კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

17.06.2016 • 7490
რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება.

ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ.

ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი ოთარ შარაძე განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციის ხანგრძლივობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა.

პირველი კატეგორია დროებით შენობა-ნაგებობებს ითვალისწინებს და მათი საგარანტიო ექსპლუატაციის ვადა 20-წლამდეა.

მეორე კატეგორიაში შედის ხუთ სართულამდე შენობები, რომელთაც 20-40 წლამდე ექსპლუატაციის ვადა აქვთ.

მესამე კატეგორიაში კი ცხრასართულიანი და უფრო მაღალი კორპუსები შედის, რომელთაც საგარანტიო ექსპლუატაციის ვადა 100 ან მეტი წელია.

ოთარ შარაძის განმარტებით, შენობის მდგრადობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხს, სამშენებლო მასალას და მუშაობისას ამ სამშენებლო მასალის სწორად მოვლას.

ოთარ შარაძე იმასაც ამბობს, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადის გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი ავარიულია და აუცილებლად დაინგრევა.

გარდა გამაგრებითი სამუშაოებისა, მოძველებული კორპუსების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო პერიოდში შენობის მოვლის ფაქტორიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინების საექსპლუატაციო ვადები კიდევ უფრო მცირდება. იგულისხმება პერიოდული სარემონტო სამუშაოები – წყალი რომ არ ჩამოვიდეს, ბეტონი არ დასველდეს და ასე შემდეგ.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ვალდებული ქალაქში არსებული კორპუსები შეამოწმოს. მერია შესაბამის ზომებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს, რაც მოსახლეობა ან ამხანაგობა, თავისი ინიციატივით კორპუსის ავარიულობას სამხარაულის ან სხვა საექსპერტო ბიუროს შეამოწმებინებს და შესაბამის დასკვნასაც მიიღებს.

“ადგილობრივ თვითმმართველობას არა აქვს ამის შესაძლებლობა და არც შესწავლის ბერკეტი. ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ სახლი ავარიული და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”, – ამბობს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ირაკლი მოქია.

მისივე თქმით, საექსპერტო ბიუროს შესაძლოა მიმართოს მერიამაც, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობა თვალშისაცემია.

ექსპერტიზა პირველ დასკვნას ვიზუალური დათვალიერებით აკეთებს, რის შემდეგაც სავალდებულოა დამატებითი გამოკვლევები – შემდეგ გამაგრებითი პროექტის შედგენა, ან დემონტაჟი.

იმ შემთხვევაში თუ სახლზე არსებობს დასკვნა, რომ იგი ექსპლუატაციისთვის უვარგისია და მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის, ზედამხედველობის სამსახური შესთავაზებს მცხოვრებლებს გამოსახლებას. წინააღმდეგობის გაწევის ან უარის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური დადგენილებას გამოსცემს სახლის იძულებით დემონტაჟზე.

კითხვაზე, უზრუნველყოფს თუ არა მერია ალტერნატიული ფართობით გამოსახლებულ მობინადრეებს, ირაკლი მოქია პასუხობს, რომ გამოსახლება მერიის სამსახურებთან შეთანხმებით ხდება და “ტყუილად ქუჩაში არავინ დატოვებს ამ მოსახლეებს”.

მაგალითად, გასულ წელს ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟის დადგენილება გამოსცა ლერმონტოვის ქუჩის #101-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელიც გამაგრებას არ ექვემდებარებოდა. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ამ სახლში მცხოვრები ხუთი ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყვეს.

ამ ეტაპზე ბათუმში სამი ავარიული სტატუსის მქონე სახლია, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება. ირაკლი მოქიას განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი ფრიდონ ხალვაშის #300-ში მდებარეობს. არსებობს სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მეორე დასკვნა, რომლის მიხედვითაც კორპუსის გამაგრება შესაძლებელია.

“თვითონ მოსახლეობას არ უნდა სახლის დანგრევა, მეორე დასკვნა წარმოგვიდგინეს, რომ გამაგრება შესაძლებელია”, – ამბობს ირაკლი მოქია. სახლის გამაგრებაზე რამდენიმე დღეში უნდა გამოცხადდეს ტენდერი.

კიდევ ერთი სახლი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით გამაგრებას ექვემდებარება მაიაკოვსკის #55-ში მდებარეობს. აიპ “ბათუმის კორპუსის” დირექტორის ზურაბ ნაკაიძის თქმით, გამაგრებით სამუშაოებს აქ ჯერ არ იწყებენ, რადგან მოსახლეობასთან ვერ შეთანხმდნენ. “ეს ხუთსართულიანი სახლი ავარიულია, მაგრამ არის ასევე ექსპერტების დასკვნა იმაზე, რომ სახლის გამაგრება შესაძლებელია. შეიქმნა შესაბამისი პროექტიც, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია გამაგრებითი სამუშაოების, ახალი ბინები უნდათ. ჯერ კვლავ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მათთან”, – განმარტავს ზურაბ ნაკაიძე.

გამაგრებითი სამუშაოები უკვე უტარდება ლერმონტოვის ქუჩაზე #102-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსს. პროექტი აპრილის თვეში დაიწყო და ექვს თვეზეა გათვლილი. სახლის გამაგრება გულისხმობს ახალი საძირკველის მოწყობას, რაც მომავალში ამ სახლის ჯდომით პროცესებს გამორიცხავს.

ამ სამი სახლის გამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარამდეა გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ავარიულია 12-სართულიანი სახლების ცხაურები [ბეტონის ბოძები სადარბაზოს მხრიდან]. შარშან ასეთი ბოძები შვიდ სახლზე გამოცვალეს, წელს ოც სახლზე იცვლება [ათზე უკვე დასრულებულია], რისთვისაც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, ბათუმში მოძველებული სახლების პრობლემა ნამდვილად არის და ამ პრობლემის მოგვარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ე.წ. “ხრუშოვკებს”, არქიტექტორ გიორგი რამიშვილის თქმით, მსგავსი კორპუსები, ძირითადად, 60-იანი წლების დასაწყისში აშენდა.

“მდგრადობის ვადები განისაზღვრებოდა შენობების კლასების მიხედვით – იყო 50, 70 და 100 წელზე გათვლილი შენობები. პირველი ხრუშოვკები 60-იანი წლების დასაწყისში [ხრუშოვკაც მაგიტომ ჰქვია] აშენდა, ამ შენობების ექსპლუატაციის ვადა არ არის გასული, თუმცა მორალური ცვეთა აქვთ. გარდა ამისა, სადავოა მათი ესთეტიკური მხარე. დღევანდელი გაგებით ეს იყო სოციალური საცხოვრისი. მაშინ რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი შეასახლეს იზოლირებულ ბინებში. სახელმწიფო აშენებდა მათ და ძალიან დაბალი გადასახადით (დოკუმენტაციის შედგენის სერვისის საფასურით) გადასცემდა მოქალაქეებს”, – განმარტავს გია რამიშვილი.

შენობების საექსპლუატაციო ვადები ავტომატურად გულისხმობს, რომ სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით უნდა ტარდებოდეს და სამშენებლო მასალაც იყოს ხარისხიანი, რაც ოთარ შარაძის თქმით, საბჭოთა პერიოდში ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი.

„ადრე, ხშირად, ინერტულ მასალას [სილა და ხრეში] იღებდნენ არა ჭოროხიდან, არამედ ზღვის სანაპიროდან. მარილს ბოლომდე ვერ აცილებდნენ და ეს მარილშემცველი სილა-ხრეში ხვდებოდა გამზადებულ ბეტონში, რომელიც არმატურას ჟანგავს.

ბეტონში ეს არმატურა დროთა განმავლობაში იკეთებს ქერქს, იბერება და გაბერილი არმატურა ხეთქავს ბეტონს. ამიტომაც არის ხრუშოვკებში აივნებთან ჩამოსხმული “ბალკები” გახეთქილი”, – განმარტავს ის და დასძენს, რომ საჭიროა ასეთი სახლების რეკონსტრუქცია.

ცალკე პრობლემაა ბათუმში უნებართვოდ მიშენებული აივნები, რომელთა უმეტესობა ძველ კორპუსებზე გამაგრებას საჭიროებს. “ბათუმის კორპუსში” ამბობენ, რომ აივნების გამაგრებაზე მათთან რამდენიმე განაცხადია შესული, მაგრამ თანხების სიმცირის გამო, ჯერჯერობით, ყველას ვერ აკმაყოფილებენ.

2014 წელს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლის მე-9 სართულზე აივნის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარე დათვალიერებით ამ კორპუსის არც სხვა აივნებია უსაფრთხო, თუმცა ზურაბ ნაკაიძის თქმით, სახლის ბინადართაგან მათთვის არავის მიუმართავს. მისივე თქმით, აივნების არამდგრადობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში უკანონოდ – ყოველგვარი პროექტისა და კონსტრუქტორის დასკვნის გარეშეა მიშენებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: