მთავარი,სიახლეები

პატიმარი ბათუმის ციხიდან ევროკავშირის ელჩს მიმართავს

29.02.2016 •
პატიმარი ბათუმის ციხიდან ევროკავშირის ელჩს მიმართავს

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახმარებისთვის ევროკავშირის ელჩს მიმართავს. პატიმრის თქმით, მას არაადამიანურად ეპყრობიან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უკვე მიმართა. კახა მეცხვარიშვილი იურისტის დახმარებას ითხოვს:

„სტრასბურგის“ სასამართლოდან უკვე მოვიდა დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ გავერკვიე, რა ფორმით უნდა შევავსო, სად-ის მე-3 დაწესებულებაში არ ჰყავთ იურისტი. 20 დღის წინ მივმართე მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან არ მაქვს საშუალება, რომ დავიქირავო იურისტი და დამცველი ადვოკატი“, – ნათქვამია პატიმრის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის ელჩის გარდა, გაუგზავნა სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, „ბათუმელებს“.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყობას ადგილი არ ჰქონია და ბოლო მოკვლევა პატიმრის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მიმდინარე წლის 13 თებერვალს დასრულდა:

„სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა არაერთხელ ჩაატარა, თუმცა მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებში მოსამსახურე პირთა მხრიდან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისა და კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა არ გამოვლენილა“, – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში.

ამავე წერილის მიხედვით, კახა მეცხვარიშვილს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და  მიეწოდება სათანადო სამედიცინო სერვისი. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მსჯავრდებულს სამართლებრივი მხარდაჭერისთვის შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტის იურიდიული დახმარების სამსახურს.

მსჯავრდებულისთვის სამარლებრივი მხარდაჭერისთვის მზაობას გამოთქვამენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. ორგანიზაციის იურისტი კახა მეცხვარიშვილს ბათუმის ციხეში რამდენიმე თვის წინ შეხვედრია. საიას იურისტმა პაატა დიასამიძემ “ბათუმელებს” უთხრა: „შევისწავლით მის საქმეს და თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ჩვენ გავუწევთ სამართლებრივ დახმარებას. ჩვენთან შეხვედრის დროს ამ პატიმარს პრეტენზია ჰქონდა მხოლოდ იმაზე, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა. მაშინვე მივწერეთ სასჯელასრულების დეპარტამენტს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: