კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?

30.06.2016 • 1892
ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?

ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს.

„გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს ფრაზა მოსამართლემ პროფესორებს რამდენჯერმე გაუმეორა. სხვა სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაგალითიც მოიყვანა თავისი გადაწყვეტილების სისწორის დასასაბუთებლად და პროფესორების კითხვებსაც უპასუხა: „ვთქვათ, მეგობარს მივეცი ბინა, რომ იქ იცხოვროს. გამოდის, მე ბინა დავკარგე? მას მე ან უნდა ვაჩუქო ეს ბინა, ან მივყიდო. სხვაგვარად შეუძლებელია, ჩამომერთვას მესაკუთრის უფლება. თქვენ გადმოგეცათ ეს ბინები სარგებლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდა უსაზღვრო ვადით“.

– ჩვენ წინააღმდეგ პრესაც გამოიყენა უნივერსიტეტმა… გაგვიმარტეთ იურიდიულ ენაზე, მე, როგორც მამა უნდა გამომასახლოთ და ჩემი ოჯახი იქ დარჩეს? – იკითხა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ.

– თქვენს შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც თქვენს კანონიერი სარგებლობის უფლებას დაადასტურებდა. ის, რომ წლების განმავლობაში იქ ცხოვრობთ და აბონენტად ხართ რეგისტრირებული, არაა მტკიცებულება იმის, რომ ხართ კანონიერი მოსარგებლე. სასამართლომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტის სარჩელი თქვენი ოჯახის წევრების მიმართ არ იყო დასაბუთებული. არ შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოს იმ პირის ინტერესებს, რომელიც პროცესის უშუალო მონაწილე საერთოდ არ არის – განმარტა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ.

სარჩელი რომ ამ კუთხით დაუსაბუთებელი იყო, ადასტურებს გიორგი დიასამიძეც, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ პროფესორების ოჯახის წევრების პირადი მონაცემების მოპოვება. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მთავარია, რომ სასამართლომ უნივერსიტეტთან მიმართებაში მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება“.

– თქვენ რას გვირჩევთ, გავასაჩივროთ უნდა თუ არა თქვენი გადაწყვეტილება? – ჰკითხა მოსამართლეს გიული გელაძემ [მას თავისმა დამ, პროფესორმა დარეჯან გელაძემ დაუტოვა ბინა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში].

– ამ ეტაპზე უნივერსიტეტი გამოთავისუფლებულ ფართობს ვერ მიიღებს. თუ თქვენ არ გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, მაშინ უნივერსიტეტი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყება პროცედურები.

„თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, იძულებითი გამოსახლებისგან ჯერ თავს შევიკავებთ, მაინც უნივერსიტეტის პროფესურაა,“ – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. თუმცა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა პროფესორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი ლევან მიქაბერიძის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. თუკი ზემდგომი ინსტანციები ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, აღმასრულებელი უნივერსიტეტის შენობას პროფესორებს დაატოვებინებს, მათი ოჯახის წევრებს – ვერა.

„არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, სარჩელი არ იყო ზუსტად შედგენილი. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ შესაბამის დოკუმენტებს და ხელახლა მივმართავთ სასამართლოს. უნივერსიტეტი სახელმწიფო ქონებას ასე ვერავის დაუთმობს. ეს ფართობი სჭირდება სტუდენტებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ.

უნივერსიტეტმა სარჩელი პროფესორებისა და კიდევ სამი ოჯახის წინააღმდეგ 2014 წელს შეიტანა. სასამართლომ უნივერსიტეტის მოთხოვნა საერთოდ არ დააკმაყოფილა თეიმურაზ ჭყონიას შემთხვევაში. „მაქვს ორდერი, რომელიც გაცემულია 1962 წელს. დეიდაჩემი მუშაობდა მაშინდელ კულტურის სამინისტროში და მიიღო ბინა. მე მისი სამართალმემკვიდრე ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეიმურაზ ჭყონიამ.

პროფესორები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში. „ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში მოკვლეული დოკუმენტების მიხედვით, ორმა პროფესორმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცხოვრების პერიოდში, 90-იან წლებში, ცალკე ბინები ააშენეს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე. „ბათუმელებს“ ინდიკო აბაშიძემ დაუდასტურა, რომ ეს ბინა თავის შვილს აჩუქა. „მერე თქვენ რა გაინტერესებთ, იმ ბინის ფული მოყვრებმა გადაიხადეს, შვილის ბინაა ის და არა – ჩემი,“ – ეს ემერეტუს-პროფესორის, თემურ გოგმაჩაძის პასუხია.

ფოტოზე: უნივერსიტეტის პროფესორები მოსამართლეს ესაუბრებიან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამავე თემაზე: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: