მთავარი,სიახლეები

რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

11.09.2017 • 3766
რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს „საქართველოში შემოვიდნენ“.

„მიშა სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიები და მერე კანონი მიიღო, რომ ჩვენს შორის (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) ურთიერთობა არ იყოს. 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში. ქართული პასპორტი აქვს მხოლოდ 640 კაცს, დანარჩენს არ აქვს ქართული პასპორტი ან რუსული პასპორტი აქვს ან აფხაზური…

ამან კი მიიღო ისეთი კანონი, რომ ვინც ცხინვალში ცხოვრობს თბილისში ვეღარ ჩამოდიოდეს.  ეს სპეციალურად გააკეთა. კანონი მიიღო ისეთი, რომ ერთმანეთთან 25 წელი კონტაქტი აღარ არის. ამ ხელისუფლებას რამდენი ხანია ვებრძვით, რომ გააუქმოს და არაფრით არ აუქმებს. ახლა ჩვენ წავედით რუსეთში. თქვენ იცით, რომ რუსეთში ყველაფერზე იყო უარი, ახლა თქვე გინდათ ლაპარაკი სოხუმში, ჩვენ დაგეხმარებით, წადით ილაპარაკეთ“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე მიიჩნევს, რომ თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„აფხაზები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამკურნალოდაც ჩამოდიან ქართულ კლინიკებში. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებთანაც აქვს უვიზო მიმოსვლა, პრობლემა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაა საქართველოს მთავრობის დაუკითხავად. თარხან-მოურავი ავრცელებს დეზინფორმაციას და ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან, პირიქით, ქართული მხარე ყველანაირად უწყობს ხელს იმას, რომ მაქსიმალურად ბევრი აფხაზი ჩამოვიდეს და მიიღოს ის მომსახურება და სიკეთეები, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ეს არის დამახინჯებული და მანიპულაციის შემცველი ინფორმაცია“, – ამბობს ის.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რაზეც თარხან-მოურავმა ქობულეთში ისაუბრა, ვრცელდება არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებზე, არამედ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედიან საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში ამბობენ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს რაიმე განსაკუთრებულ აკრძალვას უწესებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-4 მუხლის ა და ბ პუნქტების მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესვლა შეუძლია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ცხინვალის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან“.

აფხაზეთისა ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სხვა მიმართულებიდან შესვლა ისჯება. ამონარიდი კანონიდან: „ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ნებართვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი იძინა ლებანიძე  „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს ამომრჩევლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანასთან:

ზოგადად არც სხვა პარტიები თაკილობენ სიცრუის ტირაჟირებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი პარტიების მორალური დიაპაზონი ერთი საფეხურით კიდევ უფრო დაბლა დგას.

„პატრიოტთა ალიანსი“ არის ევროპაში ბოლო დროს აღმოცენებული ფსევდოპატრიოტული მოძრაობების და პოლიტიკური პარტიების ქართული ანარეკლი. მათი მთავარი ნიშანია პოლიტიკური ოპორტუნიზმი და არაპოპულარული თემების სათავისოდ მანიპულირებით რეიტინგის გაზრდა“.

ბოლო რამდენიმე თვეა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას, რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოც დაჟინებით ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: