მთავარი,სიახლეები

ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

10.01.2024
ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს.

„ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა.

თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები [იხილეთ ფოტო] გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია 2024 წლის 9 მარტამდე.

საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20 და ბუშტი XIONG FENG“ – აცხადებს კომპანია.

ბუშტები, რომელიც კომპანია „სამმა ძმამ“ რეალიზაციიდან ამოიღო / ფოტო კომპანიის ფეისბუქგვერდიდან

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, სადაც გვითხრეს, რომ საუბარია ბუშტების მხოლოდ იმ შეკვრაზე, რომელშიც სხვადასხვა ფერის ბუშტებია მოთავსებული [როგორც ფოტოზე ჩანს], „რაც შეეხება ისეთ შეკვრას, რომელშიც მხოლოდ ერთი ფერის ბუშტებია მოთავსებული [მაგალითად, ვთქვათ მხოლოდ წითელი, ლურჯი და ა.შ.] ისინი ყველა უსაფრთხოა, რაც ლაბორატორიულადაც დადასტურებულია“.

რაც შეეხება შეკვრას, რომელშიც სხვადასხვა ფერის ბუშტებია, ამ შემთხვევაში „ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAშ NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ), ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,ჩAშ NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ).

ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით „სამი ძმა“ 2010 წელს დაარსდა, ის დღემდე, სადღესასწაულო აქსესუარების და საკონდიტრო მასალების [სადღესასწაულო აქსესუარები, საკონდიტრო მასალები, ფეიერვერკები, სააღდგომო ატრიბუტები, საახალწლო პროდუქცია, სათამაშოები] ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: