ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დავით პაპავა NOBLE PARTNER 2016-ის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა
როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?
სამხედრო კარიერა 1998 წლის აპრილში საქართველოში დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის სტატუსით 2000 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი რესურსების მართვის განყოფილებაში, ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2005 წელს იმიგრაციაში აშშ-ში წავედი. 2007 წლის იანვარში ჩავეწერე ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში.
თქვენი ამერიკული კარიერა…
როგორც უკვე გითხარით, 2007 წელს გვარდიაში ჩავეწერე. გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადება, ავიღე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის დიპლომიც. 560-ე სადაზვერვო ბრიგადასა და 221-ე სადაზვერვო ბატალიონის წევრი გახლდით. დაახლოებით, ორი წელი 108-2 ქვედანაყოფში ვიმსახურე. 2015 წლის ოქტომბერში ინსტრუქტორად დავინიშნე და მას შემდეგ სამხედრო სპეციალობას ვასწავლი.
საქართველოში რა პერიოდით გიწევთ ხოლმე ჩამოსვლა?
ახლა 2016 წლის მაისში ჩამოვედი. მანამდე 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. რაც იმიგრაციაში წავედი საქართველოში 3 ჯერ მომიწია ჩამოსვლა. სამივე ჩამოსვლა წვრთნებს უკავშირდება. ახლაც „ ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ვიმყოფები ვაზიანში.
კონკრეტულად რა გევალებათ წვრთნის ფარგლებში?
აქ გახლავართ სატრანსპორტო მომსახურების სერჟანტი. ვმუშაობ ლეიტენანტთან ერთად და ძირითადად ტრანსპორტის კოორდინაციას ვკურირებთ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთად. ეს ძალიან საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია.
როგორ შეაფასებდით ქართველ სამხედროებს? წვრთნებს, სადაც ისინი იღებენ მონაწილეობას?
ხშირად მითქვამს, რომ როდესაც ქართულ ჯარში დავიწყე სამსახური 1998 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და კორუფციული ინსტიტუტი. არაფერი არ ხდებოდა ჯარში. ახლა ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. ჯარი არის ძალიან კარგად მომზადებული და მოტივაცია არის მაღალი. ნათლად ჩანს, რომ ქართველი სამხედროები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.
როგორ შეაფასებდით „ღირსეულ პარტნიორ 2016“-ს?
ეს წვრთნა არამარტო საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის დონეს ამაღლებს, აქ არიან ჩამოსული ამერიკელები, ბრიტანელები. ეს მათთვისაც დიდი შესაძლებლობაა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. წვრთნების დაწყებისას ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები! ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ ნატოს ინტერესები დაიცვას მოკლე ვადაში, ეს ასეული იქნება ამისთვის მზად.
ხშირად გვსმენია სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოს წვრთნების შეფასებებისას…
ეროვნული მნიშვნელობის წვრთნებია! ქართული ასეული საერთაშორისო დონეზე იქნება სერტიფიცირებული. ეს ხომ ძალიან კარგია?! ქართველ სამხედროებს მინდა ვუთხრა – ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი წვრთნა (NOBLE PAღთNEღ 2016) არის ძალიან მაგარი. მშურს ქართველი სამხედროების, მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებისა, მაინც ქართულ ინტერესებს ემსახურებიან. ქართული ჯარი ჩემთვის სამაგალითოა.
NOBLE PARTNER 2016
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
თუ კი ოდესმე წარმატებულ სამხედრო კარიერაზე გიოცნებიათ, ქართველი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი ნამდვილად კარგი მაგალითია. სამაგალითოა მისი ფიზიკური მზაობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და გამოცდილების გაზიარების უნარი, რაც მას, როგორც ჯარისკაცს, პროფესიონალად აქცევს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, კომუნიკაციის უნარი და ფრანგული ენის ცოდნა, ქართული შეიარაღებული ძალების ტრადიციებისა და დასავლური მიდგომების კარგ ტანდემს ქმნის.
სამხედრო კარიერის დასაწყისი
„შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან ვმსახურობ. ეს პერიოდი, საქართველოსთვის საკმაოდ დაძაბული იყო. როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომმა ჩემს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა“, – ამბობს მალხაზ მერლანი.
ზუსტად ხედავდა თავის მომავალს… როგორც კი სკოლა დაამთავრა, სწავლა თავდავცვის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო.
მალხაზ მერლანი: „თავდაცვის აკადემიის მესამე გამოშვება ვარ. რთული იყო მაშინდელ სამხედრო სასწავლებელში ჩამოყალიბებულ სისტემასთან შეგუება. დღეს ყველაფერი შეიცვალა. აკადემიაში თანამედროვე და სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებაა. მაშინ აკადემია ორი წლის შექმნილი იყო. იყო ბევრი პრობლემა, თუმცა ჩემთვის მთავარი ის მოტივაცია იყო, რომელიც საომარი პროცესების შემდეგ უფრო და უფრო გამიმძაფრდა“.
სამხედრო აკადემია არტილერისტის მიმართულებით დაამთავრა. პოსტსაბჭოთა პერიოდში საარტილერიო სასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ჩაირიცხა. რუსული სამხედრო სტანდარტების გავლენა ძლიერი იყო, მაგრამ იმ დროის სამხედროებმა დასავლურ მიდგომებს ალღო მალე აუღეს, მალხაზ მერლანის თაობამ ტრანსფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი გამოიარა.
მალხაზ მერლანი
მალხაზ მერლანი: „გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობები და განვითარების დიდი სურვილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯი კი საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამიდან (GTEP) იწყება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც აკადემიის დამთავრების შემდეგ მოხდა და რამაც რეალურად განაპირობა ჩვენი ტრანსფორმაცია. აქედან დაიწყო კურსების და სწავლებების ნაკადი უცხოეთში“.
ინგლისური ენის კურსზე შეზღუდული ადგილების გამო ვერ მოხვდა, ალტერნატივა მალე გამოჩნდა: ინგლისური ფრანგულმა ჩაანაცვლა. ასე დაიწყო მალხაზ მერლანის კავშირი საფრანგეთთან.
შემდეგ იყო კომანდოს კურსი საფრანგეთში და პირველი პრაქტიკული ნაბიჯები დასავლური სისტემისკენ.
მალხაზ მერლანი: „ჩემთვის ეს იყო ტრანსფორმაციის პერიოდი, რამაც მთლიანად შემცვალა. გავიარე ყველა სამთო-კურსი, რაც ფრანგებს იმ დროს გააჩნდათ“.
ქართველი სამხედროს კვალიფიკაცია და დასავლური გამოცდილება 2005 წელს დაარსებული საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა.
მალხაზ მერლანი: „ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნულიდან დაწყებული საქმე 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანეთ. 2010 წელს სკოლამ ნატოს სტატუსი მიიღო და დღეს იქ სწავლებას არა მხოლოდ ქართველი სამხედროები, არამედ ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები გადიან. საჩხერის სამთო-მომზადების სკოლა დღეს ერთ-ერთი ფლაგმანია“.
სამშვიდობო მისიაში – მალის რესპუბლიკა
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2013 წელს უკვე ნამყოფი იყო. ამ დროს საქართველოს ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა. როდესაც დღის წესრიგში, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, მალში ჩართვის საკითხი დადგა, მალხაზ მერლანი ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, ვისი კანდიდატურაც თამამად განიხილეს.
მალხაზ მერლანი: „მალის სამშვიდობო მისიაში ჩემი წარგზავნის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივი ფრანგული ენის ცოდნაც იყო. ზოგადად, საქართველოში მოსახლეობამ უფრო მეტი იცის ნატოს ოპერაციებზე ვიდრე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებზე. შესაბამისად, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო უცნობი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი… მალში 5 თვე ვიმსახურე…“
როდესაც დგება საკითხი სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, უამრავი არგუმენტაცია არსებობს თუ რატომ? რა მნიშვნელობისა და ფასეულობისაა აღნიშნული ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჯარისკაცისთვის…
მალხაზ მერლანს თავისი არგუმენტები აქვს: „პირველი მოტივი არის პრევენცია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იქიდან საიდანაც შეგვიძლია. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მეორე – არანაკლებ მნიშვნელოვანი: საკუთარი თავის გამოცდაა. ხშირად ვაცხადებთ, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, გვსურს ვიყოთ ნატოში, ევროკავშირში და ა.შ. სწორედ ეს მისიები წარმოადგენს იდეალურ საშუალებას იმისთვის, რომ ქვეყანამ და თითოეულმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი და შესაძლებლობი გამოცადოს – ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ამ სრულფასოვანი ერთობის წევრი გავხდეთ.
ფაქტი სახეზეა. ნატოს თუ ევროკავშირის ეგიდით, ყველა მისიაში ძალიან კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობთ. ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს ხშირად უთქვამთ, რომ ქართველი ჯარისკაცების გვერდში დგომა ყველაფერს ურჩევნიათ, რადგან სამაგალითოდ უშიშრები არიანო“.
მალის სამშვიდობო მისიაში მალხაზი მეკავშირე ოფიცრის ფუნქციას ასრულებდა…
მალხაზ მერლანი: ვიყავი პასუხისმგებელი ამ მისიის ხელმძღვანელობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
ცნობილია რომ, მისიის ფარგლებში, განსაკუთრებული წვლილის შეტანის გამო, ერთადერთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელს აძლევენ…
მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთაგან ეს პატივი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენელს, მალხაზ მერლანს ხვდა. მისიის გერმანელმა გენერალმა მერლანს შემდეგი სიტყვებით მიმათა: „ბატონო პოლკოვნიკო დიდი მადლობა, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის საუკეთესო დესპანი ხართ“.
მალხაზ მერლანი: „როდესაც შეიარაღებულ ძალებში მოვდივართ, ფიცს ვდებთ: „სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის და დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები“. საბედნიეროდ, ქართველი ჯარისკაცები მისიებში გაშვებას მუდმივად ითხოვენ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ეკონომიური ფაქტორი არ არის. ძალიან საამაყოა, რომ დღეს მისიაში მონაწილეობა პრესტიჟულია. „მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ“, – ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლი“.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საფრთხეს უქმნის ჩვენი კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მცდარია
რეალურად, ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს. კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.
ევროკავშირის სიძლიერე და მიმზიდველობა სწორედ მის კულტურულ და ეროვნულ მრავალფეროვნებაშია. შესაბამისად, კულტურული მრავლფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, ევროკავშირის ცალკეული მიმართულებებით პოლიტიკის ფორმირების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ევროკავშირი აერთიანებს 28 სახელმწიფოს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ კულტურის სფეროში. ამის მიუხედავად, გერმანელები გერმანელებად რჩებიან, ფრანგები ფრანგებად, ესტონელები ესტონელებად და ა.შ. ასოცირების შესახებ შეთანხმება, პირიქით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კულტურული მიღწევებისა და უნიკალურობის პოპულარიაზაციას და ზოგადად, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, თავის მხრივ, საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რიმ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების ევროვნული იდენტურობის პატივისცემის აუცილებლობა.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურში იდგნენ ყველგან, სადაც ამას მათი ქვეყანა მოითხოვს. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ, მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ, მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან. დღემდე მოქმედი წესით, ჩვენ მივმართავდით მთავრობას ყოველი გაწვევის წინ და ვეუბნებოდით, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე გვჭირდება. შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან არჩევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში გაივლიდნენ სამსახურს. ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად, მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. შესაბამისად, ნებისმიერ ჩემ შემდეგ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ დასმულ შეკითხვებს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში” უპასუხა. „ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგულება, რომელიც ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული ვარშავის სამიტის წინ, სისრულეში უნდა მოვიყვანოთ“.
„გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად: პირველი _ საქართველოს მიღებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტები. ამ დოკუმენტში ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ და მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია, რამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული. ასევე არსებობს ანალოგიური შინაარსის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ზუსტად იმავეს აცხადებს“.
სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხებზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: „ეს საკითხი ჯერ კიდევ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აისახა, როდესაც ჩაიწერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასასვლელად და გაწვევითი სამხედრო სამსახურის ჩასანაცვლებლად“. „ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სტრუქტურა გაცილებით უფრო ეფექტიანია ვიდრე ყოფილი წვევამდელებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები“. “ეფექტიანობა პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის რომელიც 4 წელი მსახურობდა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის სამხედრო პროფესია, გაცილებით მაღალია ვიდრე ახალწვეულის“. გარდა ამისა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის ახალ კონფეფციაზე, სადაც გაწერილი იქნება ზუსტად იმ რგოლის შევსება, რომელიც საზოგადოებასა და პროფესიულ ჯარს შორის ურთიერთ კავშიერს გულისხმობს, მისი აზრით, სწორედ კონცეფციაში იქნება გათვალისწინებული მოქალაქეებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში“.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველის თქმით მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ მათ ორი მუშა გადაიყვანეს საავადმყოფიში, ერთი მუშა კი მაშველებმა გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.
შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გასცეს კომპენსაცია იმ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაც ფლობს ან სარგებლობს მოსახლეობა.
მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებით კომპენსაციას მოსახლეობა ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების გარეშე მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის.
აქამდე მოსახლეობას, კომპენსაციის მიღების მიზნით, ქონება, რომელიც პროექტის მოქმედების არეალში იყო და არამართლზომიერად ფლობდა, საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აუცილებლად უნდა დაერეგისტრირებინა.
„თუმცა იმის გამო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმა ჩატარებულია არასრულად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული, რაც ქმნის განსახლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის და, შესაბამისად, მშენებლობის პროექტის დროულად განხორციელების პრობლემას. ამასთან, ვერ ხერხდება უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო საარქივო დოკუმენტების სრულყოფილად მოძიება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, განსახლების გეგმა, მართალია არსებობს, თუმცა საქართველოს ელექტროსისტემამ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს გეგმა [ანუ სია, თუ ვის ეკუთვნის კომპენსაცია] ავტონომიურმა რესპუბლიკამ გადაამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს მან კომპენსაცია.
საქართველოს მთავრობამ უკვე სთხოვა აჭარის მთავრობას, გადაამოწმოს დაურეგისტრირებელი ნაკვეთები და მათი მოსარგებლეებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციები, მონაცემები წარუდგინოს საქართველოს ელექტროსისტემას.
„გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ სათანადო გადამოწმებული მონაცემები, რომლის შემდგომაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემას“, – აღნიშნულია სულხან ზუმბურიძის მიერ არჩილ ხაბაძისთვის გამოგზავნილ წერილში.
თავის მხრივ, მონაცემების გადამოწმება აჭარის მთავრობამ შესაბამის მუნიციპალიტეტებს დაავალა.
„განსახლების გეგმის ნაწილი დამტკიცებულია, დარჩენილი ნაწილის დამტკიცება კი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება“, – განუცხადეს `ბათუმელებს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ `საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის [IBRD] დაფინანსებით მიმდინარეობს, ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს რეგიონებში ახალი ჰესების [„შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.
ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში ლევან ვარშალომიძე, ხვალ 3 ივლისს, ბათუმში ბრუნდება. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძე, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.
„უამრავი შეტყობინება მომდის სოციალურ ქსელში და პირად ნომერზე. მაღალი ინტერესის გამო გეტყვით, რომ ჩამოვდივარ 3 ივლისს, 12:30-13:00 საათზე, სარფის საბაჟო პუნქტი. შეხვედრამდე“.
ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებას ადასტურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები აპირებენ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოსთან დახვდნენ.
„პარტიის მხარდამჭერები და ის მოქალაქეები, ვისაც სურვილი ექნებათ, სარფში დავხვდებით. რატომ გადავწყვიტეთ იქ დახვედრა? პარტიის ხელმძღვანელი ჩამოდის და ჩვეულებრივი მოვლენაა, არაფერი განსაკუთრებული“-გვეუბნება რეზო ხარაზი.
მისი თქმით, მხარდამჭერების განსაკუთრებულ მობილიზებას არ აპირებენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან ექსცესებს სარფში, – რეზო ხარაზი ამბობს, რომ „შესაძლებელია ვინმე გაბრიყვდეს და რაღაც სისულელეები გააკეთონ“.
ლევან ვარშალომიძე 2016 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია აჭარაში.
დღეს, დილის 11 საათისთვის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მონაკვეთზე, კვარიათის ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეაფერხა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე პრობლემა მოხსნილია და ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო ქვების ჩამოცვენის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
კვარიათში გზის დამცავი და ნაპირგამაგრების სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს. „ზღვის სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაოებს განვაახლებთ“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ კომპანიაში.
კვარიათი-სარფის გზა, 2.07.2016
ლითონის ბადემ მაგისტრალი ქვის ცვენისგან უნდა დაიცვას. ასე გამოიყურება დამცავი ბადე სარფის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე:
2 ივლისს აჭარის პროკურატურის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ახლობლები, ასევე უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას: „ძალადობრივი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი პაპიძის და ირაკლი ჯაშის პატიმრობაში ყოფნას, რადგან მათი აზრით, ეს პირები პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი არიან. „მახარაძე როცა დააკავეს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ცენტრში შესამოწმებლად, ექსპერტიზამ დაადგინა რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ აწამა და 20-მდე დაზიანება მიაყენა სხეულზე. მეორე იყო ელგუჯა ხინიკაძე, ბიზნესმენი, მასაც დააბრალეს ნარკოტიკების მოხმარება და ისიც უკანონოდ დააკავეს. ეს ორი პირი, დღეს აღარ იმყოფება პატიმრობაში, თუმცა ასეთივე უკანონო პატიმრობაში ჰყავთ ჯაში და პაპიძეც. ამიტომ, ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას და მოვითხოვთ ამ პირების გათავისუფლებას“- აცხადებენ პატიმრების ახლობლები.
პროკურატურის შენობიდან აქციის მონაწილეებმა, სხვადასხვა ტრანსპარანტებით ხელში, მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქცია ბათუმში, 2.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და მირვეთის მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია, დღესაც მიმდინარეობს. სოფლის მცხოვრებლები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ისგან მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიაც და ხელისუფლებაც კომპენსაციის გაცემას დიდი ხნის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა არცერთმა არ შეასრულა.
აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს უფლებას არ აძლევენ ჰესის მშენებლობა გააგრძელონ. როგორც სოფელ კირნათის მაცხოვრებელი ზვიად ჯიხაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ და მოითხოვეს, კომპანიის წარმომადგენლებისთვის ობიექტზე შესვლის უფლება მიეცათ.
„მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები გამგეობიდან და კომპანიის თანამშრომლების შეშვება მოითხოვეს, რადგან ობიექტზე საქმე ფუჭდებაო. ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ მათ არ მივცეთ მუშაობის უფლება, რადგან კომპანია არ ასრულებს დანაპირებს. ჩვენი პროტესტი უნდა გახდეს მათთვის პრობლემა, ისე ჩვენი ყურადღების მომქცევი არ არიან“- გვეუბნება ის.
ზვიად ჯიხაძის თქმით, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. „ჯერ-ჯერობით ძალისმიერ მეთოდებს არ მიმართავენ, მაგრამ შემდგომში რა იქნება არ ვიცით. ამჯერად აქციაზე 50 ადამიანზე მეტნი ვართ, კიდევ იკრიბება ხალხი. მორიგეობა გვაქვს დაწესებული და ყოველდღიურად ვიკრიბებით“.
როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად, N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების შიმშილს არ ადასტურებენ.
“მთავარი ექიმი ი. სურმანიძე არის უყურადღებო… ვართ სხვადასხვა დაავადებებით დაავადებულები, სანამ არ გაგვეწევა სათანადო მკურნალობა, გამოკვლევების ჩატარება და არ შეგვახვედრებს [ექიმი] ნორმალურ ექიმ სპეციალისტებს, შიმშილობას არ შევწყვეტთ, ვიცით და ვაცნობიერებთ რომ შიმშილობა არ არის გამოსავალი და უფრო გაგვიუარესდება ჯანმრთელობა, მაგრამ იძულებული გაგვხადა მთავარმა ექიმმა უკიდურესი ზომისთვის მიგვემართა – შიმშილობისთვის” – წერია პატიმრების წერილში.
თემურ ქორიძის განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სამედიცინო დახმარების გაწევას სპეციალურ კლინიკაში ითხოვს, რისთვისაც სპეციალური პროცედურები არსებობს. „ეს არ არის ასე მარტივი პროცედურა. მანამდე ამავე მსჯავრდებულებს და მათ შორის ერთ-ერთს ძალიან ბევრი მომართვა აქვთ ჩვენთან გაკეთებული, ძირითადად იმ სისტემურ პრობლემებზე, რაზეც სპეციალური ანგარიშიც გაკეთდა და ამ ანგარიშში არის შესული ის პრობლემები, რაზეც მათ აქვთ აქცენტები… ჩვენმა წარმომადგენლებმა აჭარაში, ნახეს ისინი. დეტელებზე საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ თქვეს წერილობით განცხადებაში აქვთ მითითებული თავიანთი სათქმელი. ჩვენ შევთავაზეთ ის, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, კონკრეტული საქმე შევისწავლოთ თავისი გარემოებებით და ვნახოთ რა დარღვევებს აქვს ადგილი“ – ამბობს თემურ ქორიძე.
პატიმრებმა წერილის ასლი 35 ადრესატთან გააგზავნეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენთთან, უფლებათადამცველი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. „ძალიან ბევრ ფაქტს არ აღვწერთ, ისედაც საქმის კურსში ხართ წინა საჩივრებიდან, ჩვენ ვიცით არ ადარდებს მთავარ ექიმს დავიხოცებით თუ არა შიმშილობისგან, როცა თვითონ უნდა გვიწყობდეს ხელს რომ არ მივმართოთ უკიდურეს ზომას – შიმშილობას, როცა იცის ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადებებით ვართ დაავადებული. დანარჩენ სრულ ჩვენებას მოგცემთ რომ გვინახულებთ დაწესებულებაში და დარწმუნდებით რომ ინტრიგნები არ ვართ და მართლები ვართ. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს შეგვხვდებით მოგისმენთ, საქმეს გადასცემთ მთავარ პროკურატურას და სასამართლოს მერე ექსპერტიზით დავამტკიცებთ, რომ წამების მსხვერპლი ვართ და ავადმყოფ ადამიანებს არ გვაქცევენ სათანადო ყურადღებას. სულით და გულით გელით რომ შეგვხვდებით, ჩვენ შიმშილობის შეჩერებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს თქვენი… მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავარ ექიმს ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობის დროს“ – წერენ პატიმრები.
ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.
მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი წლის განმავლობაში კანონპროექტიც კი არ მომზადებულა ცვლილებისთვის კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“.
„არა მხოლოდ ჩვენ, მთავრობაც დაგვპირდა ამას. საკანონმდებლო ინიციატივა რომ ყოფილიყო კომპეტენტური, მთავრობამ დაიწყო ამაზე მუშაობა. კომპლექსური საკითხია ეს,“ – ამბობს პარლამენტის წევრი „ეროვნული ფორუმიდან~ ანი მიროტაძე.
ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საზოგადოებას უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა სამი ბავშვის დაღუპვის შემდეგ და ერთადერთი პარლამენტარებს შორის, ვისი ჩაწერაც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ამჯერად მოახერხა. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი სამთავრობო უწყება მუშაობს ინიციატივაზე, ან რა ეტაპზეა კანონპროექტი, დეპუტატმა ასე გვიპასუხა: „არ ვიცი, რა ეტაპზეა. სავარაუდოდ მიმდინარეობს მუშაობა. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ გასული წლის 23 ივლისს, ანუ ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, არაფერი შეცვლილა სასტუმროებზე, სადაც ადგილების რაოდენობა 100-ს არ აჭარბებს. „ამ დადგენილებით განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. ეს ზრდის სტანდარტებს, მაგრამ იგი არ შეხებია ოჯახური ტიპის სასტუმროებს. კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება არ შესულა,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.
კანონი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასტუმროს უსაფრთხოების კუთხით შემოწმებისა და სანქციების გატარების უფლებას, თუ ობიექტის სიმაღლე 20 მეტრზე მეტია, ხოლო საწოლის რაოდენობა 100-ს აჭარბებს. სააგენტოს შეუძლია შევიდეს საოჯახო ტიპის სასტუმროშიც, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში. შემოწმდა თუ არა ამ ფორმით რომელიმე სასტუმრო, ან რა სანქციები გატარდა – „ბათუმელებს~ ამ კითხვებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ უპასუხეს.
„ჩვენ მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა იმუშავა და სულ 70 ოჯახური ტიპის სასტუმროდან 25-მა შეასრულა მოთხოვნა,“ – გვარწმუნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. გამგეობის მონაცემები განსხვავდება იმისგან, რაც სულხან ოქროპირიძეს აქვს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს. მან გასული წლის ნოემბერში საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“ უთხრა, რომ იმ დროისთვის 70-დან მხოლოდ სამმა ოჯახურმა სასტუმრომ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. გამგებლის მოადგილე კი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გასული წლის ივლისში უკვე 18 სასტუმროს ჰქონდა შესრულებული რეკომენდაცია სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. სულხან ოქროპირიძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.
„ბატონ სულხანს, შესაძლოა, არ ჰქონდა სრული ინფორმაცია. იცით რა, ეს ყოველდღიურად ცვალებადი ინფორმაციაა“, – ასე ხსნის ციფრებს შორის სხვაობას ქობულეთის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. კითხვაზე, როგორ შეიძლება უზრუნველყოს სასტუმრომ უსაფრთხოების ნორმები ერთ დღეში, გვპასუხობს: „საუბარია იმაზე, რომ მოაწყოს ელემენტარული სახანძრო სტენდი და ჰქონდეს ცეცხლჩამქრობები. ნორმების შესრულებაში ამას ვგულისხმობ, თორემ დეტექტორების დაყენებას ნომრებში ჩვენ ვერ მოვთხოვთ, ვერც სისტემის მოწყობას. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. სახანძრო სტენდს კი გავა უცებ და იყიდის“.
ქობულეთის გამგებლის მოადგილემ გვითხრა ისიც, რომ როცა ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან, მაგალითად, ქორეოგრაფიული ანსამბლები, გამგეობა რეკომენდაციას აძლევს იმ ოჯახურ სასტუმროს, სადაც მინიმუმ სახანძრო სტენდი აქვთ. „ბოლო შემოვლის დროს, ზაფხულის დადგომამდე, ეს ვუთხარით სასტუმროს მფლობელებს. მგონი, ამას გაუწევენ ანგარიშს,“ – ამბობს რატი მეგრელიძე.
„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, – ამ ნიშანს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იმ სასტუმროს ანიჭებს, რომელიც უსაფრთხოების საგანგებოდ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას შეძლებს. პროექტში აჭარის 350 სასტუმროდან 50 მონაწილეობს. აქედან 19-ს [11 სასტუმრო, 8 – რესტორანი] უკვე მიენიჭა ხარისხის ნიშანი. ეს ნიშანი არ მინიჭებია არც ერთ ოჯახური ტიპის სასტუმროს ქობულეთში.
„ქობულეთიდან ოჯახური ტიპის ერთი სასტუმროა ჩართული ჩვენს პროექტში, მაგრამ მან ჯერჯერობით კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი: „ამ პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითია. გასულ წელს გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის სასტუმროებთან, სამწუხაროდ, ოჯახური ტიპის სასტუმროებს დიდი დაინტერესება არ გამოუხატავთ. იმედია, დაინტერესდებიან, რადგან უსაფრთხოების კუთხით ხარისხის ნიშანი მნიშვნელოვანი გზავნილია ტურისტებისთვის. კრიტერიუმები სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. სასტუმროებს უნდა ჰქონდეთ ცეცხლმქრობები, საინფორმაციო ნიშნები, საევაკუაციო გეგმა და ასე შემდეგ. პროექტში ასევე ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, რადგან კრიტერიუმი მოიცავს კვებითი უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებსაც“.
2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული სამი მოზარდის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლა უსაფრთხოების წესების დარღვევაში ბრალდებული ზაზა ართმელაძე, ის სასტუმრო „არმაზის“ მესაკუთრეა. სასამართლოს უკვე მისცეს ჩვენება პოლიციელებმა. მათ აღწერეს, როგორ იპოვეს და გამოიტანეს ბავშვების ცხედრები დამწვარი სასტუმროს ნანგრევებიდან.
ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა კიდეც კამპანიას, თუმცა, რამდენად შემცირდა ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების რაოდენობა, ჯერ არავის დაუთვლია – პროცესი ნებაყოფლობითია. სამინისტროს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის კიდევ სამწლიანი ვადა აქვს.
პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, მაშინ როცა ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს გარემოში დაშლას და 12-24 თვეში სრულად იშლება. იმის გამო, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი ვიზუალურად თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკისგან, ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ „გუდვილის“, „ნიკორას“ და კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი უკვე ასეთ პარკებში ალაგებს შენაძენს.
„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, ყოველდღიურად დაახლოებით 110 ათას მომხმარებელს ემსახურება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება მათ 2015 წლის ივლისში დაიწყეს და ამ ეტაპზე პროცესი დასრულებულია. ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენება “ნუგეშის”ქსელშიც, რომელიც „ნიკორას“ გასულ წელს შეუერთდა.
„გუდვილის“ ქსელის ბათუმის ხელმძღვანელი ირაკლი ხალვაში განმარტავს, რომ ბიოდეგრადირებადია არა მარტო ის დიდი პარკები, რომლებშიც სალაროსთან ალაგებენ პროდუქტს, არამედ ის თხელი პარკებიც, რომლებშიც ასაწონი პროდუქციაა დაფასოებული: „თხელი პარკებიც ბიოდეგრადირებადია. ჩვენთან ფერების მიხედვით არის, ბოსტნეულს აქვს მწვანე შეფერილობის პარკი, მზა კვებას – ყვითელი, თევზეულის განყოფილებას – ცისფერი, ხორცსა და ხორცპროდუქტებს – წითელი“. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილის“ მაღაზია 3000-3500 ასეთ პარკს გასცემს დღე-ღამეში.
საქართველოში მსხვილ კომპანიებს პროდუქტებისთვის პარკებით კომპანია „აა პლასტი“ ამარაგებს, რომელიც შიდა ბაზარზე პოლიეთილენის სფეროში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ბიწაძე ამბობს, რომ საქართველოში ბიოდეგრადანტის შემოტანა მათ გასული წლის თებერვლიდან დაიწყეს:
„ძირითადად ჩვენ ვართ ბიოდეგრადანტის შემომტანი საქართველოში. თვეში დაახლოებით 10 ტონა ასეთი პარკით ვამარაგებთ პარტნიორებს. თავიდან არ იყო ბევრი კომპანია ამით დაინტერესებული, ეს ფასსაც ზრდის, თუმცა რეკლამამ და ამ თემებზე საუბარმა შედეგი გამოიღო – ერთი წლის განმავლობაში დამკვეთები 10-12 კომპანიამდე გაიზარდა ჩვენთან. არიან კომპანიები, რომლებიც უცხოეთიდან ყიდულობენ ბიოდეგრადირებად პარკებს,“ – ამბობს ის.
როგორც „აა პლასტში“ გვითხრეს, ბიოდეგრადანტის შემცველ და უბრალო პოლიეთილენის პარკების ფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის:
„შედარებისთვის რომ გითხრათ, თუ იქამდე ერთი კილო პარკი, ბიოდეგრადანტის გარეშე 5 ლარი ღირდა, ბიოდეგრადანტით ეს პარკი 5 ლარი და 20 თეთრი იქნება, მაგრამ ქართულ ბაზარზე ბევრი მცირე მეწარმე მაინც თავს იკავებს,“ – ამბობს ლევან ბიწაძე. მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც პატარა კომპანიები თავს იკავებენ ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენისგან, ამ თემაზე საკმარისი ინფორმაციის არქონაა: „მეტი რეკლამირება სჭირდება ამ ყველაფერს, რადგან შიშიც არის ხოლმე, როცა ეს სიტყვა ესმით – „ბიოდეგრადირებადი“. რაღაც ქიმიური ჰგონიათ, ამიტომ მეტი ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო,“ – ამბობს ის.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ია ფრანგიშვილის ფოტო
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი სააფთიაქო თუ სავაჭრო ქსელი იყენებს ბიოდეგრადირებად და ეკოლოგიურად სუფთა პარკებს, კვლავ მრავლადაა იმ მაღაზიათა რაოდენობა, სადაც ჯერ კიდევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ. მათ რიცხვშია „ფუდმარტის“ მარკეტებიც, სადაც ამბობენ, რომ აპირებენ პოლიეთილენის ჩანაცვლებას, მაგრამ ჯერ ზუსტ ვადას ვერ ასახელებენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანი ამბობს, რომ პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა.
„ყველა კომპანიას ერთიანად ვერ გადავიყვანთ ბიოდეგრადირებად პარკებზე, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის ასეთი სტანდარტი დაკანონებული – ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლისა. შეიძლება ითქვას, ჩვენ ამბიციურ იდეას ვეჭიდებით,“ – ამბობს ის.
მაღაზიებში, სადაც ჯერ ისევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, ამბობენ, რომ ხშირად კლიენტის ინიციატივაა, რომ ყველა პროდუქტი ცალ-ცალკე პარკში ჩაულაგო. ხელვაჩაურში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტ „ნას-ილ-ბეს“ დირექტორი მირზა კახაბერიძე ამბობს, რომ პარკებში სეპარირებულად უნდა ჩალაგდეს – ქიმია, მშრალი და სველი საკვები პროდუქტები, სხვა შემთხვევაში ეს მომხმარებლის მხრიდან პოლიეთილენის გადაჭარბებულ და არამიზნობრივ მოხმარებად მიიჩნევა.
„ზეთთან თუ ძმარი და ტომატი მოთავსდება, ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ასევე, ცალკე შეიძლება ჩალაგდეს ის პროდუქტი, რაც თხელ პარკშია შეფუთული და არის რისკი, რომ პარკი გაიხეს. მაგრამ უმეტესად მაინც ყველაფერზე ცალკე ითხოვენ პარკს. ძირითადად დიდი პარკები მიაქვთ, რომელსაც შემდეგ სხვა ნარჩენებისთვის იყენებენ სახლში,“ – ამბობს მირზა კახაბერიძე.
ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკები არ არის იდეალური გამოსავალი ზღვებისა და ოკეანეებისვის. როგორც ახლახან გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის UNEP-ას მთავარმა მეცნიერმა ჟაკლინ მაკგლეიდმა ბრიტანულ გამოცემა “გარდიანთან” განმარტა, ბიოდეგრადირებადად წოდებული პლასტმასი, ისეთი, როგორიცაა სავაჭრო პარკები, გარემოში დაიშლება მხოლოდ 50 გრადუს ცელსიუსზე და ეს ვერ მოხდება ზღვებსა და ოკეანეებში, რადგან ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება, შესაბამისაც მასზე ვერ იმოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და პარკი არ დაიშლება.
ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად მიიჩნევა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს. მაღაზიებში ამბობენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ხელჩანთებით მიდიან პროდუქტების საყიდლად, ძალიან ცოტაა.
„ნარჩენების მართვის იერარქიის მიხედვით, #1 არის პრევენცია, ანუ თავიდანვე უნდა ავიცილოთ ნარჩენების წარმოქმნა. მათი განთავსება ამ პირამიდის საბოლოო პუნქტია,“ – განმარტავს ანა ბერეჟიანი. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე 2019 წლიდან უნდა გადავიდეს, იქამდე კი ეს ყველაფერი პილოტურ რეჟიმში, ნებაყოფლობით ხდება.
საქართველოში ნაჭრის ან სხვა მასალისგან დამზადებული ჩანთები, რომელიც საყიდლებზე წასვლისას შეიძლება გამოვიყენოთ, ძირითადად თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იყიდება, ბათუმში ასეთ ჩანთებს წიგნის ან სუვენირების მაღაზიაში თუ შეხვდებით.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ამ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება სხეულზე სამ ადგილას აღენიშნებოდა.
3 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, 80-იანი წლების როკვარსკვლავები, – დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი,ტიმ ოუენსი და ბრაინ ჰაუ იმღერებენ. როკის გაორკესტრებულ ვერსიას ბათუმელი მუსიკოსი, ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, როკ-მუსიკოსებს აკომპანირებას გაუწევს მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი.
უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსოკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვოკალისტებიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და მუხრან ვახტანგაძე.
შაკო ღელეყვა, – ბას-გიტარა, ლევან აბშილავა, -დასარტყამი ინსტრუმენტი, თორმინე სირაძე, – გიტარა და ილია შავიშვილი, – გიტარა.
პროექტის ორგანიზატორი ბათუმის მუსიკალური ცენტრია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრებად გაიყიდება 20, 30, 40 და 100 ლარიანი ბილეთები. უცხოელი მუსიკოსების ჰონორარისთვის კი 17 000 ევროა გამოყოფილი.
დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისთან, პოლიტიკურმა მოძრაობა “სახალხო ხელისუფლებამ”, პოლიტიკურ გაერთიანება “ჩვენ სამშობლოსთან ერთად”, საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მათ ენმ-ს ოფისთან, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სიკვდილი გააპროტესტეს და ნაციონალური მოძრაობის წევრები, მის გარდაცვალებში დაადანაშაულეს – “ის იყო პირველი ვინც ამხილა მიხეილ სააკაშილი ფინანსურ კორუფციაში… დღეს გულისტკივილს გამოვთქვამთ იმაზე, რომ ერთ ადამიანსაც კი – გინდ ხელისუფლების, გინდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არ მოსვლია თავში აზრად რომ ბოდიში მაინც მოეხადათ და სამძმარი ეთქვათ მისი ოჯახის წევრების წინაშე” – თქვა აჭარის “სახალხო ხელისუფლების” აქტივისტმა ნინო კვირიკაძემ.
Exif_JPEG_420
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი 29 ვნისს პარიზში, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა. 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული სულხან მოლაშვილი, ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა.
ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ, საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკური მოძრაობა “სახალხო ხელისუფლების” წევრები მათთან ბიძნა ივანიშვილის დავალებით მივიდნენ – “ისინი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების თემას, პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებენ” – თქვა მან.
პოლიტიკური გაერთიანება სახალხო ხელისუფლების ლიდერი ლევან მამალაძეა. ისინი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას.
პირველ ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„ეკონომიკური ასოცირება არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ეკონომიკური ნაწილი კი შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, ეს იქნება მასტიმულირებელი იმისათვის, რომ ჩაიდოს ევროპული ინვესტიციები საქართველოში და მოხდეს დასავლური კაპიტალის შემოსვლა“ – ამბობს, „რეგიონალური კვლევის ცენტრის“ ექსპერტი ასლან ლორთქიფანიძე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენლის მარიამ გაბინაშვილის თქმით, საქართველოში უკვე ტარდება გარკვეული რეფორმები და იდგმება ეფექტური ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან, რის შესაძლებლობასაც იძლევა ასოცირების ხელშეკრულება.
„ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უკვე წლებია ახორციელებს ძალიან აქტიურ საგანმანათლებლო პროგრამებს“- ამბობს, მარიამ გაბინაშვილი. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ცნობადობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ყველა რეგიონში, რისთვისაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები აკეთებენ პრეზენტაციებს და ავრცელებენ საინფორმაციო მასალებს, შემეცნებით ლიტერატურას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში: „ყველაზე მეტი დაინტერესება ამ საკითხის მიმართ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გამოხატა.“
შეხვედრას, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტი, ბსუ პროფესორი გიორგი აბულაძეც უძღვებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან.
მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას უნდა, მასთან შეთანხმება ჭირს, შეხვედრებზე თუ გამოიჭერ, კონტრშეკითხვებით კონფლიქტში შემოდის და ამით ცდილობს პასუხებს თავი აარიდოს – ასე დაახასიათეს ბათუმელმა ჟურნალისტებმა ბათუმის მერი, როგორც რესპონდენტი. მათ გიორგი ერმაკოვი ყველაზე პრობლემურ რესპონდენტად მიაჩნიათ.
„ჩემი ფავორიტი რთულ რესპონდენტებს შორის არის გიორგი ერმაკოვი. ყველაზე მეტად მასთან მიჭირს კომუნიკაცია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა კომენტარი გვჭირდებოდა მერიიდან და პრესსამსახურმა შეძლო მისი შეთანხმება. გვეწერება მოადგილე ან არავინ. იყო შემთხვევა გაზი აფეთქდა ცხრა მარტისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. აფეთქებები გაზის გამორთვას და შემდეგ ჩართვას უკავშირდებოდა. მერი იმყოფებოდა დაზარალებულებთან. სხვა ჟურნალისტებთან ერთად მივედი და ვთხოვე გაეკეთებინა კომენტარი იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია დაზარალებულებისთვის, – გიორგი ერმაკოვმა სცადა კონფლიქტით მოვეშორებინე. გადმოვიდა კონტრშეკითხვებით შეტევაზე – რა უნდა გიპასუხოთ, რა შეიძლება გიპასუხოთ, თქვენც აქ ხართ და მეც აქ ვარ, რა გიპასუხოთ… ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, ახლა თეატრში არ ვიმყოფებით, რომ კინოზე, მუსიკაზე გკითხოთ-მეთქი. ის არ არის კომუნიკაბელური, მეტიც, ის ცდილობს გაექცეს მედიას. ის მიიჩნევს, რომ არ არის ანგარიშვალდებული ჩვენთან“, – ამბობს სააგენტო „ინტერპრესინიუსის“ ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე.
ბათუმის მერს ყველაზე რთულ რესპონდენტად ასახელებს და გიორგი ერმაკოვის მხრიდან კონტრკითხვებზე გვიყვება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი დაჯი ჩხიკვაძეც:
„ბოლო პერიოდში შედარებით გამოსწორდა ამ თვალსაზრისით ყველაფერი, როგორც ჩანს, თვითონაც მიეჩვიენ იმას, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა. თუმცა ურთიერთობის მხრივ ყველაზე უფრო რთული მაინც მერიაა. განსაკუთრებით თავად მერი, არ ვიცი სხვა ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ის გაბრაზებული ტონით სვამს კონტრკითხვებს, მაგალითად: მე რა შუაში ვარ? რა უნდა მკითხო? ძირითადად ასეთი პასუხები აქვს. არასდროს დამირეკია პირდაპირ მისთვის, ძირითადად ვცდილობ პრესსამსახურის დახმარებით დავუკავშირდე. ხდება ხოლმე, როცა გვამისამართებენ სხვასთან. იყო შემთხვევა, როცა შეთანხმების შემდეგ მივსულვართ ჟურნალისტები სამსახურის უფროსთან და მიგვიღია პასუხი, რომ მან კომენტარის გაკეთება გადაიფიქრა. არ მახსოვს მისი სახელი და გვარი თეკლამ [პრესსამსახურის ხელმძღვანელი] შეგვითანხმა, მგონი ზედამხედველობის სამსახური იყო. ცოტა პროგრესი გვაქვს – დროულად გვპასუხობენ იმაზე, რომ კომენტარს არ აკეთებენ. აღარ ახანგრძლივებენ დროში ამ პასუხის გაცემას. მერს ძირითადად ღონისძიებებზე ვწერთ, იმის იქეთ – ვერა. ჭეიშვილი [საკრებულოს თავმჯდომარე] გვეწერება ხოლმე სხდომების დროს. მე ცენტრალურზე [ტელევიზიაზე] მაქვს გათვლა და პირველი პირების პასუხი ჩემთვის უფრო მისაღებია“.
ჟურნალისტები ასახელებენ რთულ რესპონდენტებს, რომლებთანაც შეთანხმება თითქმის არ ხერხდება: ამ ტიპის რესპონდენტებს შორის დაასახელეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი.
„ირაკლი ჭეიშვილი არის რთული რესპონდენტი, მისი დათანხმება ჩაწერაზე თითქმის შეუძლებელია. თვითთმართველობისგან უფრო რთულია პასუხების მიღება, ვიდრე არჩილ ხაბაძის უწყებიდან. თუმცა ხაბაძესაც ვერ ჩაწერ ისე თუ არ არის სხვა ამბავი. მე არ მახსენდება შემთხვევა კონკრეტულ ამბავზე მჭირდებოდეს და ხაბაძე ჩავწერო – უნდა „ჩაუსაფრდე“. ისე რომ დაურეკო პრესსამსახურს და მერე მიხვიდე მთავრობის სახლში, ასეთი რამ თითქმის არ ხდება. ასეთი პრაქტიკაა, პრინციპში, მერთანაც და მსგავსი პრაქტიკაა საკრებულოს თავმჯდომარესთანაც. როგორც პრემიერ-მინისტრთან ვერ მიხვალ ინტერვიუ მინდაო… სადღაც თუ მიადგები და დაუსვამ კითხვებს, ასეა აქაც, ვთქვათ, არის რაღაცა კონფერენცია და ამ კონფერენციაზე მივიდა არჩილ ხაბაძე… თუ მე ერთ კონკრეტულ თემას ვაკეთებ და მინდა მხოლოდ ჩემი სიუჟეტისთვის დავუსვა კითხვა, წარმოუდგენელია. იგივე ტენდენცია იყო ლევან ვარშალომიძის დროს და იყო ძალიან შემაწუხებელი. ესენი არ არიან იმხელა ფიგურები, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებებს ამ რეჟიმში ეკონტაქტონ. ეს არის თვითმმართველობა და აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მედიასთან“, – ამბობს GDშ-ის კორესპონდენტი სოფო ჟღენტი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მერიისგან ამომწურავი პასუხების მიღების პრობლემაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე. თუმცა ის ყველაზე უფრო პრობლემურ უწყებად მაინც პროკურატურას ასახელებს.
„ძალოვან უწყებებთან ურთიე¬რთობა შემოიფარგლება პრესცენტრის პასუხებით და ეს არის ძალიან რთული. კონკრეტულ რესპონდენტს ვერ პოულობ. ამ მხრივ გამონაკლისია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ყველაზე მეტი კითხვა გვაქვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მინისტრიც და სამინისტროს წარმომადგენლებიც მხოლოდ ნაწილობრივ გვპასუხობენ – ხან გვპასუხობენ, ხან არა. ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ ნიუსის ხასიათს, რომ ჩქარა გჭირდება კომენტარი და არა დღის ბოლოს. მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა ვერ მივიღე პასუხი ეკონომიკის სამინისტროსგან. ასევე ძალიან რთულია პასუხების მიღება ბათუმის მერისგან. ჩამიწერია, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა“, – ამბობს მერაბ წულუკიძე.
პრობლემურ რესპონდენტებს შორის დაასახელა გიორგი ერმაკოვი „ტელეარხი 25-ის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა ირინა ყურუამაც:
„მასთან ძალიან ბევრჯერ მჭირდება კითხვის გამეორება, რადგან სულ ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარი გააკეთოს. არ საუბრობს იმაზე, რასაც ეკითხები. რჩება შთაბეჭდილება, რომ გიშორებს თავიდან. არც იმის აღიარება უნდა, რომ კომენტარისთვის მზად არ არის, ყველაფერზე საუბრობს, გარდა კონკრეტული შეკითხვისა.
ასევე პრობლემური უწყებაა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პერსონალური პრობლემაა აქ. დილის ათი საათიდან რომ დაიწყებ შეთანხმებას, შეიძლება სამუშაო საათები ისე ამოიწუროს, რომ პასუხიც კი არ გქონდეს – გეწერება ვინმე თუ არ გეწერება. მე მინისტრი ჩამიწერია ბევრჯერ, როცა „მაესტროზე“ ვმუშაობდი, მაგრამ პრობლემაა, როცა პასუხი გჭირდება ოპერატიულად. ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ დღეს შევუთანხმდეთ და მეორე დღეს მივაკითხოთ ჩასაწერად“.
ბათუმის მერის პრესსამსახურის განმარტებით, მერი ჟურნალისტების მოსაზრებებს არ ეთანხმება. „მერი ამბობს, რომ კეთილგანწყობილია ჟურნალისტების მიმართ. ის ყოველთვის პასუხობს, როცა მას აჩერებენ. რამდენჯერმე ამის გამო ესკორტსაც კი ჩამორჩა, ჟურნალისტისთვის ამომწურავი პასუხები რომ გაეცა. რამდენიმე შემთხვევის გამო ასეთ დასკვენებს ნუ გააკეთებთ“, – განაცხადა თეკლა ჩიჩუამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
გაცილებით აგრესიული რეაქცია ჰქონდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს. თამარ დიასამიძის თქმით, რამდენიმე ჟურნალისტის მიერ გამოთქმული მოსაზრება მინისტრის პრობლემურ რესპონდენტად შეფასების საფუძველი არ უნდა გახდეს და ის ისეთ ჟურნალისტებსაც იცნობს, რომლებიც დავით ბალაძეს კომუნიკაბელურ რესპონდენტად მიიჩნევენ.
ჟურნალისტების მიერ პრობლემურ რესპონდენტად დასახელებულ მოხელეებთან ურთიერთობის მისეული ფორმა ჩამოუყალიბებია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ჯენი კვანტალიანს: „მივდივარ შეხვედრებზე, სადაც ისინი მეგულებიან, ან კითხვას კოლეგას ვაბარებ. ამიტომ მე მათგან პასუხების პრობლემა არ მაქვს“.
ჯენი კვანტალიანი ამბობს, რომ ვერასდროს იღებს კომენტარს პროკურატურისგან. მან ასევე პრობლემურ რესპონდენტად უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა დაასახელა.
ფოტოზე: დავით ბალაძე, გიორგი ერმაკოვი, ირაკლი ჭეიშვილი.
წელს აბიტურიენტი ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. პირველი გამოცდა რამდენიმე დღეში მაქვს. იმედს არ ვკარგავ, რომ სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ სურვილს, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც დიდი დრო და ენერგია შევალიე. სიმართლე რომ ვთქვა, წელს გამოცდებზე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად უფრო გავდივარ, ვიდრე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, რადგან შემდეგი ორი წელი სინგაპურის ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში IB დიპლომის მოსაპოვებლად ვისწავლი. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგე, თუმცა რეპეტიტორებთან სიარული მაინც არ შემიწყვეტია, რადგან მიმაჩნია, რომ აბიტურიენტობა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია ცხოვრებაში.
თუ როგორ მოვხვდი კოლეჯში, ეს საკმაოდ გრძელი ამბავია. არსებობს ერთი ძალიან კარგი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები), რომელსაც 15 კოლეჯი აქვს მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ორგანიზაცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ბავშვებს არჩევს და სხვადასხვა კოლეჯში უშვებს სასწავლებლად. საქართველოში Uჭჩ-ს შესარჩევი ტური წელს მესამედ ჩატარდა, ქართველი მოსწავლეებისთვის სულ 8 ადგილი იყო გამოყოფილი შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, სინგაპური, ნორვეგია, გერმანია და სომხეთი. საკმაოდ დამღლელი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, რომელიც სამი ტურისგან შედგებოდა და დაახლოებით 7 თვეს გრძელდებოდა, მომივიდა წერილი, რომელიც მთავაზობდა ადგილს სინგაპურში, UWC South East Asiaკოლეჯში.
პირველი ემოცია საკმაოდ უცნაური იყო, რადგან შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლას და მითუმეტეს შემოთავაზებას სინგაპურში – ყველაზე ნაკლებად ველოდი. იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მაბრკოლებდა გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებაში: მეშინოდა დიდი დისტანციის, დამოუკიდებლად ცხოვრების, მეშინოდა, რომ აზიაში სწავლების მაღალ დონეს ვერ დავძლევდი. გარდა ამისა, კოლეჯში პირველი ქართველი ვიქნები, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
საბოლოოდ, შემოთავაზებას დავთანხმდი და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები გადაწყვეტილების სისწორეში. სწავლის საფასური, რომელიც ორი წლის განმავლობაში 100 000$-ზე მეტს შეადგენს, კოლეჯმა სრულად დამიფინანსა. უკვე გავიცანი არაჩვეულებრივი ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩემთან ერთად ისწავლიან. ავირჩიე ექვსი საგანი: ინგლისური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფრანგული, ისტორია, გლობალური პოლიტიკა და გარემოს სისტემები. საგნები საკუთარი სურვილის გარდა, იმ ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მოთხოვნების საფუძველზეც შევარჩიე, სადაც სწავლის გაგრძელება მსურს. კოლეჯი საგნების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სამწუხაროდ, მხოლოდ 6 საგნის არჩევის საშუალება მაქვს, მაგრამ იმდენად მწყდება გული ზოგიერთ მათგანზე, რომ არ არის გამორიცხული, უკვე არჩეული საგნები სხვებით ჩავანაცვლო.
დიპლომი, რომელსაც კოლეჯის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ, აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. სწავლება არ მოიცავს მხოლოდ საგნების შესწავლას, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს, ხელოვნებას, მოხალისეობრივ საქმიანობას, ხშირად ეწყობა საგანმანათლებლო ვიზიტები სხვა ქვეყნებში, რაც სხვა კულტურების გაცნობის საშუალებას იძლევა.
კოლეჯში სწავლა 15 აგვისტოს იწყება, სინგაპურში 4 აგვისტოს უნდა ვიყო, სწავლის დაწყებამდე ბავშვებსაც და ქალაქსაც უკეთ გავიცნობ. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებსაც სწორედ იქ გავიგებ.
განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავ, რადგან მგონია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მითუმეტეს განათლების სისტემაში, ჩვენს ქვეყანას ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობენ დღეს დაიწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
დღეს ბათუმის მერიაში, სტუდენტებს მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშილი და სპორტისა და აზალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე შეხვდნენ.
სტუდენტები მუნიციპალურ ორგანიზაციებში ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდებიან. დღეს შრომითი ხელშეკრულებები პირველ ნაკადთან გაფორმდა. ისინი უკვე დღეიდან სამუშაო რეჟიმში გადადიან.
როგორც ალექსანდრე მითაიშილმა, შეხვედრაზე თქვა, სტუდენტები 10 მუნიციპალურ ორგანიზაციაში დასაქმედებიან. [ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, შპს. წყალკანალი, სანდასუფთავება და ა.შ.]
ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გახსნილი, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში.
ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, ბათუმიის საგამოცდო ცენტრში წელს 72 სექტორი იქნება, აბიტურიენტთა რაოდენობა კი 3 700-მდეა. რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, აქ მაქსიმალური დატვირთვით 12 სექტორი იმუშავებს, სადაც 250 აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს.
ხულოს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ჩიტიძე ამბობს, რომ ცენტრი სრულიად მზადაა გამოცდებისთვის: „ჩვენს საგამოცდო ცენტრში ეროვნულ გამოცდებს ძირითადად ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტები აბარებენ“, – ამბობს გოჩა ჩიტიძე.
30 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უკარაინული წარმოშობის, რუსეთში მოვაღვაწე მსახიობთან, სტანისლავ ბონდარენკოსა და შპს „დარ ბილდინგის“ წარმომადგენელთან ერთად გმირთა ხეივანში სასტუმრო „Dar Tower“-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, სტანისლავ ბონდარენკო კომპანია „დარ ბილდინგის“ სარეკლამო სახეა: „კომპანიამ მას ბინა გადასცა საჩუქრად. სტანისლავ ბონდარენკო „Dar Tower“-ის ბინის პირველი მესაკუთრე გახდა“.
სასტუმრო „Dar Tower-ის“ საფუძვლის ჩაყრა / 30.06.2016 / ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდიდან
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს პროექტი მოიცავს არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს, კაზინოს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, „ლაუნჯს“, ბარს, ჩაის სახლს, ყავის სახლს, გასართობ ცენტრებს, ბოულინგ-ცენტრს, საბავშვო ბაღს, სავაჭრო ცენტრს, სპა-ცენტრს, ღია და დახურული აუზს, სარეკრიაციო ზონას, სასეირნო ბილიკებსა და მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას.
მთავრობის ინფორმაციით, პროეტის ფარგლებში არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენომა 300-მდე უნდა გაიზრდოს. „Dar Tower“ ექსპლუატაციაში 2020 წლისთვის შევა.
ნასყიდობის ხელშეკრულება „დარ ბილდინგთან“ 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. შესაბამისად, 2016 წლის 12 თებერვლისთვის კომპანიას მშენებლობა დაწყებული უნდა ჰქონოდა, თუმცა იმ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულიც კი არ იყო და საინფორმაციო დაფა ამ ნაკვეთზე მდებარე ხეზე იყო მიჭედებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აუქციონი მომიჯნავე ნაკვეთებზეც გამოაცხადა.
„დარ ბილდინგის“ სახელი ბათუმში ბარათაშვილის #24 დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის ადგილას კომპანია შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არ ეთანხმებიან. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს DAR BUILDING-ის 100% წილს რევაზ დარჩიძე ფლობს.
30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის:
„სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც“ – ამბობს დავით ბერიძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ხედავს აჭარის მთავრობის მხრის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს და დროში არ უნდა გაიწელოს, იმიტომ რომ ადამიანები ყოველდღიურად რჩებიან სახლის გარეშე.
„გუშინაც ჩატარდა სასამართლო პროცესი, კიდევ ერთი ოჯახი დარჩა სახლის გარეშე. აქ შეკრების მიუხედავად არავინ არ გამოდის გარეთ და არ ინტერესდება მოქალაქეების პრობლემით“ – განაცხადა დავით ბერიძემ.
„უკვე მეორე ხუთშაბათია რაც ვმართავთ საპროტესტო აქციებს, მსგავსად თბილისისა. თბილისში სოციალურად დაუცველთა და იპოთეკით დაზარალებულთა აქციები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს. მივმართავ ქართულ ოცნებას და მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს: მისი სიტყვებია, რომ არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს უსახლკაროდ. მე მინდა მას ვაცნობო, რომ სტატისტიკური მონაცემებით 19 000 ოჯახია გამოსახლებული და 40,000 ან შესაძლოა მეტიც, არის უმისამართოდ. ამ ადამიანებმა სად უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე? სულ რაღაც 98 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ დაეხმარონ დაზარალებულ ოჯახებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც დასთესენ, იმას მოიმკიან“ – ამბობს ლალი ზაქარეიშვილი, იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
„მთავრობის სახლთან გვაქვს პერმანენტული აქციები და შედეგი ვერ ვნახეთ, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, მაგრამ სამწუხაროდ აქაც არავინ არ გამოვიდა, არავის არ უკითხავს რა გჭირთ, რა პრობლემები გაქვთ და რას ითხოვთო. არჩევნებამდე გვპირდებოდა ქართული ოცნება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომ არავინ არ დარჩებოდა ქუჩაში, მაგრამ შედეგი ისევ არ ჩანს. ამ ოჯახების 80 პროცენტი არის წინა რეჟიმის მსხვერპლი, ზოგს პატიმარი ჰყავდა, ზოგს პრობაციონერი,ზოგს – ავადმყოფი და ამიტომ გამოვიტანეთ ეს სესხები, ვერ დავფარეთ, შეგვპირდნენ – დაგეხმარებითო,მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, მხოლოდ არჩევნების დღეს თუ გავახსენდებით“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია მელიქიძე.
„ქართული ოცნების“ ოფისიდან იპოთეკარების აქციას არავინ გამოხმაურებია.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მთავრობა საკითხს სწავლობს, თუმცა ამ კუთხით სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის.
იპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტოიპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც.
„არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ.
აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები არიან, თუმცა განსაკუთრებული გაფრთხილება მობილიზაციის შესახებ არ მიუღიათ.
28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა.
ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს ბანაკებში.
საქართველოში ყველაზე დიდ, მოსწავლეთა ათდღიან საზაფხულო – „მომავლის ბანაკს“ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან მართავს. „მომავლის ბანაკი“ ჩაენაცვლა ბანაკ „პატრიოტს“, რომელიც 2005 წლიდან ყოველ ზაფხულს ტარდებოდა. არსებითი განსხვავება ამ ბანაკების პროგრამებს შორის ის არის, რომ „პატრიოტი“ გათვლილი იყო 15-23 წლის ახალგაზრდებზე, მათ შორის უცხოელებზეც. „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობა კი მხოლოდ საქართველოს საჯარო სკოლების წარჩინებულ 14-18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ [უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახების მოზარდებს].
ბოლოს ბანაკი „პატრიოტი“ 2012 წელს ჩატარდა ანაკლიაში აშენებულ სპეციალურ საბანაკე კომპლექსში, სადაც რამდენიმე სამსართულიანი კორპუსი და სპეციალურად შემოსაზღვრული ეზოა. „მომავლის ბანაკიც“ ამ კომპლექსში ტარდება. როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეა ყიფშიძე აღნიშნავს, ეს საბანაკე კომპლექსი არ არის ადაპტირებული და არც შენობები იძლევა მათი ადაპტირების საშუალებას, რის გამოც ბანაკი ვერ მასპინძლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.
„ვგეგმავთ ეს პრობლემა როგორმე გადაიჭრას“, – ამბობს თეა ყიფშიძე. მისივე თქმით, წელს 2 304 მოსწავლე დაისვენებს ანაკლიის „მომავლის ბანაკში“, მათგან 144 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჰერეთიდან, 50 დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვანები და 60 ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის“ გამარჯვებული. ბანაკი რვა ეტაპად ჩატარდება და თითოეულ ეტაპზე 288 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
„მომავლის ბანაკის“ ორგანიზებაში მონაწილეობენ განათლების, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროები.
რაც შეეხება ლიდერების შერჩევას, როგორც თეა ყიფშიძე ამბობს, ბანაკში მოხვედრილ ლიდერს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევები, კარგი ფიზიკური მომზადება და უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო უნარებს.
„24 მოსწავლეს ჰყავს ორი, 21-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ლიდერი – გოგო და ბიჭი. ტერიტორია არის შემოსაზღვრული და გვყავს დაცვის სამსახური, ასევე ხუთი მაშველი, ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ზღვისთვის მოსწავლეებს განკუთვნილი აქვთ ერთი საათი, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ასევე ბანაკის ტერიტორიაზეა სახანძრო მანქანა, – გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სახანძროს გამოძახებისთვის დრო რომ არ დაიხარჯოს. ტრანსპორტირების პროცესში მოსწავლეებს პატრულის ეკიპაჟი აცილებს. გვყავს კვების ექსპერტიც, რომლის ბანაკში მოსვლის შემდეგ კვებითი ინტოკსიკაციის შემთხვევა არ გვქონია“, – ამბობს თეა ყიფშიძე.
მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ბანაკში იმ ბავშვების კვების საკითხია, რომლებიც [ქრისტიანულ] მარხვას ინახავენ. „ვერ ვითვალისწინებთ, რადგან ბავშვის რაციონისთვის ეს არის დაშვებული. ჩვენ გავლილი გვაქვს კონსულტაციები სასულიერო პირებთან, ნებისმიერი მამაო, ბავშვს რომელიც ათი დღით მოდის ბანაკში, მისცემს კურთხევას“, – ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
როგორც საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შეიქმნა „ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით“. თეა ყიფშიძის თქმით, ბანაკის ბიუჯეტი გასულ წელს [1 728 მოსწავლე] მილიონ-ნახევარი ლარი იყო. წელსაც, იმავე ბიუჯეტით, „მომავლის ბანაკის“ გარდა, სტუდენტური საზაფხულო „შაორის ბანაკიც“ უნდა მოეწყოს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პროგრამებით გათვალისწინებული საბანაკე აქტივობითაც. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, სულხან დუმბაძის თქმით, წელს იგეგმება შერეული ბანაკი, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები [უკვე აბიტურიენტები] და სტუდენტები [სულ 50] შეძლებენ ბანაკში გამგზავრებას. მხოლოდ მოსწავლეებისთვის დეპარტამენტს საზაფხულო ბანაკი არ აქვს დაგეგმილი.
ამ ბანაკთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული, თუმცა, როგორც სულხან დუმბაძე ამბობს, ორგანიზების საკითხებში დეპარტამენტი მონაწილეობს და შესაბამისი კრიტერიუმებით არჩევენ პერსონალსა თუ ლიდერებს:
„ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, ასევე სხვადასხვა სერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს ლიდერობის მსურველმა, რითაც დაადასტურებს, რომ გავლილი აქვს შესაბამისი სასწავლო კურსები/ტრენინგები“.
ითვალისწინებენ თუ არა ლიდერთა შერჩევისას ფიზიკურ მომზადებას, თუნდაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს, დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი პასუხობს: „გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია…“
მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წელს საზაფხულო ბანაკები დაგეგმილი არ აქვთ, თუმცა გამოყოფილია 8 000 ლარის გრანტი, რომლის მოპოვებაც შეუძლია შესაბამის ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, მათ შორის საზაფხულო ბანაკის ორგანიზებისთვის. გასულ წელს კი მერიის იგივე განყოფილება სამთო ბანაკებს მართავდა 17-27 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მოსწავლეებსაც შეეძლოთ მონაწილეობა. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამვერიძე ამბობს, სამთო ბანაკებში ახალგაზრდებს სპეციალისტებიც ახლდნენ.
7-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის ორკვირიან ინგლისურენოვან ბანაკს აწყობს ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „ბიბისი“. ბანაკში მონაწილეობა ფასიანი და ერთი მოსწავლისთვის 850 ლარი ღირს. ეს არის სასტუმროში განთავსების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების, ინგლისურ ენაში ყოველდღიური გასართობ-ინტერაქტიული სემინარების, სამედიცინო უზრუნვლყოფის, პრიზების, საჩუქრებისა და ინგლისური ენის სერტიფიკატის ხარჯი. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნათია თანანაშვილი ამბობს, ბანაკები ბაკურიანის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში იმართება. ყოველ ათ მოსწავლეზე განსაზღვრულია ერთი სუპერვაიზერი-ზედამხედველი, რომელიც მოსწავლეების მოვლა-პატრონობაზე აგებს პასუხს, ავარჯიშებს მოსწავლეებს ენერგიული თამაშებით და ა.შ. ყოველ 20 მოსწავლეზე კი ჰყავთ ერთი პედაგოგ-მასწავლებელი, რომელიც სემინარებს უძღვება. ყოველ ჯერზე ბანაკში ჰყავთ ორი პედიატრი. ნათია თანანაშვილის თქმით, ერთ ბანაკში მაქსიმუმ 60 ბავშვი მონაწილეობს.
ორგანიზაცია „ეკოხედვა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქესთან“ ერთად მართავს ეკობანაკებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუსრულდათ 14 წელი. ამ ბანაკში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეები გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინაში გამარჯვებულები არიან. ეკობანაკები ერთკვირიანია და ურეკში, ცემსა და თუშეთში ეწყობა, სასტუმროებში. ერთი დღე ეთმობა კარვებით ლაშქრობას.
„ექიმიც გვყავს და შესაბამისი თემატიკის სპეციალისტიც, მაგალითად, ალპინისტები. უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილია, ლიდერებად გამოცდილი თანამშრომლები მიგვყავს, რომლებთანაც გვიმუშავია და ვიცნობთ“, – აღნიშნეს ორგანიზაცია „ეკოხედვაში“, სადაც ასევე განმარტეს, რომ გასულ წელს სამასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას ეკობანაკებში, წელს კი ოთხასამდე მოსწავლისთვისაა დაგეგმილი.
ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს.
„გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს ფრაზა მოსამართლემ პროფესორებს რამდენჯერმე გაუმეორა. სხვა სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაგალითიც მოიყვანა თავისი გადაწყვეტილების სისწორის დასასაბუთებლად და პროფესორების კითხვებსაც უპასუხა: „ვთქვათ, მეგობარს მივეცი ბინა, რომ იქ იცხოვროს. გამოდის, მე ბინა დავკარგე? მას მე ან უნდა ვაჩუქო ეს ბინა, ან მივყიდო. სხვაგვარად შეუძლებელია, ჩამომერთვას მესაკუთრის უფლება. თქვენ გადმოგეცათ ეს ბინები სარგებლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდა უსაზღვრო ვადით“.
– ჩვენ წინააღმდეგ პრესაც გამოიყენა უნივერსიტეტმა… გაგვიმარტეთ იურიდიულ ენაზე, მე, როგორც მამა უნდა გამომასახლოთ და ჩემი ოჯახი იქ დარჩეს? – იკითხა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ.
– თქვენს შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც თქვენს კანონიერი სარგებლობის უფლებას დაადასტურებდა. ის, რომ წლების განმავლობაში იქ ცხოვრობთ და აბონენტად ხართ რეგისტრირებული, არაა მტკიცებულება იმის, რომ ხართ კანონიერი მოსარგებლე. სასამართლომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტის სარჩელი თქვენი ოჯახის წევრების მიმართ არ იყო დასაბუთებული. არ შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოს იმ პირის ინტერესებს, რომელიც პროცესის უშუალო მონაწილე საერთოდ არ არის – განმარტა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ.
სარჩელი რომ ამ კუთხით დაუსაბუთებელი იყო, ადასტურებს გიორგი დიასამიძეც, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ პროფესორების ოჯახის წევრების პირადი მონაცემების მოპოვება. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მთავარია, რომ სასამართლომ უნივერსიტეტთან მიმართებაში მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება“.
– თქვენ რას გვირჩევთ, გავასაჩივროთ უნდა თუ არა თქვენი გადაწყვეტილება? – ჰკითხა მოსამართლეს გიული გელაძემ [მას თავისმა დამ, პროფესორმა დარეჯან გელაძემ დაუტოვა ბინა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში].
– ამ ეტაპზე უნივერსიტეტი გამოთავისუფლებულ ფართობს ვერ მიიღებს. თუ თქვენ არ გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, მაშინ უნივერსიტეტი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყება პროცედურები.
„თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, იძულებითი გამოსახლებისგან ჯერ თავს შევიკავებთ, მაინც უნივერსიტეტის პროფესურაა,“ – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. თუმცა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა პროფესორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი ლევან მიქაბერიძის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. თუკი ზემდგომი ინსტანციები ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, აღმასრულებელი უნივერსიტეტის შენობას პროფესორებს დაატოვებინებს, მათი ოჯახის წევრებს – ვერა.
„არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, სარჩელი არ იყო ზუსტად შედგენილი. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ შესაბამის დოკუმენტებს და ხელახლა მივმართავთ სასამართლოს. უნივერსიტეტი სახელმწიფო ქონებას ასე ვერავის დაუთმობს. ეს ფართობი სჭირდება სტუდენტებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ.
უნივერსიტეტმა სარჩელი პროფესორებისა და კიდევ სამი ოჯახის წინააღმდეგ 2014 წელს შეიტანა. სასამართლომ უნივერსიტეტის მოთხოვნა საერთოდ არ დააკმაყოფილა თეიმურაზ ჭყონიას შემთხვევაში. „მაქვს ორდერი, რომელიც გაცემულია 1962 წელს. დეიდაჩემი მუშაობდა მაშინდელ კულტურის სამინისტროში და მიიღო ბინა. მე მისი სამართალმემკვიდრე ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეიმურაზ ჭყონიამ.
პროფესორები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში. „ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში მოკვლეული დოკუმენტების მიხედვით, ორმა პროფესორმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცხოვრების პერიოდში, 90-იან წლებში, ცალკე ბინები ააშენეს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე. „ბათუმელებს“ ინდიკო აბაშიძემ დაუდასტურა, რომ ეს ბინა თავის შვილს აჩუქა. „მერე თქვენ რა გაინტერესებთ, იმ ბინის ფული მოყვრებმა გადაიხადეს, შვილის ბინაა ის და არა – ჩემი,“ – ეს ემერეტუს-პროფესორის, თემურ გოგმაჩაძის პასუხია.
ფოტოზე: უნივერსიტეტის პროფესორები მოსამართლეს ესაუბრებიან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
„წინადღით მე გავაკეთე პოზიტიური კომენტარი და აქცია არ უნდა მოყოლოდა მაგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის სახლთან დაშლილი აქციის მონაწილეები და უფორმო პოლიციელების მიერ დაკავებულები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გაუწევს. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ კვირას აქციის დაშლას ბათუმში ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა.
„მნიშვნელოვანია ამ კუთხით სასამართლოში სარჩელის შეტანა“, – ამბობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. ის 2011 წლის შემთხვევას იხსენებს, როცა პოლიციელებმა თბილისში, გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქცია დაშალეს: „მაშინ ერთი ქალის ინტერესებს ვიცავდით ჩვენ, ის დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს და მოვიგეთ პროცესი. მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურება იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვის გამო სხვა სარჩელი არ მახსენდება, არადა უკანონოდ დაშლილი აქცია არაერთი იყო“.
თუკი გონიოელები საბოლოო პოზიციას შეაჯერებენ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. გონიოელი ენვერ ირემაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ: „ეს იყო ძალადობა დაშინების მიზნით, თანაც ძველი მეთოდებით. აბაშიძის დროს ხდებოდა ასე: სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები რომ გთხოვენ უკანონობის შესრულებას“.
„კარგი იქნება, თუკი დადგინდება პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედების ფაქტი და სახელმწიფოს დაეკისრება ფინანსური სანქციები. ამ შემთხვევაში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ სამართალდამცველები აქციების დროს და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეების უფლებები არ დარღვეულა: „რატომ თვლით, რომ დაირღვა მათი უფლება? რუპორით ხელში იდგა 50-მდე ადამიანი ერთი საათის განმავლობაში და აცხადებდა თავის მოთხოვნებს. მოვიკითხე, რატომ იყო აყალმაყალი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ კარვის დადგმა დაუშალეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს. თუ რამე ძალის გადამეტება იყო, არ ვიცი, გამოსაკვლევია ეს. კარვის გაშლა კი არ შეიძლებოდა. ასევე 20 მეტრის რადიუსი უნდა ყოფილიყო დაცული და ასეთ დროს ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ უნდა გააფრთხილო“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ. მან ვერ გვითხრა, რომელ კანონში ამოიკითხა მსგავსი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა. სამაგიეროდ გვითხრა, ვისგან მიიღო ინფორმაცია აქციის დაშლის შესახებ: „ვინც იდგა გარეთ თანამშრომელი, მათ ვესაუბრე, ძირითადად დაცვის თანამშრომლებს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისთვის გაეშალათ კარავი, მოეწყოთ აქციის ორგანიზებისთვის საჭირო გარემო, რადგან აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ არც გზის სავალი ნაწილი, არ მოუხდენიათ შენობის შესასვლელის ბლოკირება, ხელი არ შეუშლიათ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულთა პირებისთვის, მათ არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ. საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვით დაირღვა გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“.
ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის აპარატიდან აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზადყოფნა დანერგოს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები. სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ისინი ბოლომდე დააკვირდებიან ამ პროცესს.
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოქმედება გავიდა სამართლებრივი სივრციდან და პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს აქციის მონაწილეების უფლებები, ეს არის შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის უფლებები. ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ არ მომხდარა აქციის მონაწილეების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა. ეს იყო მშვიდობიანი, კანონიერი აქცია. აქციის დაშლას არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმური საფუძველი“, – გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ასევე სამართალდამცავებზე, ვინც აქციაზე ფორმის გარეშე იმყოფებოდა. „მათ არ წარუდგინეს თავი მოქალაქეებს და რთული იყო იმის დადგენა, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ეს პირები აქციის ჩატარების დროს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პოლიციელი უნდა იყოს აქციაზე აუცილებლად ამოსაცნობი ნიშნით“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე. იურისტის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რომელია პოლიციელი და ვინ აკავებს პირს. „ეს პირდაპირ დარღვევაა პოლიციის შესახებ კანონის. გარდა ამისა, პირი უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნას. ისმის კითხვა, როგორ უნდა დაემორჩილო, თუკი ვერ აღვიქვამ, პოლიციელს აქვს მოთხოვნა, თუ სამოქალაქო პირს?“
საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოსთან გონიოელებმა 14 ივნისიდან დაიწყეს. 271 ოჯახი 2010 წელს ჯერ დარეგისტრირებული და შემდეგ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან – საბოლოო გადაწყვეტილებას. აქცია გონიოელებმა 22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინაც გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ გონიოელების მიერ ტროტუარზე დადგმულ კარავს არც ტროტუარი ჩაუკეტავს და არც რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელი [კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილება 5 დღით ადრე], სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მისი აღება მოითხოვა.
„პოლიციელი ვიცით ჩვენ ფორმაში, მოვიდეს და იმან მოგვთხოვოს“, – თქვეს გონიოელებმა. რამდენიმე წუთში კარავთან ფორმიანი პოლიციელი გამოჩნდა იგივე მოთხოვნით. გონიოელებმა კარავი საკრებულოსთან დააბრუნეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის იმ მონაწილეებს არ მისცეს გაზონზე ლეიბების გაშლის უფლება, ვინც შიმშილობა დაანონსა. პოლიციელებმა მოქალაქეებს ჩამოართვეს ლეიბები და ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. იმავე საღამოს დაკავებულები გაათავისუფლეს. იასონ პაქსაძის შემთხვევაში მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, დანარჩენი ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.
უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა.
„… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს პარლამენტმა. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით ახლა მე მაქვს მხოლოდ სამი ოლქი 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ცესკოს არ გაუკეთებია მითითება, რომ პარლამენტის მიერ შექმნილი ოლქებითაც იხელმძღვანელეთო. მე ხომ კანონზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედო?“ – კითხვას სვამს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.
კითხვები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ახალმა გადანაწილებამ გააჩინა. ცესკოს გადაწყვეტილებით, ბათუმს, ნაცვლად ერთისა, სამი მაჟორიტარი ეყოლება. შესაბამისად, ბათუმის საარჩევნო ოლქში შემოვა ქობულეთის სოფლები – ხალა, ჩაისუბნი, საჩინო, ჩაქვი და ციხისძირი. ხოლო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შეიქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელშიც, ცხადია, არ შევა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში შევა ქედის ერთი სოფელი – მახუნცეთი. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის) საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, აჭარაში სამი ოლქი ექნება ბათუმს, სამი – მუნიციპალიტეტებს.
კანონის მიხედვით, რომლითაც უსკომ უნდა იხელმძღვანელოს, „თუ საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ტარდება, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები უნდა განსაზღვროს ცესკომ. ახალი ცვლილებით კი აჭარის მუნიციპალიტეტებში ეს ყველაფერი პარლამენტს აქვს განსაზღვრული.
იმისთვის, რომ უსკოს არ ჰქონდეს კანონთან აცდენა, როგორც ამას უსკოს თავმჯდომარე ამბობს, ამ პრობლემის მოგვარებაზე უმაღლეს საბჭოს უნდა ეზრუნა. მართალია, ამ საკითხის სხდომაზე გატანის ინიციატივა დეპუტატ ალექსანდრე ჩიტიშვილს ჰქონდა, მაგრამ სხდომის დღეს ის უმაღლეს საბჭოში საერთოდ არ მივიდა. ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ უმაღლეს საბჭოში არ გაუგიათ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჩიტიშვილს იმ დღეს „წნევა აუწია“.
„მიუხედავად დაპირებისა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯი მაჟორიტარული სისტემის შეცვლისთვის, მათ შეცვალეს კანონი და ოლქები მიაბეს საკუთარ სურვილებს. ქვეყნის მასშტაბით ოლქები არის სუბიექტურად გადანაწილებული და არა იმ პრინციპით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შესთავაზა. უსკოს საკითხიც, ბუნებრივია, ამ კონტექსტში იხილება. მაჟორიტარული სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო და ის ოლქებიც უნდა მიბმულიყო მაჟორიტარულ სისტემას და არა იმას, რაც დღეს არის. ეს მოწყობა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა არ ვიცით, როდის განიხილავს სარჩელს სასამართლო“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე.
`ბათუმელებთან~ ალექსანდრე ჩიტიშვილიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაელოდებიან, ხოლო თუ სასამართლო სარჩელს უახლოეს დღეებში არ განიხილავს, მაშინ უმაღლესი საბჭო მოიწვევს რიგგარეშე სხდომას და ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმსჯელებს.
ოლქების გადანაწილების წესის შეცვლის საფუძველი მანამდეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. მანამდე ოლქების დაყოფის საფუძველი იყო გეოგრაფიული მდებარეობა და არა ამომრჩევლის რაოდენობა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა ოლქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადაანაწილა და ცესკოს მიუთითა, ამ პრინციპით ეხელმძღვანელა.
მთავარი და დამხმარე ოლქები
2016 წლის 31 მარტს ცესკომ მიიღო „საქართველოს პარლამენტის განკარგულება [№163/2016] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრის შესახებ, რომლებმაც არჩევნები უნდა ჩაატარონ. დანართის მიხედვით, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება ძირითადად მიმართულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სრული უფლებამოსილების განხორციელების გამარტივებისკენ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მონაწილეობს უბნების საზღვრების დაზუსტებაში, ვინაიდან მისი კომპეტენციის ქვეშ შემავალი ტერიტორიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია, თუმცა ამ კონკრეტული არჩევნებისთვის თავად არ იღებს გადაწყვეტილებას საზღვრების დაზუსტებაზე. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე ევალება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შენობების მოძიება-მოწესრიგება; საარჩევნო ინვენტარითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსანტების საბუთების მიღება და სრულყოფილი საკონკურსო დოკუმენტაციის უფლებამოსილი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიების საარჩევნო სიების, ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემა; არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გავრცელება. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს კომისიაში შესულ განცხადება-საჩივარს და გადაწყვეტილების მისაღებად აგზავნის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. იგივე ეხება საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესულ განცხადება/საჩივრებსაც.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ აჯამებს კენჭისყრის შედეგებს ოლქში.
„მაჟორიტარული ოლქების ახალი დაყოფიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არსებობს უარყოფითი ტენდენციები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან დროში გააჭიანუროს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება, რადგანაც მთელი დატვირთვა ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიებზე მოდის. ტერიტორიული თვალსაზრისით ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის რთული იქნება საჩივრების განხილვაზე მომჩივანისა და მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნათელი იყოს ძირითადი და დამხმარე ფუნქციები და არ მოხდეს ამ ფუნქციების აღრევა, ამიტომაც რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო მუშაობა უნდა გაწიოს ცესკომ“, – ამბობს მადონა ბერიძე „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.
ახალი გადანაწილება აჭარაში ასე გამოიყურება:
• #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია – #68, #69, #70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია – #71 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია – #72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია – #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #80 ქედის და #82 შუახევის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.
დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკა – „ბსუ დენტი“ გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და როგორც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, „ბსუ დენტი“, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სტომატოლოგიოური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის და რეზიდენტურის სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე მიიღებს პაციენტებსაც: „პაციენტებს მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები, ხოლო სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ“, – აღინიშნა „ბსუ დენტის“ გახსნაზე.
„ეს არის სასწავლო კლინიკა, თუმცა მას ექნება კომერციული სახეც. პაციენტებს კლინიკა უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებს. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის კი განსაკუთრებული ფასდაკლების პაკეტები გვექნება“, – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.
საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. მისი შეფასებით, რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სასწავლო კლინიკების არსებობა. მომავალი წლიდან კი თავად სამინისტრო ეცდება, შეუქმნას სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა რესპუბლიკური კლინის სახით.
22 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს, 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.
მოსამართლემ გაფრთხილება მისცა აქციის მონაწილე – გურამ მიქელაძეს. პოლიციელეთა ჩვენებების მიხედვით, იგი შეგნებულად დაწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დაცვის მხარეს გურამ მიქელაძის საქმეში მოწმეები არ ჰყავდა. თავად გურამ მიქელაძემ კი მოსმართლეს უთხრა, რომ გზა არ ჩაუკეტავს, დაუდგენელმა პირმა ხელი მიჰკრა და წაიქცა. სასამართლომ ამ პირის მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების საჭიროება ვერ დაინახა.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ 22 ივნისის საღამოსვე შეწყვიტა იაშა ცინცაძის საქმის განხილვა. ენვერ ირემაძის შემთხვევის მსგავსად, იქაც სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველი ვერ დაინახა. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.
გონიოელები საპროტესტო აქციებს ბათუმის საკრებულოსთან 14 ივნისიდან მართავდნენ. ისინი 2010 წელს ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. გონიოელებმა საპროტესტო აქცია 22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართეს, რა დროსაც მათ პოლიციელებმა კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს, წაართვეს ლეიბები, სადაც მოშიშილეები აპირებდნენ დაწოლას და კანონდარღვევით დაშალეს აქცია.
სახალხო დამცველმა, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საპროტეტსო აქციის დაშლა აჭარის მთავრობის სახლთან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს. მათი განცხადებით, აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.
ბათუმის რამდენიმე უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. მათ შორის არიან ინდოელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სირიელი, ამერიკელი და ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო განათლების მიღება საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადაწყვიტეს.
სიუჟეტში ისინი თავად ყვებიან თავიანთ არჩევანზე, რამდენად მოსწონთ სწავლა, სად და რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა ბარიერებს აწყდებიან და რა მიაჩნიათ პრობლემად.
სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება NED-ის მხარდაჭერით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო ზეიმი – „ქობულეთობა“ გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც დილის 12 საათიდან დაიწყება.
ღონისძიებათა პროგრამას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს:
12:00 საათი – ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე, ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
13:00 საათი – მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე
13:30 საათი – ზღვისპირა პარკი (ყოფილი გედების ტბის მიმდებარე ტერიტორია) – აქტივობები ბავშვებისთვის: საბავშვო კონცერტი, ასფალტის მოხატვა,ზღაპრის გმირებთან და მასხარებთან შეხვედრა
14:00 საათი – ზღვისპირა პარკი (პორტატული შადრევანის მიმდებარე ტერიტორია) – ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების საგამოფენო სივრცის დათვალიერება
14:30 საათი – ზღვისპირა პარკი, მხატვრის სახლი – ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება
15:00 საათი – ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ სანაპირო – პარაპლანისტებისა და სერფინგისტების შოუ
16:00 საათი – ზღვისპირა პარკის ამფითეატრი – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის პარალელურად მოეწყობა სპორტული სანახაობები და ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოგამოფენა
17:00 საათი – აგროსერვის ცენტრი – სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა, ღვინის სახლის დათვალიერება
19:00 საათი – კულტურის სახლი – გალა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს. არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.
შსს-ს საპატრულო პოლიცია და დაცვის პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში. საკონტროლო გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს და უზრუნველყოფს საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოებას“.