კვირის ამბები,კვირის ამბები

რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას

30.06.2016 • 1639
რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას

„წინადღით მე გავაკეთე პოზიტიური კომენტარი და აქცია არ უნდა მოყოლოდა მაგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის სახლთან დაშლილი აქციის მონაწილეები და უფორმო პოლიციელების მიერ დაკავებულები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გაუწევს. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ კვირას აქციის დაშლას ბათუმში ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა.

„მნიშვნელოვანია ამ კუთხით სასამართლოში სარჩელის შეტანა“, – ამბობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. ის 2011 წლის შემთხვევას იხსენებს, როცა პოლიციელებმა თბილისში, გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქცია დაშალეს: „მაშინ ერთი ქალის ინტერესებს ვიცავდით ჩვენ, ის დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს და მოვიგეთ პროცესი. მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურება იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვის გამო სხვა სარჩელი არ მახსენდება, არადა უკანონოდ დაშლილი აქცია არაერთი იყო“.

თუკი გონიოელები საბოლოო პოზიციას შეაჯერებენ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. გონიოელი ენვერ ირემაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ: „ეს იყო ძალადობა დაშინების მიზნით, თანაც ძველი მეთოდებით. აბაშიძის დროს ხდებოდა ასე: სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები რომ გთხოვენ უკანონობის შესრულებას“.

„კარგი იქნება, თუკი დადგინდება პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედების ფაქტი და სახელმწიფოს დაეკისრება ფინანსური სანქციები. ამ შემთხვევაში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ სამართალდამცველები აქციების დროს და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეების უფლებები არ დარღვეულა: „რატომ თვლით, რომ დაირღვა მათი უფლება? რუპორით ხელში იდგა 50-მდე ადამიანი ერთი საათის განმავლობაში და აცხადებდა თავის მოთხოვნებს. მოვიკითხე, რატომ იყო აყალმაყალი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ კარვის დადგმა დაუშალეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს. თუ რამე ძალის გადამეტება იყო, არ ვიცი, გამოსაკვლევია ეს. კარვის გაშლა კი არ შეიძლებოდა. ასევე 20 მეტრის რადიუსი უნდა ყოფილიყო დაცული და ასეთ დროს ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ უნდა გააფრთხილო“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ. მან ვერ გვითხრა, რომელ კანონში ამოიკითხა მსგავსი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა. სამაგიეროდ გვითხრა, ვისგან მიიღო ინფორმაცია აქციის დაშლის შესახებ: „ვინც იდგა გარეთ თანამშრომელი, მათ ვესაუბრე, ძირითადად დაცვის თანამშრომლებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისთვის გაეშალათ კარავი, მოეწყოთ აქციის ორგანიზებისთვის საჭირო გარემო, რადგან აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ არც გზის სავალი ნაწილი, არ მოუხდენიათ შენობის შესასვლელის ბლოკირება, ხელი არ შეუშლიათ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულთა პირებისთვის, მათ არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ. საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვით დაირღვა გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“.

ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის აპარატიდან აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზადყოფნა დანერგოს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები. სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ისინი ბოლომდე დააკვირდებიან ამ პროცესს.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოქმედება გავიდა სამართლებრივი სივრციდან და პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს აქციის მონაწილეების უფლებები, ეს არის შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის უფლებები. ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ არ მომხდარა აქციის მონაწილეების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა. ეს იყო მშვიდობიანი, კანონიერი აქცია. აქციის დაშლას არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმური საფუძველი“, – გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ასევე სამართალდამცავებზე, ვინც აქციაზე ფორმის გარეშე იმყოფებოდა. „მათ არ წარუდგინეს თავი მოქალაქეებს და რთული იყო იმის დადგენა, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ეს პირები აქციის ჩატარების დროს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პოლიციელი უნდა იყოს აქციაზე აუცილებლად ამოსაცნობი ნიშნით“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე. იურისტის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რომელია პოლიციელი და ვინ აკავებს პირს. „ეს პირდაპირ დარღვევაა პოლიციის შესახებ კანონის. გარდა ამისა, პირი უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნას. ისმის კითხვა, როგორ უნდა დაემორჩილო, თუკი ვერ აღვიქვამ, პოლიციელს აქვს მოთხოვნა, თუ სამოქალაქო პირს?“

საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოსთან გონიოელებმა 14 ივნისიდან დაიწყეს. 271 ოჯახი 2010 წელს ჯერ დარეგისტრირებული და შემდეგ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან – საბოლოო გადაწყვეტილებას. აქცია გონიოელებმა 22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინაც გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ გონიოელების მიერ ტროტუარზე დადგმულ კარავს არც ტროტუარი ჩაუკეტავს და არც რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელი [კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილება 5 დღით ადრე], სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მისი აღება მოითხოვა.

„პოლიციელი ვიცით ჩვენ ფორმაში, მოვიდეს და იმან მოგვთხოვოს“, – თქვეს გონიოელებმა. რამდენიმე წუთში კარავთან ფორმიანი პოლიციელი გამოჩნდა იგივე მოთხოვნით. გონიოელებმა კარავი საკრებულოსთან დააბრუნეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის იმ მონაწილეებს არ მისცეს გაზონზე ლეიბების გაშლის უფლება, ვინც შიმშილობა დაანონსა. პოლიციელებმა მოქალაქეებს ჩამოართვეს ლეიბები და ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. იმავე საღამოს დაკავებულები გაათავისუფლეს. იასონ პაქსაძის შემთხვევაში მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, დანარჩენი ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: