6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.

12837355_1119259598093141_334174036_o
მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა

 

12825154_881583781963402_336668878_n

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად.

კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე).

„გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: eucontest2016@gmail.com

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

 
„ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი „ჰარვონი“, რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია „გილეადის“ მიერ მოწოდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია “გილეადს” საქართველში, რომელმაც პრეპარატი “ჰარვონი” შემოიტანა საქართველოში.


„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია „გილეადს“, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად

ხვალ 8 მარტს,  ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა.

 

„საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.
2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
საქათველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია: „ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით“.

 

აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

განათლების სამინისტროს პროგრამა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ  სწავლის დასაფინანსებლად.
 დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამებზე სწავლა.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე   განთავსებულ  ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებაში“- წერია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეპროგრამის მონაწილე სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით  ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 12 500 ლარის ოდენობით.  აღნიშნული დახმარება გაიცემა 2016 – 2017 სასწავლო   წლის  შემოდგომის  სემესტრის  ხარჯების  დაფარვის  მიზნით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
პროგრამა ხორციელდება  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში.
სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იწარმოებს 2016 წლის 10 მარტიდან  10 მაისის ჩათვლით.

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება

ბულვარიბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება.

IMG14527„შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის მუნიციპალიტეტთან და გადაგზავნილი გვაქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. ამ ეტაპზე ველოდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სანებართვო მოწმობას, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს. შუა ალეას აღდგენა სადღაც 5 მაისამდე მაინც უნდა დასრულდეს.“ – განაცხადა ირაკლი კოტიამ.

რაც შეეხება ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ფილების დაგებას, აქ სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან ორ კვირაში მთლიანად დასრულდება.

ირაკლი კორტიას თქმით საზაფხულო სეზონის განმავლობაში რაიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ბულვარში არ იგეგმება. სეზონის დაწყებამდე, დაახლოებით მაისის შუა რიცხვებამდე კი მიმდინარე სამუშაოები აუცილებლად უნდა დასრულდეს.

ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ამჯერად მათი დაკვეთით მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასევე ელექტროგაყვანილობები. დაიგება დეკორატიუული ფილები. უახლოეს დღეებში შეიღებება ველობილიკები, ამორტიზებულის ნაცვლად ახალი ტრენაჟორები დამონტაჟდება ახალ ბულვარში „ჟილინის არხთან“. მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის ბულვარი სხვადასხვა სახის ფილებსაც შეიძენს [დაზიანებულის შესაცვლელად].

IMG14552
ბულვარში არსებული კლასიკური [ძველი, 3 მეტრიანი] საბაღე სკამებიც კაპიტალურად გარემონტდება. ასეთი სკამი ბულვარში 260 ცალია [200 ხის ფერი, ხოლო 60 მწვანე]

6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე

ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს.  ექვსი  თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში.

25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი ბარბარეს წლინახევრის და, ანიტა უჭირავს.

გიული ამბობს, რომ ანიტა, უმცროსი დისგან განსხვავებით, შეესაბამება თავისი ასაკის წონას. ბავშვების დედა ყვება, რომ ანიტა სახელმწიფოსგან კვების ვაუჩერებს იღებდა, რის შედეგადაც „ჰუმანა“ და ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები არ აკლდა, რისი დამსახურებითაც ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდა.

ექვსი თვის ბარბარეს კი არ „გაუმართლა“. ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა და ბარბარეს კვების რაციონი ძალიან მწირია – წყალზე დამზადებული მოხალული ფქვილის ფაფა.

„8 თვის დაიბადა. თავიდან 40 დღემდე ვაწოვებდი ძუძუს, მაგრამ არ იყო რძე სასარგებლო, მერე აღარც მქონდა. ცოტა ხანს ანიტას ვაუჩერით აღებულ საჭმელს ვაჭმევდი, მერე მოხალული ფქვილის ფაფას. ფული არ გვქონდა ფაფების საყიდად“, –  ყვება გიული.

ოჯახში ამბობენ, რომ უბნის ექიმმა მშობლებს ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვება აუკრძალა და ბავშვს ვიტამინები და მკურნალობა დაუნიშნა, სუსტი ძვლების გამო. ოჯახმა პატარა ბარბარესთვის დანიშნული წამლების შეძენა ვერ შეძლო.

თურმანიძეების ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში სულ რვა წევრია: გიული, მისი ქმარი ანტონი, მაზლი, ორი არასრულწლოვანი მულიშვილი, დედამთილი, პატარა ანიტა და ბარბარე. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მაგრამ დახმარებას დღეს ვერ იღებს. როგორც ოჯახში ყვებიან, გიულის მული თურქეთში წავიდა ცოტა ხნით, ოჯახს კი განცხადებით არ მიუმართავს სოციალური დაცვის სააგენტოსთვის, ამიტომ დახმარება შეუჩერდათ და როგორც თავად ამბობენ, ერთი წლის განმავლობაში განცხადებასაც ვერ შეიტანენ ხელახალი შესწავლის მოთხოვნით. ოჯახში, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს, არავინ არ მუშაობს.

„არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ვიმუშაო, როგორ ვიმუშაო, სად ვიმუშაო, ბავშვები სად დავტოვო. ისევ ჩემებთან [მშობლებთან] წავიდე-მეთქი, მაგრამ იმათაც არაფერი აქვთ, თვითონ სოციალურად დაუცველები არიან“, – ყვება გიული და ბარბარე ამოჰყავს აკვნიდან, რომელიც პირს აცმაცუნებს და თან გამხდარ თითებს უცაცუნებს დედას ხელზე.

ოთახში შემოსული სოფლის ექთანი ჟუჟუნა შოთაძე გიულის საყვედურობს, გაფრთხილების მიუხედავად, რატომ აწვენენ ბავშვს ისევ აკვანში და ბარბარეს ათვალიერებს. იგი ამბობს, რომ ბავშვი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ორი კვირის წინ.

„ვურეკავდით მე და ექიმი ზამთარში გიულის, რომ აცრაზე მოეყვანათ ბავშვი. ხან დიდთოვლობა იყო, ხან ეტყობა გზის ფული ვერ ნახეს, რომ მოვიდა და ეს შედეგი იყო, ძალიან შევშინდით. ექიმმა ჯიბიდან მისცა ფული, ჰუმანა რომ ეყიდა, რამე უნდა ვუშველოთ. ისე, კვების ვაუჩერი რომ იყოს და მოუწევდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან მეშინია, ცოტა ხნის წინ არ იყო, ბავშვი შეუსაბამო წონის გამო რომ დაიღუპა? მე თვითონ რამდენს დავეხმარები? იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, ბავშვის გადარჩენაზეა საუბარი“, – წუხს უბნის ექთანი.

გიულის დედამთილი ვარდო ამბობს, რომ ვისგანაც შეიძლებოდა, ფული უკვე ისესხა. სახლში კი საკვები არც უფროსებისთვისაა, არც ბავშვებისთვის და იწურება ბარბარეს ფაფის მარაგიც. რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე ოჯახში პასუხი არავის აქვს.

წლინახევრის ანიტა ოთახის კუთხეში დგას და ჩუმად გვათვალიერებს. ცალ ხელში პურის ნაჭერი აქვს ჩაბღუჯული და როგორც კი მოიხელთებს, პირისკენ მიაქვს. უცხო ადამიანები ცოტა აფრთხობს და ტირილს იწყებს. „ნუ გეშინია, შენთან არ მოვა“, –  ამშვიდებს დედა.

unnamed (6)
გიული შვილებთან, ანიტასთან და ბარბარესთან ერთად / ირმა დიმიტრაძის ფოტო

ქობულეთელი მიგრანტი ქალები სტილისტის პროფესიას დაეუფლნენ

შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა

სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს.

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

701932_1020696787977034_6554854105025485084_o
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

კლასიკური ვარცხნილობა, მელირება, თმის ღებვა, კულულები, კულულები ფოლგაზე, თმის დახვევა დიფუზორით, ნაწნავი-ქუდი, ობობა, წაღმა-უკუღმა… ეს სტილისტის საქმიანობიდან ის ჩამონათვალია, რომლებიც მომავალმა სტილისტებმა გამოცდაზე წარადგინეს. მანეკენსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებზე შესრულებული დავალება უდავოდ უნაკლოდ გამოუვიდათ. შესაბამისად შეფასებაც მაღალი მიიღეს. გამოცდის დასრულებისთანავე კურსდამთავრებულებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს.

„ძალიან წარმატებულები რომ იყვნენ, ამას ძალიან დიდი პრაქტიკა სჭირდება,“ – ამბობს საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტილისტის საქმის მასწავლებელი თამარ ემირიძე. იგი მიგრანტ ქალბატონებთან ურთიერთობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ სამთვიანი კურსი მათთვის საინტერესო და ამასთანავე სასარგებლოც იყო: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფი იყო ძალიან მოწესრიგებული. შვიდივე მსმენელი უაღრესად პუნქტუალური და მონდომებული იყო. ცდილობდნენ მაქსიმალურად მეტი ცოდნა წაეღოთ ჩვენგან. რაც პროგრამით გვქონდა გათვალისწინებული, სრულიად აითვისეს. პრაქტიკული მეცადინეობები აქტიურად მიმდინარეობდა, ვმუშაობდით როგორც მანეკენებზე, ასევე ადამიანებთან, ჰქონდათ კომუნიკაციის უნარი კლიენტებთან, იღებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ და რა უნდა გაეკეთებინათ. თვითონაც კმაყოფილები იყვნენ და მეც. დასაწყისისთვის ძალიან წარმატებულები არიან. რამდენიმეს უკვე აქვს სამუშაო გამოცდილება, ერთს საკუთარი სალონიც… რაც მთავარია მონდომებულები არიან და ვიმედოვნებ, რომ არც სამსახურის პოვნა გაუჭირდებათ.“

„ინტელექტის“ ბენეფიციარებმა ვარცხნილობებთან ერთად თმის დიაგნოსტიკა, თავის მოვლა, კლიენტთან კომუნიკაციაც შეისწავლეს. „პროფესიასთან ერთად მეგობრებიც შევიძინე, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო სამი თვე გვქონდა,“ – ამბობს თამრიკო როყვა.

სტილისტის პროფესიის ათვისებით კმაყოფილია ყოფილი პედაგოგი ელენე რომანაძეც: „იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ არ შემიძლია სიტყვებით გადმოცემა… მე ყოველთვის ვოცნებობდი სტილისტობაზე, პედაგოგად რომ ვმუშაობდი მაშინაც. ვფიქრობ, რაღაც სასწაული მოხდა.. მე მთლიანად გადავერთე სტილისტის პროფესიაზე. უკვე შემიძლია ჩავერთო მუშაობაში. საინტერესო სამი თვე იყო. ბევრნი არ ვიყავით, მხოლოდ შვიდი… ყველა დავმეგობრდით. ყველანი მონდომებულები ვიყავით და შედეგიც გვაქვს. ეს ყველაფერი „ინტელექტის“ საშუალებით მივიღე. მადლობა ამ ორგანიზაციას, რომ ოცნება ამისრულა!“

ქალბატონ ელენეს სილამაზის სალონი უკვე აქვს. აქამდე როგორც მოყვარული სტილისტი ემსახურებოდა მეზობლებსა და ნათესავებს, დღეიდან როგორც პროფესიონალი ნებისმიერ მსურველს მიიღებს.

დარეჯან გოგიტიძე ვიდრე შრომითი მიგრანტი გახდებოდა, მანიკურის სპეციალისტი იყო. ემიგრაციაში წასვლა ოჯახურმა პირობებმა აიძულა. ის სამი თვის უკან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტში „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ჩაერთო და დღეს უკვე პროფესიონალი სტილისტია: „მინდა მადლობა გადავუხადო ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, ასეთ პროექტში რომ ჩაგვრთო და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა. რამდენიმე სალონიდან მაქვს უკვე შემოთავაზება და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საქართველოში დავსაქმდე და მქონდეს ნორმალური ფინანსური შემოსავალი.“

12823530_1020696791310367_1605858508325518212_o
სტილისტი მიგრანტი ქალები ქობულეთიდან

„ვფიქრობ, საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი იყო ჩვენი ახლანდელი პროექტი. ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჯგუფი იყო მოტივირებული და სწორად შერჩეული. კარგი პროფესიული ორიენტაცია ჰქონდათ ამ ქალბატონებს, დიდი მონდომებით მეცადინეობდნენ და ვფიქრობ, ეს 300 საათი, რომელიც მათთან იქნა ჩატარებული, აუცილებლად წაადგება მათ კვალიფიკაციას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი წარჩინებული სტუდენტები აუცილებლად დასაქმდებიან და აქ მიღებულ ცოდნას მათ საქმიანობაში გამოიყენებენ. „ახალი ტალღა“ ყოველთვის იქნება მზად მსგავსი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო და პასუხისმგებლიან ორგანიზაციასთან, როგორიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ გახლავთ. ვფიქრობ, ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ინტერესებს, სადაც ჩვენი საქმიანობა გადაიკვეთება,“ – აღნიშნა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ განათლების მეთოდისტმა ლია ფუტკარაძემ სტილისტების ჯგუფის წარმატებულობა საკუთარ მაგალითზე გამოსცადა. კონკურსანტს, რომელსაც ბილეთის მიხედვით გამოცდაზე „კლასიკური ვარცხნილობის“ გაკეთება დაევალა, თავისი კანდიდატურა შესთავაზა და შედეგითაც კმაყოფილია: `შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი იყო კრეატიულობა, რამდენად შეუძლია სტილისტს განსაზღვროს როგორი ვარცხნილობა შეურჩიოს კლიენტს. სანამ დავიწყებდი ფიქრს, თუ როგორი ვარცხნილობა უნდა გამეკეთებინა, კონკურსანტმა თავად შემომთავაზა. ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ვიყავი  სალონში და ჩემი სტილისტი მემსახურებოდა. ვფიქრობ, შედეგიც კარგი გამოვიდა.“

პროექტს დადებითად აფასებს და მიგრანტი სტილისტების წარმატებაში დარწმუნებულია „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე: „ინტელექტის“ მიერ ადრე განხორციელებული ყველა პროექტი ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონის თემების მოსახლეობის მსხვილ ჯგუფებზე. „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პირველი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ ადამინებს – ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს, გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ წარმატებული იქნება. ასეთი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს განაცხადების რაოდენობა პროფესიული გადამზადების და მცირე ბიზნესის პროგრამებში მონაწილეობისათვის. შრომითი მიგრანტების პირველმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა გადამზადების კურსი. მათი მომზადების ხარისხი საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს იყვნენ კონკურენტული რეგიონის შრომით ბაზარზე.“

ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტების მომზადება/გადამზადების პროგრამა პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში კვლავ გრძელდება. „ახალ ტალღაში“ დღეისათვის ექვსი მიგრანტი გადის კონდიტერის კურსს. უახლოეს მომავალში ბუღალტერიის, მზარეულის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ოფისმენეჯერის, მაღალი წნევის შემდუღებლის, მძიმე ტექნიკის ოპერატორისა და სხვა პროფესიული ჯგუფები დაკომპლექტდება, რომლებიც მომზადება/გადამზადების კურსს „ახალ ტალღაში“ და ბათუმის პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ გაივლიან. პროექტის ფარგლებში სულ 100 ბენეფიციარი აითვისებს ახალ პროფესიას/აიმაღლებს კვალიფიკაციას.

 

ევროკავშირი

მასალა  მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ინტელექტი
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50 , მობ: 592 57 18 00
ელფოსტა: info@intellect.org.ge;
ვებგვერდი: www.intellect.org.ge

უფასო კვლევები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

12 მარტს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მერიის პროგრამების ფარგლებში უფასო კვლევები ჩატარდება.

კვლევები ათი საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება. კონსულტაციას ჩაატარებს ენდოკრინოლოგი პროფესორი ელენე გიორგაძე.

პაციენტთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს 7, 8, 9, 10 და 11 მარტს.

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს.

„ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც  ჩვენი მიწების დაბრუნებას შეეხება“-ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს მიწის აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თუ რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული მიწების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრეებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

„გავიდა 15 თვე, სამჯერ მივმართეთ მთავრობას რომ განხილულიყო საკითხი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. თუ ამ პრობლემას ხელისუფლება არ მოაგვარებს,  ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიანს აქციებს.  აქციები იქნება მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრება იყოს დაცული. ცვენ ვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნევბას“- ამბობს ენვერ ირემაძე, გონიოს მაცხოვრებელი.

ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება.

ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

„ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება მიწოდება“-აცხადებენ „ბათუმელებთან“ საუბარში „სოკარის“ წარმომადგენლები.

ახალგაზრდების შერჩევა ჯანრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას – თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი.

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება მეორედ აიღებს სტარტს, იგი წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს, გაიცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ღირებულებები და პრინციპები. ასევე,  გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები და  დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-იდან 28 წლის ახალგაზრდებს. სამუშაო ენა არის ქართული, Dress-Code კი ოფიციალური. ღონისძიება გაიმართება 28, 29 და 30 მაისს.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. როგორც „ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, „მონაწილეობის საფასურს იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მოგენიჭებათ დელეგატის სტატუსი. მონაწილეობის თანხა ფარავს კვების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო ნივთების საფასურს. მონაწილეობის საფასურისას, შეღავათებია გათვალისწინებული დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში“. 

აპლიკაციის ფორმა, იხილეთ აქ.

შემთხვევა რის გამოც ბათუმის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა [ფოტო | ვიდეო]

რამდენიმე საათის წინ, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმში 15 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის შედეგადაც მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.

ადგილზე  მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე კვარტალში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.

„ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური ინფორმაცია დილის საათებში გვექნება. ალბათ, ეტაპობრივად მოხდება ჩართვა უბნების, რის შესახებაც წინასწარ გავაფრთხილებთ აბონენტებს” – განუცხადეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“.

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში. ამავე ფონდში უნდა გადაირიცხოს ის თანხაც, რაც ზემოაღნიშნულ სუბიექტებს 2017 წლისთვის ჰქონდათ გათვლილი ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

მთავრობის დადგენილებით, „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“  „პროგრამაში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სუბსიდირების გზით გადარიცხული თანხების განაწილება და შესაბამისი მიმართვა გრანტების სახით; ასევე პროგრამის მიზნებისა და ამოცანების სრულად განხორციელებისათვის, პროგრამაში მითითებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის და გაუთვალისწინებელი სხვა ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვა“.

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020წწ.) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება:

fexb

მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიებს ასევე ეთხოვათ, 2016 წლის 10 მარტამდე „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით მათი ბიუჯეტებიდან 2015 წელს გაწეული და 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების (საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების, ბავშვთა სკოლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვისა და ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით სხვა ღონისძიებებისათვის) შესახებ“

პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა;
ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება,  მასობრივი და სხვადასხვა სახის ღონისძიებების (ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმპ ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები და სხვ.) განხორციელება;
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (ახალი ობიექტების აშენება და არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია);
ფეხბურთის განვითარების მიზნობრივი პროექტების რეალიზაცია;
საფეხბურთო განათლების (მათ შორის, მწვრთნელთა, მსაჯთა და სხვა პერსონალის ლიცენზირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სათანადო დონეზე მომზადება-გადამზადებისთვის) ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების სისტემის სრულყოფა და სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერის (მატჩების პირდაპირი ტელეტრანსლაციები, ტურის მიმოხილვა, ანალიტიკური გადაცემები, სხვადასხვა მედიააქტივობები) ხელშეწყობა;
კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 2016 წლის 11 თებერვალსაა რეგისტრირებული. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა გამგეობა. გამგეობის წევრები [რეესტრის 4 მარტის ამონაწერის მიხედვით]: ტარიელ ხეჩიკაშვილი [თავმჯდომარე], აკაკი ლოდია [თავმჯდომარის მოადგილე], გიორგი ამაშუკელი, გიორგი კაკაურიძე, ლევან კობიაშვილი, ილია დარჩიაშვილი. ორგანიზაციის დირექტორია ზაზა დოლიძე.

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობით;

ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2016 წლის 10 მაისიდან [ხელშეკრულების აღნიშნულ თარიღამდე გაუფორმებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების დღიდან] და უნდა დაასრულოს 80 კალენდარულ დღეში.

შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს გაახორციელებს და თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისია“.

შესრულებული და გადმოცემული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 3 წელს სამუშაოების დასრულებიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემდეგ 15 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში მიმწოდებლის მიზეზით წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ვერ უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაფრთხილებიდან ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართოს სასამართლოს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

ელექტრონული ტენდერი 2016 წლის 24 მარტს დასრულდება.

topogegma
სარეაბილიტაციო გზები / ტოპოგეგმა სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ დაწყებულმა პრობლემებმა ბინების არარეალური ფასი რეალურს მიუახლოვა.

„თუ წინა წლებში კვ/მ-ზე 500-დან 1000 დოლარამდე ღირებულების ბინებზე იყო მოთხოვნა, გასულ წელს დაბალფასიან ბინებზე იყო აქცენტი. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია იმან, რომ ლარის კურსის ცვლილების შემდეგ შემცირდა მომხმარებლის შემოსავალი. ბიუჯეტიდან გამომდინარე უფრო ნაკლებფასიან ბინებს ეძებენ“, – ამბობს შპს „sastumroebi.ge“-ს მენეჯერი გიორგი კომახიძე, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს ითავსებს.

მისივე ინფორმაციით, დღეს დეველოპერებს უფრო სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე გასული წლის მეორე ნახევარში, რადგან დღეს ლარის კურსი უფრო სტაბილურია. გიორგი კომახიძის აზრით, დეველოპერები ძირითადად გათვლას საკურორტო სეზონზე გააკეთებენ და „შესაძლოა იმაზე მეტი ბინა გაყიდონ, ვიდრე გასულ წელს“. ამ პროგნოზს ის რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს: `გასულ წელს თუ ათასი იყო რუსეთიდან, წელს ათი ათასი იქნება“.

ინფორმაციას, რომ უძრავი ქონება საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს ზღვისპირეთში მოთხოვნადია პოსტსაბჭოთა სივრცის მომხმარებლისთვის, დეველოპერებიც ადასტურებენ. თუმცა ამ კუთხით მოლოდინს გადაჭარბებულად მიიჩნევს კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნოთ ვვარაუდობ, რომ უცხოელ მყიდველთა პროცენტული მაჩვენებელი აჭარის რეგიონში 30, მაქსისმუმ 35-პროცენტს მიაღწევს. ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი 15 პროცენტს არ გადააჭარბებს. საქმე იმაშია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება ძალზე მოთხოვნადია საქათველოში მცხოვრებთა შორის და ამდენად კომპანიების უმრავლესობა უპირველსად ორიენტირებულია შიდა ბაზრის ათვისებაზე“.

„მარდი ჰოლდინგის“ დირექტორი ბინებზე ფასების კლებას ნაწილობრივ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას უკავშირებს: „ლარის გაუფასურების პროცესის საწყის ეტაპზე გაყიდვების კლება თვალშისაცემი იყო. დღეს სიტუაცია, შეიძლება ითქვას, სტაბილურია, რადგან მეტ-ნაკლებად ნათელია ეროვნული ვალუტის წონასწორობის ახალი მაჩვენებელი. ამას გარდა, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების დაღმავალი ტენდენცია არ შეიძლება მარტო ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს დაბრალდეს. ბოლო ორი წლის მანძილზე ბაზარზე გამოჩნდა მრავალი ახალი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, შესაბამისად, იმავე მოთხოვნის პირობებში მიწოდების ზრდამ განაპირობა უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება. აგრეთვე დაიკლო ფასებმა როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებზე. გაზრდილმა კონკურენციამ და სხვა მნიშვნელოვანმა გარემოებებმა კომპანიებს უბიძგა მომსახურების პირობების გაუჯობესებისკენ.“

კომპანიის დორექტორის ინფორმაციით, „მარდი ჰოლდინგის“ შემთხვევაში მონაცემები თანხვედრაშია საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან. გაყიდვების მაჩვენებლის ნაკლებობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7-10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვს ამ მხრივ შპს „ცვლილებათა ქარს“. „ლარის კურსი ჩვენს გაყიდვებზე უარყოფითად აისახა. შვიდი თვეა ერთი კვადრატიც არ გაგვიყიდია. ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებელი ინტერესდება და შემდეგ აღარ იღებს გადაწყვეტილებას. ინტერესი საერთოდ გაქრა“, – ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ინგა გოგოლიშვილი.

ამბობენ იმასაც, რომ გაყიდვების შემცირება იპოთეკური სესხების მიმართ საბანკო პოლიტიკამაც გამოიწვია. ბანკებმა ლარის კურსის ცვლილების პარალელურად მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდეს. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ კრედიტით საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური პროდუქტია და ლარის კურსის მერყეობის პირობებში იპოთეკური კრედიტების წილი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კალათაში მაღალია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა.

ქუჩა, როგორც ძაღლის ტუალეტი და კანონი, რომელიც არ მუშაობს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლის წინ მწვანე საფარი სისტემატიურად ისვრება ძაღლის ფეკალური მასებით. „აქ მცენარეებს ვზრდით, ვუვლით… ვიღაცა კი თავისი ძაღლის ტუალეტისთვის იყენებს ამ ადგილს. უხერხულია, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად მიმიცია შენიშვნა ამის გამო ძაღლის პატრონისთვის. თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ნაზი.

35 წლის მაია გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში მუშაობს. ეს პრობლემა მის სამსახურთანაც ხშირად დგას: „აქ ბავშვები დადიან, ფეხი ესვრებათ, რის გამოც ხშირად ძალიან უსიამო სუნი დგება ოფისში“.

ვეტერინარი ეკატერინე ბოგატოვა ამბობს, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთი ძაღლების მიერ დატოვებულ ფეკალურ მასებს არ წმენდენ, არ აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რასაც შინაური ცხოველის ყოლა და მისი მოვლა ითვალისწინებს. „სამწუხაროდ, ჯერ იმასაც ვერ მიეჩვივნენ ადამიანები საქართველოში, რომ ძაღლი როცა დაბერდება ან ავად გახდება, სახლიდან არ გააგდონ. საზოგადოებას, სადაც ასეთი განწყობაა შინაური ცხოველებისადმი, სჭირდება ჯარიმები და მკაცრი კონტროლი ამ საკითხის მოსაგვარებლად. არ შეიძლება გაიყვანო ძაღლი გარეთ და მისი ფეკალიები დატოვო შუა ქუჩაში, ბულვარსა თუ ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობენ. ძაღლის პატრონმა აუცილებლად უნდა მოხვიოს პარკი ამ ნარჩენებს და მოათავსოს ნაგვის ურნაში“, – ამბობს ვეტერინარი.

მისი განმარტებით, ენტერიტის ან რომელიმე სხვა ვირუსით დაავადებული ცხოველის ფეკალური მასები საფრთხეს წარმოადგენს სხვა აუცრელი ძაღლებისთვისაც, ისინი შესაძლოა იმავე ვირუსებით დაავადდნენ. ეს განსაკუთრებით საშიშია ერთ წლამდე ლეკვებისთვის.

ეკატერინე ბოგატოვა მიიჩნევს, რომ ძაღლების უპასუხისმგებლო მეპატრონეებისთვის აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება სწორი ქცევის შესახებ და კონტროლის გამკაცრება გარემოს ამ ფორმით დაბინძურების შემთხვევებზე:

„მაშინ, როცა ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ძაღლების მეპატრონეთა 60% ასუფთავებს თავისი ცხოველის მიერ დასვრილ გარემოს, საქართველოში ამას მხოლოდ 20% თუ აკეთებს.

კონტროლის გამკაცრება ამ სახის დანაგვიანებაზე იქნება ეფექტური. ამ ეტაპზე დაჯარიმებითაც არავინ აჯარიმებს მათ. ადრე დაძრული მანქანიდან ცვიოდა ბანანის ქერქები და სხვა სახის ნარჩენები, ახლა სიტუაცია შეიცვალა, რადგან ჯარიმები და კონტროლი გამკაცრდა. საბავშვო მოედნებზე, ეზოებში, ბულვარსა და ცენტრალურ ქუჩებზე სპეციალური საინფორმაციო ნიშნები უნდა იყოს დადგმული. აუცილებელია ასეთ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მედიის საშუალებითაც“, – ამბობს ის.

გარემოს დაცვის სფეროში ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. სწორედ ამიტომ 2015 წელს ძალაში შევიდა კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.

კოდექსის თანახმად – ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება იწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის პატრონს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ადგილს.

ამ სახის დაბინძურების ფაქტების კონტროლსა და აღრიცხვაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში სწრაფი რეაგირების განყოფილების ეკიპაჟები არიან პასუხისმგებელნი. დღის განმავლობაში ბათუმს ერთი (სამკაციანი ეკიპაჟი), მუნიციპალიტეტებს კი – ორი ეკიპაჟი მეთვალყურეობს. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ბათუმში ამ მუხლით აქამდე არავინ დაუჯარიმებიათ.

„ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მიერ ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებაზე (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) ჩვენი სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები არ შედგენილა,“ – ეს ინფორმაცია მოაწოდეს უწყებიდან `ბათუმელებს“.

სამმართველოს მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის 2015 წელს აჭარაში სულ 211 ადამიანი დაჯარიმდა, 2016 წელს კი – მხოლოდ ცხრა.

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს.

ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს 87 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „გულები ო.დ“-მა გაიმარჯვა. ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ხელშეკრულება ქედის გამგეობამ შპს „გულები ო.დ“-თან 84 667 ლარზე გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი კომპანიას წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა. შპს-ს დირექტორი ოთარ დიასამიძე კორტების საფარის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად სამუშაოების ზამთარში შესრულებას ასახელებს. ის ამბობს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ოქტომბერში დაიგეგმა და ნოემბერ-დეკემბერში დასრულდა სამუშაოები, ახალგაკეთებულ ბეტონს ადვილად მოერია ყინვა, მოიყინა და ამოცვივდა. ზაფხულში განვაახლეთ, გადავღებეთ, მაგრამ საღებავი არ დაიჭირა. ეს სამუშაოები ზამთარში არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არ გათვალეს. მე მაგის სპეციალისტი ხომ არ ვიყავი, მხოლოდ ის სამუშაოები შევასრულე, რაც მევალებოდა“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

როგორც ქედის სპორტსკოლის დირექტორი აჩიკო გორგილაძე ამბობს, ამ დროისთვის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩოგბურთის სექცია აღარ არსებობს. სექციის გაუქმების მიზეზი მწყობრიდან გამოსული ის კორტებია, რომლის მოსაწყობად ხელისუფლებამ 2011 წელს 84 667 ლარი დახარჯა.

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. სპორტის ამ სახეობას იმ დროისთვის 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლებოდა. კორტების საფარის ამოცვენის გამო წვრთნები სწავლების დაწყებიდან ხუთ თვეში შეჩერდა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, არც საფარი აღუდგენიათ და აღარც წვრთნები განახლებულა.

ფრენბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ქედის გამგეობას 5-წლიანი საგარანტიო ვალდებულება ჰქონდა ჩადებული. შესაბამისად, შპს „გულები ო.დ“-ი გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხუთი წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებდა.
საგარანტიო ვალდებულებებით გაწერილი ხუთწლიანი ვადა ჯერ არ გასულა. სპორტული წვრთნები საფარის დაზიანების გამო 2013 წლის თებერვალში გაჩერდა, ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას საფარის აღდგენასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა პირველ აპრილს გაუგზავნა.

შპს-ს დირექტორი ადასტურებს, რომ საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე არაერთხელ სცადა პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ: „ყველაზე ძვირადღირებული საღებავით სამჯერ გადავღებე კორტები, მაგრამ მაინც ამოცვივდა, საღებავს არ იჭერს“.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ კორტებთან დაკავშირებული საქმე მის კომპეტენციას სცდება.
„კორტები პრობლემური მანამდე იყო, ვიდრე გამგებლად დავინიშნებოდი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად კომპანიას მივმართეთ, კომპანიამ საფარი გადაღება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეშა საფარი იყო დაზიანებული და ისეც დარჩა“, – ამბობს გამგებელი.
ოთარ დიასამიძე ადასტურებს, რომ ის გასულ წელს დაკითხეს პროკურატურაში და გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
პროკურატურამ გასულ წელს ქედის ყოფილი გამგებელი და მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბარამიძეც დაკითხა. ყოფილი გამგებლის საგამოძიებო უწყებაში დაბარება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

ოთარ დიასამიძეს კორტების საფარის დაზიანების მიზეზად სიცივეში განხორციელებულ მშენებლობასთან ერთად ის პროექტი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთის მოედანი მოაწყო ქედაში. მისი თქმით, კორტის საფარი ასფალტზე უნდა გაკეთებულიყო.

„სამუშაოები როგორც პროექტში იყო გათვლილი, ისე გავაკეთე. ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა დაზიანების მიზეზი, თუმცა იმ კომპანიებში, რომლებიც მსგავს სამუშაოებს ასრულებენ, მითხრეს, რომ კორტის საფარი ბეტონზე არ უნდა მოწყობილიყო“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

რას აპირებს გამგეობა კორტებთან დაკავშირებით, რა დატვირთვა ექნება სამომავლოდ უფუნქციოდ დარჩენილ მოედანს? – კითხვის პასუხად გამგებელი ამბობს: „როგორც კი დადგება სამართლებრივი შედეგი, იმის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს. თუ ის დატვირთვა ვერ ექნება, რისთვისაც მოეწყო [კორტი] გადავაკეთებთ და სხვა დანიშნულებას მივცემთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ მშვილდოსნობის განვითარებაზე. ჩოგბურთი დიდი სიამოვნებაა, ქედის მუნიციპალიტეტში ვერც მსოფლიოს დონის ჩოგბურთელს გავზრდით და ვერც გავუტოლდებით მაგ საკითხში. ალბათ შევცვლით პროფილს, სერიოზულად არ მიფიქრია მაგ საკითხზე“, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის გამგებლის თქმით, კომპანიას, რომელმაც ჩოგბურთის კორტები გააკეთა ქედაში, სხვა ობიექტებზეც ჰქონდა პრობლემა, მაგალითად კი სოფელ ხუნკუდის გზა და დოლოგნის ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოიყვანა.

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

„თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამ სამუშაოების ფარგლებში ვაშენებთ ორ სტადიონს, თავისი გასახდელებით. შემდეგ მოეწყობა პარკინგი,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სტადიონებს ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია „ატომბუდნაგლიადი“ [ООО „АТОМСТРОЙНАДЗОР“] აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ქობულეთის გამგეობას 462 190 ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები ივლისში უნდა დასრულდეს.

„ატომბუდნაგლიადი“, რომლის ფილიალი [წარმომადგენლობა] საქართველოში 2015 წლის ივნისში დაფუძნდა, სტადიონების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო. თუმცა, ამ კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული [საერთო ღირებულებით 2 მილიონ ლარამდე; მათ შორის გელაურის დასახლების კანალიზაციის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოწყობისა და ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები].

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებისა თუ ინვესტორებისთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებისა, ტურისტული ზონა ფიჭვნარში ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფიჭვნართან დაკავშირებით გასულ წელს მედიასთან განაცხადა, რომ „ერთი სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია… ამ ეტაპისთვის ინტერესი ძირითადად ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს, ხოლო ორი სასტუმროს მშენებლობა ბოლო სამი წელია გაჩერებულია, აქედან ერთი, სომეხი ინვესტორი დაწყებული მშენებლობის გაყიდვას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ყველა საინვესტიციო წინადადება შედის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ამიტომ უნდა მიმართოთ სააგენტოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს იმ კომისიას, რომელიც განიხილავს ამ წინადადებებს“.

„ბათუმელებმა“ ფიჭვნარის ზონასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და ქონების ეროვნული სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღო.

სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო
სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში – ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე ფიჭვნარში სასტუმროს მშენებლობით ორი – ყაზახური და უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.

„ყაზახ ინვესტორს, სავარაუდოდ, ორი ნაკვეთის გაერთიანება და გაცილებით დიდი სასტუმროს აშენება აქვს გადაწყვეტილი… ამ ბოლოს პირობები შეიცვალა, თუ ადრე სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტით უნდა აეშენებინა ინვესტორს სასტუმრო, ამჯერად ნებისმიერს შეუძლია თავისი პროექტი წარუდგინოს სახელმწიფო კომისიას და თანხმობის შემთხვევაში თავისი პროექტით დაიწყოს მშენებლობა,“ – აცხადებს ქობულეთის გამგებელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერის შედეგად სტადიონების მშენებლობასა და სხვა საქმიანობას ახორციელებს, საერთო არ აქვს ქობულეთში მცხოვრებ კიევის ყოფილ მერთან, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან. გამგეობისვე ინფორმაციით, ყოფილ მერთან დაკავშირებული არ არის არც ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონით დაინტერესებული კომპანია.

2011 წელს თავისუფალ ტურისტულ ზონაში [ფიჭვნარი, ანაკლია] სასტუმროს პროფილთან თავსებად საქმიანობად სასტუმროს ნომრების გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, ასევე სასტუმროს შენობაში კვების ობიექტების ფუნქციონირება განისაზღვრა. 2015 წლის 27 აგვისტოდან კი ამ თავსებადი საქმიანობების ჩამონათვალს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, აკვაპარკისა და სამორინეს ფუნქციონირებაც დაემატა.

ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას დააბანდებდა, მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგებისა და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა საგადასახადო შეღავათებს. თუმცა შემდეგ აღნიშნული შეთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს. დღეს ძალაშია 15 წლის მანძილზე გადასახადების გადახდისგან გათავისუფლების პირობაც.

ინფლაცია საქართველოში [სტატისტიკა]

inflaciaa
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,00 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (16,5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (14,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

grafiki
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს“.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე.

ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა?

გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიასთან ერთად. ეს არის თეორია, რომელიც აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. როდესაც თეორიაში აინშტაინმა მიიღო ამ ურთიერთქმედების აღმწერი საბოლოო განტოლება, აღმოჩნდა, რომ განტოლებას აქვს ტალღური ამონახსნი, შესაბამისად, თუ განტოლებას აქვს ამონახსნი და ეს განტოლება ჭეშმარიტია, მისი ამონახსნი უნდა არსებობდეს ბუნებაში.

მას შემდეგ ასი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებდით გრავიტაციული ტალღის „დანახვას“, რადგან ის ძალიან სუსტია და მისი დაჭერა ექსპერიმენტით აქამდე შეუძლებელი იყო. ამჯერად ჩატარდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიზუსტის ექსპერიმენტი, რაც ინჟინერიის უდიდესი მიღწევაც არის. ჩვენ შევქმენით დეტექტორები, რომელთა საშუალებითაც ასი წლის შემდეგ, პრაქტიკულად დავადასტურეთ გრავიტაციული ტალღის არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კიდევ უფრო დავხვეწავთ ექსპერიმენტის ტექნიკას, შევძლებთ არა მხოლოდ გრავიტაციული ტალღის შესწავლას, არამედ გრავიტაციული ტალღების საშუალებით შევისწავლით იმ ციურ ობიექტებს, რომლებიც ამ ტალღას გვაძლევენ. ანუ სამყაროს შესწავლაში შეგვეძლება გრავიტაციული ტალღა დავიხმაროთ.

აქამდე ამისათვის მხოლოდ ელექტრო-მაგნიტურ ტალღას, ანუ სინათლეს, რენდგენის გამოსხივებას და ა.შ. ვიყენებდით. ვთქვათ, რომელიმე ციური სხეულიდან მოდიოდა სინათლე, მისი [სინათლის] საშუალებით ვიგებდით, სად მდებარეობს ეს ციური სხეული, რამხელაა, როგორ მოძრაობს. ახლა კი უკვე ისეთი სხეულების შესწავლაც შეგვეძლება გრავიტაციული ტალღების საშუალებით, რომელთაგანაც არ მოდის სინათლე, ეს იქნება შავი ხვრელები თუ სამომავლო პერსპექტივაში ნეიტრონული ვარსკვლავები. ასეთი სხეულებიდან მოსული გრავიტაციული ტალღების საშუალებით შესაძლებელი გახდება გავიგოთ: სად არიან, რა ზომის არიან, როგორ მოძრაობენ და ასე შემდეგ. ანუ გრავიტაციული ტალღები პერსპექტივაში სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა.

წერენ, რომ ეს აღმოჩენა .. “დიდი აფეთქების ექოა”. რას გულისხმობს ეს და რამდენად ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას?

ეს აღმოჩენა არ ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას, მაგრამ გეტყვით რა კავშირში შეიძლება იყოს მასთან. დიდი აფეთქების თეორიის ბევრი ვარიანტი არსებობს. ბევრი ვერსიაა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ევოლუცია და მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარული ვარიანტი არის ე.წ. ინფლაციის თეორია. ეს ნიშნავს, რომ დიდი აფეთქებიდან ძალიან მცირე დროის მანძილზე სამყარო ფართოვდებოდა ძალიან დიდი სიჩქარით. ეს თეორია ძალიან ბევრ რამეს ხსნის, რაც დღესდღეობით გვაქვს სამყაროში, მაგრამ თავად ეს თეორია რომ აიხსნას, საჭიროა რაღაც-რაღაცების დადასტურება ექსპერიმენტით. მათ შორის ერთ-ერთი არის გრავიტაციული ტალღის არსებობის აუცილებლობა. ეს გრავიტაციული ტალღა არ არის, ის რაც ახლა აღმოაჩინეს, ეს სხვანაირი გრავიტაციული ტალღაა. მაგრამ, რადგან რაღაც სახის გრავიტაციული ტალღების დაჭერა უკვე შევძელით ექსპერიმენტით, გაჩნდა იმის ამბიცია და შანსი, რომ იმ გრავიტაციულ ტალღასაც აღმოვაჩენთ, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, ის კიდევ უფრო სუსტია და საჭიროა კიდევ უფრო მგრძნობიარე დეტექტორების გამოყენება ექსპერიმენტისთვის. ამ აღმოჩენას ეს კავშირი აქვს დიდ აფეთქებასთან, თორემ თვითონ ტალღა, რაც ახლა აღმოაჩინეს, დიდი აფეთქებიდან მოსული კი არა, ორი შავი ხვრელის ერთმანეთთან გაერთიანებით წარმოქმნილი ტალღაა.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს აღმოჩენა მეცნიერებაში და საზოგადოებისთვის იქნება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები ხელშესახები. აღმოჩენა სათავეს დაუდებს რაიმე სხვა აღმოჩენებს, გამოგონებებს ან/და ტექნოლოგიურ განვითარებას?

როგორც ვთქვი, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სამყარო უფრო კარგად შევისწავლოთ და ამ კარგად შესწავლის შედეგად რა აღმოჩნდება, რას მივიღებთ ამაზეა დამოკიდებული შედეგები. ბევრი საკითხია შავ ხვრელებთან დაკავშირებით, რაც არ ვიცით და გვაინტერესებს – ამ საკითხებს უფრო კარგად გავიგებთ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ინჟინერული თვალსაზრისით ეს ძალიან მაღალი დონის მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ინჟინერია ისე განვითარდა, რომ ადამიანებს შეგვიძლია ამ დონის აღმოჩენის გაკეთება. შესაბამისად, ეს ინჟინერული ცოდნა შესაძლოა სხვა საკითხებშიც იქნას გამოყენებული, რაც არის არაპირდაპირი შედეგი ამ ექსპერიმენტის საკაცობრიო სარგებლიანობისა, ხოლო პირდაპირი შედეგი დრომ უნდა გვიჩვენოს.

150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს.

„შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას ითხოვდნენ და საბოლოოდ 16 პროექტი დაფინანსდა ქვეპროგრამის ფარგლებში. აპლიკაციების რაოდენობა 50-მდე იყო. ამიტომ წელს გაიზარდა ბიუჯეტიც“, – ამბობს ბათუმის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოლქვაძე.

მისი თქმით, „განაცხადებში ხშირადაა პროექტები კულტურის პოლიტიკისა და კულტურის მენეჯმენტის ტრენინგებზე. ძირითადად საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები აქვთ ერთად წარმოდგენილი. ასევე იყო პროექტები პატარა თეატრების ხელშეწყობის მიზნით“.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საპროექტო ინიციატივების მხარდაჭერას. მსურველებს განაცხადის წარდგენა თვეში ორ ეტაპად შეუძლიათ: თვის პირველი რიცხვიდან 15 რიცხვამდე და იმავე თვის 16 რიცხვიდან თვის ბოლომდე. კომისია განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან ათ დღეში აცნობებს თავის გადაწყვეტილებას.

საპროექტო განაცხადი შეფასდება ექვსი კრიტერიუმის მიხედვით: პროექტის აქტუალურობა, ინოვაციურობა და კრეატიულობა, თანადაფინანსება, საზოგადოების ჩართულობა, ხანგრძლივობა და კონკურსანტის გამოცდილება.

როგორც ლამზირა ბოლქვაძემ უთხრა „ბათუმელებს“, ამ დროისთვის მერიაში მხოლოდ ორი განაცხადია შესული, მათგან ერთი კომისიამ განიხილა და უარი თქვა დაფინანსებაზე, მეორეს განხილვა კი უახლეს დღეებშია ჩანიშნული.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს იგი და დასრულების შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიიღებს ხარჯების ანაზღაურებას. ასევე შესაძლებელია, გამარჯვებულმა აპლიკანტმა ავანსის სახით მოთხოვნილი თანხის 30 პროცენტი მიიღოს, თუმცა ამისთვის უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

კითხვაზე, ქმნის თუ არა დაფინანსების ეს ფორმა რაიმე ტიპის პრობლემას დაინტერესებული პირებისთვის, ლამზირა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქვეპროგრამა გასულ წელსაც მსგავსი პრინციპით მუშაობდა და პრობლემა ან უკმაყოფილება დაფინანსების ამ მეთოდს არ გამოუწვევია.

„ჩვენი მიზანია ხელოვანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტებში კი არ ჩაერთონ, თვითონ მოიტანონ იდეები. ჩვენ მზად ვართ, ეს იდეები დავაფინანსოთ“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე.

კომისიაში, რომელიც პროექტებს აფასებს, რვა წევრია. მერიაში ამბობენ, რომ მათი ვინაობა ანონიმურია. თუმცა ცნობილია, რომ კომისიის წევრებს შორის არიან მერიის, საკრებულოს, აჭარის განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აგრობარათების დარიგება დაიწყო

აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს მიიღებენ. ხვნის ბარათს ფერმერები მიწის დასამუშავებლად გამოიყენებენ, რაც შეეხება აგრობარათს, ამ ბარათით სასუქების, სათესლე ან სანერგე მასალისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შეძენაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერის მიწის ნაკვეთის დამუშავება ტექნიკით შეუძლებელია – დამრეცი ან ქვაღორღიანია, ფერმერს შეუძლია ბარათი სამინისტროს დაუბრუნოს, რის შემდეგაც ბარათის შესაბამის ქულას აგრობარათზე მიიღებს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქედის სოფლებში მიწის დასამუშავებლად პროექტების მართვის სააგენტოს 3 765 ბარათი სთხოვა. ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ გამგეობამ სააგენტოსგან 12-ით ნაკლები, მთლიანობაში 3 753 ბარათი მიიღო.

„ხვნის ბარათები 19 თებერვალს მივიღეთ და დარიგება მიმდინარეობს. გარდაიცვალა 12 ბენეფიციარი, ვინც რეგისტრირებული იყო მიმღებთა სიაში და ვის სახელზეც მოდიოდა ბარათი. ოჯახები ბარათების გარეშე რომ არ დარჩნენ, მონაცვლე პირები ჩაენაცვლებიან და რამდენიმე დღეში ისინიც მიიღებენ ხვნის ბარათს,“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

რაც შეეხება აგრობარათს, სასუქების, სათესლე ან სანერგე მასალისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად ფერმერებს ქულები იმ აგრობარათზე დაერიცხებათ, რომლებიც 2014-2015 წელს „ლიბერთი ბანკში“ მიიღეს.

ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ მიქელაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხულოში 4857 ხვნის ბარათი დარიგდება და დასძენს, რომ 2015 წელს მოსახლეობის 95%-მა ხვნის ბარათი უკან დააბრუნა.

„ხვნისა და აგრობარათის მიმღები სულ 7350 ბენეფიციარი გვყავს ხულოში. თუ ფერმერს მიწის დასამუშავებლად ბარათის გამოყენება არ სურს, შეუძლია ბარათი დააბრუნოს და შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება. ხვნის ბარათი დასაბრუნებლად გამგეობაში უნდა მოიტანონ,“ – ამბობს ნოდარ მიქელაძე.

სოფლის მეურნეობის საკითხში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, ჯუმბერ აბაშიძის ინფორმაციით, შუახევში 3125 ოჯახი მიიღებს ხვნის ბარათს. ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად შუახევშიც 2015 წელს მოსახლეობის უმეტესობამ ხვნის ბარათი დააბრუნა.

„არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბარათის გარეშე, რამდენი ბარათის მოთხოვნაც გვქონდა, იმდენი მივიღეთ. იქედან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი დამრეცი და ქვიშიანია, მექანიზატორი ვერ ამუშავებს. ვფიქრობ, ჩვენთან ბარათებს წელსაც დააბრუნებენ“, – ამბობს ჯუმბერ აბაშიძე.

47463

2015 წელს ხვნის ბარათით მიწას აჭარის მთიანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ამუშავებდა. ქედის მუნიციპალიტეტში კი მექანიზატორთან ერთად მიწის ხვნის ბარათით დამუშავების უფლება ამხანაგობა „ქედას“ ჰქონდა. ვინ დაამუშავებს მიწას ხვნის ბარათით წელს, ჯერჯერობით უცნობია.

2015 წელს აჭარის მთიანეთში მიწის ხვნის ბარათი 11 690 ფერმერმა მიიღო, აქედან 3 747-მა ფერმერმა ქედაში, 4 835-მა – ხულოში და 3 108-მ – შუახევში.

პროგრამის ფარგლებში ფერმერს ხვნის ბარათის გამოყენება პირველ დეკემბრამდე შეუძლია, რაც შეეხება აგრობარათს, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი 2 დეკემბრამდე არ გამოიყენებს მას, ბარათზე დარიცხული ქულები განულდება.

ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 50 ქულას აგრობარათზე მიიღებენ. 50 ქულა 50 ლარის ეკვივალენტია. ხოლო ის ბენეფიციარები, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გააჩნიათ და ამ ნაკვეთს ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებენ, მიიღებენ იმავე ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის შესაბამისი ქულის დაანგარიშებით. ხოლო მას, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს მრავალწლოვანი კულტურები და არ გააჩნია ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიწის ნაკვეთი, აგრობარათზე 1 ჰექტარზე 140 ქულა დაერიცხება.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა.

ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი?

როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც აქამდე იყო, შეიტანონ პასუხები. ასევე მიეცემათ ფურცელი შავი სამუშაოსთვის, რაც აქამდე არ ყოფილა.

ვის შეეხება გამოცდების ეს ფორმატი?

გამოცდებს ამ ფორმატით ჩააბარებენ აბიტურიენტები, პედაგოგები, მაგისტრანტობის კანდიდატები და ის სტუდენტები (ეროვნულ გამოცდების ჩაბარების შედეგად ვინც გრანტი ვერ მიიღო), რომლებსაც სურთ სახელმწიფო გრანტის მიღება.

რა ფორმატით იქნება ტესტები ნაჩვენები ეკრანზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ტესტზე მუშაობა, მონიშვნა ან კითხვის გამოტოვება და შემდეგ დაბრუნება?

საგამოცდო სისტემა თიშავს კომპიუტერის ყველა სხვა ფუნქციას. შესაძლებელია მხოლოდ მომდევნო კითხვაზე გადასვლა და შემდეგ გამოტოვებულ კითხვასთან მიბრუნება. ტესტის მონიშვნა ან სხვა მსგავსი ფუნქცია პროგრამას ჯერჯერობით არ ექნება.

როგორ იმუშავებს პროგრამა, რამდენად იქნება ინტერნეტზე დამოკიდებული და როგორ არის მისი უსაფრთხოება დაცული?

ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უზრუნველყო პროგრამის უსაფრთხოება. პროგრამა ჩაიწერება საგამოცდო კომპიუტერებში და ინტერნეტზე არ იქნება დამოკიდებული. ინტერნეტი მხოლოდ ჩართვის პროცესში იქნება საჭირო. შემდეგ ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვქონდა საცდელი გამოცდა ერთ საგანში აპრობაციისათვის და გარკვეული ტექნიკური ცვლილებები შევიტანეთ საწყის პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მისი მუშაობა.

როგორ შეაფასებდით აპრობაციის შედეგებს და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ტიპის ცვლილებებს საგამოცდო პროცესში?

გამოსაცდელ პირებს არ შექმნიათ პრობლემა დროსთან დაკავშირებით. მათი შედეგები საერთო ჯამში შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად. თუმცა ჯერ კიდევ ვგეგმავთ რამდენიმე მსგავს სააპრობაციო გამოცდას, რის შემდეგაც კიდევ უფრო დაზუსტდება დეტალები და გაირკვევა, გახდება თუ არა დროის დამატება საჭირო. ასევე მცირე დეტალები შეიძლება ტექნიკურ მხარეში შევიდეს ცვლილების სახით, რაც გამოსაცდელმა პირებმა, შესაძლოა, ვერც შენიშნონ. მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც ტესტებზე, მათ შინაარსობრივ მხარეზე აისახებოდა, არ უნდა ველოდოთ.

ასევე ცვლილებებია სარეგისტრაციო პროცედურებშიც, რა სახისაა ეს ცვლილებები და რამ გამოიწვია ისინი?

ცვლილებები აღნიშნულმა ნახევრად ელექტრონულმა ფორმატმა გამოიწვია. ახლა რეგისტრაცია არის სამეტაპიანი, პირველი ეტაპი 15 მარტს დასრულდება. ამ ეტაპზე აბიტურიენტებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, აირჩიონ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა. ხოლო პირველ ივნისამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ საგანთა ჩამონათვალში ცვლილების შეტანა. ეს აქამდე არ იყო შესაძლებელი, რადგან ტესტები იბეჭდებოდა და ამისთვის გარკვეული რაოდენობა ამა თუ იმ საგნის ტესტისა, ადრევე უნდა ყოფილიყო მიწოდებული. ნახევრად ელექტრონული პროგრამა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ აბიტურიენტმა პირველ ივნისამდე შეცვალოს გამოცდის ენაც. ხოლო შემდეგ უნივერსიტეტებისა და პროგრამების შეცვლა უკვე გვიანობამდე იქნება შესაძლებელი, როგორც ეს იყო მანამდე.

რამ განაპირობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვა და უნდა ველოდოთ თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას?

ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი არის ნაბიჯი ელექტრონული ფორმატის დანერგვის გზაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული ტექნიკური მიღწევები საბოლოოდ უნდა გამოვიყენოთ. ეს გაამარტივებს რიგ პროცესებს. ასევე ეს არის დროისა და ფინანსების დაზოგვის კარგი საშუალება. მოგეხსენებათ, აქამდე ტესტები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ, შემდეგ ჩამოგვქონდა საქართველოში, ვახარისხებდით, ვანაწილებდით საგამოცდო ცენტრებში, რაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ახალი ფორმატით გამოცდების ჩატარება ამ ხარჯებს მეტწილად შეამცირებს.

მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ.

მუსლიმური პანსიონები ციფრებში

„მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებს ზედამხედველობენ აჭარაში. მათი იურიდიული სტატუსია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ააიპ-ი. პანსიონები არის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმში, თბილისში, ახალციხეში… აჭარის ტერიტორიაზე მთლიანობაში 30 პანსიონია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა“, რომელსაც სასულიერო პირი შამილ/რამაზ კაკალაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციას 10 პანსიონი აქვს ბათუმში, ხოლო მისი მეგობარი ორგანიზაცია პანსიონებს ფლობს ხულოსა და თბილისში.

სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებიც პანსიონებში ცხოვრობენ, თუკი თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, პანსიონი თბილისშიც უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ პანსიონებში ბათუმის მიმდებარედ მთლიანობაში 125 ბავშვი ცხოვრობს, ხულოში არსებულ პანსიონებში კი ორგანიზაციას 150 მოსწავლე ჰყავს. მთის რეგიონის პანსიონებში ძირითადად მაღალი კლასის მოსწავლეები ცხოვრობენ. მათ რელიგიის საათთან ერთად ეროვნული გამოცდებისთვისაც ამზადებენ. ბათუმთან ახლოს მდებარე პანსიონების მოსწავლეებს კი მხოლოდ რელიგიის საათი უტარდებათ.

პანსიონებში ბავშვები უფასოდ ცხოვრობენ და იკვებებიან. პანსიონის ბავშვების ძირითადი მოვალეობა ასეა ჩამოყალიბებული – უნდა ისწავლონ და ილოცონ.

სოფელ ფერიაში არსებული ორი პანსიონიდან ერთში გოგონები ცხოვრობენ, მეორეში – ბიჭები.

პანსიონი გოგონებისთვის

გოგონების პანსიონი
გოგონების პანსიონი

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ფერიის პანსიონში 30-მდე სხვადასხვა ასაკის გოგო ცხოვრობს. ერთ საკლასო ოთახში თავმოყრილი 10-13 წლის გოგონები ხმამაღალი კითხვით ხვდებიან „ბათუმელებს“. კითხვასაც ყველა ერთად წყვეტს და პასუხიც გუნდური გამოსდით – რომ „პანსიონში ყოფნით ძალიან ბედნიერები არიან“.

წინა მერხთან მჯდომი სალომე ამბობს, რომ როცა სკოლას დაამთავრებს, ჟურნალისტი უნდა გამოვიდეს. „აქ ჩვენი სურვილების ასახდენად ხელს გვიწყობენ. უნდა იცოდე შენი რელიგია, შემდეგში კითხვები რომ არ გქონდეს. სკოლაში 9 და 10 ქულები მაქვს – ისტორია და მათემატიკა მიყვარს, ასევე უცხო ენა. ჯერ უნივერსიტეტში ვისწავლი და შემდეგ შეიძლება სახოჯიოზეც წავიდე“, – ამბობს სალომე.

რამაზ კაკალაძე, რომელსაც სასულიერო განათლებასთან ერთად ექიმის დიპლომიც ჰქონია, მოსწავლის აზრების მოსმენის შემდეგ დასძენს, რომ „გოგო სკოლის დამთავრების მერე უნდა გათხოვდეს და შვილები გაზარდოს“.

გოგონების პანსიონში რელიგიის გაკვეთილებს ქალი მასწავლებლები ატარებენ. პანსიონს ხუთი ზედამხედველი ჰყავს, რომლებიც პანსიონშივე ცხოვრობენ. მასწავლებლებიც, მათი ხელმძღვანელისგან განსხვავებით ამბობენ, რომ ქალმა ჯერ კარიერა უნდა გაიკეთოს და „მერეა გათხოვება“. თუმცა, თავად მასწავლებლების განათლება მხოლოდ საჯარო სკოლით შემოიფარგლება. სასულიერო განათლება კი თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მიუღიათ.

რამაზ კაკალაძის თქმით, მის პანსიონში რელიგიის სწავლებას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა, დანარჩენ დროს, როგორც გოგონები, ისე ბიჭები სასკოლო გაკვეთილებს ამზადებენ. „ბავშვები ფერიის საჯარო სკოლაში დადიან. დისკრიმინაცია და ცუდი მოქცევა არასდროს ყოფილა ამ სკოლაში. სკოლას 200 მოსწავლე ჰყავს, აქედან 80 ჩვენი ბავშვია“, – ამბობს რამაზ კაკალაძე.

როგორც მოსწავლეებს, ისე ქალ მასწავლებლებს თავზე ახურავთ. ბავშვები შენობის გარეთ, სკოლაშიც თავდახურულები დადიან? – ამ კითხვის პასუხად რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს მხოლოდ პანსიონის ტერიტორიაზე აქვთ თავი შეხვეული.

პანსიონი ბიჭებისთვის

პანსიონი ბიჭებისთვის
პანსიონი ბიჭებისთვის

გოგონების პანსიონის სიახლოვეს ორგანიზაციას აქვს ბიჭების პანსიონიც, სადაც 40 ბიჭი ცხოვრობს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვის უნდა სასულიერო პირი გამოვიდეს, ახალლოცვადამთავრებულ ბიჭებთაგან მხოლოდ ერთმა აიღო ხელი. აქ ვის ექიმობა უნდა, ვის ტექნოლოგიები აინტერესებს.

კიდევ ერთი ვაჟთა პანსიონი, რომელიც `ბათუმელებმა~ ასევე გასულ კვირას მოინახულა, ადლიაში მდებარეობს. ამ პანსიონის მცხოვრებლები ბათუმის #27 საჯარო სკოლაში დადიანი. პანსიონი არასამთავრობო ორგანიზაცია „მიზანს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელი ომარ ვანაძეა. რელიგია-მითოლოგიის სპეციალისტი ომარ ვანაძე ამბობს, რომ მის პანსიონში 23 ბიჭი ცხოვრობს, მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლობენ. „ჩვენ ყურანის ზეპირად მცოდნე 3 ბიჭი გვყავს. ჩვენთან ჰაფიზები [ყურანის ზეპირად მცოდნე] არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ჩვენ ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებლად მასწავლებლებს ვერ ვქირაობთ, მაგრამ ერთი მკაცრი პირობა გვაქვს – ვინც სკოლაში 7 ქულაზე ნაკლებს იღებს, ის ჩვენთან ვერ ჩერდება. შარშან ამის გამო 13 ბიჭი გავუშვით პანსიონიდან“.

ომარ ვანაძის თქმით, გასულ წელს მის პანსიონში 5 აბიტურიენტი ცხოვრობდა. „ხუთივემ ჩააბარა უნივერსიტეტში, მათ შორის ერთმა სამედიცინოზე“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„მიზანში“ მცხოვრებ ბიჭებს ყოველდღიურად ერთსაათიანი ყურანის სწავლება უტარდებათ, ხოლო შაბათ-კვირას მოწვეული სასულიერო პირები უკითხავენ ლექციებს ასევე ისლამის შესახებ. ომარ ვანაძის თქმით, ის და მისი ოთხი თანამშრომელი ხელფასს ცენტრალური მეჩეთიდან იღებენ, ხოლო პანსიონში მცხოვრები ბავშვები ყოველთვიურად 50 ლარს იხდიან.
კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც პანსიონში მცხოვრები ღარიბი ბავშვების განათლებაზე აკეთებს აქცენტს, პროფესიით სავაჭრო საქონელმცოდნე და უმაღლესი განათლებით თეოლოგი ქემალ ცეცხლაძეა. მას გოგონებისა და ბიჭების ორი პანსიონი დაბა ხულოში აქვს, ერთი – სოფელ სხალთაში: „სხალთაში გვყავს 12 მოსწავლე, ხულოში – 40-მდე ბიჭი და 30-მდე გოგო. ჩვენ ვმუშაობთ აბიტურიენტებზე. ისინი პარალელურად ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურში“.

ქემალ ცეცხლაძის თქმით, ამ მხრივ მათ მაღალი შედეგი აქვთ: `გასულ წელს ხულოს პანსიონის 15 ბიჭიდან 11 ჩაირიცხა თბილისსა და ბათუმის უნივერსიტეტებში. გოგონებიდან აბარა 11-მა და ჩაირცხა – 8. ყინჩაურიდან ექვსი აბარებდა და ექვსივე ჩაირიცხა. ჩვენგან წასულები ხოჯად გახდომას ნაკლებად ირჩევენ, გასულ წელს ასეთი არავინ ყოფილა“.

პანსიონების შემოსავლის წყარო

„ბათუმელებმა“ სამივე პანსიონის მენეჯერს ჰკითხა, რა იყო მათი ორგანიზაციის შემოსავლის ძირითადი წყარო – როგორ ახერხებენ ამდენი ბავშვის გამოკვებასა დ სხვა საჭიროებებისთვის ფინანსების მოძიებას. კონკრეტული შემომწირველების – კერძო პირებისა თუ სახელმწიფოების დასახელება არც ერთმა მათგანმა არ მოისურვა. სამივე მათგანმა თქვა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ თანხას ნებისმიერი შემომწირველისგან. ასევე სამივე მათგანმა განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებენ ქართველი ბიზნესმენებისგან და ასევე უცხო ქვეყნის, ძირითადად, თურქეთში არსებული შესაბამისი ფონდებიდან.

პანსიონების მფლობელებისთვის ცნობილია იმ კითხვებისა და შიშების შესახებ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მუსლიმურ პანსიონებთან დაკავშირებით. „ბევრისთვის ჩემი, როგორც ქართველი მუსლიმის არსებობაც კი საქართველოში არის საშიში. რა ვქნა, არ ვიცხოვრო? ჩვენ ერთ რამეს ვუყურებთ – შედეგს, გეუბნებით, რომ შარშან 11-მა მოსწავლემ ჩააბარა ქართულ უნივერსიტეტებში. ჩვენ ამ შიშის გამო ბავშვებს გაუნათლებელს ვერ დავტოვებთ, ვისაც ეშინია, იმან შიშით გააგრძელოს ცხოვრება“, – ამბობს ქემალ ცეცხლაძე.

ქემალ ცეცხლაძეს დიდად არც ის აშფოთებს, რომ მათ საქმიანობას საზოგადოება საქართველოში ზოგჯერ შეიძლება ტერორიზმთანაც აკავშირებდეს: „არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებენ – საფინანსო, საგადასახადო, ასევე სპეციალური სამსახურები, ყველაფერს ამოწმებენ – შესყიდვასაც, ჩამორიცხულ თანხასაც და ხარჯებსაც. კევს ვერ იყიდი უკონტროლოდ. ჩვენი ყველაფერი ხელის გულზე დევს“.

მუსლიმური პანსიონების მფლობელები ქართველი ტერორისტების მუქარაზე

რამაზ კაკალაძე: როდესაც ეს ვიდეო [ISIS-ის ქართველი მებრძოლების მუქარა] გავრცელდა, ბავშვებთან მივედი, მათი აზრი მაინტერესებდა. ისეთი კითხვები დავსვი, თითქოს მე იმათ მხარს ვიჭერდი. ბავშვებისგან სერიოზული წინააღმდეგობა მივიღე – ის აბზაცები, რაც მაგათ წაიკითხეს, მაგას არ ნიშნავსო; სრულად დაგმეს მათი განცხადება. მე ამით კმაყოფილი დავრჩი. ერთი ადამიანის სიცოცხლის განადგურება მთელი სამყაროს განადგურების ტოლფასია, – ამას ამბობს ყურანი. როცა ხელში იღებ იარაღს და ვიღაცას კლავ, ეს არის პოლიტიკა. ვერ ვიტყვი, რომელი ქვეყნები დგანან ამ ყველაფრის უკან, მაგრამ, ჩემი აზრით, მუსლიმი ადამიანი მაგას ვერ ჩაიდენს. რაც შეეხება აქედან წასულებს, რომლებიც გვემუქრებიან, მე ვშიშობ, რომ ესეც პოლიტიკაა.

დღეს ვერავის დააჯერებ, რომ ჯიჰადი არ არის ტერორიზმი, არადა, რელიგიურად ეს მცნება საკუთარ თავთან ბრძოლას ნიშნავს. ვიღაცას კლავ არაფრის გამო, თავს იფეთქებ და ისლამიდან გამომდინარე ვაკეთებო იძახი – ეს დიდი ცოდვაა. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ორგანიზაციის ბავშვებს ასეთი მიდრეკილება არ გაუჩნდებათ. ამას აკეთებს ის ხალხი, ვინც ისლამი არ იცის ან თავის დროზე ისლამი იქ ისწავლა, სადაც რადიკალური განწყობებია. ეს, ძირითადად, არაბული ქვეყნების სკოლებში გვხვდება.

თუმცა, შეიძლება არის ისეთი ორგანიზაციაც, რომელიც კეთილი მიზნებით ჩანს, მაგრამ ბოლოს ბოროტებას ჩაიდენს. ასეთი ორგანიზაციები დროზე უნდა გამოავლინოს შესაბამისმა სამსახურებმა.

ქემალ ცეცხლაძე: ქართველმა ტერორისტებმა ყურანის ერთ-ერთი სურა მოიყვანეს და თქვეს, რომ ისინი ჯიჰადში არიან და საზოგადოებას თავების მოჭრით დაემუქრნენ. მე კითხვას ვპასუხობ კითხვით – ყურანი დაიწერა 1600 წლის წინ. 100 წელზე მეტია, რაც ქართველი მუსლიმი დედა სამშობლოს დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყურანს არ ვკითხულობდით, ვინმემ ვინმეს მოაჭრა თავი? იყო ასეთი პრეცედენტი? იყო შუღლი და მტრობა საქართველოში? – არა. ესე იგი, რადგან არ იყო, ყურანი ასეთ რამეს არ მოუწოდებს.

წასულებს ოდნავი შეხება რომ ჰქონოდათ ჩვენთან, დღეს აქ იქნებოდნენ. ტერორი გაუნათლებლობის ბრალია. ამიტომ ჩვენ ყველამ მეტი უნდა ვიმუშავოთ, მეტი ლიბერალიზაცია, მეტი დემოკრატია გვჭირდება, რომ ადამიანებმა მშვიდად ვიცხოვროთ.

ომარ ვანაძე: მთლიან ქვეყანას, აქაურ მუსლიმებსაც ემუქრებოდნენ. ვფიქრობ, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ აჟიოტაჟი გამოეწვიათ. ყურანის არსი ის არის, რომ ადამიანები ერთი დედ-მამისგან მოდიან. ასევე გვასწავლის, რომ თუ გყავს ქრისტიანი მეზობელი, იმის გამოტოვება და მეორე მუსლიმი მეზობლის დახმარება არ შეიძლება, ანუ პირველი ვინც არის შენი მეზობელი სხვა სარწმუნეობის, გინდა ურწმუნო, ჯერ ის უნდა მოიკითხო.

საერთოდ, მაგ ორგანიზაციას [ISIS] ისლამის გაძულებისთვის, სახელის გატეხვისთვის შექმნილ ორგანიზაციას დავარქმევდი მე.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 466 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 371 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 9 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 36 – ნიშანში დგომისთვის, 40 -ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

 

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში

რას ითხოვენ მუსლიმები აჭარაში [ვიდეო]

ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს  ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ მთავრობის მიმართ:

1. ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა. 2. სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, 3. ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარება.

აქციის ორგანიზატორია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი.

ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]

ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.

GE DIGITAL CAMERA
ნავმისადგომის მოწყობა ხეების გადატანის მიზნით ციხისძირში / თედო ჯორბენაძის ფოტოები

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

GE DIGITAL CAMERA

“ბათუმის წყლის” დირექტორი გადადგა [ვიდეო]

ბათუმის წყლის დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ, ეს წუთია გადადგომის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა. ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას.

“მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას ბათუმის წყლის რეპუტაცია და პირადად ჩემი ღირსება”, – თქვა ალეკო მიქელაძემ.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უკვე დააკმაყოფილა ალექსანდრე მიქელაძის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.

გადადგომასთან დაკავშირებით ალექსანდრე მიქელაძის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ბათუმის წყლის დირექტორთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, რომელიც მედიაში 29 თებერვალს გავრცელდა.

ბათუმის წყლის დირექტორის მოვალეობას თეიმურაზ ბედინაძე შეასრულებს.

 

 

ბათუმის მერმა მრჩეველთა საბჭო შექმნა

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის, 2016 წლის 2 მარტის ბრძანებით, ბათუმის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს თავმჯდომარე იქნება ვლადიმერ ბალაძე – ბსუ-ს სრულო პროფესორი. მისი მოადგილე კი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძეა.

საბჭოს შემადგენლობაში იქნება 10 წევრი: ომარ მახარაძე და ვლადიმერ ღლონტი (ბსუ-ს პროფესორები), ბელა ქებურია (პოეტი), მაია სურმანიძე (ექიმი), მაყვალა რომანაძე (პედაგოგი), ავთანდილ ცხადაძე (ინჟინერ-ეკონომისტი), ლაშა ნაკაშიძე (გაეროს განვითარების პროგრამა მწვანე ქალაქები), ასლან ჭანიძე (თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი), თამაზ მჟავანაძე (შშმ პირთა უფლებებისთვის), მეგი ზაქარაძე (სტუდენტი).

დებულების მიხედვით, საბჭო იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ბათუმის ბიუჯეტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. საბჭოს შეუძლია თავისი რეკომენდაციები გაუზიაროს მერს, მაგრამ მერი არ არის ვალდებული, საბჭოს რეკომენდაციები გაიზიაროს.

საბჭოს წევრების საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.

 

ბათუმის მერია პრემიერის განცხადებაზე: “ჩვენი მხრიდან მთავარი პირი დღის ბოლოს გააკეთებს განცხადებას”

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერია ვერანაირ ზომას ვერ მიიღებს მანამ, სანამ საკითხი ბოლომდე არ იქნება შესწავლილი შესაბამისი სტრუქტურების მიერ, ბათუმის წყლის ხელმძღვანელის ალექსანდრე მიქელაძის შესაძლო გადაყენების თაობაზე: – “ყველაფერი განხორციელდება კანონისა და სამართლის ფარგლებში, ჯერ უნდა გამოიკვლიონ, დადასტურდეს ან არ დადასტურდეს მისი [ალექსანდრე მიქელაძის] ბრალეულობა.  პრემიერმა მათ მისცა დავალება, რა კუთხით, როგორ, ეს მათ იციან, მთავარმა პირებმა. ჩვენი მხრიდან მთავარი პირი – ბათუმის მერი კი დღის ბოლოს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას”.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესცენტრი პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს: – “მინისტრი საქმის კურსშია, დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და დღის ბოლომდე გავავრცელებთ ინფორმაციას”. კითხვაზე, რამდენად არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივა ბათუმის მერიის შპს-ს საქმიანობის მოკვლევა – გვიპასუხეს, რომ მეტს ამ თემაზე ვერაფერს გვეტყვიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

აღნიშნული განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ შეაფასა, როგორც თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა კოტე კანდელაკმა კი აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბათუმის მერიის პრეროგატივაა და, სავარაუდოდ, პრემიერი არ არის ინფორმირებული, რომ შპს “ბათუმის წყალი” მუნიციპალური სტრუქტურაა.

შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა ბათუმის წყალზე საუბრის დროს

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა: -„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წყლის მიწოდება წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ კომპეტენციას. თვითმმართველობის ეს უფლებამოსილება ხორციელდება დამოუკიდებლად, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ჩარევა დაუშვებელია. თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს, როგორი წესით იქმნება მუნიციპალური საწარმოები, კერძო სამართლის იურიდიული პირები. მის შექმნას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მერია, საკრებულოს თანხმობით. ასევე მერია არის პარტნიორი ასეთი ტიპის საწარმოების და ის იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორის დანიშვნასთან დაკავშრებით. არც პრემიერ-მინისტრს, არც ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ აქვს მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნის თუ მისი გათავისუფლების უფლება. ეს განცხადება პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ  კომპეტენციაში ჩარევად.

საწარმოს ხელმძღვანელს თანამდებობიდან ბათუმში მცხოვრები ადამიანების მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი უნდა ათავისუფლებდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საყოველთაო არჩევნების შედეგად, წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტის მანდატი მიანიჭა ბათუმის მერიას და საკრებულოს, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ამ საკითხში არის ადგილობრივი მოსახლეობის  ნების უპატივცემულობა და ეს ძალიან საშიშია დემოკრატიული პროცესებისთვის”, – ამბობს ის.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ეს საკითხი ბათუმის მერიის პრეროგატივაა: – “ალბათ უფრო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, შეიძლება პრემიერმა ჩათვალა, რომ “ბათუმის წყალი” “საქართველოს წყლის” კუთვნილებაა. არ ვიცი, იცოდა თუ არ იცოდა, რომ ის მუნიციპალიტეტის სტრუქტურაა. თუ კანონდარღვევაა და რაიმე გამოსაძიებელია, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მიხედოს, ისე კი  ბათუმის მერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საყვედურს გამოუცხადებს თუ გაათავისუფლებს სამსახურიდან შპს-ს დირექტორს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არანაირ შეხებაში არ არის მასთან, შესაბამისად, მინისტრი ვერაფერს მოიმოქმედებს და ვერანაირ ადმინისტრაციულ აქტს ვერ გამოსცემს ამასთან დაკავშრებით. სამწუხაროდ, ზოგადად,  ასეთი მიდგომა არის ხელისუფლებაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათი გაგრძელება ჰგონიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო  არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე,” – ამბობს კოტე კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ შპს “ბათუმის წყალი” ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. 2014 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც შპს „ბათუმის წყალი“ მართვაში უნდა გადასცემოდა  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, თუმცა საბოლოოდ შპს „ბათუმის წყალი“ მუნიციპალურ მართვაში დარჩა.

 

ამავე თემაზე:

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

„ბათუმის წყლის“ ბედი დახურულ კარს მიღმა

 

 

რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ პედაგოგებმა?

აქ იგულისხმება მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება. პროექტში მონაწილეობენ მხოლოდ ის პედაგოგები, რომლებიც მე-7 და მე-12 კლასებში ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს, მათემატიკას, გეოგრაფიასა და ინგლისურს. პროფესიული განვითარების კურსის გამჭოლი თემა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით ას საათამდე ტრენინგი და სხვადასხვა პროფესიული განვითარების აქტივობის ჩატარება, დამხმარე და მეთოდური რესურსის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანი აქტივობაა მასწავლებელთა პროფესიული შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, თუ გამოიკვეთა რაიმე წარმატებული პრაქტიკა, რა გამოწვევებს წააწყდნენ ტრენინგის შემდგომ და როგორ მიუდგნენ ამ პრობლემას. ამ მიზნით, მასწავლებლები კვარტალში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და წინასწარ შემუშავებულ თემებზე მსჯელობენ, ასწავლიან ერთმანეთს. დაგეგმილია უამრავი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა როგორც ზოგად მეთოდიკაში, ასევე კონკრეტული საგნის პედაგოგიკაში. იგეგმება მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოქმედება – საკლასო შეფასება, რომელიც არის მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები და მოსწავლეს მისცეს განმავითარებელი შეფასება. ამ მეთოდის გამოყენება ჩვენს სკოლებში ძალიან ჭირს.
კვლევები აჩვენებს, რომ არც მასწავლებლებს ესმით სწორად, რას ნიშნავს განმავითარებელი შეფასება. „ყოჩაღ, დღეს უკეთესი იყავი“, ან „შენ უკეთესად შეგიძლია“, – ეს არ არის საკმარისი.

გარდა ამისა, სკოლებში იკვეთება მკაფიო გენდერული სტერეოტიპები – გოგოების მიმართ არ არის მოლოდინი, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკას უკეთ ისწავლიან, ვიდრე ბიჭები. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს და ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს უნარები.
 

ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები ფაქტობრივად არ ტარდება. ზოგიერთ სკოლაში ლაბორატორიის პრობლემაა, ზოგიერთში კი – მასალების. რა ეფექტი ექნება მხოლოდ პედაგოგების გადამზადებას, თუ მოსწავლეებს არ ექნებათ პრაქტიკის შესაძლებლობა? სამინისტროსთან ისაუბრებთ იმაზე, რომ ცდების პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას სკოლებში?

მე როგორც ვიცი, დაგეგმილია სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა და პრაქტიკული სწავლების ნაწილზე გადასვლის დროს, იმედია, ეს პრობლემა იქნება გადაჭრილი. ასევე, ვფიქრობთ, რომ გამოვიყენოთ ვირტუალური ლაბორატორიები. ამის ერთეული გამოცდილება უკვე არსებობს, მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ სონღულაშვილს აქვს შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა, თბილისში ერთ-ერთმა სკოლამ შეიძინა კიდეც ეს ლაბორატორია და იყენებს. როცა პრაქტიკულ კომპონენტზე გადავალთ, მოვიძიებთ ამ ტიპის პროგრამებს და განვიხილავთ სკოლებისთვის მათი შეძენის საკითხსაც, რაც სკოლებს გამოადგებათ პროექტის დასრულების შემდეგაც.

დირექტორები რა მიმართულებით უნდა გადამზადდნენ?

გრძელვადიან კურსს ჰქვია „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“. დირექტორები და ამ პროექტში ჩართული სკოლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები გაივლიან გადამზადების კურსს სასწავლო პროცესის ლიდერის კუთხით. ამ ჯგუფებს გადავამზადებთ როგორც პედაგოგიკის, ასევე ინკლუზიის, შეფასების, მონიტორინგის მიმართულებითაც. დირექტორმა წარმატებული პრაქტიკა უნდა დანერგოს. როცა იგი კლასში შევა, უნდა მიხვდეს მასწავლებელი როგორ გაკვეთილს ატარებს. კარგი გაკვეთილი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მასწავლებელი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს სასწავლო პროცესში. კარგი გაკვეთილი ნიშნავს: განსაზღვრა თუ არა მასწავლებელმა სწორად მიზანი, ეფუძნება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მიაღწია თუ არა იმ მიზანს, რომელიც დასახული ჰქონდა და გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი სწორად. ამის შეფასება დირექტორმა გაკვეთილზე უნდა შეძლოს.
 

ყველა საჯარო სკოლას ერთნაირი რესურსი არ გააჩნია. ვიცით, რომ გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებიც. როგორ უნდა მოვარგოთ ასეთი სკოლები იმ სტანდარტებს, რის დანერგვასაც ვცდილობთ თუნდაც ამ პროექტით?

ჩვენ შევხვდით ხარისხის განვითარების ცენტრს, რომელიც აპირებს შექმნას სკოლების შეფასების სისტემა, რომ ზუსტად გამოიკვეთოს კონკრეტული სკოლის საჭიროებები. პირველი აპრილიდან შემოგვიერთება პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც გაგვიწევს ექსპერტულ მხარდაჭერას. გვექნება ბევრი კვლევა, ანალიზი და წლიდან-წლამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამ საჭიროებებზე მიდევნება. საერთო ჯამში, იდეა არის ის, რომ რაღაც დროში საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა აკადემიური წინსვლა უნდა გვქონდეს. მონიტორინგის გეგმას ეს ჯგუფი შეიმუშავებს.
 

როგორც ვიცი, ფასილიტატორებიც უნდა გადაამზადოთ. რას ისწავლიან ისინი განსხვავებულს, რადგან მასწავლებელთა ცენტრი მათ ისედაც ხშირად უტარებს ტრენინგებს?

ჩვენ მათ სასწავლო პროცესის მართვის უნარების განვითარებაში ვეხმარებით, რადგან ისინი იქნებიან შუამავლები ცენტრსა და სკოლას შორის. ბევრი ინფორმაცია და მასალაა მისაწოდებელი მასწავლებლებისთვის, ამიტომ ფასილიტატორი ჩვენი საყრდენი იქნება სკოლაში. ეს მისთვის იქნება სტიმული იმ თვალსაზრისით, რომ ამ შრომაში ფასილიტატორი მიიღებს კრედიტს. როცა სამუშაოს მოდულები დადგინდება, მაშინ დავაზუსტებთ, რამდენ კრედიტს მიიღებს ამაში ფასილიტატორი.

 ოთხი წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, რა იქნება 14-მილიონიანი პროექტის წარმატების ან წარუმატებლობის ინდიკატორი?

მონიტორინგისა და შეფასების გეგმაზე სწორედ ახლა ვიწყებთ მუშაობას და ამას გააკეთებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. მთავარი მოლოდინი მაინც არის ის, რომ ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში უკეთესი შედეგი აჩვენონ ჩვენმა მოსწავლეებმა. ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება სქემაში ჩართული მასწავლებლებლის კარიერული ზრდაც. პროგრამის სრული ეფექტისათვის, საჭიროა სკოლების განვითარების მრავალმხრივი ანალიზი, მხოლოდ მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პროფესიული განვითარება ვერ იქნება მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების გარანტია, თუმცა წარმოადგენს ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

 

Exit mobile version