კვირის ამბები

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

20.05.2014 • 2938
„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ


ზაურ ფატლაძე


– ბატონო ზაურ, რა საკითხები განიხილა კომისიამ?


– კომისიის პირველ შეკრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. ამ კომისიაში შედის აჭარის ყველა წყალმომარაგების კომპანიის, მუნიციპალიტეტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც. ერთადერთი საკითხი იყო, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც ჩამოვა აჭარაში. ეს ჯგუფი აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ ბათუმშიც, იმუშავებს და ერთი კვირის განმავლობაში კომისიას წარუდგენს მასალებს.

 

– მასალებში რა იგულისხმება?


– შეისწავლის რა მდგომარეობაშია დაბების, ქალაქების წყალმომარაგება, რა გაკეთდა, რა კეთდება, რა არის გასაკეთებელი, რა ვალდებულებებია (მოგეხსენებათ,  ბათუმის საკრებულოს აქვს ბევრი ვალდებულება, იგივე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) ყველა ეს საკითხები შეისწავლება, კიდევ ერთხელ დაზუსტდება პოზიციები მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების გადაცემასთან დაკავშირებით და წარედგინება კომისიას. მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი კობერიძე. იმ ჯგუფს დაავალებენ, ალბათ, რა ინფორმაცია შეაგროვოს კონკრეტულად და რა წარუდგინოს კომისიას.

 

– მუნიციპალიტეტების პოზიციები კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა?

 

– ვინაიდან დეტალები – რა უნდა გადაეცეს და როგორ, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, პოზიციებიც საბოლოოდ დაკონკრეტებული არ არის. ბათუმში მრავალმილიონიანი პროექტი ხორციელდება. ქობულეთშიც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრანტიც არის და ქობულეთის წილიც. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ქედაც მგონი წინააღმდეგია, მაგრამ ახლა იმის გამო, რომ გამგებლები გადადგნენ, აღარ მონაწილეობენ ამ შეხვედრებში.

 

– ქონების გადაცემაზე იყო საუბარი?

 

– ქონებაზე საუბარი ამჯერად არ ყოფილა. მაგრამ ამ საკითხზე იყო საუბარი ბათუმში, როდესაც აქ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ბრძანდებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან იყო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ჩვენს შეკითხვებთან დაკავშირებით მინისტრმა მითხრა, რომ ბათუმის წყლის ქონების გადაცემა არ იგეგმება.

 

– ბათუმში წყალკანალის სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვა როგორ გაგრძელდება?

 

– რეაბილიტაციის პროექტის მართვაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმში, შევეკითხე მინისტრს და როგორც მუშაობდით, ისე გააგრძელეთო. ჩვენ გვეგონა, რომ ამ პროექტის მართვასაც წაიღებდნენ, მაგრამ არ მიაქვთ.

 

– “ბათუმის წყალი” “მიაქვთ”?

 

– რაც შეეხება წყლის კომპანიას, თვითონაც (მინისტრი) იმყოფებოდა გერმანიაში, იცის პოზიცია გერმანიის ბანკის და უნდათ, რომ, როგორმე, რაღაც ამ ურთიერთობებიდან გაითვალისწინონ, მაგრამ ჩამოყალიბებული თავად არ არიან… მოკლედ, ასე მითხრა, „ვფიქრობ, რომ შევინარჩუნოთ ბათუმის წყლის კომპანია, ოღონდ გაერთიანებული წყლის კომპანიის ქოლგის ქვეშ“. ეს არის ზუსტად მისი სიტყვები…

 

– ხომ არ დაუკონკრეტებია, ეს გაერთიანება რისთვის ხდება? ჩვენი ინფორმაციით აპირებენ ახალი სესხის აღებას (სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარის) ან საერთოდ,  გაყიდვას შემდეგ გაერთიანებული კომპანიის…

 

– როგორც მინისტრმა მითხრა, ეს ხდება იმიტომ, რომ ამუშავებენ სტრატეგიას _ საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში (ოღონდ სოფლების გარდა), 2018 წლის ბოლომდე ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდეგ ეს რეაბილიტირებული სისტემები კვლავ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ამ სამუშაოებისთვის კი, მგონი, აზიის განვითარების ბანკისგან ელოდებიან სესხს.

 

– ქვეყნის მთავრობა საუბრობს მხოლოდ ქალაქებსა და დაბებზე, მაშინ როცა იგივე გერმანიის ბანკი (KFW) აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას აპირებდა…

 

– სოფლებთან დაკავშირებით აჭარაში გერმანიის ბანკი მართლაც გვეხმარებოდა.  უნდა განხორციელებულიყო ამ კუთხით პროექტი აჭარაში. თუმცა ესეც არ არის ჯერჯერობით მოხსნილი დღის წესრიგიდან. ბანკიც გაურკვევლობაშია და  ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

– ჩვენი ინფორმაციით, გერმანული ბანკი წყალმომარაგების კომპანიების გაერთიანების წინააღმდეგია, თუმცა ჩვენთან ოფიციალურად ეს არ დაუფიქსირებია. თქვენთვის ხომ არ არის მათი პოზიცია ცნობილი?

 

– გაერთიანების მომხრე რომ არ არის ბანკი, მაგიტომ იყო ჩამოსული ბათუმში მინისტრიც. ახლა მკაფიოდ ბანკიც ვერ აფიქსირებს პოზიციას, იმიტომ, რომ უნდა   შეინარჩუნოს ეს ყველაფერი. დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაიხარჯა აქ, ბათუმში,   მხოლოდ საკონსულტაციო ჯგუფისთვის. რამდენი წელია მენეჯმენტი მუშაობს და ეს, რაც არის წარმატებული წყლის კომპანიაში, მათი დაფინანსებით არის გაკეთებული. ამიტომ, ფიქრობენ და უნდათ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული, რადგან ისინი ყველა თავის ანგარიშებში მოიხსენიებენ ბათუმის პროექტს როგორც ყველაზე წარმატებულს და არ უნდათ, რომ ეს გაითქვიფოს სადღაც.

 

– საბოლოოდ საკრებულოებმა უნდა გადაწყვიტოს გაერთიანების საკითხი?

 

– რა თქმა უნდა. დამფუძნებელი არის საკრებულო, ქონება საკრებულოსია და თუ გადასაცემია ქონება, ჩვენ შემთხვევაში, ბათუმის საკრებულო უნდა დათანხმდეს.

 

– როგორც საკრებულოს წევრი, მხარს დაუჭერთ ამ გაერთიანებას?

 

– ზემოთ აღვნიშნე, რომ ქონება საკრებულოსია და საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების გადაცემა-არგადაცემაზე, მაგრამ მართვის უფლება სხვა რამეა და ეს დღეს ჩვენი ექსკლუზიური უფლება არ არის. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განკარგულება ამ მართვის დარეგულირებას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: