ბათუმში „ზებრებს“ ღებავენ [ფოტო]

ბათუმის მერიის სამსახურმა, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ ქალაქის ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელების შეღებვა დაიწყო.

თორნიძე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო

ამავე თემაზე: ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან წერილი არ მიუღიათ.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხს ორშაბათისთვის ელოდებიან. მათ გონიოს მაჟორიტარი საკრებულში ირაკლი მიქელაძე და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი შეხვდნენ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საჯარო შეხვედრაზე ლევან კინწურაშვილმა თქვა, რომ კიდევ ერთი კვირა კომისიას ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გასაგებად სჭირდება. „8 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მივწერეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ მიწების მესაკუთრე ეს სააგენტოა. შესაბამისად, მათი პასუხია მნიშვნელოვანი,“ – თქვა ლევან კინწურაშვილმა გონიოელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ორშაბათს გონიოელებს ეტყვიან, რომ თითოეული შემთხვევის შესწავლას საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია დაიწყებს. ეს „ბათუმელებს“ ამ კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურშვილმა უთხრა. რატომ არ მუშაობდა ამ საკითხზე კომისია აქამდე და რის გამო გააჭიანურა შეგნებულად პროცესი ბათუმის საკრებულომ? ლევან კინწურაშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ კომისია „სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად“ მოქმედებს. „მთავრობაში განიხილება ამ მიწებისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსის მინიჭება. ამ პროცესში ჩართულია  ეკონომიკური საბჭოც. ქონების მართვის სააგენტოსგან ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გაგებას ვცდილობდით: უბრუნებდნენ საკუთრებას ამ ხალხს, თუ სტრატეგიული გახდებოდა ეს მიწები და სხვა მიწის ნაკვეთს, ან კომპენსაციას მიიღებდა ის, ვისაც მიწა ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს,“- ამბობს ლევან კინწურაშვილი.

თუკი მთავრობა გონიოს მიწების სარფიანად გამოყენების ვერსიაზე ისევ მუშაობს, მაშინ რის განხილვას იწყებს საკრებულოს კომისია ამჯერად? „ძალიან დიდი დრო გავიდა, რაღაც უნდა ვუპასუხოთ მოქალაქეებს“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. ის კომისიის ამუშავებას გონიოელების საპროტესტო აქციებს არ უკავშირებს. მისი განმარტებით, კომისიას შეუძლია თქვას, რომელ შემთხვევაში იყო მიწის ჩამორთმევა უკანონო, მაგრამ ეს არ იქნება მიწის დაბრუნების საფუძველი.

ასე არ ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აქ მიიჩნევენ, რომ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელს არაფერი უშლიდა შეესწავლა გონიოლების საქმე. „კომისია თუ მოინდომებდა, ამის შესაძლებლობა იყო, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი. ამ კომისიას უნდა ემსჯელა მხოლოდ მიწის საკუთრების აღიარების მოწმობების კანონიერების საკითხზე. პროცედურას თუ დაიცავდა კომისია და იტყოდა, რომ უკანონოდ იყო მიწები ჩამორთმეული, მოქალაქე მივიდოდა ამ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში. თუ რეესტრი შექმნიდა დაბრკოლებას, მაშინ მოქალაქე მიმართავდა სასამართლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას 2014 წლის სექტემბრიდან ელოდებიან, მას შემდეგ, როცა გონიოს სადავო მიწებზე აჭარის მთავრობის შერეულმა სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო. დასკვნის მიხედვით, 479 პირის საქმიდან 307 ოჯახზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქონების ჩამორმევის მართლზომიერების საკითხი სწორედ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას შეესწავლა. სამთავრობო კომისიამ ამ 307 პირის გარდა განსაზღვრა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელთა საკუთრების აღიარებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და დადო მონაცემი იმ ოჯახებზეც, რომლებსაც საკუთრების დაბრუნების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

 

ბათუმში სასწრაფოდ იყიდება ბინა „შერატონთან“ ახლოს

იყიდება სასწრაფოდ ბინა „შერატონთან“ ახლოს. დარჩება ავეჯის ნაწილი, იტალიური ბოილერი და აბაზანის ინვენტარი. ფასი: 85 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

3

სასწრაფოდ იყიდება კეთილმოწყობილი ბინა ბათუმში

სასწრაფოდ  იყიდება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 115 კვ.მ კუთხის ბინა, 3 საძინებლით, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ცენტრალური გათბობით, ბუხრით, კონდიციონერით, აივნებით. ფასი: 95 000  აშშ დოლარი.  შეიძლება ეტაპობრივი გადახდა.

samaklero.ge

2

ახალაშენებულ კორპუსში იყიდება ბინა ავეჯითა და ტექნიკით

ბათუმში, იყიდება 70 კვ/მ ბინა ახალაშენებულ  კორპუსში, უზრუნველყოფილი  ავეჯითა და ტექნიკით. მის.:  ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა.  ფასი: 78 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1

დისკუსია: მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში





2 მარტს სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში გაიამართა მორიგი დისკუსია თემაზე – მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში.

დისკუსიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია ზუხუბაია უძღვებოდა.

შეხვედრაზე მოსაზრებები  გამოთქვეს მოსწავლეებმა  და  მასწავლებლებმაც.  განხილვის  თემა –   მშობლებისა და შვილების ურთიერთობა  და   არჩევანის  თავისუფლება იყო.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ნედი (NED).

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში ტარდება

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში 7-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრი ბათუმის ყინულის სახლში ჩატარდება და მასში აჭარის, თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და აბაშის სპორტული სკოლების ქალთა ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. შეჯიბრის მიზანი საქართველოში ინდორ, ანუ იგივე დარბაზის  ჰოკეის პოპულარიზაციის გარდა, საქართველოს ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების გამოვლენაა.

„ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი მონაწილობას მიიღებს ევროპის ინდორ ჰოკეის ჩეპიონატში. გასული წლის ჩემპიონი აბაშის გუნდი იყო. გამარჯვებულს ასევე შეუძლია სხვა გუნდების საუკეთესო მოთამაშეებს შესთავაზოს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა” – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის ჰოკეის გუნდის მწვრთნელმა გელა მჟავიამ.

ინდორ ჰოკეის ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად, აჭარის ჰოკეის ფედერაციაა.

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატები საქართველოში 1974 წლიდან ტარდება.

ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა.

„ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

„ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების და სერიალის მოამზადებას და ასევე, ტექნიკის შეძენას გეგმავს. მისი თქმით, პროექტებისთვის თანხის მოძიება ახალ სატელიტზე გადასვლის შედეგად შეძლეს, რომელიც იმ თანხის ნახევარი ჯდება, რასაც აქამდე იხდიდა ტელევიზია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში შესაძლოა ტელევიზიით პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაინტერესებას უკავშირდებოდეს. თუმცა კითხვას, ხომ არ უყიდია „ტელეარხი 25“ ლეონიდ ჩერნოვეცკის, გია სურმანიძე ასე პასუხობს:

„არა, შეძენით არა მგონია. შეძენაზე საუბარს აზრი არა აქვს, თუ სხვა რაღაცაზე იქნება საუბარი, პრინციპში მზად ვართ, რომ დაველაპარაკოთ… როგორც ასეთი, შეძენა გამორიცხულია.“

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს „სხვა რაღაც“, გია სურმანიძე ასე პასუხობს: „არ ვიცი, არჩევნები მოდის და თუ პოლიტიკური ინტერესი აქვს რეკლამასთან დაკავშირებით, თავისთავად გავაკეთებთ რეკლამას.“

გია სურმანიძე „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 49-პროცენტიანი წილის მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ტელეარხ 25“-ს წილის გაყიდვასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა: „ჩემი წილი არ იყიდება. რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია.“

დაინტერესებულია თუ არა „ტელეარხ 25“-ის ყიდვით ლეონიდ ჩერნოვეცკი? – “ბათუმელების” ამ კითხვას პოლიტიკოსმა წერილობით უპასუხა:

„გაცნობებთ, რომ არც მე და არც ჩემთან დაკავშირებული იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს არ გვაქვს განზრახული „ტელეარხ 25“-ის წილების ან საქართველოში არსებული რომელიმე სხვა ტელევიზიის შესყიდვა.

მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიები და ჟურნალისტები აბსოლუტურად თავისუფლები უნდა იყვნენ და პოლიტიკოსებთან ან პოლიტიკურ პარტიებთან არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. აგრეთვე მივიჩნევ, რომ აღნიშნული მედია საშუალება წარმოადგენს რეგიონში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელოვან წყაროს და ვიმედოვნებ, რომ ის ასევე მომავალშიც პოლიტიკური თამაშებისგან თავისუფალი იქნება.“

„ტელეარხ 25“-ის 51-პროცენტიან წილს ჯემალ ვერძაძე ფლობს. მან წილი ტელევიზიაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ლევან ქარდავასთან ერთად. მაშინ ამ გარიგების შესახებ „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო და კერძო ქონება „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლების ნათესავების ანგარიშზე ორი დღის მანძილზე.

ორი თვის წინ „ტელეარხი 25“ დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა. მაიას მერკვლაძის თქმით, მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ჟურნალისტების ნაწილმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასეს.

ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში.

პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. მოკვლევის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ალბათ უფრო საგამოძიებო ორგანოები გაგცემენ პასუხს“.

გამგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მანონი შავიშვილის ინფორმაციით, გამგეობისთვის უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ასევე უცნობია ვისი ბრალეულობა იკვეთება, ან ვის დაეკისრება  სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანის შეკეთების ვალდებულება.

ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]

ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს.

ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“.

ევა მიქელაძე, მხატვარი: „პედაგოგად ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მხატვრობაცაა, ვფიქრობ, თუ ასე მასიურად მოეწყობა გამოფენა, მხატვრებიც უფრო დავინტერესდებით და სტიმულიც მოგვეცემა“.

ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ლია მახარაძე, ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი: „ქედელი მხატვრების ნახატები ერთობლივად არასდროს გამოფენილა. მართალია, მათ ნამუშევრებს მოსახლეობა სახალხო დღესასწაულებზე ეცნობოდა, თუმცა საბოლოოდ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც გრაფიკა, ფერწერა, ასევე თექაზე და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადაწყდა მოეწყოს ოთახი, სადაც ეტაპობრივად გამოიფინება ქედელი მხატვრების ნახატები“.

12771931_967598733335833_2575968150244198500_o

12776725_967598616669178_1414561962_o

12789990_967596256669414_941336189_o

12794975_967598150002558_996053249766584078_o

12778927_967597883335918_6613120512728383610_o
გამოფენა ქედის კულტურის ცენტრში / ეკა ბარამიძის ფოტოები

ბათუმში ასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩების ნაწილს რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა.

„ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის უკან,  ელექტროენერგიის კაბელი დაზიანდა. აღდგენას ბუნებრივია დრო სჭირდება და შესაძლებელია ორ საათში მოხდეს  მისი აღდგენა“.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში  ელექტროენერგია დაახლოებით ას აბონენტს არ მიეწოდება.

მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების პარკის მიმდებარედ, მდინარეების – აჭარისწყლისა და აკავრეთას შესართავთან ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში 1195 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის გაბიონის მოსაწყობად მილიონ 737 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. მშენებლობით სამუშაოებს ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო – 7“ ასრულებს.

ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე გუმბერიძე ამბობს, რომ სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი წელს უნდა შესრულდეს.

615 მეტრი სიგრძის დამცავი კედელი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, 410 მეტრი – მარცხენა მხარეს მოეწყობა. რაც შეეხება მდინარე აკავრეთას, 170 მეტრი სიგრძის დამცავი კედელი მდინარის მარჯვენა მხარეს უნდა გაკეთდეს.

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ანუ პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით.

„იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი,“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინსპექციის განცხადებაში.

ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები შენდება. მაღალმთიანი აჭარის გეოლოგიურად აქტიური სოფლის მოსახლეობისთვის მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მშენებლობის პროექტი, 5 001 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მილიონ 550 000 ლარი აჭარის მთავრობამ მოსახლეობის მიერ შექმნილ ამხანაგობას უსასყიდლოდ გადასცა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს~ აჭარის მთავრობამ ქალაქ ბათუმში, რურუასა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში, 5001 კვადრატული მიწის ნაკვეთი გასულ წელს გამოუყო და სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად გადასცა. გარდა მიწის ნაკვეთისა, ხელისუფლებამ წაბლანის მოსახლეობის სასარგებლოდ ამხანაგობას პროექტი უსასყიდლოდ შეუძინა და ბიუჯეტიდან მილიონ 550 000 ლარი მშენებლობის თანადაფინანსებისთვის გასულ წელს ჩაურიცხა. მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება აჭარის მთავრობას, ამხანაგობასა და ჰესის მშენებელ კომპანია „აგე-ბათუმს~ შორის გაფორმდა.

როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე და სოფელ წაბლანის მკვიდრი ავთანდილ მახარაძე ამბობს, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით დაიწყეს. მას შემდეგ კი, რაც მშენებლობაზე ხელისუფლების მიერ თანადაფინანსების მიზნით (საძირკვლის მოსაწყობად) გამოყოფილი თანხა გაიხარჯება, მშენებლობას „აგე-ბათუმის“ მიერ ამხანაგობის ანგარიშზე ჩარიცხულ დაახლოებით მილიონ 700 000 ლარით გააგრძელებენ. ავთანდილ მახარაძის თქმით, ჰესის მშენებელმა კომპანიამ ეს თანხა სოფლის მოსახლეობას იმ მიწების სანაცვლოდ ჩაურიცხა, რომელსაც კომპანია ჰესის ასაშენებლად იყენებს და დასძენს, რომ ამ თანხის ამოწურვის შემდეგ მშენებლობას მათ მიერ მოძიებული ის ინვესტორი გააგრძელებს, ვინც მოიწონებს ამხანაგობის შეთავაზებას – 416 ბინიდან 212 ბინას ამხანაგობას გადასცემს, 202 ბინას კი საკუთრებაში დაიტოვებს.
„დამატებით ინფორმაცია მშენებლობასთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ხელშეკრულებას გავაფორმებთ ინვესტორთან“, – ამბობს ავთანდილ მახარაძე.

სოფლის მკვიდრი და ხულოს გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში – წაბლანასა და წაბლიანში რაულ შაინიძე ამბობს, რომ ყველა ოჯახზე გათვლილია სტანდარტულად, საერთო მოცულობის ფართობი. „როგორც ვიცი, ყველა ოჯახს გადაეცემა 65 კვადრატული ფართობი. ვფიქრობ, არ არის ცოტა. მოსახლეობას კარგი მოლოდინი აქვს ამ მშენებლობიდან და ყველა მშენებლობის დასრულებას ელოდება“.

მშენებლობის საქმისმწარმოებელი ამირან აბაშიძეც სოფელ წაბლანის მკვიდრია. მისი თქმით, ხელშეკრულების მიხედვით კორპუსის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. საქმისმწარმოებელი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის მიზნით ამხანაგობას ტენდერი არ გამოუცხადებია და სამუშაოებში მათ მიერ შერჩეული მუშათა ბრიგადაა ჩართული. ამირან აბაშიძის ინფორმაციით, იმ საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც წაბლანის მოსახლეობისთვის შენდება, ექნება გამწვანება 1500 კვადრატულ პერიმეტრზე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედანი. კორპუსს ასევე ექნება 200 ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი.

ამირან აბაშიძე: „ხელისუფლებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილი იყო, რომ ის თანხა, რაც ჩაგვირიცხეს, მშენებლობის საძირკვლის მოსაწყობად გამოგვეყენებინა, რაც პირნათლად შესრულდა. ამ დროისთვის საძირკვლის მშენებლობა დასრულებულია და დაიწყება პირველი სართულის დასხმა. თანხა რომ დაგვეზოგა, ტენდერი არ გამოვაცხადეთ და ჩვენ ვაწარმოებთ მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოებში 40 ადამიანია დასაქმებული, პროფესიონალი მშენებლები მუშაობენ. ორივე სახლი 14-სართულიანი იქნება და ბათუმის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ნებართვით 2017 მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს“.

სოფელ წაბლანაში 1989 წელს განვითარებულმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური მოვლენების შემდეგ წაბლანის მოსახლეობას არც ერთი ხელისუფლება არ დაეხმარა. გასულ წელს წაბნალის სიახლოვეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას„, რასაც სოფლის მოსახლეობის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა მაშინ ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 11 მილიონ ლარს სთხოვდა.

წაბლანაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლებით სარგებლობის უფლება კვლავაც ექნებათ.

„მადლიანი მაგიდა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დღეს,  პირველ მარტს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის „მადლიანი მაგიდა“  დაიდგა, რომელზეც  სხვადასხვა საკვები პროდუქტია განთავსებული.  აქციის ორგანიზატორთა თქმით,  მალე  საკვები პროდუქტებისთვის  მაცივარსაც დადგამენ, მალფუჭებადი პროდუქტები დაცული რომ იყოს.

„მადლიანი მაგიდის“ ინიციატორი კერძო სტუდია-ბაღი „მონპარნასია“ . სტუდიის მენეჯერის ნინო ბიაძის თქმით, სოციალური აქციის მიზანია, ადამიანებმა  აღარ იშიმშილონ.

„ჩვენ ვუერთდებით დათო გაჩეჩილაძის წამოწყებას – „დააპურე საქართველო“, რომელიც თბილისში დაიწყო. ვაპირებდით, გაგვეხსნა  მადლიანი მაცივარი, მაგრამ  დღეს ვერ მოესწრო დადგმა,  გვინდოდა, რომ გაზაფხულის პირველი დღე სოლიდარობით დაგვეწყო, ამიტომ მოვაწყეთ მადლიანი კუთხე,“-ამბობს ის.

ნინო ბიაძე ამბობს, რომ პირველ დღეს „მადლიან მაგიდაზე“ საკვები პროდუქტები  სტუდია-ბაღის  ბავშვების მშობლებმა განათავსეს.  აქტივისტები აპირებენ, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საკვები ყოველდღიურად მოათავსონ მაცივარში.

„გვინდა, რომ  ბევრ ადამიანს ჰქონდეს  ამაზე ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში აცნობონ მათ, ვისაც სჭირდება დახმარება. ამისთვის საჭიროა, რომ მაგიდასთან გადაიღონ ფოტო და გაავრცელონ სოციალურ ქსელებში,“-ამბობს ნათია.

ორგანიზატორის თქმით, მადლიანი მაცივარი  ქალაქში რამდენიმე ადგილას განთავსდება.

 

 

იყიდება ბინა სასწრაფოდ

სასწრაფოდ იყიდება „მაგნოლიაში“ ოროთახიანი ბინა, 46 კვ/მ, შავი კარკასი. ზღვისა და ტბის ხედით. ფასი: 26 000$

მობ.: 577 07 11 85; 577 07 11 88
batumi-makler.com ID:13437

ინვესტიცია ბავშვთა გასართობი პარკის ნაცვლად

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 264 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ბავშვთა გასართობი პარკი უნდა გაკეთებულიყო. სწორედ ამ მიზნით გადასცა ნაკვეთი აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიას საკუთრებაში. მოგვიანებით მერიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ ნაკვეთთან დაკავშირებით ისევ მიმართა, ამჯერად ქონების აჭარის მთავრობისთვის უკან დაბრუნების მიზნით.
დოკუმენტში, რომლითაც ქონების უკან დაბრუნებაზე მერიამ საკრებულოს თანხმობა ითხოვა, ნათქვამია, რომ მერიამ პარკის გაკეთება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადაიფიქრა: „ამ ტერიტორიაზე ბავშვთა სათამაშო პარკის მოწყობა სახიფათო იქნებოდა, ვინაიდან ეს ტერიტორია განლაგებულია საგზაო მაგისტრალის მიმდებარედ.“

ამავე დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ნაკვეთის პრივატიზებით ფიზიკური პირი სულიკო სურმანიძეა დაინტერესებული. პროექტში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს აღნიშნულ ნაკვეთზე სულიკო სურმანიძეს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია ჯერ გასხვისებული არ არის.

უსკოს მოქმედი თავმჯდომარე ახალი კანდიდატის შესარჩევ კონკურსა და დარღვევებზე

არჩილ მიქელაძე
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
1 მარტი 2016 წელი

დღეს, 2016 წლის 1 მარტს სრულდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და დღეისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე ყოფნის ეს ვადაგაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი კანდიდატიკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

შექმნილ ვითარებაში,იმის გამო, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩება უმაღლესი საბჭოს მორიგ არჩევნებამდე,ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის სულერთი არ არის, თუ როგორწარიმართება თავმჯდომარის შერჩევის შემდგომიპროცესი,თავს მოვალედ ვთვლიგამოვთქვა ჩემი მოსაზრება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა კანდიდატის შერჩევისას.დავაფიქსირო ჩემი პოზიციაიმ საკითხებსა და პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინასაარჩევნოდ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის საყოველთაო კონსესუსია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესი წარიმართა ხარვეზებით, რასაც გააჩნია რამდენიმე მიზეზი. მათგან ალბათ მთავარია ორი: 1-ლი – კანონში არსებული ხარვეზი და მე-2 – ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სახელისუფლებო კრიზისი,რა დროსაცარსებულ ხელისუფლებას უმაღლეს საბჭოში არ გააჩნია საკმარისი უმრავლესობა გადაწყვეტილების მისაღებად.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა 2011 წლამდე, როგორც ცესკოს, ასევე უსკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურები თითქმის იდენტური იყო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების განმასხვავებელი ნიუანსების გათვალისწინებით. 2010წლიდან ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა და მისი შერჩევის პროცესში უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცესკოში მოქმედიოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს მიეცათ საშუალება აერჩიათ კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკას, აქ წესები უცვლელი დარჩა და დღეს მოქმედი ნორმებით არსებული რეგულაციაუცვლელია 2005 წლიდან.

რაც შეეხება ამჟამად, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზეკანდიდატის შესარჩევად არსებულ პროცედურებსა და ფაქტობრივადგანხორციელებულ მოქმედებებს:

კანონთან პირველი წინააღმდეგობა, შეიქმნა ჯერ კიდევ გასული წლის 30 დეკემბერს, როდესაც გამოცხადდა კონკურსი უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე და საბუთების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 12 იანვარი.უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონისმე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატობის მსურველთა მიერ საბუთების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 14 დღე. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით (ასევე საარჩევნო კოდექსითაც)განსაზღვრულია, რომ ამ კანონში მითითებული ვადის ათვლა გულისხმობს კალენდარულდღეებს, მათ შორის უქმე დღეებს – მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და არა სხვა პერიოდისთვის. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში) თანახმად, ვადების ათვლისას კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.შესაბამისად,კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა გულისხმობს მხოლოდ სამუშაო დღეებს. თუ გადავითვლით სამუშაო დღეებს 30 დეკემბრიდან – საბუთების წარდგენის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 21 იანვარით, ნაცვლად 12 იანვრისა. აღნიშნულით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უსაფუძვლოდ შეეზღუდათ კანონით დაწესებული საბუთების წარდგენის ვადა.

შემდგომი წინააღმდეგობა უშუალოდ კანონთან მიმართებაში წარმოიქმნა კანდიდატურის უმაღლეს საბჭოში განხილვისას, კერძოდ,უმაღლესსაბჭოში მ/წლის 4 თებერვალს კანდიდატის მიერ საჭირო ხმების მიუღებლობის შემდეგ წამოჭრილი ბუნდოვანი საკითხები იყო:ა) უნდა გამართულიყო თუ არა განმეორებითი კენჭისყრა; ბ) კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში უნდა გამართულიყო იგი იმავე სხდომაზე თუ სხვა დროისათვის სხვა სხდომაზე. უმაღლესმა საბჭომ ,,გადაწყვიტა’’ რომ ხელახალი კენჭისყრა უნდა გამართულიყო და უნდა გამართულიყო სხვა დროისათვის.
ამავე დროს,სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ კანონი არის ბუნდოვანი და ერთმნიშვნელოვნად ვერ განსაზღვრავენ ზუსტ პროცედურებს. მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს უმაღლეს საბჭოს განმარტოს შემდგომი პროცედურები, თუკი კანდიდატი კვლავ ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის მიერ განიმარტა (კანონის ოფიციალური განმარტების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს ნორმის შეფარდებისას), რომ კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში წარდგენილი სამი კანდიდატიდანუმაღლეს საბჭოს უნდა წარედგინოს ორი.
ხელახალი კენჭისყრის გამართვა უმაღლეს საბჭოში ჩაინიშნა პროცედურისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღეს -18 თებერვალს. (უმაღლეს საბჭოს 14 დღიანი ვადა ათვლილი აქვს არასამუშაო დღეების გამოკლებით) უმაღლეს საბჭოში ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ შედგა, კანდიდატს კენჭი არ ეყარა.

სხდომის არ შემდგარად გამოცხადებიდან (18 თებერვალი) მე-5 დღეს 23 თებერვალს მთავრობის თავმჯდომარე (ა.ხაბაძე) აკეთებს განცხადებას, რომ- ,,ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად ხელახლა უნდა ჩატარდეს კონკურსი, დღეს ბოლო დღეა და დღეს დაიწერება ბრძანება, კონკურსის გამოცხადების შესახებ როგორც თავმჯდომარის ვაკანსიაზე ასევე კომისიის წევრის ვაკანსიაზე“.
გაზეთ ,,აჭარა’’ -ს 25 თებერვლის ნომერში განთავსებული განცხადების მიხედვით კონკურსი გამოცხადდა თავმჯდომარისა და წევრის ვაკანსიებზე და საბუთების მიღების ვადად დადგინდა 26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით.

აღნიშნულით, ერთის მხვრივ დადასტურდა მთავრობის მხრიდან საბუთების წარდგენის ვადების კანონსაწინააღმდეგო შემცირება (18 თებერვალს ჩატარებული სხდომიდან კანონით გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის ბოლო დღედ მთავრობამ განსაზღვრა 23 თებერვალი, ე.ი. ვადაში არ მიათვალა უქმე დღეები (20,21 თებერვალი)) და მეორეს მხვრივ გააძლიერა საზოგადოებაში არსებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანსიაზე კონკურსის ერთდროულად ჩატარებისშესაძლებლობის გაჩენით,უმაღლეს საბჭოშიც ჩნდება შესაძლებლობა, არსებულ ცალკეულ ჯგუფებთან წარმატებით წარიმართოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე წარდგენილი ახალი კანდიდატურისთვის შესაძლო ხმების მოგროვების პროცესი.
ზემოთაღწერილი ფაქტების შემდგომ ნათელია, რომ როგორც აჭარის მთავრობის, ასევე უმაღლესი საბჭოს მიერ იგნორირებულია, ცალკეულ შემთხვევებში დარღვეულია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მოთხოვნები, კერძოდ:

როგორც ზემოთ აღინიშნა, მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონით დაწესებული საბუთების წარდგენის ვადა უსაფუძვლოდ არის შემცირებული. განმეორებითი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაშიც (26 თებერვალი)კანდიდატობის მსურველთა საბუთების წარდგენის ვადა,ნაცვლად მითითებული 10 მარტისა, კანონის მიხედვით უნდა წარმოებდეს 18 მარტის ჩათვლით.
უმაღლესი საბჭოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, კერძოდ, კანდიდატისათვის 18 თებერვალს ხელახალი კენჭისყრის გამართვა. ქვორუმისარარსებობის გამო სხდომის ჩაშლა არ ნიშნავს ავტომატურად, რომ კენჭისყრა შედგა. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება რომ კანდიდატისათვის ორჯერ ეყარათ კენჭი უგულვებელყოფილი იქნა მათ მიერვე. უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომის მოწვევა ვადის ბოლო დღისათვის (18 თებერვალი) ვერ იქნებოდა გონივრული და წინასწარვე ქმნიდა სიტუაციის იმგვარი განვითარების საშუალებას რა დროსაც შეუძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება.
კანდიდატისათვის ხელახალი კენჭისყრის ჩატარების საფუძვლად მოშველიებულია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი.თუმცა, ამ პუნქტის პირველივე წინადადებაში მითითებულია, რომ ,,თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს’’. ამ პუნქტის ეს წინადადება მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევისთვის,თავმჯდომარის ვაკანსიაზე წარდგენილი ერთი კანდიდატი, არ შეიძლება იყოს ,,დარჩენილი სხვა კანდიდატები’’.

არსებულ სიტუაციაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ, ხელახალი კონკურსის გამოცხადება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, ვინაიდან კანონში არ არსებობს ნორმა, რომლითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას. ზემოთნახსენები ნორმა კი(მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი) ერთადერთია, რომელიც ადგენს უსკო-ში ვაკანსიის არსებობისას კონკურსის ხელახლა გამოცხადებას. თუკი ამ ნორმით იხელმძღვანელებდა გადაწყვეტილების მიმღები, ანუ ჩათვლიდა, რომ ამნორმით რეგულირდებაასევე პროცედურები კომისიის თავჯდომარის ვაკანსიაზე, მაშინ უპირველესად უნდა შესრულებულიყო ამავე ნორმის მოთხოვნა არსებულკანდიდატთაგან, რომელიმე მათგანის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შესახებ. თუკი საპირისპიროდ ვიტყვით,- რომ ეს ნორმა არ ეხება კომისიის თავმჯდომარის ვაკანსიას,ასეთ შემთხვევაში, არც კონკურსის ხელახლა გამოცხადების საფუძვლად შეგვიძლია მივიღოთ იგი. მოსაზრება, რომ – რადგან კანონში ხარვეზია კანონის ანალოგიით (მსგავსი ნორმებით)ვისარგებლოთ (თუნდაც კომისიის წევრისთვის დადგენილი წესით) ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად,მიზანშეწონილობის ან სხვა რაიმე მიზეზით, – უნდა გვახსოვდეს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი (მუხლი5) დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო სამართლებრივ სფეროში კანონის ანალოგიის გამოყენებას, თუკი ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით.
სად შეიძლება იყოს სწორი გამოსავალი?

პირველი – ვინაიდან უშუალოდ არ გვაქვს კანონის ნორმა, რომელსაც ამ შემთხვევაში დავეყრდნობოდით – შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირთა მიერ უნდა მოხდეს ახალი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ნათლად და გამჭვირვალედ უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის არჩევის,როგორც კრიტერიუმების, ასევე ყველა სხვა პროცედურის დადგენას.
ან მეორე – დაინტერესებული პირების ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით,სარჩელით,სასამართლოსთვის მიმართვა და სასამართლოს მიერ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად სწორი სამართლებრივი შეფასების მიღება.

არსებული სიტუაციის ყველა სხვა სახით გადაწყვეტა, დაკავშირებული იქნება ბუნდოვანებასთან, დატოვებს კითხვებს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, რაც დააზარალებს და ხელს არ შეუწყობს შემოდგომაზე გასამართი არჩევნების ადმინისტრირების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეისათვის სასამართლოში მიმდინარეობს დავა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობაზე 2015 წლის აგვისტოში არჩეული კომისიის წევრების პარტიულინიშნით შერჩევასთან დაკავშირებით – შედეგად შეიძლება მივიღოთ ის რომ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის მიმართ იარსებებს კითხვები მათი არჩევის კანონიერებასა და მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ეს კი როგორც აღინიშნა საკმაო კითხვებს გააჩენს იმ პროცესების მიმართ, რომელიც შემოდგომაზე უნდა წარიმართოს არჩევნების სახით.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხმა თითქმის მთლიანად გადასწია უკანა პლანზე საკითხები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია 2016 წლის არჩევნებთან, ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი, მაჟორიტარული ოლქების დაყოფის საკითხი და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონში. ერთერთი მთავარი საკითხად სავარაუდოდ იქნება საარჩევნო ოლქების დაყოფის საკითხი, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნებისათვის. დღეს მოქმედი წესით, მაჟორიტარული ოლქის საზღვრები ემთხვევა პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ოლქის საზღვრებს. როგორც ცნობილია,საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების გამო პარლამენტის მიერ უკვე შეტანილია ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ცვლილების მიხედვით, მაგალითისათვის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საზღვრები მოქცეულია ერთ ოლქში. რამდენად იქნება მიზანშეწონილი უმაღლესი საბჭოსათვის ანალოგიურის განხორციელება მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. შესაბამისად, საჭიროა მთელი რიგი უკვე ნახსენები და ასევე სხვა საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დღესაც შეიძლება კვლავ დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ კანონში რაღაც საკითხი ბუნდოვანი ან მოუწესრიგებელია და ამის გამო ეჭვქვეშ დავაყენოთ მთლიანად მომავალი საარჩევნო პროცესი.

და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, დღეს სრულდება ჩემი უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა. განვლილი დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2012 წლის არჩევნები, რა დროსაც პირველად განხორციელდა ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც არ ეზარება ყველა თვითონ იბრალებს ამ მოვლენის დადებით მხარეებს, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ყველას, მთელი საზოგადოებისა და მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შედეგი. მსურს გამოვთქვა იმედი, რომ მომავალშიც არ შეექმნება საფრთხე ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას არჩევნების გზით და ამ გზაზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმატებულ საქმიანობას. დარწმუნებული ვარ,თუ იქნება საზოგადოების ნება, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პროცესი, წარიმართება კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის სულისკვეთებით.

სასწრაფოდ იყიდება სხვენის ბინა

სასწრაფოდ იყიდება ცხრასართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე აუწეველი 57 კვ/მ სხვენი (ბინა). ძველი გარემონტებული, ზღვისპირას, კოლიზეუმის წინ, ჭერის სიმაღლე – 2.10 მ.შესაძლებელია აწევა და კიდევ მანსარდის დადგმა. ფასი: 19000$

მობ.: 577 07 11 85; 577 07 11 88

batumi-makler.com ID: 13322

მეტი ქალი პოლიტიკაSHE

 

საარჩევნო წელს, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წამოიწყოგენდერული კვოტების შესახებ საინფორმაციო კამპანია – “‎პოლიტიკაSHE”. კამპანიის ფარგლებში ლექცია-დისკუსიები საქართველოს ხუთ ქალაქში – თელავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.პოლიტიკაshe სტენსილი თელავში

 

საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი, ანუ პარლამენტის 150 წევრთაგან მხოლოდ 18 ქალი დეპუტატია. გენდერის სპეციალისტებისა და უფლებადამცველთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გათვალისწინებით, პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის შესამცირებლად გენდერული კვოტების დაწესებაა საჭირო. ეს დროებითი მექანიზმია, რომელიც პალიტიკურ პარტიებს, პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას ავალდებულებს.

საინფორმაციო კამპანია “‎პოლიტიკაSHE”-ს ფარგლებში სამი შეხვედრა უკვე მოეწყო თელავსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებსა თუ დაინტერესებულ პირებს, ქალების პოლიტიკური ჩართულობისა და სავალდებულო გენდერული კვოტების შესახებ ესაუბრეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრი და ფემინისტი აქტივისტი ბახტურიძე ამბობს, რომ დისკუსიები საინტერესო გამოდის, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც გენდერული კვოტებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი, საშუალება ეძლევათ პირისპირ გაესაუბრონ ადგილობრივ ქალ პოლიტიკოსს, რომელიც პირველ პირში ყვება საკუთარი გამოცდილებისა და იმ ბარიერების შესახებ, რაც მას პოლიტიკაში მოსვლისას შეხვდა. “აუდიტორიის დიდი ნაწილი თანხმდება ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობაზე პოლიტიკაში, ამის საჭიროებას ყველა ხედავს. დავა არის იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, სწორედ აქ ჩნდება აზრთა სხვადასხავობა – როცა გამოსავლის გზად კვოტები სახელდება”, -ამბობს იდა ბახტურიძე.

პროექტის ავტორების შეფასებით, ძირითადი ბარიერები, რაც პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალებს საქართველოში ექმნებათ, პარტიების წინასწარი განწყობები და სტერეოტიპებია იმის შესახებ, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში. “ქალს უწევს ბარიერების გადალახვა ჯერ ოჯახში, შემდეგ საზოგადოებაში, ამის შემდეგ იწყება ბარიერები უშუალოდ პარტიაში. ქალს არ ენდობა პარტია, არ სჯერა, რომ მას შეუძლია ხმებისა და, შესაბამისად, გამარჯვების მოტანა. სპეციფიკურია რეგიონებში მოღვაწე ქალების პრობლემები, რადგან სიების შედგენის საკითხს ცენტრალურ ოფისებში რამდენიმე კაცი წყვეტს. რეგიონებში მომუშავე ქალების მიერ გაწეული შრომით არავინ ინტერესდება, ისინი უხილავები არიან”, – ამბობს იდა ბახტურიძე.

ყველაზე ხშირად გენდერული კვოტების საწინააღმდეგო არგუმენტად სახელდება კვოტირების პროცესებში ხელოვნური ჩარევა, რაც დამამცირებელია ქალებისთვის. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს არასწორი შეფასებაა, რადგან ამ თვალსაზრისით ყველა რეგულაცია ხელოვნურია: “იმ პირობებში, როცა კონკრეტულ ადამიანებს რაღაც სფეროში რეალიზებისას აშკარა ბარიერები ექმნებათ, ხდება მათი დისკრიმინაცია და ირღვევა მათი უფლებები – სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. მოთხოვნა, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს, მათ შორის დაწესდეს გენდერული კვოტები, გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო რეკომენდაციაშიც. გარდა ამისა, ქალების პოლიტიკურ თანამონაწილეობაზე საუბრისას, რატომღაც ჩნდება საკითხი მათი კომპეტენტურობისა, რაც უსამართლოა, რადგან სხვა გარემოებებში ეს საკითხი არავის ახსენდება”, –  ამბობს ის.

გენდერული კვოტების მომხრეა რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმეტაში ლუიზა მუთოშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს არგუმენტები ყველაზე ხშირად კაცებისგან ესმის.”სახელმწიფოში, სადაც გენდერული საკითხები ნაკლებად პრობლემატურია, იქ შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს კვოტაქალებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია”.

წარმოშობით ქისტი ლუიზა მუთოშვილი 2014 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა. იგი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკაში ჩართვა ორმაგად უფრო რთულია ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის: “ახლობლები და ნათესავები მარწმუნებდნენ, რომ არანაირი შანსი არ მქონდა არჩევნებში გამარჯვების, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ცდად მაინც ღირდა. ძირითადი მიზეზი რის გამოც არჩევნებში ვერ მოვიგე, ჩემი ნათესავების”არა თანადგომა” გახდა. ჩემს მოგებას დააკლდა 12 ხმა. ჩემები არ მოვიდნენ არჩევნებზე, არ დამიჭირეს მხარი. იმიტომ, რომ ჩემი მოგების შემთხვევაში მიწევდა საკრებულოში მუშაობა, სადაც თანამშრომლების უმეტესობა იქნებოდა კაცი, რაც ჩვენთან ახალგაზრდა ქალის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო შედეგი – საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულება, რომ ახალგაზრდა ქალს არაფერი ესაქმებოდა პოლიტიკაში – აღმოჩნდა მცდარი. ასე გვეგონა ყველას, ქალებს, კაცებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს… ჩემი მაგალითი კარგია სხვა ქალებისთვის, რომელთაც სხვა დროსაც ჰქონიათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო ვერ გაბედეს”, – ამბობს ის.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მაია ჩიტაია ამბობს, რომ ლუიზას მაგალითი კარგი არგუმენტია მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ქალებს პარტიისთვის ხმების მოტანა არ შეუძლიათ: `კვლევების მიხედვით, ქართველი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი ორჭოფობს არჩევანის გაკეთებისას. ეს ის ამომრჩეველია, რომელთა ინტერესების გათვალისწინება აქამდე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. როცა პარტიების წარმომადგენელ კაცებთან დაგვისვამს კითხვა, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს საშუალო სტატისტიკურ, 38 წლის მარტოხელა დედას, პასუხი, სამწუხაროდ, არავის აქვს”,- ამბობს ის.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გასულ თვეში ჩააგდო გენდერული თანასწორობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობოების ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ქალებს პროპორციულ სიებში 50%-იანი წარმომადგენლობა ექნებოდათ, ანუ მათი (განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა) რაოდენობა, ნაცვლად საერთო რაოდენობის 12%-ისა, იქნებოდა 25% (18 ქალის ნაცვლად იქნებოდა 38 ქალი). გარდა ამისა, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და რომელიც ქალებისთვის პროპორციულ სიებში 30%-იანი კვოტის დაწესებას გულისხმობს – ამ შემთხვევაში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 12%-დან 15%-მდე გაიზრდება. ქალთა საინიციატივო ჯგუფისა და ოქსფამის წარმომადგენლების აზრით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ პროცესებზე გავლენა მოახდინონ.

“უნდა შეიქმნას კრიტიკული მასა, რაც მთლიანი პარლამენტის 30% მაინც უნდა იყოს. შემიძლია გითხრათ ქალების ამხელა პროცენტულმა მონაწილეობამ რა ცვლილებები გამოიწვია სხვა ქვეყნებში. 20% ქალების მონაწილეობა დღის წესრიგში აყენებს ბავშვების საკითხებს, 30%-ის შემთხვევაში – წინა პლანზე გამოდის სოციალური და ქალთა საკითხები, 40-50%-მდე ქალების მონაწილეობას პროცესები მიჰყავს პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღებაზე. მოგეხსენებათ დღეს რა უშვერი სიტყვებიც ისმის ტრიბუნებიდან, ერთმანეთის ლანძღვაზე არიან ორიენტირებული”, – ამბობს მაია ჩიტაია.

დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში. კანონპროექტის ეს ვერსია შესაძლოა 2016 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე განიხილონ.

პროექტი – “პოლიტიკაSHE” დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მაგრამ მაია ჩიტაიას თქმით, ქალები გენდერული კვოტირების დასაკანონებლად აქტიურობას არ შეწყვეტენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვოტირება საკანონმდებლო ნორმად არ იქცევა.

კამპანია – “‎პოლიტიკაSHE” ბათუმში დისკუსიას სავარაუდოდ მარტში გამართავს.

22 წელი დევნილობაში, საცხოვრებლის გარეშე

41 წლის ერასტი ჯანაშია დევნილია აფხაზეთიდან. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დამოუკიდებლად ცხოვრება, მისი ახლობლების თქმით, არ შეუძლია. ერასტი ჯანაშია 22 წელია ბათუმში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს, როგორც დევნილისთვის, მისი საცხოვრებელი პირობებისთვის დღემდე არ უზრუნია. ერასტი ჯანაშია დედის გარდაცვალების შემდეგ, მეცხრე წელია დისა და სიძის სახლში ცხოვრობს.

„მამა აფხაზეთის ომში დაგვეღუპა. ომის შემდეგ დედა და ჩემი ძმა ბათუმში, ნაქირავებ ფართობში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები იყვნენ, სახელმწიფოს საცხოვრებელი არ მიუცია. მე, ბიცოლასთან ერთად, ყოფილი სასტუმრო „ნარინჯის“ შენობაში ვცხოვრობდი. ჩემს ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვობიდან აქვს და ძირითადად დედასთან იყო, მაგრამ დედა რომ გარდაიცვალა, სულ მარტო დარჩა და ჩემი ქმრის სახლში მოვიყვანე. ბინა პატარაა, ჩვენი შვილებიც გაიზარდნენ, მალე რძალიც უნდა შემოვიდეს ოჯახში, იქნებ ახლა მაინც იზრუნოს სახელმწიფომ და ერთი პატარა ოთახი გადასცეს ჩემს ძმას საცხოვრებლად“, – ამბობს ერასტი ჯანაშიას და, ვიქტორია.

ვიქტორია ამბობს, რომ მას და მის შვილებს, როგორც დევნილებს, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი არ მიუღიათ. „არც არასდროს მომითხოვია, ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემს ძმას ჰქონდეს თავისი ბინა, რადგან ამ პატარა ბინაში ამდენი ადამიანის ერთად ყოფნა ძალიან ძნელია. თანაც ჩემს ძმას მუდმივი ყურადღება სჭირდება, მარტო ვერ დატოვებ, რადგან გონებრივი პრობლემები აქვს, ხან წყალი რჩება მოშვებული, ხან გაზი, ამიტომ მასზე მეურვეობას ოფიციალურად ვითხოვ და ვიზრუნებ კიდეც, მაგრამ თავისი ოთახი ხომ უნდა ჰქონდეს?“ – ამბობს ვიქტორია.

ერასტი ჯანაშიას საუბარი უჭირს, ამიტომ მის პრობლემებზე მისი და და სიძე საუბრობენ.

„45 ლარს იღებს დევნილის შემწეობას და 100 ლარი აქვს პენსია. ბუნებრივია, ჩემი ცოლის ძმაა და სახლიდან არ გავაგდებ, მაგრამ სახელმწიფოს ხომ აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა? ეს თანხა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს. მას მუდმივად სჭირდება მედიკამენტები და მინიმუმ წელიწადში ერთხელ ათდღიანი მასაჟი. ამის გარეშე შეიძლება საერთოდ ვეღარ შეძლოს გავლა“, – ამბობს მამია დავითაძე.

ერასტი ჯანაშია დასთან და სიძესთან ერთად.
ერასტი ჯანაშია დასთან და სიძესთან ერთად.

მისი თქმით, წელიწადში ერთხელ ის რუსეთში, კრასნოიარსკში მიდის და ცოლის ძმაც ამ ქალაქში მიჰყავს სამკურნალოდ.
„აფხაზეთის ომამდე მშობლებს ამ ქალაქში სამკურნალო წყლებზე დაჰყავდათ და მეც იქ დამყავს. ერთი მასაჟი ქართული ვალუტით რომ ვიანგარიშოთ, 500 ლარი ჯდება. ადრე ვითხოვეთ, რომ სოციალური შემწეობა დაენიშნათ და იქნებ მაშინ მიეცათ ბინა, როგორც სოციალურად დაუცველისთვის, მაგრამ მეუბნებიან, რადგან თქვენთან ცხოვრობს, შემწეობა თქვენ სახელზე უნდა გაფორმდესო. მე არ ვითხოვ სახელმწიფო დახმარებას, მე ვითხოვ, რომ სახელმწიფომ მიხედოს ადამიანს, რომელიც არის დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“, – ამბობს მამია დავითაძე.

ერასტის და, ვიქტორია ჯანაშია ამბობს, რომ ბინის მიღების თაობაზე განცხადებით რამდენჯერმე მიმართა როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ასევე ბათუმის მერიას, თუმცა შედეგი ვერ მიიღო:

„კი ეკუთვნის ბინა, – მეუბნებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. განცხადებას დაწერ, ახლა არ არის მაგის დროო, გვეუბნებიან. აბა, როდის არის? 22 წელი გავიდა და კიდევ რამდენი ხანი უნდა ელოდოს ჩემი ძმა.“

ერასტი ჯანაშია სახლიდან იშვიათად გადის. რომც გავიდეს, შორს წასვლა არ შეუძლია, რადგან შეიძლება გზა აერიოს. ერასტის და და სიძე ამბობენ, რომ ის მთელ დღეებს სახლში ატარებს: „კომპიუტერიც ჰქონდა, ისიც გაუფუჭდა და ასე ზის მთელი დღე დივანზე“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს გააჩნია დევნილთა განსახლების კრიტერიუმები და შშმ მქონე პირებს დამატებით ენიჭებათ სამნახევარი ქულა. „თუ ერასტი ჯანაშიას შევსებული აქვს განაცხადი და დადგენილ კრიტერიუმებში ჯდება, რიგითობის მიხედვით მიეცემა ბინა“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დალი გოგოლაძე. თუმცა, მისივე განმარტებით, სამინისტროს დევნილთა განსახლებაზე ბათუმში ამ ეტაპზე, არც ერთი პროექტი არ აქვს და ბინის შეთავაზება მხოლოდ სხვა რეგიონებში შეუძლიათ:

`შეიძლება მას აქვს კონკრეტული მოთხოვნა, რომ ბინა მიიღოს ბათუმში, მაგრამ ბათუმზე სამინისტროს არც ერთი პროექტი არ აქვს. ბინები გაიცემა ზუგდიდში, ქუთაისში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში. გამოსავალი არის ისიც, რომ მოიძიონ ბინა და სამინისტრო შეუძენს“ – ამბობს ის.

მამია დავითაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესახებ აქამდე არ სმენიათ და ქულების საკითხს გადაამოწმებენ.

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს.

„ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს კარგი კავშირები. ის ფულით არ შემოდის, ჩვენ მხოლოდ მისი გამოცდილება გვჭირდება. ევროპული მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, ახლა რუსი და რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც სეზონზე ჩამოდიან ბათუმში. მასთან მოლაპარაკება გვაქვს და მემგონი, არ იქნება სწორი, ახლა მისი სახელი რომ დაგისახელოთ. არ ვგულისხმობ კომპანიის ახალ დირექტორს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბუსტ ჯორჯიას“ თანამფლობელმა ზურა ნასყიდაშვილმა.

„ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ ახალ დირექტორად გასულ კვირას, 19 თებერვალს, ოლეგ სანდროშვილი დაარეგისტრირეს.
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი“ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა. მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, „ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა.

აღებული ვალდებულების მიხედვით, კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალებოდა. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კომპანიას ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველეყო. იმავე ვადაში უნდა გამართულიყო განათების სისტემა. ვალდებულების თანახმად ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი, ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ გასული წლის სექტემბერში კომპანიას კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აემოქმედებინა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო „მიმზიდველი ადგილის მოწყობა ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი გადმოსახედის სახით“, ინვესტორს საქართველოს არანაკლებ ათი მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ იქ ჯერ არც გასართობი ობიექტები აუმოქმედებიათ და არც ლიფტია გამართული. შენობაში და არც შენობის ირგვლივ პასუხის გამცემი არავინაა. ლიფტის გამჭვირვალე კარიდან კი მის ფსკერზე დაგუბებული წყალი მოჩანს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა. მთავრობა კი „ანბანის კოშკის“ გასართობ ობიექტად გადაქცევას ჯერ კიდევ წინა საკურორტო სეზონზე ვარაუდობდა.

გასულ წელს იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გარკვეული დროით კაფეც მუშაობდა. ვალდებულებების რა ნაწილი შეასრულა კომპანიამ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. „კომპანიის დამფუძნებელი აპირებს, რომ მოაწყოს ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, სადაც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მე არ ვარ კომპეტენტური გიპასუხოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენლემა ირაკლი ორმოცაძემ. 19 თებერვლამდე ის კომპანიის დირექტორად ფიქსირდებოდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ ვადის გაგრძელება ითხოვა. ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ინვესტორმა ახალ საკურორტო სეზონამდე უნდა შეასრულოს და ამ დროისთვის უნდა უზრუნველყოს კოშკის ახალი განათების დამონტაჟებაც.

რეესტრის მონაცემებით „Boost Spain S.I.“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. ამავე მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. მათვე დააფუძნეს „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტი“. ზურაბ ნასყიდაშვილი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელია – მან 2014 წელს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“ დააფუძნა და კომპანიას ერთპიროვნულად ფლობს. შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტს“ 100%-ით „ბუსტ ჯორჯია“ ფლობს.

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტები უვნებელი; რა რეგულაციების შემოღებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში; რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან  ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი ტრადიციული დარგის განვითარების ხელშესაწყობად? რამდენად ინფორმირებული არიან ამ დარგში დასაქმებულები იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაზე, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს.

გადაცემა „მთავარი თემა“ ამ საკითხზე წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველ სიუჟეტში საუბარია საოჯახო-ფერმერულ მეურნეობაზე, რომელიც გაფართოებას აპირებს. გადაცემის მეორე ნაწილი კი, რძის გადამამუშავებელ საწარმოს ეხება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჰასპის სტანდარტების დანერგვას გეგმავს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და ეკონომიკის სპეციალისტი დავით არძენაძე გადაცემაში საუბრობენ სახელმწიფოს მიერ რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობაზე, ასევე იმ სტანდარტებზე, რომელთა დაცვაც მეწარმეებს მოეთხოვებათ.

დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე უძღვება.

 

12771811_1115786691773765_4010889188825791723_o

რატომ ყრია სამშენებლო მასალები ბულვარის სკამებზე

ბათუმის ბულვარის შესასვლელში (დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან) ქვაფენილების განახლება მიმდინარეობს. აქ სამშენებლო მასალა – სილა, ხრეში,  ბულვარის სკამებზეა დაყრილი.

„ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კითხვაზე, – აყენებს თუ არა ზიანს ბულვარის ქონებას  კომპანია და რა ნორმებს უნდა იცავდეს ბილიკების რეკონსტრუქციის დროს ის?

ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს: „ქონება არ დაზიანებულა, თუმცა ბულვარის მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს ხოლმე  მშენებლობის პროცესს და მსგავსი ფაქტების შემთხვევაში შენიშვნებს აძლევს.  სამშენებლო მასალების სკამებზე დაყრის გამო ამ კომპანიასაც  მისცეს  შენიშვნა და მალე გაწმენდენ.“

ბულვარის ცენტრალური ბილიკების რეკონსტრუქციას კომპანია „იმერეთი 98“ აწარმოებს.

 

შავშეთის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

ბათუმში შავშეთის ქუჩის მონაკვეთი (ყოფილი მენთეშევის ქუჩა), იქ სადაც სარკინიგზო ხაზი გადის, 2 მარტის ჩათვლით გადაკეტილი იქნება. რის გამოც, ქალაქში მოძრავი ავტომანქანების გადააგილება ამ მიმართულებით შეზღუდულია.

„საქართველოს რკინიგზა“ გზის ამ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.

 

 

„ტექნიკურ სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა აწარმოებს, მთლიანად იცვლება სატვირთო მატარებლის  ორი ლიანდაგი, ავტომანქანების გადასასვლელ მონაკვეთში, იყრება ახალი ღორღი და ლიანდაგებიც ახალი კეთდება,  რადგან მძიმე წონიანი და სხვა სახის ტრანპორტის მოძრაობის გამო, ლიანდაგები მორყეული იყო“- გვეუბნება, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსი, ლევან ლომაძე.

მიმდინარე სამუშაოების გამო,  ავტოტრანსპორტი წერეთლის ქუჩით გადაადგილდება.

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

რას ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება  საქართველოს გარემოს დაცვის საკითხებში და რას ვერ უმკლავდება ხელისუფლება.  როგორია სამოქალაქო ცნობიერება და რა გამოწვევების წინაშე დგას   ბუნება და ადამიანი, მწვანე გარემოს დაბინძურების გამო.

გადაცემა „მთავარი თემა“ამ პრობლემაზე  წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველი სიუჟეტი შეეხება  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეების დაბინძურებას, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს დღეს, როგორც  აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე დაბლობში.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა კიდევ ერთ სიუჟეტს, რომელიც  ბათუმში ზღვის დაბინძურების კერებს შეეხება და იმ პრობლემებს, რისი მოგვარებაც აქამდე ვერ შეძლო ხელისუფლებამ.

გადაცემის პირველ ბლოკში მოწვეული სტუმარი,  ეკოლოგი,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნარგულ ასანიძე საუბრობს იმ გამოწვევებზე, რა ზიანი  შეიძლება მოჰყვეს მდინარეების, ხევების და წყლის დაბინძურებას როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე ზოგადად გარემოსთვის.  მეორე ნაწილში კი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენელი, ნუგზარ პაპუნიძე ხელისუფლების  პოზიციაზე ისაუბრებს. დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე უძღვება.

 

 

 

 

„გოდერძის“ განვითარების მიზნით ინვესტორების შეხვედრა იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 მარტს, სამთო-სათხილამურო  კურორტ „გოდერძის“ განვითარების ფარგლებში, კურორტზე ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება.  ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალსა და განაშენიანების რეგულირების გეგმას გაეცნობიან.

„დაინტერესებულმა პირებმა პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს,“- ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ფორმები რეალური თვითმმართველობისთვის

თვითმმართველობა მოქალაქეთა თვითორგანიზების ფორმაა და იგი საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ვერ გახორციელდება

 2014 წლის ზაფხულში ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ხედვა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. ამ ხედვების ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაძლიერებლად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, კანონით განსაზღვრულ ფორმებს _ პეტიცია; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა, დაემატა ახალი ფორმები: დასახლების საერთო კრება და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

გამგებლებთან/მერებთან არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ მაწარმეებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას; დასახლების მცხოვრებლებს კი, საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში.

დასახლების საერთო კრება

კანონით განსაზღვრულია საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.

იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, რთულია მთელი მოსახლეობის საერთო კრების ორგანიზება; ამიტომ, საკრებულომ შეიძლება დააწესოს დასახლების ცალკეულ ნაწილებში კრების ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა.

დიდ დასახლებაში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს, აგრეთვე შეუძლია, ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება.

კრების წევრები

კანონის შესაბამისად, საერთო კრების წევრად მიჩნეულია დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი, თუმცა, სათათბირო ხმა შეიძლება ჰქონდეთ დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირებსაც.

ვინ არის რჩეული

კრების წევრები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ რჩეულს. კანდიდატურის დასახელების უფლება წევრთა არანაკლებ 5%-ს აქვს. რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს კრების ცალკეულ დავალებებს. რჩეულს უფლებამოსილება აქვს მომდევნო კრების ჩატარებამდე და ის ავტომატურად გრძელდება, თუ ახალი რჩეული არ აირჩიეს. უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება შეიძლება ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ, შემდეგ კი აუცილებლად ახალი პირი უნდა აირჩეს.

რა საკითხები განიხილება საერთო კრებაზე

საერთო კრებაზე განიხილება დასახლების მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, მიმდინარე პროექტები და მზადდება შესაბამისი წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად, ასევე, დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები ჯერ კიდევ ადგილობრივ ბიუჯეტში მათ ასახვამდე, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები.

კრებაზე ხდება დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება, მაგალითად, ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეობრივი ჩართვა.

მუნიციპალური ორგანოების ინიციატივით, კრებამ შეიძლება განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი; იმსჯელოს დასახლების საზღვრების დადგენასა და შეცვლაზე, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელსაც გამგებელი/მერი გამოიტანს საერთო კრებაზე მსჯელობისთვის. შეუძლია საკუთარი სახელით პეტიცია წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და, ასეთ შემთხვევაში, მასზე ხელმოწერების შეგროვება აღარაა საჭირო.

კანონი მუნიციპალიტეტის ორგანოებს ავალდებულებს, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილებები და დასაბუთებული პასუხი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს საერთო კრების წევრებს ან რჩეულს.

ვის აქვს საერთო კრების მოწვევის უფლება

tvitmartvelobaსაერთო კრების მოწვევის უფლება აქვს როგორც საერთო კრების რჩეულს, ასევე დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით.

თუ საერთო კრების მოწვევა დასახლების მცხოვრებლებს სურთ, მაშინ იქ რეგისტრირებული არანაკლებ სამი ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი და გამგებელს/მერს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც თან დაურთავს დღის წესრიგს. მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია ამ ინიციატივას არეგისტრირებს და 3 სამუშაო დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს მისცემს რეგისტრაციის ცნობას, ხოლო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას და საერთო კრების დღის წესრიგს საჯაროდ გამოაქვეყნებს.

რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან, საინიციატივო ჯგუფი იწყებს საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიის შედგენას და მათი ხელმოწერების შეგროვებას. ერთი თვის ვადაში საინიციატივო ჯგუფმა გამგებელს/მერს უნდა წარუდგინოს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება კრების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი, და თანდართული ექნება დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერებიანი სია.

განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე გასცემს კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობას, რის შემდეგაც საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე. ინფორმაცია საერთო კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, მუნიციპალიტეტმა 3 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს.

როცა კრებას იწვევს რჩეული ან გამგებელი/მერი, ასეთ ინიციატივას რეგისტრაცია და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება არ ესაჭიროება, მაგრამ კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება და საჯაროდ ქვეყნდება. მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის გადარჩევის საკითხი.

საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას და მისი მოწვევის შესახებ ინფორმაციის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, თუ მანამდე არჩეული იყო _ საერთო კრების რჩეული.

იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, წელიწადში არანაკლებ ორჯერ უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა.

საერთო კრება უფლებამოსილი რომ იყოს, მას უნდა ესწრებოდეს საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%. საინიციატივო ჯგუფის მიერ კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს ამ ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – ჯგუფის სხვა წევრი ან, ჯგუფის თანხმობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე, ხოლო კრების ოქმის შემდგენი მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის რომელიმე წევრი. თუ საერთო კრება მოიწვია გამგებელმა/მერმა, მაშინ კრების საქმიანობას წარმართავს და ოქმს ადგენს გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე.

ამგვარად ხდება იმ შემთხვევებში, როცა კრება პირველად იკრიბება ან არ მომხდარა რჩეულის არჩევა. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას ის წარმართავს, საერთო კრების მდივნის ფუნქციასაც თავად, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ასრულებს.

როგორ იღებს კრება გადაწყვეტილებას

დასახლების საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება, მაგრამ კრებას შეუძლია დაადგინოს კენჭისყრის სხვა ფორმაც. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას, ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა.

საერთო კრებაზე დგება ოქმი, სადაც უნდა იქნას შეტანილი მისი ნომერი, კრების გამართვის თარიღი და ადგილი, დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა, ყველა განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. კრების წარმმართველი პირი ოქმის ასლს მისი გამართვიდან 7 დღის ვადაში წარადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, რომელიც ვალდებულია ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში ის საჯაროდ გამოაქვეყნოს.

კანონის შესაბამისად საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები, როგორიცაა დასახლების ნაწილებში მისი გამართვის, საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურები, რჩეულისა და მდივნის უფლებები და მოვალეობები, რჩეულის არჩევის პროცედურა და ა.შ., რეგულირდება საერთო კრების ტიპური დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებიდან 8 თვეა გასული, ჯერჯერობით არცერთ სოფელში არ გამოუთქვამს მოსახლეობას შეკრების და პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების სურვილი. საზოგადოების ნაწილმა კი, დღემდე არ იცის რა შეიძლება მოთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას და შეუძლიათ თუ არა მათ მონაწილეობა მიიღონ პრობლემის გადაწყვეტაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონებში იკვლევენ მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებლებს, ამბობენ, რომ საზოგადოების პასიურობა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინდიფერენტულობითა და ინფორმაციის ნაკლებობით, მეორე მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უიმედობით არის გამოწვეული.

ცენტრალურ ხელისუფლებაში კი იმედოვნებენ, რომ მოქალაქეები ჩართულობის ახალ ფორმებს გამოიყენებენ, აქტიურად ჩაერთვებიან პრობლემების გადაწყვეტაში და მათ ამაში ადგილობრივი ხელისუფლებაც ხელს შეუწყობს.

 

osgf logoსტატია მომზადებულია პროექტის – “თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა”.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება –  საქართველო”. შინაარსზე პასუხისმგებელია “საქართველოს მედია მონიტორი’’

საინფორმაციო შეხვედრა ქალებისთვის ქედაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალ – ბიზნესმენთა ასოციაციის „ქალთა ოთახმა“ ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომელიც თვითმართველი ორგანოს სააქტო დარბაზში მოეწყო, ქედის გამგეობასა და აიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბათუმის „ქალთა ოტახის“ კოორდინატორმა ნათია სურმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს ბათუმში არსებულ „ქალთა ოთახში“ მოქმედი სერვისები გააცნო.

12809898_967594686669571_222023369_o
ნათია სურმანიძე

„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქალებს, არა მარტო ბათუმში, არამედ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც, შესაბამისად, დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვაქვს ქედაში. ფერმერ ქალბატონებს ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო მოქმედ ბიზნესმენებს – ბიზნესის გაფართოებასა და გაძლიერებაში დავეხმარებით. ჩვენს სერვისებში შედის, როგორც ბიზნეს კონსულტაცია, ასევე იურიდიული მომსახურება, აგრეთვე გვაქვს „ბავშვთა ოთახი“. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ მუნიციპალიტეტის თემებშიც მოვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს“ – ამბობს ნათია სურმანიძე.

აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე: „ვისაც ბიზნესის დაწყება სურს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენთან უფასოდ შეძლებენ ბიზნესგეგმის დაწერას. დაინტერესებულ ქალბატონებს დავეხმარებით არა მარტო ბიზნესგეგმის დაწერაში, არამედ იურიდიულ კონსულტაციას გავუწევთ იმ საკითხებზე, რაც ბიზნესს ახლავს“.

12787502_967595446669495_1481961538_o

12788492_967595436669496_1114524674_o

12790132_967595363336170_1635556243_o

პატიმარი ბათუმის ციხიდან ევროკავშირის ელჩს მიმართავს

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახმარებისთვის ევროკავშირის ელჩს მიმართავს. პატიმრის თქმით, მას არაადამიანურად ეპყრობიან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უკვე მიმართა. კახა მეცხვარიშვილი იურისტის დახმარებას ითხოვს:

„სტრასბურგის“ სასამართლოდან უკვე მოვიდა დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ გავერკვიე, რა ფორმით უნდა შევავსო, სად-ის მე-3 დაწესებულებაში არ ჰყავთ იურისტი. 20 დღის წინ მივმართე მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან არ მაქვს საშუალება, რომ დავიქირავო იურისტი და დამცველი ადვოკატი“, – ნათქვამია პატიმრის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის ელჩის გარდა, გაუგზავნა სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, „ბათუმელებს“.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყობას ადგილი არ ჰქონია და ბოლო მოკვლევა პატიმრის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მიმდინარე წლის 13 თებერვალს დასრულდა:

„სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა არაერთხელ ჩაატარა, თუმცა მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებში მოსამსახურე პირთა მხრიდან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისა და კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა არ გამოვლენილა“, – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში.

ამავე წერილის მიხედვით, კახა მეცხვარიშვილს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და  მიეწოდება სათანადო სამედიცინო სერვისი. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მსჯავრდებულს სამართლებრივი მხარდაჭერისთვის შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტის იურიდიული დახმარების სამსახურს.

მსჯავრდებულისთვის სამარლებრივი მხარდაჭერისთვის მზაობას გამოთქვამენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. ორგანიზაციის იურისტი კახა მეცხვარიშვილს ბათუმის ციხეში რამდენიმე თვის წინ შეხვედრია. საიას იურისტმა პაატა დიასამიძემ “ბათუმელებს” უთხრა: „შევისწავლით მის საქმეს და თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ჩვენ გავუწევთ სამართლებრივ დახმარებას. ჩვენთან შეხვედრის დროს ამ პატიმარს პრეტენზია ჰქონდა მხოლოდ იმაზე, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა. მაშინვე მივწერეთ სასჯელასრულების დეპარტამენტს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“.

 

სიღარიბის მანკიერი წრე

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

სულ ახლახან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა მის მიერ გამოქვეყნებულ ესეიში კაცობრიობის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების: უკანონო თუ იძულებითი მიგრაციების, ეკონომიკური არასტაბილურობის, გლობალური უსაფრთხოებისა თუ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევის წინაპირობად სიღარიბის დამარცხება გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ მეცნიერების მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით 15 წელიწადში სიღარიბე მსოფლიოში გაქრება.

არ ვიცი, რამდენად მოიაზრება ჩვენი ქვეყანა თხუთმეტ წელიწადში სიღარიბეგამქრალ მსოფლიოში, მაგრამ დიდი ბილის ესეიმ სიღარიბის დაძლევის მნიშვნელობის შესახებ ასოციაციურად დიდი ინგლისელის, თომას ჰობსის ფილოსოფიურ-ესეისტური ნაშრომი „ლევიათანი“ (ლევიათანი სახელმწიფო) გამახსენა, რომელშიც ის ჯერ კიდევ 350 წლის წინ წერდა, რომ სიღარიბე სახელმწიფოს საშინელი მტერია, უფრო საშინელი, ვიდრე გარეშე მტერი და არამარტო მოუწოდებდა ხელისუფლებას ყველა ღონე ეხმარა მის დასამარცხებლად, ხელისუფლების ვალდებულებად თვლიდა გაემდიდრებინა თავისი მოქალაქეები.
სტატისტიკის ექსპერტების ემპირიული შეფასებით საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტი მდიდარია, 7-8% – შეძლებული, 8-10% – საშუალო ფენას შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო – 80% ღარიბს, რომელთაგან ნახევარ მილიონზე მეტი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს (საჭმლის, ჩასაცმლისა და საცხოვრისის სერიოზული პრობლემები აქვთ), ხოლო დანარჩენი ფარდობით სიღარიბეში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე არსებულ ხელისუფლებებს ჰობსის დანაბარების შესასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიმდიდრე-სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე განზოგადებული მაჩვენებლის – ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობით საქართველოს, 2015 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 3720 აშშ დოლარით 116-ე ადგილი უკავია მსოფლიოში და არაფერი რომ არ ვთქვათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე:

1
აღნიშნული მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით, როგორებიცაა: შრი-ლანკა – 3770$, გაიანა – 3990$, გვატემალა – 3885$ და სამოა – 4480$. ის, რომ ცოტათი ვუსწრებთ სომხეთს – 3560$, ტუვალუს – 3130$ და ვანუატუს – 2870$, ქართველების ლომურ თავმოყვარეობას, ვფიქრობ, მალამოდ ვერ დაედება. ამ მაჩვენებლის მიხედვით, არ ვადარებ რა ჩვენ სამშობლოს ამერიკის შეერთებულ შტატებს – 55 900$, გერმანიას – 41 300$, საფრანგეთს – 37700$ და ინგლისს – 44000$, აღარაფერს ვამბობ შვეიცარიასა – 82200$ და ნორვეგიაზე – 76300$, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნებით დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში:

12803993_10209286654110062_1205932588_n
ურუგვაიშიც კი, რომელიც ერთ-ერთ საცოდავ ქვეყნად ითვლება, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 16000 დოლარია, ბარბადოსში – 15920, ხოლო ტრინიდადსა და ტობაგოში სულაც 20 400$!

კიდევ უფრო კარგად რომ გავაცნობიეროთ, თუ როგორ სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა, ვიტყვი, რომ 2015 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მხოლოდ 16,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში ის 532 მილიარდი დოლარის ტოლია (32-ჯერ მეტი!), ავსტრიაში – 436 მილიარდის (26-ჯერ მეტი), დანიაში 342 მილიარდის (20-ჯერ მეტი), ისრაელში 306 მილიარდის (18-ჯერ მეტი) და ა.შ.

სიღარიბე კი, როგორც აღვნიშნეთ, არც ისეთი უწყინარი რამეა. იგი ადამბლავებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ააქტიურებს კორუფციულ, კრიმინალურ და დესტრუქციულ ძალებს. ღარიბ სახელმწიფოში ადვილია მოსახლეობის უკმაყოფილების გამოწვევა, რადგან დიდი გასაქანი აქვს პოპულისტურ და რადიკალურ რიტორიკას, რაც ძაბავს პოლიტიკურ ველს და შინააშლილობის გამოწვევის წინაპირობაა. ასეთ ვითარებაში ბიზნესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა არასტაბილური პროცესების მიმართ, საჭირო რაოდენობის ინვესტიციებს არ განახორციელებს. პირდაპირი ინვესტიციების გარეშე კი ვერც ერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.

დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორია ქვეყანაში სიღარიბის წარმოშობის პირველადი მიზეზები, რადგან წარმოიშვება, სიღარიბე თავისთავის კვლავწარმოებას ახდენს და ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეში ექცევა. მოსახლეობის რაც უფრო მეტი პროცენტი იმყოფება სიღარიბის ზღვართან ან მის მიღმა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ასეთ ქვეყანას სიღარიბის მანკიერ წრეში მოხვდეს. როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული მსყიდველუნარიანობის გამო ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის საქონლის შეძენას, ქვეყანაში არასაკმარისად შემოდის საწარმოო ინვესტიციები, რაც შეუძლებელს ხდის ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. იქმნება მანკიერი წრე: არაა საკმარისი რაოდენობის ფული, არ იყიდება და არ იწარმოება საკმარისი რაოდენობის საქონელი. არ იწარმოება საქონელი (იმიტომ, რომ არ იყიდება), არაა სამუშაო ადგილები, დასაქმება და ფული. ამასთან, რაც უფრო მეტია სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო რთულია ქვეყნისთვის სიღარიბის მანკიერი წრისგან თავის დაღწევა.

მაგრამ, როგორც ერჰარდი ამბობდა, არ არსებობს გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა. თუ როგორ უნდა გავარღვიოთ სიღარიბის მანკიერი წრე და როგორ უნდა დააღწიოს თავი სიღარიბეს ჩვენმა ქვეყანამ, ამის შესახებ ჩვენს მოსაზრებებს შემდგომ სტატიებში შემოგთავაზებთ.

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

29 თებერვალს, დილით, ქობულეთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, მათგან ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ქირურგიულიIUHB  მრავალპროფილური ჰოსპიტალი ბათუმში გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბოლატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ჰოსპიტალში მუშაობს: მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებები და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი 103 საწოლზეა გათვლილი. ჰოსპიტალში 65 პალატაა, 3 –  ინტენსიური მოვლის ცენტრი (21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ცენტრი (5 საწოლი), მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი (12 საწოლი), 3 საოპერაციო ოთახი და 2 სამშობიარო ბლოკი.

კარდიოლოგიაგულსისხლძარღვთა  დაავადებების დიაგნოსტიკა

ჰოსპიტალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებითა და აპარატურით ხდება.  კარდიოლოგიურ მიმართულებას ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი _ მიქელაძე  ხელმძღვანელობს. გამოცდილ   კარდიოლოგთა გუნდი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მწვავე კორონარული სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით, კარდიოგენული შოკითა და სიცოცხლისათვის საშიში სხვა დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს. გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის – Ge innova 3100 ანგიოგრაფიული აპარატით. ტარდება კორონაროგრაფია, კორონარული ინტერვენცია; პერიფერიული ანგიოგრაფია; პერიფერიული ინტერვენცია. ამ დახმარების მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებს კი დაუყოვნებლივ უტარდებათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა-ბალონური ანგიოპლასტიკა და კორონარული სტენტირება.

მაგნიტურ-რეზონანსულირადიოლოგიური განყოფილება

ჰოსპიტალში უახლესი ციფრული  აპარატურით სამედიცინო კვლევების სრული სპექტრის ჩატარებაა შესაძლებელი. ჩვენთან კეთდება: მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები; კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები; რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა; ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

მამოგრაფიმამოგრაფია

ჰოსპიტალში თანამედროვე ციფრული მამოგრაფით ხდება სარძევე ჯირკვლების სკრინინგი. ჰოსპიტალის რადიოლოგიური განყოფილება Senographe Crystal -ის უახლესი მოდელითაა აღჭურვილი. მამოგრაფის მაღალი რეზოლუცია ზუსტი კვლევისა და პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.

Senographe Crysta- ციფრული მამოგრაფით უმცირესი ცვლილებების დაფიქსირებაა შესაძლებელი. გარდა ამისა: მნიშვნელოვნად შემცირებულია პაციენტის დასხივება;  გამორიცხულია უზუსტობები, განმეორებითი კვლევებისა და პაციენტის ხელმეორე დასხივების აუცილებლობა; ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით პაციენტს შეუძლია კვლევის შედეგები სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ხარისხისა და ინფორმაციულობის დანაკარგის გარეშე გადასცეს დედამიწის ნებისმიერ ადგილას.

ოფტალმოლოგია

 

ოფთალმოლოგია

ჰოსპიტალი აღჭურვილია მსოფლიო ბრენდის –  NIDEK-ის ბოლო მოდელის აპარატურით. მისი გამოყენებით შესაძლებელია ზუსტი რუტინული და დამატებითი ოფთალმოლოგიური კვლევების, სხვადასხვა სახის ოპერაციის, მათ შორის ლაზერულის ჩატარება.

 

 

მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ვებ გვერდი: www.iuhb.ge

გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ

გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო  მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს.

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და გონიოს მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში – ირაკლი მიქელაძე შეხვდნენ. ლევან კინწურაშვილი გონიოელებს ერთ კვირაში დაპირდა პასუხს. ამ დროში საკრებულომ უნდა გაარკვიოს, რა პოზიცია აქვს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ  სააგენტოს, რომელიც სადავო მიწების მესაკუთრედ ითვლება.

„ერთი საბუთი მაინც მაჩვენეთ, რა გააკეთეთ, რომ დავიჯერო რამეს აკეთებთ“ – მიმართა ლევან კინწურაშვილს გონიოელმა ენვერ ირემაძემ მას შემდეგ, რაც ლევან კინწურაშვილისგან მოისმინა: „პროცესი მიმდინარეობს“. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გონიოელებს სადავო მიწების საკითხის განხილვას დაახლოებით ერთი წელია პირდება.

IMG_0009

„თქვენ უნდა შემოიტანოთ ინდივიდუალურად დოკუმენტაცია და ცალ-ცალკე განვიხილავთ“ – ლევან კინწურაშვილს ამ შეთავაზებაზე ენვერ ირემაძემ გასული წლის 28 მაისს მის მიერ ინდივიდუალურად შეტანილი წერილი შეახსენა, რაზეც უარი მიიღო. „აღიარების კომისია დაელოდება აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას“ -აღნიშნულია საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ენვერ ირემაძისთვის მიწერილ წერილში.

ამ წერილით ენვერ ირემაძემ სასამართლოს უკვე მიმართა და ორი ინსტანცია მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს კომისიამ უნდა განიხილოს, ჩამოართვეს თუ არა კანონიერად მას გონიოში მიწის ნაკვეთი, თუმცა ბათუმის საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მესამე ინსტანციაში აპირებს.

„ეს არის ვალდებულება, ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ და თუ საბოლოოდ დაგვავალდებულებს სასამართლო, მაშინ განვიხილავთ“ – ამბობს  ლევან კინწურაშვილი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეცაა. „ეს ვალდებულება არ აქვს საკრებულოს, მას უბრალოდ უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა დაუბუნონ ენვერ ირემაძეს. სასამართლომ დაადგინა, რომ საკითხი უნდა განიხილოს აღიარების კომისიამ“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ, „სერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია ენვერ ირემაძეს სამართლებრივად ეხმარება.

ლევან კინწურაშვილის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, კომისია მიწებს გონიოელებს ვერ დაუბრუნებს. „ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. რამდენჯერმე მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ კვირაში კიდევ ერთხელ ვეცდებით გავიგოთ მათი პოზიცია. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ საქმეზე ადმინისტრაციულ წარმოებას დავასრულებთ“.

ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი როლი ამ პროცესში მინიმალურია და „პოლიტიკური ნება“ სააგენტოზე არაა დამოკიდებული. უწყების პრესსამსახური ამ საკითხზე კომენტარს დღის ბოლომდე დაგვპრიდა.

სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალოიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

IMG_0001
აქცია მერიასთან

IMG_0003

 

ბათუმის მერია: გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზღვის მხარეს, საკანალიზაციო სატუმბი სადგურის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები ტარდება, რომელიც დღის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

მერიისავე ინფორმაციით, იმავე ტიპის სამუშაოები ქუჩის მოპირდაპირე მხარეს 4 დღის შემდეგ განახლდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო გოგებაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.

რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“

ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. რესტორნის პერსონალმა შესთავაზა სხვა მაგიდა, ვიდრე მისთვის სასურველი მაგიდა არ გათავისუფლდებოდა. „ბოდიში მოვუხადეთ და ვუთხარით, რომ როგორც კი გათავისუფლდებოდა მისთვის სასურველი მაგიდა, გადავიყვანდით“, – ამბობს ნინო ბეჟანიძე, რსტორნის ერთ-ერთი მეპატრონე.

27 თევერვალი. ბათუნის წყლის თანამშრომლები BK-თან წყლის ჩასართავად ფოტო გადაღებულია რესტორნის მეპატრონის მიერ
27 თევერვალი. ბათუმის წყლის ხელმძღვანელი ალეკო მიქელაძე BK-თან. ფოტო გადაღებულია რესტორნის მეპატრონის მიერ

ამ შეთავაზებამ ალეკო მიქელაძე არ დააკმაყოფილა. მან რესტორანი დატოვა, წასვლისას კი პერსონალს დაემუქრა – „თუ საჭიროა რესტორანსაც დავცლი.“

მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყდა. ეს ამბავი მენეჯერმა მეპატრონეეებს შეატყობინა. ისინი „ბათუმის წყალს“ ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშრდენენ, სადაც მიიღეს პასუხი, რომ დაზიანებაა და „ხელოსნები საჭირო მასალების შესასყიდად წავიდნენ“. ეს ზარი და პასუხიც დაახლოებით ღამის 10 საათზე დაფიქსირდა.

წყლის გათიშვიდან ცოტა ხანში პერსონალმა სტუმრების მომსახურება ვეღარ შეძლო და რესტორანი დაიცალა. ზოგიერთი კი დაზიანების ადგილის მოსაძებნად გავიდა, რა დროსაც მათ აღმოაჩინეს, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც რესტორანი BK“ – ა განთავსებული, წყალი მხოლოდ ერთ ეზოში იყო გამორთული.

მეპატრონეები ცხელ ხაზს ისევ დაუკავშირდნენ და დაზიანების ადგილსა და მიზეზზე კითხეს. მიზეზად გაჟონვა დასახელდა. ადგილი კი გაურკვეველი დარჩ, მას შემდეგაც, როცა ხელოსნები წყლის ჩასართავად მივიდნენ. რესტორნის პერსონალი ამბობს, რომ მანამდე იქ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად არავინ მისულა. მათ სიტუაციის გასარკვევად პატრულიც გამიძახეს, ხოლო ხელოსნებს „რესტონის“ ხელმძღვანელებმა წყლის ჩართვის საშუალება აღარ მისცეს: „ თუ დაზიანება იყო და წყალი ჟონავს, სარემოტო სამუშაოების გარეშე მისი ჩართვა როგორ შეიძლებოდა? – ამიტომ ჩვენ წყალი არ ჩავართვევინეთ და დავსვით კითხვა, თუ წყლის გაჟონვის გემო რაიმე დაზიანდებიდა (რადგან მას რთავდნენ) პასუხიმგებლობას ვინ აიღებდა? “

ამის შემდეგ ადგილზე „ბათუმის წყლის“ კიდევ ერთი თანამშრომელი მივიდა „განყოფილების უფროსი ვარ და წყალი უნდა ჩავრთო. თუ არ ჩამართვევინებთ პატრულს გამოვიძახებო.“

რესტორანში ამბობენ, რომ ამ გაურკვევლობის შემდეგ ადგილზე ალეკო მიქელაძეც მივიდა:
„მას ვკითხეთ, თუ რატომ გაგვითიშეს წყალი გაუფრთხილებლად და გვიპასუხა ხომ არ გინდათ შეტყობინება გამოგიგზავნოთო“ „BK“-ს მეპატრონეებს გადაღებული აქვთ ვიდეო კადრები და ფოტო, სადაც ალეკო მიქელაძე და მისი მანქანაც ჩანს.

ალეკო მიქელაძის ვერსია:

„ბათუმელები“ ალეკო მიქელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

„რეტორანში იყვნენ ჩემი ახლობლები შვილებთან ერთად, მათ მივაკითხე და რადგან იქ ვიყავი, რესტორანი წყლის გეგმიური გათიშვის შესახებ გავაფრთხილე. ვუთხარი, ერთი საათით წყალი გაგეთიშებათ-მეთქი და არ ვიცი რატომ აღიქვეს ასე, რატომ ატეხეს ამბავი. მე არ გავჩერებულვარ იქ დიდხანს, ყავაც არ დამილევია. სისულელეა, თითქოს სასურველი მაგიდა მოვითხოვე ან ვინმეს დავემუქრე. ეს ყველაფერი სისულელეა. რატომ უნდა აკეთებდეს ამას რასტორანი არ ვიცი.

რაც შეეხება გეგმიურ გათიშვას. ჩვენ ამ ქუჩაზე გვქონდა წყლის დიდი დანაკარგი. ეტაპობრივად ვთიშავდით მიწოდების სხვადასხვა ადგილს და ვამოწმებდით. აღმოჩნდა, რომ ერას მოედანზე შადრევნები რომაა, ამის გამო გვქონდა დანაკარგი“ – განაცხადა ალეკო მიქელაძემ.

ბათუმის მერის კომენტარი

რესტორნის ერთ-ერთმა მეპატრონემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ ამბის შესახებ „საქმის კურსში ჩააყენა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: „მან გვითხრა, რომ ასეთი რამ გამორიცხულია და არ შეიძლება მოხდეს. შეგვპირდა გავარკვევო“.

ბათუმის მერმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც რესტორნის მეპატრონე ესაუბრა, დაინტერსდა თუ რატომ იყო წყალი გამორთული შაბათს საღამოს მემედ აბაშიძის ქუჩის კონკრეტულ ეზოში. მან მიიღო განმარტება, რის შემდეგაც გასცა მითითება, რომ აუცილებლად წინასწარ უნდა გააფრთხილონ აბონენტები წყლის შესაძლო გათიშვილს შესახებ: „რომ არ მოხდეს შემდეგ სხვა ინტერპრეტაცია.“

რაც შეეხება იმას, დაემუქრა თუ არა ბათუმის წყლის დირეტორი რესტორანს და იყო თუ არა წყლის გამორთვა ამ მუქარის შედეგი – გიორგი ერმაკოვის თქმით, ის ამას ვერ გაარკვევს. „ერთი მეტყვის დამემუქრა, მეორე არ დავმუქრებივარო. გამოიძიონ და დაადგინონ“, – ამბობს ბათუმის მერი.

შპს „ბათუმის წყალი“ მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა და მის ხელმძღვანელს მერი ნიშნავს. ალეკო მიქელაძე წინა ხელისუფების დროს ბათუმის წყლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, გიორგი ერმაკოვმა მას ორგანიზაციის უფროსის თანამდებობა ჩააბარა.

რესტორან „BK“-ს მეპატრონეები მიიჩნევენ, რომ გაუფრთხილებლად წყლის გამორთვის გამო რესტორნის იმიჯი შეილახა და რესტორანი დაზარალდა. ამ მიზეზით ისინი „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივიან.

Exit mobile version