სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე

სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ.

„სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის იმ სპოტსმენებს შორისაა, რომელიც 2016 წლის 26 მაისს კორცხელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მოიხსენია „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერად [თუმცა, კორცხელში სპორტსმენები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად]. ამ განცხადებიდან ხუთი თვის შემდეგ ილია მარტყოფლიშვილმა სხვა სპორტსმენებთან ერთად კორცხელის ინციდენტში მონაწილეობა უარყო და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ასევე ინციდენტიდან ხუთ თვეში „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა.

ილია მარტყოფლიშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ მაშინ ცრუ ბრალდების მსხვერპლი გახდა. „ამიტომაც გადავწყვიტე შემექმნა კანონიერი მანდატი ამისთვის, რომ ამა თუ იმ ბრალდების მსხვერპლი აღარ გავმხდარიყავი.  იურისტი ვარ და აკადემიური პოლიტიკური პროცედურების მსოფლმხედველობის საკითხები მაინტერესებს. აქედან გამომდინარე შევქმენი სპორტსმენთა ასოციაცია. ასეთი ორგანიზაცია თუ არ გაქვს, ცესკოში ვერ დარეგისტრირდები. ყველა ადამიანს აქვს ცნობისმოყვარეობა. მე პატრიოტი ვარ“, – განმარტავს ილია მარტყოფლიშვილი. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, სპორტსმენებმა კორცხელის ინციდენტამდე ერთი წლით ადრე, 2014 წლის მაისში დააფუძნეს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პირველია, რომელსაც ისინი დააკვირდებიან.

კითხვაზე, რატომ დაინტერესდით სპორტსმენები საარჩევნო პროცედურით? – ძალოსანი მარტყოფიშვილი პასუხობს:  „არაკონსტიტუციურს ხომ არაფერს ვაკეთებთ? აბა, ეგ რა შეკითხვაა? ყველას გვაქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ ამა თუ იმ სამოღვაწეო სფეროს მივუდგეთ. პრობლემები რომ ხდება ცხოვრებაში, დავინტერესდით ამ მოღვაწეობის სისუფთავის დასაკვირვებლად შეგვექმნა ასეთი კავშირი, რომ მიგვეღო კონსტიტუციური მანდატი, რომ ჩვენ სპორტსმენებს ჩვენი ადგილი გვქონოდა ცხოვრებაში, არ ვყოფილიყავით უმანდატოები;

აკადემიურად მოაზროვნეები რომ ვართ და არ დამსგავსებოდა ჩვენი ჩარევა იმ მომენტს მაშინ, რაც მოხდა [კორცხელში], ამიტომ გადავწყვიტეთ [ორგანიზაციის გაკეთება]. ამას ლოგიკა ხომ აქვს…“

მარტყოფლიშვილის თქმით, მისი ორგანიზაციის წევრები არ არიან კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები.

მარტყოფლიშვილი ზუსტად არ ასახელებს, თუ რომელ საარჩევნო ოლქებში გეგმავს ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას. „როგორც მოგვეხერხება“, – ასეთია მისი პასუხი.

„გაერთიანებული საზოგადოება“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა გეგეშიძეა. ის მედიაკავშირ „ობიექტივზე“ გადაცემა “გაერთიანებული საზოგადოების საათის“ წამყვანია. „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კი პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილია.

გადაცემა „გაერთიანებული საზოგადოების საათი“ ობიექტივის ეთერში პირველად გასული წლის დეკემბერში გავიდა. პირველივე გადაცემაში წამყვანმა ანა დარსალიამ, რომელიც ასევე ორგანიზაცია „გაერთიანებული საზოგადოების“ ხელმძღვანელია, თქვა, რომ მისი ორგანიზაცია არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ორგანიზაცია 2015 წელსაა დარეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდება „ქალთა პოლიტიკური რესურსის ცენტრიც“. ცენტრის ხელმძღვანელია ლია ნადარაია. 2014 წლის ივნისში ლია ნადარაია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს ნიუ-იორკში. რეესტრის მონაცემებით, ამ ორგანიზაციის მმართველობის წევრია ასევე მანანა ხაჩიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის უფროსი.

დამკვირვებლად დარეგისტრირდა ასევე „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება – ლაზარე“. 2016 წლის სექტემბრამდე ამ ორგანიზაციას ჯონი კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, ის ახლა პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარდგინებით თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძვის. რეესტრის მონაცემებით, ის ორგანიზაციაში იაგო ბიგვავამ ჩაანაცვლა. თუმცა, ცესკოს მონაცმებით, ჯონი კვარაცხელია ისევ ორგანიზაციის დირექტორია. ამავე მონაცემებით, ორგანიზაციას არჩევნებზე 723 დამკვირვებელი ეყოლება.

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] დამკვირვებლად სამი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, მათ შორის ერთს რეგისტრაცია გაუუქმდა. აჭარაში ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკვირვების უფლება ექნებათ ორგანიზაციებს: „მშვიდობა, თანადგომა და სოლიდარობა“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრს“რეგისტრაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელების, მერაბ ღოღობერიძის მიმართვის საფუძველზე გაუუქმდა. მერაბ ღოღობერიძე არჩევნებს ინდივიდუალურად დააკვირდება. ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ გამართული არაერთი აგრესიული აქციის ორგანიზატორი იყო.

ორგანიზაციას „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ ლაშა ადამია ხელმძღვანელობს. ბათუმში მას იცნობენ, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს. ამ ინფორმაციას თავად უარყოფს. „არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეგობრები მყავს მხოლოდ. მასე მეგობრები სხვა პარტიებშიც მყავს“, – ამბობს ლაშა ადამია.

საერთო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს 90 ადგილობრივი და ორმოცდაათი საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის არიან საია, „სამართლიანი არჩევნები“ და „გამჭვირვალობა საქართველო“, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის არიან საელჩოები.


ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

საარჩევნო პლაკატი აკრძალულ ობიექტზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის 48 ნომერში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლზე, ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატია გაკრული.  შენობა არ შედის მუნიციპალიტეტის მიერ მიერ განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში, სადაც დასაშვებია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.  საკრებულოების მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ქალაქის ისტორიულ უბნებში.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის განცხადებით, ზედამზეხველობის  სამსახურიდან სამუშაო ჯგუფი გასულია ქალაქში და შედეგები, თუ რამდენი პარტია ან  საარჩევნო სუბიექტი დაჯარიმდება კანონის დარღვევის  გამო, რამდენიმე  საათში გახდება ცნობილი.

„კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას. ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. ჩვენი ჯგუფი გასულია   ქალაქში, ნაშუადღევს დაბრუნდება და გვეცოდინება, კანონდარღვევის რამდენი შემთხვევა იქნება გამოვლენილი. დაჯარიმდენა პარტია ან  კანდიდატი“-ამბობს ზაალ მამუჭაძე.

დადგენილი ნორმის მიხედვით, საარჩევნო პლაკატები სპეციალურად გამოყოფილ ადგილბზე უნდა გამოიკრას.  სპეციალური სტენდები ქალაქში რამდენიმე ადგილზეა განთავსებული.

ნინო ბურჯანაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატი, ბათუმის ისტორიულ უბანში.
ნინო ბურჯანაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატი, ბათუმის ისტორიულ უბანში.

 

 

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო.

„პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური ნიშის დაკავებას აქციებიდან, საკუთარი სატელევიზიო სტუდია „ობიექტივიდან“ თუ წინასაარჩევნოდ გამოცემული გაზეთიდან თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე საუბრით ცდილობს. „პირდაპირ, ღიად ვამბობ, რომ თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს,“ – აცხადებს ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი. მისი ინფორმაცით, აჭარაში დაახლოებით 40 ათასი თურქი ცხოვრობს:

„2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ რეფერენდუმს და აჭარა გამოეყოფა საქართველოს, გადავა თურქეთის ხელში“, – ვკითხულობთ პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცემულ გაზეთში.

„ბათუმელებმა“ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა 2005 წლიდან დღემდე, მთლიანობაში,  თურქეთის 5 802 მოქალაქეს მიენიჭა. მათგან ორმაგი მოქალაქეობის მქონეა [საქართველო – თურქეთი] 2196 პირი, რომელთაგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია – 1252.

IMG_9649
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

რა მონაცემზე დაყრდნობით აცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“, რომ საქართველოში 40  ათას ეთნიკურად თურქს აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა? – დავით თარხან-მოურავმა „ბათუმელებთან“ საუბარზე უარი თქვა. ალიანსის კიდევ ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ პარტიამ საკუთარი ძალებით ჩაატარა მოკვლევა და ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა: „ჩვენს გაზეთში რაც წერია, სხვა თემაა. არ ვიცი და ჩემი მონაცემებით, ეს მონაცემი 20 ათასს აჭარბებს. ჩვენი წყაროები გვყავს და ჩავატარეთ აღრიცხვა. არ გვაქვს უფლება? მგონი, ვალდებული არ ვარ, საქმიანობის დეტალებზე თქვენ გესაუბროთ… სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად იძლევიან ოფიციალურ პასუხს, მაგრამ ეს პასუხები რეალობას აცდენილია.“

კითხვაზე, როგორ შეიძლება ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი აჭარის საქართველოდან გამოყოფაზე, როცა ამ ტიპის საკითხის რეფერენდუმზე გატანას ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს? – ირმა ინაშვილი გვპასუხობს: „თუ იმდენი თურქი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, რომ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, რეფერენდუმს ჩაატარებენ კი არა, ხელისუფლებასაც შეცვლიან აჭარაში… თქვენ მასე ხედავთ კანონს, მე სხვაგვარად ვხედავ. თქვენ იმასაც ვერ აანალიზებთ, რომ თურქების რაოდენობა 5 ათასზე მეტია. გეუბნებით, რომ შექმნიან პოლიტიკურ პარტიას, მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და გეყოლებათ თურქი მერი.“

„ყარსის ხელშეკრულება ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას არ ითვალისწინებს,“ – გვითხრა ნინო ტავლალაშვილმა. ის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და საიას ყოფილი ხელმძღვანელი: „გარდა ამისა, 1992 წელს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ტერიტორიული საზღვრების გადაუსინჯველობის საკითხი. მით უმეტეს, გამორიცხულია რეფერენდუმის ჩატარება თემაზე, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ… ალიანსის განცხადებები არის თურქოფობიური, მაგრამ ჩვენი საზოგადოება გონიერია და ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს არ მიიღებს.“

„პოლიტიკური უმწიფრობაა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა, რომელთანაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არის ოკუპანტი. ოკუპანტი არის რუსეთი,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ მიდგომით ალიანსი პოლიტიკური ნიშის დაკავებას ვერ შეძლებს და იგი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს: „მეზობელ ქვეყნებს ისტორიაში სასაზღვრო ტერიტორიებზე მუდმივად ჰქონდათ პრობლემები. რამდენგზის ოკუპანტია საფრანგეთი გერმანიის და პირიქით? რამდენგზის ოკუპანტია ნებისმიერი მეზობელი ნებისმიერ მეზობელთან? ამიტომ ესა თუ ის საუკუნე არ არის საფუძველი იმისა, რომ ოკუპანტი დაარქვა მეზობელ ქვეყანას. ამასთან, ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯებია. არ შეიძლება 80-მილიონიანი სტრატეგიული პარტნიორისგან მტრის ხატის შექმნა. არ ვიცი, გააზრებული აქვთ თუ არა, მაგრამ ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, მეტი არაფერი. ვფიქრობ, ამომრჩეველი არ მიიღებს ამ გზავნილს, რადგან ის გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე თარხან-მოურავი.“

კობა ჩხეიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ფრთხილად უნდა მოეკიდონ ამ ტიპის განცხადებებს: „შესაძლოა მათმა ავტორიტეტმა საკუთარ ამომრჩეველში გამოიწვიოს ანტაგონისტური განცდების გაძლიერება, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას დააზიანებს. საფრთხის შეგრძნება არის მაშინ, როცა ვერ ხედავ სხვას. ბოლო წლების განმავლობაში მინელებულია ეს პრობლემა, რადგან გამოჩნდნენ იგივე სხვა ეროვნების ტურისტები. განცდა, რომ თურქები დიდი დოზით არიან წარმოდგენილი, აღარ არსებობს.“

„უპასუხო კითხვები კარგს არაფერს მოგვიტანს,“ – ამბობს რომან კაკულია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მერვე ნომერი. მას ვკითხეთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბათუმში თურქული სკოლის გახსნის კანონიერებასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები არ გააკეთა და ამით ხელი შეუწყო ანტითურქული პათოსის გაძლიერებას. დეპუტატობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს: „არ ვფიქრობ, რომ ალიანსის ეს გზავნილები შესაძლოა მასობრივად გაიზიაროს საზოგადოებამ. საფრთხე არის მაშინ, როცა პოლიტიკურ ძალას ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, ვისაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური სურათის შეცვლა. ჩვენთვის თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით“.

„საუბარი იმაზე, რომ თურქეთი არის დამპყრობელი, ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების უცოდინრობას და დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ვერგაგებას,“ – ამბობს „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე. ის მიიჩნევს, რომ თურქეთი საკმაოდ სერიოზულად უყურებს საქართველოს როლს რეგიონში და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის, ნატოს ფორმატში:

„ეს არის ძალიან სახიფათო თამაში გარკვეულ შიშებზე და ყველაზე ბნელ ინსტიქტებზე… როდესაც ისტორიის რაღაც ეტაპზე მიწები მოყვა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, იყო სრულიად განსხვავებული საერთაშორისო სისტემა. დღეს სულ სხვა საერთაშორისო წესრიგია. ასე რომ მივყვეთ, არასდროს დასრულდება ქვეყნებს შორის ომი და კამათი. ასე, მაგალითად, ირანმაც შეიძლება თქვას, რომ ოდესღაც საქართველო მისი ტერიტორია იყო. ამოსავალი თანამედროვე თურქეთია, რომელიც არის სრულიად სხვა სახელმწიფო და დღეს მისთვის ამ პრეტენზიის წაყენება არასწორია. დღეს აღიარებულია საზღვრები საქართველოსა და თურქეთს შორის და ეს აღიარებულია გაეროს მიერაც. რუსეთი იმიტომაც არის ოკუპანტი, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ოკუპანტია.

მე ვინატრებდი, რომ ჩვენ გარშემო ვინც არიან სამეზობლოში, ისეთი პარტნიორები გვყავდეს, როგორიც თურქეთია. სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს და ზეგავლენა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებაზე“.

როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა თურქეთთან, თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება? – „ჩვეულებრივად“ – გვიპასუხა ირმა ინაშვილმა. „რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი განცხადებები არის თურქოფობიური?… საქართველოში ნებისმიერი ტიპის განცხადება, რომელიც არ მოსწონთ, აღიქმება რაღაც ფობიად. ეს ავადმყოფობად იქცა და კომპლექსად. მე პირდაპირ ვუთხარი თურქეთის ელჩს, თუ ხარ ჩვენი მეგობარი, ნუ განახორციელებთ ფარულ და ღია ექსპანსიას-მეთქი. როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, თურქეთის ხელისუფლებას მოვთხოვთ ამ პროცესების შეჩერებას. მაინცადამაინც ომი კი არ უნდა გამოუცხადო სახელმწიფოს…“

ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს გავლენა თურქეთის ეკონომიკაზე არის ძალიან დაბალი, საქართველოსთვის კი თურქეთი მნიშვნელოვანია ეკონომიკის თვალსაზრისით. მისთვის გაუგებარია, რა სახის ექსპანსიაზე საუბრობს „პატრიოტთა ალიანსი“: „თურქეთმა საერთოდ რომ არ ივაჭროს საქართველოსთან, მის ეკონომიკას ამით დიდად არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუკი თურქეთი დაინახავს, რომ ასე მტრულად უყურებს მას მეზობელი. თუკი ეუბნები სახელმწიფოს, რომ შენ ხარ აგრესორი, შენ ხარ ჩემი მიწების წამრთმევი და გაქვს ფარული ანექსიის მიზნები, მაშინ შესაძლებელია, რომ მოითხოვოს ურთიერთობების შეჩერება. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის აბსოლუტურად არარეალური პოლიტიკა“.

საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტითურქული გზავნილების მიღებას არ გამორიცხავს ლევან ცუცქირიძეც. ის ამის მიზეზად საზოგადოებაში ინფორმაციის დაბალ დონეს ასახელებს: „ძალიან იშვიათია ნახო მედიაპროდუქტი და გაიგო, რა ხდება მეზობელ თურქეთში. თურქეთში მიმდინარე პროცესები დღემდე ვერ გახდა ქართული მედიის თემა… როცა ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, მათ გაუადვილდებათ ერთმანეთისგან გაარჩიონ – რა არის პოლიტიკა და რა, უბრალოდ, შიშები, რომელიც ხშირად ჩნდება ადამიანების ცხოვრებაში“.


 

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

წიგნის ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

3-5 ოქტომბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით, წიგნის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები დიდი ფასდაკლებით და დაესწრონ ქართველ ავტორებთან შეხვედრებს.

ფესტივალის ფარგლებში 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაგეგმილია დათო ტურაშვილთან შეხვედრა. 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე კი მკითხველი ლაშა ბუღაძეს შეხვდება.

ფესტივალის ფარგლებში კომპანია “ექსლიბრისის” მოაწყობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას დიდი ფასდაკლებით.

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიცნობ ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა ჩიხს, მთას და სოფელს

პროფესიით ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი და ხულოს საკრებულოს ყოფილი წევრი, რაულ პაქსაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად რესპუბლიკურმა პარტიამ დაასახელა.

 

ბატონო რაულ, რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?

2004 წლიდან ჩართული ვარ პოლიტიკაში. 2005 წლიდან 2011 წლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში. 2006-2010 წლებში ხულოს საკრებულოს წევრი ვიყავი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქრთული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი ხულოში.

რა არის თქვენი გზავნილი ამომრჩეველთან, რატომ უნდა აგირჩიონ?

იმიტომ უნდა ამირჩიონ, რომ პრინციპების მატარებელი ვარ და ხშირად არ ვიცლი პოლიტიკურ პოზიციას, პარტიას. მაქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება, კარგად ვიცნობ ხულოს მუნიციპალიტეტს, ყველა ჩიხი, მთა და სოფელი ვიცი. პროფესიიდან გამომდინარე მოსახლეობასთან ყოველთვის კავშირი მქონდა და მათ გვერდით ვედექი. ბოლო ორი თვის განმავლობაში კარგად გავიცანი შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. ვფიქრობ, აქტიური მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები.

ვერც ერთი ყოფილი მაჟორიტარი, მათ შორის ვერც ბოლო ორი მოწვევის, რომელიც ახლაც ცდილობს ხელისუფლებაში შეძვრომას, ვერ დაიკვეხნის, რომ რაიმე აქტივობა ჰქონოდა საქართველოს პარლამენტში.

ჩემი არჩევანია, ვიყო ჩემი მოსახლეობის გვერდით, გავიზიარო მათი, როგორც ზოგადი, ასე პირადი პრობლემები.

რატომ გინდათ პარლამენტარობა?

მე პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის მქონდა. თუ 8 ოქტომბერს ხულოს, ქედისა და შუახევის ამომრჩეველი არჩევანს ჩემზე გააკეთებს, თუ ისინი მენდობიან და გადაწყვეტენ, რომ მე ვიყო საქართველოს პარლამენტში მათი ხმა, მე მათ არჩევანს დავაფასებ და მათ იდეებს გავყვები.

ვიმუშავებ რესპუბლიკურ ფრაქციაში, ძირითადი მიმართულებები, რაც პარტიას აქვს, იქნება ჩემთან თანხვედრაში, მაგალითად, საგარეო მიმართულება, ევროპა და ევრო ატლანტიკური სივრცე… ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და, შესაბამისად, ბევრი კანონპროექტის ინიციატორი ვიქნები. მთის კანონი რომ გვაქვს კარგია, მაგრამ მე ვამბობ, რომ უნდა მივიღოთ მთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

რა საკითხებზე იმუშავებთ პარლამენტში?

კონკრეტული პარტიები ამბობენ, რომ ყველა სოფელს გზა და ყველა სოფელს წყალი. მე ვამბობ, ყველა ოჯახს გზა და ყველა ოჯახს წყალი. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის 20-იანი წლების მიჯნაზე ისევ გზაზე, წყალსა და სოციალურ დახმარების დანიშვნასა თუ მოხსნაზე გვაქვს საუბარი და ამის გარეშე სხვა პრობლემას ვერ ხედავენ პარტიები.

მე ვიმუშავებ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე.

„რესპუბლიკელების“ პროექტია რეალური თვითმმართველობები შევქმნათ. ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით და გამგებელი თუ მერი არჩევით ინიშნება კარგია, მაგრამ არ გაგრძელდა თვითმმართველობის რეფორმა. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმას, ჩემი პირადი ინიციატივა იქნება ყველა თემს ჰქონდეს თვისი ადმინისტრაციული შენობა, ჰყავდეს მისი გამგეობა და ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი.

ჩემ მიერ პირველი ინიცირებული პროექტი იქნება გზა ყველა ოჯახს , წყალი ყველა ოჯახს წყალი.

რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეცნობი, ყველა პრობლემა ბიუროზე იქნება განხილული, დამუშავებული კანონის დონეზე და მოთხოვნილი, რომ გათვალისწინებული იქნეს მომდევნო ბიუჯეტში.

ჩვენ რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე შევქმნით დარგობრივ ფონდებს, რაც მიზანმიმართული იქნება დასაქმების პროექტების შემუშავებისკენ.  ჩვენ უნდა მივცეთ შეჭირვებულ ადამიანებს, გზა ბიზნესიდეები განახორციელონ.

საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრით, მოსახლეობის მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ სფეროს განვითარება აჭარის მთაში?

როგორც ზემოთ ვახსენე, საჭიროა ფონდების შექმნა რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. სანამ ჩვენი ფერმერი მყარად ვერ მოიკიდებს ფეხს, მას ფონდი უნდა დაეხმაროს, როგორც დაბალპროცენტიანი, ასევე ნულპროცენტიანი სესხით განახორციელოს საკუთარი ბიზნესიდეა. ამ ფონდებით გაშენდეს სხვადასხვა კულტურა. ის, ვინც მცირემიწიანია და ვერ შეძლებს კარტოფილი გამოიყვანოს, შესაძლებლობა ჰქონდეს მომგებიანი კულტურა გააშენოს, მაგალითად, ჟოლო, რომელიც არის როგორც მოთხოვნადი, ასევე მომგებიანია.

როფესიით ექიმი ხართ. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება ხომ არ არის გასატარებელი?

პრობლემაა მთაში ექიმის დამაგრება, ჩემ მიერ იქნება ინიცირებული შემუშავდეს შესაბამისი პროექტი, რომ იყოს უფასო რეზიდენტურის პროგრამა, ანუ ჩვენ სამედიცინო კურსდამთავრებულებს შევთავაზებთ უფასო რეზიდენტურის პროგრამას როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. მაგრამ მას ხელშეკრულებაში ექნება ჩადებული მინიმუმ 5-წლიანი მუშაობა მთაში, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ეს მკაფიო გზავნილია ჩვენი კურსდამთავრებული ექიმებისთვის და ეს იქნება მათთვის პრობლემის მოგვარება, შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. სწავლის დასრულების შემდგომ კი დაბრუნდებიან თავიანთ მუნიციპალიტეტებში და ამით შემსუბუქდება მთაში ექიმების დამაგრების პრობლემა.

მოქმედი ხელისუფლება მთავარ მონაპოვრად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებას ასახელებს. თქვენი აზრით, რამდენად გამართულია ეს სისტემა, პასუხობს გამოწვევებს?

პროგრამა კარგია, მაგრამ დადგა დრო მის გადახედვასა და დახვეწაზე ვიფიქროთ. საყოველთაო ჯანდაცვა არ უნდა გაუქმდეს, უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის პარალელურად ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიზნობრივი დაზღვევაც უნდა შემოვიდეს. რას ნიშნავს ეს – დასაქმებული ადამიანები კერძო კომპანიებისგან უნდა იყვნენ დაზღვეულები, მათ თვითონ უნდა უზრუნველყონ საკუთარი თავის დაზღვევა. კანონში ჩასაწერი იქნება, რომ დამსაქმებელს ვალდებულება ჰქონდეს დასაქმებულის დაზღვევაში ფინანსური მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება სამსახურს დაკარგავს, არ უნდა ჰქონდეს ბარიერები აღიდგინოს საყოველთაო დაზღვევა და მისი აღდგენა ავტომატურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

ხულოსა და შუახევის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა აქცია გვირაბის მშენებლობის შესაჩერებლად. ჰესის მშენებლობა დაგეგმილია ქედაში. რას გააკეთებთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

ნებისმიერი დიდი პროექტი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება და დადასტურებულია, რომ მოახლეობას არ ვნებს, მე მისი შეჩერების წინააღმდეგი ვერ გამოვალ. ვფიქრობ, ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენი მოსახლეობისთვის ცუდი არ იქნება, რადგან ინფრასტრუქტურულ სეგმენტს მოაგვარებს და სახელმწიფოსაც ექნება სარგებელი. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი ითვალისწინებს მის სამაჟორიტარო ოქლში არსებულ პრობლემებში რაღაც კუთხით ინფორმირებას და ამ საკითხებში ჩართულობას, მაგრამ ეს საკითხები უფრო მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა იყოს აყვანილი, ისინი უნდა იყვნენ ამ საკითხებში ჩართული.

თქვენ ხულოს საკრებულოს ყოფილი წევრი ხართ. რა ინიციატივები გქონდათ და რა მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარეთ ხულოს მოსახლეობას?

ყველამ იცის მაშინ როგორც იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა, ბიუჯეტის ცვლილებისას ცხარე კამათი მქონდა, მაგრამ რომ გითხრათ ჩემს პროექტს ვინმე მხარს უჭერდა-მეთქი, არ მახსენდება. მე უმცირესობაში ვიყავი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს, როდესაც მუნიციპალიტეტს აუთვისებელი რჩებოდა 120 000 – 130 000 ლარი და მე ამ თანხის დაბრუნების ნაცვლად გამოყენებას ვითხოვდი, მხარს არავინ მიჭერდა. ზუსტ წელს ვერ ვიხსენებ ეს როდის იყო, მუნიციპალიტეტმა 120 000 ლარი ვერ აითვისა, ბიუჯეტს უბრუნებდა. მე მოვითხოვე ეს თანხა საავადმყოფოს გადასახურად გამოგვეყენებინა, სადაც წვიმის წყალი ჩადიოდა, მაგრამ ჩემი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. საკრებულოს სხდომები ხულოში მაშინ ტარდებოდა, როდესაც ბათუმში, ხელვაჩაურში… ჩაატარებდნენ. სხდომის მოგვიანებით ჩატარების მიზეზი ის იყო, რომ საკრებულოების მიერ მიღებული პროექტები ამათ გადმოეწერათ და ისე გაეკეთებინათ, როგორც სხვა მუნიციპალიტეტში იყო. ასე მაგალითად, ერთმა მუნიციპალიტეტმა რომ ხის მოსაცდელი გააკეთა, მათაც ეს პროექტი გადმოიტანეს, 7 000 ლარით ხის მოსაცდელებს აკეთებდნენ, მაშინ როცა ჩვენი გათვლით 3 000 ლარი სჭირდებოდა. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ ამ თანხით კაპიტალური შენობის მოწყობა  იყო შესაძლებელი  და რომ ის ზამთარს გაუძლებდა. არ მოგვისმინეს და ორი წელიწადში მათ მიერ აშენებული ყველა ხის მოსაცდელი დაიშალა.

ამბობთ, რომ იდეები იმის გამო ვერ განახორციელეთ, რომ უმცირესობაში იყავით. თუ პარლამენტში ისევ უმცირესობით შეხვალთ, თქვენი ინიციატივები ისევ ხომ დაიბლოკება?

თუ კანონპროექტი ჯანსაღ იქნება და საჯარო განხილვებზე მოწონებული, ასევე იურიდიულად გამართული,  მაშინ რა დარჩებათ ოპონენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ კანონპროექტი არ ვარგა? ადრე ცენტრალურ დონეზე იმის დამტკიცება, რომ რაღაც ვარგოდა, თითქმის შეუძლებელი იყო. მსგავსი მიდგომა ჯანსაღ პარლამენტში ვერ იქნება.

ჩემი ინიცირებული საკითხები ძირითადად მთაზე იქნება ორიენტირებული და ეს არ იქნება კონკრეტულად მხოლოდ ხულოზე მორგებული. ეს იქნება, ზოგადად, მთაზე მორგებული და ძალიან ბევრ მაჟორიტართან, ექსპერტთან თუ პარლამენტართან იქნება განხილული თუ ნამუშევარი.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი:

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

 

ავტორი: როინ გუნდაძე

პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი:

„ერთი მხვრივ, მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. მაგრამ ასევე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში არიან ადამიანები, რომლებიც თავის პრინციპულ პოზიციას თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით დააფიქსირებენ.“

პირველ ოქტომბერს ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სცემეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდებს საარჩევნო ფლაერების დარიგებისას მიაყენეს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ნაცემია რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მძიმედაა დაშავებული და ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფება. პარტიაში ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამმა აქტივისტებმა მიაყენეს, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისტების პროვოცირებას ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგვიცხადეს, რომ პოლიცია აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძებს, რაც ცემას გულისხმობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმა ფიცი დადეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 2 ოქტომბერს, განმწესებული მოსამართლეების – ირინა იმერლიშვილის,ს ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. მოსამართლეებმა ფიცი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე დადეს.

ირინა იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე, 2000- 2003 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციას. 2012 – 2013 წლებში იყოს საქართველოს მე-8  მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. ასევე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

გიორგი კვერენჩხილაძე, იკავებდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას, 2004-2007 წლებში ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსია. ასევე არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.

თეიმურაზ ტუღუში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განმწესებამდე, 2006 წლიდან მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლიდან იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 10 სექტემბერს დანიშნა, თეიმურაზ ტუღუში კი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 სექტემბერს აირჩია.

„დღეს ჩვენ სამმა მოსამართლემ დავდეთ ფიცი. შემდეგ შემოგვემატება ერთი მოსამართლე, რომელიც უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. პირველ ოქტომბერს ამოქმედდა ახალი პროცედურები თავმჯომარის არჩევის შესახებ, კონკრეტულად სამ მოსამართლეს აქვს უფლება ორი კვირის განმავლობაში წარადგინოს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა აირჩევა ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა ფიცის დადების შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის განახლდება გახმაურებული საქმეების – „კაბელების საქმის, “რუსთავი 2”-ის და გიგი უგულავას განხილვა, ირინა იმერლიშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა: „ვფიქრობ, მოსამართლე თავისი გადაწყევტილებებით უნდა ელაპარაკებოდეს საზოგადოებას. ნება მომეცით, რომ არა ტელევიზიებით, არამედ გადაწყვეტილებებით მივმართო საზოგადოებას“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ეს საკითხი ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით ამის გაცხადებული სურვილი მხოლოდ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა თავაძეს აქვს. მისი თქმით, პრეტენზია ამ თანამდებობაზე კარგ იურისტს ყოველთვის ექნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ამოეწურა – ეს მოსამართლეები არიან: კონსტანტინე ვარძელაშვილი, [თავმჯდომარის მოადგილე], გიორგი პაპუაშვილი, [თავმჯდომარე], ქეთევან ერემაძე, დავით სიჭინავა.

ფიცის დადების ცერემონიალი საკონსტიტუციო სასამართლოში
ფიცის დადების ცერემონიალი საკონსტიტუციო სასამართლოში

 

 

ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის

ბათუმის მერია მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ ქალაქში 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებს ყიდის. მომავალი მესაკუთრის ვალდებულება იქნება ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მერია მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის, ამდენად, მომავალი მყიდველისგან საცხოვრებელ ფართობებს არ ითხოვს.

მიწის ნაკვეთები, ერთ მისამართზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში [რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს] მდებარეობს.

ერთი ნაკვეთი 5411 კვ/მ-ა  და მისი საწყისი საპრივატიზებო საფასურია 1 353 000 ლარი; ხოლო, მეორე ნაკვეთის ფართობია – 4956 კვ/მ და საწყისი გასაყიდი ფასი – 1 114 000 ლარი.

პირველი ნაკვეთის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N5, N7 და N9 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული ღია სპორტული მოედნის 74 804 ლარის ღირებულების კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, არსებული კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

მეორე ნაკვეთის მყიდველი კი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის სკვერში არსებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონების [მოედნის] სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, თანდართული ესკიზური პროქტის შესაბამისად [„ძველი ამორტიზებული ატრაქციონების დემონტაჟი და ახალი ატრაქციონების [გემი 1 ცალი, საქანელა 2 ცალი, აიწონა-დაიწონა 2 ცალი] მონტაჟი; არსებული მოედნის გაზრდა ირგვლივ დამატებითი ღობის მოწყობით და მთლიანი მოედნის პერიმეტრზე 10სმ სიმაღლის გარეცხილი ყვითელი ქვიშის მოყრა. მითითებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 25 000 ლარს“].

ორთავე მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთებზე „უზრუნველყონ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე საცხოვრებელი სახლის/სახლების მშენებლობა“.

ორთავე აუქციონი 10 ოქტომბერს დასრულდება.

Untitled
აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთები ბათუმში / ფოტო: აუქციონის დოკუმენტაციიდან

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ბრიფინგი კორუფციულ გარიგებაზე

პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების ინფორმაციით, სახელმწიფო ორგანიზაციებთან გარიგებების შედეგად კონკრეტული ფარმაცევტული კომპანია იგებს ტენდერებს, რომლის უკანაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან.

„… არავინ არ საუბრობს იმ ჩრდილოვან მხარეებზე, რაც ახლავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. საქმე ეხება მედიკამენტების შესყიდვა გამოყენების გზით დანაშაულებრივი სქემის გამოყენებას, რაც ელიტარულ კორუფციაზე გადის. ამაში ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის მოხელეები. ფარმაცევტული კომპანიების მფლობელებთან გარიგებაში შედის მმართველი პარტია, რომელიც დაფინანსების სახით იღებს საკმაოდ სოლიდურ თანხას. კონკრეტული ჩინოვნიკები კი საკუთარ ჯიბეში იდებენ თანხას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და ეს მტკიცებულება არის რეესტრის გვერდზე ატვირთული, გვაქვს ასევე დოკუმენტები, რომლებიც სატენდერო მონაცემებს ასახავს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პრაქტიკულად წინა სატენდერო პერიოდში იდება უხეში კანონსაწინააღმდეგო გარიგებები. ამ გარიგეგების საშუალებით მონოპოლისტურ ფარმაცევტულ კომპანიებს ეძლევათ დიდი რესურსი იმისთვის, რომ ფულის ბრუნვა მოახდინონ. შემდეგ ამოღებული ფული გაათეთრონ. აქედან ხდება ასევე სოლიდური თანხების მიმართვა დამფინანსებლებისთვის, რომ სასათბურე პირობებში იმყოფებოდნენ შემდეგომ წლების განმავლობაში“, – ამბობს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში ნინო ტავლალაშვილი.

პარტიის ოფისში დღეს შპს „ფარმა“, შპს „ჯი ემ პი“ და შპს „აფთიაქი“ დაასახელეს. მათივე ინფორმაციით, ამ კოპანიების უკან „ქართული ოცნების “ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი და მისი ოჯახი დგას, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” წინასააწრჩევნოდ 120 000 ლარი შეწირეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში

დღეს 1 ოქტომბერს ბათუმში ევროპის მოედანზე, „პატრიოტთა ალიანსის“  წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. ბათუმში იმყოფებიან პარტიის ლიდერები  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, ასევე მათი მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმში.  პარტიის ლიდერები აქციაზე აცხადებდნენ, რომ „ამდენი ბათუმელი არავის, არასდროს არ შეუკრებია ამ მოედანზე“. თუმცა,  საკუთარი მხარდამჭერები თითქმის ყველა რეგიონიდან სპეციალურად ამ აქციაზე დასასწრებად ჩამოიყვანეს. მათ შორის  გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ჭიათურიდან, გორიდან.

გადახედეთ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, ისე კი არ არის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 500 კაცი რომ ჩამოიყვანეს მარშრუტკებით, მთელი ბათუმი აქ არის“, – ამბობდნენ  პარტიის ლიდერები.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა სასულიერი პირი ჭიათურიდან. ის სახელს და გვარს არ გვეუბნება, თუმცა დასძენს, რომ პარტიის მხარდამჭერია და საკუთარი სურვილით ჩამოვიდა.  „მინდოდა და მოვედი… სახელი-გვარი არაა საჭირო“, – თქვა მან.

სასულიერიო პირი ჭიათურიდან. ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე.
სასულიერიო პირი ჭიათურიდან.
ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე.

„ზუგდიდიდან  ვართ. რამდენი ვართ და ბევრი. პარტიამ უზრუნველყო ჩვენი ჩამოყვანა“, – გვეუბნება ერთ-ერთი მონაწილე. ვინაობას არც ის ამხელს.  კიდევ ერთი მონაწილის თქმით:  „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩამოგვიყვანა. სენაკიდან  ვარ. არიან ხობიდან და ჩხოროწყუდანაც, ყველა აქ ვართ“.

„გურიიდან, კონკრეტულად ჩოხატაურიდან ვართ ჩვენ , სადღაც 150 ადამიანია გურიიდან  ჩამოსული“, – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა  ია რამიშვილმა და გულნაზ კალანდაძემ.

აქციაზე  შუახევის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული პირებიც იმყოფებიან, თუმცა ვინაობა არც მათ გაამხილეს.

ბათუმელი ოთარ გაბელიას თქმით კი, ის  აქციაზე  იმიტომ მოვიდა, რომ  მისთვის  მისაღებ „რაღაც-რაღაცეებს ლაპარაკობენ“.

„ საქართველოსთვის უნდათ კარგი და თურქებისთვის რომ არ უნდათ ეს საქართველო, იმიტომ მოვედი. ისეთ რაღაც-რაღაცეებს ლაპარაკობენ, რაც ჩემთვის მისაღებია. თუნდაც ის, რომ   „ნაციონალებს“  ჩამოათრევენ  და მის ადგილს მიუჩენენ“.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

მალხაზ არჩევაძე ამბობს, რომ წარმოშობით ბათუმიდანაა, თუმცა ახლა იმერეთში ცხოვრობს.

„პატრიოტთა ალიანსი“ თავის საარჩევნო პროგრამაში ღიად ეწევა ანტითურქულ კამპანიას და აცხადებს, რომ  ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს და რომ  თურქეთს, აჭარის და აფხაზეთის მიერთების სურვილი აქვს.

 

ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ავერსი-ფარმა“, „საქართველოს საპატრიარქო“, „შავი ზღვის ტერმინალი“, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ფორტე“ – ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც, სხვა 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად, მათზე დაკისრებულ ჯამში – 945 350 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდიან.

საქართველოს მთავრობამ ისინი, როგორც სახელმწიფო ქონების მონათხოვრეები,  დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო მათ თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე, დარღვეული ვალდებულების გამო დაეკისრათ.

„ვინაიდან გადაცემული მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, მონათხოვრეებს ევალებათ წარმოადგინონ ინფორმაცია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მდგომარეობაზე,“ – განმარტავენ ქონების მართვის სააგენტოში. მონათხოვრეებმა კი ეს ინფორმაცია დროულად არ წარადგინეს.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსგან „ბათუმელები“ რამდენიმე ორგანიზაციაზე გადაცემული ქონების ჩამონათვალს ელოდა, თუმცა ვერ მივიღეთ. „რაც შეეხება, მხარეთათვის გადაცემული მოძრავი ქონების ჩამონათვალს, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

„ბათუმელები“ შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს~ დაუკავშირდა, რომელიც 38 150 ლარის პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლდა. კომპანიის იურისტის, დათო ქამადაძის განცხადებით, ქონება, რაზედაც პირგასამტეხლო დააკისრეს, არის 3 ცალი მონიტორი და კაბელები: „ჩვენ მივწერეთ, რომ ეს ქონება არის ჩვენთან, თუმცა არამუშა მდგომარეობაშია… პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება, რომ ეს ქონება სიმბოლურ, 1 ლარად შევისყიდოთ სახელმწიფოსგან.“

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ დღეს კერძო კომპანიაა და მას სახელმწიფოსგან ბათუმში სამშობიარო სახლის შენობა აქვს იჯარით აღებული. წლიური საიჯარო თანხა 240 ათასი ლარია.

„ბათუმელები“ კომპანია „ავერსი-ფარმას“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის იურიდიულ სამსახურში გვითხრეს, რომ ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიგვემართა: „განიხილავენ და შესაბამის პასუხსაც გაგცემენ… ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რა ხელშეკრულებაზე და ქონებაზეა საუბარი“.

ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებაც საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა.

რა პრინციპით ხდება მონათხოვრეთა გათავისუფლება დაკისრებული პირგასამტეხლოსგან? – ამ კითხვაზე ქონების მართვის სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, მხარე უფლებამოსილია პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მომართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მომართვას და საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას პირგასამტეხლოს პატიების შესახებ“.

იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ამჯერად მონათხოვრეთა გათავისუფლება პირგასამტეხლოს გადახდისგან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „ამით ხელი შეეწყობა მონათხოვრეთა საქმიანობას, რომელთა დიდი ნაწილი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას“.

მონათხოვრეთა შორის რამდენია საქველმოქმედო ორგანიზაცია არ დაგვიზუსტებია, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის სპორტული ფედერაციები, შემოქმედებითი კავშირები, სამკურნალო დაწესებულებები და როგორც აღვნიშნეთ, კერძო კომპანიებიც. მათ შორის: „ავერსი-ფარმა“ [ამჯერად გათავისუფლდა 16 150 ლარის გადახდისგან], „შავი ზღვის ტერმინალი“ [16 100 ლარი], „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ [16 150 ლარი], „ფორტე“ [17 450 ლარი], „ტერმინალ-კომპლექსი თბილისი“ [26 200 ლარი], „სოვტრანსავტო ჯორჯია“ [გათავისუფლდა 35 850 ლარის გადახდისგან] და სხვ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ `სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ ქონების მმართველისათვის ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველზე 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო, ასევე ეპატიათ მონათხოვრეებს“, თუმცა ამ თანხამ ჯამში რამდენი შეადგინა, სააგენტოში არ დააკონკრეტეს.

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე იყიდება 30 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა.

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე  იყიდება  30 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 27 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

5. (1)

ბათუმში 26 მაისის (ყოფილი კიროვის) ქუჩაზე ქირავდება 41 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა

ბათუმში 26 მაისის (ყოფილი კიროვის)  ქუჩაზე  ქირავდება  41 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 300 აშშ დოლარი.

samaklero.ge

4. (1)

ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე იყიდება 64 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე  იყიდება  64 კვ/მ ფართობი ბინა, ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 57 ათასი აშშ დოლარი.  

samaklero.ge

3. (1)

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე გირავდება 50 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე  გირავდება 50 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 18 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

2. (1)

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 46 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 46 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით. ფასი: 65 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

1. (1)

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 400 ლარით გაზრდილი გამგებლის მოადგილის ხელფასი

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ხელფასი 400 ლარით გაუზარდეს. ეს გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს ხმაურის ფონზე მიიღო.

დეპუტატების პროტესტი გამგებლის პირველი მოადგილის გურამ ბერიძისთვის სახელფასო სარგოს 400 ლარით გაზრდამ გამოიწვია, პროტესტის მიუხედავად ხმათა უმრავლესობით (11 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი) ბერიძეს ანაზღაურება 1 300 ლარიდან 1 700 ლარამდე გაეზარდა. ვიდრე საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაიწყებდა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს საკითხის გადადება იმ მოტივით მოითხოვა, რომ მისი თქმით საკითხი კარგად შესწავლილი არ იყო, თუმცა საკრებულომ თავმჯდომარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არწმუნებდა კოლეგებს იმაში, რომ საკითხი კარგად შესწავლილი არ იყო და ხელფასი შეუსწავლელად არ უნდა გაზრდოდა გამგებლის მოადგილეს, კენჭისყრისას საკითხს თავად ამირან ცინცაძემ დაუჭირა მხარი. კითხვაზე რატომ დაუჭირა მხარი გამგებლის მოადგილის ხელფასის მატებას, თუ საკითხი შესწავლილი არ იყო? ამირან ცინცაძე ასე პასუხობს – „ჩვენ ვიცოდით ის ხელფასი უნდა დაგვემტკიცებინა, მაგრამ ფინანსური მხარეები გვქონდა გასარკვევი, ეს გადაწყვეტილება რაიმე ფინანსურ ვალდებულებას ხომ არ შეგვიქმნიდა გამგეობის წინაშე,“ – ამბობს ამირან ცინაძე.

საკრებულოს ოპოზიციამ კი გამგებლის მოადგილისთვის ხელფასის მატება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეაფასა – „პიროვნებაზეა მორგებული, ხელფასებს ასე ზრდიან, ეს მავნებლობა კი არ არის, იმდენად უსირცხვილო და იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ასეთ სხდომებს აღარ დავესწრები. როდესაც მე ვიყავი გამგებელი, ჩემს პირველ მოადგილეს ხელფასი 1350 ლარი ჰქონდა“ – განაცხადა ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ვაჟა ბოლქვაძემ. ქედის გამგებლის პირველი მოადგილე, გურამ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ბიძაშვილია.

მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

„დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში

ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმს, რის გამოც ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესებიც განვითარდა.

მთავრობის ინფორმაციით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ ადგილას მეწყერი და ნიაღვარი სწორედ ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა.

 

ამავე თემაზე: მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ხაზის ნომერზე: 27 20 01 ან მიმართონ 112.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის კახა შაშიკაძის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით 6 სოფელში განვითარდა, ამჟამად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სარფში, კერძოდ კალენდერეს დასახლებაში, ასევე  ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბესა და ორთაბათუმის ტერიტორიებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 ობიექტზე გააქტიურდა, ასევე სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანდა საავტომობილო გზები, მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში  და სოფლების – ნიგაზეულის, ნენიის და წაბლანის გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოზრაობა არ შეფფერხებულა,

კახა შაშიკაძის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის სხვადასხვა თემში 7  მიმართულებით და გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6 – 6 ოჯახია უგზოდ დარჩენილი. გაწმენდიტი სამუშაოები მიმდინარეობს ზედა მახუნცეთში, ბელტაურისა და დავითაძეების მიმართულებითაც.

მთავრობა ზარალს ითვლის.

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა.

ირმა კვაჭაძე, ფსიქოლოგი

პირველ კლასში წასვლას ზოგიერთი ბავშვი დიდი სიხარულით ხვდება, ზოგიერთი პირიქით – კატეგორიულად აპროტესტებს. რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში?

პირველი განსხვავება, რაც სკოლას აქვს ბაღისგან, არის უფრო დირექტიული რეჟიმი, უფრო მკაცრი ჩარჩოები – ბავშვს პირველად თავის ცხოვრებაში, 45 წუთის განმავლობაში, ანუ დროის რაღაც ფიქსირებულ მონაკვეთში – უწევს ჯდომა ერთ ადგილას.

ბავშვს უჭირს გადართვა იმაზე, რომ მას არ შეუძლია ნებისმიერ დროს ადგეს და გაიაროს ისე, როგორც მას მოესურვება. საამისოდ იგი კონკრეტულ სიგნალს უნდა დაელოდოს, როცა აქამდე ის სრულიად თავისუფალი იყო ამ მხრივ – სწორედ ამ ნიუანსებთან შეგუება უჭირთ მათ პირველ ეტაპზე. კარგი იქნება, თუ ჯერ კიდევ ბაღის სისტემაში უფრო აქტიურად დაინერგება დროში გაწერილი აქტივობები, რადგან სკოლამდე ბავშვები არ არიან მოქცეული ჩარჩოებში და რაღაც კონკრეტული თარიღის მერე უწევთ ქცევის შეცვლა. ზოგან უკვე შემოიღეს 45-წუთიანი თუ არა 20-წუთიანი გაკვეთილის ფორმატის აქტივობები, ეს უადვილებს ბავშვებს ბაღიდან სკოლაზე გადაწყობას, სკოლის რეჟიმთან შეგუებას.

რაც შეეხება პირველ კლასში წასვლის სიხარულს, ბავშვს ზოგადად, უხარია სიახლე _ ახალი ჩანთა, ახალი ტანსაცმელი, აქვს გარკვეული მოლოდინები, რეალურად კი, იმის ადეკვატურად გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს შინაარსობრივად სკოლა, რა შეზღუდვები და წესები ვრცელდება იქ – არ შეუძლია. ამიტომაც არის, რომ ეს პირველი სიხარული ხშირად იმ დღესვე მთავრება ცრემლებით ან უხასიათობით.

ხშირია შემთხვევა, როცა პირველ კვირაში ბავშვს არ აქვს სკოლაში წასვლაზე გართულება, მაგრამ შემდეგ იჩენს თავს უხასიათობა. შესაძლოა ეს მომენტი ერთი თვის შემდეგაც გაუჩნდეს, როცა უკვე ბეზრდება ახალი რეჟიმი. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლასთან ადაპტაციას ათი დღიდან ორ კვირამდე სჭირდება.

არის თუ არა სკოლასთან შეგუების მხრივ უფრო მეტი წინააღმდეგობა იმ ბავშვებში, ვისაც ბაღში არ უვლია?

კი, მათ ნამდვილად უფრო უჭირთ სკოლასთან ადაპტაცია. მაშინ, როცა მშობელი ბაღზე უარს ამბობს ბავშვის პროტესტის გამო, ამ ქცევას ის სხვა დროს და მათ შორის, სკოლაში წასვლაზეც გამოიყენებს. ისტერიკა მანიპულაციური ქცევაა იმისთვის, რომ მშობელმა შეუსრულოს ის, რაც მას უნდა. თუ ბაღში იტირებს და ამის გამო ბაღიდან წამოვიყვანთ, ასეთი ქცევა მას გაუმყარდება და შეეცდება სხვა დროსაც გამოიყენოს მშობლის სამართავად. როცა სკოლაში ეს მეთოდი არ ჭრის, ბავშვი გაუგებრობაშია, ჭირვეულობას უმატებს და შესაძლოა ისტერიაშიც გადაიზაროს მისი პროტესტი. საჭიროა თავიდანვე დაადგინოს მშობელმა, რის გამო უჭირს ბავშვს ბაღთან ადაპტაცია, რომ წლების შემდეგაც ანალოგიური არ განმეორდეს. თუმცა სავალდებულო არ არის ბაღში დადიოდეს ბავშვი, თანატოლებთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის გამოცდილება შესაძლოა სხვადასხვა საბავშვო წრეზე სიარულის დროსაც მოაგროვოს, რასაც შემდგომში სკოლასთან ადაპტაციაზე დადებითი გავლენა ექნება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან შეგუებაში?

სკოლასთან ადაპტაცია გაუადვილდებათ ბავშვებს, თუ მათ წინასწარ მოვამზადებთ ამისთვის. მაგალითად, პირველ დღეს, როცა ბავშვი მიდის სკოლაში, იქ ხვდება ხალხმრავლობა, კლასელები, მასწავლებლები, ამდენი უცხო სახე ბავშვისთვის ძალიან დამღლელია და შფოთვის დონეც მაღალია. ამიტომ სასურველია, ბავშვის პირველი ვიზიტი სკოლაში არ ემთხვეოდეს სკოლის დაწყების პირველ დღეს. პირველი ვიზიტი სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს მშვიდ გარემოში, სწავლის დაწყებამდე, ერთი-ერთზე მასწავლებელთან, რაც ბავშვს მისცემს უფრო დაცულობისა და ინფორმირებულობის განცდას. მისცემს მას დამოკიდებულების შეგრძნებას, რომ მასწავლებელი ეკონტაქტება მას, რაც პირველ დღეს ჭირს ხოლმე, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი იყოს კლასი, ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად კომუნიკაციას ძნელად თუ ახერხებს მასწავლებელი. თუ ბავშვი სწავლის დაწყებამდე გაეცნობა სკოლის ინტერიერს, ნახავს, სად არის იქ საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. გაურკვევლობა იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.

გარდა ამისა, სკოლასთან შესაგუებლად მნიშვნელოვანია ბავშვის რეჟიმში ჩასმა სკოლის გარეთაც, ანუ იმისთვის, რომ სკოლა ბავშვისთვის არ იყოს `სადამსჯელო დაწესებულება~, სადაც მისვლისთანავე, თავისუფლებას ტოვებს გარეთ, საჭიროა მას არასასკოლო დროსაც ჰქონდეს დროის ჩარჩოები კონკრეტულ აქტივობებზე, მაგალითად, 40 წუთი კითხვა, 1 საათი თამაში, 10 წუთი ვარჯიში და ა.შ. არასასკოლო აქტივობები გაწერილი დროის გარკვეულ მონაკვეთებში, უმარტივებს ბავშვს სკოლის რეჟიმთან შეგუებას. არასწორია მშობლების დამოკიდებულება მაშინ, როცა ეუბნებიან ბავშვს, რომ ცოტაც გაუძლოს და მალე შაბათი-კვირა მოვა – ამიტომაც აქვთ მათ სახლში წამოსვლის სურვილი ისე გამძაფრებულად, ფიქრობენ, რომ სკოლიდან გამოვალ და მორჩა. ამიტომ, ის სკოლის გარეთაც რიტმში უნდა იჯდეს.

სასწავლო პროცესთან ადაპტაციას უმარტივებს ბავშვს სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც. მაგალითად, როცა იგი მათემატიკაში ისწავლის კონკრეტულ რიცხვებსა და მოქმედებებს, ვთხოვოთ მას მოგვაწოდოს ორი ცალი ლურსმანი ან სამი ვაშლი და ა.შ. მშობლები უნდა შეეცადონ დაუკავშირონ სკოლა სახლს, რადგან იგი არ იყოს განცალკევებული და უცხო დაწესებულება. ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, ყველაფერი უადვილდება როცა ხედავს, რომ მშობელი ჩართულია იმ სიახლეში, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები მხოლოდ ამ პროცესზე უნდა იყვნენ გადართული, უბრალოდ, ის ცოდნა, რაც სკოლაში მიიღო ბავშვმა, უნდა დააკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

სხვა რა მიზეზები შეიძლება აბრკოლებდეს ბავშვის სკოლასთან ადაპტაციას?

ნებისმიერი სხვა მიზეზის დადგენაში მშობელს უნდა დაეხმაროს მასწავლებელი.

ზოგჯერ ათვისების პრობლემებიც იჩენს თავს, რის გამოც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება, შესაძლოა კლასელებთან კომუნიკაცია უჭირდეს, ან ერთ კონკრეტულ ბავშვთან დაეძაბოს ურთიერთობა.

ხშირად მარტივი მიზეზების გამო აპროტესტებენ სკოლაში წასვლას, მაგალითად, როცა ღამით ძილის ნაცვლად პირველამდე-ორამდე სხვადასხვა გაჯეტებით თამაშობენ, დილით კი, ცხადია, უჭირთ გაღვიძება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური რეჟიმი და ის, რომ ბავშვები 9 საათზე დაწვნენ დასაძინებლად (ბავშვებს ამ ასაკში 10-11-საათიანი ძილი ესაჭიროებათ).

როცა ბავშვისთვის სკოლის პირველი წელი არ არის, მაგრამ ის მაინც ჭირვეულობს სკოლაში დაბრუნებაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პირველი მარკერი, როცა ვხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ეს არის ბავშვის ქცევის და მისი ემოციური მდგომარეობის ცვლილება. თუ ვატყობთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ღიზიანდება რაღაცაზე, უფრო ემოციური გახდა, ან პირიქით, ჩაიკეტა – მშობლისთვის ეს უნდა იყოს განგაშის ღილაკი. შესაძლოა ბავშვისგან პასუხი ვერ მივიღოთ, თუ რა ხდება მის თავს, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო მათ არ სურთ ამ თემებზე საუბარი, ამიტომაც მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და შეეცადოს დაადგინოს მიზეზი, ეს, უბრალოდ, ამინდის ბრალია, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია სკოლაში. შესაძლოა ბავშვის ნეგატიური განწყობა სკოლისადმი სახლში მიღებული სტრესების ბრალი იყოს. გარდა ამისა, მესამე კლასში ბავშვისთვის აქტუალური ხდება თვითშეფასების თემა, მათ სურვილი უჩნდებათ პირველობის, მაგრამ, როცა ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას – იკეტებიან. აქ არის მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი კომუნიკაციის საკითხი, ისინი უნდა იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, რათა არც ერთს გამორჩეს ყურადღებიდან პრობლემა. ყველა დამაბრკოლებელ ფაქტორს აქვს მიზეზი, საჭიროა დროულად ვიპოვოთ ის.

______________

მთავარ ფოტოზე: პირველი დღე სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის.

„იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს… პასუხი მოგვიანებით სასამართლოში მივიღე, როცა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ მათ მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდათ,“ – გვიყვება ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი. ის ქურდობაში ბრალდებულის, ნოდარ ტატუნაშვილის ინტერესებს იცავდა, ვისზეც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატის მონაყოლის მიხედვით, გამომძიებლებმა, მათ შორის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა საქმეში არაერთი უზუსტობა დაუშვეს: „დაკავების დროს ოქმებში, როგორც წესი, აღინიშნება სხვადასხვა დრო, მაგალითად, პირის დაკავების, გამოკითხვის, ჩხრეკის, პოლიციის შენობაში მიყვანის, პოლიციის ხელმძღვანელი პირისგან ვიზირების გაცემის დრო. ეს დროები ისე იყო არეული, რომ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა… როცა მოწმის სახით მისცეს ჩვენება გამომძიებლებმა სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ 4 გამომძიებლიდან სამი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობდა“.

გამოირიცხებოდა იგივე უზუსტობები, ამ გამომძიებლებს რომ პროფესიული განათლება ჰქონოდათ? – ადვოკატი ფიქრობს, რომ არა, მაგრამ, როცა გამომძიებელი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობს, იმის რისკი, რომ უდანაშაულო ადამიანის უფლება დაარღვიონ, იზრდება.

გამომძიებლებს რომ უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია არ მოეთხოვებათ, დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გვითხრეს, რომ კონკურსის დროს, ვაკანტურ პოზიციაზე უპირატესობა იმ კონკურსანტს ენიჭება, ვისაც იურიდიული განათლება აქვს. რამდენი გამომძიებელი მუშაობს ამჟამად სისტემაში უმაღლესი განათლების გარეშე და უტარდებათ თუ არა სპეციალური კურსები? – დეტალებზე კომენტარის მიღება სამინისტროსგან არ მოხერხდა.

„ყველა მეორე საქართველოში იურისტია. ისინი მუშაობენ ტაქსისტებად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებად… რატომ უნდა მუშაობდეს გამომძიებლად ადამიანი საშუალო განათლებით?“ – კითხულობს ზაზა ხატიაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ის მიიჩნევს, რომ გამომძიებლისთვის აუცილებელია იურიდიული განათლება, რადგან მათ აქვთ პირველადი შეხება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენთან, ან უდანაშაულო პირთან: „ეს არის სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს არ სურს პროფესიონალი კადრები სამართალდამცავ უწყებებში. თუკი ხელისუფლება ორიენტირებულია კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რატომ უნდა ასაქმებდე გამომძიებელს საშუალო სკოლის ატესტატით. იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ იურისტები არ გვყავს“.

იურიდიული განათლების აუცილებლობას გამომძიებლობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს – მიუკერძოებლობას უკავშირებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. მას მიაჩნია, რომ ადამიანი ვერ იქნება მიუკერძოებელი, თუ მას სათანადო კომპეტენცია არ აქვს: „არ ვიცი, საერთოდ თუ უნდა ახსნას ვინმემ ის, რომ გამომძიებელს სჭირდება იურიდიული ცოდნა. არ ვიცი, რა ინტერესი აქვს ხელისუფლებას, როცა სისტემას არაკვალიფიციური გამომძიებლებისთვის ღიას ტოვებს. ფაქტია, რომ გამომძიებლის ინსტიტუტი წაშლილია და ის ასრულებს მხოლოდ პროკურორის დავალებებს“.

„ბათუმელები“ ყოფილ გამომძიებლებსაც ესაუბრა. სისტემაში რამდენი გამომძიებელი მუშაობდა, ვისაც იურიდიული განათლება არ ჰქონდა და ქმნიდა თუ არა პრობლემას კვალიფიკაციის უქონლობა – საგამოძიებო უწყების ყოფილმა თანამშრომლებმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. მაგალითად, არჩილ ჯორთმენაძემ და უშანგი მიქელაძემ გვითხრეს, რომ ვისთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, უმრავლესობას იურიდიული განათლება ჰქონდა და გამომძიებლებს ასევე უტარებდნენ გადამზადების კურსებს. უშანგი მიქელაძე: „მე პირადად მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გამომძიებლად დანიშვნამდე გავიარე ერთთვიანი მოსამზადებელი კურსი პოლიციის აკადემიაში, რომლის შედეგადაც გამოცდა ჩავაბარე. დადებითი ქულების მიღების გარეშე, გამომძიებლად არ დამნიშნავდნენ“.

„როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ორიენტირებული პოლიციელების უმაღლეს განათლებაზე, ეს არის დამღუპველი,“ _ ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ამ თემაზე საუბრის დროს ის სხვადასხვა შემთხვევას იხსნებს, როცა გამომძიებლისთვის უწევდა იმის ახსნა, რაც მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენს და რაც კანონში წერია: „გამომძიებელი არის სახელმწიფო ბიუროკრატიის ის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. მართალია, ისინი გარკვეულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ სამუშაო პრაქტიკის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშნული მაინც არ არის საკმარისი, ვინაიდან ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ პრაქტიკული სფერო, იგი მოიცავს ბევრ თეორიულ ასპექტს, სადაც საჭიროა ცოდნა და გამოცდილება.“ გიორგი ხიმშიაშვილისთვის გამონაკლისი მაშინაა მისაღები, თუ რეგიონებში კადრების მოძიება არის პრობლემა.

სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე

აჭარაში ჩამოსული ტურისტების ნაკადის მხრივ წლებია სომხეთი პირველ ხუთეულშია, 2016 წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ციტრუსის რეალიზაციის მხრივაც. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აჭარიდან სომხეთში 785 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 3,06%-ია. რამდენად მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობა აკავშირებს სომხეთსა და აჭარის რეგიონს და რა პერსპექტივები აქვს ორ მხარეს ტურიზმის განვითარების მხრივ – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ეღიშე სარგსიანს ესაუბრა.

ბატონო ეღიშე, აჭარას, განსაკუთრებით ქობულეთსა და ბათუმს, საკმაოდ ხშირად ირჩევენ სომეხი ტურისტები დასასვენებლად. როგორც ვიცით, თქვენი და აჭარის მეთაურის შეხვედრისას სომხეთიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზეც ისაუბრეთ. სხვა რა ერთობლივი გეგმები გაქვთ ტურიზმის მიმართულებით?

ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ სურვილი ორივე მხრიდან, სურვილი იმისა, რომ გაგრძელდეს ტურიზმის განვითარება სომხეთიდან აჭარაში, კერძოდ ბათუმში და შეძლებისდაგვარად – პირიქითაც, ანუ შესაძლოა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდეს სომხური ტბისპირა ან სხვა საინტერესო ადგილებზე არსებული კურორტების მონახულებით. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ვარიანტები, მაგრამ ამაზე „გეგმის“ დარქმევა ჯერ ადრეა, მით უმეტეს, თუ საუბარია პირდაპირ ავიარეისებზე. ორივე მხარე მივიჩნევთ, რომ კარგი იქნებოდა ასეთი ავიარეისების არსებობა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, თუმცა სომხეთშიც და საქართველოშიც ავიაკომპანიები კერძოა და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული ამით. ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი სურვილი ამის შესახებ, პრესაშიც გაჟღერდა ეს ინფორმაცია… ეტაპობრივად, ვიმუშავებთ იმ კომპანიებთანაც, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ ასეთი რეისების განხორციელებით.

არის საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან სომხეთისკენ საპასუხო ინტერესი ტურიზმის სფეროში?

იმის თქმა, რომ აქტიური ინტერესი არსებობს, არ იქნებოდა სწორი. ჩვენ ვისურვებდით, რომ ქართველი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ სომხეთში, თუმცა ინტერესი ჯერ მხოლოდ ცალმხრივია.

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს აჭარის რეგიონს სომხეთთან? როგორც ვიცით, ყოველწლიურად აჭარიდან რამდენიმე ტონა ციტრუსი გააქვთ სომხეთში, სხვა რაში გამოიხატება ეს ურთიერთობა?

იმდენად, რამდენადაც ცალკეული სტატისტიკა არ წარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკრეტულად რა მოცულობის რა პროდუქცია გადის სომხეთის ბაზარზე, ზუსტი რიცხვების დასახელება გამიჭირდება. მაგრამ იმაზე, რომ სეზონზე აჭარიდან ბევრი ციტრუსი გადის სომხეთში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების დროსაც გვისაუბრია. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ეს მაჩვენებელი ყოველ წელს გაუმჯობესდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აჭარისთვის, ისე სომხეთისთვისაც, რადგან ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მეგობარი საქართველოსა და კერძოდ აჭარის ციტრუსს. სომხური მხრიდან ყველაზე ხშირად გარგარი შემოდის საქართველოში, ასევე, ზოგჯერ კარტოფილიც.

რამდენად დაინტერესებული არიან სომეხი ბიზნესმენები აჭარაში ინვესტირებით და თქვენი შეფასებით, რამდენად ხელსაყრელი პირობებია აქ მათთვის?

ინტერესი ნამდვილად არის და ბიზნესინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემოს მხრივ (მათ შორის საერთაშორისო ნორმებითაც) საქართველო საკმაოდ მოწინავე ადგილზეა. ასევე აჭარაში, აქაც არიან მეწარმეები [სომეხი], ძირითადად რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესში.

საკონსულოს საქმიანობაზე მინდა გკითხოთ, კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს სომხეთის საკონსულო, რა ტიპის დახმარებისთვის მოგმართავენ სომხეთის მოქალაქეები საქართველოში?

არდადეგების დროს, როგორც იცით, ათასობით სომეხი ტურისტი მოდის საქართველოში. მატარებელი ერევანსა და ბათუმს შორის სექტემბრის ბოლომდე ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხალხის სიმრავლესთან ერთად ამ დროს პრობლემებიც ჩნდება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს სერიოზული პრობლემებია. ძირითადად ეს პასპორტთან დაკავშირებული საკითხებია – ვიღაც ჩამოვიდა და შუა შვებულების დროს აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა გასდის, ასევე ჩნდება ტექნიკური საკითხები დაკავშირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევსთან, არასწორ პარკირებასთან და ა.შ. მართალია, ეს წვრილმანი პრობლემებია, რომლებიც მალევე გვარდება, მაგრამ მათი დროული მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ადამიანმა პასპორტი დაკარგა, უკან ვერ დაბრუნდება. სხვა მხრივ აჭარაში დამსვენებლებისთვის კარგი პირობებია და საჩივრებს პრაქტიკულად არ ვიღებთ.

21 სექტემბერს აღინიშნა სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენ, როგორც სომხეთის მოქალაქე, კონსული, რას მიიჩნევთ ამ ხნის მანძილზე სომხეთის სახელმწიფოს ყველაზე დიდ მიღწევად?

სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც 1920 წელს აღმოჩნდა საბჭოთა მმართველობაში და დაერქვა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე და ზოგჯერ წარმოდგენაც კი ჭირდა იმისა, რომ ოდესმე ეს დრო დადგებოდა. ყველა ერის ოცნებაა, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა ამავდროულად დამოუკიდებლობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში იგი უნდა მოიპოვო, შემდეგ კი დამოუკიდებლად არსებობისთვის შესაბამისი რესურსი უნდა გაგაჩნდეს. საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით, ეს შეძლო საქართველომაც.

მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანების თავისუფლება და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მე საბჭოთა პერიოდშიც ვმუშაობდი დიპლომატიაში, სულ ვფიქრობდი, დადგებოდა თუ არა ისეთი დრო, როცა ჩვენს საკითხებს გადავწყვეტდით ჩვენით, მოსკოვში დარეკვისა და ტელეგრამის გაგზავნის გარეშე. საბედნიეროდ მოვიდა ეს დროც და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ამ წლების მანძილზე. ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა შეფარდებითი ცნებაა, რაღაც მხრივ ასეცაა – არც ერთი ქვეყანა, ყველაზე ძლიერებიც კი, არც მთლად დამოუკიდებელი არიან, რადგან მსოფლიო საქმეები ერთმანეთთან კავშირშია. 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე გვყავს მთელი თაობა, რომლებიც არიან თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები.

რა მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევად?

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ წინაშე დგას – ყარაბაღის საკითხია. ეს საკმაოდ ძველი პრობლემაა და სომხური მხარე, ახლაც, ისევე როგორც ადრე, ამბობს, რომ მომხრე ვართ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რომ პრობლემა მოგვარდეს საერთაშორისო ნორმების საფუძველზე მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, როგორც სომხეთისთვის, ისე მეზობლებისთვის და, ზოგადად, კავკასიის რეგიონისთვის.

ზოგადად როგორ აფასებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის? ურთიერთობების ეს დონე საკმარისია, თუ კიდევ მეტია საჭირო რაღაც მიმართულებებით?

ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის თავიდანვე მეგობრული იყო. მე 1991 წლიდან ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმონაწილეობდი, ვესწრებოდი ურთიერთობის განვითარებას საქართევლოსა და სომხეთს შორის. ეს ნამდვილი მეგობრების ურთიერთობაა, ეს იგრძნობოდა როგორც ცალკეული ხელმძღვანელების, დელეგაციების ცალკეული წევრებისა თუ მოქალაქეების ურთიერთობაში. მე მქონდა საშუალება ყველა რეგიონში ვხლებოდი ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასეთი მაღალი დონის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დამოუკიდებლობის მთელი ამ 25 წლის მანძილზე გრძელდება – ბევრს შეშურდება. თუმცა, უშუალოდ ჩვენი მეთაურები თვითონვე აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა ეკონომიკურმა ურთიერთობამაც (რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს), მიაღწიოს ასეთივე მაღალ დონეს. ჩვენ კულტურული ურთიერთობაც კარგ დონეზე გვაქვს, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი გვეურთიერთობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მეტი ერთობლივი კონცერტი, მეტი ერთობლივი ღონისძიება. ეს კეთდება კიდეც… თუნდაც ერთობლივი სატელევიზიო გადაცემები, მინახავს, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან ადამიანები გადაცემებს, სადაც სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთად მღერიან თუ ცეკვავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ბევრი მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფოებრივ დონეზე, სამინისტროებს შორის, უწყებებს შორის… მთავარია, ეს ხელმოწერილი მიზნები განვახორციელოთ ცხოვრებაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეს უკვე გაკეთებულია.

ხელვაჩაურის ექვს სოფელში მეწყერი განვითარდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უამინდობის გამო წუხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა.  „მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლეს გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია,“-ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა
წვიმის შედეგად ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა.

ამავე წყაროს ცნობით,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7  საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბესა და ორთაბათუმის ტერიტორიები“.

მთავრობის ინფორმაციით, პარალელურად ზარალის ოდენობის დათვლაც მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი მუშაობს.

მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.  იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,თბილისს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა წინა თამაშებში მოპოვებული ქულებით ჩემპიონი გახდა.

ტურნირმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბერს დასრულდა. მასში საქართველოს 8 რეგიონალურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. თითოეული გუნდი 6 მოჭადრაკისგან იყო დაკომპლექტებული, ტურნირის საპრიზო ფონდმა 30 000 ლარი შეადგინა.

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, გემის ელექტრომექანიკა), განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება, ბიოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა, რესტავრაცია, კონსერვაცია და არქეოლოგია.

კონკურსანტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.


სტიპენდიის მისაღებად საჭიროა მერიაში წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: სტუდენტის განცხადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4), მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით, ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ თუ განმცხადებელი ბაკალავრია და ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შესახებ – თუ განმცხადებელი მაგისტრატია.

 

 

საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე ქედის მცხოვრებლებისათვის ბათუმში

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საარჩეvნო საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქედის  მუნიციპალიტეტში ქედის საარჩეvნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ახალგაზრდები, ქედაში მოქმედი ადგილობრივი დამკვირვებლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.  მათ ორგანიზატორებმა ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურების შესახებ.

შეხვედრაზე იყო საუბარი შემდეგ საკითხებზე:

  • არჩევნების უფლება;
  • საქართველოს საარჩევნო გამოცდილება;
  • არჩევნების პროცესი საქართველოში;
  • საარჩევნო პროცედურები;

ასევე მოხდა არჩევნების დღის სიმულირება. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის, ადგილობრივი რესურსების, თანამდებობრივი ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე.

ბიზნეს ფორუმი – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ აჭარაში

დღეს, 29 სექტემბერს, კომპანია Business Georgia-მ ბიზნესფორუმს – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ უმასპინძლა. ფორუმი ციხისძირში მდებარე სასტუმრო-გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ ჩატარდა.

ფორუმზე განხილული იქნა თემა – „საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი“. ღონისძიების მთავარ მიზანს მონაწილეებისათვის ტურიზმის მნიშვნეობის ხაზგასმა და იმის წარმოჩენა წარმოადგენდა, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს კერძო სექტორის განვითარება.

ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მაღალი დონის პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედია წარმომადგენლები, რომლებმაც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვალეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები, ცოდნა და გამოცდილება.

ბიზნესფორუმი

Business Georgia-ს გენერალური დირექტორის, ანა გოგიშვილის განცხადებით, „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იყო, რომლის მეშვეობითაც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს კომპანიამ გაუზიარა საქართველოს ტურიზმის  წარმატების ისტორია, მიმდინარე ამოცანები, გადაწყვეტის გზები და პრაქტიკული მაგალითები.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Business Georgia ბიზნესფორუმს ტურიზმის ინდუსტრიის თემაზე ულამაზეს, ტურისტულად აქტიურ რეგიონ – აჭარაში მასპინძლობს.  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება კულტურულად და ისტორიულად მდიდარ გარემოში. განსახილველი თემები შერჩეული იყო ისე, რომ გაჩენილიყო მოსაზრებები, რომელებიც გაზიარებადი და  პრაქტიკაში გამოყენებადია, მაგალითად თუ როგორ უნდა დავიპყროთ ტურისტის გული კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში“, – განაცხადა ანა გოგიშვილმა.

ბიზნესფორუმი

ფორუმს გაუძღვა Business Georgia-ს მთავარი რედაქტორი, სანდრო ვეფხვაძე. ბიზნესფორუმი შედგებოდა ორი სესიისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ადამიანები. პირველ სესიაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია წარმოადგინა და მიმოიხილა ქართული ტურისტული ინდუსტრია. სესიაზე ასევე წარდგა, სულხან ხალვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აჭარის რეგიონის წარმატების ისტორია გაუზიარა.

ბიზნეს ფორუმი „ტურიზმის ინდუსტრია 2016“  თითქმის ყველა ტურისტულ მიმართულებას შეეხო: ეკოტურიზმი, ისტორიული და კულტურული ტურიზმი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და სპორტული, ასევე ზამთრის, სათამაშო, მასპინძლობითი და გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ასევე მოეწყო სადისკუსიო პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმ ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა,  რომლებიც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის განკუთვნილ სხავდასხვა პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი.

ბიზნესფორუმი

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საპარტნიორო ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის უპირატესობები, სამიზნე ბაზრები, ბარიერები და სირთულეები. პანელის ბოლოს კი გამოიკვეთა სამომავლო გეგმები ტურიზმის მიმართულებით.

ენმ „ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა და საარჩევნო სიის მეორე ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პეტრე ზამბახიძემ, დღეს, 29 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა. პეტრე ზამბახიძის თქმით, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქობულეთში ყოფნისას საარჩევნო შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების იძულებით მიყვანასა და პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტს.

მისივე ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მატულობს ადგილობრივი ხელისუფლების როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე სხვადასხვა ფაქტი, რაც კანონმდებლობით არის აკრძალული:  „გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს იყო მობილიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებიც კი ჰყავდათ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო ფორმატის იყო, რაც დარღვევა და არასწორი ნაბიჯია.“

პეტრე ზამბახიძემ ასევე განაცხადა: „გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს სკოლის დირექტორებზე და პდაგოგებზე მუშაობა იმისათვის, რომ მოაგროვონ სიები და მხრდამჭერები მიიყვანონ არჩევნებზე ხმის მისაცემად, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.“

კითხვაზე, აქვს თუ არა რომელიმე კონკრეტული დირექტორის ან პედაგოგის სახელი და გვარი, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ „არსებობს ბევრი ფაქტი, თუმცა ეშინიათ გამოაშკარავების“.

„განათლების სამინისტროში ასეთი ტიპის ინფორმაცია არ შემოსულა. ასევე არც განათლების სამინისტროდან და რესურსცენტრიდან  არ ყოფილა არანაირი მითითება, რომ გაკვეთილებიდან ბავშვები გაეშვათ. დარწმუნებული ვარ, სკოლის დირექტორიც არ გაუშვებდა მოსწავლეებს ორი გაკვეთილით ადრე“, – განაცხადა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა ვადაჭკორიამ. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ის დაუკავშირდა სკოლების დირექტორებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველა სკოლაში ჩატარდა სრული საგაკვეთილო პროგრამა.

„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს

დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში.

აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, რაც შუქს ვიღებთ კერძო პირისგან, ვიხდით  27 თეთრს, არც ერთი თვის დავალიანების გადასახადზე პრობლემა არ შეგვიქმნია, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა. ამ კერძო პირის სახლი, რომელიც მდებარეობს ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით ასი მეტრის მოშორებით, ინგრევა იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჰყავთ მთავარი ძაბვის ხაზები, ამის შემდეგ ჩვენ,  400 ოჯახი, ვრჩებით ელექტროენერგიის გარეშე“.

აქციაზე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობამ მოსახლეობას უნდა უშუამდგომლოს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ და უახლოეს დღეებში ჩაურთოს ელექტროენერგია: „თუ მთავრობა არ უშუამდგომლებს და ამ მოსახლეობას დენს არ ჩაურთავენ, ჩვენ ორშაბათიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით გადავინაცვლებთ აჭარის მთავრობის სახლთან“.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ დღეს სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა: „ჩვენი სპეციალისტები უკვე გასულები არიან, აწარმოებენ მოლაპარაკებას „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ და უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე და სწრაფად უნდა გადაწყდეს და გადაწყდება კიდევაც“.

მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, 29 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც „მარიხუანას მოხმარება არაერთგზის“  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე შეაფასა ანტიკონსტიტუციურად, რადგან მიიჩნია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე უკვე გამოტანილია იდენტური გადაწყვეტილება. 2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ქიქარიშვილის საქმეზე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც პირადი მოხმარების მიზნისთვის მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას.

გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ: „პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე მარიხუანას შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას განმეორებით, ან არაერთგზის მოხმარებას არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი  70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა”.

სადავო ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური წარდგინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა.

 

 

ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე  მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის და სხვა ტიპის პროექტებზე, რასაც გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო.

შეხვედრა სტუდენტებთან დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რასაც მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების მინისტრი გია თავამაიშვილი და ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

პატარიძე ხალვაში თავამაიშვილი

მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის საკითხებზე საუბრისას უნივერსიტეტისთვის აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გაზრდილი ბიუჯეტი და რამდენიმე პროგრამა [საზღვარგარეთ სწავლება, სოციალური გრანტები] გამოყო.

„ჩვენი პრიორიტეტია განათლება, განათლებული ახალგაზრდობა“, – მიმართა სტუდენტებს ზურაბ პატარაძემ და ასევე აღნიშნა, რომ რექტორთან მოლაპარაკებების საფუძველზე იგი მზადაა ლექციები წაიკითხოს ბსუ-ს სტუდენტებისთვის.

„მე ჩემი დიპლომატიური კარიერა, გამოცდილება და განათლება მაძლევს საშუალებას, რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი, რაც ალბათ შესაძლებელი იქნება უკვე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან იქვე დადო პირობა, რომ შეასრულებს მედიატორის ფუნქციას უნივერსიტეტსა და კომპანიებს შორის სტაჟირების პროგრამების გასაძლიერებლად.

მერაბ ხალვაშის განცხადებით, აჭარის განათლების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წელი ბსუ-ს ორასზე მეტ წარმატებულ სტუდენტს დაუფინანსა სოციალური გრანტების ფარგლებში. მისივე თქმით, შეხვედრას სწორედ დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილი ესწრებოდა. მოგვიანებით „ბათუმელებთან“ ბსუ-ს პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები.

სასწავლო პროცესი ბსუ-ში სამი ოქტომბრიდან იწყება და ამ დროისათვის არ მიმდინარეობს. ვინ მოიწვია სტუდენტები შეხვედრაზე? – ამასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ პრესსამსახურში განუმარტეს, რომ უნივერსიტეტში არსებული „სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური“ ფლობს სოციალური გრანტების პროგრამაში ჩართული სტუდენტების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას. სწორედ ამ სამსახურის პრეროგატივა იყო სტუდენტებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და მათვე მოიწვიეს სტუდენტები შეხვედრაზე.

„ჩვენ გვტკივა, რომ პედაგოგები არ გვყავს, დაგვიბერდა სკოლა. ასაკოვნები არიან… მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა მათ, მაგრამ სკოლა უნდა გაახალგაზრდავდეს, ამიტომ ზოგიერთები სწორედ იმ დროს ნატრობს, როდესაც პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და ამზადებდა პირდაპირ პედაგოგებს“, – აღნიშნა გია თავამაიშვილმა და დასძინა, რომ ამ და სხვა დეფიციტური პროფესიების განვითარებისთვის სამინისტრო ცდილობს, იმ სტუდენტებს დაუფინანსოს საზღვარგარეთ სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც რეგიონში დაბრუნდებიან და იმუშავებენ.

პატარიძე თავამაიშვილი ხალვაში

კიდევ ერთი საკითხი, რასაც აჭარის განათლების მინისტრი შეეხო, სტუდენტების დაფინანსებაა გრანტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრო გრანტის გაცემის პროგრამის ცვლილებას დიდი ხანია განიხილავს:

„უმაღლესი განათლება საქართველოს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში დიდი ხანია გაჩნდა იდეა საგრანტო პროგრამის ცვლილებაზე. შესაძლოა სტუდენტმა ეროვნულ გამოცდაზე მოიპოვოს დაფინანსება [რაც ამ ეტაპზე მთელი ოთხი წელი ვრცელდება], მაგრამ შემდეგ მისი აკადემიური მოსწრება სულაც არ იყოს მაღალი, ამიტომ უკვე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს და გრანტების გაცემისას სხვა კომპონენტიც ჩაიდოს, ვთქვათ, აღარ იყოს ოთხწლიანი და მნიშვნელობა მიენიჭოს სწავლის პროცესში სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას“.

გამოსვლების ბოლოს დაგეგმილი იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა დამსწრეთაგან კითხვის დასმის სურვილი არავის გამოუხატავს.

სტუდენტები შეხვედრის ბოლოს სპეციალურ სიებში ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ ესწრებოდნენ შეხვედრას. როგორც „ბათუმელებს“, მოგვიანებით უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუმარტეს, სტუდენტები ხელს აწერდნენ იმის დასადასტურებლად, რომ მიიღეს ინფორმაცია დაფიანანსების შესახებ.

„როდესაც სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს დაფინანსების მიღების შესახებ, შემდეგ მათ ამ ინფორმაციის მიღება უნდა დაადასტურონ ხელმოწერით, სწორედ ამ ხელმოწერას აკეთებდნენ სტუდენტები და ეს არ იყო დასწრების აღრიცხვა, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, სხვა დროს მივა და მოაწერს ხელს“, – განაცხადეს პრესსამსახურში. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები, არა კაბინეტში არამედ შეხვედრის ჩატარების ადგილზე ჰოლში მიმდინარეობდა.

სტუდენტბს პატარიძის შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერინეს

“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია

„პატრიოტთა ალიანსი“ წინაასაარჩევნოდ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თურქების რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს მონაცემები არასწორია და რამდენჯერმე აღემატება რეალურ ციფრს.

კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გამოცემულ საარჩევნო გაზეთში, რომელიც 100 ათასი ტირაჟითაა დაბეჭდილი, წერია: “ახლა თვითონ [თურქები] აცხადებენ, რომ უკვე 40 ათასზე მეტ თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი ბათუმში და მთლიანად აჭარაში ცხოვრობენ. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი თურქი დასაქმდეს აჭარაში და დემოგრაფიული სურათი შეიცვალოს”.

ამ ციფრებზე დაყრდნობით, დავით თარხან-მოურავი, პატრიოთა ალიანსის პროპორციული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე [რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 8 ოქტომბერს გაიმართება], აცხადებს, რომ  “თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს”.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე  საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა:

  • სულ: 5802 თურქეთის მოქალაქეს.
  • აქედან 3 606-ს აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა;
  • ხოლო 2196-ს აქვს ორმაგი მოქალაქეობა – საქართველოს და თურქეთის.

საქართველოში მცხოვრები ორმაგი [საქართველო-თურქეთი] მოქალაქეობის მქონე 2196 პირიდან, უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია და ცხოვრობს 1 252 ადამიანი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსს“, რათა ეკითხა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები თურქების შესახებ, მაშინ როცა ოფიციალური მონაცემები ბევრად მცირეა,  თუმცა, ჯერჯერობით, ამ და სხვა კითხვებზე პარტიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

„პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების მოშენება დაიწყო. ეზოში გაშენებული ჰოლანდიური ლილიები თამარისთვის შემოსავლის წყაროდ ოთხი წლის წინ იქცა.

„ექვსი წლის წინ ლილიები ნათესავმა ჰოლანდიიდან ჩამომიტანა და ეზოში სილამაზისთვის დავრგე. დროთა განმავლობაში ლილიები გამრავლდა და ბაღში გადავიტანეთ, რადგანაც ყვავილი ბევრი იყო, დედაჩემმა გადაწყვიტა გაეყიდა, ასე დაიწყო ჩვენი ყვავილების ბიზნესი.

ორი წლის განმავლობაში ლილიები ბაღში სახლთან ახლოს ღია ტერიტორიზე გვქონდა გაშენებული, შემდეგ გადავწყვიტეთ სათბური შეგვეძინა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 50 კვადრატი სათბური შევიძინეთ თანადაფინანსებით და ლილიები სათბურში გადავიტანეთ, სადაც ყვავილები მალე გამოვიდა, რაც უფრო მალე გამოიყვან ყვავილს, მით უფრო მოგებული ხარ. გადავწყვიტეთ, ლილიების ის ნაწილიც, რაც ღია სივრცეში გვქონდა, სათბურში მოგვექცია, მამაჩემმა კი არსებული სათბურის კონსტრუქციის მიხედვით იმავე ფართობის სათბური თვითონ გააკეთა, ეზოში დარგული ლილიებით დროთა განმავლობაში ორი სათბური მოვიცავით“, – გვიყვება თამარი.

ის წლების განმავლობაში ლილიების გამოყვანის ტექნოლოგიებსაც დაეუფლა, ყვავილების გამოყვანასთან დაკავშირებით სიახლეებს ყოველდღიურად ინტერნეტით ეცნობა, საკუთარ მეურნეობაში ნერგავს და მოსავლითაც კმაყოფილია. ამბობს, რომ ყვავილების მოვლა მოსწონს, განსაკუთრებით ლილიების, რადგანა, როგორც გვიხსნის, ყვავილის ეს სახეობა ადვილად გამოსაყვანია.

„კარგად მესმის ყვავილების, ვიცი როდის რა სჭირდებათ, რა არის ყვავილისთვის კარგი და რა ცუდი. ვერ ვიტყვი ლილიებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება-მეთქი, მაგრამ მოვლის გარეშე არაფერი ხარობს.

ლილიები ბოლქვით მრავლდება. არ სჭირდება სიღრმეში დარგვა, მთავარია, ის დაცილება ჰქონდეს ბოლქვებს, რაც საჭიროა. დარგვიდან სამ თვეში ლილიები ყვავილს იღებს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყვავილობს, ყვავილის გახსნა ნიშნავს, რომ მოსავალი მოვიდა. მორწყვა და გასუფთავება პერიოდულად სჭირდება, ამბობენ, ყვავილს მატლი უჩნდება და ანადგურებსო, მაგრამ ჩემს ლილიებს ჯერ არ გაჩენია და არც შემიწამლია.

ყვავილობის დასრულებისთანავე თუ ამოიღებ ბოლქვს, გამრავლებას ვერ მოასწრებს, თუ დატოვებ მიწაში – ერთი ძირი 7-8 ბოლქვს გაიკეთებს. უკეთესია ყველა წელს არ მოხდეს ბოლქვების განაწილება, რადგან ყვავილი უფრო ჯანსაღი იქნება და ბევრ ნაყოფსაც იძლევა, მაგრამ თუ ბოლქვების განაწილებას გადაწყვეტს ვინმე, ვურჩევ, ახალი შემოაცალოს და ძველი დატოვოს“.

თამარი დათვლილ და დაფასოებულ ლილიებს მუყაოს ყუთში ათავსებს და ბათუმში გადამყიდველებს ბითუმად აბარებს. ამბობს, რომ, ძირითადად, მაღაზიების შეკვეთებზე მუშაობს.

„ყვითელი, თეთრი, სტაფილოსფერი, შინდისფერი და ღია შინდისფერი ლილიები გამომყავს. ყველა ფერის ლილია მოთხოვნადია, რეალიზაციის პრობლემა არასდროს მქონია, რადგანაც ჰოლანდიური ლილიები ერთ თვეს ძლებს და ეს ხელს გამყიდველებსაც უწყობს. ზოგჯერ 50, ზოგჯერ 100 ცალს ვკრეფ, მაქსიმუმი დღეში 200 ცალი დამიკრეფია, მაგრამ იშვიათად.“

თამარს ლილიებთან ერთად, სამომავლოდ, ხვიარა და ჰოლანდიური ვარდების გამოყვანაც აქვს დაგეგმილი. მან 300 ძირი ხვიარა და 500 ძირი ჰოლანდიური ვარდი საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ შეუკვეთა. პირველ ეტაპზე შეკვეთილი ლილიების გაშენებას გეგმავს, სამომავლოდ კი კალმით აპირებს ვარდების გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ხვიარა ვარდები ამ დროისთვის საქართველოში არავის გამოჰყავს და ყველაზე ძვირადღირებულია, ფიქრობს, რომ მისი რეალიზება არ გაუჭირდება.

როგორც თამარი ამბობს, „ხვიარა ვარდები საქართველოში არავის გამოჰყავს, მისი გამოყვანის იდეა ჩემს ნაცნობ ყვავილების დიზაინერსა და მე ერთად გაგვიჩნდა. ის ხვიარა ვარდებისგან დეკორაციებს სადღესასწაულოდ აკეთებს, შეკვეთებს არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთიდანაც იღებს, რისთვისაც ხვიარა ვარდებს საზღვარგარეთიდან იწერს. გადავწყვიტეთ, რომ მე ხვიარა ვარდებს გამოვიყვან, მას მივაწოდებ, არც მას მოუწევს ვარდების საზღვარგარეთიდან ჩამოტანა და არც მე შემექმნება რეალიზაციის პრობლემა.“

თამარს სურს მისი გამოყვანილი ყვავილები მაღაზიაში თავად გაყიდოს, რისთვისაც ბათუმში მაღაზიას აშენებს. ფიქრობს, სამომავლოდ სპეციალური მაცივრებიც შეიძინოს, რაც ხელს შეუწყობს წლის ნებისმიერ სეზონზე ლილიების გამოყვანას:

„თუ ზაფხულში ერთი ლილია 5 ლარი ღირს, ზამთარში 10 ლარად ფასობს. მინდა ყველა სეზონზე გამოვიყვანო, მაგრამ ამისთვის სპეციალური მაცივარი მჭირდება. არის სპეციალური ყვავილის მაცივრები, რომელიც ბოლქვს არ ყინავს და ერთ ტემპერატურაზე ინახავს, ეს ბოლქვის გაღივების პროცესს აჩერებს და შეგიძლია მაშინ დარგო, როცა გინდა. აი, მაგალითად, თუ ზამთარში გინდა გამოიყვანო, ზამთრამდე სამი თვით ადრე უნდა დარგო“.

ბიზნესის გაფართოების იდეა აქვს, მაგრამ განსახორციელებლად თანხა სჭირდება. სურს მოაწყოს წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სპეციალური გამათბობლები, მაცივრები, განსაკუთრებით კი სათბური სჭირდება, სადაც ჰოლანდიურ ვარდს დარგავს. ფიქრობს, რომ სხვა დანარჩენს დროთა განმავლობაში მოაწესრიგებს და იმ საქმეს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ასრულებს, საკუთარი შრომით გააგრძელებს ისევ.

ბიზნესის გასაფართოებლად ბიზნესიდეა „აწარმოე საქართველოსთვის~ პროგრამის ფარგლებში წარადგინა და სახელმწიფოსგან 5 000 ლარით დაფინანსება მოითხოვა. თუ სახელმწიფო მას იდეის განხორციელებაში ფინანსურად დაეხმარება, დამატებით სათბურის ყიდვა აქვს გაწერილი, სადაც ჰოლანდიური ვარდები უნდა დარგოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესიდეას დაუწუნებენ, იძულებულია თანხა ბანკიდან გამოიტანოს. იდეების კონკურსში მ მეორე ტური გადალახა. გაიმარჯვებს თუ არა იდეების კონკურსში ქედელი მეწარმე, ეს მესამე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.

„თუ იდეების კონკურსში გავიმარჯვებ და ჩემს მოთხოვნილ 5 000 ლარს მომცემენ, ეს ძალიან დამეხმარება ბიზნესის გაფართოებაში. ამ თანხით სათბურს შევიძენ და ჰოლანდიურ ვარდებს სათბურში დავრგავ. ხვიარა ვარდები ყინვაგამძლეა და ღია ნიადაგზე დავრგავ, არ გაუჭირდება, მაგრამ ჰოლანდიური ვარდები სათუთია, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება“.

თამარს ყვავილების მოვლაში მშობლები ეხმარებიან, მაგრამ თუ მეურნეობის გაფართოება გეგმის მიხედვით შეძლო, დამხმარეებიც დასჭირდება. „ამ დროისთვის ძირითად საქმეებში დედაჩემი მეხმარება, მაგრამ თუ ისე აეწყო, როგორც დავგეგმე, ვფიქრობ, დამხმარეები დამჭირდება და ავიყვან კიდეც. წარმატებული ბიზნესმენი ქალი თუ არა, წარმატებული ფერმერი მაინც ვიქნები~.

ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

 28 სექტემბერს დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, შეკეთდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

„მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა გახსნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 21 შენობა. გარდა ამისა, აშენდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. მათივე ცნობით, ახლო მომავალში კიდევ 2 ახალაშენებული და 1 რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია 12 ახალი შენობის აშენება და 4-ის რეაბილიტაცია.

“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში

33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის.

ირმა დიმიტრაძის ფოტო

ოჯახს ბავშვების მამა ფინანსურად არ ეხმარება, მაგრამ არც ოფიციალურად განქორწინებულა. ბავშვები კი ცხოვრობენ ოთახში, სადაც კედლებზე გახუნებული შპალერია გაკრული, რომლის დიდი ნაწილი ჩამოხეულია. ოთახი პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი. შესასვლელში ძველი დივანი და მაგიდა დგას, გვერით – გაზის ლურჯი ბალონი. ოთახში ორი ჩატეხილი საწოლი და ერთი ძველი გასაშლელი დივანია. საწოლსა და დივანს შორის პატარა შეშის ღუმელი დგას, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ოჯახი ზამთარში გაათბოს, თუკი ოჯახს შეშის ვაუჩერი მოუწევს. კედლებს შორის თოკებია გაბმული და ბავშვების ტანსაცმელი შრება. ერთ-ერთი საწოლის გვერდით პატარა ვინტილიატორი დგას: ამ საწოლზე მარისა და ლანას სძინავთ. ვინტილიატორი მარისთვისაა. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უჰაერობა ხშირად აწუხებს. დედამ ეს გამოსავალი იპოვა.

მარის თავის ტვინის მარცხენა ჰაიმორის წიაღში მუკოიდური კისტა აქვს. ასევე აწუხებს ბრონქები, თუმცა უსახსრობის გამო ამ დრომდე ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა. ბავშვი აპრილში საავადმყოფოშიც გადაიყვანეს:

„სახლში არ ვიყავი, რომ დამირეკეს“ მეზობელი ამოსულა, თურმე იმდენად სტკიოდა, ხმამაღლა ყვიროდა და დახტოდა, კრუნჩხვებში ჩავარდა და გაითიშა. სასწრაფოთი გადავიყვანეთ. ფული არაფერში გადაგვახდევინეს, მაგრამ გამოგვწერეს – ოპერაცია სრულწლოვანობამდე არ შეიძლებაო. შემდეგ ვეღარ მივიყვანე გამოკვლევებზე. ხშირად ტკივა თავი“, – ყვება ხუთი შვილის დედა. მისივე თქმით, მარი გამოკვლევებზე რომ მიიყვანოს და ეს დაზღვევამ აანაზღაუროს, მაშინ ბავშვის დაწვენა მოუწევს, შესაბამისად, დანარჩენებს ვერ მიაქცევს ყურადღებას.

„საავადმყოფოში რომ დავაწვინეთ, შემდეგ გავიგე, თურმე მარი მანამდე სკოლაში გათიშულა. ხომ იცით, მასწავლებელი ბავშვს ყველგან ვერ გაყვება… ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო, მაშინ გათიშულა პირველად, მაგრამ არ მითხრა“, – იხსენებს მაია.

გუგა, ლანა და მარი სკოლაში ფრენბურთზე დადიან. მაია ამბობს, რომ მარი იღლება და ცუდად ხდება, მაგრამ სპორტს თავს არ ანებებს. მისივე თქმით, ოთახში, სადაც ხის ფანჯრებიდან ზამთარში ქარი უბერავს, ბავშვები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ.

მაია არ მუშაობს. ხანდახან სარფში გადააქვს სიგარეტი, თუ ვინმე დაურეკავს და სთხოვს… მაქსიმუმ კვირაში ერთხელ ახერხებს ამას. ამბობს, რომ ერთ გადასვლაზე ათ ლარს უხდიან.

მაია ფიქრობს, რომ სადმე დამლაგებლად თუ იმუშავებს, მაქსიმუმ 200 ლარს გადაუხდიან, მაგრამ შიშობს, რომ აუცილებლად მოუხსნიან სოციალურ დახმარებას, რაც თვეში 400 ლარია:

„ამ ფულს ბავშვების წამლებზე, ტანსაცმელზე, კომუნალურებსა და სხვა წვრილმან ხარჯებზე ვანაწილებ. საჭმელი სასადილოდან მომაქვს. სამუშაოდ რომ გავიდე, ბავშვებს არავინ ეყოლებათ სახლში. უმცროსი სამი წლისაა, ბაღში დამყავს, მაგრამ როცა შინ მოდის, მიხედვა უნდა. თანაც 200 ლარად თავს ვერ ვირჩენთ. რომ ვიცოდე დახმარება არ შემიწყდება, ვიმუშავებდი და ბავშვებს მეტს შევთავაზებდი“, – ამბობს მაია. მისი თქმით, ბათუმის მერიას მიმართა საცხოვრებლით დაკმაყოფილების თხოვნით, მაგრამ უთხრეს, რომ მსგავსი პროექტი მერიაში არ აქვთ.

ახლა ოჯახს ყველაზე მეტად თავშესაფრის საკითხი აწუხებს. მართალია, ერთ ოთახში, სამ საწოლზე სძინავთ, მაგრამ ის, რომ შეიძლება ამის დატოვებაც მალე მოუხდეთ, ყველაზე მეტად ანერვიულებთ.

რვა წლის დათა სკოლიდან ყველაზე ადრე მოვიდა. ამბობს, რომ ხელოვნებაში ათი ქულა მიიღო და დედას ნახატს აჩვენებს. მეორე კლასშია და უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს: „ყველას ვუმკურნალებ, ჩემს და-ძმებსაც და ყველას“, – ამბობს დათა.

შეკითხვაზე, რა უნდა ყველაზე მეტად, დათა დაუფიქრებლად გვპასუხობს: „სახლი!“, – და რამდენიმე წამში დასძენს: „ოთახებიანი სახლი მინდა! ჩემს ოთახში რომ ვიკითხო. მაგრამ ცალკე ოთახში არ ვიცხოვრებ, ბიჭები ერთად ვიყოთ, გოგოები – ერთად “.

ისინი საწოლებში სწორედ ასე არიან გადანაწილებული: დათასა და გუგას დივანზე სძინავთ, ლანასა და მარის დივანის მოპირდაპირედ საწოლზე, ხოლო მაიასა და ლიზას – შესასვლელში საწოლზე.

ირმა დიმიტრაძის ფოტო
ირმა დიმიტრაძის ფოტო
Exit mobile version