მთავარი,სიახლეები

ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

11.09.2017 • 4790
ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა.

„სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და, უბრალოდ, შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“, – ვკითხულობთ „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმის სრული ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში არ იძებნება. თუმცა „ბათუმელები“ ფორუმში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი შინაარსის ტერმინები მინისტრმა საუბრის დროს გამოიყენა.

„მსგავსი რაღაც ითქვა, შეიძლება სტილის დაცვით არ მახსოვს, მაგრამ თქვა, რომ 3 წლის წინ, ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი 20 ქულა იყო, ანუ 3 მაიმუნი რომ შეგვეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა, ალბათ ჩანაწერიც არსებობს სადმე“, – გვეუბნება ის.

ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

„თუკი მინისტრმა მართლაც გამოიყენა  მსგავსი შეფასებები, ბუნებრივია, ეს რისკის შემცველია. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, რადგან ძალიან ბევრი ბავშვია ბულინგის პრობლემის წინაშე. შესაბამისად, მაღალი რისკის მაჩვენებელია, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან არის ასეთი შედარებები გაკეთებული.

შეიძლება აწიო საგამოცდო ბარიერი და თქვა, რომ ვინც დაიმსახურებს ჩაბარებას. მაგრამ სტილს, რამაც შეიძლება დაბადოს ბულინგის უფრო მეტი რისკი სკოლაში, ჩემი აზრით, არ უნდა ისმოდეს მაღალი ტრიბუნიდან.

თუ ვაცნობიერებთ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც მუშაობს ბავშვებთან, ვართ სოციალური მოდელები ბავშვებისთვის და როგორც ჩვენ მივმართავთ ერთმანეთს, ბავშვებიც პირდაპირ იღებენ ამ ქცევას. ქცევა დასწავლადია. ამიტომ არის ჩემთვის, პირადად, მინისტრის მიერ გამოყენებული ტერმინები შემაშფოთებელი, რადგან ის ამწვავებს ბულინგის პრობლემას. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ  დასწავლის პრობლემები, შეიძლება მათ მიმართ იყოს გამოყენებული ეს ტერმინები. ამიტომ, თუ მაღალი თანამდებობის პირები ამას ვერ გააცნობიერებენ, ჩვენ მუდმივად გვექნება ბულინგის – სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემა სკოლებში. უფროსები უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა სიტყვებს ვიყენებთ, რა შედარებები მოგვყავს ბავშვებთან მიმართებაში.“

განათლების მინისტრმა დისკრიმინაციული გამონათქვამები მანამდეც გამოიყენა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: