ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს.
ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“.
ევა მიქელაძე, მხატვარი: „პედაგოგად ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მხატვრობაცაა, ვფიქრობ, თუ ასე მასიურად მოეწყობა გამოფენა, მხატვრებიც უფრო დავინტერესდებით და სტიმულიც მოგვეცემა“.
ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ლია მახარაძე, ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი: „ქედელი მხატვრების ნახატები ერთობლივად არასდროს გამოფენილა. მართალია, მათ ნამუშევრებს მოსახლეობა სახალხო დღესასწაულებზე ეცნობოდა, თუმცა საბოლოოდ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც გრაფიკა, ფერწერა, ასევე თექაზე და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადაწყდა მოეწყოს ოთახი, სადაც ეტაპობრივად გამოიფინება ქედელი მხატვრების ნახატები“.