Batumelebi | სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს – Batumelebi

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს

როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად,  N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების შიმშილს არ ადასტურებენ.

“მთავარი ექიმი ი. სურმანიძე არის უყურადღებო… ვართ სხვადასხვა დაავადებებით დაავადებულები, სანამ არ გაგვეწევა სათანადო მკურნალობა, გამოკვლევების ჩატარება და არ შეგვახვედრებს [ექიმი] ნორმალურ ექიმ სპეციალისტებს, შიმშილობას არ შევწყვეტთ, ვიცით და ვაცნობიერებთ რომ შიმშილობა არ არის გამოსავალი და უფრო გაგვიუარესდება ჯანმრთელობა, მაგრამ იძულებული გაგვხადა მთავარმა ექიმმა უკიდურესი ზომისთვის მიგვემართა – შიმშილობისთვის” – წერია პატიმრების წერილში.

თემურ ქორიძის განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სამედიცინო დახმარების გაწევას სპეციალურ კლინიკაში ითხოვს, რისთვისაც სპეციალური პროცედურები არსებობს. „ეს არ არის ასე მარტივი პროცედურა. მანამდე ამავე მსჯავრდებულებს და მათ შორის ერთ-ერთს ძალიან ბევრი მომართვა აქვთ ჩვენთან გაკეთებული, ძირითადად იმ სისტემურ პრობლემებზე, რაზეც სპეციალური ანგარიშიც გაკეთდა და ამ ანგარიშში არის შესული  ის პრობლემები, რაზეც მათ აქვთ აქცენტები… ჩვენმა წარმომადგენლებმა აჭარაში, ნახეს ისინი. დეტელებზე საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ თქვეს  წერილობით განცხადებაში აქვთ მითითებული თავიანთი სათქმელი. ჩვენ შევთავაზეთ ის, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, კონკრეტული საქმე შევისწავლოთ თავისი გარემოებებით და ვნახოთ რა დარღვევებს აქვს ადგილი“ – ამბობს თემურ ქორიძე.

პატიმრებმა წერილის ასლი 35 ადრესატთან გააგზავნეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენთთან, უფლებათადამცველი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. „ძალიან ბევრ ფაქტს არ აღვწერთ, ისედაც საქმის კურსში ხართ წინა საჩივრებიდან, ჩვენ ვიცით არ ადარდებს მთავარ ექიმს დავიხოცებით თუ არა შიმშილობისგან, როცა თვითონ უნდა გვიწყობდეს ხელს რომ არ მივმართოთ უკიდურეს ზომას – შიმშილობას, როცა იცის ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადებებით ვართ დაავადებული. დანარჩენ სრულ ჩვენებას მოგცემთ რომ გვინახულებთ დაწესებულებაში და დარწმუნდებით რომ ინტრიგნები არ ვართ და მართლები ვართ. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს შეგვხვდებით მოგისმენთ, საქმეს გადასცემთ მთავარ პროკურატურას და სასამართლოს მერე ექსპერტიზით დავამტკიცებთ, რომ წამების მსხვერპლი ვართ და ავადმყოფ ადამიანებს არ გვაქცევენ სათანადო ყურადღებას. სულით და გულით გელით რომ შეგვხვდებით, ჩვენ შიმშილობის შეჩერებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს თქვენი… მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავარ  ექიმს ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობის დროს“ – წერენ პატიმრები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან