პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

7 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში,  პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია გაიმართება,  თემაზე  – „უმაღლესი განათლება საქართველოში. მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“.

საჯარო ლექციის ორგანიზება „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით  ხორციელდება. „საჯარო ლექციის დროს აქცენტი გაკეთდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორ ევროპული საგანმანათლლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებზე. იმ გამოწვევებზე, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე და პერსპექტივებზე, რომელსაც იძლევა ასოცირების ხელშეკრულება განთლების სფეროში“- ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

„ოცნების ქალაქში“ ორი ქოხი დაიწვა

პირველ მაისს,  გვიან ღამით, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქოხი მთლიანად დაიწვა, მეორე კი სანახევროდ. განადგურებულია ქოხებში მცხოვრები პირების საოჯახო ნივთებიც.

დამწვარ ქოხებში სოციალურად დაუცველი აბაშიძეების და ლომსანაძეების ოჯახები ცხოვრობდნენ.  სახანძრო სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განსაზღვრავს თუ არა ღვინის ფასი ხარისხს

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და რა განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს? ამ და სხვა კითხვებზე, ენოლოგმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ ტრენერმა კახა ჭოტიაშვილმა გვიპასუხა.

ბატონო კახა, რომელი ქართული ღვინოები მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად?

კახა ჭოტიაშვილი
კახა ჭოტიაშვილი

ქართული ყურძნის ჯიშებიდან, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც არის საფერავი. საფერავი აუცილებლად მშრალი, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო. მიმაჩნია, რომ იგი ყველაზე წარმატებულია საერთაშორისო ბაზარზე. შემდეგია, კიდევ ერთი უნიკალური ჯიშის ღვინო – რქაწითელი, შემდეგ მოდის: ხიხვი, ქისი და მწვანე, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში მივიწყებული იყო, რადგან სხვებთან შედარებით მცირემოსავლიანი ჯიშებია და არ ექცეოდა ყურადღება. აქვე დავამატებ, კიდევ ერთ ასევე მაღალი ხარისხის ღვინის მომცემი ყურძნის ჯიშს – კახურ მცვივანს.

უნიკალურ ღვინოებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ერთ-ერთი იშვიათი ყურძნის ჯიშს – უსახელოურს, მასთან დაკავშირებით რა მონაცემები არსებობს?

დიახ, ესეც ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია, ლეჩხუმის გარდა სხვა რაიონებში თითქმის არ ხარობს. იგი მაღალმთიან რაიონში მოდის და, შესაბამისად, ღვინოც შეზღუდული რაოდენობით მზადდება. უსახელოურისგან დამზადებული ღვინო და ასევე ხვანჭკარა, რომელიც ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან მზადდება, ნახევრად ტკბილი ღვინოებია. ისინი საკმაოდ სახელგანთქმული იყო საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად პოპულარული იყო უფრო რუსეთის ბაზარზე. ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინის მაღალი კულტურა აქვთ, ნახევრად ტკბილი ღვინოები ნაკლებად აინტერესებთ, იქ უფრო მშრალ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას.

რა განაპირობებს ღვინოების მაღალ ხარისხს?

მაღალხარისხიანი ღვინის დამზადება არ იწყება მარნიდან, ღვინის დამზადება ნიადაგის მოვლიდან იწყება. დღეს მომრავლებულია სხვადასხვა ქიმიური სასუქი, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. მნიშვნელოვანია ვენახის სწორად მოვლა, მისი შესაწამლი პრეპარატები. მაღალხარისხიანი ღვინის მისაღებად ყოველთვის ჯობს ვაზის ნიადაგი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორგანული სასუქით განაყოფიერებული. ვენახი შეწამლული იყოს ე.წ. კონტაქტური წამლებით და არა პესტიციდშემცველი წამლებით.

გარდა ამისა, ჭარბი მოსავალი არასოდეს არის კარგი ხარისხის გარანტი. როცა ვენახს ზომიერად ასხია, ყურძენი უფრო კარგად მწიფდება, შესაბამისად, მასში მჟავიანობის და შაქრიანობის კონცენტრაცია ნორმაშია და ასეთ შემთხვევაში, უფრო მაღალი კვებითი ღირებულების ღვინო მიიღება. მაშინ როცა ჭარბი მოსავალია, ღვინო უფრო დაბალი ხარისხის გამოდის, უფრო დაუბალანსებელია, შესაძლოა ჰქონდეს მკვახე გემო და ასე შემდეგ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის დაყენების ტექნოლოგია. გამოვყოფდი ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას, სადაც ღვინო ჭაჭაზე არის 4-6 თვე დაყოვნებული, ანუ გადის ხანგრძლივ მაცერაციას. ასეთი ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები ყოველთვის გამოირჩევა გემოთი და თავისი კვებითი ღირებულებით.

რამდენია ძვირადღირებული ღვინოების საწყისი ფასი საქართველოში?

საქართველოში ღვინო ძვირადღირებულად 20-ლარიდან ითვლება, ვგულისხმობ მარნისა ან ქარხნის ფასს. შეიძლება ზოგიერთი საწარმო უფრო იაფადაც ყიდის ღვინოს, მაგრამ მე, პირადად, უპირატესობას ოჯახურ მარნებს ვანიჭებ, სადაც საკუთარი ვენახები აქვთ, ვენახსაც თვითონ უვლიან, იციან ვენახისა და ნიადაგის დამუშავება. ყურძნის ყიდვის შემთხვევაში კი, რთულია გააკონტროლო მისი ხარისხი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ მეწარმეს საკუთარი ვენახი არ აქვს, ნაყიდი ყურძნით მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება რთულია.

მე გამისინჯავს 200 ევროდ ღირებული ღვინო და იმავე ყურძნის ჯიშისგან დამზადებული 20-ევროიანი ღვინო, სხვაობა მათ შორის იმდენად მცირე იყო, რომ ფასთან აბსოლუტურად ვერ მოდიოდა შესაბამისობაში. ქართულ ღვინოებშიც ასეა – მხოლოდ ფასით ვერ განსჯი ღვინის ხარისხს. მარტივად რომ ვთქვათ, სადღაც 20-ლარიდან შეიძლება კარგი ქართული ღვინის ყიდვა. საზღვარგარეთის ძვირადღირებულ ღვინოებს რომ შევადაროთ ქართული ძვირადღირებული ღვინოების ფასი, ცოტათი რთულია, რადგან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო ხალხმა გარჩევა, რას ნიშნავს მაღალი ხარისხის ღვინო. ახლა ვართ ამ პროცესში, შესაბამისად, ქართული ღვინო არ ღირს ძალიან ძვირი, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა არ არის მაღალი.

ვინ არის ძვირადღირებული ქართული ღვინის მომხმარებელი?

ქართული ძვირადღირებული ღვინის მომხმარებელი, ძირითადად, მაინც უცხოელები არიან, მაგრამ ბოლო ორი წელია ამ მხრივ გემოვნება აქაც დაიხვეწა და უკვე ბევრი ქართველი ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ძვირადღირებულ ღვინოს ყიდულობს.

რომელი უცხოური ღვინოები მიიჩნევა საუკეთესოდ?

ეს უფრო გემოვნების საკითხია. აღიარებულია ფრანგული ღვინოები, ბორდოში საუკეთესო ღვინოებია, იტალიური ბაროლოს ღვინოები… ასევე მომწონს გერმანული რიესლინგისგან დაყენებული ღვინოები. ყველა ქვეყანაში არის საუკეთესო ღვინო ისევე, როგორც საფერავია ლიდერი საქართველოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი.

gvino infogrfika

ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა.

ds„ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს გრუფის“ წარმომადგენელმა. მისი თქმით, დაგეგმილი მშენებლობის 17 ესკიზი არსებობს და ჯერ კიდევ შერჩევის პროცესში არიან.

შენობა მაღლივი იქნება, მაგრამ ზუსტად რამდენი მეტრი, ამას კომპანიაში ჯერ ვერ ამბობენ. თუმცა ცნობილია, რომ „დიეს თაუერის~ პირველ ათ სართულზე სასტუმროს ნომრები უნდა განთავსდეს, დანარჩენი ფართობი კი ბინებს დაეთმობა. გასულ წელს შენობის სავარაუდო სიმაღლედ 120 მეტრი სახელდებოდა, თუმცა წელს შენობის სიმაღლეს კომპანია ჯერ არ აკონკრეტებს.

„რაც შეეხება შენობის სიმაღლეს, ეს მარტო მერიისა და დეველოპერის გადაწყვეტილება არ არის, აქ ხალხის აზრიც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პროექტი ისეთი იყოს, არავინ გულნატკენი არ დარჩეს,“ – ამბობს დავით სალაძე.

„მერიაში მსგავსი პროექტი არ შემოსულა. ამ ტერიტორიაზე კოეფიციენტი არის 3.0, მის გაზრდაზე საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა, რაც არა აქვს კომპანიას. შესაბამისად, რომც შემოიტანოს კომპანიამ საკითხი განსახილველად, ვერც კი განვიხილავთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი ახალაძემ, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა.

კომპანია „დიეს გრუფის“ მფლობელები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. კომპანიის 50-პროცენტიან წილს სერგეი დავიდოვი ფლობს, დანარჩენ 50-ს კი – მელიტონ ტორჩინავა.

გვიმრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

პირველი აფთიაქის შენობის ფანჯრებიდან გვიმრები მოჩანს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ცენტრში დგას და საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი. მცენარეები შენობაში დაგროვილ სამშენებლო მტვერში იზრდებიან და როგორც ჩანს, არც მორწყვა აკლიათ – ალბათ უფრო სახურავიდან ჩასული წყლით. ინვესტორს, რომელიც შენობას არ უვლის, მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრჯერ აპატია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ პოლიტიკა აჭარის მთავრობას საზოგადოებამ არაერთხელ დაუწუნა. რიგითმა ბათუმელებმა ძეგლების დასაცავად სამართალდამცავ უწყებებსაც არაერთხელ მიმართეს. ამ ქალაქის საზოგადოებას ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ბედიც აწუხებს.

5მემედ აბაშიძის ქუჩაზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა, რომლის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც არაერთხელ დაიწერა, წლებია მიტოვებული და მოუვლელია. შენობა დაკეტილია და მესაკუთრესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მაგრამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ძეგლის მდგომარეობაზე ინფორმაცია მაინც აქვთ. „შიგნით რა მდგომარეობაც იყო, ისევ ის მდგომარეობაა. ზემოდანაც შეიძლება გადახედვა, არის იქ ისეთი ადგილები. ხავსი და გვიმრები არ არის თემა და პრობლემა. ძეგლზე მდგომარეობის კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი.

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ ძეგლი დაზიანდება? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან „ბათუმელები“ სამი დღის განმავლობაში ცდილობდა. მინისტრის მოადგილის, იონა წითელაძის თქმით, შენობის მოვლის ვალდებულება მესაკუთრეს აქვს აღებული.

13052528_1266770700019569_739046744_oსააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ძეგლის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას – „თუ იქ ჩამონგრევა დაიწყება, ჩვენ მაშინვე მივწერთ მესაკუთრეს, რომ სასწრაფოდ იზრუნოს ძეგლის გამაგრებაზე, თორემ დაგაჯარიმებთ-თქო.“

N1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი სასტუმროს განთავსებას გეგმავდა. შპს „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის ფასადის უკან არსებულ ფართობზე 11-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის თხოვნით ერთხელ უკვე მიმართა. სააგენტომ ინვესტორს პროექტი დაუწუნა. გარდა ამისა, ინვესტორის გეგმებთან დაკავშირებით ბევრი არაფერია ცნობილი. ასევე უცნობია, ერთ დროს ქალაქის ყველაზე ეფექტური შენობის ფანჯრები როდემდე იქნება გვიმრებით დაფარული.

6პირველი აფთიაქი მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. შენობაში თავიდანვე ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა ყოფილა ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი. მოედანზე (დღეს ევროპის მოედანი) აშენებული სახლების ფასადები გემოვნებით ყოფილა გაფორმებული.

აფთიაქის შენობა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ შპს „ჟასმინს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. შენობის გამოსასყიდ თანხად კი მილიონი ლარი დაუწესა.

სოფლები საბავშვო ბაღის გარეშე, შენობა კი სხალთის ეპარქიის სარგებლობაში

შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ხიჭაურის ტერიტორიაზე, ყოფილ სამხედრო ბაზაზე არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში ბაგა-ბაღის აღდგენას უკვე წლებია ითხოვს. ბაღის გახსნის მოთხოვნით მოსახლეობამ წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც გაუგზავნა, თუმცა ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაა, შესაბამისად, მისი განკარგვის უფლება მხოლოდ ეპარქიას აქვს.

დაბა ხიჭაურში საპატრიარქოს ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის მიმდებარედ (ოღონდ არა უნივერსიტეტის შემოვლებული გალავნის შიგნით), საცხოვრებელი სახლების წინ, ორსართულიანი შენობა დგას. როგორც აქ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, შენობაში წლების წინ, როცა ხიჭაურში საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზა არსებობდა, საბავშვო ბაღი იყო. მას შემდეგ, რაც აქ სამხედრო ბაზა დაიშალა, საბავშვო ბაღიც გაუქმდა და შენობა უფუქციოდ დარჩა. ამჟამად შენობას არც კარები აქვს, არც ფანჯრები და საყრდენი კედლების ნაწილიც ალაგ-ალაგ ჩამომტვრეულია. ამორტიზებულ შენობას ახალი მხოლოდ სახურავი აქვს.

ხიჭაურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა საბავშვო ბაღის გახსნას სწორედ ამ შენობაში წლებია ითხოვს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობამ ამ მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. ბოლო ასეთი განცხადება, რომელსაც, როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, ხელს 200-ზე მეტი ადამიანი აწერს, აჭარის მთავრობიდან მიიღო შუახევის გამგეობამ, რადგან ბაღის გახსნის მოთხოვნით წერილი სოფლების მოსახლეობამ მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს გაუგზავნა, აჭარის მთავრობამ კი წერილი შუახევის გამგეობას გადაუგზავნა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში, შოთა აბაშიძე ამბობს, რომ ხიჭაურის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი ბაგა-ბაღის ის შენობა, სადაც ადგილობრივები ბაღის გახსნას ითხოვენ, 2007 წლამდე სახელმწიფოს ქონება იყო, 2007 წელს კი სახელმწიფომ უზურფრუქტის წესით საპატრიარქოს გადასცა. თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს, ხელშეკრულება შეცვალა და 10 წლის სარგებლობის ვადით შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად საპატრიარქოს გადასცა. შესაბამისად, შენობის განკარგვის უფლება დღეს საპატრიარქოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სხალთის ეპარქიას აქვს. შესაბამისად, იქ ბაღს ადგილობრივი გამგეობა ვერ გახსნის.

მოსახლეობის მოთხოვნა საფუძვლიანად მიაჩნია თავად მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ ებრალიძეს. გამგებელი ამბობს, რომ ამ შენობაში ბაღის გახსნას სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი აპირებს.

„მოსახლეობის მოთხოვნა ბაგა-ბაღის გახსნასთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანად მიმაჩნია. ბაღი, გახსნის შემთხვევაში, მოემსახურება როგორც ხიჭაურის დასახლებას, ასევე სოფლებს: ზედა ყანას, ცივაძეებს, ტაკიძეებს, ახალდაბას. არ არის გამორიცხული, რომ ქედის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამაც ისარგებლოს.
საუბარი მქონდა მეუფე სპირიდონთან. პირად საუბარში მან მითხრა, რომ რამდენიმე დღეში აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისთვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მომზადდება. ინჟინერ-კონსტრუქტორები შეამოწმებენ შენობის მდგრადობას, დაიდება დასკვნები. იმ შემთხვევაში, თუ არსებული შენობა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც უნდა მოეწყოს [საბავშვო ბაღი], არ დაიწყება რეაბილიტაცია“, – ამბობს გამგებელი.

იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ გაითვალისწინებს და ბაღს ვერ გახსნის, გამგებელი ამბობს, რომ ბაღის გახსნას ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს, რადგან მუნიციპალურ საკუთრებაში ხიჭაურის ტერიტორიაზე თავისუფალი ალტერნატიული ფართობი არ მოეპოვებათ, ახალი შენობის აგება კი ბევრ თანხას მოითხოვს: „ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ხიჭაურში ბაგა-ბაღი იყოს, ალტერნატიულ ფართობს მოვძებნით, თუმცა ამ ტერიტორიაზე ახალი ბაღის აშენებას 300 000 ლარი მაინც დასჭირდეს. ამ ოდენობის თანხის მოძიება მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტისთვის ადვილი არ არის“.

გაითვალისწინებს თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას და გახსნის თუ არა საბავშვო ბაღს ყოფილ შენობაში კვლავაც საბავშვო ბაღს? თუ ბაღს არა, მაშინ რის გახსნას აპირებს ეპისკოპოსი სპირიდონი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ეპისკოპოს სპირიდონის ჩაწერა არაერთხელ ვცადეთ, თუცა მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. „ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ხიჭაურში საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, რომელმაც განაცხადა, რომ შვებულებაში იმყოფება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართა.

სხალთის ეპარქიას სახელმწიფომ ძველი ბაღის შენობასთან ერთად 2007 წელს 18 შენობა და მთლიანობაში 61 776 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.

ძველი საბავშვო ბაღის შენობა ხიჭაურში ახლა სხალთის ეპარქიის საკუთრებაა / ფოტო: ეკა ბარამიძე

200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ.

პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში წელს უნდა ამოქმედდეს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ უთხრა. მისი თქმით, აქამდე ფაკულტეტები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში და გრანტების საშუალებით გამოსცემდნენ ნათარგმნ ლიტერატურას.

„წელს ბიუჯეტში გამოვყეთ 200 000 ლარი სწორედ ამ მიმართულებისთვის. ახლა აკადემიურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს წესდება და განისაზღვროს, ვინ იმუშავებს ამ საკითხებზე, როგორ შედგება კომისია, რა პრიორიტეტებით განსაზღვრავს ლიტერატურის არჩევის წესს და ა.შ.“, – ამბობს ჯემალ ანანიძე.

„ვერ გეტყვით, რომ რომელიმე თარგმანი სექტემბრისთვის გამოცემული გვექნება, რადგან აქ უამრავი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ ეს პროგრამა უკვე მუშაობის პროცესში უნდა იყოს სექტემბრისთვის“, – უთხრა “ბათუმელებს“ ნათია წიკლაშვილმა, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში.

როგორც უნივერსიტეტის პროფესორები აღნიშნავენ, მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტში, ძირითადად, არასააუდიტორიო დატვირთვის საათებში მიმდინარეობს. ნათარგმნი ლიტერატურის გამოცემა და ამ სამუშაოებისთვის სისტემური სახის მიცემა კი აქამდე ვერ ხერხდებოდა საავტორო უფლებების მოპოვების, დაფინანსებისა და სხვა სამართლებრივი სირთულეების მიზეზით. „პროფესორს აქვს არასააუდიტორიო დატვირთვა, რაც გულისხმობს სამეცნიერო მუშაობას, სტატიის დაწერას, სახელმძღვანელოს თარგმნას და ა.შ. ერთ-ერთი კომპონენტი თარგმნაა“, – ამბობს ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ბერიძე.

ამავე ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ირაკლი გორგილაძის თქმით, თითქმის ყველა სასწავლო კურსში მოიძებნება ნათარგმნი მასალა, რომელსაც პროფესორ-მასწავლებლები სწავლების პროცესში იყენებენ. გარდა არასააუდიტორიო საათებისა, რომელიც ანაზღაურებადია, მოწვეული პედაგოგები, რომლებსაც არასააუდიტორიო დატვირთვის საათები არ ეხებათ, საკუთარი ინიციატივით თარგმნიან რიგ მასალებს, თუმცა საავტორო უფლებებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების მოუწესრიგებლობის გამო, როგორც ირაკლი გორგილაძე ამბობს, ნათარგმნ მასალას მხოლოდ „ჰენდაუთებად“ [მასალები ბეჭდური სახით] და „რიდერებად“ [საკითხავი მასალა ელექტრონულ ფორმატში] იყენებენ.

„ბათუმელების“ შეკითხვას, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სულ რამდენი სტატია, წიგნი ან სხვა სახის ლიტერატურა თარგმნეს, ირაკლი გორგილაძემ უპასუხა: „ფაკულტეტზე ნათარგმნია ექვსი აკადემიური გამოცემა, რაც გულისხმობს სოლიდურ ნაშრომს დარგში. ახლა დავიწყებთ ბოლო ორი წიგნის ავტორებთან მოლაპარაკებას და შესაძლოა, გამოიცეს კიდევაც“.

ტურიზმის ფაკულტეტზე მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაკულტეტზე თარგმნეს და გამოსცეს მხოლოდ ერთი წიგნი, ისიც ამერიკული გრანტის ფარგლებში. ირაკლი კორძაიაც ამბობს, რომ პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა ლიტერატურას თარგმნიან საკუთარი სასწავლო კურსებისთვის, რასაც სასწავლო მასალებში უთითებენ. იგი ნათარგმნი ლიტერატურის ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს. „ასეთ მასალას ვერ მოიძიებთ, მაშინ ინდივიდუალურად უნდა შეხვდეთ და დაელაპარაკოთ [პროფესორ-მასწავლებლებს]. ყველა მუშაობს ინდივიდუალურად“, – აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ განთავსებულ მონაცემებში მხოლოდ ორი წიგნია მითითებული. მათ შორის ერთ-ერთი – „სტრატეგიული მენეჯმენტი“ 2010 წელსაა გამოცემული, მეორეს – „საუზმე ტიფანებთან~ კი არ აქვს მითითებული გამოცემის წელი. როგორც გამომცემლობის დირექტორმა ნანა ხახუტაიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ეს მონაცემები არ არის სრულფასოვანი, თუმცა ცალკეულ თარგმანებზე თავად გამომცემლობა არ მუშაობს, ის მზა ფაილს სტამბაში აგზავნის. „ჩვენ ტექსტსაც არ ვკრეფთ, ინფორმაცია, რა ითარგმნება და რამდენი – ჩვენ არ გვაქვს“, – თქვა ნანა ხახუტაიშვილმა.

სხვადასხვა წყაროდან სასწავლო ლიტერატურის, სტატიებისა და კვლევების თარგმნა აუცილებელია და ეს სტუდენტებს მსოფლიო გამოცდილების გაზიარებაში და უკეთესი განათლების მიღებაში დაეხმარება – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი მალვინა გოგიტიძე, რომელიც უნივერსიტეტის სტიპენდიანტია. „ბათუმელებთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ მართალია, იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც უცხო ენიდან ნათარგმნი სასწავლო ლიტერატურით სწავლობდა, თუმცა ეს თარგმანიც იმდენად გაუმართავი იყო, აჯობებდა ორიგინალში ყოფილიყო ან ისევ ქართველი ავტორის მასალით ჩაენაცვლებინათ. სწავლება კი ძირითადად ერთ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით მიმდინარეობს, რომლის ავტორიც თავად ლექტორია.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ივნისში ჩატარდება

ფესტივალის – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან წელს 8 399 ლარს დახარჯავს. სწორედ ეს თანხა დაასახელა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში შპს „კრეატივ-ჯგუფმა“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ფესტივალი ბათუმში 8-9 ივნისს ჩატარდება.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „კრეატივ-ჯგუფს“ ხელშეკრულების გაფორმება უკვე შესთავაზა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო [კომპანია გასული წლის თებერვალშია რეგისტრირებული].

კომპანიის მიერ სამინისტროსთვის მისაწოდებელ მომსახურებაში უნდა შევიდეს:

სასტუმროს მომსახურება (სამჯერადი კვებით) ქალაქ ბათუმში (7 პირი) 7-10 ივნისი;  მონაწილეთა ტრანსპორტირება მიკროავტობუსით არანაკლებ 18 ადგილიანი (თბილისი-ბათუმი-თბილისი, ასევე ბათუმში შიდა მომსახურეობა); მონაწილეთა გზაში კვება (ორჯერ, 7 და 10 ივნისს) (ზესტაფონი ან ქუთაისი), აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ პირს წინასწარ გადასცეს ყოველ დღეზე 15-15 ლარი;

საზეიმო ვახშამი ფესტივალის დახურვის შემდეგ (20 პირი) 9 ივნისი. სავარაუდო მენიუ: ცივი კერძები – 2 სახეობის; ცხელი კერძები – 9 სახეობის; სალათები – 2 სახეობის; მჟავე ასორტი – 1; გამაგრილებელი სასმელები – 3 სახეობის; პური, მჭადი, ხაჭაპური, ღვინო;

მომსახურებაში ასევე შედის – ბროშურების, პროგრამების, ბილეთების/მოსაწვევების ბეჭდვა (1000 ცალი), აფიშები, სცენის გაფორმება ყვავილებით (გირლიანდი 15 მეტრი); თაიგულები მონაწილეთათვის 2 ცალი (არანაკლებ 8 ვარდი თითოეულ თაიგულში); ფოტო-გადაღება და სხვ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და აკაკი რამიშვილის ფონდის „ტრადიცია და ინოვაცია“-ს მიერ დაფუძნდა და დედაქალაქსა და რეგიონებში იმართება.

წელს, ფესტივალი თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ხელოვან მანანა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენით გაიხსნება.

აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასი ადამიანით შემცირდა

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელთან შედარებით დაახლოებით 40 ათასი ადამიანითაა შემცირებული. ამავე პერიოდში კი მთელი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანით შემცირდა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა 333 953 ადამიანი იყო, აქედან 152 839 ქალაქის მაცხოვრებელი [2002 წლის აღწერის მიხედვით აჭარაში 376 016 ადამიანი ცხოვრობდა]

მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით:

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღეს აჭარაში 337 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 154 600 ბათუმში [მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა ბათუმში ძირითადად განპირობებულია ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებით].

აღწერა

გურიაში ლელობურთის სათამაშოდ ემზადებიან [ფოტო]

თამაში დღეს, პირველ მაისს, დაახლოებით 17 საათზე დაიწყება, მანამდე შუხუთში, სპორტული და სხვა ღონისძიებები იმართება.

ლელობურთი გურიაში ტრადიციულია და ის ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში იმართება. ლელობურთში ერთმანეთს სოფელ ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან.

2015 წელს გურიაში ლელო მსხვერპლით დასრულდა – შუახნის მამაკაცი თამაშის დროს გარდაიცვალა, თუმცა თამაში მაინც გაგრძელდა.

13152735_1724185304487915_1627976383_n

ლელობურთი 2016

ლელობურთი 2016

ლელობურთი 2016

ლელობურთი 2016

ლელო 2016 - ჭიდაობაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

ლელობურთი 2016
შუხუთი, 2016 / სალომე ვარაბიოვსკის ფოტოები

 

ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში 40-სართულიან სასტუმროს ააშენებენ?

აჭარის მთავრობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, რომლითაც სამინისტრომ რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში კერძო კომპანიას 7 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ჩამოართვა. ტერიტორია კომპანია „აქთივ ბათუმს“ გარკვეული ვალდებულების აღების სანაცვლოდ 6 წლის წინ გადაეცა. სკვერის ამ ნაწილისა და განსახორციელებელი ინვესტიციის ბედი დღემდე გაურკვეველია.

„მაგ ტერიტორიის შემოღობვასთან, შენობის სართულიანობასთან და კოეფიციენტთან დაკავშირებით ბათუმის მერიასთან გვქონდა მიმოწერა თავის დროზე; მშენებლობის ნებართვის მიღების კუთხითაც იყო დაწყებული მუშაობა, თუმცა ამ დროისთვის სამშენებლო ნებართვა არ გვაქვს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ „აქთივ ბათუმის“ მენეჯერმა მამუკა ზაქარაძემ.
მისივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრებს: „ამ ეტაპზე მთავარია გაირკვეს ტერიტორიის ბედი“.

13084231_1009714325785609_1156306999_nტერიტორია, რომელიც ბათუმის ცენტრში, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მდებარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის საკუთრებად 2015 წლის 5 თებერვალს ხელახლა დაარეგისტრირა. სამინისტრომ მანამდე „აქთივ ბათუმს“ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ვალდებულებები გაუუქმა [შესაბამისად, ტერიტორიაზე საკუთრების უფლებაც]. სამინისტრო კომპანიას ხელშეკრულებით გაწერილი ვადების დარღვევაში ედავებოდა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს ამჯერად სამინისტროს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „აქთივ ბათუმთან“ ამ დროისთვის რაიმე შეთანხმება მიღწეული არ არის: „ვადები აქვს დარღვეული, ვალდებულებები შეუსრულებელი იმ ნაკვეთზე, რომელიც საკუთრებაში ჰქონდა კომპანიას გადაცემული. დღეს ეს არის თავისუფალი მიწის ნაკვეთი. ადრე გავაუქმეთ ხელშეკრულება, მაგრამ აჭარის მთავრობაში გაასაჩივრა კომპანიამ და მთავრობამ დააბრუნა უკან… ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული“.

იმ დოკუმენტებში, რაც სამინისტროდან გადმოგვიგზავნეს, „აქთივ ბათუმთან“ დაკავშირებით აღნიშნულია: „მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის პროცედურები“.

კომპანია „აქთივ ბათუმს“, რომელიც ბათუმში ყოფილ ფოსტის შენობასაც ფლობს, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე 40-სართულიანი სასტუმრო და გასართობი ცენტრი [მათ შორის კაზინო] უნდა აეშენებინა. კომპანია ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან [ანუ, 2010 წლის 30 მარტიდან] 24 თვის ვადაში მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა; აღებული ვალდებულებების საბოლოოდ შესრულებისთვის კი ვადა კომპანიას 2017 წლის 30 მაისამდე ჰქონდა.

13140628_1009709522452756_2134732740_nაჭარის მთავრობას აღნიშნული ნაკვეთი მაშინ 2 207 205 ლარად ჰქონდა შეფასებული. „აქთივ ბათუმს“ კი 500 ათას დოლარად გადასცეს. ამავე კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის წესით, 6 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული „ფოსტის შენობა“ მიყიდეს – 2,5 მილიონ დოლარად. ორივე პროექტის განხორციელებაში კი „აქთივ ბათუმს“ 30 მილიონზე მეტი დოლარი უნდა დაეხარჯა.

შპს „აქთივ ბათუმი“ იმ ხუთ პრობლემურ კერძო და იურიდიულ პირს შორისაა, რომლებთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული.

ამ ხუთეულში ასევე შედის:

ილია ბაღათურია, რომელსაც 2014 წლის 28 ივნისამდე ანგისაში გასართობი ცენტრი უნდა აემოქმედებინა [შენობა აშენებულია, თუმცა ბათუმის მერია ექსპლუატაციაში არ ღებულობს. „მერიამ მოგვწერა, რომ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ბაღათურია კი თვლის, რომ მერია უსაფუძვლოდ ამბობს უარს შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე. ამ საკითხს რომ დაარეგულირებენ, შემდეგ გადავწყვეტთ – ჩავუთვლით თუ არა ვალდებულებას შესრულებულად“ – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში];

შპს „ეიერ-მერიდიანი“ – ამ კომპანიას კახაბრის დასახლებაში უნდა აემოქმედებინა სასტუმრო და სამორინე [სამინისტრო აცხადებს, რომ ბე-ს თანხა გადახდილი აქვს, თუმცა დარღვევები აქვს გარკვეულ ვალდებულებებში; პირობების შეუსრულებლობის გამო კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება];

სს „გომარდული“, რომელმაც სამინისტროს ინფორმაციით, პირობები დაარღვია [უნდა აეშენებინა სასტუმრო სახლები, რესტორანი, მინი სტადიონი], თუმცა, სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურთან აქვს დაწყებული გარკვეული მოლაპარაკებები;

და ბოლოს, შპს „ბიოპოლუსი“, რომელმაც პირობები, ასევე სამინისტროს მონაცემებით, ვერ შეასრულა, მასზე გადაცემული ქონება კი დაყადაღებულია [სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში ქონების უკან დაბრუნების პრობლემა შეიქმნება, ამიტომ გამოსავლის ძიებაში არიან].

მოახლოებული ზღვის სეზონი და წყლის ხარისხი

სარფიდან ჩოლოქამდე მონაკვეთში ზღვის წყლის ხარისხი საუკეთესოა სარფსა და კვარიათში, ხოლო შედარებით ცუდია ბათუმის ცენტრალური პლაჟისა და ბარცხანის დასახლების მიმდებარედ. „ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამება და ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი უმჯობესდება,“ – განაცხადეს გარემოს დაცვის სამმართველოში.

სარფი
სარფი

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ წელს სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი უკვე დაიწყო და პირველი ლაბორატორიული კვლევის შედეგიც ცნობილია.

ზღვის წყლის სინჯებს სამმართველო რვა წერტილში იღებს – სარფი, კვარიათი, ბათუმი [აკვაპარკთან და ცენტრალურ პლაჟთან], ბარცხანა, მწვანე კონცხი, ბობოყვათი, ქობულეთი [გამგეობის შენობის მოპირდაპირედ].

ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა ექვს კომპონენტს მოიცავს: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [კოლი-ინდექსი], ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები ლნჩ, კოლიფაგი [ეშერიხიას ფაგი], ფეკალური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი და პათოგენები [მათ შორის სალმონელა].

ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმების რაოდენობა წყლის 1 დმ/კუბში არ უნდა აღემატებოდეს: ნაწლავის ჩხირის შემთხვევაში – 10 ათასს, ლნჩ – 5 ათასს, კოლიფაგი – 100-ს, სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი ნაკლები უნდა იყოს 1000-ზე, ხოლო სალმონელა წყალში საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

პლაჟი
ბათუმის პლაჟი

„სალმონელა რომ აღმოჩნდეს წყალში, უნდა აიკრძალოს ზღვაში შესვლა. ამ მაჩვენებლებიდან მთავარი მაინც ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებია, რომლებიც პირველი კვლევის შედეგით, ყველაზე მეტია ბარცხანაში, აკვაპარკთან და მწვანე კონცხთან, თუმცა, დასაშვებ ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად უარესდება ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც. მაგალითად, ბარცხანის პლაჟის მიმდებარედ დღეს ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების მაჩვენებელი არის 2400, აგვისტოში შესაძლოა ამ მაჩვენებელმა 7 000-ს მიაღწიოს, თუმცა ნორმით, 10 000-ს არ უნდა აღემატებოდეს [2013 წელს, მაგალითად, თითქმის ზღვარს მიუახლოვდა – 9 500 იყო]. ადამიანი რომ გადაყლაპავს ზღვის წყალს, გულის რევას, დიარეას ეს ბაქტერიები იწვევს,“ –  ამბობს „ბათუმელებთა“ სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი ნუგზარ პაპუნიძე.

„ბათუმელებმა“ სამმართველოდან 2013-2015 წლების კვლევის შედეგებიც გამოითხოვა. მოწოდებული მონაცემებით, აჭარის სანაპირო ზოლში ბოლო სამი წლის განმავლობაში ზღვის წყლის ხარისხი, ფაქტობრივად, უმნიშვნელოდაა შეცვლილი, თუმცა სამმართველოში ამბობენ, რომ ხარისხი უმჯობესდება.

„ადლიის გამწმენდი ნაგებობა რაც ამოქმედდა, საკანალიზაციო წყალი იწმინდება როგორც მექანიკურად, ასევე ბიოლოგიურად და შემდეგ ეშვება ზღვაში. ამან დადებითად იმოქმედა ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე 2012-2013 წლებთან შედარებით, თუმცა ერთბაშად ეს არ აისახება და პერიოდულად გამოჩნდება,“ – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

ზღვის წყლის მთავარ დამაბინძურებლად რჩება სანაპირო ზოლის ობიექტები, მცურავი საშუალებები, ბათუმის ნაგავსაყარი და მდინარეები. ასევე ავტოსამრეცხაოები და ზედაპირული ჩამდინარე წყლებიც [სანიაღვრე არხები], რომლებშიც გასულ წელს ნორმაზე მეტი აღმოჩნდა საერთო აზოტი, ფოსფორი და სხვა მიკროელემენტები.

ბათუმი
ბათუმი

სანიაღვრე არხები მიმდინარე სეზონზეც ღიად ჩაეშვება ზღვაში. ჟილინის არხზე გამწმენდი ნაგებობის მოწყობა გადაწყვეტილია, თუმცა მხოლოდ კონცეპტუალური პროექტი არსებობს; ნინოშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების სანიაღვრე არხებიდან კი წყალი ერთ რეზერვუარში შეიკრიბება, დაილექება, ნალექი გადაიქაჩება საკანალიზაციო ქსელში, დარჩენილი წყალი გადავა მეორე რეზერვუარში, სადაც კიდევ გაიფილტრება და შემდეგ ჩაეშვება ზღვაში, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით ნაპირიდან. ეს გამწმენდი/სატუმბი სადგური 2017 წელში დამონტაჟდება მიწის ქვეშ, ბულვარში, ე.წ. ჩინურ რესტორანთან.

ნინოშვილის ქუჩის არხის მეორე მხარე ღიად ჩადის ზღვაში იახტკლუბთან; ასევე სანიაღვრე არხი ჩადის ზღვაში ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, შავშეთის ქუჩიდან შემომავალი სანიაღვრე არხი კი, ზღვას პორტში უერთდება.

რაც შეეხება მდინარეებს – ჭოროხი, მეჯინისწყალი, ბარცხანა და ყოროლისწყალი ასევე ღიად უერთდება ზღვას. ჭოროხთან არსებულ ნაგავსაყარს თუ გამოვრიცხავთ, ყველაზე პრობლემურია მდინარე ბარცხანა, ასევე ყოროლისწყალიც, რომლებშიც გოროდოკი-ბარცხანა-თამარის დასახლებებიდან ნახევრად გაუფილტრავი საკანალიზაციო წყალი ჩაედინება, შესაბამისად ფეკალიები ხვდება ზღვაში. ამ დასახლებებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაწყებულია და ეს უბნები ცენტრალურ ქსელში 2017 წლის ბოლოს ჩაერთვება.

ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის თქმით, დაგეგმილია მახინჯაურის ზღვისპირა ზოლში კანალიზაციის სისტემის მოწყობა მობილური გამწმენდი ნაგებობით [ანუ ეს ქსელი ცენტრალურ ქსელში არ ჩაირთვება]. ასეთი მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებულია ჩაქვში. 2019 წლამდე თამარის დასახლებიდან მდინარე მეჯინისწყლამდე არსებულ ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო ქსელი მთლიანად მიერთებული იქნება ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. „რაც შეეხება უშუალოდ ადლიას და ხელვაჩაურის დარჩენილ შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, პარალელურად დაიწყება ამ ადგილების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ფინანსების მოძიება. სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით შესრულდება,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში.

გარემოს დაცვის სამმართველო ზღვის წყლის ხარისხის შემოწმებას პირველ ნოემბრამდე გააგრძელებს: „მიკრობიოლოგიურად გამოკვლეული იქნება ზღვის წყლის 150 სინჯი… სინჯებს შეარჩევენ მოსახლეობისა და დამსვენებელთა აქტიური დასვენების ადგილების მიხედვით. ზღვის წყლის მონიტორინგი საბანაო სეზონზე [მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში] თვეში სამჯერ განხორციელდება, დანარჩენ თვეებში კი ორ-ორი გასვლაა დაგეგმილი. კვლევას ახორციელებს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი~.
სამმართველო ბარცხანის მიმდებარე ზოლში ბანაობის რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა, რომ აქ წყლის ხარისხი ნორმაშია, არ იძლევა. მდგომარეობა ამ მონაკვეთში საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგების შემდეგ გამოსწორდება.

„ნარჩიტა“ – სამსუნის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლი ბათუმში

6 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ  ცენტრში, წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი ბალეტი –  „ნარჩიტა“.

სპექტაკლს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის, სამსუნის ოპერისა და ბალეტის  დასი.  „ნარჩიტა“ პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმში.

როგორც „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში“ გვეუბნებიან, მუსიკალური ცენტრი სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრთან  დიდი ხანია თანამშრომლობს. „ნარჩიტას“ წარმოდგენის შემდეგ, სამსუნის  ოპერისა და ბალეტის თეატრი  ბათუმის საოპერო დასის სპექტაკლს – „ტოსკას“ უმასპინძლებს.

როგორ ეხმარება ფსიქოლოგი მოსწავლეს

მანდატურის სამსახურებთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში, ბათუმში, ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. პროექტი ფსიქიატრის მომსახურებასაც ითვალისწინებს, თუმცა ბათუმის ცენტრში ასეთი კადრი არ ჰყავთ. ცენტრის ვალდებულებაა ორ რეგიონში – აჭარასა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ბათუმში, ანგარიშის მიხედვით, 371-მა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა.

ია ძაგანია ფსიქლოგიური დახმარების ცენტრში განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, ყველა ფსიქოლოგი, მათ შორის თავადაც, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობს. ია ძაგანია ამბობს, რომ ცენტრში ბავშვები და მოზარდები სკოლის მანდატურის სამსახურის რეკომენდაციით მიდიან, თუმცა მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული და პირველი გასაუბრებაც მშობელთან ერთად ხდება: „პრობლემის გაცნობის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას ბავშვთანაც და მშობელთანაც“.

ცენტრის ფსიქოლოგია მარიამ სტეფნაძეც. მისი თქმით, წლის განმავლობაში ფსიქოლოგებთან შეხვედრა ასზე მეტ ბავშვს და მოზარდს უწევს. ძირითადად ქცევითი პრობლემები იკვეთება.
ცენტრის კიდევ ერთი ფსიქოლოგი თეონა შანთაძე განმარტავს, რომ ქცევითი პრობლემა მაშინ ვლინდება, როდესაც ბავშვი აგრესიულია ან ასოციალური: „აგრესიას იწვევს ბევრი რამ, მათ შორის ის გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს, სწავლობს, სადაც მეტ დროს ატარებს. ქცევით პრობლემებს იწვევს სოციალური პრობლემებიც“.

DSCN9351
ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვებში აგრესიისა და შფოთვის მატებას კომპიუტერული თამაშებიც იწვევს: „თითქმის ყველა ბავშვი, რომელიც ამ მიზეზით იყო მოსული ჩვენთან, ხშირად თამაშობს საბრძოლო, აგრესიულ თამაშებს, რომელიც შემდეგ იწვევს შფოთვას, უძილობას და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, რომ ასეთ დროს ჩანაცვლებითი თერაპია გამოიყენონ“.

ფსიქოლოგის თქმით, ჩანაცვლებით თერაპიაში ყველაზე კარგი გამოსავალი ეზოში თამაშია, „თუმცა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეს საცხოვრებელი სახლების უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ეზო, პარკში კი ბავშვი მშობლის გარეშე ვერ გადის. ამიტომ, კომპიუტერთან მიჯაჭვულობის საფრთხეები რომ აიცილოს ბავშვმა, აუცილებელია შვილთან ემოციური ურთიერთობის შენარჩუნება. მშობელი ხშირად უნდა მოეფეროს ბავშვს, აზრები გაუცვალოს, დაელაპარაკოს, ზღაპრები მოუყვეს, რადგან ეს პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს გარდატეხის ასაკში“.

თეონა შანთაძის აზრით, ხშირად მშობლების უმეტესობა საკუთარ როლს შვილთან მიმართებაში, ძირითადად, მატერიალური საკითხების მოგვარებაში ხედავს. „რაც არ უნდა უჭირდეს ოჯახს, შვილისთვის კომპიუტერს მაინც ყიდულობს. ფიქრობენ კიდეც, რომ ამით „მაქსიმუმი“ გააკეთეს. ეს არასწორია“.

 

DSCN9341
ფსიქოლოგი ნათია ყაველაშვილი ამბობს, რომ თუ მშობელი არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ფსიქოლოგის მუშაობას შედეგი არ ექნება: „ბევრ მშობელს აქვს პრობლემა აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით, აქვთ არასწორი აკრძალვები და დასჯის მეთოდები. ჰგონიათ, რომ დასჯა მხოლოდ ცემაა. არ იყენებენ შექება-წახალისების ფორმებს, ზოგჯერ დარღვეული აქვთ ელემენტარული –  ემოციური კონტაქტიც კი შვილებთან“.

ფსიქოლოგების თქმით, ზოგჯერ პატარა რეკომენდაციაც კი, თუ მშობელი იგებს, კარგ შედეგს იძლევა, ხოლო იმ შემთხვევბაში, როცა მშობელს არ სურს შეცდომების აღიარება, საერთოდ უარს ამბობს ფსიქოლოგთან ურთიერთობაზე.

„მიჰყავს ბავშვი და წყვეტს მუშაობას, რაც ძალიან ცუდია. ფაქტობრივად, წყალში იყრება ყველაფერი. მშობლებს, ვისთანაც ვმუშაობთ, ამ ყველაფერს ვუხსნით. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი მოდის და გვეუბნება. „აი ჩემი ბავშვი და გამოასწორეთ, როგორც გინდათ“. როცა ვეკითხებით, მან რა გააკეთა შვილის მდგომარეობის შესაცვლელად, პასუხი არ არის,“ – ამბობს ნათია.

თეონა შანთაძის თქმით, „გამოსწორებაში“ ზოგიერთი მშობელი გულისხმობს, რომ ბავშვი მშობლის მორჩილი გახდეს.

 

DSCN9361
„არ მიჯერებს, ცელქია. ერთს რომ ვეტყვი, არ ესმის. მას უნდა, რომ ბავშვს მშობლის სხეულის ენა ესმოდეს და წარბს რომ აწევს და მენტორული ტონით რაიმეს უბრძანებს, ეს უპასუხოდ მიიღოს. არადა, ასეთ დროს ბავშვი თავს გრძნობს დაჩაგრულად, როცა აიძულებენ მას აკეთოს ის, რაც მას არ უნდა.“

ფსიქოლოგის აზრით, როცა მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას, მოზარდობის დროს ასეთ ბავშვებს დაბალი თვითშეფასება აქვთ და დეპრესიულები ხდებიან. „ცეკვა არ გინდა, სპორტი გირჩევნია, წითელი შარვალი არ გინდა, მწვანე ჯობია, –  მუდმივად ასეთი კარნახი ბავშვის აქტივობას აფერხებს. ამიტომ ჩნდება პრობლემები გარდატეხის ასაკში. გარბიან მოზარდები სახლიდან ან იკეტებიან ოთახში, აქვთ კონფლიქტი მშობლებთან, რისი შემთხვევებიც იყო ჩვენს პრაქტიკაში.“

მარიამ სტეფნაძის თქმით, მათ ყველაზე ხშირად ბათუმის სკოლებიდან მიმართავენ. იშვიათად არის მიმართვები გურიის რეგიონადაც. „ამას ალბათ მანძილი განაპირობებს, რადგან არც თუ ისე ადვილია ამხელა გზაზე წამოსვლა. პრობლემები თითქმის იდენტურია. არის ბულინგის ფაქტებიც, როცა მაღალკლასელები უმცროსკლასელებს ფულს სძალავენ, არის დამცირების, ჩაგვრის შემთხვევები. გვქონდა შემთხვევა, როცა ბულინგის გამტარებელ მოზარდთანაც ვიმუშავეთ. ხშირია ფაქტები, როცა ძალადობის მსხვერპლი მოზარდები შემდეგ მოძალადეები ხდებიან“.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ არ ჰქონია ბულინგის ფაქტები რელიგიურ ან ქსენობოფიურ ნიადაგზე. „თუმცა არის შემთხვევები, როცა მშობლები ეუბნებიან შვილებს, რომ განსხვავებული რელიგიის მქონე ბავშვებთან დისტანცია დაიჭირონ, რადგან მათ განსხვავებული კულტურა და ტრადიციები აქვთ. ეს ასევე პრობლემაა, რადგან ასეთი „დარიგებები“  იწვევს ბავშვების გაუცხოებას, ნაკლებ კონტაქტებს და ნაკლები ნდობა და მეგობრობაა მათ შორის“.

ფსიქოლოგის თქმით, დახმარება სჭირდებათ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც მშობლები უცხოეთში ჰყავთ და ნათესავებთან ცხოვრობენ. „მათ მუდმივად აქვთ მონატრების, მარტოობის განცდა. მოდიან, გვესაუბრებიან და მიდიან ისევ თავიანთ რეალობაში. ამიტომ აუცილებელია ასეთ მოზარდებს ერთი ადამიანი მაინც ჰყავდეთ სახლში, ვისთანაც უფრო იმეგობრებენ“.

DSCN9359
ცენტრში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი, ლია გრიგოლია მუშაობს. როგორც ლია გვეუბნება, მას ბავშვის ოჯახში მისვლისა და ფაქტების გადამოწმების უფლება არ აქვს: „პრობლემის შემთხვევაში მე მხოლოდ მშობელთან საუბარი შემიძლია და ისიც აქ, ცენტრში“.

სოციალური მუშაკი ან ცენტრის ფსიქოლოგი ვერ ერევა მოსწავლისა და მასწავლებლის კონფლიქტშიც. „ჩარევის უფლება არ გვაქვს“, –  ამბობენ ისინი. თუ ბავშვზე ძალადობენ, მათ უფლება აქვთ ინფორმაცია გადასცენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან საპატრულო პოლიციას.

საქართველოში მოზარდთა და ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების სულ ექვსი ცენტრია. ბათუმის ცენტრი პუშკინის ქუჩაზე, 145 ნომერში ფუნქციონირებს.

2014 წელს ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს 582-მა პირმა მიმართა, აქედან, ბათუმის ცენტრს –  109-მ. 2015 წელს, ექვსი ცენტრის მონაცემებით, ფსიქოლოგთან 1230 პირი მივიდა, ბათუმში –  196. წელს, პირველი კვარტალის მონაცემებით, ფსიქოლოგს მიმართა 474-მა, აქედან ბათუმში –  66-მა ადამიანმა. მანდატურის სამსახურებთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრები საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველად ბაღების საერთაშორისო გამოფენაზე

ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  ბაღების და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე „EXPO 2016 ANTALYA“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავს გამოფენაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.

ბაღების საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA” თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნა და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია.

გამოფენაში მონაწილეობს თურქეთის სხვადასხვა რეგიონი, ასევე, კანადა, ჩინეთი, კორეა, იაპონია, აზერბაიჯანი, ავსტრია, ჰოლანდია და ა.შ“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

bda21a3de09b2c516bfbd9f8b473ff94

მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

 ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს 30 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში ,,მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში” გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი 1 მაისს, 17:00 საათიდან ჩატარდება.
 მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. „გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან“.
ტურნირი ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარია გამოყოფილი.
ტურნირი ბათუმის სპორტსკოლაში გაიმართება.

ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

მაგიდა 12 სავარძლით, მიკროფონები და ვიდეოკამერები, სათათბირო ოთახი, სასადილო – ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადაა, პროცესი ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, ჯერ არც მსაჯულები გამოჩენილან და არც პირი, ვინც მოსამართლის ნაცვლად, სიმართლის დადგენას ნაფიც მსაჯულებს მიანდობდა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა და საქმის განხილვა მსაჯულებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდეს ბრალდებულებმა. 2012 წლის ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოს საქმეების განხილვა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს – ქუთაისის სასამართლოში შეიძლებოდა. ამავე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც მოეწყო დარბაზი ნაფიცი მსაჯულებისთვის. კანონის მიხედვით, აქ მხოლოდ „სამოხელეო დანაშაულებში“ ბრალდებულთა საქმეები უნდა განეხილათ.

რატომ არ გაუჩნდა სურვილი „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებულ რომელიმე პირს, ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით? – ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ამ ინსტიტუტის შესახებ, ასევე კონკრეტულად იმაზე, რომ „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებულების საქმის განხილვა ქვეყნის მასშტაბით ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ ბათუმის სასამართლოში შეეძლოთ. „მე რამდენიმე მყავს „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებული პირი, მაგრამ არც ერთ მათგანს გამოუთქვამს ამის სურვილი. ადამიანების დიდი ნაწილი უფრო ენდობა მოსამართლეს, ვიდრე ნაფიც მსაჯულს, რომელიც სისხლის სამართლის მცოდნე არ არის“, – გვითხრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ.

„თქვენგან გავიგე ამის შესახებ, რომ შეიძლებოდა ამ უფლებით მესარგებლა. არ ვიცი, მივმართავდი თუ არა ნაფიც მსაჯულებს, რომ მცდონოდა წინასწარ“, – გვიპასუხა არჩილ ვანაძემ, რომელიც ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეა და მას პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

ახლა უკვე ვინმეს სურვილიც რომ გაუჩნდეს, ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულებს ვერ მიმართავს. ბოლო ცვლილება კანონში 2015 წლის გაზაფხულზე შევიდა, რომლის მიხედვით ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2016 წლის ოქტომბრამდე გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება განაპირობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი სისხლის სამართლის საქმეების დიდმა რაოდენობამ და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის პრაქტიკულმა პრობლემებმა… ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას აჭიანურებს შერჩევის პროცედურა.

სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 50%-მდე, რაც არასაკმარისი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად… ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით შერჩევის რამდენიმე სხდომის ჩატარება, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ფინანსურ, ადამიანურ და დროის დანახარჯებთან. დღეის მდგომარეობით, სასამართლოების წარმოებაშია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებულთა მიერ განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევა, თუმცა ჭიანურდება შერჩევის პროცესი, მაშინ როცა აღნიშნულ საქმეებზე წინასასამართლო სხდომები გაიმართა რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული გარემოება იწვევს კანონმდებლობით დადგენილი გონივრული ვადის დარღვევას და უმეტეს შემთხვევაში გადის 9-თვიანი საპატიმრო ვადა, რაც იწვევს პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ბრალდებული პირი რჩება აღკვეთის ღონისძიების გარეშე“.

„ხელისუფლება შეგნებულად აკნინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს“, – ასე აფასებს ნაფიც მსაჯულთა ცარიელ დარბაზს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქართული სამართლებრივი სივრცისთვის არის სრულიად ახალი ინსტიტუტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. საწყის ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ მის სრულ ამოქმედებას ამაოდ ელის საზოგადოება.

კანონში ვადების გადაწევამ და ნაფიც მსაჯულთა მოქმედების არეალის შემცირებამ დააკნინა ინსტიტუტის მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც საზოგადოების მზაობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ საზოგადოებას ამ ინსტიტუტის მიმართ ექნება ნეგატიური დამოკიდებულება, მაშინ მივიღებთ ფუჭად დახარჯულ სახელმწიფო რესურს, რაც ისევ მართლმსაჯულებას დააზარალებს. საჭიროა სახელმწიფომ გადადგას რეალური ნაბიჯები და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. შეიძლება, ბრალდებულებს, რომელთა საქმეებიც არ განიხილება ქუთაისსა და თბილისში ჰქონდეთ სურვილი იმისა, რომ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, მაგრამ მათ ამის უფლება კანონით შეზღუდული აქვთ. ეს შეიძლება განვიხილოთ დისკრიმინაციულ მოპყრობად“.

საკანონმდებლო ცვლილებაში, რომლითაც ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებამოსილება შეჩერდა, ასევე წერია, რომ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა „თანამდებობის პირთა ბრალდების საქმეების სიმრავლე“.

პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, სამსახურებრივ გულგრილობისთვის 2014 წელს 40 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, 2015 წელს – 21. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კი, სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს 97 პირის, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 წელს – 1 პირის მიმართ დაიწყო.

სასწრაფოდ იყიდება გარემონტებული ბინა



იყიდება 80 კვ/მ ფართობის სამოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, გათბობით, წყლის გამათბობლით, კონდიციონერით. აქვს ღია აივანი.

მის.: ბათუმი, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთა. ფასი: 65 ათასი აშშ დოლარი. მობ.: 577 77 81 48; 57784076

gr (1)

მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]

„ბათუმველოს” მომხმარებელთა უკმაყოფილებას ხშირად იწვევს გათიშული ტერმინალები, ტერმინალებზე მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები თუ დაზიანებული ინფრასტრუქტურა. გათიშულ ტერმინალთან მისულ მომხმარებელს ცხელი ხაზის ნომრის პოვნაც უჭირს, რადგან ის არც ტერმინალზეა დატანილი და არც ველობარათზე. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებისთვის შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” 25 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას აპირებს. ამ თანხით არსებული 23 ველოტერმინალი და 370 ველოსიპედი უნდა შეაკეთონ.

როგორც შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორი პაატა დუმბაძე ამბობს, „ბათუმველო” საკუთარი შემოსავლებით ახერხებს ხარჯების გასწორებას და მცირე მოგებასაც კი იღებს. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ანახლებდნენ დაზიანებულ ტექნიკას, რაც წელიწადში დაახლოებით 10-12 ათასი ლარი ჯდებოდა, მაგრამ წელს გადაწყდა განახლების სამუშაოებს მასშტაბური სახე მისცემოდა:

„5 წელია უკვე „ბათუმველო” არსებობს და, შესაბამისად, ცვეთა ყოველწლიურად ემატება. სამწუხაროდ, ჩვენი მომხმარებელი არ ეპყრობა ტექნიკას ისე, როგორც საჭიროა, არ იცავენ მოხმარების წესებს, არღვევენ ინსტრუქციებს. აქედან გამომდინარე ბევრი ველოსიპედი და ველოტერმინალი გამოვიდა მწყობრიდან”, – ამბობს პაატა დუმბაძე და დასძენს, რომ ველოტერმინალებზე არის ისეთი პრობლემებიც, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით არისგანპირობებული და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებას უკავშირდება. მისი თქმით, მომხმარებელმა, ვინც მსგავს ტერმინალთან აღმოჩნდება, უნდა გადაიყვანოს ველოსიპედი სხვა, ახლო მდებარე, ჩართულ ტერმინალთან ან დარეკოს ცხელ ხაზზე, რის შემდეგაც ფიქსირებულ მომენტში შეჩერდება დროის ათვლა და, შესაბამისად, მომხმარებელს სხვა ტერმინალთან გადაყვანისთვის დახარჯული დროის საფასური არ ჩამოეჭრება.

ეს ჯერჯერობით არის რეკომენდაცია რეკომენდაციისთვის, რადგან ცხელი ხაზის ნომერი არც ბარათებზეა დატანილი და არც ტერმინალზე, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ნომრის არსებობა უცნობია. ამას პაატა დუმბაძე იმით ხსნის, რომ ტერმინალების დამონტაჟებისას ცხელი ხაზის სერვისი არ არსებობდა. მისი თქმით, განახლების შემდგომ ამ მონაცემს აუცილებლად დაიტანენ ბარათებზე.

ცხელი ხაზის ნომერია: 24 76 76 ან 593 77 05 05.

როგორც შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორი ამბობს, მომხმარებელთა უკმაყოფილება ხშირ შემთხვევაში ობიექტურია და ახლა სწორედ ამის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ცდილობენ. მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოების პარალელურად ახალი პრობლემები ჩნდება, რაც პროცესს დროში წელავს, თუმცა სამუშაოების დაახლოებით 20% შესრულებულია. პაატა დუმბაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად ძირითადი სამუშაოები დასრულდება.

ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის იგეგმება „ბათუმველოს” ახალი სერვისის ამოქმედება, რაც გულისხმობს ველობარათების ბალანსის შევსებას გადახდის ტერმინალების მეშვეობით. „ეს სერვისი მომხმარებელს მისცემს დროის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას. ამ დრომდე მომხმარებელი ბარათზე ანგარიშს ავსებს ჩვენთან, ოფისში. ზაფხულობით განსაკუთრებით დიდი რიგებია ბარათზე ანგარიშის ჩასარიცხად თუ ბარათის ასაღებად. ახალი სერვისის შემოღების შემდეგ მომხმარებელი, ვისაც ექნება ჩვენი ბარათები, თანხას ტერმინალებიდანაც ჩარიცხავს. ეს ბევრ უხერხულობას მოხსნის”, – ამბობს პაატა დუმბაძე. ის ასევე დასძენს, რომ არ გამორიცხავს, ზაფხულის სეზონის შემდეგ, როდესაც ველოტერმინალების განახლებას მორჩებიან, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა” ქალაქში ახალი ტერმინალებიც დაამატოს.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის ინფორმაციით, „ბათუმველოს” არსებობის ისტორიაში საჯარიმო შემთხვევების ორი, ველოსიპედის 24 საათის განმავლობაში დაუბრუნებლობის – სამი [დღესაც მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტზე] და ტერმინალიდან ველოსიპედის დაკარგვის ან დაზიანების დაახლოებით ათი ფაქტი დაფიქსირდა.
„ბათუმველო” შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პროექტია და 2011 წლიდან არსებობს.

დისკუსია – 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი [ვიდეო]

26 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით  დისკუსია გაიმართა თემაზე- 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი.
დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე, რომელმაც  მცირეწლოვან გოგონებთან ქორწინების შესახებ სახალხო დამცველის ხედვაზე ისაუბრა. კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ექიმი-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე, რომელმაც თავის მოხსენებაში ის სასიცოცხლო რისკები განიხილა, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა და სექსუალურ ცხოვრებას ახლავს თან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა თამაზ ბაკურიძემ – ისაუბრა იმაზე უნდა დაისაჯნონ თუ არა მამაკაცები, რომლებიც 16 წელს მიუღწეველ გოგონებზე იქორწინებენ და რატომ.
დისკუსიის მოდერატორი იყო „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე.

 

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში.

არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ საზღვარგარეთ მყოფ არჩილ ხაბაძეს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვერ შეაწუხებენ.

„მე მგონი, ეს კაცი დაჩაგრეს, როცა პოლიტიკაში მოიყვანეს“, – ფიქრობს გონიოში მცხოვრები ენვერ ირემაძე. ის არჩილ ხაბაძეს ორჯერ შეხვდა. მართალია, გონიოელები რა მოთხოვნითაც შევიდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან, იმავე მოთხოვნით გამოვიდნენ და საპროტესტო აქციების სერიაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ენვერ ირემაძე მაინც კმაყოფილია. „დავინახე, რომ სურდა გონიოს პრობლემის მოგვარება. ასე თქვა, თქვენი საკითხი, „ოცნების ქალაქი“ და იპოთეკარების პრობლემა რომ მოვაგვარო, ჩემი თავის მადლიერი ვიქნებიო“, – იხსენებს ენვერ ირემაძე.

ის არჩილ ხაბაძეს უმადლის იმ კომისიის შექმნას, რომელმაც გონიოს მიწების საკითხზე დასკვნა მოამზადა: „პრობლემა არ გადაჭრილა, საკრებულო განიხილავს ახლა ამ საკითხს. ჩემთვის ამ პროცესში გამოჩნდა ის, რომ ეს ამბავი მარტო არჩილ ხაბაძეზე დამოკიდებული არ იყო. ხაბაძე იმით დამამახსოვრდა, რომ გისმენს. ეს მაინც შეუძლია“.

„ეს არის ადამიანი მთავრობიდან, ვინც გისმენს,“ – პირველ რიგში ეს ახსენდება არჩილ ხაბაძის მმართველობიდან ნათია აფხაზავას _ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩილ ხაბაძე წინამორბედებისგან განსხვავებით, ღიაა. „გისმენს, მაგრამ შემდეგ პროცესი შედის ჩიხში. ისე, როგორც ეს მოხდა „ოცნების ქალაქის“, ბულვარის ან იპოთეკარების შემთხვევაში. მოსმენას თუ არ მოჰყვა გადაწყვეტილება, რაც დაუბრუნდება საზოგადოებას განსახილველად, პრობლემა ვერ მოგვარდება. როცა წარმოადგენ მთავრობას, მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი. პასუხისმგებლობის აღებისთვისაც უნდა იყო მზად. ვფიქრობ, რომ, მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში, აჭარის მთავრობა და კონკრეტულად არჩილ ხაბაძე გაექცა პასუხისმგებლობას“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

უკვე იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც „ოცნების ქალაქმა“ წაუყენა არჩილ ხაბაძეს. მოთხოვნა საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესის დაწყებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. არჩილ ხაბაძემ ულტიმატუმის საპასუხოდ თქვა, რომ იქ მცხოვრებლებს შორის, 10 პროცენტს თუ ერგება სახელმწიფოსგან დახმარება. რა მონაცემებს ეყრდნობა არჩილ ხაბაძე, უცნობია. შერეული სამთავრობო კომისია ორჯერ შეიქმნა, თუმცა დასკვნა არცერთხელ დადებულა.

„შესაძლოა, ეს პრობლემა ვერ მოგვარებულიყო სრულად, მაგრამ ოთხი წლის მანძილზე უნდა შეესწავლათ ეს ოჯახები და პრობლემის გადაჭრის ეტაპობრივი გეგმა დასახულიყო“, – მიიჩნევს ნათია აფხაზავა. მისი აზრით, არჩილ ხაბაძემ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აარიდა თავი, რადგან არსებობდა რისკები, მაგალითად, იმ კუთხით, რომ გასაგები ყოფილიყო იმ ოჯახების გასახლება, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება: „საშიშროება დაინახეს, რომ რისკებს ვერ მართავდნენ. გადაჭრის გზა რომ ენახათ, მართვის რაღაც სისტემაც უნდა შეემუშავებინათ. საჭირო იყო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. პოლიტიკის განხორციელების ეტაპზე ჩვენ არც გადავსულვართ, რომ ამ პროცესში შევაფასოთ არჩილ ხაბაძის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„მას უჭირს გადაწყვეტილებების მიღება“, – ასეთი შთაბეჭდილება დარჩა არჩილ ხაბაძეზე მოქალაქე ნანა მეგრელიძეს. ის საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ წევრია. ფიქრობს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე არჩილ ხაბაძის მთავრობა ბევრჯერ შევიდა ჩიხში, რადგან: „როგორც ჩანს, პრიორიტეტები განსხვავებულია“.

მოქალაქე დარწმუნებულია, რომ თუკი არჩილ ხაბაძე მოინდომებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, თუნდაც ვაჟა-ფშაველას 13-ში, ძეგლი გადარჩებოდა. „გამოჩნდა, რომ არჩილ ხაბაძე კომერციას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია. ბულვარის შემთხვევაში თავიდანვე არ იყო გააზრებული, რას შეეხენ. ძალიან ძვირფასს შეეხნენ და ამიტომაც მოჰყვა ამას ასეთი რეაქცია. დიდი შეცდომა მოუვიდათ“, – ამბობს ნანა მეგრელიძე.

ფორმალური ღიაობის მიუხედავად, კომუნიკაციის პრობლემას ხედავს ნანა მეგრელიძეც. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ბულვარის საკითხებზე ორგანიზებულ დისკუსიას იხსენებს, სადაც არჩილ ხაბაძე და მთავრობის წარმომადგენლები არ მივიდნენ: „ჩიხში შევიდნენ და ამიტომ არ გამოჩნდნენ დისკუსიაზე. ვერ შეძლეს ბულვარის საკითხის გადაჭრა ისე, როგორც მათ სურდათ და საერთოდ აარიდეს თავი კითხვებზე პასუხის გაცემას“.

„თურმე, ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას“, – ასე გამოხატა პასუხისმგებლობა არჩილ ხაბაძემ ბულვარზე, თუმცა მერმა წლის ბოლომდე, ვიდრე მიმდინარე პროექტები არ დასრულდება, ბულვარის მერიის ბალანსზე გადატანაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არჩილ ხაბაძე კრიტიკის ობიექტი გახდა – უსკო-ს თავმჯდომარის, დავით კვაჭაძის არჩევა იყო. უმაღლესმა საბჭომ კვაჭაძის არჩევაზე რამდენჯერმე თქვა უარი. არჩილ ხაბაძისგან ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენამ ოპოზიციის გარდა, საზოგადოებაშიც ბევრს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მან პარტიის ლიდერების გავლენისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

„ამ მაგალითით ჩანს, რომ არ არსებობს მმართველი გუნდი აჭარაში, ინერციით მიდის ყველაფერი და კანონზომიერებას ნაკლებად ექვემდებარება“, – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი:

„სამწუხაროდ, არჩილ ხაბაძე აღმოჩნდა წარუმატებელი ექსპერიმენტი. თავიდანვე გამოჩნდა ეს სისუსტე, როცა იყო ქაოსი და ცალ-ცალკე ყველა ცდილობდა გავლენის მოპოვებას. მეორე მხრივ, რეგიონში ვერ ყალიბდებოდა და ვერც ჩამოყალიბდა მმართველი“.

არჩილ ხაბაძის დამოკიდებულებას უმაღლეს საბჭოსთან არმაზ ახვლედიანი კინკლაობად აფასებს. „შესაძლოა, ეს იყო თვითდამკვიდრების მცდელობა, რომ ის იყო დამოუკიდებელი, მაგრამ ეს იყო წარუმატებელი მცდელობა.

მე ვერ აღვიქვამ მას, როგორც პოლიტიკოსს. შესაძლოა, პატივს ვცემ როგორც სამეურნეო მუშაკს, მაგრამ, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელი, ვფიქრობ, ეს ცოტა შეუსაბამობაა.

თავიდანვე არ იყო სწორად განსაზღვრული ის ამოცანები, რაც აჭარის რეგიონის წინაშე იდგა, ამიტომაც მივიღეთ შედეგი ასეთი უცნაური და უხერხული“.

არმაზ ახვლედიანის აზრით, არჩილ ხაბაძის უუნარო მართვა ეკონომიკის მიმართულებით გამოჩნდა: „ვერ სრულდება ის ამოცანები, რისთვისაც უნდა იყოს მოწოდებული რეგიონული ხელისუფლება. უპირველესად ეს ეტყობა ბათუმს. აშკარად იგრძნობა, რომ არსებობს ინვესტიციების პრობლემა“.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 2015 წელს 366 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა ინვესტიციებზე კონკრეტულ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ ასაჯაროვებს. ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის შეფასებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. „მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაშია „საქართველოს კონსტიტუციასთან“, – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ რამდენიმე დღის წინ მინისტრის გადაწყვეტილება.

„ფონდი რომ გაგვაჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ ბინები ვარიგოთ“ – ბათუმის მერიის საბინაო პოლიტიკა

გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს უნდა ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის 125 კვადრატული მეტრი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსაკუთრებით უსახლკარო ადამიანებისა. რამდენი საცხოვრებელი ბინა ირიცხება მერიის საბინაო ფონდში, რამდენ კვადრატულ მეტრ ბინას ელოდება მერია კერძო მშენებლობებიდან და ვინ მიიღებს ბინებს ამ ფონდიდან? – თემაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა (ეგარსლან) ლომაძემ.

გოგა ლომაძე
გოგა ლომაძე
ბატონო გოგა, რამდენი კვადრატი მეტრი ფართობი აქვს მერიას ამ დროისთვის საბინაო ფონდის სახით და რამდენ კვადრატს ელოდება მიმდინარე წელს?

ამ დროისთვის მერიის საბინაო ფონდში ირიცხება 3050 კვადრატი, ეს არის 35 ბინა.

რა შემთხვევაში ითხოვს მერია საბინაო ფონდს ბიზნესისგან და 2016 წელს რამდენი ბინა აქვს მერიას მისაღები კერძო მშენებლობებიდან?

საბინაო ფონდი იქმნება შემდეგნაირად: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები როცა გადის აუქციონზე, იდება პირობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლი, რომლის გარკვეული პროცენტი გადაეცემა ბათუმის მერიას. აქედან ივსება საბინაო ფონდი. მომავალი წლისთვის დაახლოებით 6 000 კვადრატს ველოდებით, რაც დაახლოებით 80 ბინაა, ორი წლის შემდეგ კიდევ ველოდებით 3 000 კვადრატს, რაც ასევე დაახლოებით 40 ბინაა. მიმდინარე წელს გავყიდეთ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, 36 თვე აქვს მესაკუთრეს მშენებლობისთვის და ამ ბინის დასრულების შემდეგაც, საცხოვრებელი სახლის 15 პროცენტი მერიის საბინაო ფონდში გადმოვა. ბინის რაოდენობა პროექტის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

2015 წელს „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ქალაქის საკუთრებაში არსებული 53 ბინიდან 51 იყო დაკეტილი. ამ ერთი წლის განმავლობაში ხომ არ გადაუცია მერიას ეს დაკეტილი ბინები მოქალაქეებისთვის?

ამ ფონდიდან ბინები გაიცა იმ ოჯახებზე, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობდნენ და გზის მშენებლობის გამო მოუხდათ საცხოვრებლის დატოვება. ყველა ბინა გაიცა მათზე.

თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემი, რამდენი ადამიანია უსახლკაროდ და რას გეგმავს მერია ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად?

ეს მონაცემები მერიის სოციალურ სამსახურს აქვს, ჩვენთანაც შემოდის ხოლმე განცხადებები, მაგრამ დათვლას სოციალური სამსახური აწარმოებს.

თქვით, რომ მერიამ ამ დროისთვის აქვს 35 ბინა, ერთ წელიწადში კი მინიმუმ 120 ბინა დაემატება. ვინ მიიღებს ამ ბინებს, გაქვთ ამის შესახებ დაზუსტებული მონაცემები?

ისევე როგორც წინა წლებში, ეგ ბინებიც გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, როდესაც კონკრეტული მესაკუთრეების სახლები მოხვდება აღებაში. 2014 წელს ჩვენ გავეცით 80 ბინა. თუ ნახავთ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გზების გაყვანის გეგმას, იქ თვალნათლივ ჩანს, რა ოდენობით კერძო საკუთრებას შეეხება ეს. დეტალები ზუსტდება პროექტების განხორციელების დროს.

როცა „იაფი სახლის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მერიაში 1700 მოქალაქის განცხადება დარეგისტრირდა, ისინი აცხადებდნენ, რომ საჭიროებდნენ ბინით უზრუნველყოფას. პერმანენტულად იმართება მოქალაქეების საპროტესტო აქციები ბინის მოთხოვნით. რას აპირებს მერია ამ მოქალაქეების მხარდასაჭერად?

მერიას გარკვეული საბინაო ფონდი გააჩნია და მომავალშიც ელოდება შევსებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბინები დარიგდება უსასყიდლოდ ან გარკვეული კატეგორიისთვის. ეს საჭიროა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის.

თვითმმართველობა თავისი რესურსებით ვერ იზრუნებს ამაზე, სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს, თუ რა ღონისძიებები იქნება გასატარებელი. სოციალურად დაუცველი ფენისთვის თვითმმართველობა თავისი რესურსებით ვერ შეწვდება ყველას საჭიროებას. შესაბამისად, ეს საკითხი ვერც თვითმმართველობის დონეზე გადაწყდება. საბინაო ფონდი რომ გაგვაჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ ბინები ვარიგოთ.

თუმცა არის შემთხვევები, როცა მთავრობა უპრობლემოდ გადასცემს ბინას კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეებს. ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როცა მთავრობამ მოსამართლე მერაბ ტურავასთვის მოითხოვა ბინა. ვინ უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული ქალაქის ხელისუფლებისთვის _ სოციალურად დაუცველი უსახლკარო მოქალაქე თუ სახელმწიფო მოხელე?

მოსამართლისთვის ბინის გაჩუქებას არ აპირებდა მერია. ჩვენ გვითხრეს, რომ სჭირდებოდათ ეს ბინა და საკითხი წარედგინა საკრებულოს გადასაწყვეტად. საკრებულოს უფლება აქვს, ეს საკითხი ან დადებითად გადაწყვიტოს, ან უარყოფითად.

ბოლო კითხვა „იაფ სახლზე“ მინდა დაგისვათ, რომელიც მერიის ერთადერთი სოციალური პროექტია ბინებთან დაკავშირებით, თუმცა სამი წელია ვერ მოახერხა იმის დადგენა, რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ ამ სახლში ბინას…

გასულ პარასკევს ჩატარდა კომისიის სხდომა. ახლა პირველად ჩარჩო დოკუმენტს შვეიცარიის განვითარების ფონდი მისცემს საბოლოო სახეს. ამ სახლში ბინას მიიღებენ ის მოქალაქეები, ვისაც აქვთ გარკვეული შემოსავალი და ცხოვრობენ ქირით. იმ თანხას, რასაც ქირაში იხდიან, გამოიყენებენ „იაფ სახლში“ გადაცემული ბინის გამოსასყიდად. ბინა იქნება 80 ერთეული.გარკვეული დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც დამუშავდება. მოქალაქეების განცხადებების მიღება ჯერ არ მიმდინარეობს. პროგრამა იქნება საჯარო და გამოქვეყნდება.

ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. კანდიდატი უნდა იყოს 21 წელს გადაცილებული, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდიელება. ხელფასი 1500 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ევალება – სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;  სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;  სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge;
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 მაისია.

კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადებების გადარჩევა 2016 წლის 6 მაისს მოხდება, ხოლო მეორე ეტაპი -ტესტირება 2016 წლის 13 მაისს ჩატარდება.

ეროვნული ბანკის  ყოფილი შენობა ამჯერად 6,2 მილიონი დოლარიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ეროვნიული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე კვლავ გამოიტანა. ამჯერად შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 6 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია.

ადრე გამოცხადებული აუქციონების მიხედვით, რომლებიც არ შედგა, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასი ჯერ 5 მილიონ 850 ათასი აშშ დოლარი, შემდეგ კი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი ამჯერად 13 მაისს უნდა დასრულდეს. ქონება გარკვეული პირობებით სხვისდება.

პირობა:

  • ნასყიდობის საფასურის გადახდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრამდე, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით; 
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის  მოწყობა და ამოქმედება; 
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული (შენობის გუმბათი) საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან  გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 
  • აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის  განხორციელება. 
  • საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამეპირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმება  როლელთა არანაკლებ  90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები. 
  • პროფილის (სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის) და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 10 (ათი) წლის განმავლობაში შენარჩუნება.

შენობას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გუმბათი მიაშენეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გუმბათში დამონტაჟებული საათი კი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს eauction.ge-ზე განცხადებების განთავსებასა და ვაჭრობის პროცესის უზრუნველსაყოფად, მარტო 2016 წლის მარტის თვეში, 2500 ლარი აქვს გადახდილი.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი 30 აპრილს გაიხსნება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 30 აპრილს, 17:00 სთ-ზე, ბათუმში „მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“ გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი პირველ მაისს, 17:00-დან 19:00სთ-მდე ჩატარდება.

„ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარია გამოყოფილი“ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ტურნირი ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება. გასულ წელს ტურნირის ჩასატარებლად ბათუმის მერიამ  37 600-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია.

gank-=-=-=კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის 27 ნოემბერს კი ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ახალი სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა – ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.  ტენდერი მიმდინარე წლის 6 მაისს უნდა დასრულდეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აღნიშნულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით ხულოს გამგეობას 83-მა ოჯახმა მიმართა.

დისკუსია – ეკომიგრაცია აჭარაში

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია აჭარაში ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირებაზე – გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოსა და ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი ორგანიზებით.

ერთ-ერთი მომხსენებლის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის, ციალა ქათამიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში ეკომიგრაციული პროცესების რეგულირებას და წარმოდგენილ იქნა სამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა პოზიცია როგორც ეკომიგრაციის სფეროს რეგულირების, ასევე ე.წ. სოციალური სახლების მშენებლობის რეგლამენტაციის საკითხებზე. ასევე განხილულ იქნა ეკომიგრაციის სფეროში სახელმწიფოს მიერ, აღნიშნულ სფეროში, პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და ხედვის არარსებობის საკითხი.

„სახალხო დამცველის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ცალსახაა, ვფიქრობთ რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ეკომიგრაციული პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ეკომიგრანტთა სტატუსს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და მოვალეობებს. მანამ სანამ ეს არ მოხდება შეუძლებელია ვისაუბროთ აღნიშნული სფეროში პროცესების ეფექტურ მენეჯმენტზე“, – აღნიშნა ციალა ქათამიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.

დისკუსიაზე მოხსენებები წარმოადგინეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა არჩილ ხახუტაიშვილმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მინდია ბასილაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.გ. გაამართლა. ამავე პირს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია გასული წლის 9 სექტემბერს ე.წ. „დევნილთა დასახლებაში“ მომხდარ მკვლელობებზე. ბრალდებულის ადვოკატი, რამინ პაპიძის მთავარი აქცენტი თავის გამოსვლებში იყო ის, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, ვინც მანამდე ბრალდებულის ახლობელი მოკლა. მკვლელობებს წინ უსწრებდა სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება. შეხვედრაზე, სადაც ორი პირი მოკლეს, არასასურველი სიძე უნდა შერიგებოდა ცოლის ძმას. ძმა დას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ოჯახი [ქმარი და ორი შვილი] მოულოდნელად მიატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. „ახალი სიძე გამუდმებით ურეკავდა ცოლის ძმას და სთხოვდა შეხვედრას. საბოლოოდ შეხვედრა დევნილთა დასახლებაში შედგა, სადაც შეიკრიბნენ ორივე მხარის რამდენიმე მეგობარი და ნათესავი“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, მ.შ.-მ [სიძის მეგობარი] დანით მძიმედ დაჭრა ქალის ძმა და მოკლა ქალის დეიდაშვილი. ამის შემდეგ ქალის ძმის ნათლულმა მ.გ.-მ პისტოლეტით მოკლა მ.შ.

თუკი ადვოკატის მტკიცებას აუციელებელი მოგერიების შესახებ მოსამართლე არ გაიზიარებდა, მ.გ.-ს 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა.

შსს ბათუმში „ზებრაზე“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გუშინ, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს, ე.წ. „ზებრაზე“ გადასვლისას დაეჯახა ავტომანქანა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლის დროს დაზარალებული კონტაქტური იყო და მას აღენიშნებოდა ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნები. დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამ დროისთვის ბრალდებული დაკავებული  არაა.

„რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი

დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე:

  • ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;
  •  48 სიგელი;
  • ცხრა მედალი;
  • 18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით];
  • ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი ყუთით];
  • ბათუმი-შუახევისა და შუახევი-ბათუმის მიმართულებით 18 ადამიანის ტრანსპორტირება;
  • 10 ლიტრი ღვინო;
  • ორი ცალი ხაჭაპური;
  • რვა მჭადი;
  • ორი საწებელი;
  • ორ-ორი თეფშით ოჯახური, ოსტრი, სინორი, ბორანი და ყველის ასორტი.

სატენდერო თანხა 1 727 ლარია. როგორც სატენდერო პირობების ხარჯთაღრიცხვაშია წარმოდგენილი ღვინით, მჭადით, ბორანით, სინორით, ხაჭაპურით და სხვა კერძებით სუფრა შუახვში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოწვეული სტუმრებისთვის [სულ რვა ადამიანისთვის] უნდა მოეწყოს. ტენდერი 6 მაისს დასრულდება.

ლევან გიგინეიშვილის ლექცია ტოლერანტობის შესახებ [ვიდეო]

24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში.

დისკუსიაზე მოხსენება – ტოლერანტობის ფენომენი ევროპის და საქართველოს მაგალითებზე, წაიკითხა ფილოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

დისკუსია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის  „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.

gigine8
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები
gigine12
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები
13094377_1075257342520365_3470654620181507821_n
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები
gigine3
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები
giginelove
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები

 

 

 

კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერზრუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – „bridging cultures“ მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლას აწყობს ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში [11-22 ივლისი]. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზატორი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრებისა და დღიური სამჯერადი კვების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის ხარჯები, თავად მონაწილე სტუდენტებმა უნდა აანაზღაურონ. ამავე ინფორმაციით მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებითაც სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩაეთვლებათ სამი სასწავლო კრედიტი.

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობის მსურველები ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ მინიმუმ B2 დონეზე.

მონაწილეობის მსურველებმა, უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა  10 მაისი, 18:00 საათი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკურსის წესით შეირჩევა ორი სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში.

მაისში „EXPO BATUMI 2016“ ჩატარდება

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2016“ 13 მაისს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზებას შპს „GEONET EXPO“ მოახდენს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ „EXPO BATUMI“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

გამოფენაზე ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით „EXPO BATUMI 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილია სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

ტოტებდაჭრილი ევკალიპტები ქობულეთში (ფოტო)

ქობულეთში, სოფელ კვირიკეს ცენტრალურ გზაზე გაშენებულ ევკალიპტების ხეივანში უკვე ერთი თვეა მასიურად აჭრიან ტოტებს უზარმაზარ ხეებს. მრავალწლიანი ევკალიპტები ამ ხეივანში, ფაქტობრივად, სრულიად უტოტებო ხეებად იქცნენ.

ფოტო: არჩილ კახაძე
ფოტო: არჩილ კახაძე

კვირიკეს მცხოვრების თქმით, ევკალიპტის ტოტებს ახარისხებენ და სატვირთო მანქანებით გააქვთ გასაყიდად. მისივე თქმით, როცა მოითხოვეს ამ უკანონო ქმედების შეჩერება, პასუხად მიიღეს, რომ ქობულეთის გამგეობიდან აქვთ ნებართვა და უკანონოს არაფერს აკეთებდნენ.

კვირიკეს მისასვლელთან ევკალიპტების ხეების გაშენება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაში მალარია მძვინვარებდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მას შემდეგ კვირიკესთან მისასვლელი ხეივანი ამ ფორმით არასოდეს გაუჩეხიათ.

კვირიკეში ევკალიპტების ხეივანი
კვირიკეში ევკალიპტების ხეივანი

2016-04-28

2016-04-28 (6)2016-04-28 (1)ქობულეთის გამგეობის პრესცენტრის ინფორმაციით,  საქართველოს ჯანადაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ქობულეთის გამგებამ გასცა ნებართვა ევკალიპტების გასხვლასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით.

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, ლიცენზია გაცემულია შპს “ევკოფარმზე”.

 

№11 ავტობუსი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით,  პირველ და 2 მაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის №11 სამარშრუტო ხაზი  მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

მოქალაქე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

მოქალაქე იზოლდა რუსიძე ჯინჭარაძის ქუჩაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებს. ის მისი სახლის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც კომპანია „ელიტჰაუსი“ აწარმოებს. იზოლდა რუსიძე ამბობს, რომ არ შეუშვებს მშენებლობაზე მანქანებს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

„მშენებლობა მიდის კანონდარღვევით, დამიბნელეს ოთახები და წამართვეს საერთო ეზო, რომლითაც ამდენი წელია ვსარგებლობ. ამ დიდი კორპუსის გვერდით ტოვებენ თაღს და აქედან უნდა შევიდე თურმე ჩემს სახლში. ექსპერტიზამ დაადასტურა დარღვევები“ – ამბობს იზოლდა რუსიძე.

იზოლდა რუსიძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომელიც მიმდინარე წლის 27 იანვარს არის გაცემული. დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: „ფანჯრების და კარების ღიობების მოწყობით დარღვეულია მუხლი 26“ ასევე: „აივნები მოცემულ უბანზე მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე მოწყობილია, შეჭრილია მიჯნის ზონაში, რაც დაუშვებელია თანახმად მუხლი 26“.

ადასტურებს თუ არა ბათუმის მერია დარღვევებს მშენებლობაზე – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რეაგირებას მას შემდეგ მოახდენენ, თუკი დარღვევებს სასამართლო დაადასტურებს. რატომ არ სწავლობს შემთხვევას ქალაქის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე? – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიას ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია.

ჯინჭარაძის ქუჩაზე ამ დრომდე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ორი სატვირთო მანქანის მძღოლი დააჯარიმა, ერთი- 100, ხოლო მეორე – 200 ლარით. მიზეზი – ქალაქის ამ ნაწილში სატვირთო მანქანის გადაადგილებისთვის შესაბამისი ნებართვის არქონაა. „რაც შეეხება თავად მშენებლობას, ამ ნაწილში პოლიცია ვერ ჩაერევა. მშენებელ კომპანიას აქვს შესაბამისი ნებართვა” – აცხადებენ შსს-ს პრესცენტრში.

იზოლდა რუსიძე კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უკანონო მშენებლობას ბათუმის ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე მფარველობს. მან 2014 წლის 13 სექტემბერს „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ფლობდა მიწის ნაკვეთს ჯინჭარაძის ქუჩაზე, ოღონდ კომპანია „გუმბათმა“ ახალი კორპუსის „ნისიად“ აშენებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ელიტჰაუსმა“ ბაგრატ მანველიძის და სხვა რამდენიმე პირის ქონება გასული წლის 31 აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. სხვებთან ერთად, ბაგრატ მანველიძის ოჯახიც მიიღებს საცხოვრებელ ბინას სადავო კორპუსში. კომპანია „ელიტჰაუსი“ ჯინჭარაძის ქუჩაზე ჯამში 1100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ამ კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ანრი გეგუჩაძეა. „ელიტჰაუსი“ ამ მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე – 2015 წლის 7 აპრილსაა დაფუძნებული. ამ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.

ბათუმის მერია ბაგრატ მანველიძის ინტერესს ამ მშენებლობაში გამორიცხავს. პრესსამსახურის განმარტებით, ბაგრატ მანველიძე საერთოდ არ არის კავშირში ამ მშენებლობასთან. ის ფლობდა მიწის ნაკვეთს, მაგრამ გაყიდა დაახლოებით 5 წლის წინ.

 

IMG_0004

IMG_0002

IMG_0011

IMG_0007

Exit mobile version