კითხვები და პასუხები ნასყიდობის ხელშეკრულებაზე

კითხვა : რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?

პასუხი: ნასყიდობა არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

კითხვა: რა შეიძლება გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი/რაზე შეიძლება ხელშეკრულების დადება?

პასუხი: ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება გახდეს უძრავი ან მოძრავი ნივთი

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ყველა ნივთი რომელიც არ მიეკუთნება უძრავ ნივთს არის მოძრავი.

მოძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უძრავი ნივთის გაყიდვისას  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ეკისრება გამყიდველს.

მოძრავი ნივთის შემთხევაში მის  ფაქტობრივ მფლობელად ითვლება მისი მესაკუთრე, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით.

კითხვა:  რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს გამყიდველის მიერ ქონების რამდენიმე პირისთვის მიყიდვის შემთხვევაში?

პასუხი: თუ გამყიდველმა ერთი და იგივე ქონება რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

კითხვა: ვის მხარეს არის ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკი? და როდის შეიძლება ხელშეკრულებაზე უარის თქმა?

პასუხი: გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

 ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

კითხვა: რას ნიშნვავს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი?

პასუხი: ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით,
რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.
შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“,
ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

esUntitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

მერიისთვის „ბათუმის წყლის“ მართვის უფლების ჩამორთმევის მორიგი მცდელობა

„ბათუმის წყლის“ მართვის უფლება ბათუმის მერიას შესაძლოა თავისივე „ნებით“ ჩამოერთვას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს. ასეთია იმ კომპანიის წინადადება, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სფეროში მორიგ პროექტს აფინანსებს. სასმელი წყლით მოსახლეობის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. დათმობს თუ არა ბათუმის მერია [და შესაბამისად საკრებულო] ამ უფლებამოსილებას? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი მერიაში და საკრებულოში ამ ეტაპზე არ აქვთ.

ბათუმის მერიისთვის წყალმომარაგების განხორციელების უფლების ჩამორთმევის პირველი მცდელობა 2014 წლის აპრილში ჰქონდათ – მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „ბათუმის წყალი“ მუნიციპალიტეტს „ნებაყოფლობით“ უნდა გადაეცა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“. მაშინ ამის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გერმანიის განვითარების ბანკი [KFW] წავიდა, სისტემის რეაბილიტაციას სწორედ ეს ბანკი აფინანსებს.

დღეს კი, ამ კომპანიის მიერ დაქირავებული კონსულტანტის წინადადებაა „ბათუმის წყალი“ მართვაში ახალ სააქციო საზოგადოებას – „აჭარის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცეს, რომელიც ჯერ შექმნილი არ არის.

სამუშაო შეხვედრა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ახალ პროექტთან დაკავშირებით. ფოტო: adjara.gov.ge
სამუშაო შეხვედრა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ახალ პროექტთან დაკავშირებით. ფოტო: adjara.gov.ge

KFW-ის დაფინანსებით საკონსულტაციო კომპანია IGR AG-ი „აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში წინასწარ კვლევას ახორციელებს. კონსულტანტმა განსახილველად უკვე წარმოადგინა „პირველადი ანგარიში“ და „ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია“, რომელშიც კონსულტანტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია გაერთიანებული კომპანიის შექმნა, რათა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართოს.

KFW-ის მოსაზრებით, გაერთიანებული კომპანიის შექმნის გარეშე წარმოუდგენელია სამომავლო გეგმებზე საუბარი. შესაბამისად, კონსულტანტის შემოთავაზებაა „აჭარის გაერთიანებული წყლის კომპანიის“ სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბება, „როცა ინფრასტრუქტურული აქტივები დარჩება მუნიციპალიტეტების საკუთრებაში, ხოლო ექსპლუატაციისა და შენახვისთვის საჭირო აქტივები იქნება გაერთიანებული სააქციო საზოგადოების საკუთრებაში“.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. კონსულტანტი კომპანიის მონაცემებით, 2012 წელს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებდა ახალ კომპანიაში შემდეგი სახის წილობრივ მონაწილეობას: ბათუმი – 37%, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 26%, ქობულეთი – 13%, ხელვაჩაური – 8%, ხულო – 7%, შუახევი – 5% და ქედა – 4%.

კონსულტანტი კომპანია აცხადებს, რომ ამჯერად შემუშავებული „ინსტიტუციური სტრატეგია“ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებს შორის ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმების მიღწევის ნაწილს და აჭარის მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს შემდეგ მოდელს სთავაზობს: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში [გადამწყვეტი ხმის უფლებით], ბათუმი – 46%, ქობულეთი – 22%, ხელვაჩაური – 15%, ხულო – 7%, შუახევი – 5% და ქედა – 5%.

კონსულტანტი კომპანია ასევე მიიჩნევს, რომ ოპერირების გამარტივების მიზნით, ბათუმმა და ხუთმა მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა მოაწერონ მართვის კონტრაქტს აჭარის გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან, „რომლის მიხედვითაც კომპანია ექსპლუატაციას გაუწევს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, ასევე ლოკალური სერვისცენტრების მეშვეობით განახორციელებს სამომავლო ინვესტიციების დაგეგმარებას, რაიონების მიხედვით სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას და სხვადასხვა პროექტის იმპლემენტაციას“.

ბათუმის წყალი (18)
შპს ბათუმის წყალი

კომპანია „IGR AG“-ის რეკომენდაციაა შპს „ბათუმის წყალი“ გამოყენებული იყოს, როგორც ფუნდამენტი „აჭარის წყალმომარაგების კომპანიის“ შექმნისთვის. ამასთან, „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაამონიტორინგოს კომპანიის საქმიანობა, გადამწყვეტი ხმის უფლებით კი სამინისტრო შეძლებს კომპანიის საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს“.

ეს ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ბათუმის წყლის“ გაუქმებას ნიშნავს, შესაბამისად, ვერც სასმელი წყლის ტარიფებს დაადგენს ბათუმის საკრებულო. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტი დაკარგავს ორგანიზაციას, რომელსაც 100%-ით აკონტროლებს, ქალაქის ბიუჯეტი კი დაკარგავს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. „ბათუმის წყლის“ ფულადი შემოსავლები, ბოლო მონაცემებით, 14 მილიონზე მეტი ლარია წელიწადში, ორგანიზაციაში კი 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ბათუმის წყალთან“ დაკავშირებით რაიმე საკითხი არ განიხილება და იმ შემთხვევაში იმსჯელებენ, თუ მერიისგან რაიმე პროექტი შევა.

მერიის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მერიის ჩართულობა, დიდი ალბათობით, იქნება მხოლოდ გამოცდილების გაზიარების კუთხით: „უნდა მოხდეს ბათუმის გამოცდილების გაზიარება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის – ახალი პროექტის განხორციელებისა და შესაბამისი კვალიფიკაციით მართვის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა, თუ რა სახით იქნება ეს თანამშრომლობა“.

კონსულტანტი მიიჩნევს, რომ „ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი მნიშვნელოვანი ეტაპია KFW-ის მხრიდან სამომავლო პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით: „ეს არის სამუშაო დოკუმენტი. კონსულტანტი საბოლოო ვერსიას წარმოადგენს ყველა დაინტერესებული მხარის შენიშვნების, მოსაზრებებისა და შეჯერებული პოზიციის გათვალისწინებით“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტანტ კომპანიას საბოლოო ვარიანტის წარმოსადგენად ვადა 2017 წლის თებერვლამდე აქვს: „გაერთიანებული კომპანიის შექმნა და მუნიციპალიტეტების მიერ მართვის კონტრაქტის ხელმოწერა არის იდეა. მიმდინარეობს დაზუსტება, მსჯელობა, თუ რამდენად აუცილებელია ეს. კონსულტანტი კომპანიის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრები გაგრძელდება, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას – გაფორმდეს თუ არა ასეთი კონტრაქტი. ბუნებრივია, მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული დეტალები“.

სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში და KFW-ის მხარდაჭერით, აჭარის მთავრობა ახორციელებს რეგიონის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო, ხოლო პროექტის განხორციელების პერიოდი: 2013-2020 წლები“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის შემოდგომისთვის დაწყებული არ იყო. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთივე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფ წყალმომარაგების კომპანიას, მათ, გასულ წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] შესაბამისი ლიცენზიები გაუუქმა. თვითმმართველობის შესახებ კანონით კი, მუნიციპალიტეტი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას – წყალმომარაგებას, სწორედ ლიცენზიანტი კომპანიის საშუალებით ახორციელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად მართოს შპს „ბათუმის წყალი“ და ამ კომპანიის [ის შესაბამისი ლიცენზიის მქონეა] მეშვეობით განახორციელოს ბათუმის მოსახლეობის წყალმომარაგება და დაადგინოს ტარიფი. ბუნებრივია, თუ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ამავე თემაზე:

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

„ბათუმის წყალი“: არარენტაბელური საწარმო არასამართლიანი ტარიფებით 

აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია 

რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“ 

“ბათუმის წყლის” დირექტორი გადადგა [ვიდეო]

 

 

ბათუმის წყალი (1)
შპს „ბათუმის წყალი“

მოქალაქის სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ დაკმაყოფილდა

მოქალაქე დავით ცინცაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მას სამწლიანი ლოდინის შემდეგ ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს.  დავით ცინცაძის ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის თვითნებურადაა შესახლებული.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დავით ცინცაძე სასამართლოში “ენერგო-პრო ჯორჯიას”, ასევე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უჩიოდა. წინა სასამართლო პროცესზე ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ ქონების საკუთრების კანონიერების დამადასტურებელი მოწმობა ამ ოჯახმა ვერ წარუდგინა. “ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ქონებას, ჩვენი უწყება ვერ გადაწყვეტს, ვის გადაეცეს ქონება,” – ასეთი იყო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პოზიცია სასამართლოში.

“ოჯახი ჯერ კიდევ სიბნელეშია, თუმცა როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჩაბარდებათ, იმედია, შუქს ჩაურთავენ. ჩემი ინფორმაციით, მოპასუხე მხარეები გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ,” – უთხრა “ბათუმელებს” გივი მამულაძემ, ა/ო “სიმართლის და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის” ხელმძღვანელმა. ის ამ პროცესზე მოქალაქის ინტერესებს იცავდა.

დაცვის მხარე ამ საქმეში აპელირებდა “საქართველოს კონსტიტუციაზე”, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის ღირსეული გარემოს შექმნის პირობას ითვალისწინებს: “ჩვენ ვდავობდით ასევე დისკრიმინაციისა და ანალოგიის კუთხით. სასამართლოს წარმოვუდგინეთ ანალოგიური შემთხვევები, როცა ადამიანები თვითნებურად არიან შესახლებულები და მათ მიეწოდებათ ელექტროენერგია,” – ამბობს გივი მამულაძე.

სოციალურ შემწეობაზე მყოფ დავით ცინცაძეს სამი წლის წინ სამეზობლო დავის შედეგად შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. „მეზობლად მცხოვრებმა ბერიძეებმა გამოგვირთეს შუქი, ისინიც თვითნებურად შესახლებული არიან, მაგრამ ამბობენ, ჩვენია ეს შენობა, რადგან თქვენზე ადრე შემოვედითო. მათგან მქონდა გადმოყვანილი სადენი, მას შემდეგ ნავთის ლამპაზე ვართ,“ – უთხრა დავით ცინცაძემ “ბათუმელებს” 26 აპრილს სასამართლო სხდომაზე.

დავით ცინცაძის სარჩელი მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ განიხილა.

ბიზნესმენის სასამართლო დავა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ

კომპანია “ოდისეას” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობას ედავებოდა. დავის საგანი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო.

კომპანია “ოდისეას” 2009 წელს პირობიან აუქციონზე გადაეცა ბამბუკების პლანტაცია სოფელ ახალშენში [ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა]. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეწყო აგრარული ტურისტული ცენტრი, რაც მოიცავდა კოტეჯების აშენებას და სამონადირეო თევზჭერისთვის პირობების უზრუნველყოფას. ამ ადგილზე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 14 აგვისტოს შეწყვიტა. გადაწყვეტილება ბიზნესმენმა აჭარის მთავრობაში გაასაჩივრა, რადგან ის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ იყო. აჭარის მთავრობისგან საქმის ადმინისტრაციულ განხილვაზე კომპანია “ოდისეამ” გასული წლის 23 სექტემბერს უარი მიიღო. 

“კომპანიამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დოკუმენტი, თუ რა გააკეთა 6 წლის განმავლობაში. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს,” – მიმართა მოსამართლეს ზვიად მაკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა.

ბიზნესმენის წარმომადგენლის, იურისტ რამინ გვარიშვილის თქმით, კომპანიას პრობლემა თავდაპირველად მაგისტრალის მშენებლობამ შეუშალა, მოგვიანებით გეოლოგების დასკვნამ, რითაც დადასტურდა, რომ შესყიდული მიწის ნაწილში იყო მცოცავი გრუნტი  და მშენებლობისთვის სარისკო: “მესაკუთრემ სხვა ინვესტორი დააინტერესა ამ ბიზნესით, რომელმაც შემდეგ გადაიფიქრა. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია, ფუნდამენტი ჩაყრილია.”

“ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, ამ პერიოდში მოახერხებდა “ოდისეა” ახალი ინვესტორის მოძებნას და მშენებლობის დასრულებას?” – იკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ.

“ინვესტორი გამოჩნდა, მაგრამ ეს მიწა უკვე ბიზნესმენის საკუთრება აღარ იყო,” – უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ გვარიშვილმა.

“ჩვენ ისევ გვთხოვდა “ოდისეა” ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას და ვადის გაგრძელებას 2018 წლამდე. ამის პირობა ვერ დავინახეთ, რადგან მან ვერ წარმოგვიდგინა, რა გაკეთდა აქამდე,” – თქვა ადვოკატის საპასუხოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა.

“არის თუ არა ცნობილი ეკონომიკის სამინისტროსთვის, რამ შეუშალა ხელი ბიზნესმენს დადებული პირობის შესრულებაში?” – ზვიად მაკარაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა, “ბათუმელების” ამ შეკითხვას სხდომის დასრულების შემდეგ მოკლე პასუხი გასცა: “ეს თავად ბიზნესმენის საქმეა, ჩვენ არ გვქონდა უფლება, ამაში ჩავრეულიყავით.”

 

 

კოხის მოსახლეობა ინვესტორს მიწის დაბრუნებას სთხოვს

საპროტესტო აქცია ქობულეთის მაღალმთიან სოფელ კოხში დღეს, 18 ივნისს, გაიმართა. მოსახლეობა კერძო მესაკუთრისგან ქონების დაბრუნებას მოითხოვს. საუბარია ციტრუსის შემფუთავ ყოფილ საწარმოზე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონის წესით 2010 წელს ლევან ლომსაძეს უპირობოდ მიჰყიდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, ინვესტორის წარმომადგენელი – რევაზ მემარნე, ობიექტის შესყიდვამდე სოფელს ახალი საწარმოს ამოქმედებას და ხალხის დასაქმებას დაჰპირდა, რაც არ შესრულებულა.

“კოხი ტურისტულად მიმზიდველი სოფელია, აქ დადიან ტურისტები და არსებობს ინტერესი. ეკონომიკის სამინისტრომ 850 კვ/მ მიწის ფართობი თავის შენობა-ნაგებობით 21 450 ლარად გაყიდა. მოსახლეობას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯაროდ გაცემული პირობის შესრულება” – უთხრა “ბათუმელებს” უფლებათა დამცველმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

“ასე იაფად რომ გაიყიდა, ახლა გავიგეთ, თორემ ჩვენ შევისყიდდით” – გვითხრა სოფელ კოხში მცხოვრებმა ბიჭიკო გუნთაიშვილმა: “ინვესტორმა გვითხრა, რომ აქ ჩაიბარებდნენ ხილს და ციტრუსს, მოეწყობოდა წვენების ჩამოსასხმელი საწარმო და დასაქმდებოდა მინიმუმ 40 ადამიანი. არაფერი გაუკეთებიათ, ჩაკეტეს საზღვარი და მხოლოდ საწყობად იყენებენ ამ ობიექტს. მოდის ტრაილერი, გაიცლება და მიდის. რას ინახავენ და რა გააქვთ. არაფერი ვიცით”.

მოსახლეობა ინვესტორთან შეხვედრას ვერ ახერხებს.  ისინი საკუთრების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვენ, თუკი საწარმო არ ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციაზე შეკრებილები საწარმოს შესასვლელის ჩაკეტვას აპირებენ. მანამდე ისინი რამდენიმე დღე ხელისუფლების პასუხს დაელოდებიან.

“ეს იცის ეკონომიკის სამინისტრომ. არ ვიცი, იყო თუ არა საჯაროდ გაცემული ასეთი პირობა, ვერაფერს გეტყვით” – უთხრა “ბათუმელებს” სულხან შავიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა სოფელ კოხში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არასამუშაო დღის გამო, კომენტარი ამ თემაზე მოგვიანებით გაკეთდება.

 

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 509 ადამიანი დაჯარიმდა.

 მათგან ყველაზე მეტი – 421 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 6 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 64 – ნიშანში დგომისთვის, 9 – ტროტუარზე დგომის გამო, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

ბათუმში ქუჩის კალათბურთის ტურნირი იწყება

ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის (Streetball) ტურნირი იწყება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – გამოფენა ბათუმში

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – ასე ეწოდება დუშან ზაჰორანსკისა (სლოვაკეთი) და პავლა სცერანკოვას (ჩეხეთი) ნამუშევრების გამოფენას, რომელიც 18 ივნისს, შაბათს, საღამოს 6 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება.

გამოფენის კონცეფცია და იდეა მოდის ინგლისური გამოთქმიდან „ომის შემდეგ ყველა გენერალია“ (After wit is every body’s wit). როგორც წესი, პრობლემის გადაჭრის შემდგომ უჩნდება ყველას იდეა, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის უკეთესი გზით მოგვარება.

ხელოვანები ისაუბრებენ პოსტ-კომუნისტურ ჩეხეთსა და სლოვაკეთში ვიზუალური ხელოვნების გავრცელების მექანიზმებზე. ისინი აღწერენ რომელი ქალაქი ან სახელმწიფო უწყება თამაშობს მნიშვნელოვან როლს კულტურის განვითარებაში.

სლოვაკი ხელოვანი დუშან ზაჰორანსკი ამჟამად ამჟამად ჰრადეც-კრალოვეს უნივერსიტეტში ასწავლის ხელოვნებას. არის ვენეციის ბიენალეს მონაწილე, Young Slovak Visual Artist of the Year -ისა და The Oskár Čepan Art Prize-ის ფინალისტი სხვადასხვა წლებში. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენაში. მუშაობს ინსტალაციის, ვიდეო არტის, ქანდაკებისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით.

პავლა სცერანკოვა კი ჩეხი ხელოვანია, რომელიც, როგორც პრესპრელიზშია აღნიშნული, „პოსტმოდერნული მემკვიდრეობისა და ნეო-კონცეპტუალური სივრცითი ხელოვნების ახლებურ გაგებას გვთავაზობს“.

გამოფენა 5 ივლისამდე დარჩება ბათუმში. დათვალიერება უფასოა.

ფოტოზე პავლა სცერანკოვას ნამუშევარი.

არჩევანის თავისუფლება [ვიდეო]

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ. სიუჟეტში ასახულია, როგორც მშობლების ისე შვილების პოზიცია. სიუჟეში ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს ამავე საკითხთან მიმართებაში.

სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით.

ამავე თემაზე: ნათია ფანჯიკიძე – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა.

6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.

ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს ზოგადად ახასიათებთ ასეთი პრობლემები, ამ შემთხვევაში კი მიზეზი შესაძლოა ის გამხდარიყო, რომ ტბას აღარ აქვს იმდენი კავშირი ზღვასთან, როგორც ადრე ჰქონდა, “ეს არის ლაგუნური წარმოშობის ტბა, აქედან გამომდინარე შესაძლოა ამან დაარღვია ტბის ეკოსისტემა. ეს რა თქმა უნდა დასადგენია” – ამბობს ის.

რა ვადით აიკრძალება ნურიგელის ტბაში თევზჭერა ჯერ უცნობია, მურმან ჯიქიას განმარტებით ტბის გაწმენდას შესაძლოა თვეები ან წელიც კი დასჭირდეს.

“ეს ბალახი ტოქსიკური ხდება მას შემდეგ, რაც იგი გაიხრწნება და დაეშვება ტბის ფსკერზე -ამის უფლება ჩვენ არ მივეცით. ამ ბალახს აქვს თვისება – მას ზუსტად 6 საათი სჭირდება იმისთვის, რომ მთელი ტბა მოიცვას, მანამდე შეიძლება ტბა სრულიად სუფთა იყოს. ეს არ არის ნელა მიმდინარე პროცესი” – განმარტავს ალექსანდრე თევზაძე. იგი ასევე ამბობს რომ უნდა მოხდეს კონტროლი ამ ბალახის სიცოცხლეზე, რადგან ტბის სრულად გაწმენდა მისგან არც არის რეკომენდირებული – ის ძალიან სასარგებლო ბალახია ცვენი ეკო სისტემისთვის, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.

 


 

 

 

რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე

ამ წუთებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია “რესპუბლიკელების” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის თემაზე, მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან.

K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთზე.

შეხვედრაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილების განკარგულების პროექტი წარადგინეს, რომელიც გარდა სხვადასხვა ზონებში განაშენიანებისა და გამწვანების კოეფიციენტების განსაზღვრისა, სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, რეკრეაციულ ზონებში ნებართვის არ გაცემას ისეთ ნაგებობებზე, როგორიცაა –  სავაჭრო პავილიონები, საერთო სარგებლობის ავტოსადგომები, კინოთეატრები, სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები, ზოოპარკები, სასტუმროები, სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საეკლესიო ობიექტები და სხვა. საცხოვრებელ ზონაში კი არ უნდა არსებობდეს საცეკვაო დარბაზები – “ხალხი რომ არ წუხდებოდეს ხმაურით. მოგეხსენებათ ამ მხრივ დღეს მდგომარეობა ცოტა რთულადაა” – ამბობს საკრებულოს წევრი, ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე თემურ ყურაშვილი.

პროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნება, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხები, მომავალში განიხილოს საკრებულოს ბიურომ და არა საკრებულომ – “რადგან საკრებულო ძირიტადად იკრიბება თვეში ერთხელ, თუ არადა რიგგარეშე სხდომებს აწყობს, როგროც პრაქტიკამ აჩვენა არც თუ ისე ცოტა მოთხოვნაა K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და ამიტომ, შესაძლოა საჭირო გახდეს  საკრებულოს ძალიან ბევრი რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ჩვენ, ინიციატორები, არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, მტავარია მიღებული იქნას მტავარი ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი ამ აკრძალვებისა. თუ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ეს უნდა იყოს საკრებულოს გადასაწყვეტი, ჩვენ დიდად წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუმცა მიგვაჩნია რომ ბიურო უკეთესია. უფრო მობილურია, რადგან ბიუროს წევრები მუდმივად სამსახურში არიან, იღებენ ხელფასებს და ამიტომ მატი შეკრება შეიძლება ნებისმიერ დროს, საკრებულოს თავმნჯდომარის განკარგულებით” – განმარტავს  თემურ ყურაშვილი.

პროექტი ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ მას საკრებულოს სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

ამავე თემაზე: ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

აზერბაიჯანის მოქალაქე ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კარინა გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

როგორც შს სამინისტრო იტყობინება, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი ბათუმში, იჯარით აღებულ სასტუმროში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა და დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება.

ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ.

ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი ოთარ შარაძე განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციის ხანგრძლივობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა.

პირველი კატეგორია დროებით შენობა-ნაგებობებს ითვალისწინებს და მათი საგარანტიო ექსპლუატაციის ვადა 20-წლამდეა.

მეორე კატეგორიაში შედის ხუთ სართულამდე შენობები, რომელთაც 20-40 წლამდე ექსპლუატაციის ვადა აქვთ.

მესამე კატეგორიაში კი ცხრასართულიანი და უფრო მაღალი კორპუსები შედის, რომელთაც საგარანტიო ექსპლუატაციის ვადა 100 ან მეტი წელია.

ოთარ შარაძის განმარტებით, შენობის მდგრადობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხს, სამშენებლო მასალას და მუშაობისას ამ სამშენებლო მასალის სწორად მოვლას.

ოთარ შარაძე იმასაც ამბობს, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადის გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი ავარიულია და აუცილებლად დაინგრევა.

გარდა გამაგრებითი სამუშაოებისა, მოძველებული კორპუსების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო პერიოდში შენობის მოვლის ფაქტორიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინების საექსპლუატაციო ვადები კიდევ უფრო მცირდება. იგულისხმება პერიოდული სარემონტო სამუშაოები – წყალი რომ არ ჩამოვიდეს, ბეტონი არ დასველდეს და ასე შემდეგ.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ვალდებული ქალაქში არსებული კორპუსები შეამოწმოს. მერია შესაბამის ზომებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს, რაც მოსახლეობა ან ამხანაგობა, თავისი ინიციატივით კორპუსის ავარიულობას სამხარაულის ან სხვა საექსპერტო ბიუროს შეამოწმებინებს და შესაბამის დასკვნასაც მიიღებს.

“ადგილობრივ თვითმმართველობას არა აქვს ამის შესაძლებლობა და არც შესწავლის ბერკეტი. ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ სახლი ავარიული და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”, – ამბობს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ირაკლი მოქია.

მისივე თქმით, საექსპერტო ბიუროს შესაძლოა მიმართოს მერიამაც, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობა თვალშისაცემია.

ექსპერტიზა პირველ დასკვნას ვიზუალური დათვალიერებით აკეთებს, რის შემდეგაც სავალდებულოა დამატებითი გამოკვლევები – შემდეგ გამაგრებითი პროექტის შედგენა, ან დემონტაჟი.

იმ შემთხვევაში თუ სახლზე არსებობს დასკვნა, რომ იგი ექსპლუატაციისთვის უვარგისია და მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის, ზედამხედველობის სამსახური შესთავაზებს მცხოვრებლებს გამოსახლებას. წინააღმდეგობის გაწევის ან უარის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური დადგენილებას გამოსცემს სახლის იძულებით დემონტაჟზე.

კითხვაზე, უზრუნველყოფს თუ არა მერია ალტერნატიული ფართობით გამოსახლებულ მობინადრეებს, ირაკლი მოქია პასუხობს, რომ გამოსახლება მერიის სამსახურებთან შეთანხმებით ხდება და “ტყუილად ქუჩაში არავინ დატოვებს ამ მოსახლეებს”.

მაგალითად, გასულ წელს ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟის დადგენილება გამოსცა ლერმონტოვის ქუჩის #101-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელიც გამაგრებას არ ექვემდებარებოდა. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ამ სახლში მცხოვრები ხუთი ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყვეს.

ამ ეტაპზე ბათუმში სამი ავარიული სტატუსის მქონე სახლია, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება. ირაკლი მოქიას განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი ფრიდონ ხალვაშის #300-ში მდებარეობს. არსებობს სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მეორე დასკვნა, რომლის მიხედვითაც კორპუსის გამაგრება შესაძლებელია.

“თვითონ მოსახლეობას არ უნდა სახლის დანგრევა, მეორე დასკვნა წარმოგვიდგინეს, რომ გამაგრება შესაძლებელია”, – ამბობს ირაკლი მოქია. სახლის გამაგრებაზე რამდენიმე დღეში უნდა გამოცხადდეს ტენდერი.

კიდევ ერთი სახლი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით გამაგრებას ექვემდებარება მაიაკოვსკის #55-ში მდებარეობს. აიპ “ბათუმის კორპუსის” დირექტორის ზურაბ ნაკაიძის თქმით, გამაგრებით სამუშაოებს აქ ჯერ არ იწყებენ, რადგან მოსახლეობასთან ვერ შეთანხმდნენ. “ეს ხუთსართულიანი სახლი ავარიულია, მაგრამ არის ასევე ექსპერტების დასკვნა იმაზე, რომ სახლის გამაგრება შესაძლებელია. შეიქმნა შესაბამისი პროექტიც, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია გამაგრებითი სამუშაოების, ახალი ბინები უნდათ. ჯერ კვლავ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მათთან”, – განმარტავს ზურაბ ნაკაიძე.

გამაგრებითი სამუშაოები უკვე უტარდება ლერმონტოვის ქუჩაზე #102-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსს. პროექტი აპრილის თვეში დაიწყო და ექვს თვეზეა გათვლილი. სახლის გამაგრება გულისხმობს ახალი საძირკველის მოწყობას, რაც მომავალში ამ სახლის ჯდომით პროცესებს გამორიცხავს.

ამ სამი სახლის გამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარამდეა გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ავარიულია 12-სართულიანი სახლების ცხაურები [ბეტონის ბოძები სადარბაზოს მხრიდან]. შარშან ასეთი ბოძები შვიდ სახლზე გამოცვალეს, წელს ოც სახლზე იცვლება [ათზე უკვე დასრულებულია], რისთვისაც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, ბათუმში მოძველებული სახლების პრობლემა ნამდვილად არის და ამ პრობლემის მოგვარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ე.წ. “ხრუშოვკებს”, არქიტექტორ გიორგი რამიშვილის თქმით, მსგავსი კორპუსები, ძირითადად, 60-იანი წლების დასაწყისში აშენდა.

“მდგრადობის ვადები განისაზღვრებოდა შენობების კლასების მიხედვით – იყო 50, 70 და 100 წელზე გათვლილი შენობები. პირველი ხრუშოვკები 60-იანი წლების დასაწყისში [ხრუშოვკაც მაგიტომ ჰქვია] აშენდა, ამ შენობების ექსპლუატაციის ვადა არ არის გასული, თუმცა მორალური ცვეთა აქვთ. გარდა ამისა, სადავოა მათი ესთეტიკური მხარე. დღევანდელი გაგებით ეს იყო სოციალური საცხოვრისი. მაშინ რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი შეასახლეს იზოლირებულ ბინებში. სახელმწიფო აშენებდა მათ და ძალიან დაბალი გადასახადით (დოკუმენტაციის შედგენის სერვისის საფასურით) გადასცემდა მოქალაქეებს”, – განმარტავს გია რამიშვილი.

შენობების საექსპლუატაციო ვადები ავტომატურად გულისხმობს, რომ სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით უნდა ტარდებოდეს და სამშენებლო მასალაც იყოს ხარისხიანი, რაც ოთარ შარაძის თქმით, საბჭოთა პერიოდში ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი.

„ადრე, ხშირად, ინერტულ მასალას [სილა და ხრეში] იღებდნენ არა ჭოროხიდან, არამედ ზღვის სანაპიროდან. მარილს ბოლომდე ვერ აცილებდნენ და ეს მარილშემცველი სილა-ხრეში ხვდებოდა გამზადებულ ბეტონში, რომელიც არმატურას ჟანგავს.

ბეტონში ეს არმატურა დროთა განმავლობაში იკეთებს ქერქს, იბერება და გაბერილი არმატურა ხეთქავს ბეტონს. ამიტომაც არის ხრუშოვკებში აივნებთან ჩამოსხმული “ბალკები” გახეთქილი”, – განმარტავს ის და დასძენს, რომ საჭიროა ასეთი სახლების რეკონსტრუქცია.

ცალკე პრობლემაა ბათუმში უნებართვოდ მიშენებული აივნები, რომელთა უმეტესობა ძველ კორპუსებზე გამაგრებას საჭიროებს. “ბათუმის კორპუსში” ამბობენ, რომ აივნების გამაგრებაზე მათთან რამდენიმე განაცხადია შესული, მაგრამ თანხების სიმცირის გამო, ჯერჯერობით, ყველას ვერ აკმაყოფილებენ.

2014 წელს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლის მე-9 სართულზე აივნის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარე დათვალიერებით ამ კორპუსის არც სხვა აივნებია უსაფრთხო, თუმცა ზურაბ ნაკაიძის თქმით, სახლის ბინადართაგან მათთვის არავის მიუმართავს. მისივე თქმით, აივნების არამდგრადობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში უკანონოდ – ყოველგვარი პროექტისა და კონსტრუქტორის დასკვნის გარეშეა მიშენებული.

 

მეოთხე საგანი ეროვნულ გამოცდებზე

წელს, უკვე მესამედ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დამატებით – მეოთხე საგნად აირჩიონ. საქართველოს 15-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წელს 620-მდე ადგილი გამოაცხადა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნით. თუმცა, ეს საგანი მხოლოდ 220 აბიტურიენტს აქვს არჩეული. რა სპეციფიკისაა გამოცდა საგანში, რა სირთულეები და დადებითი მხარეები ახლავს მას, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელს ნინო ხუნდაძეს ესაუბრა.

ხელოვნებაში საგამოცდო ტესტებს თავისი ილუსტრაციები ახლავს. ხშირად მითითებულია ამა თუ იმ ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის სახელი და ავტორი. შემდეგ კი ჩაშლილია კითხვები. ხშირად შეხვდებით შედარებებს [მაგალითად, ორი არქიტექტურული ძეგლის შედარება]. არის შეკითხვებიც, რომელთა პასუხები თავად ილუსტრაციაზე იკითხება. ღია და დახურული კითხვები, ძირითადად, აღწერა-ანალიზზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, არის შეკითხვებიც, რომლებიც ზოგიერთ საკითხში ზუსტ ცოდნას მოითხოვს. თუმცა, როგორც ნინო ხუნდაძე ამბობს, მოთხოვნები არ სცილდება ცხრა კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს და ეროვნული სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ ცოდნის დონეს.

საგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2014 წელს შევიდა – მას წინ ხელოვნების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები უსწრებდა. სკოლებში ხელოვნება, მე-9 კლასის ჩათვლით, სავალდებულო საგნად ისწავლება, მაღალ კლასებში კი არჩევითია. ეროვნული გამოცდების პროგრამა ხელოვნებაში კი არ სცილდება ცხრა კლასის პროგრამას და მათ შორის არც ზუსტ ცოდნას მოითხოვს, არამედ ანალიტიკურია.

როგორც naec-ის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, ხელოვნებაში გარკვეული კომპეტენციის ქონას რიგი ფაკულტეტები საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარეც ითხოვს, თუმცა გარდა სახელოვნებო საქმესთან დაკავშირებული სპეციალობებისა, ამ საგანს თავისუფლად შეუძლია შეამოწმოს ის უნარები, რომლებიც აბიტურიენტს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარებისას სჭირდება.

„ეს საგანი ზუსტად ისეთივე უნარებს ამოწმებს, როგორსაც, ვთქვათ, იურიდიული ფაკულტეტზე ჩაბარებისას ისტორია, ლიტერატურა ან გეოგრაფია. ანალიტიკური აზროვნება, რაიმე მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, სხვადასხვა სტილისტური ნიშნების ეპოქებთან დაკავშირება, მათი განმასხვავებელი ნიშნების აღმოჩენა, კულტურების შედარება და ასე შემდეგ წარმოაჩენს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია აბიტურიენტისთვის, რომ შემდეგ მან საუნივერსიტეტო განათლება მიიღოს“, _ აღნიშნავს ნინო ხუნდაძე.

პირველი წლის მონაცემებით, 175-მა აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდა ხელოვნებაში და მათგან მხოლოდ ერთი ჩაიჭრა, მეორე [2015] წელს კი ხელოვნება დამატებით საგნად 195-მა აბიტურიენტმა აირჩია. მათგან რამდენიმე აბიტურიენტი ჩაიჭრა. როგორც ნინო ხუნდაძე ამბობს, ჩაჭრილთა რიცხვი ათზე ნაკლები იყო. მისივე თქმით, თითქმის ყველა აბიტურიენტს, ვინც ხელოვნება ჩააბარა და არ ჩაიჭრა, გრანტი აქვს. ეს იმ აბიტურიენტთა ნაკლებობითაა გამოწვეული, რომლებიც ხელოვნებას ირჩევენ დამატებით საგნად:

„ჰუმანიტარული საგნებისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა საგნებზე ნაწილდება, შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენ ქულას აგროვებს ამა თუ იმ საგანში. საქმე ისაა, რომ ხელოვნებისთვის გამოყოფილი თანხა ჩვენს აბიტურიენტებს ჰყოფნით, თან ყველა 100%-იან გრანტს კი ვერ იღებს, ზოგს 70%-იანი აქვს და, შესაბამისად, თითქმის ყველა გრანტითაა“.

მიუხედავად ამ უპირატესობისა, რატომ არ ირჩევს უფრო მეტი აბიტურიენტი ხელოვნებას დამატებით საგნად? – ნინო ხუნდაძესთან საუბრისას ორი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა: სკოლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ და ის, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღემდე არ შეუტანია ასარჩევ საგნებში. ნაეც-ის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, წელს იგეგმებოდა თსუ-ს ადმინისტრაციასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა ხელოვნების არჩევით საგნებში დამატების შესახებ, რაც თსუ-ში დაძაბული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სკოლებს, ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ ხელოვნება ითვლება მეორეხარისხოვან საგნად, რაც მას საბჭოთა პერიოდის განწყობებიდან გამოჰყვა, როდესაც შრომა, ხატვა, ფიზკულტურა იყო აღქმული ასეთად. სწორედ ამის გამო არ იზრდება საგნით დაინტერესებულთა რიცხვი.

ნინო ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ნელი ტემპისა, პროგრესი არის, რაც თუნდაც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებიდან იკვეთება: „პირველ წელს საშინელი ნაწერები იყო, შემდეგ უკეთესი. რა თქმა უნდა, არიან კვალიფიციური მასწავლებლებიც და არაკვალიფიციურებიც. არის შემთხვევები, როდესაც ფიზკულტურის პედაგოგი ასწავლის ხელოვნებას, რადგან საათები არ ჰყოფნის; აქ კვალიფიკაციაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, მგონია, რომ ვადგავართ იმ გზას, როდესაც ევროპული საგანმანათლებლო სისტემების მსგავსად ეს საგანი დაიკავებს შესაბამის ადგილს“.

ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან

რატომ აქვს „ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელის“ იმიჯი, როგორ აფასებს ის მისი და სააგენტოს თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს და როგორია მისი თვალით დანახული სახელმწოფო სოციალური პოლიტიკა დღეს? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს ესაუბრა.

ბატონო თემურ, კანონის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებზე, თუმცა თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად დგანან ქუჩაში. ამ ფაქტს თქვენი სამსახურის არაეფექტურ მუშაობად მიიჩნევთ, თუ სხვა რამეში ხედავთ პრობლემას?

ეს პრობლემაა ნამდვილად და სახელმწიფო, ნებისმიერი პირი ვალდებულია გაატაროს გარკვეული ქმედებები, ბავშვები ქუჩაში რომ აღარ იყვნენ. რაც შეეხება სააგენტოს, – ჩვენს ვალდებულებაში რომ ეწეროს ყველა ბავშვთან მივიდეს და მოიკვლიოს, ამის არც ადამიანური, არც მატერიალური რესურსი არ არის. თუმცა, ძალიან დიდ სივრცეს მოვიცავთ – ამა თუ იმ უბანში ძალიან ხშირად გამოსული ბავშვების შესახებ ვიცით, ვუკავშირდებით მშობლებს. არის შემთხვევები, როცა ბავშვები ჩვენს თანამშრომლებს ცნობენ და გარბიან.

თქვენ პირადად თუ შესწრებიხართ ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსულ ბავშვს და რა რეაგირება მოგიხდენიათ?

მეც შევსწრებივარ, მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი ვკითხო ამ ბავშვს მისამართი. სოციალურ მუშაკს აქვს ამის უფლება, შემიტყობინებია მათთვის, მისულან და გაურკვევიათ ვითარება, დაკონტაქტებიან მშობელს, მაგრამ მერე ამ ბავშვებს ისევ ქუჩაში ვხედავთ.

როცა ქუჩაში მოწყალების მოთხოვნის ფაქტი მეორდება, კანონი რას ითვალისწინებს მშობლის წინააღმდეგ?

თუ მყარი მტკიცებულებები გვქონია იმაზე, რომ მშობელი ბავშვს იყენებს, ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემის საკითხი დასმულა. მაგრამ, მიდგომა ასეთია, რაც არ უნდა სახელმწიფო ინსტიტუცია იყოს, ჯერ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ ბავშვი დარჩეს ოჯახში, რადგან ოჯახზე უკეთესი გარემო, თუკი იქ გაუსაძლისი სიტუაცია არ არის, სხვა არ არსებობს.

რამდენი ბავშვია აჭარაში მინდობით აღზრდაში გაყვანილი და რამდენად არის მზაობა ოჯახებში ბავშვების მისაღებად?

ასამდე ბავშვია ამ დროისთვის. სანამ ბავშვი მიმღებ ოჯახში გადავა, ის ოჯახი ორ-სამთვიან პროცედურას გადის, როგორც მატერიალურს, ასევე ფსიქოლოგიურს. ენიჭება მას მიმღები მშობლის სტატუსი. ასეთ ოჯახს წინასწარ ვარჩევთ და სტატუსს ვანიჭებთ და არა მაშინ, როცა ბავშვი გამოჩნდება. დღეის მდგომარეობით 20-25 ბავშვის მიმღები ოჯახები გვყავს. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ მიმღებ ოჯახს დაერღვიოს პირობები, რადგან მინდობით აღზრდაში გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ მივაბაროთ ბავშვი და ხელი დავიბანოთ, მუდმივი კონტაქტი აქვთ სოციალურ მუშაკებს და მეც ერთხელ მაინც ვარ ნამყოფი იმ ოჯახებში, სადაც ეს ბავშვები იმყოფებიან. ასევე ჩანაწერი კეთდება, როგორ იზრდებიან ბავშვები.

ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მცირეწლოვანი ბავშვების შიმშილობის შესახებ, ბოლო ფაქტზე „ბათუმელებიც“ წერდა. რა უნდა გააკეთოს ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბავშვის შიმშილით გარდაცვალების საფრთხე აღარ არსებობდეს ქვეყანაში?

მე გამამტყუნეს მაშინ, როცა გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა კვებითი დეფიციტის მიზეზით, მაგრამ მაშინ, როცა მან წონაში მოიკლო, ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვება ბავშვი. მიზეზი იყო ინტელექტის დეფიციტი. მექანიზმი ის არის, რომ სოფელში, სკოლაში თუნდაც სამედიცინო პერსონალი იქნება თუ სხვა ვინმე, შეტყობინება უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ რეაგირება დაუყოვნებლივ მოვახდინოთ. თუმცა, ქვეყანაში ჯერ არ არის ის მდგომარეობა, რომ ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს ის პირობები, რასაც იმსახურებს.

მედიის როლს როგორ ხედავთ და თუ რეაგირებთ პრესაში გამოქვეყნებულ ფაქტებზე?

მედიის როლი, რა თქმა უნდა, დიდია. ბავშვთა დაცვის დღეზე ეთერში ვთქვი, რომ ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია, რადგან ისიც მოძალადე გაიზრდება-მეთქი. ეთერში შემოვიდა ერთ-ერთი მოქალაქე და მითხრა – თქვენ ტყუით, მე მამაჩემი მცემდა, სკოლაშიც გვცემდნენ, მაგრამ მოძალადედ არ გავზრდილვარო. მაშინ მოურიდებლად ვუთხარი იმ ადამიანს, თქვენი აგრესიული შემოსვლა ეთერში იმას ნიშნავს, რომ მაინც მოუხდენია ცემას გავლენა-მეთქი. მედიის როლი ზუსტად ამაშია, რომ ჩვენ რაც არ უნდა ჩავერთოთ, თუ პრესა ასეთ თემებზე არ დაგვეხმარა მოქალაქეობრივი აზრის ჩამოყალიბებაში, მარტო ვერაფერს გავხდებით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ხშირად აქვთ პრეტენზიები სოციალურად დაუცველ ოჯახებს. არაერთ ოჯახს გამოუხატავს უკმაყოფილება სოციალური აგენტების არაკომპეტენტურობასა თუ არაკეთილსინდისიერებაზე. თქვენ თუ გაქვთ კითხვის ნიშნები მათთან მიმართებაში?

სოციალური აგენტი მიდის ოჯახში, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბლანკზე გადააქვს ოჯახის დეკლარაცია, სადაც ყველა პუნქტი ივსება. ამაზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი პირი. რატომ უნდა იყოს დაინტერესებული აგენტი იმით, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს?

ვთქვათ იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგოს ან არ აჩვენოს სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა.

მერწმუნეთ, სოციალურ აგენტს ამის ვალდებულება არ აქვს. ნებისმიერი დათვლის სისტემას აქვს რაღაც ცდომილება და ზოგჯერ მეც გამჩენია განცდა, რომ მოცემულმა ოჯახმა დეკლარაციის მიხედვით იმაზე მეტი ქულა მიიღო, ვიდრე რეალურად უნდა მიეღო. ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა.

მოქალაქეები ასევე გამოთქვამენ პრეტენზიას სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათი აზრით, სახელმწიფომ არ უნდა შეუზღუდოს ოჯახს მინიმალური შემოსავლის მიღება, რადგან ასეთი პოლიტიკა კი არ აძლიერებს ოჯახებს, არამედ ასუსტებს. თქვენი პოზიცია როგორია?

ოჯახს გამომუშავების უფლება აქვს, ოღონდ ეს ხდება ქულების ხელმეორედ გადათვლის საფუძველი. თუ ოჯახის შემოსავალი არ გაიზარდა 220 ლარზე მეტით, ეს გადამოწმების საფუძველი არ ხდება, მაგრამ გვქონდა შემთხვევა, როცა ოჯახის ერთმა წევრმა დაიწყო მუშაობა და რეგულარულად მიიღო ათას ლარზე მეტი, ამ ოჯახს, რა თქმა უნდა, ავტომატურად შეუჩერდა სოციალური დახმარება. თუმცა გააჩნია ოჯახს, რამდენსულიანია, ბავშვი რამდენია, შშმ პირი რამდენია, რადგან იგივე თანხა (ათასი ლარი) ასეთ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი ოჯახის ყველა წევრისთვის.

სახალხო დამცველის ბათუმში ვიზიტის დროს ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაგასახელათ. როგორ ფიქრობთ, რატომ და როგორ წყვეტთ ხოლმე ისეთ საკითხებს, რომლებიც რამდენიმე სტრუქტურასთან კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს?

ძალიან ძნელია მაგაზე ლაპარაკი, რადგან ეს განაწყენებულმა პიროვნებამ თქვა და ამას ჰქონდა საფუძველი. სწორედ ბავშვთა დაცვის საკითხებში დაარღვია კანონი იმ ქალბატონმა და ჩვენ მივუთითეთ. მან დაგვიდასტურა, რომ ბავშვი იმყოფებოდა ოჯახური ძალადობის ქვეშ, ათი დღის განმავლობაში ხვდებოდა ბავშვს და ერთი შეტყობინება არ გაუკეთებია სააგენტოში, რაც დასჯადია. ხისტი ვარ ყველა შემთხვევაში, როცა პიროვნების იდენტიფიცირებას მთხოვენ ან როცა ხდება ფაქტი და მაშინ მთხოვენ ამ თემაზე საუბარს. ასეთ დროს ყველა ხვდება ვისზეა საუბარი და ისედაც ტრავმირებული ადამიანი ხელმეორედ იღებს ტრავმას – ამას ყველა ვერ იგებს.

მოსამართლე: ქობულეთის გამგებლის ქმედება სასამართლოს უპატივცემულობაა

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე უკვე მეორედ არ გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას მოწმის სახით უნდა მიეცა ჩვენება ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმეზე. გამგებელმა არც ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რის გამო ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა. „ეს უკვე არის უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ. სულხან ევგენიძე წინა სხდომაზეც არ მოვიდა, მაგრამ მაშინ არსებობდა საპატიო მიზეზი. თუკი ის შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდება, მივიღებ კანონით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორის, სასამართლოში იძულების წესით გამოცხადებას“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაემგზავრა და სასამართლს გაფრთხილება დაავიწყდა.

მუსლიმთა პანსიონის საქმეზე დღეს, 16 ივნისს, დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე დაკითხეს. როინ გუნდაძემ 2014 წლის 15 სექტემბერი დეტალურად გაიხსენა. ამ დღეს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მუსლიმური პანსიონი უნდა გახსნილიყო. მოწმის, როინ გუნდაძის თქმით, ისინი შენობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ არ შეუშვა: „მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები ძველი საბურავებისგან და ხის ტოტებისგან. გვეუბნებოდნენ, ქართველი ქრისტიანი და მართლმადიდებელი უნდა იყოსო.“

მოწმემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინცინდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პილიციის თანამშრომლები, რომლებსაც ბარიკადების მოწყობაზე ან შეურაცხყოფაზე რეაგირება არ ჰქონიათ: „მათი ხმა არ გამიგონია ვინმესთვის ეთქვათ, შეურაცხყოფას ნუ აყენებო. ბარიკადებს უყრუებდნენ მხოლოდ“ – თქვა როინ გუნდაძემ.

ორი წლის მომხდარი დაპირისპირების განხილვა სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. ამ საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ერთობა“ ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ედავება. მოთხოვნაა დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურება. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე დაიწყო

დღეს, 16 ივნისს დაიწყო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე.

შეხვედრები 16-18 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი მუნიციპალიტეტი – ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე, ჩასახლებული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელებენ და ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე ერთობლივად იმუშავებენ.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები სამუშაო შეხვედრებზე შეიმუშავებენ.

25 ადამიანის მოწამვლის ფაქტს კრიმინალისტები იძიებენ

14 ივნისს, ხელვაჩაუში, ერთ-ერთი ოჯახის წვეულებაზე 25 ადამიანის მოწამვლის  საქმეზე გამოძიება სისხლის სამრთლის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, ანალიზებით არ დადასტურდა ბაქტერიული და ვირუსული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, რის შემდეგაც საქმეში კრიმინალისტები ჩაერთვნენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობის გამო პაციენტთა ნაწილი თბილისში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მოწამლულთა შორის 11 ბავშვია.

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს.

ელვინ ი-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. სამინისტროს ინფრორმაციით ამ დროისთვის ელვინ ი-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საარჩევნოდ გაკეთილშობილებული ბათუმის ბიუჯეტი

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი ახლა გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო.

დაახლოებით ერთ თვეში ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო უფასო სადილს დამატებით 500 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს. მეექვსე მუნიციპალ¬¬ური სასადილოს ასამოქმედებლად მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა გაარემონტა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, სააგენტომ ახალი სასადილო შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით უნდა აღჭურვოს, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. გახსნის ცერემონიალი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვევა. ამ სასადილოში მერია 13 პირის დასაქმებას გეგმავს.
ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილების თანახმად, 700 ბენეფიციარით მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, ხოლო 103 ბენეფიციარით გეგმიური ოპერაციული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა გაიზარდა.

გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე მერიას ექნება ასევე საშუალება 250 ბენეფიციარით მეტს დაუფინანსოს სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება.

50 ბენეფიციარით გაიზარდა ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამა. მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ პროგრამით გათვალისწინებულია: განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების კურსის ჩატარება ყოველთვიურად მთელი წლის მანძილზე. ხოლო მშობლებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარება. მომსახურება გაეწევა 7 წლამდე ასაკის ბათუმში რეგისტრირებულ ბავშვებს შემდეგი პათოლოგიით: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა. პირველ რიგში მომსახურება გაეწევა იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით.
ექვსი ბენეფიციარი დაემატა ჰემოდიალეზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამას.
მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზეც იზრუნა. ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურებისთვის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში 968 900 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ამ თანხას კიდევ 86 ათასი ლარი დაუმატა. მერიაში ამ გადაწყვეტილებას ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დამატებითი ბრიგადების საჭიროებას უკავშირებენ და არა არჩევნებს. მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის თქმით, ეს თანხა ტურისტული სეზონის განმავლობაში 52 ექიმის პრემიებით წახალისებას მოხმარდება.

150 ბენეფიციარი დაემატა კომუნალური გადასახდელების სუბსიდირების პროგრამას. ბენეფიციარები დაემატა მოწყვლადი სოციალური კატეგორიისათვის დახმარების უზრუნველყოფის პროგრამასაც. პროგრამა 70000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედებისათვის სანდასუფთავების მოსაკრებელითა და წყლისა და კანალიზაციის გადასახადით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პროგრამა 100 000 ქულის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი), მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეთა, დაინვალიდებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახის ბავშვების დაფინანსებას, სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 500 ლარის ოდენობით და ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის კომუნალური გადასახადების და მიმდინარე მცირე ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს. ამ პროგრამას ჯამში 42 ბენეფიციარი დაემატა.

საერთო ჯამში სოციალური პროგრამების ნაწილში ბიუჯეტი 363 900 ლარით გაიზარდა.

ბათუმის მერიას დაფინანსების ნაწილში 313 700 ლარი დაემატა. აქედან 150 000 ლარი დაემატა მერიის სარეზერვო ფონდს, როგორც მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე განმარტავს, `საჭიროებისამებრ დასახარჯად.“

ამ ცვლილებამდე 2016 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდში გასულ წელთან შედარებით 200 ათასი ლარით მეტი – 600 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის ანგარიშების მიხედვით, ამ თანხას მერი, ძირითადად, მატერიალური დახმარების გაწევის ან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით ხარჯავს. 2016 წლის მეორე ნახევარში გაზრდილი სარეზერვო ფონდი მერს უფრო მეტი ოჯახის ან პირის დახმარების შესაძლებლობას მისცემს.

გაზრდილი დაფინანსებიდან დარჩენილი თანხა კი მერიამ ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებს უნდა მოახმაროს. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ამ რემონტის ფარგლებში დაგეგმილია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტის მოწყობაც.
787 700 ლარით გაზარდა მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება: „დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე (#6) გამოტოვებულია ტროტუარის მონაკვეთი. იქ არის ორსართულიანი მიტოვებული სახლი, ინვესტორები აპირებდნენ შესვლას და ვერ გავაკეთეთ თავის დროზე. ამ მონაკვეთის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება 13 877 ლარი. ივანე მესხის ქუჩაზე, აეროპორტის დასახლებაში, #60-66-მდე დაზიანებული მონაკვეთის კეთილმოწყობა იგეგმება, ეს ქუჩა კეთილმოეწყო გასულ წელს. იგეგმება ასევე მარეთის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა.

ამ ქუჩაზე წელს დავაგეთ ასფალტის საფარი და გვერდით არის შეჭრილი ჩიხი, ამ ჩიხის რეაბილიტაციისათვის 22 700 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 300 000 ლარი გამოიყო შემოერთებულ ტერიტორიებზე ბეტონის დასაგებად – მწვანე კონცხის, გონიო-კვარიათისა და კახაბრის დასახლებაში. აქ სამუშაოები კონკრეტულ მონაკვეთებზე იგეგმება და არა ერთ ქუჩაზე. შესაძლებელია ნაწილობრივ შეეხოს აღმაშენებლის დასახლებასაც. ჟილინის არხის გაგრძელებაზე სატუმბის მშენებლობა იგეგმება. ასევე ორი ქუჩის განათების სამუშაოები, მათ შორის იუნკერების სკვერის და აეროპორტის დასახლებაში ორი პატარა მონაკვეთის განათება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ურეხის დასახლებაში დიდგორის ქუჩა, რომელიც ადის შეფერდებაზე და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ვაპირებთ რეზერვუარის მშენებლობას. ეს თანხობრივად და მასშტაბურობითაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დაფინანსება 321 174 ლარია.“

30 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა, 160 ათასი ლარი კი კულტურის სფეროს დაფინანსებას დაემატა.

ბათუმის ტურისტული რუკა მოსწავლეებისგან

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ შედგენაზე. მოსწავლეებმა სამი მარშრუტი შეადგინეს: არქიტექტურული, რელიგიური და ბათუმი კინოში. მათ მსგავსად, მრავალფეროვნების ამსახველი ტურები დაგეგმეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ახალციხელმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი თავიანთი ტურები გააცნეს ერთმანეთს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლას 760 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

მეგი დიასამიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის მეგობრებთან ერთად მუშაობდა ტურზე – ბათუმი კინოში. როგორც მეგი ამბობს, დირექტორმა და მასწავლებელმა პროექტის შესახებ რომ უთხრეს, პირველი, რაც მოუნდა, ბათუმის ახალი რაკურსით აღმოჩენა და ჩვენება იყო. მისი თქმით, როგორც კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, მაშინვე დაგეგმეს სამი მიმართულება აეღოთ და ქვეჯგუფებად დაყოფილიყვნენ. „ყველამ ის მიმართულება ავიღეთ, რაც გვაინტერესებდა, მაგრამ ერთმანეთის ტურებსაც ვეცნობოდით, სამუშაო პროცესშიც ვეხმარებოდით ერთმანეთს. ჩემი მიმართულება იყო იმ ადგილების შესწავლა, სადაც კინოგადაღებები მიმდინარეობდა, ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე“, – იხსენებს მეგი.

მისი თქმით, ძებნის პროცესში იყენებდნენ როგორც დოკუმენტურ ლიტერატურას, ასევე თანაქალაქელების მოყოლილ ისტორიებს. ცდილობდნენ პროექტი ფოტო და ვიდეომასალებითაც გაემდიდრებინათ. „ძალიან დაგვეხმარა ოლიკო ჟღენტის წიგნი – „ბათუმი კინოში“. თითქმის ყველა ადგილი ვიცოდი და ყოველდღიურადაც დავდიოდი, მაგრამ ისტორიები, რაც ამ ადგილებს უკავშირდებოდა, სწორედ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე“, – ამბობს მეგი.

ამ პროექტის ხელმძღვანელი ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნატალია აფაქიძეა. მისი თქმით, მოსწავლეები ბოლომდე ჩართულები იყვნენ პროექტში, შესაბამისად, ყველა რაიმე ახლის მოძიებას ცდილობდა. „ეძებდნენ საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც ისეთი ამბების მოყოლა შეეძლოთ, რაც დღეს ყველამ არ იცის. ინტერვიუებს იწერდნენ იტალიურ ეზოებში, სამლოცველოებში, ქუჩაში… ჩაწერეს მხატვრებიც, რომლებიც იხსენებდნენ, მაგალითად, შენობებს, არქიტექტურულ ძეგლებს, რაც დღეს აღარ არის“, – ამბობს ნატალია აფაქიძე და დასძენს, რომ საბოლოოდ, როდესაც პროექტის ქუთაისელ მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ორივე ჯგუფმა ახალი ქალაქი აღმოაჩინა.

ნიკოლოზ ტარიელაძე მეგის კლასელია, ის ბათუმის რელიგიური ტურის შედგენაზე მუშაობდა. ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფიც ბათუმივით მრავალფეროვანი იყო: „სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით ჯგუფში, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი რელიგიების შესახებ“, – ყვება ნიკოლოზიც.
ნიკოლოზის თქმით, პროექტზე მუშაობის პროცესში ძალიან გამოადგათ გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემული წიგნები – „ბათომი“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“: „ისეთი ისტორიები და ფოტომასალა იყო, ინტერნეტშიც ვერ იპოვიდი. ბევრი საინტერესო და ახალი ამბავი გავიგეთ“.

ნიკოლოზი ამბობს, რომ აქამდე სხვადასხვა რელიგიურ დაწესებულებასთან შეხება არასდროს ჰქონია. ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა კი მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდა იმ ისტორიულ-რელიგიურ შენობებს, რომლებიც ბათუმშია. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზის სამეგობრო წრე პროექტამდეც რელიგიურად მრავალფეროვანი იყო, მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ „ეს არის მრავალფეროვნება… ის არქიტექტურა და თავისებურებები, რაც, ვთქვათ, ისლამს არ აქვს, მართლმადიდებლობას აქვს… კიდევ სხვა, რაც მართლმადიდებლურ კულტურაში არ გვხვდება, სხვა რელიგიაშია და ერთად, ურთიერთგაცვლით ძალიან მნიშვნელოვან და კარგ შედეგს ვიღებთ, რაც ქალაქს ამდიდრებს“.

ნიკოლოზი და მეგი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პროექტი მათთვის აღმოჩენების შესაძლებლობა იყო. ამ მოსწავლეების აღმოჩენილი ბათუმის ნახვა კი მალე ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მარშრუტები ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის [TDI] ვებგვერდზე გამოქვეყნდება. პროექტიც [„ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“], რომლის ფარგლებშიც ტურები დაიგეგმა, სწორედ TDI-მ განახორციელა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც ბათუმში „კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატალია აფაქიძე ამბობს, აღნიშნული პროექტის მიზანი – სკოლის მოსწავლეებში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა და საკუთარი ქალაქის მრავალფეროვნების გაცნობა – დიდწილად მიღწეულია.

გამჭვირვალობა: ბუნებრივი აირის შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] აჭარაში, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ტურისტულ სეზონზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს.

„28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ერთის მხრივ, დადებითია ის ფაქტი, რომ კომპანია მომხმარებელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე 10 დღით ადრე აფრთხილებს, თუმცა ამ დროისთვის ტურისტულ რეგიონში კერძო სექტორის ბინები წინასწარ დაჯავშნილია და სტუმრებს თანხის ნაწილიც გადახდილი აქვთ. ალტერნატიული გზების მოძებნის რესურსი შესაძლოა, მსხვილ კორპორაციებს ჰქონდეთ, თუმცა საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე გათვლილი კერძო სექტორი ამ გადაწყვეტილებით სავარაუდოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: ეს ვითარება გამოიწვევს ჯავშნების გაუქმებას, დამატებით ფინანსურ ხარჯებს ან ზარალს. წინა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბათუმში ხელმისაწვდომი კვების ობიექტები ბუნებრივი აირის შეწყვეტით ზარალდებიან და ზამთრის პერიოდშიც კი მომხმარებლებისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება უჭირთ, შესაბამისად, ტურისტულ სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მათთვის უფრო მეტად პრობლემატური იქნება. სტუმრების უკმაყოფილება კი აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის, რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა კერძო სექტორთან კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა მსგავსი რისკების ქვეშ რეგიონი აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში არ აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სამუშაოები გეგმურია და ავარიით ან დივერსიით არ არის გამოწვეული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ფიზიკაში ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

15 ივნისს მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დასრულდა. მეთერტმეტეკლასელები ოთხ საგანს – ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას და ფიზიკას აბარებდნენ. დარჩენილ ოთხ საგანს კი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელთა გამოცდებზე ყველაზე მეტი – დაახლოებით 3 807 მოსწავლე ჩაიჭრა ფიზიკაში. ყველაზე ნაკლები [დაახლოებით 1 143 მოსწავლე] კი გეოგრაფიაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიოლოგიის გამოცდაზე –  38 102 მოსწავლე; გეოგრაფიის – 38 106; ფიზიკის – 38 074, ხოლო ქიმიის გამოცდაზე 34 884 მოსწავლე გამოცხადდა. ქიმიის გამოცდას რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეები მეთორმეტე კლასში აბარებენ.

ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგების მიხედვით, კი შესაბამისად, 1 395 და 1 905-მა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი [5.5 ქულა].

მოსწავლებს, რომლებმაც ამა თუ იმ საგანში ბარიერი ვერ დაძლიეს, მომავალ წელს ექნებათ შესაძლებლობა განმეორებით ჩააბარონ გამოცდები.

ბიუჯეტის შესრულების საკითხს უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავს

16 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ვერ მოხვდა აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა. როგორც პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უნდა მომხდარიყო 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა:

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არაფერი აქვთ სათქმელი მთავრობის წევრებსა და ფინანსთა მინისტრს. დღევანდელ სხდომაზე არ ცხადდებიან, იმალებიან და სირაქლემას პოზიციაში არიან. დღის წესრიგში საერთოდ არ არის ჩასმული. ეს არის პირდაპირ ბალაძის დავალებით ამოღებული საკითხი, რაც კანონდარღვევაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ პეტრე ზამბახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე იყო ჩანიშნული, თუმცა მაშინ სხდომა ვერ შედგა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა, დღეს 12 საათზე დაიწყო. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგი არ დამტკიცდა, რის გამოც პლენარული სხდომა ვერ შედგა, ამ დსროისათვის მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელმაც თავიდან უნდა  ჩანიშნოს პლენარული სხდომა.

„ნაყინის მანქანა რომ მოდის, ჩემი ბავშვები ტირიან“

ოთარ ვანაძის ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში ამჟამად სამი მცირეწლოვანი ბავშვია, ორი ნათესავთან იზრდება. მათგან უფროსი, რომელიც 19 წლისაა, თურქეთში სამუშაოდაა გადასული. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, რომელიც მეშვიდე თვეა შეუწყდა. ბავშვების მამა ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი იპოთეკით არის დატვირთული.

სახლი პატარაა, ძველი და სარემონტო. სახლი, როგორც ოთარ ვანაძე გვეუბნება, ახლობლების დახმარებით სახელდახელოდ გადახურა. ოთახების ნაწილს ჭერი არ აქვს, ავეჯი ძველი და მორყეულია. კედლებს არ აქვს ბათქაში, ფანჯრებზე კი ფარდების ნაცვლად გადასაფარებლებია ჩამოკიდებული, ზოგანაც პლაკატებია მიკრული. ბებიას თქმით, პატარები ძირითადად მისაღებ ოთახში, დივანზე იძინებენ. სახლში არ აქვთ მაცივარი, გაზქურა და სარეცხი მანქანა.

ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო
ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო
ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო
ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო

ოთარ ვანაძე. თორნიკე თევზაძის ფოტო
ოთარ ვანაძე. თორნიკე თევზაძის ფოტო
„ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა თურქეთშია, მძიმე ავადმყოფი იყო. ტუბერკულოზი ჰქონდა, ახლაც არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სახლი ვალების გამო იპოთეკაში გვაქვს და ესეც რომ არ დავკარგოთ, ვცდილობთ რაღაც შემოსავალი ვიშოვოთ. რადგან ჩემი შვილი თურქეთში გადავიდა, სახელმწიფო დახმარება შემიწყვიტეს. კარგი ბატონო, მე ვერ შევატყობინე სახელმწიფოს, მაგრამ ამ ბავშვებს რას ერჩიან, მშიერი რატომ ტოვებენ“, – ამბობს ოთარ ვანაძე. მისი თქმით, სოფელში რაც მოჰყავს, ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის: `ფქვილი ვალით ვიყიდე, ბანკის ვალები დამედო ბევრი, 80 წლის დედაჩემი პენსიასაც ვერ იღებს, რადგან ბანკს მიაქვს ყველაფერი. შემწეობა რომ აღმიდგინონ, მე ვერ გამოვიყენებ, ყველაფერი ვალებში მიდის. .მეც სერიოზული დაავადება მაქვს, – შიზოფრენია, მაგრამ მედიკამენტებს არ ვიღებ“,- გვეუბნება ოთარ ვანაძე.

ოჯახში ყველაზე პატარა ექვსი წლისაა. საბავშო ბაღში არ უვლია. ორი ბავშვი სკოლაში დადის. „18 წლის გოგონა დეიდასთან არის, 16 წლის კი – ბებიასთან. რა მექნა, ვეღარ ვარჩინე ამდენი ბავშვი და დროებით ნათესავებთან გავუშვი. სოფელში ნაყინის მანქანა რომ მოდის, ჩემი ბავშვები ტირიან. სხვა ბავშვები ყიდულობენ, მე ვერ ვყიდულობ მათთვის, ცხოვრებაა ეს?“ – გვეუბნება ბავშვების მამა.

ნანული გუნთაიშვილი ოთარ ვანაძის მეუღლეა. მისი თქმით, სახელმწიფომ შემწეობის შეწყვეტამდე ბავშვების მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და მშობლის შეცდომის გამო საკვების გარეშე არ უნდა დატოვოს:

„როდემდე გარჩენს მეზობელი? ახლა სულ ისინი გვეხმარებიან. ყველაზე მეტად როცა გვიჭირდა, მაშინ შეგვიწყვიტეს დახმარება, ზამთარში. თურქეთში ჩაის საკრეფად დავდიოდი და ახლა იქაც ვეღარ გადავალთ, რადგან 5-წლიანი დეპორტი გვაქვს“.

ოჯახში ამბობენ, რომ სახელმწიფომ სოციალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს და სახელმწიფო შემწეობაზე მყოფ ოჯახებს დამატებითი შემოსავლების მოძიების უფლება უნდა მისცეს.

ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო
ვანაძეების სახლი. თორნიკე თევზაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო

პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება

„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი ბათუმის ციხიდან.

პატიმრებს რომ აღსარების თქმის პრობლემა ექმნებათ, ამას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატში. „ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს პრობლემა: აღსარების თქმის დროს, სამლოცველო ოთახში პატიმართან ერთად შედის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელიც. ეს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა. ციხის ადმინისტრაციისგან ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უსაფრთხოების გამო ხდება ასე. სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ასევე არაერთხელ მივიღეთ დაპირება, რომ შეცვლიან ამ დამოკიდებულებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ ქორიძემ.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ `ბათუმელებთან~ ეს პრობლემა უარყო: „ციხის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული პრეტენზია, თითქოს მათ აღსარების საიდუმლოდ ჩაბარების საშუალება არ ეძლევათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მე-3 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი სურვილისამებრ, კვირაში ერთხელ შეხვდნენ სასულიერო პირს. სასულიერო პირთან საუბრის კონფიდენციალობა დაცულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ა.ს.-ს ციხის ადმინისტრაციისთვის სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნით საერთოდ არ მიუმართვს. ამასთან, მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო კუთხეც ფუნქციონირებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მივიღეთ.

სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწერია, მოითხოვა თუ არა სასულიერო პირთან შეხვედრა მეორე პატიმარმა – ციხიდან გამოგზავნილ წერილს ორი პატიმარი აწერს ხელს და არ არის გარკვეული, კონკრეტულად რომელს შეექმნა აღსარების ჩაბარების პრობლემა.

„ასეთ ფაქტს ვერ ვიხსნებ,“ – გვითხრა დეკანოზმა გრიგოლ თავაძემ. ის უკვე 7 წელია კვირაში ერთ დღეს ბათუმის ციხეში მყოფ პატიმრებთან ატარებს. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სასულიერო კუთხეში ბათუმის ციხეში არც ვიდეოთვალი არის და არც ადმინისტრაციის თანამშრომელი ესწრება აღსარების პროცესს: „ასეთი რამ რომ მომხდარიყო, თქვენთან კი არ მოვიდოდა ეს წერილი, მე ავტეხდი მთელ ამბავს. აღსარების დროს ბადრაგი ძირითადად კარებთან დგას და თუ პატიმარს შეაგვიანდა გასვლა, მხოლოდ მაშინ შემოგვიხედავს. ციხეში მოწყობილ ტაძარს მხოლოდ ფანჯარა აქვს, რომელიც თეთრადაა შეღებილი და გარედან არაფერი ჩანს”.

დეკანოზს ჩვენ კონკრეტული პატიმრების ვინაობაც გავუმხილეთ, ვინც ციხიდან გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ. გვითხრა, რომ პატიმრებს ამ სახელებითა და გვარებით საერთოდ ვერ იხსენებს. დეკანოზ გრიგოლ თავაძესთან გასაუბრებამდე, ჩვენ პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს მივმართეთ. „არ ვიცი, ამ საკითხებთან მე შეხება არ მაქვს,” – ამ მოკლე პასუხის შემდეგ ბოტკოველმა ტელეფონი გაგვითიშა.

დიმიტრი კვაჭიძე „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან” ამბობს, რომ პატიმრებს აღსარების დროს მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება დააკვირდნენ:

„თუ ასე ხდება, კანონის დარღვევაა პირდაპირ. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას იცავს ნებისმიერი ქვეყანა, რაც ეხება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, პატიმარს. ამას ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო კონვენცია, სადაც პატიმრების უფლებებზეა საუბარი. ერთადერთ გამონაკლისს ითვალისწინებს კანონმდებლობა – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პატიმარზე ვიზუალური კონტროლის წარმოება აღსარების თქმის დროს.”

პატიმრებმა წერილი, სადაც აღსარების თქმის გარდა ბევრ სხვა პრობლემაზეა საუბარი, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებსაც გაუგზავნეს.

ფოტოზე: სამლოცველო კუთხე ბათუმის საპყრობილეში. „ბათუმელების“ ფოტო.

თუ სუნთქვა გიჭირთ – რა უნდა ვიცოდეთ პოლიპოზზე

პოლიპი ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში წარმოიქმნება და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში სერიოზული გართულებები შეიძლება შეუქმნას ადამიანს. რა არის პოლიპი, როგორ ხდება მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა – ამ თემაზე „ბათუმელები“ ოტორინოლარინგოლოგ გელა ხოზრევანიძეს ესაუბრა, „ხოზრევანიძის კლინიკის“ მთავარ ექიმს.

ბატონო გელა, რა არის პოლიპი და რა ხდება მისი წარმოქმნის მიზეზი ცხვირის ღრუში?

ეს არის ქრონიკული პროცესის შედეგად გადაგვარებული ლორწოვანი გარსი, რომელიც კეთილთვისებიანად მიიჩნევა. მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგალითად, ალერგიული რინიტი, ასევე, პოლიპი შესაძლებელია გამოიწვიოს გამრუდებული ცხვირის ძგიდემაც. როცა ჰაერის გამტარიანობა ირღვევა ცხვირის ღრუში, ხდება ლორწოვანის შეშუპება, ქრონიკულ პროცესში გადადის და იწყება პოლიპოზი, რომლის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით. პირველ ეტაპზე კი ხდება ენდოსკოპიური დიაგნოსტირება, არის თუ არა ცხვირის ღრუში პოლიპოზი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხვირის პოლიპოზი სხვა რამეა და ადენოიდები _ სხვა. არის ასევე შემთხვევები, როცა ნიჟარები ცხვირის ღრუში ჰიპერტროფიას განიცდის, ანუ იზრდება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ან ქრონიკული პროცესების დროს და რჩება გადიდებული. პაციენტი ამბობს, რომ პოლიპი აქვს და ვერ სუნთქავს, მაგრამ ეს პოლიპი კი არა ჰიპერტროფიაა.

რა სიმპტომები მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს პოლიპები ცხვირში?

პირველ რიგში, ესაა ხშირი გამონადენი ცხვირის ღრუდან. ასევე, სუნთქვის გაძნელება და ყნოსვის დარღვევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი მოდის და ამბობს, რომ სუნთქავს, მაგრამ ვერ გრძნობს, ვერ არჩევს სუნს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული მიმართვა სპეციალისტთან და დიაგნოზის დასმა, რადგან ყნოსვის დარღვევა შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. რაც შეეხება მკურნალობას, პოლიპოზის დროს აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რის შემდეგად ინიშნება პრეპარატები ხანგრძლივი მიღებისთვის, შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს ადამიანს მათი მიღება, რომ პოლიპოზი ისევ არ განვითარდეს ცხვირის ღრუში.

ანუ განმეორება ოპერაციის შემდეგაც შესაძლებელია?

დიახ, შეიძლება განვითარდეს რეციდივი, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუ კარგად გაკეთდა ოპერაცია, უფრო ნაკლებია რისკი იმისა, რომ ხელახლა წარმოიშვას პოლიპი, მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით 30 პროცენტში შესაძლებელია, რომ პოლიპი წამოიზარდოს ხელახლა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ გართულებისგან თავის დასაზღვევად არის დროული მიმართვა ექიმთან, რადგან ქრონიკული პროცესის მკურნალობა უფრო ძნელია, ვიდრე მწვავე პროცესისა.
პოლიპოზი შეიძლება იყოს ცალ მხარეს ან ორივე მხარეს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ხანი მიმდინარეობს პროცესი. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია და მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია რეციდივის ალბათობა, რადგან ლორწოვანი გარსი მასშტაბურად არ ზიანდება.

შეიძლება თუ არა პოლიპოზმა გამოიწვიოს სმენის ან ყნოსვის დაკარგვა?

ყნოსვის დაკარგვა შეუქცევადი პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ღრუ პოლიპოზითაა სავსე. ასეთ დროს, პირველ რიგში, ჰაერის გამტარებლობა ირღვევა და ასევე _ ყნოსვის რეცეპტორები ვერ აღიქვამენ სუნს. რაც შეეხება სმენას: ცხვირი და ყური ერთმანეთთან კავშირშია ევსტახის მილით. პოლიპოზის დროს შეიძლება პერიოდულად ან ხანგრძლივად დაგუბდეს ყური. თუ პოლიპოზის შედეგად არის გამოწვეული სმენის დაქვეითება, ეს შესაძლოა მოიხსნას, მაგრამ, რაც შეეხება ცხვირს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაავადებულია ცხვირის ლორწოვანი გარსი. უმეტესად, პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტთა 60-70 პროცენტში მკურნალობის შედეგად ყნოსვა აღდგება, მეტწილად _ ახალგაზრდებში, რომელთაც არა აქვთ დაავადების შორს წასული ფორმა.

რა გართულება შეიძლება მოყვეს პოლიპოზს, თუ ადამიანი დროულად არ იმკურნალებს?

პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება ტკივილგამაყუჩებლებმაც კი ვერ მოუხსნას. თუკი ტოტალურად ჩაკეტილია ცხვირის ღრუ _ ჟანგბადის უკმარისობას განიცდის თავის ტვინი. ტვინს ჟანგბადი უმეტესად მიეწოდება ცხვირიდან, სუნთქვის დროს. თუ ცხვირში ჰაერის გამტარიანობა დარღვეულია, იწყება თავის ტკივილი. ხანგრძლივი პოლიპოზის დროს შესაძლებელია პოლიპოზი გადავიდეს ძვლოვან სტრუქტურაზე, რაც ძალიან საშიშია.

ტენიანი ჰავა მოქმედებს პოლიპოზზე?

რა თქმა უნდა. მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ხდება ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ დააკვირდებით, როცა მშრალ ჰაერზე გადიხართ, უფრო თავისუფლად სუნთქავთ, ჰაერის გამტარობა უფრო კარგია. ბათუმში ტენიანობა მაღალია, რაც პრობლემურია პაციენტებისთვის. ჩვენს პრაქტიკაში ძირითადად ალერგიულ ფონზე განვითარებული პოლიპოზი გვხვდება, მეორე ადგილზეა პოლიპოზი ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. შეიძლება პოლიპი იყოს ავთვისებიანი?

დიახ, რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არის შემთხვევები შორსწასული ფორმის დროს.

არსებობს თუ არა პრევენცია?

პრევენცია არსებობს და მდგომარეობს შემდეგში: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება თუ გრძელდება 10 და 20 დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. ენდოსკოპიის საშუალებით დადგინდება გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც დაინიშნება სხვა კვლევები. დროული მკურნალობა და კონსულტაცია არის საუკეთესო პრევენცია.

“უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – ამ საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ იგი მომდევნო კვირისთვის გადადო. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, საქმის გადადების მიზეზი სხვა საქმეების სიმრავლეა. უნივერსიტეტი 6 პროფესორის გამოსახლებას მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოითხოვს. საქმეს სასამართლო 2014 წლიდან განიხილავს.

უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში სხვადასხვა დროიდან ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ, მიიჩნევენ, რომ ბინები მათ უნდა დარჩეთ, რადგან ათეული წლის განმავლობაში ისინი ამ შენობაში ცხოვრობენ. მაგალითად, პროფესორი თემურ გოგმაჩაძე საერთო საცხოვრებელში უკვე 50 წელია ცხოვრობს. მას, ასევე პროფესორ ინდიკო აბაშიძეს, უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში ოჯახებით ცხოვრების პერიოდში, ქალაქში სხვა ბინებიც აუშენებიათ, რაც “ბათუმელებმა” რეესტრის ამონაწერში დააფიქსირა. ამავე რეესტრის მიხედვით, ყველა ფართობი, რომელსაც პროფესორები ნებაყოფლობით აღარ ტოვებენ, სახელმწიფო საკუთრებაა.

პროფესორები საქმის წაგების შემთხვევაში გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.

უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091.

აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება:

№68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];

№71 მაჟორიტარულ ოლქს  – №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];

№72 მაჟორიტარულ ოლქს  – №83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];

№73 მაჟორიტარულ ოლქს – №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი], ასევე №80 ქედის საოლქო საარჩევნო და №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიები [როგორც დამხმარე კომისიები]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა:

N68 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 52 477;

N69 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 52 164;

N70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 51 900;

N71 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 49 372;

N72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 48 325;

N73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 51 853.

“აჭარისწყალი ჯორჯია” მახალაკიძეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ დღეს, 15 ივნისს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დეტალური კვლევების ჩატარებას ითხოვენ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ მახალაკიძეებში ჩატარებული კვლევის პირველადი დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა კავშირი, მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ, გვირაბის გაყვანის პროცესში ჩატარებულ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს შორის” – ნათქვამია წერილში, რომელიც ჰესის მშენებელი კომპანიის “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” მიიღო “ბათუმელებმა”.

საუბარია კვლევაზე, რომელიც მახალაკიძეებში 22 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ შექმნილმა კომისიამ ჩაატარა. მაშინვე აჭარის მთავარმა გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ “ბათუმელებთან” თქვა, რომ ეს კომისია ვერ დაადგენდა ზიანის წყაროს და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით გამოიკვეთებოდა მიყენებული ზიანის ხარისხი.

შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ დღეს “ბათუმელებს” უთხრა, რომ 21 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას და თითოეულ ოჯახს აჭარის მთავრობა 25 ათასს ლარს გადაუხდის. გამგებლის განცხადებით, გეოლოგებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და შემდეგი ეტაპის კვლევაში სეისმოლოგები ჩაერთვებიან.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ არ ფლობს ინფორმაციას გასასახლებელი ოჯახების შესახებ. კომპანიაში განმარტავენ, რომ 14 ივნისს დაიწყო ახალი კვლევა, რომლის შედეგებიც ივლისში გახდება ცნობილი:

„კომპანია ,,აჭარიწყალი ჯორჯიას“, აჭარის მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულნი არიან  აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგები, დამოუკიდებელი ექსპერტები, კომპანიის ტექნიკური ჯგუფის წევრები. კომისიამ მუშაობა 14 ივნისს დაიწყო, კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება გვირაბის სიახლოვეს 1 კილომეტრის რადიუსში მდებარე სახლები.  პირველი ინსპექტირება განხორციელდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების წინ, ხოლო მეორე  ხორციელდება მშენებლობის ბოლო ფაზაზე. კომისია საბოლოო დასკვნას შეიმუშავებს ივლისში, წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ, მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ინსპექტირებაში ჩართული მხარეების მიერ დაიგეგმება შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.” – წერია კომპანიისგან გამოგზავნილ წერილში.

ბათუმის საკრებულო: 271 ოჯახიდან უმრავლესობას მიწა დაუბრუნდება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, რითაც გონიოელებს მიწის საკუთრება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მან დღეს საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქციაზე მყოფ გონიოელებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მომავალი კვირის სამშაბათს გააფორმებს. მისი განმარტებით, დეტალურად უნდა გაიწეროს ის კრიტერიუმები, თუ რომელ შემთხვევაში, რა საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება: „თანაც კომისიის ყველა წევრს უნდა ეცალოს, რომ ოქმს ხელი მოეწეროს. სამშაბათს ეს პროცესი დასრულდება“.

“ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ 271 ოჯახს სადავო მიწა დაუბრუნდება?”- “ბათუმელების” ამ კითხვაზე ლევან კინწურაშვილმა უპასუხა – “არა”. მან  გაგვიმარტა, რომ კომისიამ ხელახლა ინდივიდუალურად უნდა შეიწავლოს თითოეული შემთხვევა და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება მას, ვინც ჩამორთმევამდე კანონიერად ფლობდა: „ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ამ 271-დან 30-40 ოჯახი ვერ დაიბრუნებს მიწას“.

საკრებულოს ამ პოზიციის მოსმენის მიუხედავად, გონიოელები არ ტოვებენ საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიას. მათ საპროეტსტო აქცია გუშინ, 14 ივნისს, დაიწყეს და თქვეს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე საკრებულოს შესაბამისი კომისია სადავო მიწების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. “არ ვიშლებით, ასეთი სიტყვიერი დაპირება ვინ იცის, რამდენჯერ მივიღეთ. ვიდრე წერილობით არ ჩაგვბარდება ოქმი, მჯდომარე აქცია გაგრძელდება” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ენვერ ირემაძემ. ის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც იყო მისული და მოითხოვა საკრებულოს კომისიის სხდომას სამინისტროს წარმომადგენელი დასწრებოდა: “კინწურაშვილის კომისიის სხდომა ისე დაიწყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – ნუგზარ ანანიძე მას არ ესწრებოდა. ჩავთვალეთ, რომ სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია მნიშვნელოვანია, მათ ეკუთვნით მიწა ჯერ-ჯერობით და არიდებდნენ თავს. სამინისტროში არავინ შემახვედრეს, მაგრამ ცოტა ხანში ნუგზარ ანანიძე კომისიის სხდომას შემოუერთდა” – ამბობს ენვერ ირემაძე.

გონიოს მიწებზე დასკვნა აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ 2014 წლის შემოდგომაზე დადო. დასკვნაში ეწერა, რომ საკითხი ხელახლა უნდა შეესწავლა ბათუმის საკრებულოს შესაბამის კომისიას, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის სამართალმემკვიდრეა ამ მიწებზე. ბათუმის საკრებულოს აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია სხვადასხვა მიზეზით. გონიოს სადავო მიწების გარკვევა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 4 წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს.

IMG_0003

IMG_0001

IMG_0004

 

 

მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მერიისგან – ტროტუარის უკანონო გადაკეტვისთვის

კომპანია „მარდი ჯგუფი“, რომელსაც სამშენებლო ღობით ტაბიძის ქუჩაზე ტროტუარი უკანონოდ აქვს გადაკეტილი, მერიას არ დაუჯარიმებია. „ამ კომპანიას რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ.

„რა ადასტურებს, რომ სიტყვიერი გაფრთხილება კომპანიისთვის მიცემულია?“ – ამ კითხვაზე ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გვიპასუხა – „სავარაუდოდ, არაფერი“. ირაკლი მოქიამ უპასუხოდ დატოვა სხვა კითხვებიც: რატომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, როცა უკვე მე-7 სართულის მშენებლობა სრულდება? დაჯარიმებულია თუ არა ქალაქში სხვა სამშენებლო კომპანიები, ვისაც ანალოგიურად ტროტუარები უკანონოდ აქვთ მითვისებული?

გარდა ტროტუარის გადაკეტვისა, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, „მარდი ჯგუფს“ მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩაბარდა მითითება სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევის კუთხით: „გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს ნორმები ისევ მოუწესრიგებელი იქნება, კომპანია დაჯარიმდება“.

ტროტუარების გადაკეტვის პრობლემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს დილით მოაწყვეს ბრიფინგი. ბათუმის მერიამ სწორედ ამ ბრიფინგის საპასუხოდ გაავრცელა ინფორმაცია სამშენებლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ.

ტროტუარი მთლიანად დარღვეულია და მანქანის სავალი ნაწილიც ჩამოშლილია კლდიაშვილის ქუჩაზე. ამისთვის კომპანია “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის წარმომადგენელმა “ბათუმელებს” 8 ივნისს უთხრა, რომ ტროტუარის აღდგენას არ აპირებს, რადგან მოთხოვნა ბათუმის მერიას მათ წინააღმდეგ სასამართლოში არ დაუსვამს.

 

 

აქციის მონაწილე: პოლიციამ გაგვაფრთხილა, დავიშალოთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება აქ მოსახლეობა,“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, მუხამედ ცინცაძემ.

აპირებს თუ არა პოლიცია აქციის დაშლას? – შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა გადაკეტილი არ არის და პოლიცია აქციის მონაწილეების დაშლას არ აპირებს: „ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილეა შეკრებილი, იქვეა პოლიციის მხოლოდ სამი თანამშრომელი და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს“.

საზღვრისპირა სოფლების 200-ზე მეტი ოჯახი, ჰესის მშენებლობის გამო, მათთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ  ფულად კომპენსაციას ითხოვს.

მშენებლობებისგან ჩაკეტილი ტროტუარები

„ქუჩები ტროტუარის გარეშეა დარჩენილი, მერია დარღვევებზე არ რეაგირებს,“ – განაცხადა ტაბიძის ქუჩაზე მოწყობილ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გელა დეკანაძემ. ის სხვადასხვა ქუჩაზე იმ მშენებლობებს აპროტესტებს, სადაც ნორმები დაცული არ არის, მშენებლობა ტროტუარებს თითქმის სრულად ფარავს და ამით ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა.

გელა დეკანაძის თქმით, განსაკუთრებულია ეს პრობლემა იქ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს მშენებლობა: „პრობლემაა აქაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს მოპირდაპირედ ასევე მიმდინარეობს მშენებლობა და ტროტუარი აღარ არსებობს. სააგენტოში, ასევე აქვე მდებარე სამედიცინო ჰოსპიტალში ბევრი სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დადის. მათ პირდაპირ ქუჩაში, მანქანის სავალ ნაწილზე უწევთ სიარული“.

არის თუ არა გაცემული ნებართვა ისე, რომ მშენებელ კომპანიებს ტროტუარის დაფარვის უფლება ჰქონდეთ, ან რა რეაგირებას ახდენს მერია დარღვევებზე ამ კუთხით? – ბათუმის მერიას კითხვებზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

 

qucha 1
ბაგრატიონის ქუჩა

რა უთხრა მღვდელმა სასამართლოს „გოგოს მოტაცების საქმეზე“

ქობულეთის მდებარე ტაძრის წინამძღვარმა, ბესიკ ლომინეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „გოგოს მოტაცების საქმეში“ ოთხი ახალგაზრდაა ბრალდებული. მათ თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 11 ნოემბერს ა.გ. ქობულეთიდან მოტყუებით გაიტაცეს ბრალდებულებმა, რომლებიც რამდენიმე საათში პოლიციამ ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

„ღირშესანიშნავი დღე იყო – ამ ფრაზით დაიწყო ჩვენების მიცემა დაცვის მხარის მოწმედ გამოცხადებულმა სასულიერო პირმა – ოზურგეთის მე-2 სკოლის საზეიმო დღე იყო და მე, როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებული, ვესწრებოდი ღონისძიებას. მერე, ტრაპეზის დროს დამირეკა თემურმა, ჩემმა ძმამ ცოლი მოვიყვანეო და მთხოვა მივსულიყავი მათთან…“

სასულიერო პირის, ბესიკ ლომინეიშვილის მტკიცებით, იგი  წყვილთან მივიდა იმისთვის, რომ მეორე დღისთვის ჯვრისწერა დაეგეგმა: „ოზურგეთში სადღესასწაულო განწყობა დამხვდა. პირველ რიგში, გოგონას ვკითხე, თქვენი ნებით ხომ გაყევით-მეთქი და, რა თქმა უნდა, რა შეკითხვებს მისმევთო. საუბარიც გავაბით, მისი გვარის [მოწმემ აქ გატაცებული გოგოს გვარი არასწორად დაასახელა და შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა] კურსელი მყავდა, მეც ვიცნობო მითხრა. დამპირდა, ხვალისთვის საერთო ნაცნობის ტელეფონის ნომერს გავიგებ და მოგცემთო. ვისაუბრეთ შვილებზეც. მითხრა, მეუღლის შვილებს საკუთარ შვილებად მივიღებო [გატაცებაში ბრალდებულს უკვე ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან]. დაახლოებით 15 წუთი გავჩერდი და წამოვედი იმ პირობით, რომ მეორე დილით, 12 საათზე მოვიდოდნენ ტაძარში ჯვრის დასაწერად“.

სასულიერო პირისთვის კითხვები არ დაუსვამს პროკურორ ადილარ წირღვავას, ადვოკატმა ლაშა რომანაძემ კი მასთან დააზუსტა – ხომ არ შენიშნა ოზურგეთში რამე ისეთი გარემოება, რაც გატაცებულ გოგოს თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას არ მისცემდა. მოწმემ თქვა, რომ ამგვარი არაფერი შეუნიშნავს.

სასამართლოს წინა სხდომაზე, გატაცებული გოგოს დამ აღწერა, რომ გატაცებულმა დამ მას მისწერა სმს ტელეფონზე და შველა სთხოვა. სასამართლოს ჩვენება მისცა გატაცებულის ყოფილმა საქმრომაც. მან დაადასტურა, რომ დაზარალებული გოგო გატაცებამდე მისი საცოლე იყო. სასამართლოს პოლიციელები მოუყვნენ, რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებულები და ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთ-ერთის მანქანიდან.

სასულიერო პირი  “გოგოს მოტაცების საქმეზე” ბოლო მოწმე იყო. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მომდევნო სხდომაზე მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგოს გატაცებაში ბრალდებულ ოთხ ახალგაზრდას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

საპროტესტო აქცია სოფელ მახალაკიძეებში

ჰესების წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შუახევში სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა მართავს. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც გვირაბის გაყვანა დაიწყეს, სახლებზე გაჩნდა ბზარები, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და მეწყრის ათამდე ახალი კერა გაჩნდა. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ამავე სოფელში 20 აპრილსაც გამართა, 22 აპრილს  კი – აჭარის მთავრობის შენობასთან, ბათუმში. მოთხოვნა უცვლელია – ისინი დეტალურ შესწავლას მოითხოვენ:  აზიანებს თუ არა სოფელს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მასშტაბური გვირაბების გაყვანა.

„კომისიას დეტალურად არ შეუსწავლია პრობლემა, მხოლოდ ზედაპირული დასკვნები დადეს,“ – ამბობს უფლებათადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს კომპენსაციას ჰპირდებიან, თუმცა არავის განუმარტავს, რამ გამოიწვია პრობლემა.

„21 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე. მათ თავად უნდა შეარჩიონ საცხოვრებელი სახლები და აჭარის მთავრობა თითოეულ მათგანს 25 ათას ლარს გადაუხდის. ამ დროისთვის ხარჯთაღრიცხვის პროცესი მიმდინარეობს,“ – თქვა „ბათუმელებთან“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ.

გამგებელი ადასტურებს, რომ დასკვნა გეოლოგებმა ძირითადად ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადეს და ამ გზით შეუძლებელია განისაზღვროს, რამ განაპირობა ზიანი – ჰესის მშენებლობამ, თუ ბუნებრივმა პროცესებმა. „რატომ უნდა გაიცეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი არ დადგენილა ზიანის წყარო?“ – ამ შეკითხვის შემდეგ შუახევის გამგებელმა გვითხრა, რომ კომისიის მუშაობა გეოლოგების დასკვნით არ დასრულებულა და ზიანის წყაროს სეისმოლოგები დაადგენენ, რომლებიც კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან: „თუკი დადგინდება, რომ ზიანი გვირაბის გაყვანამ განაპირობა, კომპანია თანახმაა აანაზღაუროს ზარალი. ჩანჩხალოს შემთხვევაში დამოუკიდებელმა ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ გვირაბის გაყვანის დროს ბიძგები მინიმალურია და ეს არ შეიძლება იყოს სახლებზე თუნდაც ბზარების გაჩენის მიზეზი. იგივე შეიძლება არ იყოს მახალაკიძეებში, ამას სეისმოლოგები იტყვიან. ჯერ კომისიას საბოლოო დასკვნა არ გამოუქვეყნებია“.

სპეციალურმა კომისიამ მახალაკიძეებში 90 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. შუახევის გამგებლის თქმით, 66 ოჯახი ასევე მიიღებს  კომპენსაციას იმიტომ, რომ მათ სახლებზე ბზარები გაჩნდა, ზოგიერთმა მათგანმა კი საცხოვრებელი უსაფრთო ადგილას უნდა გადაიტანოს.

შუახევში ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს.

მახალაკიძეებში საპროტეტსო აქცია 20 აპრილსაც გაიმართა, მაშინ აჭარის გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, ტარიელ ტუსკიამ „ბათუმელებს“ უთხრა: „კომისია ვერ დაადგენს, საიდან მიადგათ ადამიანებს ზიანი. კომისია დაათვალიერებს სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და დადებს ფაქტებს, შეაფასებს ზიანის ხარისხს. არ ვიცი, თუ გამგეობა აპირებს სპეციალური დანადგარების ატანას შუახევში და სპეციალური კვლევების ჩატარებას, ეს სხვა საქმეა. სხვაგვარად ვერ დადგინდება, საიდან დადგა ზიანი.“

„ბათუმელებმა“ ამჯერად გეოლოგიის სამსახურის უფროსთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

Jpeg
მახალაკიძეების მცხოვრებთა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან, 22 აპრილი, 2016. ია ფრანგიშვილის ფოტო
Exit mobile version