კვირის ამბები,მთავარი

სიღარიბის მანკიერი წრე

29.02.2016 • 2227
სიღარიბის მანკიერი წრე

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

სულ ახლახან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა მის მიერ გამოქვეყნებულ ესეიში კაცობრიობის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების: უკანონო თუ იძულებითი მიგრაციების, ეკონომიკური არასტაბილურობის, გლობალური უსაფრთხოებისა თუ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევის წინაპირობად სიღარიბის დამარცხება გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ მეცნიერების მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით 15 წელიწადში სიღარიბე მსოფლიოში გაქრება.

არ ვიცი, რამდენად მოიაზრება ჩვენი ქვეყანა თხუთმეტ წელიწადში სიღარიბეგამქრალ მსოფლიოში, მაგრამ დიდი ბილის ესეიმ სიღარიბის დაძლევის მნიშვნელობის შესახებ ასოციაციურად დიდი ინგლისელის, თომას ჰობსის ფილოსოფიურ-ესეისტური ნაშრომი „ლევიათანი“ (ლევიათანი სახელმწიფო) გამახსენა, რომელშიც ის ჯერ კიდევ 350 წლის წინ წერდა, რომ სიღარიბე სახელმწიფოს საშინელი მტერია, უფრო საშინელი, ვიდრე გარეშე მტერი და არამარტო მოუწოდებდა ხელისუფლებას ყველა ღონე ეხმარა მის დასამარცხებლად, ხელისუფლების ვალდებულებად თვლიდა გაემდიდრებინა თავისი მოქალაქეები.
სტატისტიკის ექსპერტების ემპირიული შეფასებით საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტი მდიდარია, 7-8% – შეძლებული, 8-10% – საშუალო ფენას შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო – 80% ღარიბს, რომელთაგან ნახევარ მილიონზე მეტი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს (საჭმლის, ჩასაცმლისა და საცხოვრისის სერიოზული პრობლემები აქვთ), ხოლო დანარჩენი ფარდობით სიღარიბეში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე არსებულ ხელისუფლებებს ჰობსის დანაბარების შესასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიმდიდრე-სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე განზოგადებული მაჩვენებლის – ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობით საქართველოს, 2015 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 3720 აშშ დოლარით 116-ე ადგილი უკავია მსოფლიოში და არაფერი რომ არ ვთქვათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე:

1
აღნიშნული მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით, როგორებიცაა: შრი-ლანკა – 3770$, გაიანა – 3990$, გვატემალა – 3885$ და სამოა – 4480$. ის, რომ ცოტათი ვუსწრებთ სომხეთს – 3560$, ტუვალუს – 3130$ და ვანუატუს – 2870$, ქართველების ლომურ თავმოყვარეობას, ვფიქრობ, მალამოდ ვერ დაედება. ამ მაჩვენებლის მიხედვით, არ ვადარებ რა ჩვენ სამშობლოს ამერიკის შეერთებულ შტატებს – 55 900$, გერმანიას – 41 300$, საფრანგეთს – 37700$ და ინგლისს – 44000$, აღარაფერს ვამბობ შვეიცარიასა – 82200$ და ნორვეგიაზე – 76300$, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნებით დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში:

12803993_10209286654110062_1205932588_n
ურუგვაიშიც კი, რომელიც ერთ-ერთ საცოდავ ქვეყნად ითვლება, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 16000 დოლარია, ბარბადოსში – 15920, ხოლო ტრინიდადსა და ტობაგოში სულაც 20 400$!

კიდევ უფრო კარგად რომ გავაცნობიეროთ, თუ როგორ სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა, ვიტყვი, რომ 2015 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მხოლოდ 16,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში ის 532 მილიარდი დოლარის ტოლია (32-ჯერ მეტი!), ავსტრიაში – 436 მილიარდის (26-ჯერ მეტი), დანიაში 342 მილიარდის (20-ჯერ მეტი), ისრაელში 306 მილიარდის (18-ჯერ მეტი) და ა.შ.

სიღარიბე კი, როგორც აღვნიშნეთ, არც ისეთი უწყინარი რამეა. იგი ადამბლავებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ააქტიურებს კორუფციულ, კრიმინალურ და დესტრუქციულ ძალებს. ღარიბ სახელმწიფოში ადვილია მოსახლეობის უკმაყოფილების გამოწვევა, რადგან დიდი გასაქანი აქვს პოპულისტურ და რადიკალურ რიტორიკას, რაც ძაბავს პოლიტიკურ ველს და შინააშლილობის გამოწვევის წინაპირობაა. ასეთ ვითარებაში ბიზნესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა არასტაბილური პროცესების მიმართ, საჭირო რაოდენობის ინვესტიციებს არ განახორციელებს. პირდაპირი ინვესტიციების გარეშე კი ვერც ერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.

დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორია ქვეყანაში სიღარიბის წარმოშობის პირველადი მიზეზები, რადგან წარმოიშვება, სიღარიბე თავისთავის კვლავწარმოებას ახდენს და ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეში ექცევა. მოსახლეობის რაც უფრო მეტი პროცენტი იმყოფება სიღარიბის ზღვართან ან მის მიღმა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ასეთ ქვეყანას სიღარიბის მანკიერ წრეში მოხვდეს. როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული მსყიდველუნარიანობის გამო ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის საქონლის შეძენას, ქვეყანაში არასაკმარისად შემოდის საწარმოო ინვესტიციები, რაც შეუძლებელს ხდის ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. იქმნება მანკიერი წრე: არაა საკმარისი რაოდენობის ფული, არ იყიდება და არ იწარმოება საკმარისი რაოდენობის საქონელი. არ იწარმოება საქონელი (იმიტომ, რომ არ იყიდება), არაა სამუშაო ადგილები, დასაქმება და ფული. ამასთან, რაც უფრო მეტია სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო რთულია ქვეყნისთვის სიღარიბის მანკიერი წრისგან თავის დაღწევა.

მაგრამ, როგორც ერჰარდი ამბობდა, არ არსებობს გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა. თუ როგორ უნდა გავარღვიოთ სიღარიბის მანკიერი წრე და როგორ უნდა დააღწიოს თავი სიღარიბეს ჩვენმა ქვეყანამ, ამის შესახებ ჩვენს მოსაზრებებს შემდგომ სტატიებში შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი