გია ნოდია: ასეთ შემთხვევაში მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს

პატიმრების წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალებს გია ნოდია ფეისბუქზე ეხმაურება.

 

მან დაახლოებით 10 წუთის  წინ განაახლა  სტატუსი: „ შეიძლება ითქვას, მდგომარეობა ტრაგიკულია. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს. მაგრამ ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად ბიძინა და “ოცნება” გყავს,” – წერს გია ნოდია, რომელსაც განათლების მინისტრის პოსტი რამდენიმე წლის წინ ეკავა

ევროპის მოედანზე აქცია განახლდა

ცაგო კახაბერიძე

ნახევარი საათის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე პატიმრების სოლიდარობის აქცია განახლდა. პატიმართა წამების ფაქტებს ევროპის მოედანზე კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, მათი აქცია აპოლიტიკურია და არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ გამოხატავს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველოს გაუმარჯოს!”.

აქციას შეუერთდა დეკანოზი თეიმურაზ ყურაშვილი. „მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ხუთიანის დეპუტატი კი არ უნდა იყო, ესენი ვინც ამას აკეთებს, არ გეგონოთ მათ უნდათ,  მათ აქვთ დავალებული.  ხალხს სიტყვა ნაციონალური და ხუთიანი შეაძულეს.“ – ამ სიტყვებით მიმართა მან ახალგაზრდებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამებაზე

 ცაგო კახაბერიძე, ნათია ზოიძე

 

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი აჭარაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ. 

 

 

არ აწამო! – აქციის მეორე დღე ბათუმში

  ამ დროსათვის ბათუმში სტუდენტების მცირე ჯგუფი მიემართება ბათუმის საზღვაო აკადემიისკენ. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებსა და სტუდენტებს შეურთდნენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ აპირებენ წასვლას. 

 

 

 ბათუმში, ევროპის მოედანზე 12 საათიდან განახლდა სამოქალაქო აქცია.  მოქალაქეებმა  ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ის რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდება, არის სისხლის სამართლის დანაშაული და  ხელისუფლებამ დამნაშავე ჩინოვნიკების მისამართით, კანონით გათვალისწინებული  ზომები უნდა მიიღოს.

 

 

 

ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს დაიცვან ეთიკური სტანდარტები პატიმართა წამების გაშუქებისას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს,, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას, იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები – ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ” რეალ ტვ” აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს.

 

“აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის;

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანიამ უნდა დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და უნდა გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია.

არა წამებას – აქცია ბათუმში 12 საათზე დაიწყება

“არა წამებას” – ამ სახელწოდებით  აქცია ბათუმში 12 საათზე ერას მოედანზე დაიწყება. 

 

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი გუშინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული  ვიდეო მასალებია, რომელიც გლდანის  მე–8  საპყრობილეშია გადაღებული. კადრებში ჩანს პატიმართა არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები. 

 

 

„დინამომ“ „ჩხერიმელა“ 3:0 დაამარცხა

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სტუმრებს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდათ სასურველი შედეგით მატჩის დასრულება, მაგრამ თავი იჩინა ბათუმელთა ვეტერანმა ამირან მუჯირმა, რომელმაც პირველი გოლი გაუტანა სტუმრებს. მომდევნო ორი გოლი ვაკო თედორაძისა და ნიკა დიასამიძის ანგარიშზეა. ბათუმის „დინამომ“ მეტოქე დაამარცხა და საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ საქართველო იქნა არჩეული

მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ.  კერძოდ, 2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.

 

 

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

 

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს.

 

 

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა როტაციის ან გეოგრაფიული, ან სხვა კრიტერიუმების, არამედ ყველა მონაწილე სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოების კენჭისყრის საფუძველზე.

 

 

კონგრესის მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით   

 

ეკომიგრანტები მიწისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

მარიამ ხანჯალიაშვილი

დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ ინიციატივით ეკომიგრანტთა განსახლების თემაზე შეხვედრა გაიმართა.  „ბორჯღალომ” ექსპედიცის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონის 13 სოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა და მათი პრობლემები შეისწავლა:

„ეკომიგრანტთა ძირითადი ნაწილი აჭარის მაღამლთიანი რეგიონიდან არიან გადასახლებულები და ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეძენილ ბინებში ცხოვრობენ. თუმცა ეს ბინა არ არის მათ საკუთრებაში გადასული და ძველ მეპატრონეებთან დავა აქვთ. საცხოვრებელი ბინები კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. გარდა ამისა რეალურად არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც დაამუშავებენ და ამით თავს ირჩენენ. მიწების დიდი ნაწილი მსხვილ ფერმერებს ეკუთვნით და ეკომიგრანტები, მათ შორის ქალბატონები, იქ დღიურ მუშად, დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ.

ზოგ რეგიონში, მაგალითად ქვემო ქართლში, მარნეულსა და წალკაში მესაქონლეობას მისდევენ, თუმცა მათაც მცირემიწიანობის პრობლემა აქვთ –  საძოვრები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არ აქვთ სკოლები, არ მუშაობს ამბულატორიები, სოფლებში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი” – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9000-ზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40 000 ადამიანია ჩასახლებული. 55 000 ადამიანი კი დღემდე რჩება საცხოვრებლად სტიქიურად საშიშ ზონაში.

„წელს სახელმწიფომ მიიღო მიგრაციის სტრატეგია, სადაც სიტყვითაც კი არ არიან ნახსენები ეკომიგრანტები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ან საერთოდ ამოიღონ ეს დოკუმენტი მოქმედებიდან, ან დაერქვას მას გარე მიგრაციის სტრატეგია“, – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ბათუმის მთავრობის მიერ მიმდინარეობს 200 სოციალური სახლის მშენებლობა, რომელშიც ეკომიგრანტების შესახელბა იგეგმება. საცხოვრისების აშენების შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, თუ რომელი ოჯახები უნდა დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართით. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში ან რა კატეგორიის ეკომიგრანტები შესახლდებიან ახალაშენებულ სახლში.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ორგანიზაციის მიერ ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში გადაღებული მასალების მიხედვით იყო აგებული. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელშიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მოღალატეები არც პარტიას და არც ქვეყანას გამოადგებიან“ – დავით რობაქიძე ყოფილი თანაპარტიელების შესახებ

 

„თუ ასეთი გამყიდველების  ხარჯზე აპირებს ივანიშვილი საქართველოს აშენებას, მე ვიქნები  მისთვის პირველი მახვილი“ – აცხადებს „ბათუმელებთან“  ლეიბორისტური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე  დავით რობაქიძე. 

 

 

პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავჯდომარისთვის უკვე ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, „შოკისმომგვრელი“ იყო.   

 

 

„შეხვედრებზე ვიყავი შუახევის რაიონში, ეს არის ღალატი და ზურგში ჩამარტყეს მახვილი, უკვე უბნის  კომისიებში წევრების ჩანაცვლებისა და მაჟორიტარების  წარდგენის ვადაც მოწურულია, არ მინდა დავწვრილმანდე და ვთქვა, რისთვის გააკეთეს, თუ წინააღმდეგობა ჰქონდათ პარტიის კურსთან, ეთქვათ აქამდე.  მოღალატეები არც პარტიას და არც ქვეყანას გამოადგებიან“ – ამბობს დავით რობაქიძე. 

 

 

იგი ამბობს, რომ  უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს,  „ჩემს ხმაზე მიხვდა,  როგორ დღეშიც ვარ და მითხრა, მშვიდობიანდ  ჩადი და ბათუმში რომ ჩამოვალ, ისევ დავუკავშირდები და გავაგრძელებთ საუბარს“. 

 

 

რობაქიძე ამბობს, რომ  განსაკუთრებით მოულოდნელი  ბიძინა დუმბაძის   გადაწყვეტილება იყო: „2008 წელსაც მოხსნა ბიძინა  დუმბაძემ   მურმან დუმბაძის სარგებლოდ კანდიდატურა და რამდენი ძალისხმევა დამჭირდა რომ  პარტიიდან არ გაერიცხათ.  ასე დამიფასა“ – ამბობს რობაქიძე.  

 

 

თამაზ დევაძე ლეიბორისტური პარტიის წევრი იყო  2003 წლიდან, ბიძინა დუმბაძე კი  13 წლის განმავლობაში იყო ლეიბორისტურ პარტიაში. მათ  დღეს „ქართული ოცნების“  ბათუმის  ოფისში  განაცხადეს, რომ ლეობორისტური პარტიის კურსი  მათთვის მიუღებელი იყო.  

„ვენდეტა“ დასრულდა



მემარჯვენე მკლავჭიდელთა შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა ოთარ თავართქილაძე, რომელმაც ფინალში თამაზ კონცელიძე დაამარცხა, მესამე ადგილზე რატი რეხვიაშვილი გავიდა. მემარცხენეთა შორის „ვენდეტას“ გამარჯვებულის ტიტული მერაბ კაკაბაძემ მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახლავთ, მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ოთარ თავართქილაძემ და თამაზ კონცელიძემ დაიკავეს.

ოთარ თავართქილაძე ნოემბერში პოლონეთში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო თასისთვის გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

მალე ერთობლივი წვრთნები დაიწყება

შაფაკ ტატოღლუ: მოხარული ვარ, რომ აჭარის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნებს გავმართავთ, გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ტურნირის – „ბათუმი ოუფენის“ ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ჩვენს გარდა მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი, სომეხი, ირანელი და უკრაინელი სპორტსმენები. დაგეგმილი გვაქვს სპორტსმენების მოწვევა რუსეთიდანაც.

ბათუმს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რაც მათი მწვრთნელის აკაკი ცენტერაძის დამსახურებაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იყო დრო, როდესაც აკაკი ჩემს აწგარდაცვლილ ძმასთან, ოსმან ტატოღლუსთან ვარჯიშობდა და მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შეჯიბრი ორივე მხარეს წაგვადგება. აქვე გეტყვით, რომ ერთი სერიოზული პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ამის შესახებ საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ მისი განხორციელება შევძელით, ტაეკვონდოს დონე თქვენს კუთხეში საგრძნობლად მოიმატებს.

 

 

აკაკი ცენტერაძე: დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ ჩვენთან და სწორედ მაშინ გადაწყდა ერთობლივი წვრთნებისა და ტურნირის ჩატარება. თურქეთს ტაეკვონდოს ძალიან დიდი სკოლა აქვს. ბათუმში საასპარეზოდ შვიდი კლუბის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები არიან. თავდაპირველად, გვინდოდა ტურნირის ოქტომბერში ჩატარება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატია დაგეგმილი, ასე რომ, “ბათუმი ოუფენი” ნოემბერში გაიმართება. ერთობლივი წვრთნები კი მალე დაიწყება. ასეთი მასშტაბის ტურნირი სათანადო დაფინანსებას მოითხოვს და ამაზეც ვზრუნავთ. რაც შეეხება მონაწილეებს, ვაპირებ ორი ასაკის, იუნიორებისა და დიდების გაერთიანებას, შეჯიბრებები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის 9 წონით კატეგორიაში გაიმართება. 



ჩოგბურთელი გოგონები ბათუმში დაბრუნდნენ



ვლადიმერ ასათიანი: მოხარული ვარ, „ბათუმი ლედის ოუფენი“ კვლავ ჩვენთან რომ ჩატარდება. ბოლოს ეს ტურნირი ჩვენთან 2007 წელს ჩატარდა, მაშინ საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარი იყო. სურვილი გვქონდა, რომ მომდევნო წელსაც ჩვენ გვემასპინძლა აღნიშნული ასპარეზობისთვის, მაგრამ მსაჯთა საერთაშორისო კომისიამ საჩოგბურთო კორტები დაგვიწუნა და იძულებულები გავხდით, შეჯიბრი თბილისში გადაგვეტანა. წელს კი „ოუფენი“ კვლავ დაგვიბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელ ბიზნესმენს მერაბ აფხაზავას, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კორტებისთვის სრული რეკონსტრუქციის ჩატარება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს (რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული) და ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის გენერალური სპონსორია და 35 000 აშშ დოლარი გამოყო ამ შეჯიბრებისთვის. აქედან 15 ათასი საპრიზო ფონდისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი მოწვეული მსაჯებისა და ასე ვთქვათ ტურნირის დირექტორატის მასპინძლობისთვის, რაშიც შედის მათი მიღება, სასტუმროებში დაბინავება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სხვა ბიზნესმენებს არ გასჩენიათ სპონსორობისა და თანადგომის სურვილი.

 

 

აჭარის სპორტის დეპარტამენტი თუ გეხმარებათ?

 

 

– გეტყვით, რომ ამ ტურნირისთვის მათგან არავითარი დახმარება არ მიგვიღია.

 

 

თავის დროზე ბათუმი ლეიდის ოუფენი ერთერთ პრესტიჟულ ტურნირად ითვლებოდა და საპრიზო ფონდმა 75 000 აშშ დოლარსაც კი აღწევდა. ბათუმში უთამაშიათ მისკინას, აზარენკას, ჩაკვეტაძეს, პეტროვას და ბევრ სხვას, რომლებსაც დღეს მსოფლიოს რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავიათ. წელს ვის ვნახავთ ამ ტურნირზე?

 

 

– სამწუხაროდ, წელს ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, თუმცა როდესაც ეს გოგონები აქ თამაშობდნენ, მაშინაც არ იყვნენ ცნობილები და პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადადგეს. არ არის გამორიცხული, წლევანდელ ტურნირზე გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთის ელიტაში იქნებიან. მონაწილეებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ველოდებით. აქვე დავსძენ, რომ ტურნირი აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.

 

 

ბათუმელი ჩოგბურთელები თუ იღებენ მონაწილეობას?

 

 

– 14 წლის მარი ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს. ის საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია ასაკის მიუხედავად და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.

 

 

როგორც ვიცი, სექტემბერში ორი ტურნირია კიდევ დაგეგმილი, უკრაინელები აპირებენ ჩამოსვლას და ასევე, უნდა ჩატარდეს ჯორჯია ოუფენი

 

 

– ამის შესახებ უშუალოდ ამ ტურნირის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ „პრემიუმის“ დირექტორი, ალექსანდრე ბუტნარუ მოგიყვებათ. მანამდე კი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ ღია ტურნირის ჩატარებას აჭარის თასზე 10, 12 და 14 წლის ჩოგბურთელთა შორის, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

 

 

 

ალექსანდრე ბუტნარუ, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ პრემიუმის დირექტორი: ჩვენი კლუბი თითქმის სამი წლის წინათ დავაარსეთ და მას შემდეგ, ბათუმში არაერთ ტურნირს ვუმასპინძლეთ. ამჯერად უკრაინიდან ველოდებით მოყვარულ ჩოგბურთელებს. ჩვენს მიერ ჩატარებული ტურნირები სამოყვარულოა და უპირველესად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურებით.

 

 

უკრაინელთა სტუმრობაზე რას გვეტყვით?

 

 

– 19 სეტემბერს დაიწყება ტურნირი, რომელში ჩვენი კლუბი „პრემიუმი“ უკრაინის საჩოგბურთო კლუბის სპორტსმენებს გაეჯიბრება. ისინი სხვადასხვა ქალაქში ატარებენ ანალოგიური ხასიათის ტურნირებს და ამ ეტაპზე ბათუმი შეარჩიეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ძირითადად ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას და როგორც ნებისმიერი ტურნირი, აქაც იქნება საპრიზო ფონდი, გამარჯვებულები, პრიზიორები და ასე შემდეგ. თუ რა სახის ჯილდოები იქნება, ამას უკვე თავად გადაწყვეტენ.

 

 

მომდევნო ტურნირი, რომლის მასპინძლობასაც აპირებთ, ჯორჯიან ოუფენია. მასზე რას გვეტყვით?

 

 

– ეს შეჯიბრი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და მასში ვეტერანი სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თუმცა ამისთვის აუცილებელია აღნიშნული ფედერაციის საიტზე ოფიციალურად დარეგისტრირდე, მიიღო პერსონალური პინ-კოდი, რის შემდეგადაც ასპარეზობის უფლებას მოიპოვებ. ამ ეტაპზე 35 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ადრე ტურნირი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ჩვენი კლუბის სამწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასეს და გადაწყვიტეს შეჯიბრის ბათუმში გამართვა და იმედია, ეს ტრადიციულ სახეს მიიღებს. აქვე, თუ ნებას დამრთავთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას გადავუხდი ტურნირის გენერალურ სპონსორს კომპანია „გუდვილს“, პარტნიორებს „ლიბერტი ბანკს“, „ორბი-ჯგუფსა“ და „ჯორჯია პალას ოტელს“, აგრეთვე, აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას, რომელთა უშუალო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული შეჯიბრება. 

კინოფესტივალის მეორე დღე „აპოლოში“

თათია ლაშაური 

 

 

დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე კინოჩვენება მარტინ ლუნდის „თითქმის მამაკაცით“ გაიხსნება. ნორვეგიელი რეჟისორის ნამუშვარმა უკვე მოიპოვა აღიარება კარლოვი ვარის ფესტივალზე და ახლა ქართველი მაყურებელი შეაფასებს ისტორიას ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებთან შეგუება უჭირს.  

 

 

 

 2011 წლის არაბული რევოლუციების ტალღა შონ მაკალისტერის დოკუმენტური ფილმის მთავარი თემაა. „უხალისო რევოლუციონერი“ სცდება საპროტესტო აქციების თემატიკას და ფოკუსს ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებს. ბრიტანელი რეჟისორის ფილმი აღწერს თუ როგორ იცვლება იემენელი ტუროპერატორის ცხოვრება რევოლუციის გამო.

 

 

 

 საღამოს სეანსზე ნაჩვენები იქნება გასული წლის გახმაურებული თურქული ფილმი „ერთხელ ანატოლიაში“. ნური ბილგე ჯეილანი, რომელიც კანის პრიზიორი ფილმის რეჟისორია, ფესტივალის ერთ-ერთი საპატიო სტუმარია. თურქული დრამის სიუჟეტი მამაკაცების ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც ანატოლიის ველზე დაკარგულ გვამს ეძებენ.

 

 

 ფესტივალის მეორე დღე ირანული „ნარინჯისფერი პიჯაკით“ დასრულდება. დარიუშ მერჯუის ფილმი აქცენტს მუსლიმანურ ქვეყანაში ქალების ცხოვრებაზე აკეთებს. 

 

 ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი კინომოყვარულებს მომდევნო დღეებში ევროპულ და აზიურ პროდუქტთან ერთად ქართულ მხატვრულ ფილმებსაც შესთავაზებს.

 

 

გამოიყენებს „დინამო“ შანსს?

დღეს ზღვისპირელები ბათუმში, „ადელის“ სტადიონზე ხარაგაულელებს მასპინძლობენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ ორბურთიანი სხვაობით (2:0 ან მეტი) გამარჯვება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დროს საქართველოს თასის გათამაშების ფავროტი გუნდი ტურნირს მიღმა დარჩება.

შეხვედრა 15:30 სთ. დაიწყება.

უმცირესობები – მეორეხარისხოვანი თემა არასამთავრობო სექტორისთვის

 

„სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებისთვის“ თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხები  დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ  მისთვის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრობლემები უფრო მკაფიოა: „მძიმე პრობლემებია სასჯელაღსრულებით სისტემაში და სამოქალაქო განათლების კუთხითაც. ამიტომ, უმცირესობების პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ექცევა და არც არასამთავრობოების პრიორიტეტებში ჯდება“.   

 

 

ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ `ადამიანებს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვისთვის 80-დღიან პატიმრობას როცა უსჯიან, გამოხატვის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. აქედან გამომდინარე, უკვე სხვა პრობლემები ნაკლებად აქტუალური გეჩვენება. მათ შორის უმცირესობების პრობლემაც“.

 

 

ორი წლის წინ ლადო მგალობლიშვილმა „ტელეარხ 25“-ის ეთერში განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებებს  არ დაიცავდა (ორი წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბათუმში გეი აღლუმის ჩატარება იგეგმებოდა. არხს ამ საკითხზე დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობაზე არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ლადო მგალობლიშვილი დათანხმდა). ამ განცხადების მიუხედავად, მგალობლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი უმცირესობების სტიგმატიზაციას არ ახდენს და ორი წლის წინანდელი განცხადებაში კორექტირება შეაქვს: „ეს არ იყო პირდაპირი გაგებით ნათქვამი. არა მგონია ამას შეეფერხებინა ჩემთან კომუნიკაცია. ამ განცხადების შემდეგ მომმართა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამსახურში პრობლემები იმის გამო შეუქმნეს, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეცვა მისი უფლება“.

 

უმცირესობების პრობლემებზე მუშაობა რეგიონის არასამთავრობოებს რომ არ იზიდავს, ამას გენო გელაძე  – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელიც ეთანხმება. ამ მხრივ რეგიონში ჩატარებული კონკრეტული აქტივობა მას არ ახსენდება: „ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს დევნილების, პენსიონერების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების უფლებებზე. მაგრამ უმცირესობების უფლებებზე არ გვიმუშავია. უმცირესობების თემა, რეგიონში მეორეხარისხოვანია. დღეს ამ თემას არჩევნები ფარავს, მანამდე საკუთრების პრობლემები ფარავდა და ა.შ.  მახსოვს მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც გეი აღლუმის ჩატარებაზე გავრცელდა ინფორმაცია, უფლებების დაცვა კი არა, ლამის ყველა მათ წინააღმდეგ გამოვიდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდანაც კი არ მახსოვს განცხადება, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მათი უფლება“.   

 

 

გენო გელაძის აზრით, უმცირესობების პრობლემების იგნორირება არა მისი სტიგმატიზაციის, არამედ ამ სფეროში მომუშავე კომპეტენტური კადრების დეფიციტით არის გამოწვეული: „უმცირესობებზე მუშაობას ძალიან სერიოზული სპეციალისტები სჭირდება, რადგან სპეციფიკურ ცოდნას და სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა,  არ გამოვრიცხავ ტრადიციის პრობლემასაც _ ბევრი მიიჩნევს, რომ ამ თემების წინ წამოწევა არაპოპულარია…“

 

 

გენო გელაძის აზრით, არასამთავრობო სექტორი გაცილებით აქტიური იყო რამდენიმე წლის წინ, ვიდრე დღეს: „თუ გავაკეთებთ მონიტორინგს, მაგალითად, რამდენი პრესკონფერენცია ჩაატარეს არასამთავრობოებმა ნებისმიერ თემაზე, სამარცხვინო შედეგს მივიღებთ. რეგიონში მომხდარი რაღაც ამბის შეფასება რომ გააკეთებინო ან დისკუსია გამართო, კომპეტენტურ პირებსაც კი ვერ იპოვი. ყოველთვის ერთი და იგივე, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციებია“.   

 

 

ნანა გორგილაძის ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბათუმის ფილიალიც“, მხოლოდ სპეციფიკური კუთხით მუშაობს. ორგანიზაცია ექიმებით, ფსიქოლოგებით და ფსიქიატრებითაა დაკომპლექტებული. ისინი წამების მსხვერპლებს ეხმარებიან, თუმცა, როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური ნიშნით დისკრიმინირებულ პირებთან არასდროს უმუშავიათ: „უფრო სამედიცინო რეაბილიტაციაა ჩვენი პროფილი, ჩვენ ვმუშაობთ კატეგორიაზე, რომელსაც სახელმწიფომ მიაყენა ზიანი, მაგალითად, დევნილები, დემონსტრაციის დროს დარბეული და ნაცემი პირები, ტყვეობაში მყოფი და ა.შ. ჯერ არ გვქონია პრეცენდენტი,  რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს რომ მოემართოს“.

ნანა გორგილაძის განცხადებით, ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც სექსუალური უმცირესობები არიან: „ამ კუთხით თითქმის არავინ მუშაობს, რაც პრობლემაა. სექსუალური უმცირესობების დაცვა გარკვეულწილად სტიგმაა, ამიტომ ორგანიზაციებიც თავს არიდებენ. თუმცა, სტიგმაზე მეტად უფრო კომპეტენციის პრობლემა მგონია. არც უმცირესობები არიან გახსნილი პრობლემაზე საუბრისთვის, ვფიქრობ უკმაყოფილება არ არის იმ დონეზე მომწიფებული, რომ საუბარი დაიწყონ“.

„რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნესტან კახაძეც ბენეფიციართა პრობლემაზე საუბრობს: „არასამთავრობოები, ალბათ, იმიტომ იკავებენ თავს ამ პროფილით მუშაობაზე, რომ არ არის საკმარისი კვლევის ობიექტი. განსაკუთრებით რთულია სექსუალურ უმცირესობებთან ურთიერთობა – არ მეგულება პირი, რომელიც თუნდაც პროექტის მომზადებამდე მიმოხილვის პერიოდში დაგთანხმდეს თანამშრომლობაზე. ამ პრობლემას ხელს უწყობს მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელიც მათი უფლებების დაცვის წინააღმდეგია“.

 

 

ნესტან კახაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დახმარება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც გაუწევიათ: „ერთი გოგონა იყო და ერთიც ბიჭი, რომელთაც დასჭირდათ ჩვენი ადვოკატირება, მაგრამ ეს შემთხვევები უმცირესობების კატეგორიაში არ დაკვალიფიცირებულა. ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მხოლოდ ანკეტის შევსების დროს დაფიქსირდა. ცალკე, უმცირესობების დაცვის კატეგორიაში არ გაგვიყვანია“. 

 

 

სექტორში მიიჩნევენ, რომ მათი ფუნქცია სწორედ საზოგადოების უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დამაკავშირებელი გზების გამოძებნაა, თუმცა ამ ფუნქციას ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ართმევენ თავს.

„როცა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონი მიიღეს, საიამ განაცხადა, რომ ამ კანონით ხელისუფლებამ რელიგიური უმცირესობები უბრალოდ მოატყუა. თუმცა, საიას ხელისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის მედიატორის როლი არ უთამაშია, პრობლემა თვითონ მიიტანეს ხელისუფლებამდე“, – ამბობს საიას ბათუმის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.

 

 

მისი აზრით, უმცირესობების თემა ძალიან ფაქიზია და მას სპეციფიური ტიპის კვლევები და დასკვნები სჭირდება: „რეგიონში ამ სფეროზე მომუშავე არასამთავრობო აქედან გამომდინარეა რომ არ არსებობს“. 

 

 

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის  – „თანადგომას“ ბათუმის ხელმძღვანელი ნათია ხარატი ამბობს, რომ სექსუალურ უმცირესობებთან რამდენიმე წელია მუშაობენ, ოღონდ ეს ურთიერთობა მხოლოდ სამედიცინო კუთხით შემოფარგლება:  „ვმუშაობთ შიდსის პრევენციაზე. დაახლოებით ასამდე ბენეფიციარი გვყავს, სხვადასხვა ქალაქიდანაც, ოღონდ ჩვენ მხოლოდ შიდსის პრევენციის კუთხით ვმუშაობთ და არა კომპლექსურად“.  

 

 

ნათია ხარატის აზრით, უმცირესობების მიმართ თავად არასამთავრობოების დამოკიდებულებაც უკვე პრობლემატურია: „როცა უფლებადამცველი ეთერში ამბობს, რომ მათ არ დაიცავს, ბუნებრივია, მათი მიმართ ნდობა არ იქნება. ყველა წამოვა ურთიერთობაზე, თუ გულწრფელობას დაინახავენ. პრობლემები განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებს აქვთ მრავლად, ამიტომ ამ პირებთან კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ“.  

 

 

უმცირესობებთან არასამთავრობოების მუშაობის პოლიტიკას ასე აფასებს ასლან ჭანიძე -„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე“: „არ შეიძლება ადამიანის უფლება იყოს პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული, პოპულარული და არაპოპულარული. იმის თქმა, რომ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია და, შესაბამისად, არასამთავრობო სექტორი აქცენტს ამაზე აკეთებს, არასწორია. უფლებების დამცველი ორგანიზაცია უნდა იცავდეს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, იმის მიუხედავად ეს საზოგადოებას მოსწონს თუ არა. ის, რომ ეს ადამიანები იგივე უფლებით სარგებლობენ, რაც შენ გაგაჩნია, არა თუ მესამე სექტორმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს“.

„სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ტურნირის ფავორიტები არიან” – ინტერვიუ ლეილა მესხთან




რამ განაპირობა ხუთწლიანი პაუზა და შემდეგ კვლავ ტურნირის ბათუმში დაბრუნება?

 

პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ველოდებოდით საჩოგბურთო კორტების სრულ რეკონსტრუქციას, რაც სამწუხაროდ ჭიანურდებოდა. ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რამაც შეაფერხა ეს პროცესი, ამიტომ გადავწყვიტეთ ტურნირის თბილისში გამართვა. თუმცა, როგორც ხედავთ, ბათუმის საჩოგბურთო კორტები უკვე რეკონსტრუირებულია და მზადაა დიდი რანგის ტურნირების მისაღებად, ატმოსფეროც ჩინებულია და პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლეიდის ოუფენ“ კვლავ ბათუმს დაუბრუნდა.

 

 

მონაწილეთა ასეთი მცირე რაოდენობა ტურნირის ისტორიას არ ახსოვს. რა არის ამის მიზეზი?

 

 

როგორც იცით, ბათუმამდე თბილისსა და თელავში ზედიზედ ორი ტურნირი ტარდება, მონაწილეებსაც ერთ ტურნირზე ჩამოსვლა, ამ შემთხვევაში ბათუმში, ძვირი უჯდებათ და ურჩევნიათ, თბილისისა და თელავის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა, ხარჯი ნაკლები აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბათუმის საჩოგბურთო კორტები ხელოვნურსაფარიანია, თბილისსა და თელავში კი თიხნარზე თამაშობენ. მართალია, სამწუხაროა, რომ მხოლოდ 32 მონაწილე გვყავს წელს, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამათგან 14 ქართველია. შესაძლოა ორგანიზატორებს ურჩევნიათ მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ, ფედერაციას, ამ ეტაპზე გვაწყობს, რომ ჩვენმა გოგონებმა მიიღონ გამოცდილება, მოიპოვონ საპრიზო ადგილები, საპრიზო თანხაც მათ გადაინაწილონ და სარეიტინგო ქულებიც დაიმატონ. რაც შეეხება ტურნირის გაუქმებას, დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება. პირიქით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რათა მომავალი წლიდან საპრიზო ფონდი კიდევ უფრო გაიზარდოს. აქვე მადლობას მოვახსენებ ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის დაარსებიდან დღემდე ჩვენი სპონსორია და ბათუმის საჩოგბურთო კლუბს.

 

 

ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი ქართველი მაკა ჩახნაშვილი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია. წელს როგორ შეაფასებთ ქართველთა შანსებს?

 

 

სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ამ ტურნირის უდავო ფავორიტები არიან. კარგია, რომ წილისყრამ ისინის ბადის სხვადასხვა მხარეს განათავსა. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო ბათუმელი მარი ბოლქვაძე, რომელიც მიუხედავად პატარა ასაკისა (14 წლისაა) საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია, რაც დაამტკიცა კიდეც. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. 

„ზეციური მანქანები“ აპოლოში

 თათია ლაშაური 

 

დღეს, 22:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ლეო კარაქსის გახმაურებული ფილმს, „ზეციური მანქანებს” აჩვენებენ,  საავტორო კინოს ბათუმის მეშვიდე საერთასორისო ფესტივალის ფარგლებში. 

 

 წლევანდელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი პარალელურ სამყაროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს და მასში მთავარ როლებს ევა მენდესი, კაილი მინოუგი და მაიკლ პიკოლი ასრულებენ. 

 

კინფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, 23 სექტემბრამდე გასტანს და 40-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები. წელს ჟიურის ცნობილი ქართველი რეჟისორი, ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობს.

 

 

რიგები სახელმძღვანელოების შესაძენად

ბათუმში სახელმძღვანელოების შეძენა ამ დროისათვის #10, #9 და #3 საჯარო სკოლაშია შესაძლებელი, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე N12-ში მდებარე წიგნის მაღაზიაში.

აჭარის რეგიონებში კი სახელმძღვანელოები ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში და ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიყიდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ წიგნები შესაძლოა ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიყიდოს, სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობენ, მანამდე კი „ბათუმელებთან“ საუბრისას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია აბულაძემ განაცხადა, რომ შუახევსა და ხულოში სასკოლო ბაზრობის მოწყობა არ არის აუცილებელი, რადგანაც იქ მცხოვრები მოსწავლეების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის და სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. „მაღალმთიან აჭარაში დანარჩენი მოსწავლეები, რომელთა რიცხვიც ძალიან მცირეა, ბათუმიდან მიიღებენ წიგნებს“, – ამბობს გია აბულაძე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მექანიზმის შემოღება წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით გახდა საჭირო, მაღაზიებში დიდი რიგების გამო მშობლები ვერ ახერხებდნენ წიგნების დროულად შეძენას, სკოლებში კი, დიდი გამოფენა-გაყიდვების გაკეთება უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, წიგნების შეძენა საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე, ინტერნეტ-მაღაზიაშიც არის შესაძლებელი. სამინისტროს განცხადებით, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, ფოსტა წიგნებს თბილისში 24 საათის, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მიიტანს. სახელმძღვანელოებს შემკვეთი მომსახურების დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს. საფოსტო სერვისით სარგებლობა 8 ოქტომბრის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.

ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში გამართულ წიგნის ბაზრობაზე „ბათუმელებთან“ საუბრისას მშობლებმა განაცხადეს, რომ დადებითად აფასებენ ბაზრობის სკოლებში მოწყობის იდეას, თუმცა აცხადებენ, რომ წიგნები დაპირებულზე ძვირი ღირს. „ტელევიზორში რამდენჯერმე თქვეს, რომ არც ერთი წიგნის ფასი 10 ლარზე ძვირი არ უნდა იყოსო, მაგრამ ადგილზე რაც ვნახე, საგნის მთლიანი კომპლექტი – წიგნი და რვეული ერთად აღებული 15 ლარი ღირს. ზოგიერთ წიგნს ტესტების კრებულიც აქვს, მასწავლებელი სრული კომპლექტის შეძენას ითხოვს და მეც იძულებული ვარ ვიყიდო. ზოგი წიგნი ორ ნაწილად არის გამოსული, ორივეს ფასი ერთად აღებული კი 10 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ბაზრობაზე მოსულმა მშობელმა მერი აბესლამიძემ.

აჭარის განათლების მინისტრის, გია აბულაძის თქმით, სასკოლო წიგნები ორ ნაწილად გამომცემლობისთვის მეტი მოგების მიღების მიზნით არ არის გაყოფილი. „თქვენ ხომ გაქვთ ნანახი, რა სისქის წიგნებია გამოცემული. მათი ტარება მოსწავლეების ხერხემალს უქმნის საფრთხეს. მხოლოდ ეს მიზანი აქვს წიგნების ორ ნაწილად გაყოფას“, – აღნიშნა გია აბულაძემ.

სამინისტრო აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი რიგების თავიდან არიდებაა, ამიტომაც შეეზღუდათ წიგნის მაღაზიებს სახელმძღვანელოების გაყიდვა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო გოგინაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ გამომცემლებს, წიგნის გავრცელების შეზღუდვის გამო, ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
წიგნის ბაზრობები, საქართველოს მასშტაბით, 400 სკოლაში მოეწყობა. რაც შეეხება სავაჭრო წერტილებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ 21 მაღაზიაში შევა გასაყიდად.

„ბათუმი ლეიდის ოუფენ“ მონაწილეთა სიმცრის გამო ჩაშლის პირას იყო

 სწორედ ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ბადის თამაშები აღარ გამართულიყო და მონაწილეები პირდაპირ ძირითად ბადეში დაეშვათ. უკვე გაიმართა წილისყრა, რომელმაც მეტოქეები დააწყვილა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტურნირზე მოასპარეზე 32 ქალს შორის 14 ქართველია, რაც მათ მიერ საპრიზო ადგილების მოპოვების შანსს ერთიორად ზრდის. დანარჩენი მონაწილეები გერმანიის, რუსეთის, მოლდოვას, სომხეთისა და ავსტრალიის წარმომადგენლები არიან. 

ტურნირზე პირველ ნომრად რუსი იულია კალაბინაა, რომელიც პირველ წრეში ლანა როსტიაშვილს დაუპირისპირდება. მეორე ნომერია სოფიო ქვაცაბაია, რომელიც პირველ წრეში თანამემუამულე ანი გოგვაძის დამარცხებას შეეცდება. რეიტინგის მიხედვით ტურნირზე განთესილი რვა საუკეთესო სპორტსმენის დანარჩენი ექვსეული ასე გამოიყურება: 

3 – ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა); 4 – პაშკოვა ევგენია (რუსეთი); 5 – ოლგა იანჩუკი (უკრაინა); 6 – ეკატერინე გორგოძე (საქართველო); 7 – ანა შკუდუნი (უკრაინა); 8 – ანი ამირაგიანი (სომხეთი).

პარალელურად გაიმართება ასპარეზობა წყვილთა შორის. მომდევნო წრეში თამაშის უფლება უბრძოლველად (მეტოქეთა არარსებობის გამო) მოიპოვა გორგოძე-ქვაცაბაია (საქართველო), კალაბინა-პაშკოვასა (რუსეთი) და დები იანჩუკების (უკრაინა) წყვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 აშშ დოლარია.

ძიუდოისტთა ნაკრებს ცირეკიძე უთავკაცებს

ეროვნულ გუნდში მისი თანაშემწეები ლაშა გუჯეჯიანი და ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის პირადი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან. „ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სევეცდები, ბევრი ტიტულები მოვიპოვოთ, რაც შეეხება სიახლეებს, გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ“,  –  განაცხადა ნაკრების ახალმა თავკაცმა. პირველი სერიოზული გამოცდა, რომლის ჩაბარებაც ცირეკიძესა და მის სამწვრთნელო შტაბს მოუწევთ, ბრაზილიაში დაგეგმილი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი იქნება, რომელიც 27-2 ოქტომბერს გაიმართება

უძლიერესები ბალტიისპირელები არიან

მეორე ადგილზე ესტონელი მარკუს მანიკი გავიდა, მესამე ადგილი კი ლიტველმა ვილმანტას ბლიუტუსმა დაიკავა. მეოთხე ადგილი წილად ხვდა უკრაინელ ვიტალი მიხეევს. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლებს, მათგან მხოლოდ ერთი მიუახლოვდა საპრიზო ადგილს, გიორგი დოინჯაშვილმა ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ასპარეზობა ბათუმში უკვე მეორე წელია ტარდება და აჭარის უძლიერეს მამაკაცთა კლუბის პრეზიდენტის, გოჩა შავაძის განცხადებით, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მომდევნო წლებში გაცილებით გაიზრდება.

 

 

 

 

მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

 

ნანა ტრაპაიძე
ნანა ტრაპაიძე

 

წიგნის მაღაზიის თაროებს თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ახალი გამოცემები არ გამოდის, თუმცა მკითხველების ერთი ნაწილი მაინც ირჩევს ნაცნობ სახელებს,  კლასიკას. რატომ ხდება ეს, ქართველი მკითხველი უნდობლად ეკიდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, თუ ეს გარკვეულ წილად მკითხველის სნობურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს?  

 

 

ალბათ, ერთიცა და მეორეც. ერთი, ის, რომ თანამედროვე ლიტერატურული პროცესი ვერ თანხვდება არსებულ სამკითხველო სტერეოტიპთან, მკითხველი მასში საკუთარ მოლოდინებს, თავის იდეალებს ვერ პოულობს და უცხოვდება მისგან. ხშირად აგრესიულადაც. ამიტომ თავის სურვილებს იგი  გავლილი ლიტერატურული პროცესით იკმაყოფილებს.  

 

მაგრამ უნდა ითქვას ერთი: მაღალი ლიტერატურა ყველას ლიტერატურაა, მისი სოციალიზაციის ხარისხი გამჭოლია, სხვადასხვა კულტურულ წრეზე გადის. ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში (და ეს შემთხვევები ხშირია), კლასიკურ ტექსტებთან დიალოგის პასუხისმგებლობის მთელი სირთულე ამ სათაყვანო (სამართლიანადაც) ლიტერატურაზე მოდის და არა მკითხველზე. ის უფრო მოძრაობს მკითხველისაკენ, ვიდრე პირიქით. მხედველობაში მყავს სტერეოტიპული მკითხველი… ამიტომ კლასიკით კმაყოფილების ფაქტიც რამდენადმე საეჭვოა. ლიტერატურა ზღვრებთან თამაში და გადალახვაა. თუ ამგვარი გაერთიანება არ ხდება, აღფრთოვანება უსაფრთხო, უკვე დაზღვეული  აღქმის გამო ხდება, პირველ რიგში, ხოლო  წმინდა მხატვრული სიკეთეები მხოლოდ პირადი ,,გემოვნების“  დადასტურებებად მოიმარჯვება.  ეს არის სუბიექტური ფაქტორი, რის გამოც ხშირად გვერდს უვლიან თანამედროვე ლიტერატურას და მიმართავენ ძველს. თუმცა თანამედროვეობის ტერმინი დასაზუსტებელია: წაკითხვადობისა და პოპულარობის სიხშირეები ცვლადია და ისინი თანამედროვეობის ინდიკატორად არ გამოდგება ყოველთვის, მით უფრო სიმულაციების ეპოქაში.

 

 

არის სხვა ფაქტორიც. ვთქვათ, ობიექტური, რომლის ფსიქო-კულტურული შინაარსი ასე შეიძლება გამოითქვას: ადრე, ჯერ კითხულობდნენ, მერე ცხოვრობდნენ, ახლა ჯერ უნდა იცხოვრო, მერე იკითხო. ეს ნიშნავს – სამკითხველო და ცხოვრებისეული გამოცდილება სინქრონული ხდება. სხვაგვარად გაგების აქტი ვერ შედგება. შესაბამისად, არ ცხოვრობ, – ვერც წაიკითხავ. თანამედროვეობა ნიშნავს, იყო აწმყოს განმცდელი. მოდა ამას არ გავალდებულებს, მოდას შეიძლება აყვე, თანამედროვეობა კი ნიშნავს განცდას. ცოდნას, შეცნობას, პირად აქტივობას, საკუთარ ხმას. ამ მხრივ, თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცე ალბათ იმდენად და იმდენივეს სცოდავს, რამდენადაც და რამდენსაც საზოგადოებრივი…

 

ადრე ლიტერატურა გულისხმობდა ერთგვარ ეთიკურ მომწიფებას, სავარჯიშოს ცხოვრებისათვის, სულიერ მომზადებას სამყაროსა და თვითშეცნობისათვის. მორალი ლიტერატურაში, ფართო აზრით, ნიშნავდა ზუსტ დროს პერსპექტივაში, იდეალურ დრო-სივრცეს. საითკენაც აჩქარებული კითხვით მიილტვოდა მკითხველი კაცობრიობა. ახლა ლიტერატურა ეს აღარ არის. მას შეუძლია მხოლოდ გითხრას, თუ სად ხარ ახლა. და თუ რამდენიმე ფურცლის შემდეგ უკმაყოფილო ხურავთ წიგნს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროით განზომილებაში ხართ. ამიტომ, არ უნდა გაუწყრე მას, იქნებ ოდესმე შეხვდეთ, გადაიკვეთოთ და დამეგობრდეთ კიდეც. 

 

 

ბოლო ხანს, როცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე საუბრობენ, აუცილებლად მოჰყავთ მაგალითად რამდენიმე მწერალი, რომელთაც განიხილავენ როგორ ეპატაჟურს და იწყება იმაზე საუბარი, რომ ეს მწერლები უნიჭობას ნიღბავენ სკაბრეზით და ა.შ. თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებს მათი ტექსტები ასე საზოგადოებას?

 

 

 

ლიტერატურის ოდინდელი ფუნქცია იყო და არის სიმართლის თქმა. სხვადასხვა დროს თავისი სიმართლე აქვს და ფორმაც, რომელშიც ის თავს გამოხატავს. სამწუხაროდ, მხატვრული სიმართლის განსაზოგადოებაში არც თუ კეთილშობილ როლს ასრულებს მასმედია, რომელსაც სკანდალებისაგან თავისი ანგარიშები და ინტერესები აქვს.  შეიძლება ითქვას, იგი, გარკვეულად, გადაფარავს ლიტერატურული კრიტიკის, სააუდიტორო და პედაგოგიური მედიაციის როლსა და ფუნქციას ლიტერატურასა და მკითხველს შორის, რაც არის პროცესების ანალიზის სწორი ადგილი.  

 

როგორც ლიტერატურის, ისე  მკითხველის (ეს ერთი მთლიანი ორგანიზმია) განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის სწავლებას სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივ-სამოქალაქო სივრცეზე გადის და ცალკე საუბრის საგანია.

 

რაც შეეხება ეპატაჟს და ცრუ ხმაურს. ლიტერატურული პროცესი არ არის მხოლოდ ის, რასაც კაცობრიობის წერილობითი და ზეპირი მეხსიერება სწვდება. ლიტერატურა, როგორც მხატვრული ფაქტი, განვითარების დინამიკური და რელიეფური პროცესის კვალია. ერთი მარადისობაში გადასული ტექსტის უკან, მრავალი მეორეხარისხოვანი და დავიწყებული ტექსტი დგას (ამის საუკეთესო მაგალითი გვაქვს რუსთაველის იქედნური კრიტიკის სახით მისი თანამედროვე ლიტერატურული პროდუქციის მიმართ, რომელზეც დღეს ჩვენ არაფერი, ან ბევრი არაფერი ვიცით).  

 

 

მნიშვნელობები და ადგილი ორი რამის მიერ განისაზღვრება: დროისა და ლიტერატურის კრიტიკის. სამწუხაროდ, ჩვენში ეს საქმე უფრო დროის ფუნქციაა, მით უფრო მიუკერძოებლობის თვალსაზრისით…  ფრთხილი ქართველის ეთიკა ალბათ ასე სჯის: რატომ გავაკეთო ის, რასაც  დრო ისედაც გააკეთებს.  ალბათ იმიტომ, რომ ეს უმადური საქმეცაა და სახიფათოც… ვფიქრობ, რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს, არანაკლებ აქტუალური თემაა ახლა, ვიდრე საუკუნენახევრის წინ. 

 

ადრე მწერალს მორგებული ჰქონდა ერთგვარი ჭკუისდამრიგებლის როლი, თანამედროვე მწერლები ამისგან მეტ-ნაკლებად ცდილობენ გათავისუფლებას და ცოტათი დასცინიან კიდეც  „ძველებს“. როგორ ფიქრობთ, ეს „მამების და შვილების“ ძველი ისტორიაა, თუ უბრალოდ თანამედროვე სამყარო უნდობლად უყურებს მენტორებს?   

 

 

გეთანხმებით. ახალი სამყარო უნდობლად უყურებს მენტორს. ის ან ანაქრონიზმია, ან გაუცნობიერებელი (იქნებ არც) უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობა. რაც შეეხება თანამედროვეთა დამოკიდებულებას ტრადიციისადმი, თუ პერსპექტივაში შევხედავთ მოვლენებს, კონტექსტების წირს მოვნიშნავთ, ეპატაჟიცა და ეპიგონობაც ტრადიციაში ჩაწერის ხელოვნური ფორმებია. რაც შეეხება ნამდვილი ლიტერატურის ბუნებრივ ხმაურს,  იქნება ეს სკაბრეზი თუ  სხვა ,,საჩოთირო“  ხერხები, ეს პოზიტივური სათქმელის ნეგატიური ფორმით გამოხატვაა. არის ლიტერატურა, რომელიც გენერირებს ლიტერატურულ პროცესს,  არაა განსაზღვრული მასობრივი მკითხველისათვის. ასეთი ტექსტი იყო 90-იანებში დავით ბარბაქაძის ,,ტრფობა წამებულთა“, რომლის ხმაურის გადაფარვა სამოქალაქო ომს თუ შეეძლო მხოლოდ.

მაგრამ დროში, რომელშიც არსებობდე – ნიშნავს იყო პოპულარული, გასაგებია რამოდენა ცდუნებები არსებობს გამოწვევათა პირისპირ. მოკლე გზა საფრთხეებს არ დაგიდევს, მით უფრო, რომ დიდი დრო და მასში აზროვნება ცრურწმენის ნაირსახეობად ჩანს ახლა. მყისიერ მომგებიან დივიდენდებზე გათვლილი პოლიტეკონომია, რა თქმა უნდა, გრძელ დროზე არ იანგარიშებს, ცხადია,  არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მწერალი აწმყოზე უნდა ფიქრობდეს და არა მომავალზე, რომელზეც მას არაფრის ცოდნა შეუძლია. 

 

ლიტერატურისადმი საყვედურებში მოჯადოებული წრის წინაშე ვდგებით: ერთი მხრივ, მკითხველი, სინამდვილე ქმნის ლიტერატურას, მეორე მხრივ, ლიტერატურა ქმნის მკითხველს და სინამდვილეს. ეს დაახლოებით წააგავს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართებას: ყველა ხალხს  შესაბამისი ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ ,,ერთხელაც“ აღმოჩნდება, რომ რომელიღაცას გაუსწრია, წინ წასულა… ამ საქმეში ლიტერატურას დალოდება არ სჩვევია. ვფიქრობ, ეს უკვე ფაქტია ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში.

 

თავად რას კითხულობთ, რის წაკითხვას ურჩევდი სხვებს და რატომ?

 

დელიკატური და ინტიმური თემაა… ჩემთვის (ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს ლიტერატურისა და მკითხველის მიზიდულობის მეტაფიზიკა: მკითხველი ისაა, ვინც კი არ  ეძებს წიგნს, არამედ ვისთანაც წიგნები მიდიან.  მისვლას ზუსტი დრო აქვს.  ამ მოძრაობაში შეხვედრები და აცდენები ისეთივე ბუნებრივი რამაა,  როგორც ცხოვრებაში…

 

მე ასე დავსვამდი საკითხს: არა რა ვიკითხოთ, არამედ როგორ ვიკითხოთ. იმისთვის, რომ იკითხო და ისიამოვნო (რაც ნიშნავს შეიცნო),  საჭიროა, ასე ვთქვათ, სამკითხველო ნდობა. არა ბრმა, ფეხის და მოდის ხმას აყოლილი, არამედ, ალბათ, ირაციონალური. ნდობა არის ის, რაც  ღირებული ლიტერატურის ღირებულ ლიტერატურად მიღების გარანტი შეიძლება იყოს.  ლიტერატურის ლიტერატურად ყოფნის, ფუნქციონირების საქმეში სკეფსისი, მით უფრო წინასწარგანწყობილი და მსოფლმხედველობრივი, ცუდი მეგობარია. წიგნს, ლიტერატურას, ისევე როგორც ადამიანს, მხოლოდ ნდობაში შეუძლია აჩვენოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები. და თუ წინასწარი, `ბრძენი“ სკეპსის გამო წიგნმა ,,ვერ ივარგა“, ეს მხოლოდ უადგილო და ნაჩქარევი ეჭვის ბრალია, რომელზეც ისევ მკითხველი წაიკრავს ფეხს. ლიტერატურა? ლიტერატურა თავისუფალია ამგვარი მარცხისაგან, ცხადია, თუ ის ლიტერატურაა და არა ფალსიფიკაცია… მე შემიძლია ვურჩიო ნდობა,  წიგნები, დაე, თავად შეარჩიონ…  

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა ოთხ ნაწილად შეეძლებათ

 ქეთი ლაბაძე 

 

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა სასწავლო წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად შეეძლებათ.

 

15 სექტემბრამდე სტუდენტებმა სწავლის საფასურის მეოთხედი უნდა გადაიხადონ.

 

 

გასულ წლებში სტუდენტები სწავლის თანხას შემოდგომასა და ზამთრის სესიების წინ ფარავდნენ, რის გამოც, სტუდენტების ერთი ნაწილი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა და სტუდენტის სტატუსი უჩერდებოდა.  

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლის მინიმალური გადასახადი 1500 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 2500.

 

სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 17 სექტემბერს იწყება, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი 1 ოქტომბერს.

ახალი ინტერნეტ პროვაიდერი ქობულეთში

თათია ლაშაური

 

დღეიდან ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ახალი ინტერნეტ პროვაიდერი „ა – ნეტი“ მომემსახურება.

 

 

 კომპანია მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტი, სატელეფონო და საკაბელო მომსახურება – ამ სერვისების ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონიმუმ 18 ლარი დაუჯდება, ოქტომბრის ბოლომდე კი ინსტალაცია უფასო იქნება.

 

 

კომპანია „ა-ნეტი“ დაფარვის ზონის გაზრდას დაახლო მომავალში აჭარას ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.  

ეშმაკის ბორბლიდან მგზავრები ავარიული გათიშვის შედეგად ჩამოიყვანეს

„6 მაისის პარკის“ დირექტორის, გელა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დროისათვის ეშმაკის ბორბალზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ატრაქციონის სათადარიგო დიზელის ძრავის საშუალებით, „ეშმაკის ბორბალი“ მექანიკურად დაუშვეს ძირს. 

 

„112-ის სამაშველო ბრიგადის გამოძახება საჭირო არ აღმოჩნდა. დიზელის ძრავით ავამუშავეთ ბორბალი და მგზავრები ჩამოვიყვანეთ. ამ დროისათვის ატრაქციონი ტექნიკურ შემოწმებას გადის და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე ჩაირთვება“, – აღნიშნა გელა ბოლქვაძემ. 

 

მისივე თქმით, „ეშმაკის ბორბალი“ ტექნიკურ შემოწმებას თვეში ერთხელ გადის.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბათუმში  ამ ატრაქციონის ავარიულად გაჩერება გახდა საჭირო. 

„მომავალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრის შესახებ

ალექსანდრე ლომოური, პარტია „მომავალი საქართველოს“

 

მე, პარტია “მომავალი საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. გუშინ, 10 სექტემბერს შევხვდი ბათუმის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს და მათი პრობლემები მოვისმინა. მოსახლეობას ქვეყანაში რეალური ცვლილებები სურს და ეს ცვლილებები ძალიან მალე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

 

 

ბათუმელებმა პარტია „მომავალ საქართველოსა“ და მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

მოსახლეობა დაიღალა ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით, უკანონობითა და იმ ცრუ დაპირებებით, რომელიც აქამდე იყო.

ახლა დროა, ბათუმელების კეთილდღეობისათვის რეალურ ცვლილებებს მოჰყვეს რეალური ნაბიჯები, რომელსაც მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება საპარლამენტო არჩევნების დროს.   

ქედის “ბეთლემი” პირველ ლიგაში

 

 თავიდან მოვყვეთ, როდის შეიქმნა “ბეთლემი” და როდის ჩაუდექით მას სათავეში?

 ქედაში საფეხბურთო გუნდი გასული საუკუნის 1950-1960-იან წლებში ჩამოყალიბდა და საქართველოს პირველობებზე სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა. 1980-1990-იან წლებში მე დავინიშნე მთავარ მწვრთნელად. მაშინ კარგი გუნდი გვყავდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ანუ ქართული საბჭოურს გამოეყო, პირველივე წელს მივიღეთ საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა. 1/64 ფინალიდან დავიწყეთდა მეოთხედფინალამდე გავაღწიეთ, მხოლოდ იქ დავმარცხდით ფოთის “კოლხეთთან”. არადა, ფოთელებმა იმ წელს თასის ფინალი ითამაშეს. მერე იყო ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდი და ასე 10-15 წელი ბურთი აღარ გაგორებულა. საბოლოოდ კი გადაწყდა აღგვედგინა ეს გუნდი. ორი წელი რეგიონალლიგის დასავლეთ ზონაში ვასპარეზობდით. პირველ წელს მეხუთე ადგილი დავიკავეთ, შარშან კი პირველი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ, მეორე ადგილზე გავედით.

რთული სეზონი გქონდათ?

 კი, ძალიან რთული იყო. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ, მეორე წრე კი ძალიან ცუდად დავიწყეთ -ხუთი შეხვედრიდან სამი წაგება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მოგება. თუმცა საკუთარ თავში ძალები მოვნახეთ და ბოლო 8 შეხვედრა ზედიზედ მოვიგეთ, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ლიგის საგზურის მოპოვება.

 პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება ბევრს არ ექნება…

ვერ დაგეთანხმებით. ჩვენთან ისეთი ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ, ვიტალი დარჩიძე, კახა ქაცარავა, ლევან ბექთაშევი, ვასო კუნჭულია. მათ გარდა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე: გიორგი კახიანი “ბაღდათიდან”, ლაშა კალანდაძე და გიორგი ხაჩიძე “ოზურგეთიდან”, ასევე “მაჭახელადან” დავითაძე, ანანიძე და სეიდიდი. ოთხი ფეხბურთელი ქედის მკვიდრია. კარგი ბიჭები არიან, ვფიქრობ, ურიგო გუნდი არ გვეყოლება.

 პირველივე სეზონში უმაღლეს მიზნებს არ დაისახავდით ალბათ …

 დასამალი რაა და წელს პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. როგორც იცით, პირველ ლიგაში “შუქურა” და “ადელი” თამაშობენ, თუმცა პირველობა ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი, მათ ჩვენთან შედარებით გაუმართლათ, ჩვენს ქვეჯგუფში კი საკმაოდ ძლიერი გუნდები მოხვდნენ: თბილისის “დინამო-2”, ლანჩხუთის “გურია”, “მაღაროელი”, “მეშახტე” და “გაგრა”, რომელმაც შარშან ევროპის ლიგაზე ითამაშა. ასე რომ, კონკურენცია მართლაც დიდია.

თამაშებსაც სად გამართავთ?

ქედაში კარგი სტადიონი გვაქვს, უბრალოდ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრიბუნების კეთილმოწყობა, საფარის განახლება და ასე შემდეგ. ჩემპიონატის მატჩებს ქედაში ვუმასპინძლებთ.

 გუნდს ვინ აფინანსებს? 

აჭარის მთავრობა და ქედის მუნიციპალიტეტი. კლუბის პრეზიდენტი ბაქარ ბარამიძე გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ “ბეთლემის” მეორე მწვრთნელია ვახო ქაცარავა.

ხელფასების პრობლემა არახალია ქართული კლუბებისთვის…

 ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა და იმედია, არც შეიქმნება.

 უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდები გამარჯვებისთვის პრემიალურ თანხებსაც იღებენ…

 ჩვენთანაც მასე იქნება. წარმატების შემთხვევაში ბიჭებს აუცილებლად წავახალისებთ.

 რამდენი ფეხბურთელი იქნება გუნდში?

 24 ფეხბურთელი მყავს განაცხადში. შევხედავთ ჩვენს შედეგებს და შესაძლოა, სამომავლოდ გავძლიერდეთ კიდეც.

სასურსათო მაღაზიების ძარცვის სერია

მაღაზიის გატეხის პირველ მცდელობას სოფელ ბაბუჩოღლებში აგვისტოს ბოლო რიცხვებში ჰქონდა ადგილი. მძარცველებმა მაღაზიის უკანა კედლის კარის გამომტვრევა სცადეს, თუმცა კარს შიგნით არსებული გისოსების გატეხა ვეღარ შეძლეს. იმავე დღეს სამი მაღაზია მახუნცეთშიც გაქურდეს, ორი მაღაზია მახუნცეთის ცენტრში და ერთიც ცენტრიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით, ე.წ. „გვირაბთან“.

 

 

მახუნცეთში თენგიზ მახარაძის მაღაზიაში მძარცველები მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლი გამყოფი კედლის გამოტეხის შემდეგ შევიდნენ. მაღაზიის მესაკუთრის განცხადებით, გატანილია 500 ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი. თენგიზ მახარაძე: „15-20 დღის წინ მოხდა ქურდობა, შაბათი დღე იყო, მეზობელი მაღაზიის მეპატრონემ გამაგებინა, ჩემი მაღაზია გაქურდეს და თქვენიც გატეხილიაო. ქურდებმა რკინის სეიფი გაიტანეს მაღაზიის გარეთ – ნავაჭრი, 500-ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე საქონელი წაიღეს, ძირითადად ძვირად ღირებული სასმელები და სიგარეტები. შეტყობინებისთანავე ადგილზე მოვიდა პოლიცია, ექსპერტიზა… ორჯერ მოვიკითხე და მითხრეს, რომ ძიება მიმდინარეობს“. 

 

იმავე დღეს თენგიზ მახარაძის მაღაზიის გარდა მახუნცეთში მზიური ბერიძის მაღაზიაც გაქურდეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაქურდეს მახუნცეთში „გვირაბთან“ არსებული კაფე-ბარის მაღაზია. აქ მძარცველები სამზარეულოს კარებიდან შევიდნენ. როგორც დაწესებულებების თანამშრომლები ამბობენ, მძარცველებმა მხოლოდ 60-80 ლარის პროდუქტი გაიტანეს.  

 

 

მარინა სამნიძე, კაფეს თანამშრომელი: „30 წელია მახუნცეთის ბინებში ვცხოვრობ, ბინის კარები დღით არასოდეს დამიკეტია, გაქურდვის მცვდელობა არასოდეს ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  

 

ორი წელია რაც კაფე არსებობს, პირველად ახლა გატეხეს, კაფეს თავისი მაღაზია აქვს, ძირითადად, სიგარეტები, სასმელები და ტკბილეულობა იყიდება. ქურდობა სავარაუდოდ ღამით მოხდა _ დილით მოსულებს მაღაზია გაქურდული დაგხვდა. სამზარეულოს კარებიდან შესულან, ეს კარები დაკეტილი კი იყო, ალბათ, გამოტეხეს. სასმელები და სიგარეტები იყო წაღებული, გაეჩხრიკათ ხის კარადა, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ვინახავთ, სხვა ყველაფერი ისევე დაეტოვებინათ, კარებიც კი დაეხეურათ – “პატიოსანი ქურდები”  ყოფილან”. 

 

ბაბუჩოღლებში მეორე მაღაზია 31 აგვისტოს გაძარცვეს. მაღაზიის გამყიდველის, სულიკო ვერძაძის თქმით, ქურდებმა მაღაზიიდან სწრაფი გადახდის აპარატი, ფული და 150 ლარის პროდუქტი გაიტანეს: `გადახდის აპარატი აქვე, ახლოს დაამტვრიეს და თანხა წაიღეს. აპარატში 800 ლარამდე უნდა ყოფილიყო, ქსელმა აპარატის გათიშვის დრო – ღამის პირველი საათი და 50 წუთი უჩვენა”. 

 

სასურსათო მაღაზიები დაბა ქედასა და სოფელ წონიარისშიც გაძარცვეს, წონიარისში ორი მაღაზია, ქედაში – ერთი.  

 

აქამდე მაღაზია ქედაში მხოლოდ ორი წლის წინ გაქურდეს _ სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ქურდები კარზე დატანებული ფანჯრიდან გადავიდნენ. მესაკუთრის, ლამარა თებიძის თქმით, ქურდებმა მაშინაც სიგარეტები, პური და ფული გაიტანეს: “ქურდებმა მაღაზიის უკანა ნაწილში განთავსებული სათავსოს კარებზე, ზედა ნაწილში არსებული ფანჯარა გამოამტვრიეს, მოხსნეს გისოსები და ისე შემოვიდნენ. განსაკუთრებული არაფერი წაუღიათ, ხურდა ფული მქონდა _ 100-ლარამდე და 200-ლარამდე თანხის პროდუქტი. ქურდობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა, გამოიძიეს თუ არა არ ვიცი, პასუხი არ მიმიღია, მოკითხვითაც კი არ მომიკითხავს, დიდი თანხა არ იყო და აღარ შევაწუხე. მას შემდეგ ფანჯრები და კარები დავჭედე და მაღაზიას ძველებურად ვამუშავებ”.  

 

 

მაღაზიების ძარცვის შემთხვევის მომრავლებასთან დაკავშირებით ქედის პოლიციის რაიონული სამმართველო “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებს. “მეტი საინტერესო ვერაფერი ნახეთ?!” – პოლიციაში მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლნენ.  

აჭარას ერთი მედალი ერგო

ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:

60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);

66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);

73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);

81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);

90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);

+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).

სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.

“დინამო”, საეჭვოა, “შუქურამ” გაინაღდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა უმაღლესლიგელ „დინამოს“ არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, არამედ დაამარცხა კიდეც, რასაც არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლვოვის „კარპატიდან“ განათხოვრების წესით ჩამოყვანილმა მეკარემ ივან პიცანმა და ფორვარდმა ალექსანდრ ტიმჩიშინმა, თუმცა თავი მათ არაფრით გამოუჩენიათ. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა, ვინაიდან მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა. „განმეორებით მატჩში ძალიან გაგვიჭირდება“, – დასძინა ბოლოს გია გურულმა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელებმა გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის „მერცხალი~ 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ბათუმელთაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გაინაღდეს.

 

საქართველოს თასის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრები 17-18 სექტემბერს გაიმართება.

Exit mobile version