღესასწაულო პერიოდში“ – დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ დღეებში, რუსეთმა დაარტყა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, თავს დაესხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბავშვებს, სკოლებს და ენერგეტიკულ ობიექტებს.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, დრონებითა და რაკეტებით სულ 500 დარტყმა განახორციელა რუსეთმა. უკრაინამ კი ამ თავდასხმების 70%-ის მოგერიება შეძლო. თუმცა ზელენსკის თქმით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ის ნომერ 1, რაც უკრაინას აკლია“.

___

2022 წლის 24 თებერვალს, ანუ უკვე 22 თვეზე მეტია, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ამ დროისთვის მოკლულია ათიათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. დაინგრა უკრაინის არაერთი ქალაქი.

ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს.

„ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა.

თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები [იხილეთ ფოტო] გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია 2024 წლის 9 მარტამდე.

საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20 და ბუშტი XIONG FENG“ – აცხადებს კომპანია.

ბუშტები, რომელიც კომპანია „სამმა ძმამ“ რეალიზაციიდან ამოიღო / ფოტო კომპანიის ფეისბუქგვერდიდან

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, სადაც გვითხრეს, რომ საუბარია ბუშტების მხოლოდ იმ შეკვრაზე, რომელშიც სხვადასხვა ფერის ბუშტებია მოთავსებული [როგორც ფოტოზე ჩანს], „რაც შეეხება ისეთ შეკვრას, რომელშიც მხოლოდ ერთი ფერის ბუშტებია მოთავსებული [მაგალითად, ვთქვათ მხოლოდ წითელი, ლურჯი და ა.შ.] ისინი ყველა უსაფრთხოა, რაც ლაბორატორიულადაც დადასტურებულია“.

რაც შეეხება შეკვრას, რომელშიც სხვადასხვა ფერის ბუშტებია, ამ შემთხვევაში „ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAშ NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ), ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,ჩAშ NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ).

ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით „სამი ძმა“ 2010 წელს დაარსდა, ის დღემდე, სადღესასწაულო აქსესუარების და საკონდიტრო მასალების [სადღესასწაულო აქსესუარები, საკონდიტრო მასალები, ფეიერვერკები, სააღდგომო ატრიბუტები, საახალწლო პროდუქცია, სათამაშოები] ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 366 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 6 038 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 11 216 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 8 684 ერთეული [+12]
  • MLRS – 956 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 639 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 834 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 805 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 575 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 1 336 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 580 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 278 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“.

პროგრამა დღეს, 2024 წლის 9 იანვარს შევიდა ძალაში და 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი პროგრამის შესახებ მთავრობაში 8 იანვარს განაცხადეს:

ახალი პროგრამის მიხედვით გაწერილია უსახლკარო ოჯახების განსახლების პროცედურა

  • „ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა შესაძლებელია ამ პროგრამით.
  • უსახლკარო ოჯახების განსახლების საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია [ამ პროგრამისთვის განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს].
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების შეფასებას, საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სააგენტო.
  • სააგენტო უსახლკარო ოჯახებს აფასებს კრიტერიუმების შესაბამისად [ეს კრიტერიუმებიც სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს]. შეფასებით განისაზღვრება მხოლოდ კომისიის მიერ მათი განხილვის პრიორიტეტულობა.
  • შეფასებული, კომისიის მიერ განსაზღვრული უსახლკარო ოჯახები, მათი საჭიროებების ადგილზე გადამოწმების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს გადამოწმებას, მონიტორინგის ფორმის შევსებას და, საჭიროების შემთხვევაში, უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას.
  • წარდგენილი ინფორმაციისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს განსახლების მოცემულ ეტაპზე იმ უსახლკარო ოჯახთა კონტინგენტს, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს განსახლების ღონისძიებები.
  • კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უსახლკარო ოჯახს ეცნობება წერილობით.

უსახლკარო ოჯახებს, რომელთა მიმართ გამოიცა დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიეცემათ 6-თვიანი ვადა, რათა მათ სააგენტოში განცხადებით წარადგინონ შესასყიდად საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ ბინა]. განცხადებას აუცილებლად თან უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

  • წარდგენილი საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ბინა] სააგენტოს მიერ შესაძლებელია შესყიდულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ფოტომასალით/დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია საცხოვრებელი პირობები.
  • კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე.
  • შესყიდვის ღირებულება ერთ საცხოვრებელ ფართობზე განისაზღვრება არაუმეტეს 50 000 ლარით.
  • კომისია უფლებამოსილია, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახლის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს ან არსებობს რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის/აფერხებს საცხოვრებელ ფართობში ცხოვრებას და საკუთრებაში გადაცემას.
  • საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ფართობი [სახლი/ბინა] რეგისტრირდება უსახლკარო ოჯახის წევრების თანასაკუთრებად. სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო ოჯახს უძრავი ქონება [საცხოვრებელი ფართობი] საკუთრებაში გადაეცემა ამ უძრავი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.“

 

[toggle title=”განსახლების პირობებისა და განსახლების გამომრიცხავი გარემოებების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

მუხლი 3. განსახლების პირობები და განსახლების გამომრიცხავი გარემოებები

1. უსახლკარო ოჯახი შეიძლება, განსახლებულ იქნეს, თუ ოჯახის ყველა წევრი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ბი სარეიტინგო ქულა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს განსახლების ეტაპები, სოციალური ქულის მიხედვით. ამავდროულად, უსახლკარო ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ის საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე;

ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს არ უფიქსირდება საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე;

გ) დროებით განსახლებულია სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების დოკუმენტაციით.

2. ამ პროგრამით გათვალისწინებული განსახლების გამომრიცხავი გარემოებებია:

ა) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული არის/არიან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში/ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად;

გ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)მა საცხოვრებელი ფართი გაასხვისა 2023 წლის 1 სექტემბრიდან;

დ) უსახლკარო ოჯახის ყველა წევრი არ არის საქართველოს მოქალაქე.

3. ამ პროგრამის ფარგლებში არ განიხილება იმ უსახლკარო ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხი, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სააგენტოს მიერ შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული იქნება, რომ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს.

4. უსახლკარო ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

„უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებიდან

[/toggle]

 

მთავრობის დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „პროგრამის ფარგლებში გადაცემული უძრავი ნივთი არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს;

ამასთან, აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე დადგენილების ფარგლებში მიღებული უძრავი ნივთების თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.“

 

სოფიო სანიკიძე აჭარის კმდს-ს დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ სოფიო სანიკიძე დაინიშნეს – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 2022 წლიდან ის ქ.ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობდა.

იგივე წყაროს ცნობით, სოფიო სანიკიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარის ხელოვნების მუზეუმში; რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში; ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში (დღემდე).

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბოლო პერიოდში არც დირექტორი ჰყავს, ამ პოზიციაზე მოვალეობას ასრულებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი.

1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან

ქედის მერიის სატენდერო კომისიას 1,1-მილიონიანი ტენდერის გამო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ტენდერი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებული.

მომჩივანი კომპანია „მშენებელი 2017“ აცხადებს, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.“

„მშენებელი 2017“-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.

მომჩივანი კი თვლის, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით შემსყიდველის მიერ მიღებული დადგენილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას“.

„აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კომისიამ მიიღო შპს „მშენებელი 2017“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება №120-2 ოქმით, რაც დაასაბუთა იმით, რომ განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატებოდა დადგენილ ზღვარს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინა ხელფასის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები და ისე განაფასა ჩაშლილი კვადრატული მილები და სამუშაოს დასახელება მიიჩნია სამუშაოების სათაურად, რაც იყო ტექნიკური ხარვეზი. პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მკაფიოდ და ზუსტად არის გაწერილი შესაბამისი თანხები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯამური ღირებულება დაანგარიშდეს“, – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

„მშენებელი 2017“ თვლის, რომ სატენდერო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე „არის უაღრესად მკაცრი ზომა, რაც არარელევანტური და შეუსაბამოა აღნიშნულ შემთხვევაში. ეს პირდაპირ იწვევს პრეტენდენტის ინტერესების უგულებელყოფას და შელახვას, რადგან არათანაზომიერად მკაცრი გადაწყვეტილება აყენებს მას არათანაბარ პირობებში სხვა პრეტენდენტებთან მიმართებით.“

კომპანია საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღ კონკურენციას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორ მოპყრობას, „რაც მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიამ დაარღვია. რადგან ცხადია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული დეტალურად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია.“

კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსგან მოითხოვს „გაუქმდეს ქედის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №120-2“.

დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ 2024 წლის 16 იანვარია ჩანიშნული.

ქედის მერიამ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 1 173 542 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

სატენდერო კომისიამ „მშენებელი 2017“-ს დისკვალიფიკაცია 2024 წლის 5 იანვარს მისცა. კომპანია მერიას მომსახურებას 1 070 000 სთავაზობდა.

კომისია ამჯერად მომდევნო პრეტენდენტის შპს „ალსოფ“-ის დოკუმენტაციას განიხილავს, რომელიც მომსახურებას 1 094 141 ლარად სთავაზობს.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაო 2025 წლის პირველ ივლისამდე უნდა შესრულდეს.

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა. მას ასევე აქვს უფლება სათანადო პირობების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყოს პირველ მარტამდეც, თუმცა „სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შემსყიდველს.“

რაც შეეხება პრეტენდენტების გამოცდილებას, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა „პრეტენდენტ პირს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში შესრულებული ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიურის სახის, კერძოდ:

შენობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები არანაკლებ 2 000 000 ლარის ოდენობით [მათ შორის ერთი ხელშეკრულებით ერთ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 500 000 ლარის შენობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები].“

საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

კორონავირუსის პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“, მთავრობის რეკომენდაციით, პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით ისე გადაუვადა, რომ ხანდაზმული ჯგუფისთვის არაფერი უკითხავთ. შედეგად, პენსიონერებს სესხის ვადა გაუხანგრძლივდათ, რამაც მათზე დარიცხული პროცენტის გაზრდა გამოიწვია.

ერთ-ერთი მათგანის, 79 წლის პენსიონერის – შალვა ჩაჩავას შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა. მაშინ შალვა ჩაჩავა ჰყვებოდა, რომ „ლიბერთი ბანკისგან“ ისესხა 4650 ლარი, უნდა დაეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში უსრულდებოდა. პენსიონერი სესხს იხდიდა უპრობლემოდ, მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშე, ბანკმა სესხის ვადა გაუხანგრძლივა 2025 წლამდე. სწორედ ამის შედეგად პენსიონერს გადასახდელი თანხა 11 285 ლარამდე გაეზარდა.

შალვა ჩაჩავა „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, რათა ცალმხრივად შეცვლილი ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოეთხოვა.

დღეს, 9 იანვარს, სწორედ ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საპენსიო სესხის გამცემ „ლიბერთი ბანკს“, რომელშიც ის წერს:

„საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას.

ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა“.

___

ამავე თემაზე:

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„აპოლო“ და სხვა კინოთეატრები კონკურენციის სააგენტომ 1,1 მილიონი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევის შედეგად „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის [კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება] დარღვევა დაადგინეს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს –  3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

კერძოდ:

  • ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი
  • შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი
  • შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი

„მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სადისტრიბუციო კომპანიას“ და შპს „თინეთს“ შორის  ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ ბილეთები“, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზისვის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული  უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა…

სანქცირებულ კომპანიებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Exit mobile version