მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სასწავლო პროცესი კერძო სახლებში

12.09.2017 • 1951
სასწავლო პროცესი კერძო სახლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში პირველი ზარი ბავშვებისთვის სკოლის ნაცვლად საცხოვრებელ სახლში დაირეკება. სასწავლო პროცესი აქ, ზაურ ხარაბაძის ხის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე წელს მეორედ განახლდება.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე გამარტავს, რომ  საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება.

„იქედან გამომდინარე, რომ სხვა ალტერნატიული ფართობი არ გამოინახებოდა, სასწავლო პროცესი კერძო სახლში განახლდება, გარდა კერძო სახლისა, კლასების ნაწილს ამავე სოფელში არსებულ დაწყებითი კლასების სკოლაში ჩაუტარდება გაკვეთილები. ორივე შენობა ტერიტორიულად ახლოსაა. რაც შეეხება მშენებარე სკოლას, ყოფილი სკოლის ადგილზე შენდება, ამ დროისთვის ერთი სართულია აშენებული,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

სოფელ ტუნაძეებში საშუალო საფეხურის სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ოთხსართულიანი, კაპიტალური სკოლის ასაშენებლად ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ბზამ“ გაიმარჯვა და 29 მარტს ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 647 467 ლარზე გაფორმდა.

სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ბზას“ სოფელ ტუნაძეებში სკოლის მშენებლობა წელს, 31 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამინისტროს სკოლის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ მოუწია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ამის გამო 5 მაისს სკოლის ასაშენებლად სამინისტრომ ტენდერი მეორედ გამოაცხადა, ამჯერად –  713 000 ლარზე.

ტუნაძეების სკოლის მშენებლობაზე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მეფურმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება 12 ივლისს 657 999 ლარზე გაფორმდა, სახელშეკრულებო ვადა კომპანიას 31 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დასრულდეს ოთხსართულიანი სკოლის მშენებლობა.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ედუარდ მიქელაძის თქმით, ხულოს ყველა სოფლის სკოლები მზად არის სასწავლო პროცესის დასაწყებად, აგარის სკოლის გარდა, ახალაშენებული სკოლისგახსნა სოფელ აგარაში პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი.

სოფელ ტუნაძეების მსგავსად, შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჟანივრსა და ცინარეთში სასწავლო პროცესი სკოლებში არ განახლდება, მოსწავლეებს გაკვეთილები სოფელ ჟანივრში კერძო სახლში ჩაუტარდება, ხოლო ცინარეთში – კერძო სახლსა და სოფლის სახლში.

შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, ცინარეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

„მანამდე კი გაკვეთილები კერძო სახლსა და სოფლის სახლში ჩატარდება. რაც შეეხება ჟანივრს, სკოლა დაიწვა და აქ ახალი სკოლა შენდება. მშენებლობის დასრულებამდე, დაახლოებით, ახალწლამდე, გაკვეთილები კერძო სახლში ჩატარდება. ცინარეთში 12-კლასიანი სკოლაა, ჟანივრში კი საბაზო, სადაც მხოლოდ შვიდი მოსწავლე გვყავს“.

რაც შეეხება ხელვაჩაურის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, რესურცენტრების უფროსების ინფორმაციით, ყველა სკოლა მზადაა სწავლის დასაწყებად. სამივე მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.

მთავარი ფოტო: სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს, გაკვეთილები კერძო სახლში უტარდებათ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

მოსწავლეები კერძო სახლში, სკოლის გარეშე

გაკვეთილები მეზობლის სახლში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: