აგროსერვისცენტრმა მოცვის 300 ნერგი ხულოში მცხოვრებ ფერმერს უსასყიდლოდ გადასცა

 

აგროსერვისცენტრმა მოცვისა და კაკლის  სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედასა და შაუხევშიც მოაწყო. იქ ფერმერებმა უკვე მიიღეს მოცვის პირველი მოსავალი. ამ ეტაპზე ერთი კილოგრამი მოცვის საბაზრო ფასი 8-10 ლარია. 

 

„ჩვენი მიზანია მაღალმთიან აჭარაში ახალი კულტურების დანერგვა და გავრცელება მოსახლოებაში. ეს სადემონსტრაციო ნაკვეთი იქნება იმის მაჩვენებელი, რომ არსებულ კულტურებს: კარტოფილს, თამბაქოს და სხვას, უფრო ნაკლები მოგება მოაქვს და აუცილებელია მათი ნაწილობრივ ჩანაცვლება ახალი კულტურებით,“ _ განაცხადა მირზა სუქნიშვილმა, აგროსერვისცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსმა. 

პოლიციელი: “გვთხოვდა არ გამოგვეწერა ჯარიმა”

 

 

როგორც მოსამართლეს პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, პატრულმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა შეაჩერა შემოწმების მიზნით. საჭესთან მჯდომი მამაკაცი აღმოჩნდა ნასვამი, ჯარიმის გამოწერის დროს კი მის გვერდით მჯდომი მამაკაცი პოლიციელებს სთხოვდა არ გამოეწერათ ჯარიმა. ის მანქანიდან გადმოვიდა და პატრულს შეაგინა.

“შენ რა იცი მე რა ვქენი, იქ ხომ არ ყოფილხარ?”- უთხრა დაკავებულმა სასამართლო დარბაზში მყოფ პოლიციელს. მოსამართლემ ნახა ვიდეომასალა, რომელიც პოლიციამ მიაწოდა. ამ ვიდეომასალაში, როგორც მოსამართლემ თქვა, ისმის გინების ხმა, თუმცა, როცა ბრალდებულმა მოუსმინა ჩანაწერს, თქვა, რომ ეს მისი ხმა არ არის. მოსამართლემ აღნიშნა, რომ კადრები სიბნელეშია გადაღებული.

 

 

ბრალდბული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, მან ნამდვილად შეიგინა, ოღონდ არა პატრულის მისამართით: “ჩემმა მეუღლემ დამირეკა,ბავშვი არის ავადო, საავადმყოფოში უნდა წამეყვანა, მეგობარს ვთხოვე ბავშვის საავადმყოფოში გაყვანა, ნასვამი იყო. როცა პატრულმა შეგვაჩერა,ვუთხარი, რომ ბავშვი ცუდად მყავს და საავადმყოფოში უნდა გადავიყვანო-მეთქი. ჯარიმის გამოწერა რომ დაიწყეს, ვთქვი, რა უსამართლოა ეს ცხოვრება-მეთქი და შევიგინე. პატრულის მისამართით არ შემიგინებია”.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო პროცესზე დაიკითხება ოთხი მოწმე _ საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი,რომლებმაც იმ საღამოს სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და ორი მოწმე, რომლებიც, ბრალდებულის თქმით ამ დაჯარიმების პროცესს შეესწრნენ. დანაშაული 15-დღიან პატიმრობას ან 2-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს.

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

 

„ჯი-ფაუერი“, როგორც „ბათუმელებს“ სემეკში განუცხადეს, ტარიფის 5 თეთრით გაზრდას ითხოვდა, თუმცა 0,2 თეთრით გაუზარდეს და 7,5 თეთრი გახდა [თბოსადგურ „ჯი-ფაუერის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაყიდი მაქსიმალური ზღვრული ტარიფი  7,3 თეთრი იყო]. ამაზე მეტად 1 კილოვატ ენერგიას „ჯი-ფაუერი“ ვეღარ გაყიდის. თუმცა, შეუძლია ნაკლებ ფასად გაყიდოს, რაც თავისთავად  არარეალურია. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კი, ფაქტობრივად, თავისივე თბოელექტროსადგურიდან თუ დენის შესყიდვა მაქსიმუმ – 7,3 თეთრად უწევდა, ამჯერად 7,5 თეთრად შეისყიდის.

 

რაც შეეხება უშუალოდ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, როგორც სემეკში გვითხრეს: „კომპანიას ოდენობა, რამდენით გაიზარდოს ტარიფი, დაფიქსირებული არ აქვს. განცხადებაში ამბობს, რომ ვალუტის კურსისა და სხვადასხვა ფაქტორის გამო გაეზარდა შესყიდვა გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ჩადებულია არსებულ ტარიფში და ითხოვს ამის კორექტირებას“.

 

რა ზარალი მიიღო „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვალუტის კურსის ცვლილების გამო? –  სემეკში „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ ვერაფერს იტყოდნენ: „მოვითხოვეთ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რეალურად ვისგან იყიდა და რამდენად, რა დაუჯდა, რა ფინანსური ზარალი მიიღო… ამას უნდა გადამოწმება. შემდეგ გვეცოდინება, თუ რა სურათი გვაქვს“.

 

სემეკმა „ენერგო-პროსთვის“ კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად მაშინ 2015 წლის 29 მაისი, ხოლო მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 10 სექტემბერი დაგვისახელა.

 

დღეს კი სემეკში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გადამოწმების ყველა პროცედურა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ხვალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

 

გაიზრდება თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის დენის ტარიფი? „ბათუმელებთან“ სემეკის წარმომადგენელმა ეს არც უარყო და არც დაადასტურა.

 

ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვა 30%-ით გაუძვირდა.

 

„ბათუმელების“ მაშინდელი გათვლებით, „ენერგო-პრომ“ ეს 30-%-იანი ზარალი რომ აინაზღაუროს, მომხმარებელს ელექტროენერგია საშუალოდ 3-4 თეთრით უნდა გაუძვირდეს [აღსანიშნავია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი „ჯი-ფაუერი“ ტარიფის 5 თეთრით გაზრდას ითხოვდა, თუმცა ტარიფი სემეკმა მხოლოდ, 0,2 თეთრით გაზარდა. აქედან გამომდინარე, მართალია, 3-4 თეთრით არა, მაგრამ სემეკი ტარიფს ალბათ მაინც გაზრდის, მითუმეტეს, როცა ბუნებრივ აირზე ტარიფები წელს სწორედ ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაზარდა].

 

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ყველაზე იაფი დღეს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაა, რომლის საკმაო ოდენობას ყიდულობს „ენერგო-პრო ჯორჯია“. ენგურის 1 კვტ.სთ ენერგია კი, დღგ-ს გარეშე 1,187 თეთრი ღირს, რასაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის [იგივე „ენერგო-პროსთვის“] გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის საფასური ემატება.

 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სემეკისგან  შემდეგი ზღვრული ტარიფები აქვს დაწესებული: აბონენტებისათვის, რომლებმაც გახარჯეს 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 9,0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 12,98 თეთრი; ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი – 17,5 თეთრი.

 

ტარიფი, რომელსაც ხვალ სემეკი დაადგენს, 2016 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. თუ   საჭიროდ ჩათვლის, სემეკს შეუძლია კომპანიას სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან გაუზარდოს ან შეუმციროს. თუ ასეთი რამ არ მოხდება, 2016 წლის პირველი იანვრიდან ის ტარიფი იმოქმედებს, რასაც სემეკი ხვალ, 23 ივლისს დაადგენს.

 

[მანანა ქველიაშვილის ფოტო]

სიმულაცია ბათუმის საბავშვო ბაღში

 

იგივე პროექტის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სამუშაო შეხვედრა ბათუმში დღესაც გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბაღების თანამშრომლებმა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებმა, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

 

ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი“ (ECHO).

 

უსკოს წევრობის კანდიდატებს კომისიებსა და ფრაქციებში განიხილავენ

 

საკითხი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის თაობაზე“ ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ კახიძემ წარუდგინა.

 

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით თემურ კახიძემ აღნიშნა, რომ კანდიდატები აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგინა და მათზე კომისიებსა და ფრაქციებში იმსჯელებენ. ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას განხილვისათვის ვადა 27 ივლისამდე განესაზღვრა, დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში კი ეს პროცესი მანამდე წარიმართება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წევრობის კანდიდატთა 6-კაციანი სია უმაღლეს საბჭოს დღეს, 22 ივლისს გადაუგზავნა.

6 კანდიდატი 3 ვაკანსიაზე უსკოში

 

მთავრობის თავმჯდომარის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან:

პირველ ვაკანსიაზე: გვარამია ირაკლი, გოლიაძე ზურაბი;

მეორე ვაკანსიაზე: გოლომანიძე რამაზი, კახაძე სოფიო;

მესამე ვაკანსიაზე: მჟავანაძე თორნიკე, ქარცივაძე გია.

 

თითოეულ ვაკანსიაზე ორ-ორი კანდიდატიდან უსკოს ახალი წევრები უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ორი კვირის ვადაში უნდა აირჩიოს.

 

6 კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შემდეგი 9-კაციანი სია გადაუგზავნა:

პირველი სამეული: ბათნიძე ფრიდონ, გვარამია ირაკლი, გოლიაძე ზურაბი;

მომდევნო სამეული: გოლომანიძე რამაზ, დუმბაძე ლერი, კახაძე სოფიო;

შემდეგი სამეული კი: კონცელიძე სოფიო, მჟავანაძე თორნიკე, ქარცივაძე გია.

 

თავის მხრივ კი, კომისიამ 9 კანდიდატი შემდეგ 24 კონკურსანტს შორის შეარჩია:

აბსავა ლალი, აბჟანდაძე-გოლიაძე ნინო, ბათნიძე ფრიდონ, გარსევანიშვილი გია, გვარამია ირაკლი, გოლიაძე ზურაბ, გოლომანიძე რამაზ, დუმბაძე ლერი ზაალიშვილი ზაალ, თებიძე ვლადიმერ, თედორაძე ოლღა, კალანდაძე მალხაზ, კახაძე სოფიო, კიკაბიძე მიხეილ, კონცელიძე სოფიო, მამულაძე ვლადიმერ, მიქელაძე რუსუდან, მჟავანაძე თორნიკე, ტეტემაძე ლილე, ქარცივაძე გია,  შაქარიშვილი სოფიო, ჭანიძე ნონა, ჯინჭარაძე ნაზი, ჯიქია ქეთევან.

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან იქნება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა ეწურება უსკოს სამ წევრს: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს. წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე, თამარ ხოზრევანიძე [რომლებთაც წევრობის ვადა 2016 წლის პირველ ნახევარში ეწურებათ] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს]. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო

როგორ გადანაწილდა „ჰით ბათუმისთვის“ გამოყოფილი 3 400 000 ლარი

პროგრამის მიხედვით, 6 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე 60 ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ღონისძიებები თითქმის ყოველ დღეზეა გაწერილი.

„ჰით ბათუმი“ ითვალისწინებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლების გამოსვლას ბათუმის სხვადასხვა უბანში. გასულ კვირაში ბათუმის კორტები `სანრემოს~ ვარსკვლავებს დაეთმო, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულები საბჭოთა საქართველოში, ანუ გასული საუკუნის 80-იან წლებში იყვნენ. ბათუმელებისა და ქალაქის წინაშე გასულ კვირას წარსდგნენ Umberto Tozzi და Richi e Poveri. ამ კონცერტისთვის Umberto Tozzi-ს 66 452 ლარი გადაუხადეს, ხოლო Richi e Poveri-ს – 95 976 ლარი. გარდა ამისა, Richi e Poveri ერთი მნიშვნელოვანი დეტალით დაამახსოვრდა მსმენელს – სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ეს ჯგუფი 2011 წელს „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, ცხინვალში გამართული კონცერტების შემდეგ.

Richi e Piveri -ს ედვარდ კოკოითი მეგობრობის ჯილდოს გადასცემს

„ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიური ჯგუფის ბათუმში სტუმრობა „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ ინიციატივა იყო. რატომ შეჩერდა გასული საუკუნის პოპულარულ ჯგუფზე არჩევანი და ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ორგანიზატორებს „რიკიე პოვერის“ მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ? – ამ კითხვაზე „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში“ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება „ჯეპრას“, რომელიც „ჰით ბათუმის“ პიარზეა პასუხისმგებელი, აცხადებს: „როცა სია შეიქმნა, ჩვენ მაშინ არ ვიყავით ჩართულები. ამიტომ ამაზე კომენტარი კულტურის ცენტრმა უნდა გააკეთოს“.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ჯონი საბაშვილის პასუხი ასეთია: „მათი შემოთავაზება იყო და ჩვენც დავთანხმდით“.

„რიკიე პოვერის“ ჯგუფის წევრები კი ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და იქ ჩავლენ, სადაც მიიწვევენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, იტალიური ჯგუფის ბათუმში სტუმრობა ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს: „ამ ჯგუფის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედებები ცალსახად იკვეთება, მაგრამ 2012 წელს ამოქმედებული ამნისტიის აქტის თანახმად, ეს დანაშაული ამნისტირებულია და ამ ჯგუფის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისგება აღარ დაეკისრებათ. თუმცა, სახელმწიფოს დამოკიდებულება და მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ როგორც პოლიტიკურად მიზანშეუწონელი ქმედება, რადგან იმ პირთა მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე, არ არის კარგი“.

იურისტის შეფასებით, იტალიური ჯგუფის ბათუმში მოწვევა და მისთვის ჰონორარის გადახდა მიანიშნებს იმაზეც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ერთმანეთთან არ აქვთ კოორდინირებული ურთიერთობა და „ზოგადად საჯარო ინფორმაციის მიღების საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“.

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ჯგუფის სტუმრობა არც ცხინვალში და არც ბათუმში არ უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზეც ნებისმიერი ჯგუფის თუ სოციალური აქტივობის მქონე ადამიანებთან უნდა იყოს ნათელი, „რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოს ყველა ადამიანმა“.

უმბერტო ტოზზი ბათუმში

უცხოელი შემსრულებლებიდან „რიკიე პოვერის“ გარდა ყველაზე მაღალ ჰონორარს – 103 200 ლარს, ჯგუფი NAZARETH-ი მიიღებს, MORCHEEBA – 90 300 ლარს, ჯგუფი OKIAN ELZI კი – 74 820 ლარს; SOUL REBELS-ის ჰონორარი 54 180 ლარია. ყველაზე დაბალი ჰონორარით – 20 640 ლარით, წარმოდგენილია ჯგუფი SPAGETI SWING-ი.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში ბათუმში 12 უცხოური ჯგუფი წარსდგება მსმენელის წინაშე. მათი მასპინძლობისთვის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 1 086 852 ლარი დაიხარჯება.

დათო გომართელი

ფესტივალის პროგრამის მიხედვით, უცხოელი ხელოვანებიდან ბათუმში ქუჩის თეატრის დღეების მონაწილეები ჩამოვლენ. ესპანური ჯგუფი ათ აგვისტოს ბათუმის ბულვარში წარმოადგენს პერფორმანსს – `მაგიდა ორისთვის“; 11 აგვისტოს ბრიტანული ჯგუფის „სპარკი ლედ რამერების“ წარმოდგენები იქნება ქუჩებში (ქუჩები დაკონკრეტებული არ არის); კორტების ტერიტორიაზე 12 აგვისტოს ბოლივუდ მარსალა ორკესტრას წარმოდგენა გაიმართება; 13 აგვისტოს კი The New York Brass Band-ი  გამართავს ცხენების შოუს.

რაც შეეხება ფესტივალისთვის მოწვეულ ქართველ შემსრულებლებს, ყველაზე მეტ თანხას – 7 500 ლარს სოფო ხალვაში მიიღებს. პიანისტ ლადო ყატაშვილს ჰონორარის სახით 1 500 ლარს გადაუხდიან, მომღერალ არჩილ ბერიძეს – 3 500 ლარს, ხოლო ბათუმელ მომღერალ ვაჟა ტუღუშს – 2500 ლარს.

რაც შეეხება „ჰით ბათუმის“ მიერ გაღებულ სხვა ხარჯებს – ფესტივალს სარეკლამო მხარდაჭერას საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ უწევს, 74 340 ლარად. შპს „თბილფოტო“ კი გამოფენა „ქოლგას“ ორგანიზებისთვის 31 767  ლარს მიიღებს.

თანხა გათვალისწინებულია კონცერტების ტექნიკური და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც. განათებისთვის ბიუჯეტში 159 890 ლარია გამოყოფილი, დაცვის პოლიციისთვის კი – 89 910 ლარი.

აგვისტოში ასევე დაგეგმილია ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტები, მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, სამეფო უბნის თეატრი საზაფხულო თეატრში  წარმოადგენს „ტროელ ქალებს“, მუსიკისა და დრამის თეატრი კი – „კარმენს“. ჩვენება დაგეგმილია ბათუმის კორტებზე. 16 აგვისტოს თეატრის მოყვარულები იტალიური თეატრის „დე ბალერინას“ წარმოდგენასაც ნახავენ.

„ჰით ბათუმი“ ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის ექვსდღიანი საერთაშორისო  მუსიკალური ფესტივალით, 15 სექტემბერს პიაცაზე დაიხურება.

რაც შეეხება ფოლკლორს – „ჰით ბათუმი“ სწორედ ფოლკლორის შემსრულებლებმა გახსნეს. ბათუმის კოლონადებთან, ფესტივალის ფარგლებში, 30-მდე ფოლკლორულმა ანსამბლმა გამართა კონცერტი. ფოლკლორის კვირეულის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 16 600 ლარია გათვალისწინებული. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირინა სანებლიძე ამბობს, აღნიშნულ თანხაში  ფოლკლორის ცენტრის რვა თანამშრომლის  ბათუმში ცხოვრება, კვება და ჰონორარია გათვალისწინებული.

თეო ჩიტიშვილი და ვანილა კეიჯი

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ორი ანსამბლი – „რუსთავი“ და „ბასიანი“ თბილისიდან იყო ჩამოყვანილი. „რუსთავის“ ჰონორარი 14 280 ლარია,  „ბასიანის“ კი – 2 920 ლარი. რაც შეეხება რეგიონალურ ანსამბლებს, როგორც ირინა სანებლიძე ამბობს, მათთვის ჰონორარები არ გადაუხდიათ.

შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიძეც ამბობს, რომ ანსამბლების ბათუმში ჩამოყვანა და კვება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო, „მონაწილეობისთვის ჰონორარი მერიას არ გადაუხდია“.

„ჰით ბათუმის“ მოწვევით ბათუმში სულ 14 ფოლკლორული ჯგუფი გამოვიდა. მათი უმრავლესობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყო ჩამოსული. ჰონორარი არც ერთ მათგანს არ მიუღია.

პროგრამაში შევიდა ისეთი ტრადიციული ფესტივალები, როგორიცაა: „შავი ზღვის ჯაზფესტივალი~ და ლიანა  ისაკაძის „ღამის სერენადები“. ამ ფესტივალებს არასაბიუჯეტო დამფინანსებლები ჰყავს. კერძო დამფინანსებლები ჰყავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ფანტა ლავ ლენდის“ და „აი ორკესტრას“.

„ჩემი სახლი“ – აქ შენი ოცნების სახლია

დღეს ბათუმში რამდენიმე ათეული კომპანია ერთდროულად აშენებს ასზე მეტ სახლს, შესაბამისად, არჩევანიც დიდია. თუ თქვენი ოცნების სახლი აჭარას, ზღვასა და ბათუმს უკავშირდება და უახლოეს პერიოდში აპირებთ მის შეძენას, აუცილებლად მოგიწევთ რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:

  1. რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეთ იმ კომპანიის შესახებ, რომლისგანაც ბინის შეძენას აპირებთ – მისი დამფუძნებლების, განხორციელებული პროექტებისა და მშენებლობის ვადების შესახებ.
  1. რა ტექნოლოგიებით და მასალებით აშენებს ,,თქვენს სახლს“ (რა თქმა უნდა, დეტალებში შეიძლება ვერ ერკვეოდეთ, მაგრამ კომპანიის მიერ შესრულებული სხვა პროექტის მიხედვით თავისუფლად შეიძლება იმის წარმოდგენა, რის მოლოდინი უნდა გაგიჩნდეთ).
  1. გარდა ბინის შავი კარკასისა, რას უნდა ელოდოთ შენაძენისგან –  ექნება თუ არა სახლს შიდა ეზო, გამწვანება, პარკინგი, სატვირთო ლიფტი და სხვა დეტალები, რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელია.

ამიტომაც, „ჩემ სახლთან“ მიმართებაში, პირველ რიგში, სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გთავაზობთ – სამშენებლო კომპანია ,,ჩემი სახლი“ დაფუძნებულია ბიზნეს ჯგუფის მიერ, რომელიც ათეულ წელზე მეტია სტაბილურად აშენებს ბათუმში. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები:

10-სართულიანი კორპუსი კობალაძის ქუჩაზე, ასევე კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიანი კორპუსი, რომლის ბოლო სართულზე ფუნქციონირებს რესტორანი  VOX-ი, თაყაიშვილის ქუჩა 36/38-ში 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რუსთაველის 35-ში, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თავისი არქიტექტურული იერსახით საქართველოში, ვაჟა ფშაველას 6-ში 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რუსთაველის #22-ში 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 2014 წლის საუკეთესო არქიტექტორულ შენობებს შორის პირველ ადგილზე დაასახელეს. ეს სამშენებლო კომპანია ,,ჩემი სახლის“ განხორციელებული პროექტების არასრული ჩამონათვალია.

კომპანიას უკვე რეალიზებული აქვს 6 მრავალსართულიანი  საცოვრებელი კომპლექსი. აშენებული, დასრულებული და რეალიზაციაში გაშვებული აქვს 70 ათასი კვ.მ ფართობი, სადაც უკვე დაახლოებით 1400 ოჯახი ცხოვრობს.

დამფუძვნებლებს  მიღებული აქვთ  ჯილდოები ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

და რაც მთავარია: ამ ეტაპზე კომპანიას ბათუმის ყველა სამშენებლო ზონაში გააჩნია დასრულებული და  სარეალიზაციოდ გამზადებული პროექტები, შესაბამისად, ნებისმიერი მსურველის ყველაზე პრეტენზიული  მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

,,ჩემი სახლის“ მიმდინარე პროექტია ,,სახლი ჭავჭავაძეზე“, რომლის მშენებლობაც სულ მალე დასრულდება (ახლა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს), თუმცა საცხოვრებელი ფართობების 70%-ზე მეტი რეალიზებულია და მხოლოდ ცოტასღა შეუძლია აქ ბინისა თუ კომერციული ფართობის შეძენა.

ერთ კვ/მეტრი ამ სახლში 500 აშშ დოლარი ღირს, ხოლო საცხოვრებელი ბინების ფართობი 37 კვ/მეტრიდან იწყება. ასევე მოქმედებს 18-თვიანი გამარტივებული შიდა განვადება თი-ბი-სი ბანკში.

„ჩემ სახლს“ ჭავჭავაძის ქუჩაზე აქვს ხედები ზღვისკენ და მთისკენ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა თანამედროვე ბათუმისთვის, საცხოვრებელ კომპლექს აქვს 5000 კვ/მ ფართობის ეზო, რომელიც კეთილმოეწყობა და გამწვანდება, განთავსდება როგორც  საბავშვო მოედანი, ასევე ღია პარკინგი. რადგან სახლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ცხადია, შეძენილი ფართობის კომერციული მიზნებით  გამოიყენებაც შეგიძლიათ.

რატომ უნდა შეიძინო ბინა ,,ჩემს სახლში“?! – ამ კითხვაზე მშენებელი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ხვიჩა შარაშიძე რამდენიმე უპირატესობას ასახლებს, რომელიც, მისი აზრით, მათ ჯგუფს გამოარჩევს კონკურენტებისგან:

–  სახელშეკრულებო პირობების სრულყოფილი და დროული შესრულება;

– სტაბილურობა, საიმედოობა და პროფესიონალიზმი;

– მომსახურების მაღალი დონე, ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულება  მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების მიმართ;

– მოქნილი, კლიენტზე მორგებული სახელშეკრულებო პირობები;

– რაც მთავარია: კომპანია აშენებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი ხარისხითა და სიზუსტით.

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ როგორი უნდა იყოს თქვენი ოცნების სახლი ან ქალაქის რომელ ნაწილში უნდა მდებარეობდეს, ეწვიეთ „ჩემი სახლის“ ოფისს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა #26-ში. აქ აუცილებლად აღმოაჩენთ იმას, რაზეც ოცნებობდით.

 

თუ მისვლას ვერ ახერხებთ და გჭირდებათ თქვენთვის სასურველ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი, იხილეთ ქვემოთ საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ.: 0422 21 20 20; 
მობ.: 557 200 200
ვებ-გვერდი: https://chemisaxli.ge/

„ბათუმი თაუერი“ [ფოტო]

 

კომპანია “რედკო”-ში აცხადებენ, რომ არსებული შენობა [ბათუმი თაუერი] რესტორნებს, კაზინოს, ფიტნესს, მაღალი კლასის აპარტამენტებს, ხოლო ახალი შენობა სასტუმროს ნომრებს დაეთმობა.

ტერიტორიაზე წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

ბათუმი თაუერი /თედო ჯორბენაძის ფოტოები/

ექვსი თვით დაგვიანებული შინმოვლის პროგრამა

 

როგორ აისახა დაგვიანებული სერვისი საწოლს მიჯაჭვულ პირებზე და რის საჭიროებას ხედავენ დამატებით ბენეფიციარები `მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამაში“?

 

მერიის შინმოვლის სერვისით ნარგიზ მახარაძის 19 წლის შვილი, შშმ პირი სარგებლობს. ის ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. „ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. ექვსი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ და სერვისის შეჩერებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, სადაც არ არის სველი წერტილი, შორს მიწევს ბავშვის გაყვანა და ძალიან ვიღლები. მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ჩვენთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

 

დავით დევაძეც შინმოვლის პროგრამით სარგებლობს: „ძალიან გაგვიჭირდა პროგრამის შეფერხების გამო. პენსიით მიწევდა წამლების ყიდვა. ხელზე თრომბი მაქვს და შემპირდნენ, რომ მასაჟს გამიკეთებენ. კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება მომსახურება“.

 

ნინო დოლიძის ოჯახიდან პროგრამით ორი ადამიანი – ციალა და რუსიკო დოლიძეები სარგებლობენ: „მამიდა და დედა მყავს მწოლიარე. პროგრამა ეხმარება მათ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სამედიცინო კუთხით. რომ შეჩერდა, გაგვიჭირდა ძალიან. შინმოვლის სერვისი აუცილებელია, კარგი იქნება, თუ საკვების ნაწილსაც დაამატებენ. ჟანგბადი გვჭირდება ხშირად, ძვირი გვიჯდება მისი შეძენა და კარგია, თუ ამ კომპონენტსაც გაითვალისწინებენ. როცა შეტევა აქვს,  სასწრაფოს უფასოდ კი მიჰყავს, მაგრამ უკან წამოყვანა 60 ლარი გვიჯდება“.

  

როგორც ბენეფიციარები ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ისინი კვირაში სამი ლარის მედიკამენტებსა და სამი ლარის ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ.  

 

კოალიციის – „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ვახანია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შინმოვლის პროგრამის შემუშავებაში მერიას კოალიცია უწევდა პარტნიორობას. „ჩვენ მერიას შევთავაზეთ, რომ რაღაც საკვალიფიკაციო მონაცემები შემუშავებულიყო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით. მერია დაგვთანხმდა“.

 

უჩა ვახანიას თქმით, პროგრამაში მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო შინმოვლაში ჩართული პირების 70-საათიანი გადამზადება და ამ სფეროში გამოცდილება. თუმცა, მერიამ ტენდერის გამოცხადების დროს ეს შეთანხმება დაარღვია. მერიამ სატენდერო მოთხოვნებში გადამზადების საათები 70-იდან 60-მდე შეამცირა, გამოცდილების მუხლი კი საერთოდ ამოიღო“.

 

როგორც მერიაში `ბათუმელებს“ უთხრეს, გასულ წელს სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ პროგრამის განმახორციელებელი პირი სამედიცინო პროფილის უნდა ყოფილიყო. მიმდინარე წელს კი კოალიციის მოთხოვნით, ეს პირობა ჩაიდო.

 

„ამის მიუხედავად, მერიამ ტენდერში არაკვალიფიცირებულ შპს „თრასთ კოლაბორეიშენს“ გაამარჯვებინა. შედეგი ჩვენ გავასაჩივრეთ, ამ კომპანიას არც პროფილი ჰქონდა სამედიცინო და არც გამოცდილება შინმოვლაში. ამის გამო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა“, – ამბობს კოალიციის ხელმძღვანელი.

 

„თრასთ კოლაბორეიშენმა“ ტენდერში მეორედაც მიიღო მონაწილეობა და ისევ გაიმარჯვა. კოალიციამ კი შედეგი ამჯერადაც გაასაჩივრა.

 

„მესამედ მერიამ სატენდერო პირობებიდან ამოიღო ის მოთხოვნები, რის გამოც დავების საბჭო კომპანიას დისკვალიფიკაციას აძლევდა. ამჯერად გამარჯვებული გახდა ქირურგიული კლინიკა „სავლე“, რომელსაც ასევე არ აქვს შინმოვლაში გამოცდილება და არის „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორი. ფაქტობრივად, მესამედაც ისევ ამ კომპანიას გაამარჯვებინეს“, – ამბობს უჩა ვახანია და დასძენს, რომ რადგან პროცესი ჩიხში შევიდა და ადამიანები სერვისის გარეშე დარჩნენ, კოალიციამ შედეგების მესამედ გასაჩივრებაზე უარი თქვა.

 

ბათუმის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე ამბობს, რომ შინმოვლის სფეროში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადგენილი სტანდარტები არ აქვს. ამიტომ შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს უფლება თავად დაადგინოს მოთხოვნები. 

 

`კოალიცია ნამდვილად გვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში და მათი მოთხოვნა იყო სწორედ, რომ სპეციალისტების გადამზადების მუხლში 60 საათი დაგვემატებინა. გასულ წელს ონკოლოგიური ცენტრი და კოალიციის პარტნიორი `გენეზისი~ მონაწილეობდნენ პროგრამის განხორციელებაში და არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. წელს მათ მოითხოვეს ცვლილებები კომპონენტებში“.

 

მარინა რუხაძის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენმა“ იმიტომ გაიმარჯვა ტენდერში, რომ თავიდან სატენდერო მოთხოვნებში სამედიცინო პროფილი მითითებული არ იყო.  „ცვლილებებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა, ამიტომ გავამარტივეთ ტენდერი და ამოვიღეთ დამატებული მოთხოვნები“.

 

 გამარტივებული მოთხოვნების შემდეგ ტენდერში ქირურგიულმა კლინიკამ „სავლემ“ გაიმარჯვა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორია „და ასევე არ აქვს შინმოვლის გამოცდილება. მერიას ამოჩემებული ჰყავს ეს კომპანია, მისი ფავორიტია და აღარ აქვს მნიშვნელობა მოთხოვნებს“. 

 

მარინა რუხაძე: „მერიის სტანდარტების მიხედვით, პროგრამით მოსარგებლე პირები დიდი ოდენობით მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ, კოალიციას ამაზეც ჰქონდა  პრეტენზია. შინმოვლის სტანდარტი არ ითვალისწინებს ასეთ დახმარებასო, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბრები არ იქნება საკმარისი. საწოლში მყოფ ადამიანს პირველ რიგში სწორედ ჰიგიენა და მედიკამენტები ესაჭიროება. სამომავლოდ მერია აპირებს შინმოვლის პროგრამაში მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების გარდა სურსათის კომპონენტის დამატებასაც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა.

 

საერთოდ, შინმოვლა პირველად „კარიტასმა“ შემოიტანა საქართველოში და ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან კონსულტაციები. მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაწილშიც ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რატომ იყო პროგრამაში ამ კომპონენტის ჩადების აუცილებლობა. შინმოვლის გერმანული, შვეიცარული მოდელიც არსებობს, თუმცა, არაპროფესიონალიზმში ვერ დაგვდებენ ბრალს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბევრ კომპეტენტურ ორგანიზაციასთან და ექსპერტთან გავდივართ კონსულტაციებს“.

 

მარინა რუხაძის თქმით, პროგრამის შეფერხების მიუხედავად, ბენეფიციარებს, რომლებმაც წერილობით მიმართეს, დახმარება მერიის სხვა პროგრამის ფარგლებში გაეწიათ. „ვინც დაგვირეკა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან 200- ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ“. თუმცა, კონკრეტულად რამდენმა პირმა მიიღო ასეთი დახმარება, მარინა რუხაძეს არ ახსოვს.

 

„მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამით“ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ორი ბავშვია. „პროგრამა გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.   

 

პროგრამის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარი იყო. ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 57 ათასი ლარია.

 

უჩა ვახანიას განცხადებით, ჩაშლილმა ტენდერმა საბოლოო ჯამში ბენეფიციარები აზარალა: „პრობლემაა ის, რომ პროგრამის ბიუჯეტი 170 ათასი ლარიდან ჩამოვიდა 57 ათას ლარზე, აქედან 15 ათას ლარზე მეტი არის სავალდებულო დასახარჯი თანხა მედიკამენტებზე. 90 ადამიანს 6 თვის განმავლობაში უნდა მოუარონ 25 ათას ლარად, რაც წარმოუდგენელია და ეს არის პირადად მერიის პასუხისმგებლობა“.

 

სამომავლოდ მერია აპირებს თავად შეარჩიოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები პროგრამის მონიტორინგისთვის. ასევე წევრებს ცალკე შეარჩევს კოალიციაც.

ყველაზე პოპულარული 5 კერძი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შორის

 

აჭარულ ხაჭაპური იმდენად ანაყრებს, რომ შიმშილი რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ გაწუხებს.

 

აჭაული კერძების უმრავლესობა, ზოგადად, ძალიან ნოყიერია, მათ შორის სინორიც, რომელიც „ცდილობს“ ბაზარზე აჭარული ხაჭაპურის კონკურენტი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით მას ვერც ფასით მიუახლოვდა და ვერც მოთხოვნადობით. ერთი პორცია სინორი – მინიმუმ 4 ლარი ღირს.

 

აჭარული სამზარეულო  მოთხოვნად კერძებს შორის ყველაზე კალორიული მაინც ბორანოა, რომელსაც აჭარული (დაბწნილი) ყველით და კარაქით (იაღი) ამზადებენ. ბორანო გამორჩეული კერძია. მისი ფასი დღეს ბათუმში 5-6 ლარია.

 

მოთხოვნადობით შემდეგ პოზიციაზე იმყოფება ჩირბული, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ კვერცხის წვნიანი, რომელიც ნიგოზითა და მწვანილებით არის შეკმაზული. 2 კვერცხით მომზადებული ჩირბული 5 ლარი ღირს.

 

ხორცით მომზადებულ აჭარულ კერძებს შორის გამორჩეულია იახნი, რომელიც ბათუმის კაფეებსა თუ რესტორნებში 8-10 ლარი ღირს.

 

ცხადია, აჭარული კერძების გარდა ტურისტებში ძალიან პოპულარულია მწვადები, რომელსაც სიამოვნებით მიირთევენ უცხოელებიც. აქაურ რესტორნებსა და კაფეებში ამბობენ, რომ მოთხოვნად კერძად ითვლება შაურმა, ჰამბურგერები… და დონატები. ამ შემთხვევაში ფასები დაახლოებით იმდენივეა, რაც დანარჩენ საქართველოში.

 

უფასო სკრინინგის კვირეული აჭარის მოსახლეობისთვის C ჰეპატიტზე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დღეს კვირეულის მიმდინარეობის დეტალები განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ“.

 
კვირეულის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო სკრინინგი შემდეგ მისამართებზე:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო (ბათუმი, ჯ. ქათამაძისჩიხი 4. ბარცხანის დასახლება);
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (ბათუმი, გორგასალის ქ. 141/14)“;
საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” (ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113); 
30-31 ივლისს, ბათუმის ბულვარსა და აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში განთავსებული მობილური ლაბორატორიის მეშვეობით.

2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია
იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!
და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით
• აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ;
• აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები;
• აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია;
• აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე.

პერფორმანსი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების შესახებ

 

 

 

პროქტი „Transformers St Petersburg“ სამი კომპონენტისაგან შედგება  – ინსტალაცია, ვებსაიტი და რუკა. ინსტალაცია  –  წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის დახლს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს რუსეთის რთულ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ისტორიულ დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებთან. ინსტალაცია ფუნქციონირებს როგორც სამ განზომილებიანი მონუმენტი, მიძღვნილი მოკლული ემიგრანტებისადმი,  არასლავური წარმოშობის გამო.

 

ვებსაიტიwww.transformers-stpetersburg.com შედგება ინტერაქტიული რუკისაგან , რომელიც ინფორმაციული სურათებითა და ნახატებით ასახავს იმ დანაშაულებებს რაც სანქტ-პეტერბურგში სიძულვილის ნიადაგზე  ხდება. ვებსაიტი წარმოადგენს იმ ადამიანების ციფრულ მონუმენტს, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ არასლავური წარმოშობის გამო.

 

რუკა – ორმაგ ფუნქციას ასრულებს. პირველი, ის ეხმარება ემიგრანტებს იპოვონ თავიანთი გზა და ადგილი თითქმის ყოველდღიურ მტრულ გარემოში. მეორე, ერთგვარი გიდი ტურისტისათვის, რათა  გაეცნოს უცხოელი მუშების იატაკქვეშა დასახლებებს.

 

პროექტი მოიცავს 2002 წლიდან დღემდე ნეოფაშისტური დაჯგუფებების მიერ არასლავური წარმოშობის პირებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

 

პროექტის ავტორის აზრით, “Transformers St Petersburg”  წარმოიშვა ნარატივებისგან, იმ ლეგალურად და არალეგალურად მომუშავე ემიგრანტებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობებითა და რესურსებით არსებობენ დღევანდელ რუსეთში. ტრანსფორმერები არის ოდა შემოქმედებით და მოქნილ დამოკიდებულებაზე, რაც აუცილებელია თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში გადარჩენისათვის.  ეს „ ტრანსფორმერული დამოკიდებულება „ მკვეთრად განსხვავდება ემიგრანტების ზოგადი აღქმისაგან რუსეთთან მიმართებაში. (ემიგრანტერბის აღქმა  რუსეთში არის მძაფრი, მტკივნეული).

 

პროექტი პირველად ნაჩვენები იყო ბიენალეზე „მანიფესტა 10“ , რომელიც 2014 წლის ზაფხულში სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. სწორედ რუსეთში გეების საწინააღმდეგო კანონის შემოღება , მეზობლების მიმართ მზარდი აგრესია და ყირიმის ოკუპაცია “მანიფესტა 10“ სანკტ-პეტერბურგში ჩატარების მიზეზი  გახდა, რამაც ძლიერი აზრთა სხვაობა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში.

 

ტრანსფორმერები არის ლადო დარახველიძის მიმდინარე პროექტი არტმაუწყებლობის სფეროში. „სწრაფვა იმისკენ, რომ ხელოვნება არის მძლავრი პლატფორმა კომუნიკაციაზე ექსპერიმენტებისათვის  არტისტს აძლევს საშუალებას, მუდმივად გამოიკვლიოს  და წარმოაჩინოს ის პოლიტიკური პროცესები, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს და ვერ იღებს მასმედიის საშუალებით“.

გონიოს ციხეში პირველი საუკუნის მოზაიკა აღმოაჩინეს

 

პირველი საუკუნის მოზაიკა
პირველი საუკუნის მოზაიკა

შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი აცხადებს, რომ პოლონურ-ქართული ექსპედიცია წელს ციხის სამ უბანზე მიმდინარეობდა. 1. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. 2. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე და 3. ახალსოფლის თავზე, ეკლესიის ნანგრევების ნაშთებზე.

 

შოთა მამულაძე: „პირველ უბანზე აღმოჩნდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, საკმაოდ საინტერსო არქელოგიური მასალა – მინის ნაწარმი, სხვადასხვა მონეტა. მეორე უბანზე – პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც შესანიშნავადაა წარმოდგენილი იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და რაც მთავარია, აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზეა. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად ჭადრაკისა და რომბისებური ფორმის.  სამუშაოს დასრულების შემდეგ ორივე უბანზე გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.

 

რაც შეეხება მესამე – უბანს ახალსოფლის თავში, ეს გახლავთ მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომლებიც დათარიღებულია ახალი საუკუნის წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით. მისი ზომებია: სიგრძე 24, სიფართე – 18 მეტრამდე. საკმაოდ კარგად არის შემონახული. ალბათ პერსპექტივაში გაამაგრებენ და აღადგენენ ამ ეკლესიას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საეკლესიო ნაგებობა დასავლეთ საქართელოსთვის იქნება იშვიათი“. 

 

პოლონურ-ქართულ ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.

ბათუმში მინისტერიალი − „გარემო ევროპისათვის“ ჩატარდება

 

საკოორდინაციო ჯგუფს დაევალა, საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალის) ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად უფლებამოსილი უწყებებისთვის წინადადებების წარდგენა.

 

საკოორდინაციო ჯგუფში შემდიან:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკოორდინაციო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამასთან, „საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობაში, საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების მოთხოვნისა და საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია, მონაწილეობა მიიღონ სხვა სახელმწიფო უწყებების, ქ. ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“.

 

მინისტერიალის მთავარი თემები იქნება „ეკონომიკის გამწვანება პან-ევროპულ რეგიონში“ და  „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. მინისტერიალზე შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ.

 

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის (EFE) ჩატარების საკითხი საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა.

ვის და რატომ პატიობს არჩილ ხაბაძე მილიონებს

 

კანონით არ არის ზუსტი კრიტერიუმები გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება ჯარიმის პატიება – ეს სწორედაც რომ მთავრობის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

 

სტატია, „პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები“ – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი“, რომელიც „გაზეთ ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში მე-3 გვერდზე გამოქვეყნდა, სწორედ  ამ თემატიკას ეხება.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 35 ინვესტორი დააჯარიმა. თუმცა ჯარიმა აქამდე მხოლოდ 12 კომპანიას გადაახდევინეს.

 

სტატიის სრულ ვერსია ვებ გვერდზე მოგვიანებით აიტვირთება.

 

მუსლიმები შს სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

 

მოსარჩელეები

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოში დადგინდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რასაც, მათი შეფასებით, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა. „რელიგიური აგრესია და შეუწყნარებლობა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მომდინარეობდა, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს და საკუთარ ქცევას რელიგიური მოტივებით ამართლებს. სახელმწიფო კი რელიგიის  თავისუფლების დაცვის მიზნით არ უზრუნველყოფდა კერძო პირების მიერ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების აღკვეთას, ეფექტური გამოძიების ჩატარებას. პოლიციის ქცევა მსგავს შემთხვევებში დამკვირვებლის როლით შემოიფარგლებოდა, იყო პასიური და ინდიფერენტული“, – წერია სარჩელში.

 

 

ღორის თავის აჭედების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს. აღნიშნული ინციდენტი 2014 წელს მოხდა. ბოლო სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, იურისტმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლეს განცხადების გაკეთების ნებართვა სთხოვა: „ჩემი მარწმუნებლების სახელით მინდა ბაირამის დღესასწაული მივულოცოთ ჩვენს ქართველ მუსლიმან ძმებს~ (მუსლიმებმა წელს ბაირამი 17 ივლისს აღნიშნეს).

 

სასამართლო პროცესზე მოპასუხეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ფიზიკური პირები იყვნენ. როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლეს სასამართლო პროცესის დროებით შეჩერება სთხოვა, რადგან ქობულეთში, ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლზე, სადაც მუსლიმები სასწავლებლის გახსნას ცდილობენ, საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, საქმეში კი ახალი ხელშეკრულება არ დევს.

 

 

როსტომ გუნთაიშვილის აზრით, შესაძლოა სახლის მფლობელი არ არის თანახმა ამ სახლში მედრესე გაიხსნას, ამიტომაც ვიდრე ახალ ხელშეკრულებას მოპასუხე არ წარმოადგენს, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს.  მოსარჩელემ – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ  სახლის  მეპატრონე თურქეთში იმყოფება და მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო შს სამინისტრო მას საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევს, ხელშეკრულებაც ამის გამო ვერ გაგრძელდა.

 

 

შს სამინისტროს წარმომადგენელმა თეიმურაზ ჩხეიძემ სასამართლოს უთხრა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებისთვის მესაკუთრის საქართველოში  ყოფნა საჭირო სულაც არ არის: `შესაძლოა ეს მისთვის მინდობილ პირს გაეკეთებინა“.  მოსამართლემ თქვა, რომ თუ მოიჯარე ამ სახლის მედრესეს გახსნის მიზნით იჯარით გაცემაზე უარს იტყვის, ცუდ მდგომარეობაში მხოლოდ მოსარჩელე აღმოჩნდება. სასამართლო პროცესზე მუსლიმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ შს სამინისტრომ ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლთან არსებული ხელოვნური ბარიკადების მოხსნა უზრუნველყოს [შესასვლელი ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით არის ჩახერგილი]. ისინი სასწავლებლის გახსნას, ასევე მორალურ კომპენსაციას – სიმბოლურად 1 ლარს ითხოვენ.

 

 

რამაზ კაკალაძე, ერთ-ერთი მოსარჩელე: „მადლობა, რომ მოგვილოცეთ დღესასწაული. მიხარია, რომ დღეს არ გვიწოდეთ თათრები იმის გამო, რომ ჩვენ მუსლიმანები ვართ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებმა ისწავლონ, რომ არ აღმოჩნდნენ სიცარიელეში. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ მუსლიმანები ვართ. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დაწერონ ეს კანონში. როცა შს სამინისტროს თანამშრომლები ხედავენ ჩვენ ჩაგვრას, ისინი უძლურები ხდებიან, ნუთუ ჩვენ არ გვაქვს უფლება რწმენის, განათლების… როცა ქობულეთში, ლერმონტოვის #13-ში ღორის თავი მიაბეს სახლს, სადაც სასწავლებლის გახსნა გვინდა, პოლიცია იქ იყო და ეს არ აღკვეთა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“.

 

თამთა მიქელაძე, მოსარჩელის უფლებების დამცველი: „როცა შეუწყნარებლობის  შემწყნარებელი ხდება შს სამინისტრო, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ვითხოვთ ეფექტური დაცვის მექანიზმს, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია როცა ხდება; ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების, განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვას“.

 

თამთა მიქელაძის თქმით, ქობულეთში ლერმონტოვის 13-ში მასაც შეეხნენ ხელით: „თავს დამესხნენ – იძახდნენ, გვაჩვენე გიკეთია თუ არა ჯვარიო. შს სამინისტროსა და პროკურატურას გავუგზავნეთ განცხადებები, მაგრამ ისინი იყვნენ პასიური დამკვირვებლის როლში. პოლიციამ თავისი უმოქმედობით შეიწყნარა დომინანტი რელიგიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული; მაშინ, როცა იმ დღეს დაკავებული ადამიანები სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა, ფაბულაშიც კი არაა ნახსენები მედრესე და ლერმონტოვის 13-ში განვითარებული მოვლენები… მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან მუსლიმანები“.

 

თამთა მიქელაძემ შს სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, მათი უწყების მინისტრმა თუ იცის იმ პოზიციის შესახებ, რაც პოლიციელებმა სასამართლოში დააფიქსირეს. „ეს დისკრიმინაციული ქმედება ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე“, – ვარაუდობს თამთა მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ მათი სარჩელი განსახილველად მიიღო.

 

შს სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლოში თემურ ჩხეიძე არ დაეთანხმა თამთა მიქელაძის პოზიციას და თქვა, რომ მოწმის სტატუსით დაკითხულია 180 ადამიანი. მისი თქმით, მოკვლევა ჩაატარა გენერალურმა ინსპექციამ და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დარღვევა ან გულგრილობა არ დადასტურებულა: „მაშინ, როცა ღორის თავი მიამაგრეს ადგილობრივებმა, იქ არ ყოფილა პოლიცია. თქვენ რა მტკიცებულებები გაგაჩნიათ ამის? თქვენ აპელირებთ მხოლოდ თქვენი ვარაუდის საფუძველზე, პირიქით, პოლიციის დამსახურებაა, რომ იქ განვითარებული მოვლენები არ გადაიზარდა სხვა უკანონო ქმედებებში“.

 

როსტომ გუნთაიშვილი: „ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლიდან დაახლოებით 300 მეტრშია მედრესე. რომელიმე ჩემი მარწმუნებელი მიუვარდა იქ მუსლიმანებს? ეს შიშებია ბატონებო. თუ ლერმონტოვის 13-ში გაიხსნება სასტუმრო, ჩემი მარწმუნებლები ამ ფაქტს მიესალმებიან, მაგრამ როცა მზაკვრულად მოქმედებენ, ეს იწვევს ადგილობრივების გაღიზიანებას. რას ნიშნავს მზაკვრობა? როცა განზრახვა ერთია, მოქმედება – მეორე. მე ორი მუსლიმანი ბებია და ბაბუა მელოდება საიქიოს და მათთვის ანგარიში მექნება ჩასაბარებელი“.

 

გუნთაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ სასწავლებლის გახსნას სპეციალური ლიცენზია სჭირდება.   თამთა მიქელაძის თქმით, იმის გამო რომ აღნიშნული პანსიონატი არ არის განკუთვნილი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ის მოქმედო კანონმდებლობით ლიცენზირებას არ ექვემდებარება. შესაბამის პანსიონატის გახსნის დროს კანონის მოთხოვნები დაცული იქნა. მისი თქმით,  რაიმე ტიპის დარღვევაზე არ უთითებდნენ არც ხელისუფლების  წარმომადგენლები.

 

სასამართლოში  დასაკითხ პირთა სიაში არის ქობულეთის პოლიციის უფროსი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. მოსამართლე მხარეებს თითქმის სამი საათის განმავლობაში უსმენდა, თუმცა მოწმეები არ დაუკითხავს. სასამართლო პროცესი 4 აგვისტომდე  გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს მორიგებისთვის დრო მისცა.

 

2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ქობულეთში, ლერმონტოვის N13-თან შეკრებილმა ადგილობრივებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის კარებს ღორის თავი მიამაგრეს. ღორი ისლამში უწმინდური ცხოველია და მისი გამოყენება მუსლიმებისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ლერმონტოვის #13 მდებარე საცხოვრებელი

 

სახლისა და მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „M&B“-ია. ამ კომპანიის დირექტორს, მუსტაფა ბუიუქსა და „ქართველ  მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს, რამაზ კაკალაძეს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება

 

გადაეცა მოიჯარეს. ხელშეკრულების საფუძველზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.  სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, მათ პროცესზე მოსვლა დააგვიანეს, ამიტომ მოსამართლემ ისინი დარბაზში არ შეუშვა.


უმაღლესი საბჭოს წევრისთვის განდობილი ინფორმაცია პროფესიული საიდუმლოებაა

 

კანონში შეტანილი ცვლილებებით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას უკვე აღარ იწვევს ასევე განცხადება, რომელიც გაკეთებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ასევე, წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გაკეთებული განცხადება. 

 

საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტმა 2015 წლის 10 ივლისს მიიღო. შესაბამისი მუხლები კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 

„ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება;“.  

 

 მუხლი 5. პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება

ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:

 

 „ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

 

  ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;“. 

 

ლაბორატორიის აღჭურვილობა აჭარის მუნიციპალიტეტების 5 სკოლას

 

ლაბორატორიის აღჭურვილობის მიწოდებას საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული. მიწოდების ადგილია ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების თითო სკოლის (სულ 5 საჯარო სკოლა) ადგილსამყოფელი, რომელთა შესახებ, სამინისტროს განცხადებით, დამატებით ეცნობება მიმწოდებელს.

 

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველის მიერ მითითებულ სკოლებში. სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაქსიმუმ 84 ათას 745 ლარია.

 

2010-2011 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ პროგრამა „აინშტაინის“ ფარგლებში საჯარო სკოლები ლაბორატორიებით აღჭურვა. ერთეული ლაბორატორიის ფასი 13 800 ლარი იყო. ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის სკოლებს ასამდე სახეობის ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ. 

11 200 ლარი კოღოების და ინფექციის სხვა გადამტანი მწერების წინააღმდეგ

 

 

 აჭარის ავტონომიური რესუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორები უკვე მეორე კვირაა სანაპირო ზოლის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

 

ამ დროისათვის სპეციალისტების მიერ დამუშავებულია 170 000 კვ.მ. ტერიტორია. მზიანი ამინდების შემთხვევაში სამუშაოების პირველი ეტაპი კიდევ ორ კვირას გაგრძელდება. ტერიტორიების ხელახალი დამუშავება სექტემბერში განახლდება.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოღოებისა და ტრანსმისიული დაავადებების სხვა გადამტანების გასანადგურებლად სპეციალური ღონისძიებები საქართველოს მთავრობის  განკარგულების – ,,საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

მავნებელი მწერების გასანადგურებლად  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს,  სადეზინსექციო სშუალება – 350 კგ სოლფაკი გადაეცა, რომლის ფარგლებში ორჯერადად უნდა დამუშავდეს რეგიონის ტერიტორიაზე 350 000 კვ.მ მუდმივი საცხოვრებელი სახლების ფართები.

 

დასამუშავებელი ფართი ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 250 000 კვ.მ–ია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 100 000 კვ.მ. ღონისძიებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  11 200 ლარი გამოეყო.

 

ვის ეკუთვნის ქუჩის მხატვრობის პროექტი

მხატვარი გელა წულაძე. ფოტო: ლელა დუმბაძის

ბატონო გელა, რადგან საბიუჯეტო თანხა იხარჯება, ხშირად ჩნდება პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე  კონკურსები, ტენდერები არ ცხადდება. როგორ მოიპოვეთ „გრაფიტ არტის ფესტივალზე“ უფლება?

„გრაფიტ არტ ფესტივალი“ მე დავაარსე, ჩემი იდეა იყო. პირველად გავაკეთე და გამოვიდა. მოეწონა კულტურის სამინისტროს და პროექტიც დააფინანსეს. შარშან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია აფინანსებდა პროექტს, წელს – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. საერთოდ, ტენდერი აბსურდია ხელოვნებაში. „მეც შემეძლო გამეკეთებინა“ – ეგ არის ტყუილი ლაპარაკი. ტენდერი ტარდება მაშინ, როცა ფასზეა საუბარი, აქ კი საუბარია პროფესიონალურ იდეასა და შესრულებაზე. ტენდერზე შარლატანები საუბრობენ, ერთი ციფრით ნაკლებს რომ იტყვის, შემდეგ კი ვეღარ აკეთებს საქმეს. ხელოვნების ფესტივალებში ტენდერისა და მსგავსი რამის წინააღმდეგი ვარ.

სახელოვნებო წრეებში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ყოველთვის ლობირებს ცალკეულ ხელოვანს და ვიღაც ჩრდილში რჩება. თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც აქტიურად იღებდით  დაკვეთებს და ამ ხელისუფლების დროსაც. როგორ ახერხებთ ამას? 

მაგას ლობირება კი არა, აქტიურობა ჰქვია. ხელისუფლება სახლში ვერ მიაკითხავს ვერავის. ვინც შრომობს, ყოველდღე აჩვენებს თავის თავს, საქმესაც ის აკეთებს. ვინც ზის, ოცნებობს და ფიქრობს, რომ მაგარი ტიპია, უნდა გამოვიდეს და იაქტიუროს. მე ჩემი შრომით და პროფესიონალიზმით ვახერხებ. მშრომელი ადამიანი ვარ. ხელისუფლებაში არც ბიძაშვილი მყავს და არც სხვა ნათესავი. აქ ძალიან ცოტა ხალხი მიცნობს, რადგან ათი წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. ნაცნობობით ვინც ცდილობს რაიმეს გაკეთებას, ის ამბობს – „დაურეკე რა იმას, მე რატომ არ გამაკეთებინებს“, ეს ზარმაცის პოზიციაა. მე ვთავაზობ იდეას და ეს იდეა მოსწონთ ან არ მოსწონთ. ჩემი შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ არ მოსწონდეთ და მაინც გავაკეთებინო.

თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში მხოლოდ გამოცდილება, ავტორიტეტი მუშაობს და არა სანაცნობო წრე?   

დიახ, ავტორიტეტი და გამოცდილება, ამ გზით ხდება მხატვარი ცნობილი. ჩემი გალერეა მთელი წელი ღიაა. მოდიან ბავშვები, სტუდენტები, მხატვრები ძალიან ცოტა დავინახე. ვის აქვს პრეტენცია, არ ვიცი.  დაზგური ნახატი, ფერწერა და სტრით არტი სხვადასხვა რაღაცაა. მე არ შემიჩნევია, ვინმე მოსულიყო და ეთქვა, რომ რაღაცას ვაკეთებ და მოდი, გაჩვენოთ.

წელს ვინ მოხატავს კედლებს ბათუმში, მხატვრები შერჩეული გყავთ?

ოთხი თბილისელი მხატვარია, ერთი – ბათუმელი. Dr. Love  (ბაჩი ხოფერია), ზურა არაბიძე, თეზი გაბუნია და გიორგი ჩაუშბა.

გენდერული ბალანსი არ გაქვთ დაცული.

შარშან გვყავდა გოგოებიც.

რამდენი კედელი მოიხატება და სად?

უკვე დაწყებულია უნივერსიტეტის დიდი კედლის მოხატვა, „ჰილტონის“ შესასვლელთან, ორი კედელი გაკეთდა კოსტავას და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში, მეოთხეს ვათანხმებთ და იქნება სიურპრიზი, ჯერ არ ვამბობთ სად მოიხატება. სულ ხუთი კედელია ჩაფიქრებული. ვფიქრობთ, ერთი-ორი კიდევ დავამატოთ.

პროექტის ბიუჯეტი რისი მიხედვით იცვლება?

გასულ წელს 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და, ბუნებრივია, უფრო მეტი კედელი მოიხატა. 18 ფრანგი მხატვარი მყავდა ჩამოყვანილი. წელს, რადგან ბიუჯეტი ნაკლებია, მხოლოდ ქართველი მხატვრები მონაწილეობენ ფესტივალში.  ხელშეკრულების მიხედვით ფესტივალი სექტემბრამდეა გაწერილი, თუმცა  ივლისში ალბათ ბოლომდე მივიყვანთ.

შარშანდელი გრაფიტები დააზიანეს. გრაფიტების აღდგენას თუ ითვალისწინებს ხელშეკრულება?

გარანტია, რომ გრაფიტებს არ დააზიანებენ, არ არსებობს. ჩვენ „აცრას“ ვაკეთებთ სიბნელეზე ახალ თაობაში – ნელ-ნელა ვაჩვევთ ახალგაზრდებს, რომ კარგი ნახატი არ უნდა დაჩხაპნონ, არც ისტორიულ შენობაზე უნდა დაახატო, რადგან ეს ვანდალიზმია. ბულვარში მშენებარე სასტუმროს კედელი დაგვითმეს, ამიტომ ვისაც ხატვა უნდა, შეუძლია მოვიდეს და მოხატოს.

რამდენ ხანს ძლებს გრაფიტები?

ათი წელი ძლებს საღებავი. სხვა მხატვარს შეუძლია მოვიდეს და გადახატოს გრაფიტზე, ეს „სტრიტ არტის“ პრინციპია და მიღებულია ევროპაში, თუ არის შემოქმედებითი ნახატი, ბუნებრივია. გრაფიტები ენერგიას იძლევა ხალხში. მე მომწონს, სხვებსაც მოსწონთ. გვინდა ბათუმი „სტრიტ არტის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი გახდეს.

თქვენ ბათუმში მეორე მაღალბიუჯეტიან პროექტსაც ახორციელებთ. რა იგეგმება პროექტის ფარგლებში?

პროექტის ღირებულება 49 756 ლარია და  გამოფენა მიეძღვნება „აბრეშუმის გზას“. საფრანგეთში არის ცნობილი  ხელოვნების მუზეუმი, რომელიც დაარსდა Aimé Maeght-ის მიერ 1964 წელს. აქ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია თავმოყრილი. კოლექციაში თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების   ხუან მიროს, ანტონ ტაპიესის, ვასილ კანდინსკის, მარკ შაგალის, ალბერტო ჯაკომეტის და სხვა ბევრი მხატვრის ნამუშევარი.  მუზეუმში 11 ათასი ხელოვნების ნიმუშია დაცული. მათ აბრეშუმის შარფებზე გადაჰქონდათ ნახატები და გამორჩეულ ადამიანებს ჩუქნიდნენ. ამ აბრეშუმებიდან 50 ცალის ჩამოტანას და გამოფენას ვაპირებთ ბათუმში. გამოფენა გალერეა 41/41-ში 22  სექტემბერს გაიხსნება და 22 ოქტომბრამდე იქნება.

ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია

  • ბატონო ტარიელ, თქვენ ესწრებოდით თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მუფთის შეხვედრას მეჩეთში, სადაც საუბარი იყო ახალი  მეჩეთის მშენებლობაზე?

მე არ ვესწრებოდი, რადგან მუსლიმთა სამმართველო იქცა პოლიტიკურ ცენტრად, პოლიტიკურ ორგანოდ. ეს ორგანო ისედაც დაფუძნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული კადრებით, ამიტომაც რეალურად ვერ წარმოადგენს მუსლიმი თემის ინტერესებს სახელმწიფოში. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჰყავს წარმომადგენელი მუფთის სახით მლოცველებში. 17 ივლისს მუფთმა გააკეთა შემაძრწუნებელი, ძალიან უტიფარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო არის მეჩეთის მშენებლობა, მაშინ თურმე დაიწყებს მეჩეთის მშენებლობას სახელმწიფო, მაშინ როცა ეს საკითხი ახლა არ დამდგარა. ბაირამის დღესასწაულზე ჩკალოვის ქუჩა გადაივსო, როგორც შემდგომ გავიგე, 400-500 ადამიანი საერთოდ ვერ დადგა სალოცავად და ბათუმის მახლობლად სოფლებში გადავიდნენ, რადგან ქუჩაში მობილიზებული დასაგები  სალოცავი ეგრეთ წოდებული „ბრიზენტიც“ არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ფონზე მუფთი აცხადებს, რომ მეჩეთი არ სჭირდება მუსლიმებს, ეს არის უპასუხისმგებლობა მუსლიმების წინაშე. არც ერთ მუფთს ასეთი რამ არ უკადრებია.

  • მუფთმა ჟურნალისტებთან ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხალხი მეჩეთში მხოლოდ დღესასწაულებზე ვერ ეტევა, რადგან „ბაირამზე სალოცავად უამრავი ადამიანი მიდის“…

ჟურნალისტებს ამაზე პატარა მოკვლევის ჩატარება შეგიძლიათ, რამდენიმე პარასკევს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, იქ მთელი წლის განმავლობაში პარასკევს ხალხი ქუჩაში ლოცულობს. შეუძლებელია მთელი წლის განმავლობაში ვინმე ახდენდეს ხალხის მობილიზებას…

  • თქვენ როგორ ახსნით მუფთის განცხადებას?

მუფთის დამოკიდებულება ისეთივე იყო, რა დამოკიდებულებაც აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს დამოკიდებულება არის ის, რომ ბათუმში მეჩეთი არ უნდა აშენდეს.  გასულ წელს სახელმწიფომ გაასაჯაროვა მუსლიმების წერილობითი მოთხოვნა, რომელზეც რამდენიმე ადამიანმა და მუფთმა მოაწერეს ხელი. იმ დოკუმენტის პირველივე მუხლში წერია, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ თითქოს ვითხოვთ ორთაჯამეს რეაბილიტაციას. ეს აბსურდულია, თითქოს ეს მოითხოვა  მუსლიმმა თემმა. წარმოაჩინეს ისე, რომ თითქოს ახალი მეჩეთის აშენების საკითხი [რომელიც უკვე ოცი წელია განიხილება ბათუმში] აღარ დგას, ამით ეცადნენ  სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ზეწოლა მოეხსნათ, თითქოს ეს საკითხი მოაგვარეს.

  • მუფთი საუბრობდა იმაზე, რომ სამუფთოს გადასცეს რეზიდენციისა და მედრესესთვის ადგილი…

ის ტერიტორია საკუთრებაში არ გადაუციათ, სახელმწიფომ სარგებლობის უფლებით გადასცა. ამით თითქოს სახელმწიფომ შეასრულა მისია. ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ქართველ მუსლიმს ბათუმში პრობლემა აქვს ლოცვის, დღეს რეზიდენციის პრობლემა არ არის, რეზიდენცია თუ უნდათ, ეს სხვა საკითხია, მაშინ, როცა მუსლიმი თემის საჭიროება არის სამლოცველოს შექმნა. მუფთმა 17 ივლისის განცხადებით ეს უგულებელყო. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ეთანხმება მის ნათქვამს, რადგან ამას მუსლიმი არ იტყოდა.

  • თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?

ის დამოკიდებულება, რასაც სახელმწიფო მუსლიმი თემის მიმართ ახორციელებს, ქმნის იმის საფუძველს, რომ გლობალური პრობლება, რომელიც არსებობს ისლამური სახელმწიფოს სახით, საქართველოშიც ფეხს იკიდებს, განსაკუთრებით რადიკალური ჯგუფები. ეს დიდწილად იმიტომ ხდება, რომ მუსლიმანი ვერ ხედავს სახელმწიფოს მხრიდან დაცულობას, საკუთარ ქვეყნაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის კანონით, ჩვენ ხომ კონსტიტუციის შეცვლას არ ვითხოვთ. მეჩეთის არაშენების საკითხი ბათუმში, ქობულეთში პანსიონის გახსნის საკითხი, მოხეში მეჩეთის გადაცემის საკითხი _ აი, ეს მოუგვარებელი პრობლემები ქმნის საფრთხეს.

ამიტომაც საჭიროებს დისკუსიას, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, არ შეიქმნას განცდა, რომ ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა, ზოგადად, დაუცველობის განცდა…. მას არ გამოუჩნდეს ისეთი ვინმე, ვინც შეჰპირდება, რომ დაიცავს მის უფლებებს… ეს საფრთხე არსებობს, ბევრი რადიკალური ჯგუფი ამ თემით აპელირებს და ნელ-ნელა ვითარდება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ჩემთვის, როგორც მუსლიმისთვის, მიუღებელია. ვსაუბრობ იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება პანკისში…

  • თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ მეჩეთს ითხოვთ? 

სახელმწიფო პოზიტიურად არ უყურებს მუსლიმი თემის უფლებების დაცვას,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობდა, რომ მეჩეთი აშენდება, ახლა აღმოჩნდა, რომ მეჩეთი აღარ აშენდება. ბათუმში მეჩეთის არაშენება ეს არის კატასტროფა მთელი საქართველოსთვის, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, ეს არ არის მხოლოდ მეჩეთის, როგორც საკულტო ნაგებობის საკითხი, ეს იქცა დემოკრატიის სასწორად ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, ამაზე უარის თქმა დანაშაულია სახელმწიფოს მხრიდან და არათანმიმდევრული პოლიტიკა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თვითონ მიიღებდა მონაწილეობას მეჩეთის მშენებლობაში, შემდეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაპირებები… აღმოჩნდა, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება არ სრულდება.

ზედამხედველობის სამსახურმა სიმინდით მოვაჭეერს გაფრთხილება მისცა

 

 

ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, სიმინდით მოვაჭრეები იყენებენ გაზს,  რომელიც კუსტარულად არის დამონტაჟებული და უსაფრთხოების ნორმებს არ შეესბამება.  მათი განცხადებით,  აუცილებელია მოვაჭრეებმა გამოიყენონ ელექტროენერგია ან შეიძინონ სპეციალურად, ქარხნული წესით დამზადებული სიმინდის მოსახარში დანადგარი, რომელიც ელემენტებზე მუშაობს და საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

ზედამზედველობის სამსახურის ინფორმაციით, ფიზიკური პირი, თუ 2 დღის ვადაში აღნიშნულ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 500 ლარით ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

 

 

ფოტო: ბათუმის მერია

პრესკაფეს კონკურსი ახალგაზრდებისთვის

 

თუ თქვენ გსურთ კონკურსში მონაწილეობა, უნდა გამოგვიგზავნოთ ნაგვის ურნის 3D ესკიზი, სადაც აღქმადი იქნება ნაგვის ურნის ოთხივე კუთხე.

 

კონკურსის ფარგლებში სულ შვიდი გამარჯვებული ესკიზი გამოვლინდება, ხოლო თითოეულ გამარჯვებულს წიგნების 100-ლარიანი  ვაუჩერი გადაეცემა.

 

ექსკიზი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: batumiijh@gmail.com ან მოიტანოთ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ოფისში. მისამართი.: მემედ აბაშიძის გამზრი №48.

განაცხადის მიღების ბოლო დღე 5 აგვისტო

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე.: 591 95 03 95.

 

მე ვგრძნობ მზეს

 

მხედველობა ბავშვობაში დაკარგა, მეხუთე კლასის მოსწავლეს თავის ტკივილი დაეწყო, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ოპერაცია კი საბედისწერო აღმოჩნდა. ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებით კმაყოფილია.

 

„ხულოში, სოფელ საციხურში დავიბადე, სოფლის სამკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ აგარის სკოლაში გავაგრძელე სწავლა, მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც თავის ტკივილი დამეწყო, მშობლებმა საოპერაციოდ მოსკოვში წამიყვანეს, მხედველობაც მაშინ დავკარგე. საოპერაციოდან გამოსულმა ვერაფერი დავინახე, ვიფიქრე, თვალები ახვეული მაქვს-მეთქი, საკუთარი თავი სიბრმავისთვის ვერ გავიმეტე. მახსოვს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, ყველაზე რთული წუთები და განცდილი ემოცია.

 

ოპერაციის შემდეგ 20 დღე საწოლში ვიწექი, ვერაფერს ვხედავდი. მესმოდა, როგორ დილობდნენ ადამიანები ჩემ გამხნევებას. ერთ დღესაც მშობლები პალატიდან საქმეზე  გავიდნენ და მარტო დავრჩი, გვერდით კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე, მორიგე ოთახებს ალაგებდა, ვიფიქრე, ჩემთანაც შემოვა-მეთქი და როცა ჩემს კარზე დააკაკუნა, სმენით გავზომე მანძილი საწოლიდან კარებამდე, ავდექი და კარი გავაღე. ეს იყო პირველი სვლა, პირველი ნაბიჯები, გამიხარდა, ასე მეგონა, რაღაც აღმოვაჩინე“, – ამბობს არჩილი.

 

არჩილს ორი შვილი ჰყავს – თეონა და გულადი, შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ქალაქშიც აქვს, ცხოვრების მეტ წილს მშობლიურ სოფელში ატარებს, სოფლის გზაზე დამოუკიდებლად გადაადგილდება, სასურსათო მაღაზიას ამუშავებს და საკუთარი შემოსავალიც აქვს. „საცხოვრებელი ქალაქშიც გვაქვს და სოფელშიც, უმეტეს დროს სოფელში ვატარებ, იქ მაქვს მაღაზია, რომელსაც 16 წელია ვამუშავებ, მყიდველს მე ვემსახურები, შაქარი იქნება თუ სხვა რამე, ვუწონი და ფულსაც მე ვიღებ. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ შეხებით ვხვდები თანხის ოდენობას, იმასაც კი ვგრძნობ, მყიდველი სად იყურება, ამის ახსნა ძალიან ძნელია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ“, – გვიამბობს არჩილი.

ფერებს შეხებით არჩევს, ადამიანებს კი ფეხის ხმითა და სუნთქვით ცნობს. „ფეხის ხმით, სუნთქვით ვგრძნობ და ვხვდები ადამიანის ვინაობას, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს, იმას უფრო ადვილად აღვიქვამ, როგორც მხედველობით იმახსოვრებს ადამიანი, ასევეა სმენით. ერთ-ერთი ნაცნობი, რომელიც 15 წელი არ მინახავს, ვიცანი, თვითონ ვერ მიცნო. ზოგს არ სჯერა ჩემი უსინათლობის, მაგალითად, დღეს ერთმა მკითხა რა ფერის ქურთუკი ეცვა, როცა ვუთხარი, გაკვირვებული დარჩა“.

 

უკრავს აკორდეონზე, თამაშობს დომინოს, უყვარს ფოტოს გადაღება და მეგობრებს ატელეფონო შეტყობინებასაც უგზავნის. „სანამ მხედველობას დავკარგავდი, მაშინ შევხვდი ადამიანს, რომელსაც ვასიკო ერქვა, პირველად მაშინ დავინახე, უსინათლო დომინოს თამაშობდა, არ მინდა გაზვიადებულად გამომივიდეს, მაგრამ ისე ვერ თამაშობდა, როგორც მე. რაღაცნაირად ინსტინქტი გამომიმუშავდა, ერთხელ თუ ვითამაშებ, მეორე სვლისას ვგრძნობ, რას ჩამოვა მოწინააღმდეგე. იმასაც ვგრძნობ, როდის იტყუება ადამიანი. როცა სიმართლეს ამბობს, კაშკაშა სხივივით მოდის სიტყვები, როცა მატყუებს, ფერი იცვლება“.

 

არჩილის დედა სურიე ვაშაყმაძე არჩილის ბავშვობას იხსენებს: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი იყო, გაკვეთილებს ახსნის დროს სწავლობდა, როცა მხედველობა დაკარგა, ვინერვიულე, ერთ თვეზე მეტი უგონოდ ვიყავი~, – ამბობს დედა.

 

არჩილი სამომავლოდ საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას და ნაშრომის დაწერას გეგმავს: „მინდა, უსინათლო ადამიანებს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარო, ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას ვგეგმავ. მჯერა, იდეის განხორციელებაში ოჯახთან ერთად ყველა ჰუმანური ადამიანი გვერდით დამიდგება. ასევე დაგეგმილი მაქვს ნაშრომი დავწერო – თუ რა შეუძლია უსინათლო ადამიანს, მინდა ყველამ გაიგოს, რომ უსინათლო ადამიანი უსუსური და საბრალო არ არის, როგორც ზოგიერთი ფიქრობს.

 

რადგან უსინათლო ვარ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვაზე ვარ დამოკიდებული, ვერ ვხვდები რა დრო და რომელი საათია. სამყაროს ჩემეული აღქმა გამაჩნია, ჩემნაირ ადამიანებს იმას ვეტყოდი, რომ მათ მომავალზე, ცხოვრებაზე უნდა იფიქრონ – ის, რაც გამაჩნია, ჩემი შრომისა და ბრძოლის შედეგია.

 

ვერ `ვხედავ~, როცა თვალებს ვხუჭავ. ასე მგონია, თვალები რომ დავხუჭო, მართლა ვერ გავივლი. როცა ჩემ სიახლოვეს უსინათლო ადამიანია, ამას ვგრძნობ, ვხვდები სად არის ის. როცა სოფელში ვარ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვუთხრა რა დროა, ქალაქში კი სულ სხვა გარემოა, ზღვას დიდი ენერგია აქვს, მანქანების ხმაურს, რაც აღქმას მიმძაფრებს.

 

გული არ მწყდება უსინათლობაზე, ბევრი ხედავს და ვერ აღიქვამს სამყაროს ისე, როგორც მე შემიძლია აღვიქვა. „მე ვხედავ მზეს“ – ამის თქმა ნოდარ დუმბაძემ დამასწრო, დღეს ასე ვამბობ – მე ვხედავდი მზეს, ახლა კი, შევიგრძნობ“.

 

პრობლემებზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ პრობლემაა საზოგადოების მცდარი შეხედულება უსინათლოებზე და ტრანსპორტით გადაადგილება. „ტრანსპორტით მარტო ვერ იმგზავრებ, ვინმე უნდა წაიყვანო. ჩვენი, უსინათლოების, პენსია მხოლოდ 150 ლარია. ზოგადად, არ მჩვევია პრობლემაზე საუბარი, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალს დამოუკიდებლად ვპოულობ. იმ ადამიანებს, ვინც ჩემსავით უსინათლოა, სიმხნევეს ვურჩევ, ვერანაირი ექიმი ვერ მოგარჩენს, თუ არ გწამს, რწმენა გადაარჩენს ადამიანს“, – ამბობს არჩილი.

 

შენიშვნა: სტატია მომზადებულია 2014 წელს გაზეთ ბათუმელების ბეჭდური ვერსიისთვის.

ინტერნეტში ქვეყნდება პირველად

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

სოფლის მაცხოვრებლები ჰესის მშენებლობის დროს დაზიანებული სახლების გამო, კომპენსაციას და სოფელში წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელ ჩანჩხალოში შუახევჰესის მშენებელმა კომპანიამ „აჭარისწყალ ჯორჯიამ“ სოფელში გვირაბის გაყვანა დაიწყო მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები და ფაქტობრივად სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.  ცენტრალური სავტომობილო გზის გადაკეტვის შემდეგ, მოსახლეობამ სოფელში მშენებარე გვირაბთან გადაინაცვლა და მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა.

აქციის წევრებს  შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე შეხვდა და განუცხადა, რომ დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მომავალი კვირიდან მიიღებს. რაც შეეხება წყალს, ტარიელ ებრალიძის განმარტებით, ამ საკითხზე მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

6 მაისის პარკში ტბაზე ფეხმოტეხილი იხვი შეამჩნიეს

 

რა შეუძლია გააკეთოს პარკის ადმინისტრაციამ  ფრინველის დასახმარებლად? – ამ კითხვით  6 მაისის პარკის ადმინისტრაციას მივმართეთ.

 

ზოოკუთხის განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე ამბობს, რომ ფეხმოტეხილი შავი იხვის შესახებ ინფორმაცია  აქამდე არ ჰქონია:  „ჩვენ არ შეგვიმჩნევია ფეხმოტეხილი იხვი,  მათთან  შეხების წერტილი არ გვაქვს, რადგან მიფრინავებ და მოფრინავენ. თუმცა, დაზიანებული ფეხი მას არ შეუშლის ხელს იმასი რომ გამოიკვებოს“-გვეუბნება ზოოკუთხის ხელმძღვანელი.

 

 ამირან მურვანიძე ამბობს, რომ ზოოკუთხეს დაზიანებული გადამფრენი ფრინველების მოსავლელად ზოოკუთხეში პირობები არ აქვს: „რთულია მათი დაჭერაც, ვერც დაძინება მოხერხდება, რადგან ასეთ დროს შეიძლება ფრინველი დაიხრჩოს“. 

 

ამირან მურვანიძე ამბობს, რომ იხვის პრობლემით მაინც დაინტერესდება. 

 

ფეხმოტეხილი იხვი ტბაზე

ლევან ცუცქირიძე: დემოკრატიის სკოლაში სტალინისტების ადგილი არ არის

„დღეს გვაქვს ამ პროგრამის პრეზენტაცია. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისამდეა. ოთხ ძირითად მიმართულებაზეა პროგრამა ორიენტირებული. მთავარი საკითხებია, დემოკრატიული საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობის საკითხები, პოლიტიკური პარტიები, იდეოლოგიები და თვითმმართველობა“- ამბობს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე.

პროგრამის დიდი ნაწილი როგორც ლევან ცუცქირიძე ამბობს, ორიენტირებულია პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე და იმ შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც ადამიანს ეხმარება პოლიტიკური გავლენის მოხდებაზე საზოგადოებაში.

პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, „მთავარია, სათანადო მოტივაცია. აქ არ არის  მაგალითად სტალინისტების ადგილი (ხანდახან ეგეთებიც მოდიან) ან მათი, ვინც ფიქრობს რომ ქვეყანა პუტინის მსგავსმა ადამიანებმა უნდა მართონ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპში დემოკრატიული ღირებულებების მატარებელნი არიან და  უფრო მეტი ცოდნის მიღება და შემდგომში გამოყენება სურთ“- ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძის თქმით, დემოკრატიული სკოლის არსებობის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება ამაღლებაა. „კარგი განათლება, თვალსაწიერის გაფართოება და სამყაროს უკეთ დანახვა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი“.

დემოკრატიის სკოლას ოთხი წლის განმავლობაში  500 -მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

„ჩვენ ვეხმარებით ხოლმე ადამიანებს რომ ისწავლონ თანამშრომლობა, რადგან  ადამიანები  ქაალაქებიდან არ გადიან ხოლმე. ამიტომ,  საერთო პრობლემების, საკითხების გადაწყვეტაში ამიტომ ჩვენ, რეგიონებს ამ  ურთიერთობების აწყობაშიც ვეხმარებით, მცირე გრანტების მეშვეობით,  რომლესაც მხოლოდ კურსადმთავრებულებზე გავცემთ“- ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ბათუმში მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია იხსნება

 

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის“  პირველი პროექტია. ორგანიზაცია  პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ დააფუძნა.

 

შორენა ცინცაბაძის  თქმით, „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“  მიზანი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა, როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე დამწყებ შემსრულებლებში:

  

 „მიუხედავად იმისა, რომ წელს ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი აჭარის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელებზე გაკეთდება, აკადემიის საერთაშორისო სტატუსიდან გამომდინარე, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, როგორც საქართველოდან, აგრეთვე უცხოეთიდან. ორგანიზაციამ „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“  პროექტში მონაწილოების მისაღებად  აჭარიდან და  საქართველოს რეგიონებიდან 10 მონაწილე, დამწყები პიანისტი შეარჩია.  3 მოსწავლე იქნება აჭარის რეგიონიდან, ხოლო 7 საქართველოს სხვა რეგიონებიდან. აკადემიის მონაწილე 10 ახალგაზრდას, სპეციალურად აკადემიისთვის მოწვეული პროფესორები უფასო მასტერ-კლასებს ჩაუტარებენ.“

 

მასტერ-კლასების შემდეგ, შორენა ცინცაბაძე თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად მოამზადებს დაგეგმილი კონცერტებისათვის, აგრეთვე დაკომპლექტდება საფორტეპიანო ანსამბლები. 

 

ბედის ბორბალი ტრიალებს

 

სამწუხაროდ, მუჰაჯირების შთამომავლებთან ჩაწერილ ტექსტს თურქულ თარგმანში გავეცანი, ამიტომ მის ავთენტურობას ვერ დავიცავ, თუმცა ამ შემთხვევაში მისი შინაარსი უფრო საინტერესოა, ვიდრე მხატვრულ-სტილისტური თავისებურებები.     

 

მოკლედ, ერთ-ერთ ოჯახში ქართველებისათვის ასე „მშობლიური“ ახალგაზრდა უსაქმური ცხოვრობდა. თავისი სიზარმაცით მან უახლოესი ადამიანები იმდენად შეაწუხა, რომ ისინი მის სისტემატურ კრიტიკაზე გადავიდნენ. კითხვებისგან თავმობეზრებულმა უსაქმურმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავის ბედისწერასთან შესახვედრად ემზადება და ერთ დღესაც ბედთან შესახვედრად გაემართა.

 

პირველი ვინც შეხვდა, გზაზე გაწოლილი დათვი (!) აღმოჩნდა. როცა ნადირმა ჩვენი ბედის მაძიებლის გეგმები გაიგო, საკმაოდ ზრდილობიანად სთხოვა მისთვისაც ეშუამდგომლა ბედისწერასთან, ვინაიდან გაუთავებელი თავის ტკივილი აწუხებდა. მომდევნო ღარიბი მოხუცი იყო, რომელსაც დაუძლეველი სიღარიბე სტანჯავდა. თევზების მბრძანებელს, ისევე როგორც ცხენზე ამხედრებულ მეფეს ქვეშევრდომების ურჩობა აწუხებდათ.

 

ბობლოსდაბოლოს ახალგაზრდა უღრან ტყეში გადაეყარა თავის ბედისწერას. ისევე როგორც ზარმაცთა უმეტესობა, ჩვენი გმირიც არ იყო ეგოისტი, ამიტომ ახალგაცნობილთა პრობლემების ჩამოთვლით დაიწყო. ბედისწერამ ყველა მათგანის უბედობის მიზეზი დაუსახელა. აღმოჩნდა, რომ მეფე ქალი იყო, თევზს პირში ალმასი ჰქონდა, მოხუცის ბაღში ოქროს განძი იყო ჩაფლული, ხოლო დათვის წამალი უტვინო (ორიგინალში ალბათ ბლაყვი, ბეჩი ან სერსემი იქნებოდა) თავის ჩახრამუნება იყო. რაც შეეხება მთავარი გმირის პრობლემებზე პასუხს, ის საკმაოდ ფილოსოფიური აღმოჩნდა: შენი ბედი ტრიალებს…

 

უკან მობრუნებულ ახალგაზრდას თავდაპირველად მეფე გადაეყარა, როცა გაიგო ბედისწერის პასუხი, მაშინვე ყმაწვილს მასზე დაქორწინება და სამეფოს ერთად მართვა შესთავაზა, რაზეც ზემოთ ხსენებული ფილოსოფიური პასუხი მიიღო: აქ ვერ დავრჩები, ჩემი ბედი ტრიალებს… იგივე უპასუხა თევზსა და მოხუცს, რომლებიც შესაბამისად ალმასსა და ოქროს უყოფდნენ.

 

დათვი საკმაოდ ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, დაწვრილებით მოისმინა მთელი ისტორია, ხოლო როდესაც მისი პრობლემის მოგვარების გზა გაიგო ირონიულად გადახედა ბედოვლათს და კიდევ ერთხელ გადასწია ღობე ორჭოსანის მიმართულებით.

 

ბედის ბორბალი ტრიალებს…     

 

მერია სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას იწყებს

 

 

სტუდენტები 3 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდებიან.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებლებში. მერიის ინფორმაციით, უპირაუპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, მზრუნველობამოკლებულ, შშმ სტატუსი მქონე სტუდენტებს. ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული პირების შვილებს და იმ სტუდენტებს, რომლებიც მერიის მიერ ინიცირებულ პროგრამებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში 20-დან 27 ივლისის ჩათვლით.  

 

ბათუმის ავტოტრანსპორტში დასაქმებული სტუდენტები

”ქოლგა თბილისის ფოტოს” გამოფენა ბათუმში

გამოფენაზე უცხოელი ფოტოგრაფების 38 ნამუშევარია წარმოდგენილი.

„ქოლგა თბილისის ფოტოს“ პიარ მენეჯერის ნინი რეხვიაშვილის თქმით, ეს პროექტი ბათუმში პირველად მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბათუმის კულტურის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტოგამოფენა 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა ღირს ორსულობა

 

რას აფინანსებს სახელმწიფო? – პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის ასაღებად ორსულობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 13 კვირას. საამისოდ ორსულმა სოციალური მომსახურების სააგენტოში, განცხადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა, ფორმა NIV-100/ა უნდა მიიტანოს. აღებული ვაუჩერით ორსული მისთვის სასურველ კლინიკაში დგება აღრიცხვაზე.

 

ექიმის უფასო კონსულტაციებითა და გამოკვლევებით ორსულმა სპეციალური ცხრილის შესაბამისად უნდა ისარგებლოს, დაგვიანების შემთხვევაში იგი უფასო მომსახურებას ვეღარ მიიღებს. კერძოდ, ანტინატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით ექიმთან პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს ორსულობის მე-13 კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება. ასევე, შესაბამის ვადებში უნდა შედგეს ვაუჩერით შემდგომი (მეორე, მესამე და მეოთხე) ვიზიტი, დაგვიანების შემთხვევაში პროგრამით მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისები არ დაუფინანსდება.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, პირველი ვიზიტის ფარგლებში ორსულისთვის უფასოა: მეან-გინეკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაციები, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი; სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით; B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით; აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით; სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა და საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

 

მეორე ვიზიტი ორსულობის 18-20 კვირაზე უნდა განხორციელდეს და იგი მოიცავს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას და ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას.

 

მესამე ვიზიტისას, რომელიც ორსულობის 30-32 კვირაზეა დაგეგმილი, უფასოა ისევ მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და განისაზღვრება შარდში ცილის რაოდენობა, სისხლში კი – ჰემოგლობინი. იგივე კონსულტაცია და გამოკვლევები ფინანსდება ბოლო, ანუ მეოთხე ვიზიტისას, რომელიც ორსულობის 34-36-38 კვირაზეა დაგეგმილი.

 

რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურებები მომავალი დედებისთვის? – გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ ორსულისთვის დაფინანსებული ვიზიტები და გამოკვლევები არის იმის მინიმუმი, რაც ქალებს მთელი ორსულობის პერიოდში ესაჭიროებათ. “ეს არის ისეთი მინიმუმი, რომელიც ორსულების 80%-ს არ აკმაყოფილებს”, – ამბობს ის.

 

გინეკოლოგი კობა ქამაშიძე ამბობს, რომ ექიმთან ოთხი ვიზიტი საკმარისია მხოლოდ იმ ორსულებისთვის, რომელთა ორსულობაც ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ასეთი ორსულები კი ძალიან ცოტაა. “თუ ორსული სრულიად ჯანმრთელია, მაშინ ეს ვიზიტები საკმარისია, მაგრამ ასეთი ორსულების პოვნა ძალიან რთულია, მთლიანი რიცხვიდან ასეთი ალბათ მაქსიმუმ 25% თუ იქნება”, – ამბობს გინეკოლოგი.

 

სოციალურად დაუცველი 29 წლის გიული ამბობს, რომ მიუხედავად უპრობლემო ორსულობისა, ექიმთან ოთხი ვიზიტი არც მისთვის იყო საკმარისი. “მართალია, ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ იმის გამო, რომ იქამდე ოპერაცია მქონდა გაკეთებული, დამატებითი მეთვალყურეობა მესაჭიროებოდა და პროგრამის გარდა კიდევ ოთხი ვიზიტი და მთელი რიგი გამოკვლევები დამჭირდა. თითოეული ვიზიტის ხარჯი საშუალოდ 55 ლარზე ადიოდა (როგორც სოციალურად დაუცველს გარკვეული შეღავათები მქონდა), რაც ერთი შეხედვით, არ არის დიდი თანხა, მაგრამ ყოველთვის ამის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა”, – ამბობს გიული.

 

28 წლის მარიამი კი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და გამოკვლევების გარდა დამატებითი გამოკვლევები ორსულობის პერიოდში საშუალოდ 800 ლარი დაუჯდა: “იმის გამო, რომ ცხრილს ჩამოვრჩი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა გამოკვლევით სარგებლობაც ვერ მოვახერხე”, – ამბობს ის.

 

რა დროს ხდება საჭირო დამატებითი ვიზიტები ორსულისთვის? – კობა ქამაშიძის თქმით, დამატებითი მეთვალყურეობა საჭირო ხდება მაშინაც, თუ ორსულობისას ქალს გამოუვლინდა მაღალი არტერიული წნევა: “პროტოკოლის მიხედვით ასეთ დროს ყველა მესამე დღეს უნდა დაიბაროს იგი ექიმმა”. ასევე დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებს ორსული, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა წინა ორსულობისას. “თუ მას აღმოაჩნდა ცილა შარდში, თუ აღენიშნება ანემია, ანუ სისხლში დაბალია ჰემოგლობინის მაჩვენებელი, თუ ტონუსი არ არის ნორმაში. ექიმი აკვირდება ყველა ამ პროცესს და საჭიროების მიხედვით, შესაძლოა ყოველკვირეულად ან ყოველ მეორე დღესაც კი დაიბაროს ორსული. ყველაზე ხშირად ორსულებს ექიმის დინამიური მეთვალყურეობა ესაჭიროებათ”, – ამბობს კობა ქამაშიძე.

 

რამდენს იხდის სახელმწიფო ანტინატალურ მეთვალყურეობაში? – სახელმწიფო ერთი ორსულის მართვაზე სამედიცინო დაწესებულებას 55 ლარს უხდის. ბათუმის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ თანხა ნამდვილად ცოტაა, თუმცა ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ მეანობაში, სახელმწიფო პროგრამებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ჯუმბერ უნგიაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მცირე დაფინანსება მკვეთრად აისახება სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების ხარისხზე, რისი შედეგიც გართულებული მშობიარობები და სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გავრცელებაა. “ეს თანხა აბსოლუტურად ვერ ასახავს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს თანამედროვე მეანობასა და პერინატოლოგიაშია, დაბალი ფასი მედიცინაში ყოველთვის არის ცუდი ხარისხი”, – ამბობს ის.

 

კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია სხვადასხვა ტარიფის მქონე სამედიცინო დაწესებულებების ერთნაირი დაფინანსება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პასუხობენ, რომ ანტინატალური მეთვალყურეობა ვაუჩერული პროგრამაა და პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. “მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს”, – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

 

სწორედ ამ მიზეზით, 27 ივნისიდან ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, დედათა და ბავშვთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში აღარ მონაწილეობს. “როგორც იცით, ეს პროგრამა გართულებული მშობიარობის მართვასაც მოიცავს. ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა (მშობიარობა) 5000-6000 ლარი დაგვიჯდა, სახელმწიფო კი მხოლოდ 833 ლარს გვაძლევს. ანტინატალურ მეთვალყურეობაზე გათვალისწინებული 55 ლარი მარტო პირველ ვიზიტს ვერ ფარავს, არათუ ამდენ გამოკვლევას და მათ შორის სამ ექოსკოპიას, რომელთა ფასიც ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში 50- 80 ლარია. გარდა ამისა, პირველივე ვიზიტზე იმ სამ ექიმს, რომელთა კონსულტაციასაც სახელმწიფო 55 ლარით აფინანსებს, აუცილებლად უნდა ახლდეს ექთანი და სანიტარი, რომელთაც ხელფასი ამ თანხიდან უნდა გადავუხადო, ეს კი წარმოუდგენელია”, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე, “მედინას” ხელმძღვანელი.

 

ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თანხა სხვა არსებული რესურსებიდან უნდა გადაანაწილოს, კერძოდ კი იმ ფინანსებიდან, რაც მოთხოვნითი საკეისრო კვეთებისთვის არის გათვალისწინებული.

 

ჯუმბერ უნგიაძე: “სახელმწიფო ყველა მშობიარეს უხდის 500 ლარს. საკეისრო კვეთაში, რომელიც ჩვენებით არის, – 800 ლარს. ასევე 500 ლარით ფინანსდებიან ის ორსულები, რომლებიც საკეისრო კვეთას ჩვენების გარეშე ირჩევენ, რაც უაზროდ დახარჯული ფულია. უმჯობესია, ეს თანხა იქ ჩაედოთ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა”.

 

ხელვაჩაურში ავტომანქანა 5 ადამიანს დაეჯახა

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი და 60 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ქვედა კიდურების მოტეხილობებით გადაიყვანა, მათთან ერთად დაშავებული კიდევ სამი მოქალაქე, კი საავადმყოფოში ნათესავებმა საკუთარი მანქანებით გადაიყვანეს. 

ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა, “ბათუმელების” ინფორმაციით, ისიც ქორწილში იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  [ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა] პირველი ნაწილით უკვე დაიწყო, თუმცა ექსპეერტიზის დასკვნის შემდეგმ სავარაუდოდ პირველი ნაწილი მეოთხეთი გადაკვალიფიცირდება. 

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. 

 

 

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

გელა წულაძის ნამუშევრები

DR. Love

თეზი გაბუნიას ნამუშევრები

Exit mobile version