სიახლეები

ეკომიგრანტები მიწისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

18.09.2012
ეკომიგრანტები მიწისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

მარიამ ხანჯალიაშვილი

დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ ინიციატივით ეკომიგრანტთა განსახლების თემაზე შეხვედრა გაიმართა.  „ბორჯღალომ” ექსპედიცის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონის 13 სოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა და მათი პრობლემები შეისწავლა:

„ეკომიგრანტთა ძირითადი ნაწილი აჭარის მაღამლთიანი რეგიონიდან არიან გადასახლებულები და ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეძენილ ბინებში ცხოვრობენ. თუმცა ეს ბინა არ არის მათ საკუთრებაში გადასული და ძველ მეპატრონეებთან დავა აქვთ. საცხოვრებელი ბინები კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. გარდა ამისა რეალურად არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც დაამუშავებენ და ამით თავს ირჩენენ. მიწების დიდი ნაწილი მსხვილ ფერმერებს ეკუთვნით და ეკომიგრანტები, მათ შორის ქალბატონები, იქ დღიურ მუშად, დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ.

ზოგ რეგიონში, მაგალითად ქვემო ქართლში, მარნეულსა და წალკაში მესაქონლეობას მისდევენ, თუმცა მათაც მცირემიწიანობის პრობლემა აქვთ –  საძოვრები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არ აქვთ სკოლები, არ მუშაობს ამბულატორიები, სოფლებში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი” – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9000-ზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40 000 ადამიანია ჩასახლებული. 55 000 ადამიანი კი დღემდე რჩება საცხოვრებლად სტიქიურად საშიშ ზონაში.

„წელს სახელმწიფომ მიიღო მიგრაციის სტრატეგია, სადაც სიტყვითაც კი არ არიან ნახსენები ეკომიგრანტები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ან საერთოდ ამოიღონ ეს დოკუმენტი მოქმედებიდან, ან დაერქვას მას გარე მიგრაციის სტრატეგია“, – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ბათუმის მთავრობის მიერ მიმდინარეობს 200 სოციალური სახლის მშენებლობა, რომელშიც ეკომიგრანტების შესახელბა იგეგმება. საცხოვრისების აშენების შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, თუ რომელი ოჯახები უნდა დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართით. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში ან რა კატეგორიის ეკომიგრანტები შესახლდებიან ახალაშენებულ სახლში.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ორგანიზაციის მიერ ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში გადაღებული მასალების მიხედვით იყო აგებული. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელშიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: