კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

კომპენსაცია მიწის რეგისტრაციის გარეშე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის არეალში

02.07.2016 • 2490
კომპენსაცია მიწის რეგისტრაციის გარეშე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის არეალში

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გასცეს კომპენსაცია იმ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაც ფლობს ან სარგებლობს მოსახლეობა.

მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებით კომპენსაციას მოსახლეობა ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების გარეშე მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის.

აქამდე მოსახლეობას, კომპენსაციის მიღების მიზნით, ქონება, რომელიც პროექტის მოქმედების არეალში იყო და არამართლზომიერად ფლობდა, საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აუცილებლად უნდა დაერეგისტრირებინა.

„თუმცა იმის გამო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმა ჩატარებულია არასრულად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული, რაც ქმნის განსახლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის და, შესაბამისად, მშენებლობის პროექტის დროულად განხორციელების პრობლემას. ამასთან, ვერ ხერხდება უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო საარქივო დოკუმენტების სრულყოფილად მოძიება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, განსახლების გეგმა, მართალია არსებობს, თუმცა საქართველოს ელექტროსისტემამ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს გეგმა [ანუ სია, თუ ვის ეკუთვნის კომპენსაცია] ავტონომიურმა რესპუბლიკამ გადაამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს მან კომპენსაცია.

საქართველოს მთავრობამ უკვე სთხოვა აჭარის მთავრობას, გადაამოწმოს დაურეგისტრირებელი ნაკვეთები და მათი მოსარგებლეებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციები, მონაცემები წარუდგინოს საქართველოს ელექტროსისტემას.

„გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ სათანადო გადამოწმებული მონაცემები, რომლის შემდგომაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემას“, – აღნიშნულია სულხან ზუმბურიძის მიერ არჩილ ხაბაძისთვის გამოგზავნილ წერილში.

თავის მხრივ, მონაცემების გადამოწმება აჭარის მთავრობამ შესაბამის მუნიციპალიტეტებს დაავალა.

„განსახლების გეგმის ნაწილი დამტკიცებულია, დარჩენილი ნაწილის დამტკიცება კი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება“, – განუცხადეს `ბათუმელებს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ `საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის [IBRD] დაფინანსებით მიმდინარეობს, ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს რეგიონებში ახალი ჰესების [„შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: