კვირის ამბები,კვირის ამბები

რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში

30.06.2016 • 1999
რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში

უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა.

„… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს პარლამენტმა. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით ახლა მე მაქვს მხოლოდ სამი ოლქი 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ცესკოს არ გაუკეთებია მითითება, რომ პარლამენტის მიერ შექმნილი ოლქებითაც იხელმძღვანელეთო. მე ხომ კანონზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედო?“ – კითხვას სვამს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

კითხვები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ახალმა გადანაწილებამ გააჩინა. ცესკოს გადაწყვეტილებით, ბათუმს, ნაცვლად ერთისა, სამი მაჟორიტარი ეყოლება. შესაბამისად, ბათუმის საარჩევნო ოლქში შემოვა ქობულეთის სოფლები – ხალა, ჩაისუბნი, საჩინო, ჩაქვი და ციხისძირი. ხოლო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შეიქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელშიც, ცხადია, არ შევა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში შევა ქედის ერთი სოფელი – მახუნცეთი. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის) საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, აჭარაში სამი ოლქი ექნება ბათუმს, სამი – მუნიციპალიტეტებს.

კანონის მიხედვით, რომლითაც უსკომ უნდა იხელმძღვანელოს, „თუ საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ტარდება, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები უნდა განსაზღვროს ცესკომ. ახალი ცვლილებით კი აჭარის მუნიციპალიტეტებში ეს ყველაფერი პარლამენტს აქვს განსაზღვრული.

იმისთვის, რომ უსკოს არ ჰქონდეს კანონთან აცდენა, როგორც ამას უსკოს თავმჯდომარე ამბობს, ამ პრობლემის მოგვარებაზე უმაღლეს საბჭოს უნდა ეზრუნა. მართალია, ამ საკითხის სხდომაზე გატანის ინიციატივა დეპუტატ ალექსანდრე ჩიტიშვილს ჰქონდა, მაგრამ სხდომის დღეს ის უმაღლეს საბჭოში საერთოდ არ მივიდა. ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ უმაღლეს საბჭოში არ გაუგიათ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჩიტიშვილს იმ დღეს „წნევა აუწია“.

„მიუხედავად დაპირებისა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯი მაჟორიტარული სისტემის შეცვლისთვის, მათ შეცვალეს კანონი და ოლქები მიაბეს საკუთარ სურვილებს. ქვეყნის მასშტაბით ოლქები არის სუბიექტურად გადანაწილებული და არა იმ პრინციპით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შესთავაზა. უსკოს საკითხიც, ბუნებრივია, ამ კონტექსტში იხილება. მაჟორიტარული სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო და ის ოლქებიც უნდა მიბმულიყო მაჟორიტარულ სისტემას და არა იმას, რაც დღეს არის. ეს მოწყობა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა არ ვიცით, როდის განიხილავს სარჩელს სასამართლო“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე.
`ბათუმელებთან~ ალექსანდრე ჩიტიშვილიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაელოდებიან, ხოლო თუ სასამართლო სარჩელს უახლოეს დღეებში არ განიხილავს, მაშინ უმაღლესი საბჭო მოიწვევს რიგგარეშე სხდომას და ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმსჯელებს.

ოლქების გადანაწილების წესის შეცვლის საფუძველი მანამდეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. მანამდე ოლქების დაყოფის საფუძველი იყო გეოგრაფიული მდებარეობა და არა ამომრჩევლის რაოდენობა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა ოლქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადაანაწილა და ცესკოს მიუთითა, ამ პრინციპით ეხელმძღვანელა.

მთავარი და დამხმარე ოლქები

2016 წლის 31 მარტს ცესკომ მიიღო „საქართველოს პარლამენტის განკარგულება [№163/2016] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრის შესახებ, რომლებმაც არჩევნები უნდა ჩაატარონ. დანართის მიხედვით, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება ძირითადად მიმართულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სრული უფლებამოსილების განხორციელების გამარტივებისკენ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მონაწილეობს უბნების საზღვრების დაზუსტებაში, ვინაიდან მისი კომპეტენციის ქვეშ შემავალი ტერიტორიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია, თუმცა ამ კონკრეტული არჩევნებისთვის თავად არ იღებს გადაწყვეტილებას საზღვრების დაზუსტებაზე. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე ევალება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შენობების მოძიება-მოწესრიგება; საარჩევნო ინვენტარითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსანტების საბუთების მიღება და სრულყოფილი საკონკურსო დოკუმენტაციის უფლებამოსილი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიების საარჩევნო სიების, ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემა; არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გავრცელება. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს კომისიაში შესულ განცხადება-საჩივარს და გადაწყვეტილების მისაღებად აგზავნის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. იგივე ეხება საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესულ განცხადება/საჩივრებსაც.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ აჯამებს კენჭისყრის შედეგებს ოლქში.

„მაჟორიტარული ოლქების ახალი დაყოფიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არსებობს უარყოფითი ტენდენციები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან დროში გააჭიანუროს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება, რადგანაც მთელი დატვირთვა ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიებზე მოდის. ტერიტორიული თვალსაზრისით ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის რთული იქნება საჩივრების განხილვაზე მომჩივანისა და მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნათელი იყოს ძირითადი და დამხმარე ფუნქციები და არ მოხდეს ამ ფუნქციების აღრევა, ამიტომაც რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო მუშაობა უნდა გაწიოს ცესკომ“, – ამბობს მადონა ბერიძე „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

ახალი გადანაწილება აჭარაში ასე გამოიყურება:

• #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია – #68, #69, #70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია – #71 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია – #72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია – #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #80 ქედის და #82 შუახევის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.

ფოტოზე: უსკოს წევრები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: