კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

მეტი ქალი პოლიტიკაSHE

01.03.2016 • 2496
მეტი ქალი პოლიტიკაSHE

 

საარჩევნო წელს, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წამოიწყოგენდერული კვოტების შესახებ საინფორმაციო კამპანია – “‎პოლიტიკაSHE”. კამპანიის ფარგლებში ლექცია-დისკუსიები საქართველოს ხუთ ქალაქში – თელავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.პოლიტიკაshe სტენსილი თელავში

 

საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი, ანუ პარლამენტის 150 წევრთაგან მხოლოდ 18 ქალი დეპუტატია. გენდერის სპეციალისტებისა და უფლებადამცველთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გათვალისწინებით, პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის შესამცირებლად გენდერული კვოტების დაწესებაა საჭირო. ეს დროებითი მექანიზმია, რომელიც პალიტიკურ პარტიებს, პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას ავალდებულებს.

საინფორმაციო კამპანია “‎პოლიტიკაSHE”-ს ფარგლებში სამი შეხვედრა უკვე მოეწყო თელავსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებსა თუ დაინტერესებულ პირებს, ქალების პოლიტიკური ჩართულობისა და სავალდებულო გენდერული კვოტების შესახებ ესაუბრეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრი და ფემინისტი აქტივისტი ბახტურიძე ამბობს, რომ დისკუსიები საინტერესო გამოდის, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც გენდერული კვოტებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი, საშუალება ეძლევათ პირისპირ გაესაუბრონ ადგილობრივ ქალ პოლიტიკოსს, რომელიც პირველ პირში ყვება საკუთარი გამოცდილებისა და იმ ბარიერების შესახებ, რაც მას პოლიტიკაში მოსვლისას შეხვდა. “აუდიტორიის დიდი ნაწილი თანხმდება ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობაზე პოლიტიკაში, ამის საჭიროებას ყველა ხედავს. დავა არის იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, სწორედ აქ ჩნდება აზრთა სხვადასხავობა – როცა გამოსავლის გზად კვოტები სახელდება”, -ამბობს იდა ბახტურიძე.

პროექტის ავტორების შეფასებით, ძირითადი ბარიერები, რაც პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალებს საქართველოში ექმნებათ, პარტიების წინასწარი განწყობები და სტერეოტიპებია იმის შესახებ, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში. “ქალს უწევს ბარიერების გადალახვა ჯერ ოჯახში, შემდეგ საზოგადოებაში, ამის შემდეგ იწყება ბარიერები უშუალოდ პარტიაში. ქალს არ ენდობა პარტია, არ სჯერა, რომ მას შეუძლია ხმებისა და, შესაბამისად, გამარჯვების მოტანა. სპეციფიკურია რეგიონებში მოღვაწე ქალების პრობლემები, რადგან სიების შედგენის საკითხს ცენტრალურ ოფისებში რამდენიმე კაცი წყვეტს. რეგიონებში მომუშავე ქალების მიერ გაწეული შრომით არავინ ინტერესდება, ისინი უხილავები არიან”, – ამბობს იდა ბახტურიძე.

ყველაზე ხშირად გენდერული კვოტების საწინააღმდეგო არგუმენტად სახელდება კვოტირების პროცესებში ხელოვნური ჩარევა, რაც დამამცირებელია ქალებისთვის. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს არასწორი შეფასებაა, რადგან ამ თვალსაზრისით ყველა რეგულაცია ხელოვნურია: “იმ პირობებში, როცა კონკრეტულ ადამიანებს რაღაც სფეროში რეალიზებისას აშკარა ბარიერები ექმნებათ, ხდება მათი დისკრიმინაცია და ირღვევა მათი უფლებები – სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. მოთხოვნა, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს, მათ შორის დაწესდეს გენდერული კვოტები, გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო რეკომენდაციაშიც. გარდა ამისა, ქალების პოლიტიკურ თანამონაწილეობაზე საუბრისას, რატომღაც ჩნდება საკითხი მათი კომპეტენტურობისა, რაც უსამართლოა, რადგან სხვა გარემოებებში ეს საკითხი არავის ახსენდება”, –  ამბობს ის.

გენდერული კვოტების მომხრეა რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმეტაში ლუიზა მუთოშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს არგუმენტები ყველაზე ხშირად კაცებისგან ესმის.”სახელმწიფოში, სადაც გენდერული საკითხები ნაკლებად პრობლემატურია, იქ შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს კვოტაქალებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია”.

წარმოშობით ქისტი ლუიზა მუთოშვილი 2014 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა. იგი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკაში ჩართვა ორმაგად უფრო რთულია ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის: “ახლობლები და ნათესავები მარწმუნებდნენ, რომ არანაირი შანსი არ მქონდა არჩევნებში გამარჯვების, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ცდად მაინც ღირდა. ძირითადი მიზეზი რის გამოც არჩევნებში ვერ მოვიგე, ჩემი ნათესავების”არა თანადგომა” გახდა. ჩემს მოგებას დააკლდა 12 ხმა. ჩემები არ მოვიდნენ არჩევნებზე, არ დამიჭირეს მხარი. იმიტომ, რომ ჩემი მოგების შემთხვევაში მიწევდა საკრებულოში მუშაობა, სადაც თანამშრომლების უმეტესობა იქნებოდა კაცი, რაც ჩვენთან ახალგაზრდა ქალის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო შედეგი – საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულება, რომ ახალგაზრდა ქალს არაფერი ესაქმებოდა პოლიტიკაში – აღმოჩნდა მცდარი. ასე გვეგონა ყველას, ქალებს, კაცებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს… ჩემი მაგალითი კარგია სხვა ქალებისთვის, რომელთაც სხვა დროსაც ჰქონიათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო ვერ გაბედეს”, – ამბობს ის.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მაია ჩიტაია ამბობს, რომ ლუიზას მაგალითი კარგი არგუმენტია მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ქალებს პარტიისთვის ხმების მოტანა არ შეუძლიათ: `კვლევების მიხედვით, ქართველი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი ორჭოფობს არჩევანის გაკეთებისას. ეს ის ამომრჩეველია, რომელთა ინტერესების გათვალისწინება აქამდე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. როცა პარტიების წარმომადგენელ კაცებთან დაგვისვამს კითხვა, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს საშუალო სტატისტიკურ, 38 წლის მარტოხელა დედას, პასუხი, სამწუხაროდ, არავის აქვს”,- ამბობს ის.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გასულ თვეში ჩააგდო გენდერული თანასწორობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობოების ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ქალებს პროპორციულ სიებში 50%-იანი წარმომადგენლობა ექნებოდათ, ანუ მათი (განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა) რაოდენობა, ნაცვლად საერთო რაოდენობის 12%-ისა, იქნებოდა 25% (18 ქალის ნაცვლად იქნებოდა 38 ქალი). გარდა ამისა, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და რომელიც ქალებისთვის პროპორციულ სიებში 30%-იანი კვოტის დაწესებას გულისხმობს – ამ შემთხვევაში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 12%-დან 15%-მდე გაიზრდება. ქალთა საინიციატივო ჯგუფისა და ოქსფამის წარმომადგენლების აზრით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ პროცესებზე გავლენა მოახდინონ.

“უნდა შეიქმნას კრიტიკული მასა, რაც მთლიანი პარლამენტის 30% მაინც უნდა იყოს. შემიძლია გითხრათ ქალების ამხელა პროცენტულმა მონაწილეობამ რა ცვლილებები გამოიწვია სხვა ქვეყნებში. 20% ქალების მონაწილეობა დღის წესრიგში აყენებს ბავშვების საკითხებს, 30%-ის შემთხვევაში – წინა პლანზე გამოდის სოციალური და ქალთა საკითხები, 40-50%-მდე ქალების მონაწილეობას პროცესები მიჰყავს პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღებაზე. მოგეხსენებათ დღეს რა უშვერი სიტყვებიც ისმის ტრიბუნებიდან, ერთმანეთის ლანძღვაზე არიან ორიენტირებული”, – ამბობს მაია ჩიტაია.

დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში. კანონპროექტის ეს ვერსია შესაძლოა 2016 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე განიხილონ.

პროექტი – “პოლიტიკაSHE” დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მაგრამ მაია ჩიტაიას თქმით, ქალები გენდერული კვოტირების დასაკანონებლად აქტიურობას არ შეწყვეტენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვოტირება საკანონმდებლო ნორმად არ იქცევა.

კამპანია – “‎პოლიტიკაSHE” ბათუმში დისკუსიას სავარაუდოდ მარტში გამართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: