პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. პარლამენტის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და იგი 14 ივლისიდან ამოქმედდა.

დადგენილების დასაწყისში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინა წლის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, დადებითად შეასრულა მთავრობამ.  კონკრეტულად 203 რეკომენდაციიდან 110 შესრულდა, 36 ნაწილობრივ შესრულდა, 96 შესრულების პროცესშია, ხოლო 11 რეკომენდაცია შეუსრულებელია. დადგენილებაში მითითებული არ არის, პარლამენტის რეკომენდაციებიდან რა არ შეასრულა მთავრობამ.

მთავრობასთან მიმართებით პარლამენტი ძირითადად გენდერული საკითხების მოგვარებაზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე აკეთებს აქცენტს. ამ ჩამონათვალში ვკითხულობთ:

„უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის განხორციელება, მათ შორის, ქალთა მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამის შემთხვევასთან დაკავშირებული საჭირო მონაცემების გაანალიზება“

პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს სასამართლოს, დროულად მოხერხდეს საქმის განხილვა. კიდევ ერთი რეკომენდაცია აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ეხება:

„აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას განიხილონ ბრალდებულის ან/და სხვა პირის ქონებრივი შესაძლებლობის საკითხი, რათა გირაოს გადაუხდელობის გამო ბრალდებულის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა არ იქნეს გამოყენებული“

პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტი ვიდეო სათვალთვალო კამერებზე აძლევს მითითებას.

რეკომენდაცია პროკურატურას: „უმოკლეს ვადებში ამოიღოს სრული ვიდეომასალა, რომელიც შესაძლებელია ასახავდეს სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერები“

რეკომენდაცია შინაგა საქმეთა სამინისტროს: „მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომელთა მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, სათანადო სწავლების, ანგარიშვალდებულების გაზრდის და მკაცრი ზედამხედველობის მეშვეობით“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში დაამონტაჟოს სათვალთვალო კამერები“.

გენდერული საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტი მუნიციპალიტეტებთან მიმართებით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინებას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, მარტოხელა მშობლებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“.

პარლამენტი რეკომენდაციას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც:

„გაიაზროს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობა და გადაცემების დაგეგმვისას თავიდან აიცილოს სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი კონტექსტები.“

ვინ იყიდა აკვაპარკთან მდებარე მიწა

ზღვის პირას, აკვაპარკის მიმდებარედ მიწა კომპანია „დარ ბილდინგმა“ შეიძინა. წინასწარ განსაზღვრული პირობების მიხედვით, კომპანიამ აქ მრავალპროფილიანი შენობა უნდა ააგოს.

აუქციონი 12 971 კვადრატული მეტრის გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. აუქციონის დასრულებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ მიწა შეუსაბამოდ დაბალ ფასად იყიდებოდა და საქმე კორუფციასთან გვაქვს. პარტიაში ეჭვობდნენ, რომ ამ მიწას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობარი ბიზნესმენი შეიძენდა.

აკვაპარკთან მდებარე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. ქონება კომპანია „დარ ბილდინგმა“ 5 მილიონ 822 ათას ლარად შეიძინა.

კომპანია „დარ ბილდინგის“ მიმართ ინტერესი საზოგადოებაში მას შემდეგ გაიზარდა, როცა ამ კომპანიამ ბარათაშვილის 24-ში მდებარე ისტორიული სახლი უნებართვოდ დაანგრია. ბათუმის მერიასა და კომპანიას შორის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „დარ ბილდინგი“ ბიზნესმენ რევაზ დარჩიძეს ეკუთვნის.

ამაში არაფერი საშიში არ არის – თურქეთის კონსული მუსტაფა ჩაბუქის გადაცემაზე

რატომ ვერ წარმოადგინა თურქეთის მხარემ მტკიცებულებები, რაც დაარწმუნებდა საზოგადოებას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია? – შეკითხვა „ბათუმელებმა“ თურქეთის კონსულს ბათუმში, იასინ თემიზქანს დაუსვა. ჩაბუქი დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორი იყო. ის 24 მაისს დააკავეს. ზუსტად ერთი დღით ადრე კი საქართველოში თურქეთის მთავრობის ვიზიტი შედგა.

„არანაირი საშიშროება არ არსებობს, ჩაბუქი წარსდგეს თურქეთში სასამართლოს წინაშე, ამაში არაფერი საშიში არ არის. თუკი ის თვლის, რომ უდანაშაულოა, უნდა წარსდგეს თურქეთის სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. საერთაშორისო ორგანიზაციები თვალყურს ადევნებენ ამ პროცესს. ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა“.

თურქეთის კოსულს შევახსენეთ, რომ მტკიცების ტვირთი აქვს ბრალდების მხარეს, ანუ სახელმწიფოს და არა ბრალდებულს. სახელმწიფომ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაარწმუნებდა საზოგადოებას ჩაბუქის ბრალეულობაში. საზოგადოებამ საპროტესტო აქციები ჩაბუქის გასათავისუფლებლად თბილისშიც გამართა.

თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა ამ კითხვაზე პრაქტიკულად ნათქვამი გაიმეორა: „როგორც გითხარით, ჩვენ გვსურს, რომ ეს ადამიანი გასამართლდეს თურქეთში, წარსდგეს სასამართლოს წინაშე და წარმოადგინოს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მის უდანაშაულობას. თურქეთის საელჩო მართვას კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან.“

ამავე თემაზე:

“ეს არის სპეკულაციური შეკითხვა”, – თურქეთის ელჩი მუსტაფა ჩაბუქის შესაძლო არგადაცემის შედეგებზე

კონსული თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე: დემოკრატიის გამოცდა პირნათლად ჩავაბარეთ

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის პირველი წლისთავის აღსანიშნავად თურქეთის კონსული ბათუმში – იასინ თემიზქანი ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე კონსულმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „15 ივლისი დემოკრატიის გამარჯვებაა“.

„ამ ადამიანებმა იარაღი გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მათ არაფერი ჰქონდათ ხელში… იყო მოლოდინი, რომ ტერორისტები უკან დაიხევდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ტანკები გამოიყვანეს, ცეცხლი გაუსხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. 250 მოქალაქე დაიღუპა იმ ღამით გმირულად. ჩვენთვის ეს იყო დემოკრატიისa და სახელმწიფობრიობის გამოცდა,“ – თქვა იასინ თემიზქანმა.

იასინ თემიზქანმა ისაუბრა ფეტულა გიულენზეც, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით იყო დაინტერესებული და ეს გასული წლის 15 ივლისამდეც ცნობილი იყო თურქეთის ხელისუფლებისთვის. კონსულმა გიულენის მხარდამჭერები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოიხსენია, როგორც კულტს დამორჩილებულები.

„ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ფეტულა არის მესია, თვითონ ისინი კი ოქროს თაობა. ისინი მის კულტს ემორჩილებიან და არიან რადიკალიზმის ნიმუში. წლების განმავლობაში ისინი მალავდნენ კავშირს ფეტულა გიულენთან და იყვნენ სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული. მათ გააყალბეს საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსის შეეგები და თავიანთი ხალხი დაასაქმეს. ჩვენმა ხელისუფლებამ 15 ივლისამდე დაიწყო შესაბამისი ზომების გატარება,“ – აღნიშნა კონსულმა.

იასინ თემიზქანმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრზეც ისაუბრა, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს პირველად სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტით თურქეთს.

საკონსულომ შეხვედრაზე თურქეთის სახელმწიფო თანამდებობის პირების წერილობითი მიმართვებიც წარმოადგინა, სადაც ასევე იყო საუბარი დემოკრატიის გამარჯვებაზე.

„ბათუმელებმა“ თურქეთის კონსულს კითხა, რატომ აქცენტირებს თურქეთი დემოკრატიის გამოცდის ჩაბარებაზე და ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ამ პროცესში კითხვები გაჩნდა სწორედ დემოკრატიის საფრთხეზე?კონსულს შევახსენეთ ისიც, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დარწმუნდა ფეტულა გიულენის ტერორიზმთან კავშირში და მის ექსტრადაციაზე უარი თქვა.

კონსულმა გვიპასუხა, რომ ყველა ქვეყანას შესაძლოა ჰქონდეს თავისი მოსაზრება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის…  ჩვენი ხელისუფლება არის არჩეული დემოკრატიული გზით და ხელისუფლება იცვლება მხოლოდ არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიის ყველაზე მთავარი პრინციპი… საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი, ყველამ  დადო დადებითი დასკვნა ამ პროცესებთან დაკავშირებით. სხვადასხვა ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება. ამ ქვეყნებთან ჩვენ ომხრივი შეხვედრები გვაქვს და ვცვლით ინფორმაციას“

თურქეთის კოსულს ბათუმში, იასინ თემიზქანს „ბათუმელებმა“ კითხა დაუსვა სასამართლო პროცესებზეც, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სტრასბურგის სასამართლოს წევრმა ჰკითხა, რატომ ჭიანურდებოდა ამ საქმეების განხილვა.

იასინ თემიზქანის თქმით, ამ დროისთვის პასუხისგებაში მიცემულია 110 ათასამდე ადამიანი და მიმდინარეობს სასმართლო პროცესები. მისივე თქმით, საჯარო და კერძო სამსახურებში ადმინისტრაციული საქმისწარმოების შემდეგ დაბრუნდა 30 ათასი ადამიანი.

იასინ თემიზქანი: „საუბარია ძალიან ბევრ სასამართლო პროცესზე. არსებობს პირობაც, რომ სანამ არ დასრულდება საქმის განხილვა თურქეთში, ვერ გაიგზავნება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. თურქეთში ყველას აქვს უფლება, რომ პროცედურების გავლის შემდეგ მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ჩვენ ვაღიარებთ ამ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ვასრულებთ მათ. მინდა მოგახსენოთ, რომ ის ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ უსაფუძვლოდ იმყოფებიან ეჭვქვეშ, უნდა მიმართონ საგამოძიებო კომისიას. გუშინ გამოქვეყნდა ნორმატიული აქტი და კიდევ 300 ადამიანი აღადგინეს სამსახრუში. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ პროცესში ვინმე დაზარალდეს. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხებს. მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ მიმართონ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში.“

 სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, ხოლო 60 ათასი სახელმწიფო მოხელე სხვადასხვა უწყებიდან დაითხოვეს სამსახურიდან. სააგენტო ანადოლუს ცნობით, 27 ივლისს კიდევ დაახლოებით 1700 ჯარისკაცი დაითხოვეს და მათ შორისაა 47 გენერალი.  მასობრივი დაკავებების შემდეგ ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 15 ჟურნალი, 29 საგამომცემლო სახლი და სამი საინფორმაციო სააგენტო დახურა.

 

 

ბეშუმში სეზონი გაიხსნა

კურორტ ბეშუმში დღეს, 15 ივლისს, სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბეშუმის ადმინისტრაციის დირექტორის, ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები, ასევე სამედიცინო მომსახურების ცენტრები.

„გაიხსნა სუპერმარკეტები, ასევე კვების სხვა ობიექტებიც. 43 სახლში დამსვენებელი უკვე ამოვიდა. კოტეჯებში დამსვენებელთა რაოდენობა ჯერჯერობით ნაკლებია. ვფიქრობთ, 20 ივლისიდან მოიმატებს დამსვენებელთა რიცხვი. მოქალაქეები აქტიურად გვიკავშირდებიან, კითხულობენ რა მდგომარეობაა კურორტზე, გამართულია თუ არა ინფრასტრუქტურა, არის თუ არა წყალი და შუქი, წყლის და ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა არ არის,“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

150 ათასი ახალ ავტომანქანებში სამი რესურსცენტრისთვის

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე.

თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია.

 

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

საუბარია გასული წლის ივლისში ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, როცა დედამ 4 წლის ბიჭი სასტიკად სცემა და მეორე დილით თვითონ მიიყვანა საბავშვო ბაღში. ჩალურჯებები ბავშვის სხეულზე ბაღის აღმზრდელმა შეამჩნია და პოლიციას დაურეკა.

შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულმა დედამ დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა. მას პროკურატურამ ბრალად დასდო მეორე არასრულწლოვან შვილზე ძალადობაც, რადგან ის ცემის ფაქტის თვითმხილველი იყო. დაცვის მხარეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში ნახავთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც: „ბავშვს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი, ბლაგვის საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია“.

მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. „კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

 

ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა 34,4 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანობაში 117.7 მლნ აშშ დოლარი [283.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით [17.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.

geo_140717
ეროვნული ბანკის მონაცემები

2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მლნ აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

დისკუსია ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებსა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მთავარ მიზანს, ბათუმის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე, ნინო ბოქვაძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, ასევე ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობისა და საჯარო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა.

დისკუსია მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე
დისკუსია მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

კლინიკები აჭარაში დონეების მიხედვით – სამშობიაროების მუშაობის მიმოხილვის პრეზენტაცია

14 ივლისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესში ჩართული სამშობიაროების მუშაობის ანალიტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია შედგა.

როგორც აღინიშნა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემური რეფორმაა, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალია, მესამე დონე.

პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ეკა ფესტვენიძე წარმართავდა.

ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა – ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს.

მეორე დონის კლინიკის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღეს შემდეგმა კლინიკებმა: ბათუმის სამშობიარო სახლი, საზღვაო ჰოსპიტალი, შპს მედალფა ოზურგეთი. ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრმა, შერეული, მეორე-მესამე დონის სერტიფიკატი.

პირველი დონის სერტიფიკატი გადასცეს: ქობულეთის, შუახევის, დაბა ხულოს და ქედის „უნიმედი აჭარას“ ფილიალებს.

ანალიტიკური მიმოხილვა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამშობიაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა.

„დღეს წარვადგენთ აჭარისა და გურიის მონიტორინგის შედეგებს. ჯამურად ამ ორ რეგიონში არის ათი დაწესებულება, აჭარის  რეგიონში წარმოდგენილია მთელი სპექტრი დონეების, ასევე შერეული დონეების დაწესებულებაც, გურიის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი მხოლოდ ერთი დაწესებულებაა, რომელსაც მეორე დონე მიენიჭა“  – განაცხადა ეკა ფესტვენიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  რეგიონალიზაციის პროცესი არ სრულდება დონის მინიჭებით და სამინისტრო მონიტორიგს გაუწევს, რამდენად შესაბამისად მუშაობენ დაწესებულებები დონის მინიჭების შემდეგ და რამდენად ინარჩუნებენ სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

მისივე თქმით, მშობიარობის დიდი წილი მოდის მეორე დონის დაწესებულებაზე, ეს არის საერთო მაჩვენებლის 53 %, რაც ლოგიკურია:

„წესით, მეორე დონის კლინიკები არიან წამყვანი სერვისების მიმწოდებლები“ – განაცხადა მან.

ეკა ფესტვენიძე საკეისრო კვეთების თემასაც შეეხო:

„საქართველოში ძალიან მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი და ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია არის მიმართული იმისკენ რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამ მხრივ გურიას ნორმალური მაჩვენებელი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით აჭარის რეგიონზე, იმიტომ რომ საკეისრო კვეთები შეინიშნება პირველი დონის კლინკებში, რომლებსაც გეგმიური საკეისრო კვეთა საერთოდაც არ უნდა ჰქონდეთ, დანარჩენ კლინიკებს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. ყველა კლინიკა ფაქტიურად მნიშვნელოვნად სცილდება რეკომენდრებულ ნორმებს. პირველი დონის კლინიკებში მონაცემებზე დაყრდნობით ყველა საკეისრო კვეთა იყო ურგენტული, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში – 79%, ანუ 333  მშობიარობა ურგენტული იყო, რაც ცოტა არარეალისტურია და გარკვეულ კითხვებს ბადებს, ანალოგიურად ბათუმის  სამშობიარო სახლშიც და მედინაშიც, თუმცა „მედინა“ მესამე დონის კლინიკა არის და შესაძლებელია ამით აიხსნებოდეს“.

პრეზენტაციაზე სიტყვით ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარეხველიძეც გამოვიდა:

„2018 წლის 1 იანვრიდან იწყება, თუმცა სრულიად ძალაში შევა 2018 წლის პირველი მაისიდან სანებართო პირობების ახალი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულება რომელსაც არ ექნება რომელიმე დონე, ვერ იფუნქციონირებს და ვერ განახორციელებს ვერც სამეანო და ვერც ნეონატალურ საქმიანობას. შემდგომში ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიურად განავითაროთ სხვა სერვისების პირობებიც“.

პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროექტის განხორციელება პილოტის სახით 2015 წელს დაიწყო იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით. 2015 წლის ოქტომბრიდან პროექტი გავრცელდა „Rotary Clubs“-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და „World Visoin“- საქართველოს მხარდაჭერით და პროექტში ჩაერთო თბილისი, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 25.

პრეზენტაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა და აჭარის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

___________________

ამავე თემაზე:

 საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 700-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა

დღეს, 14 ივლისს, სრულდება განაცხადების მიღება „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“, რომელიც წელს პირველად გამოცხადდა საქართველოში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტმა  პედაგოგმა გააკეთა განაცხადი.

კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ათი საუკეთესო კანდიდატის შერჩევას და მათ ინტერვიურებას, რომელიც პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მესამე ეტაპზე კი 5 საუკეთესო ფინალისტი შეირჩევა, ხოლო აქედან ერთი მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოთი ის  პედაგოგები დაჯილდოვდებიან,  ვინც კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით გამოირჩევიან.

ფინალისტს გადაეცემა ფულადი პრიზი 10 ათასი ლარის ოდენობით.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესდა, რომელიც წარმატებულ პედაგოგს წელიწადში ერთხელ გადაეცემა.

ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდა.

რწმუნებულებისთვის სახელფასო სარგოს 10 ლარით მატებასთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საჯარო მოხელეების რანგირება შემოიღეს. კანონით კი, გამგებლის წარმომადგენლებს თემებში რანგი არ მიენიჭა. გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში ხელშეკრულებით არიან აყვანილნი, როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლები.

რანგირების წესის შემოღების შემდეგ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებად მიიჩნევიან გამგებლის წარმომადგენლები ქედასა და შუახევშიც. ხულოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, აქ მათი თანამდებობრივი სარგო არ გაზრდილა, მათი ანაზღაურება 790 ლარია.

საქართველო ევროკავშირისგან გრანტის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველო გრანტის სახით ევროკავშირისგან 25 მილიონს მიიღებს. „300 მილიონი ლარი გამოდის ყოველწლიურად და 35 ევრო ერთ სულ მოსახლეზე. რაც ბევრად ნაკლებია რასაც ევროკავშირი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის გამოყოფს.

„რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია ამით მხარი დავუჭიროთ ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას. დავეხმაროთ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეალურ წარმატებაში, შევიტანოთ წვლილი ტრანსფორმაციის საკითხებში ტრანსოირმაფის საკითხებში“-ამბობს ის.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი საქრთველოში ახალი სფეროებს განვთარებას უწყობს ხელს, ასევე ენერგოეფექტურობას.

„უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. ჩვენთვის მნიშვნეოვანია სასამართლო რეფორმა, საჯარო ადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა და გვინდა რომ ეს ყველაფერი დავუახლოვოთ სამოქალაქო ინტერესებს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამ ხელშეწყობის შესახებ რომ გაიზარდოს მისი ზეგავლენა.

ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა და საკანონმდებლო საკითხების მოგვარება ამ მიმართულებით“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ. მისი თქმით, დღეს საქართველო ფოკუსირებას ახდენს იმ გამოწვევებზე, რომელიც რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

„ასოცირების ნაწილში ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის საბოლოო პროექტი ძალიან მალე დაიდება.  ენერგო ეფექტურობის მიმართულებით საქართველო 400-450 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან სამი წლის განმავლობაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ვიქტორ დოლიძის თქმით, აქცენტი კეთდება სამ ძირითად საკითხზე, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა, უფრო მეტი ინსტრუმენტის გამოყენება თანამშრომლობის სფეროების გასაღრმავებლად და თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში.

„ჩვენ ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც გაიმართება ნოემბერში და ვფიქრობ რომ სამიტის შედეგები იქნება იმედის მომცემი საქართველოსთვის“-ამბობს ვიქტორ დოლიძე.

 

მიგრაცია და გამოწვევები

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მიგრაციის გამოწვევებზე საუბრობენ.  შეხვედრას ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი განცხადებით საქართველომ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, ეფექტურად მართოს ეს პროცესები.

მიგრაციის საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა თურქეთის წარმომადგენელმა. მისი თქმით, თურქეთში ასევე მწვავედ დგას მიგრანტების თემა და ჯერ კიდევ არსებობს პროლემები ამ მიმართულებით, რადგან ადამიანებს ეშინიათ სხვა კულტურების.

„სირიის ომის შემდეგ თურქეთმა სამი მილიონი დევნილი მიიღო. ძირითადად ეს მიგრანტები მუსლიმები არიან, მაგრამ მიიღებდა კი თურქეთი ამდენ მიგრანტს, ისინი ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ? ჩვენ უნდა დავძლიოთ აღნიშნული გამოწვევები,“-განაცხადა მან.

მისი აზრით, მიგრანტების უმრავლესობას სურს თავის ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ  სხვა საკითხია მათი უსაფრთხოება. „რადგან ეს საკითხი არ არის ნათელი, ამიტომ მიგრანტები ალბათ დიდი ხნით დარჩებიან თურქეთში, მაგრამ მეორე საკითხია დარჩებიან კი ისინი სირიელებად, არაბებად თუ მოხდება მათი თურქიზაცია?“

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. მისი თქმით, სირიის ომის შემდეგ, თურქეთმა შეაჩერა მიგრანტთა გადინება ევროკავშირის ქვეყნებში, „ამ პროცესმა გარკველწილად აღადგინა ნდობა ჩვენ შორის“.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მიგრაციასაც აქვს თავსი დადებითი მხარეები და ამ პროცესისგანაც შეიძლება სარგებლის მიღება.  „ჩვენ ჯერ კიდევ ოტომანთა პერიოდიდან დაგვიგროვდა გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის კულტურის გამდიდრება მიგრანტებით,“-განაცხადა მან.

ელიზაბეთ ფილესბერგერი, ავსტრიის საგარეო ინტეგრაციისა და ევროპის ფედერალური სამინისტროს იურიდიული და საკონსულო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თქმით, დღეს ავსტრიის გავლით მილიარდი ადამიანი გადაადგილდება ევროპაში. მიგრაციის მიზეზები სხვადასხვაა, არის როგორც რელიგიური, ასევე კონფლიქტები, ომები და ა.შ.

„მზარდი მიგრაცია აისახება გადასახადების გადამხდელებზეც, რადგან გადასახადების დიდი ნაწილი მიგრანტების შენახვაზე იხარჯება. ბოლო წლებში ავსტრიაში თავშესაფარი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა ითხოვა“.

მისი განცხადებით, დღეს მიგრაციის თემა ბევრისთვის შემოსავლის წყარო გახდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ კონტრაბანდისტების მეშვეობით ხვდება ევროპაში.

„აღნიშნული სქემები იხვეწება, მათ გააჩნიათ დრონები, იციან პოლიციის გადააგილების სქემა, იყენებენ მზაკვრულ სქემებს. როცა ძალიან ბევრი მიგრანტი აღმოჩნდება ევროპაში, ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს და მიგრანტებს ეუფლებათ იმედგაცრუება,“-ამბობს ის. მისი თქმით, წარმომშობი ქვეყნები არაფერს აკეთებენ მიგრანტების უკან დასაბრუნებლად, რადგან ეს მათთვი არის ერთგვარი ფულის წყარო, – მიგრანტები ფულად გადარიცხვებს ზრდიან მათ ქვეყნებში.

„ეს ხელს უწყობს ასევე იმას, რომ დიქტატორული რეჟიმები დარჩნენ ხელისუფლებაში. ამიტომ გლობალური შეთანხმებაა საჭირო ამ პრობლემების დასაძლევად. ასევე საჭიროა ქსენოფობიასთან ბრძოლა და პასუხისმგებლობის გაზრდა ამ საკითხებზე ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი“.

მარტაინ პლაიმი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიგრაციის დიალოგებისა და თანამშრომლობის დირექტორი, საუბრობს საქართველოს პერსპექტივებზე.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, 4 მილიონი მოსახლეობით და თუ გაეროს მონაცემებს დავეყრდნობით, 20 წლის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება მოსახლეობა.  ამიტომ ამ ქვეყანასთან უნდა ვიმუშაოთ განათლების მიმართულებით, რომ მათ შეძლონ კონკურენციის გაწევა და ისწავლონ კრიზისებთან გამკლავება.  ასევე, კლიმატის პრობლემების დაძლევაზე, რადგან ამ ქვეყანაში არსებობს ამ მხრივ გამოწვევები“.

დღევანდელ კონფერენციაზე ასევე ისაუბრებენ  ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარებასა და თანამშრომლობაზე.

საერთაშოროს კონფერენციაზე „საქართველოს ევროული გზა“ მიგრაციის პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრობენ.
საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ მიგრაციის პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.

 

პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებზე აპლიკანტთა 28% არ გამოცხადდა

დღეს, 14 ივლისს, პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები, საგნობრივ გამოცდებს აბარებენ  მათემატიკაში [I-VI], ქართულ ენასა და ლიტერატურაში [VII-XII], სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პედაგოგთა კომპეტენციის განმსაზღვრელ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული აპლიკანტების თითქმის 28% არ გამოცხადებულა.

პედაგოგთა გამოცდები აჭარაში ორ – ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრში ტარდება.

ხულოს საგამოცდო ცენტრის უფროსის, დავით  კუპატაძის ინფორმაციით, „პედაგოგთა გამოცდები ხულოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოცხადებას, დღეს 83 აპლიკანტიდან 58 გამოცხადდა, ხოლო გუშინ 121 აპლიკანტიდან – 73“.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პედაგოგთა გამოცდაზე ბათუმის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 520 აპლიკანტიდან 73% – ზე მეტი გამოცხადდა.

პედაგოგთა კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდები გუშინ, 13 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება.

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. შეხვედრაზე დაისვა კითხვები, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც.

ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს,  ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირს შორის დაახლოებაზე.

მისი თქმით,  ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას დაახლოების ხანგრძლივ პროცესს სთავაზობს, რომელიც გრძელ დისტანციაზე სირბილს ჰგავს.

„ამჟამად არ არსებობს დამატებითი შეთავაზების საჭიროება, მეორე მხრივ კი, ვერ იქნება მდგრადი რეფორმების პროცესი განხორციელდეს, თუ არ ჩანს ჰორიზონტზე პერსპექტივა.  სწორედ ეს პერსპექტივა დაგვეხმარება დაახლოებაში,“ – ამბობს ის.

ლორ დელკურის აზრით, დღეს ევროკავშირი გზაგასაყარზე დგას.

„კრიტიკულმა მოვლენებმა – ემიგრანტთა კრიზისი, ბრექსიტი, კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევები, რაც მანამდე არ ხდებოდა ევროკავშირის ქვენებში და ა.შ. შესაძლოა ევროკავშირის მიმართ სოლიდარობა შეასუსტოს.

ევროკავშირმა  თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად მიდის.  ევროკავშირის კარები უახლოეს მომავალში არ გაიღება, მაგრამ ის არ უნდა დარჩეს სამუდაოდ დახურული,“ – ამბობს ლორ დელკური.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის მხრიდან სწრაფად უნდა მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების რეალიზაცია.

„ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ მოხდეს ჩვენი სრულუფლებიან წევრად მიღება“, – ამბობს ის.

„რას გულისხმობს პარტნიორობა და რას არა? პასუხი არის განზრახ სიბნელეში შეფუთული“, – ნათქვამი იყო დისკუსიის დროს.

შეხვედრს დროს კითხვები იყო დასმული სომხეთის წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ამბობდა, თუ რა შანსები აქვს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების მხრივ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იან რეინჰოლდის განმარტებით,  სომხეთის ხელისუფლების მხრიდან არსებობდა დადებითი სიგნალები სამიტთან დაკავშირებით: „ჩემი აზრით, დიალოგი კარგად შედგება, ბელორუსს რაც შეეხება, მისნკიდანაც მივიღეთ გზავნილები, რომ გავაღრმავოთ პარტნიორობა და ველით ნაბიჯებს აზერბაიჯანის მხრიდანაც“.

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მიგრაციის საკითხებს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმრო „ჰილტონში“.

გიორგი მღებრიშვილი: საზღვაო სეზონს წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა.

„შს მინისტრმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელებისგან საკურორტო სეზონზე დამსვენებელთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

„საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი კვლავ წარმატებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მაქსიმალურად დაიცავს დამსვენებელთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი 13 ივლისს ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნას დაესწრო.

შეხვედრა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში / შსს-ს ფოტოები
შეხვედრა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში / შსს-ს ფოტოები

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე მიგრაციის საკითხები განიხილება

დღეს, 14 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გრძელდება. დღეს განსახილველი თემებია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ახალი პოლიტიკა-მიგრაციის მართვის მექანიზმები, მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საკუთარი პაკეტით წარსდგება. „იმ შეთანაზებებით, რომელიც გათვალისწინებული იქნა დოკუმენტში და საქართველოს წინადადებებიც მაქსიმალურად არის ასახული.

დღესაც ვისაუბრებთ კონკრეტულ პროგრამებზე, დახმარების ინსტრუმენტებზე და სააგენტოებთან ჩვენი უწყებების თანამშრომლობაზე. მე მექნება გამოსვლა დახმარებების პანელზე“.

ვიქტორ დოლიძის თქმით, მთავარია უფრო მეტი სიკეთე წამოვიღოთ ევროკავშირიდან. „მხედველობაში მაქვს განათლების პროგრამების დაფინანსება, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ევროკავშირის დახმარება“.

მიგრაციის საკითხებზე დღეს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიგრაციის დიალოგებისა და თანამშრომლობის დირექტორი მარტაინ პლაიმი ისაუბრებს.

ქობულეთში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერსა და კაფეტერიას მოიცავს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.

ჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი.

ცენტრი 13 ივლისს გაიხსნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ვიზიტორთა ცენტრის გახსნა ქობულეთში / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები
ვიზიტორთა ცენტრის გახსნა ქობულეთში / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები

კოლხეთის ტორფნარები და ტყეები იუნესკოში წარსადგენად

სერგეენკო კლინიკების მენეჯერებს: გააკონტროლეთ დიაგნოზის შესაბამისობა მედიკამენტების დანიშნულებასთან

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მათგან მოსმინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე და მისი შემოღებისა და პრივილეგიის თავისებურებებზე გაამახვილა:

„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, ეს არ არის ის მასშტაბები, რომ ჩვენ თამამად დავფაროთ ყველა მიმართულება, ამიტომ გვიწევს საკმაოდ სკრუპულოზურად ამოვარჩიოთ პრივილეგიები.

პირველი ამოცანა იყო განგვესაზღვრა მიზნობრივი კატეგორია. გვქონდა მსჯელობა მცირე ასაკის ბავშვებზე, პენსიონერებზე, ასევე აქცენტი იყო გაკეთებული სოციალურ მდგომარეობებზე, შშმ პირებზე… ამ გამოკვლევას რამოდენიმეთვიანი ანალიზი მივუძღვენით შარშან და დავინახეთ რეალობა – პირველი ინტერვენცია უნდა მოხდეს სოციალური ნიშნით. სად უნდა გაგვეტარებინა ზღვარი? აქ უკვე ბიუჯეტიდან გამოვედით – რომ ეს პროგრამა არ იყოს მხოლოდ დაპირება, არამედ ცოცხალი და მოქმედი პროექტი. ეს არის შედარებით მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღება. ჯანდაცვაში არ არის არაფერი მეორადი, ჩვენი ამოცანაა ისეთი მიდგომები შევიმუშავოთ, როდესაც არსებული მოკრძალებული რესურსები მაქსიმალურ მოგებას მოგვცემს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ სამედიცინო მენეჯერებს პაციენტების მიმართ ყურადღების გამახვილება სთხოვა:

„მინდა აღვნიშნო ხარვეზები, რომლებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ყურადღებით გააკონტროლოთ შემდეგი საკითხები: დიაგნოზის შესაბამისობა მედიკამენტების დანიშნულებასთან და ორი ქრონიკული დაავადების ქონის შემთხვევაში სწორი სამედიცინო დანიშვნის გამოწერა. რადგან ხშირ შემთხვევაში ისინჯება ერთი დაავადება და დანიშნული მედიკამენტი არის მეორე დაავადების გამღიზიანებელი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა და სამინისტრო მას ძალიან დეტალურად აკონტროლებს.“

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, საქართველოს ჯანდაცვს მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იაკუბ დური: თავისუფალი ვაჭრობა არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“,  საქართველო-ევროკავშირს შორის  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს. ისაუბრეს იმაზე, თუ  რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გზაზე.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, საქართველო ცდილობს ეფექტურად და დროულად შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროპის ბაზრის გახსნასთან არის დაკავშირებული ფიტოსანიტარულ სფეროში არსებული მიღწევები და ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.

„წარმატების მაჩვენებელია სამი მეტროლოგიური ინსტიტუტის აღიარება და ლაბორატორიები და აკრედიტაციის სფეროში მიღწეული წარმატებები. აუცილებლად აღსანიშნია ის, რომ ევროპული ბაზარი გაიხსნა ქართული თევზისა და ფათლისთვის,“-განაცხადა მან.

ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრის, ევროპა-სერბეთის სტაბილიზაციის დელეგაციისა და ასოციაციის კომიტეტის ხელმძღვანელის, ედუარდ კუკანის თქმით, სწორედ საქართველოს მონდომებაზეა დამოკიდებული, რომ მან მტრულად განწყობილი მეზობლების გარემოცვაში შეძლოს თავისი მიზნების მიღწევა და ამაში ევროპის პარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს.

„ევროკავშირის გაფართოების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ სტაბილურები და ადექვატურები რჩევის მიცემის საკითხებში.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ განვითარებას, ენერგოუსაფრთხოებას, მობილურობას და ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, არ უნდა არსებობდეს ყალბი მოლოდინები, რომ ყველაფერი რბილად ჩაივლის, რეფორმებს, რომლებმა ეს ურთიერთობები უნდა გაამყაროს, დიდი დრო სჭირდება,“-განაცხადა ედუარდ კუკანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე,  რომ  არსებობს ევროკავშირის  272 დირექტივა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ჰარმონიზაციას. „მთავარია დავინახოთ  მეტი სარგებელი, ბიუროკრატია მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი მტერია. თავისუფალ სავაჭრო სივრცეს  ნათელი ენა, ნათელი წესები სჭირდება, ამ საკითხზე კი დებატები არ უნდა შეწყდეს,“-ამბობს ის.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ცენტრალური აზიის მმართველის დირექტორის მოადგილე ლუკ დევინის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები  პარტნიორი ქვეყნებისგან არ მოითხოვენ იმას, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

„ეს უნდა იყოს ნათლად გაცხადებული. ჩვენ დადებითად შევაფასეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ყურადღებით დავაკვირდებით თვითმმართველობის არჩევნებსაც, ასევე, კონსტიტუციის რეფორმას და ვენეციის კომისიის მითითებებსაც გავაანალიზებთ. პარტნიორობა უნდა იყოს ყოვლისმომცველი,“-ამბობს ის.

ლუკ დევინის თქმით, საქართველოს პროგრესი ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებში პროგრესულია: „ 40 პროცენტით იყო გაზრდილი ვაჭრობა, ოქტომბრის შემდეგ, კი ეს მაჩვენებელი 80 პროცენტამდეა გაზრდილი. თუმცა საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი საკვების უსაფრთხოების მხრივ. სამიტი რომელიც მალე გაიმართება საქართველოში, ჩვენ ამ დეტალებზეც იქაც ვისაუბრებთ. ერთ ფრანგულ ციტატას მოვიყვან: „ ჩვენ არ ვქმნით კოალიციებს, ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს.“

კიდევ ერთი გამომსვლელის, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  იაკუბ დურის შეფასებით, გამოწვევების დაძლევის უნივერსალური გზები არსებობს და საქართველოს შეუძლია გამოიყენოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება მსგავსი გამოწვევების დასაძლევად. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ეს არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა და დახმარება გამოწვევებზე“.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ბაზარი და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული გამოწვევები, ასევე  ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, ხვვალ, 14 ივლისს დასრულდება.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

ევრობანკი ბათუმს ელექტროავტობუსებს შეუძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) მხარდაჭერით ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევრო გამოუყო სუვერენული სესხის სახით, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა. ბათუმის მერია ამ თანხით 10 ელექტრო და 20 ევრო სტანდარტის ავტობუსს შეიძენს. ავტობუსების პარკის განახლება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას.

„მე ვიცი, რომ კავკასიელები ერთმანეთს ეჯიბრებით და კიდევ ერთი დაგემატათ საამაყო. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც ელექტროავტრობუსები ივლიან,“ – განაცხადა EBRD -ში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა.

სასესხო ხელშეკრულებას დღეს ხელი ფრანსის მალიჟმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.

ახალი დაბალძირიანი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებას და მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ევრობანკი საქმიანობს.

ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. 2008 წელს ევრობანკმა დააფინანსა 76 საშუალო ზომის დიზელზე მომუშავე ავტობუსის შეძენა, ასევე უზრუნველყო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დანადგარები.


ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

 

ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა

„თუ არ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რჩება სივრცე, რომელსაც სხვა აითვისებს აუცილებლად… მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განახორციელოს რუსეთმა პროპაგანდისტული ჩარევა,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დღეს პროპაგანდის საფრთხეებზეც ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს საინფორმაციო საჭიროებები და ამის შესაბამისად განისაზღვროს სტრატეგიები. „ეს არა მხოლოდ დაუპირისპირდება დეზინფორმაციას, არამედ შეიქმნება ხარისხიანი ინფორმაცია”, – დასძინა ვიცე-პრემიერმა.

„აღიქვამთ, რომ ეს არის ომი მთავრობებს შორის? შესაძლოა რაღაცის წინააღმდეგ წასვლა არ იყოს ეფექტური,” –  მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას პანელის მოდერატორმა, ნიკ გოუინგმა, საერთაშორისო მიმომხილველმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ომს ამ პროცესში ვერ ხედავს, თუმცა მისი აზრით, ბრძოლა გავლენისთვის ნამდვილად არის.

რატომ არ იქმნება სპეციალური სტრუქტურა საქართველოს მთავრობაში, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იმუშავებს? – ეს საკითხი სალომე სამადაშვილმა დასვა. ის პარლამენტის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. „ასეთი სტრუქტურები ევროპის ქვეყნებში არსებობს. რუსეთმა უკვე მიაღწია წარმატებას, რადგან ჩვენ ვერ აღვიქვით საფრთხე”, – დაამატა სალომე სამადაშვილმა.

„ვერ მოვისმენ რჩევებს ადამიანისგან, ვისი ლიდერიც თავისუფალ ჟურნალისტიკას კლავდა ქვეყანაში,”- განაცხადა პასუხად ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან ანალოგიური პათოსით უპასუხა პარლამენტარ სერგი კაპანაძესაც, რომელმაც ვიცე-პრემიერს შეახსენა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდიდან პროპაგანდისტული მედია საშუალებების წახალისება.

ქორწინება და მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა – კონსტიტუციაში ამ საკითხების შეტანაზე ყურადღება გაამახვილა თამარ კინწურაშვილმა, „მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მთავრობა ერთის მხრივ, რუსული პროპაგანის მხარდაჭერას უარყოფს და მეორეს მხრივ, პრორუსული პროპაგანდის გათვალისწინებას ახდენს ქვეყნის მთავარ კანონში.

თამარ კინწურაშვილს ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „ეს საკითხები მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და არა რუსეთის მოსახლეობამ”.

„ჩვენ ინფორმაციული მართვის ფაზაში ვართ ახლა. რუსეთს სჯერა, რომ დასავლეთიც ახორციელებს მასზე საინფორმაციო შეტევას,” – აღნიშნა პანელის მონაწილე ბრაიან ვითმორიმ. იგი რადიო „თავისუფლების” უფროსი ანალიტიკოსია რუსეთის საკითხებში. მან ისაუბრა ტრადიციული ჟურნალისტიკის სირთულეებზეც ისაუბრა:

„ბალანსის ფეტიშიზაცია ხდება და ამას სჭირდება დაფიქრება. ძალიან ბევრი ნაგავია დღეს საინფორმაციო ველზე. რა უნდა ქნას ჟურნალისტმა, ნახევარი სიმართლე თქვას?!”

პანელის მონაწილეებმა თქვეს ისიც, რომ ევროპამ აქამდე ცალსახად საფრთხედ ვერ აღიქვა რუსული პროპაგანდის გავლენა და ის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ან უკრაინას.

მეათე დღეა მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

მეათე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველებისა და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

დღეს, 13 ივლისს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში მიმდინარე სამაშველო-საძებრო სამუშაოებს საზღვაო ადმინისტრაციის კატარღა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც დაემატა, რომელიც ზედაპირულ დათვალიერებას აწარმოებს.

„როგორც ექსპერტები ამბობენ, ზღვაში დაღუპვის შემთხვევაში მე-9-10 დღეს ზღვამ დაღუპულის სხეული უნდა გამორიყოს. დღეს მე-10 დღე ემთხვევა. თუ ამან არ მოგვცა შედეგი, საჭირო იქნება სხვა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ სპეციაულური აღჭურვილობით გემს მოვიწვევთ,“ – ამბობს კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძემ ძმის გაუჩინარების თაობაზე აჭარისა და ცენტრალურ მთავრობასაც მიმართა თურქეთიდან ან უკრაინიდან სპეციალური მცურავი საშუალების გამოგზავნასთან დაკავშირებით:

„ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურებს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რათა ზღვის სიღრმეში 15 მეტრზე ტექნიკური დათვალიერება მოხდეს, ამიტომ საჭიროა ამ ზომებს მივმართოთ. გუშინ საღამოს თურქეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი დამიკავშირდა, მან მზადყოფნა განაცხადა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გასაწევად, თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი პასუხი, ველოდებით დღევანდელ დღეს. თუ არ იქნება შედეგი, ამ კუთხითაც ვიმუშავებთ,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა” მიმდინარეობს.  დისკუსიის ნაწილში შეკითხვა გიორგი ბარამიძემ დასვა, ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა. მან რუსეთის ოკუპაციის მიმართ ერთიანი ხედვის არარსებობაზე გააკეთა აქცენტი და იკითხა: „უკრაინის ოკუპაცია ოკუპაციაა და საქართველოს არა?”

„რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს 2008 წლიდან… სამწუხაროდ, იმ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის მისი ქმედებების გამო, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ იმ მომენტში ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რათა ასეთი გამოხმაურება მიეღო,” –  უპასუხა შეკითხვას მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველის ოკუპაციის საკითხს ჰქონდეს მაღალი ინტერესი. „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში,” –  დასძინა მან.

„რატომ ხდება ისე, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდა,  ელექტროენერგიის იმპორტირება ისევ გვიწევს?”- ეს შეკითხვა გიორგი ბარამიძემ უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს დაუსვა.

„მარტივად აგიხსნით,“ – უპასუხა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ილია ელოშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა.  „ელექტროენერგია უნიკალური პროდუქტია, მისი შენახვა და დასაწყობება შეუძლებელია. როცა გაქვს ჭარბი ენერგია, ის უნდა გაიტანო. ზამთარში ისევ დეფიციტია, რაც ნომერ პირველი პრობლემაა ჩვენთვის. ეს უფრო მეტად საშიშია, ვიდრე გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულება. ელექტროენერგიის მცირე დეფიციტმაც კი შესაძლოა მოსახლეობას გაახსენოს 90-იანი წლები,” – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

ამჟამად კონფერენციაზე აგრესიული პროპაგანდის საკითხები განიხილება. ერთ-ერთი მომხსენებელი ალექსანდრე ჯეჯელავაა, რომელიც მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხს კურირებს.

შესწორება: თავდაპირველად მასალაში გამოქვეყნებული იყო მინისტრ ჯანელიძის ციტატა შემდეგი ფორმულირებით – „ამ ეტაპზე ჩვენმა მთავრობამ ვერ მოახერხა საერთაშორისო მხარდაჭერის ორგანიზება“. „ბათუმელებმა“ მინისტრის ინგლისურენოვანი გამოსვლა კონფერენციაზე სინქრონულ თარგმანში, ქართულ ენაზე მოისმინა, რომლის მიხედვითაც, მინისტრის ფრაზაში ნახსენები „ეტაპი“ დღევანდელობას მიემართებოდა, თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დაუკავშირდა და გვითხრა, რომ მიხეილ ჯანელიძე საუბრობდა 2008 წელზე და იმ დროს მოქმედ მთავრობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობია, ზუსტად რა ინფორმაცია გადასცა თარჯიმანმა მინისტრის გამოსვლის დროს ქართულ ენაზე. სამინისტრომ მინისტრის ინგლისურენოვანი გამოსვლის აუდიო ჩანაწერი მოგვაწოდა, სადაც მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2008 წელზე საუბრობს.

ევროპარლამენტარი: ჰესების მშენებლობისას ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს კლიმატის ცვლილებების ამოცანები

„დრო დადგა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა განახლებადი ენერგორესურსების შესახებ,” –  ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის მწვანეთა ალიანსის ჯგუფის წევრმა რებეკა ჰარმსმა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია დღეს გაიხსნა ბათუმში და მასზე სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილება, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება.

„ჩვენ წინ მივიწევთ განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. ჩემს ქვეყანას, გერმანიასაც, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ამ კუთხით. მაკრონმაც დაასახელა თარიღი, როცა ის დაინახავს მხოლოდ ელექტრო ავტომობილებს, 2030 წელი შორს არ არის,” –  აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.

მისივე თქმით, ჰესების მშენებლობის დროს, ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობს კლიმატის ცვლილებების ამოცანები.

მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, „რაც გვაძლევს საფუძველს, რომ გავცდეთ მილსადენებს,” – აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკასთან კავშირზე ისაუბრა გეორგიოს კატრუგალოსმაც. ის საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიული მინისტრია ევროპის საკითხებში:

„ეკონომიკური პოლიტიკის ტრაექტორია სხვადასხვაგვარად ვითარდება. ჩვენ ვერ მივაღწიეთ მტკიცე გადაწყვეტილებაზე კონსენსუსს. სტაბილიზაციის მიღწევა შეუძლებელია დაყოფილ საზოგადიებაში,” – აღნიშნა მან.

 

 

ღია წერილი ბათუმელებს

ავტორი: გიორგი თავაძე

ჩემო  ბათუმელებო!

1970 წელს ფრანგულ გაზეთ „პარი მატჩ“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მწერალ ჟორჟ სიმენონთან. კითხვაზე, მისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობებიდან რომელმა ქალაქმა მოახდინა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ბათუმმა-ო, უპასუხა.

მას შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი გავიდა. ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი კარგი  საქმეც  გაკეთდა, მაგრამ რატომ აქვს უამრავ ბათუმელს ძველი ბათუმის ნოსტალგია? რატომ ქვეყნდება მედიაში გულისტკივილით სავსე წერილები: „როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?“; „ბათუმს – არაქათქათას“;   „სირცხვილია!“  და სხვ? როგორც ჩანს, საამისო სერიოზული მიზეზები არსებობს, თორემ ამ სტატიების ავტორები ბათუმის გულშემატკივარი  ხალხია.

ერთად  ვნახოთ, რას წერენ ისინი ჩვენი საყვარელი ქალაქის შესახებ:

ნუგზარ ფოფხაძე – „ეს დღეები ბათუმში გახლდით ინვესტიციის ჩასადებად განწყობილ რამდენიმე ევროპელ მეგობართან ერთად. საკუთარი თვალით უნდოდათ ენახათ რამდენად მართალი იყო ჩემეული ლეგენდები ბათუმის შესახებ.

დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოეპარება: ბათუმის სიღრმე –  ისევ მოუვლელი,  ისევ ჭუჭყიანი… ისევ „პოტიომკინის სოფელი.“

ტრანსპორტის მოძრაობა – „სასწაული“.  კაფეებში –  ფასების ნამდვილი “ხანძარი”…

ჩემმა სტუმრებმა, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ჩახედულები არიან,  დაასკვნეს: ასე  თქვენ  შორს ვერ გაფრინდებით, კიდევ  ბევრი  გაქვთ  გასაკეთებელი“-ო.

ლევან ღამბაშიძე – „თბილისს და ბათუმს რაც სჭირს,  გასაგებია უკვე. პრინციპში,  აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს, მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო“.

ც. კახაბერიძე, ნ. კვაჭაძე – „ძველი ბათუმის არქიტექტურა შველას საჭიროებს.  ისტორიული  ქალაქი  განადგურებულია… ძველი  ბათუმი  მრავალსართულიანი  კორპუსების  მწკრივში იკარგება.“

 ნუ დავამახინჯებთ   ბათუმს!

მეგობრებმა რომ არ გვითხრან, ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ, რომ ბათუმი თვალსა და ხელს შუა კარგავს თავის იერსახეს, იმ განუმეორებელ შარმს, ასე რომ დაამახსოვრა თავი სახელგანთქმულ ფრანგს? გულახდილები თუ ვიქნებით, სახელოვანი მწერალი, ეჭვგარეშეა, ბულვარით და ძველი ბათუმით მოიხიბლა, თორემ ქალაქის მეორე  ნახევარი არც მაშინ რომ არ გამოირჩეოდა დიდი სილამაზით და არც ახლა გვტაცებს  თვალს,  დამეთანხმებით,  ალბათ.

ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ: ბევრი კარგი რამ გაკეთდა ბათუმში და მადლობა ბათუმელებს და მათ, ვინც ამ საქმეებს უწინამძღვრა, მაგრამ რაც არ გაკეთდა, ან, ცუდად გაკეთდა, ხომ უნდა გაკეთდეს და გამოსწორდეს? სამწუხაროდ, ხშირად, გაფუჭებულის გამოსწორება შეუძლებელი ხდება: რა ეშველება ბათუმის შუაგულში, ფოსტის ულამაზესი შენობის უკან მონსტრივით დაყუდებულ კორპუსს, ყველაფერს რომ ამძიმებს ირგვლივ? ან, მთელ ბათუმში მიმოფანტულ, ერთმანეთის წინ აღმართულ უსახურ, მრავალსართულიან სიმახინჯეებს? ან ვის მოუვიდა აზრად ისედაც ვიწრო ქუჩების დავიწროება და ქალაქის თეთრი იალქნის –  წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის გადაკეთება? ბათუმმა სახე აკარგა – საერთო სათქმელი თქვა გიორგი ქართველიშვილმა (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა.“ 17.02.2017).          

ბათუმი – ტურიზმის  მექა  თუ …

ბათუმის „ურბანულ კატასტროფად“ შეფასებულ მდგომარეობას უმუშევრობის საკმაოდ მაღალ დონესაც თუ მივამატებთ,  ჩვენი ქალაქი არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბათუმის უსისტემო განვითარებაშია. არაა გამოკვეთილი ქალაქის მომავალი. ბათუმი სტიქიურად, ქალაქის განაშენიანებისა და სივრცითი მოწყობის გეგმის გარეშე ვითარდება (უფრო სწორად, იზრდება. ამას განვითარება არ ჰქვია!).

ყველაფერს ამქვეყნად თავისი მიზანი, ფუნქცია დ ა დანიშნულება უნდა გააჩნდეს. მათ შორის ქალაქსაც, რომელსაც ამ ფუნქციამ სარგებელი უნდა მოუტანოს. როცა ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურა შენდება, რაა  მიზანი – ბათუმის გადაქცევა ტურისტების მექად და მოსამსახურეების ქალაქად?  არ მგონია,  მოკლე,  ორ-სამთვიანმა ტურისტულმა სეზონმა ბათუმი ან ტურიზმის მექად აქციოს, ან მისი სტაბილური განვითარება  უზრუნველყოს.

ჩვენ ქალაქს, თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან სატრანსპორტო-სატრანზიტო კვანძს, უზარმაზარი პერსპექტივა აქვს სხვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც შეასრულოს. კერძოდ,  კავკასიისა  და  ახლო  აღმოსავლეთის    კულტურული,   საფინანსო  და  კომერციული  ცენტრის  ფუნქცია!  

ბათუმს  ყველა პირობა აქვს ასეთი მისიის შესასრულებლად.  საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, ზომიერი, სუბტროპიკული კლიმატი, განათლებული, კეთილგანწყობილი ხალხი ყველანაირ საშუალებას იძლევა ბათუმი ვაქციოთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების (კინოს, თეატრის, მუსიკის), ოფიციალური თუ არაოფიციალური დიპლომატიური შეხვედრების, სპორტული შეჯიბრებებისა და კომერციის აღიარებულ ქალაქად, რაც, გარდა იმისა, რომ  გააჩენს  მრავალ სამუშაო  ადგილს  და  არნახულ  სარგებელს   მოუტანს  ბათუმელებს,  ტურისტული სეზონის გახანგრძლივებასაც შეუწყობს ხელს.

ტურიზმი მომგებიანი და სასარგებლო საქმეა. კარგია, რომ აშენდა „ჰილტონი“ და „შერატონი“, „კემპინსკი“ და „რედისონი“, „რიქსოსი“ და „სქაი ტაუერიც“ კარგია, მაგრამ ქალაქის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება გარკვეული საფრთხის მატარებელია. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის (კონფლიქტის ან ტერაქტის) შედეგად ის, წლების განმავლობაში, შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს, რაც არაერთხელ მოსვლიათ ეგვიპტისა და თურქეთის ცნობილ კურორტებს. ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქალაქი სხვა მიმართულებებითაც განვითარდეს.

                                                  მთავარი  საქმე  –  დასაქმებაა!

შეიძლება ბევრს მყუდრო და პატარა ქალაქში ცხოვრება ერჩივნა, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმი გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება. დიდ ქალაქს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ თუ ადამიანი დასაქმებული არ იქნა და გარანტირებული შემოსავალი არ ექნა, ამ სიკეთეებით ვერ ისარგებლებს. ამიტომ, ქალაქისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად შესაბამისი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილებიც უნდა იქმნებოდეს, რასაც მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს. თუ მრეწველობის აღდგენა-განვითარება ვერ მოხერხდა, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ფონზე  კიდევ უფრო დამძიმდება დასაქმების პრობლემა, ხოლო უმუშევრობა ბათუმს კრიმინალურ ქალაქად გადააქცევს.

ბათუმის დასახვა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურის, ფინანსებისა და კომერციის ცენტრად  არც თვითმიზანია, არც იდეაფიქსი და არც პარანოიდული აკვიატება. ეს საშუალებაა ვიცხოვროთ მთელი წლის განმავლობაში ეკონომიკურად და კულტურულად აქტიურ ქალაქში. ამ მიზნის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ბათუმში ახალი სამრეწველო საწარმოების მშენებლობასთან,   მცირე  და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და აქედან გამომდინარე,  ხალხის დასაქმებასთან.

ბათუმი მხოლოდ ბულვარი და სანაპირო არაა. „სასროლეთი“, „სტეფანოვკა“, „გარადოკი“, „ბენზე“, „ბონი“, „ბარცხანა“, „ფერია“,  „მანთაშევი“, „არდაგანი“, „ახალშენი“, „კახაბერი“,  „ანგისა“, „ადლია“, „ჭაობი“, „ლუდის ქარხნის დასახლება“ და ქალაქს ახალმიერთებული ტერიტორიებიც ბათუმია. თუ  გვინდა, რომ  ბათუმი  მართლა გახდეს ახლო  აღმოსავლეთის  კულტურული,  საფინანსო  და კომერციული ცენტრი, ზემოჩამოთვლილი უბნები XXI- საუკუნის შესაფერ კეთილმოწყობილ დასახლებებად უნდა ვაქციოთ  თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით (ძველების ადგილზე), სასტუმროებით, პარკებითა და სკვერებით, სპორტული, მუსიკალური და გასართობი ცენტრებით. ეს, გონიოს პოლიგონის განაშენიანებასთან ერთად (სადაც ბავშვებისათვის დიდი გასართობი ცენტრიც, „ქართული დისნეილენდი“ აშენდება) ათეული წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილს სამშენებლო კომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ დარგებში დასაქმებულთათვის  და კიდევ  მრავალ  სამუშაო  ადგილს  გააჩენს.

ამიტომ, მოვუწოდებ ბიზნესმენებს იფიქრონ სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოების მშენებლობაზე. ჩვენ, ყოველგვარი ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვით, უნდა  განვავითაროთ სამშენებლო ინდუსტრია და არამხოლოდ მშენებლობა. გაუმართლებელია, რომ როგორც სასტუმროებისთვის საჭირო ინვენტარი და კვების პროდუქტები, ასევე მშენებლობისთვის საჭირო კერამიკული ნაწარმი, კარ-ფანჯარა, სანტექნიკა, მოსაპირკეთებელი თუ სხვა მასალები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან შემოდიოდეს, როცა მათი წარმოება ადგილზეა შესაძლებელი. ბათუმელების დასაქმების მიზნით მერია ყოველმხრივ  შეუწყობს ხელს ადგილობრივ მეწარმეებს  ასეთი საწარმოების დაარსებასა  და  დაფინანსებაში.

როგორადაც არ უნდა  ვზრუნავდეთ ქალაქზე, მთავარი  საზრუნავი ადამიანია ქალაქში     მისი დასაქმება,  მისი კეთილდღეობა.

                                         კონსტიტუცია  – ბათუმს!

 თუ დროზე არ მიეხედა, ბათუმში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები საუკუნის დანაშაულად შეიძლება იქცეს ბათუმისა და ბათუმელების მომავალი თაობების წინაშე. ქალაქის მამების თავისმართლება – კერძო საკუთრებას და ინვესტიციებს ხომ არ შევზღუდავთო, არ მიიღება. მერია იმისთვის არსებობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიც გაათვალისწინებინოს ზოგიერთ გათავხედებულ მენაშენეს, როცა საქმე საერთო ქალაქს ეხება.

ამ უსისტემო და ქაოტური მშენებლობების მთავარი მიზეზი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არქონაა. ასეთი გეგმის უქონლობის გამო, გარდა იმისა, რომ ქალაქის ცალკეული უბნები ქვის ჯუნგლებად იქცა, რამდენიმე უბანი ეროვნულ ანკლავად ყალიბდება.

ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის გეგმა, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული რა, სად და როდის აშენდება. სად ქუჩა იქნება, სად სახლი, სად თეატრი, საკონცერტო დარბაზი, სკვერი, პარკი თუ პარკინგი. არ

შეიძლება, ვისაც უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა იქ აშენებდეს საკუთარი გემოვნებით  (უგემოვნოდ) და სულ არ ანაღვლებდეს როგორ ეწერება შენობა ქალაქის სინამდვილეში, სტილში, ლანდშაფტურ განაშენიანებაში. ყოველი სახლი, რომელიც ბათუმში აშენდება, არქიტექტორულ შედევრს უნდა წარმოადგენდეს. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ძველი ბათუმის არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ისმის  კითხვა – რატომ  აქამდე  არ  შემუშავდა  ზემოაღნიშნული  გეგმა?  იმიტომ,  რომ  მისი შემუშავება არც მენაშენეებს აწყობდათ და არც მათ ზედამხედველებს სახელისუფლო სტრუქტურებიდან. ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ბატონმა გიგა ბათიაშვილმა „ქალაქმშენებლობის კონსტიტუცია“ უწოდა, ურბანული თვალსაზრისით სერიოზული ბორკილია მენაშენეებისა და ქალაქის ხელმძღვანელებისთვის თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებისა და  სამშენებლო  კოეფიციენტებით მანიპულირების წინააღმდეგ. ასე, რომ, კონსტიტუცია… (სამშენებლო!) – ბათუმს!

„ნამეტანს  ნუ  ვიზამთ, ამხანაგებო!“

საპორტო ქალაქები, როგორც წესი, ინტერნაციონალური ქალაქებია, სადაც მრავალი ეროვნების ხალხი იყრის თავს. ქართველებს  სხვა ერებთან  ტოლერანტული თანაარსებობა  არ  გვესწავლება, მაგრამ  გადაჭარბებული არაფერი ვარგა.

კარგად  ვიცი, რომ ეროვნებათაშორისი  ურთიერთობები  დელიკატური  და  ფაქიზი  თემაა,  მაგრამ დელიკატურობა და მოკრძალება სტუმარსა და მასპინძელს თანაბრად მოეთხოვება. სტუმრის  ხათრი და პატივისცემა იმის უფლებას  არ  იძლევა,  რომ  ქალაქის  უბნები  ეროვნული ნიშნით დანაწილდეს.  ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქალაქის ეროვნულ უბნებად დაყოფა  ხალხებს  შორის  მეგობრული  ურთიერთობების  გაღრმავებას  უწყობდეს  ხელს.

სხვა ერებისადმი კეთილგანწყობა  ჩვენი  ერის  გენეტიკური ნიშანთვისებაა, მაგრამ როგორც  მუხრან მაჭავარიანი  იტყოდა,  „ნამეტანს ნუ  ვიზამთ,  ამხანაგებო!“

 ვინ  უყვარს  ღმერთს  ყველაზე  მეტად?

ცივილიზებულ სამყაროში  ქალაქების  მნიშვნელობა საერთაშორისო  საგანმანათლებლო სივრცეში მათ მიერ წარმოდგენილი უნივერსიტეტების დონით განისაზღვრება. უნივერსიტეტებმა მოუტანეს მსოფლიო  სახელი  და  ცნობადობა ბათუმზე მცირე ქალაქებს – კემბრიჯს, ჰაიდელბერგს, გეტინგენს, გრაცს  და ა.შ.

ჩვენ მიერ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ, საფინანსო და კომერციულ ცენტრად შეგულებულ ქალაქში შესაბამისი დონის უნივერსიტეტები უნდა ფუნქციონირებდეს. მერიამ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი ბათუმის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის პრესტიჟულობისა და ცნობადობის ამაღლებას. გასაგებად რომ ვთქვა, დროთა განმავლობაში ბათუმი კავკასიისა და ახლო  აღმოსავლეთის პრესტიჟულ საუნივერსიტეტო ქალაქადაც უნდა ვაქციოთ, აქედან გამომდინარე კულტურული და ეკონომიკური სარგებლით. ზემოთჩამოთვლილი უნივერსიტეტები, თავიანთი სახელით და პრესტიჟულობით, შეიძლება ითქვას რომ „არჩენენ“ თავიანთ ქალაქებს.

„თუ გსურთ მზარდი ეკონომიკა და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, მაშინ უმაღლეს განათლებაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი“ – APPLE-თან და iPhone-თან ერთად დაგვიტოვა წარმატების ფორმულა ოცდამეერთე საუკუნის გენიოსმა  სტივ  ჯობსმა.

„ღმერთს  ყველაზე  მეტად ის უყვარს, ვინც ცოდნით დადის“ – ოცდაერთი საუკუნის წინ გაანდო კაცობრიობას უფლის  საიდუმლო  ბრძენმა ზირაქმა.

 ტრანსპორტის პრობლემა მოგვარებადი საქმეა

ქალაქი,  ზოგადად,  დემოკრატიული  ინსტიტუტია. მასში კომფორტულად უნდა გრძნობდეს  თავს  შეძლებულიც და ღარიბიც, პროფესორიც და მუშაც, ხელოვანი და ხელოსანი, ავტომოყვარული და ფეხითმოსიარულე. ქალაქის მესვეურებმა ყველას ინტერესი უნდა გაითვალისწინონ.

მოსახლეობისა და დამსვენებლების უპირველესი ინტერესი სუფთა ჰაერის სუნთქვაა. საოცარია, მაგრამ ფაქტია – მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბულვარის მქონე ქალაქში მწვანე ნარგავები ოთხჯერ(!) ნაკლებია ნორმასთან შედარებით. ამიტომ, განსაკუთრებული  ყურადღება მიექცევა ქალაქის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას, ახალი პარკებისა და სკვერების გაშენებას, არსებული ნარგავების დაცვას.

თუ  რაიმე ანგრევს  ბათუმის ეკოლოგიას  და  უამრავ პრობლემას  უქმნის  ბათუმელებს  და ჩამოსულ სტუმრებს, ტრანსპორტით გადატვირთული გზები და გამონაბოლქვი აირებია. ეს პრობლემა მოგვარებადია და მოგვარდება ასე: ტურისტული სეზონის პიკში, ივლის-აგვისტო-სექტემბერში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,  ყველა მიმართულებით, მცირე ინტერვალებით, მუდმივად, იმოძრავებენ ათ და ოცადგილიანი საზაფხულო ტიპის ელექტროავტობუსები. ქალაქის სტუმრები თავიანთ ავტომობილებს დატოვებენ ბათუმის შემოსასვლელებში სპეციალურად აგებულ მიწისზედა თუ მიწისქვეშა ავტოსადგომებზე. მათ იქ დახვდებათ (ისევე, როგორც რკინიგზის სადგურთან) ზემოაღნიშნული ავტობუსები. ასეთი ავტობუსები იმოძრავებენ აეროპორტი-სარფისკენაც. მოიხსნება საკუთარი ავტომობილებით გადაადგილების აუცილებლობა. დასახულია სხვა ღონისძიებებიც. ძველი ბათუმი გამოცხადდება შემოსული მანქანებისგან  თავისუფალ ზონად.

„…განმგებელთა  გონიერებით კი  ქალაქი აშენდება!“

მერობა საპასუხისმგებლო  სამეურნეო  თანამდებობაა, რომელიც მრავალმხრივ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.  „მრავალნაცადმა კაცმა  ბევრი  იცის  და გამოცდილი  გონივრულს  გვაუწყებს… განმგებელთა  გონიერებით კი ქალაქი აშენდება!“(„ ძვ. აღთქმა“)

თუ ბათუმის მომავალთან დაკავშირებით აქ წარმოდგენილი მოსაზრებები თქვენთვის მისაღებია, მზად ვარ ჩემი ორმოცწლიანი სამეცნიერო, პოლიტიკური და სამეურნეო საქმიანობის გამოცდილებით შემოდგომაზე ქალაქის მერის რანგში შემოგთავაზოთ  ჩემი სამსახური  ბათუმელებს. იმის დასტურად, რომ საქმიანი თვისებები არ დამეწუნება, 1997/2004 წლებში აჭარის ენერგოსისტემის ხელმძღვანელად ჩემი მუშაობის პერიოდიც გამოდგება, როცა შვიდი უმძიმესი ენერგეტიკული წლის მანძილზე ბათუმი ყველაზე  განათებული ქალაქი იყო ქვეყანაში, რაც, იმედი მაქვს, თქვენც გახსოვთ. ეს,  „აჭარის ენერგოკომპანიის“ შესანიშნავ კოლექტივთან ერთად, ჩემი „მოხერხებული“ იყო.

ბათუმში კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელ-მოსახერხებელი. საზღვაო პორტის საკითხით დაწყებული,  მათხოვრების პრობლემით  დამთავრებული.  კარგად ვიცი ბათუმელების  განწყობები,  მათ შორის,  პატრიოტული…

ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ბათუმში გამეფებული სამშენებლო ბაკქანალიის შეჩერებას და ქალაქის განაშენიანების სწორი მიმართულებით წარმართვას ჩემი პრინციპების კაცი სჭირდება. მე, ვინც ბათუმს თავისი დროის  ურთულესი პრობლემა  გადავუწყვიტე,  სხვა  პრობლემებსაც   გადავუწყვეტ.  ყველა საკითხს გონივრულად მოევლება.

ველი თქვენს გამოხმაურებას.

თუ  არჩევანს  ჩემზე  გააკეთებთ, გპირდებით, რომ ბათუმი გახდება კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურული, საფინანსო და კომერციული ცენტრი,  ხოლო თქვენ  და  თქვენი  შვილები  თანაბრად  ლამაზ,  ეკონომიკურად  და კულტურულად  აქტიურ,  მოწესრიგებულ ქალაქში იცხოვრებთ.

გიორგი   თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკისა და საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი

აჭარაში წელს 163 ოქროსმედალოსანია

2016-2017 სასწავლო წელს აჭარის მასშტაბით 163 ოქროსა და 88 ვერცხლის მედალოსანი გამოვლიდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს. მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მომავალი წლისთვის იგეგმება.

რაც შეეხება გასული, 2015-2016 სასწავლო წლის შედეგებს, აჭარის რეგიონში ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის – 92 კურსდამთავრებული გახდა.

გასული წლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია  10 ივლისს გაიმართა.

პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

გასილი წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება. ფოტო: აჭარის მთავრობა
გასული წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება. ფოტო: აჭარის მთავრობა

ბათუმში ტერაბანკის „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა

გუშინ, 12 ივლისს, ბათუმში „ტერაბანკის“ ახალი ფილიალი „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „ტერაბანკის“ მენეჯმენტი, ბიზნესკლიენტები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. საზეიმო ლენტი „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გაჭრეს. მიწვეულ სტუმრებს თეა ლორთქიფანიძემ მიმართა:

„18 წელია  ჩვენი ბანკი ბაზარზეა, შარშან რებრენდინგი განვახორციელეთ შევცვალეთ ბანკის სახელი,  ფილიალების კონცეფცია, მომსახურებების პრინციპები. მას შემდეგ აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი ფილიალების ქსელის გაფართოებას და განახლებას.

ივნისში გავხსენით ახალი ფილიალი ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ გავჭერით ლენტი ბათუმში ჩვენს განახლებულ ფილიალში რუსთაველის ქუჩაზე,  დღეს ვხსნით ახალ ფილიალს, რომელიც იქნება ყველაზე დიდი ტერაბანკის რეგიონალური ფილიალებიდან. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ფილიალები აგებული არის ფინანსური სახლის კონცეფციაზე, სადაც კლიენტებს შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება მყუდრო და კომფორტულ გარემოში.

ბათუმი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, ვხედავთ ამ ქალაქის განვითარების დინამიკას და პერსპექტივებს, ამიტომ ვაფართოებთ აქ ჩვენს წარმომადგენლობას. უკვე ოთხ ადგილას შესაძლებელი არის ჩვენი კლიენტებისათვის  მომსახურების მიღება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კლიენტებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით და მადლობა ბათუმის ტერაბანკის გუნდს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ“.

IMG_0017

ჩემი ფინანსური სახლი სრულიად განსხვავებული კონცეფციის ბანკია, რომლის ანალოგიც საქართველოს საბანკო ბაზარზე დღესდღეობით არ არის. ჩემი ფინანსური სახლი ეს ტერაბანკის საკომუნიკაციო მესიჯია – ხვალიდან ბანკში მისულ ბათუმელებს კომფორტული ინტერიერი და მეგობრული განწყობა დახვდებათ.

„ის ფაქტი, რომ ახალი ფილიალები იხსნება ჩვენს რეგიონში ეს ნიშნავს რომ მთავრობას და ბიზნესს ურთიერთშეხმატკბილებული ურთიერთობები აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია რომ დაბი ჯგუფი ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ინვესტორს წარმოადგენს 250  მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. უშუალოდ ტერა ბანკს, რომელიც შედის დაბი ჯგუფში საინტერესო და საჭირო პროექტები აქვს განხორციელებული  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის „ბათუმი ბარაკების გარეშე“, ეს არის მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური პროექტი, ამისთვის მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ღებულობენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ რომ ახალი ფინანსური სახლიც მიიღებს ასეთ გამოწვევებში მონაწილეობას,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

IMG_1823

„ტერაბანკი“ უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. ტერაბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგის – დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საბანკო და სასტუმრო მიმართულებით საქართველოთი ჯამში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.

IMG_0052

IMG_1712

IMG_1784

15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება

 15 ივლისს, ბათუმში, ჭავჭავაძის #131-ში,  [სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი შენობა], მეტრო მარტის  რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი საზეიმოდ და სპეციალური ფასდაკლების აქციებით გაიხსნება.

ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდებათ.

[checklist]

  • გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს სპეციალური ფასები,
  • განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიის ტექნიკაზე,
  • საჩუქრების მოსაგებად ჩატარდება არაერთი სახალისო კონკურსი,
  • დღის ბოლოს კი ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის გათამაშდება სუპერპრიზები, მათ შორის Iphone 7.

[/checklist]

„ყოველ საათში ერთხელ ჩატარდება წამახალისებელი კონკურსები, რა დროსაც სახალისო და მარტივი  პირობებით მომხმარებლებს ექნებათ საშუალება საჩუქრად მიიღონ Iphone 7, LG-ის და SAMSUNG-ის ტელევიზორები, არისტონის მაცივარი, ლენოვოს ლეპტოპი და სმარტფონები, სამზარეულოს ტექნიკა. გელოდებით ბათუმში, ჭავჭავაძის 131-ში.  მომხმარებლების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი, მსახიობები და ილუზიონისტი. ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება“, – აცხადებენ მეტრო მარტში.

მეტრო მარტი ტექნიკის ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი ფასებით და პროდუქციის დიდი არჩევანით გამოირჩევა. ამჟამად ტექნიკის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც.

19883607_10213799014719416_1051432989_n

ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია

დღეს, 12 ივლისს, სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე და განათლების პროგრამათა ოფიცერი მარიამ ჩიხლაძე წარმართავდნენ.

პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა „ნიდერლანდების ინსტიტუტის“ ისტორიაზე, სტრატეგიაზე, მიზნებსა და ხედვაზე ისაუბრეს.

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.

ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელებს წელს მეექვსედ მიიღებს. ოცამდე შერჩეულ კანდიდატს ოქტომბრიდან თებერვლამდე დემოკრატიის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდებათ. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. სკოლის კურსის გავლა უფასოა.

ამჟამად ბათუმის გარდა საქართველოში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის დემოკრატიის განათლების პროგრამას ქუთაისში, გორსა და თელავში ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებზე, კონფერენციებზე, დემოკრატიის ბანაკებსა და სხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით დემოკრატიის სკოლას 580 კურსდამთავრებული ჰყავს, ასევე განხორციელებულია 32 პროექტი, რაზეც ინსტიტუტმა 210 ათასი ლარია გამოყო.

პრეზენტაციას არასამთავრებო სექტორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) არის საერთაშორისო, ჰოლანდიური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემისგანვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ამჟამად NIMD მუშაობს 25-ზე მეტი ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

20049543_412598649141149_1294525026_o 20050044_412598569141157_540850942_o

 

ნაგავი მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე [ფოტო]

მწვანე კონცხისა და მახინჯაურის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. ნაპირზე, ალაგ-ალაგ, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და ზღვის გამორიყული ნაგავი ყრია. აქვე ნახავთ კოცონის ნარჩენებსაც.

პლაჟების დასუფთავებაზე სანდასუფთავების სამსახურის შესაბამისი განყოფილება ზრუნავს. როგორც აქ გვითხრეს, სამსახურის უფროსი ქალაქში არ იმყოფება და დღეს ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებს.

nagavi nagavi 2 nag maxinjauri maxinchauri maxin esa esa ori

 

ბათუმში 13 კორპუსს ლითონის ფურცლებით შეფუთავენ

„ბათუმის კორპუსი “ 13 საცხოვრებელ სახლზე ლითონის ფურცლების შემოკვრას გეგმავს.

„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაიძის თქმით, საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ლითონის ფურცლებით შეფუთავენ,  გენერალ აბაშიძის, ინასარიძის ქუჩაზე, ლერმონტოვის 102-ში და ჯავახიშვილის  6-ს ნომერში  დგას.  კორპუსები შეიფუთება ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეც.

„ადრე ამ სახლებს გარედან  შემოკრული ჰქონდა ე.წ. შიფერი, რომელიც დალპა, ცვივა და ავარიულია. ამიტომ აუცილებელია მისი შეცვლა. ახლა კი ამ სახლებზე ნაცრისფერი ლითონის ფურცლები აიკვრება.

ჩვენ წლის დასაწყისში მოვითხოვეთ დაფინანსება ამისთვის, მაგრამ მაშინ ბიუჯეტში არ იყო თანხა და ცოტა ხნის წინ, საბიუჯეტო ცვლილებების დროს მოგვცეს დაფინანსება“-გვეუბნება ზურაბ ნაკაიძე.

13 საცხოვრებელ  კორპუსზე ლითონის პროფილური ფურცლების აკვრისთვის ბიუჯეტიდან 136, 400 ლარი დაიხარჯება.

ზურაბ ნაკაიძის თქმით,  ტენდერი  გამოცხადებულია და შედეგები 27 ივლისს გახდება ცნობილი.

საცხოვრებელ სახლებზე ლითონის ფურცლების აკვრა მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე დაიწყო. პროგრამა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუკი მოსახლეობისგან მსგავსი მოთხოვნა ისევ იქნება.

რამაზ ბოლქვაძე აკვაპარკთან მიწის გასხვისებაზე

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გამოეხმაურა.

„ეს არის ღია და გამჭვირვალე აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

აუქციონი არათუ უპირობოა, არამედ მასში ძალიან მნიშვნელოვანი პირობებია განსაზღვრული. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ინვესტორმა პროექტში არანაკლებ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

პროექტის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობი, კერძოდ, თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრი, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ობიექტები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბოულინგ ცენტრი, ბილიარდკლუბი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საზოგადოებრივი და კომერციული ფართობები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი და სხვა ობიექტები განთავსდება.

ქონების საპრივატიზაციო ფასი ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული ღირებულებით განისაზღვრა. ეს არის საწყისი საპრივატიზაციო ფასი, რაც ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს,“ – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე.

დღეს, 12 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რევაზ ხარაზმა განაცხადა, რომ მიწა შეუსაბამოდ დაბალ ფასად სხვისდება და საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან.

აუქციონზე გატანილი 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. ანუ, 1კვ/მ – 316 ლარი.

საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება – საჯარო შეხვედრა ბათუმში

15 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის:  ფარნავაზ მეფის ქუჩა, N. 62/64/66) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე – “საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები: გამოწვევები და შესაძლებლობები”.

შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ისაუბრებს საქართველოს საგარეო კურსზე და ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე, იმავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი წერეთელი. აგრეთვე, ღონისძიებას დაესწრება და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ქ. ბათუმის  68-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში.

შეხვედრას მოქალაქეების გარდა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ndi

9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმის მერია 100 ათასამდე ლარს დახარჯვას

ბათუმის ბულვარში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, 9 აპრილის გმირთა მემორიალი უნდა განთავსდეს. მემორიალის საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით:

[checklist]

  • „ესკიზური პროექტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ერთდროულად ითვალისწინებდეს 9 აპრილს, როგორც საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, როგორც ერთიან პროცესს, რომელიც დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა 1991 წლის 9 აპრილს;
  • ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს;
  • ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი;
  • ესკიზი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით [3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული) და სხვა];
  • ავტორმა უნდა წარმოადგინოს ესკიზის კომპიუტერული ვერსია. ამასთან, ყოველ ეგზემპლარზე უნდა იყოს მითითებული ავტორისათვის სასურველი მასალა, რომელშიც მას პროექტის განხორციელება წარმოუდგენია;
  • მემორიალის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს“.

[/checklist]

დოკუმენტაცია, რომელშიც ბათუმის მერია მაქსიმუმ 6 355 ლარის გადახდას აპირებს, მზად უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ოც დღეში. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდება.

მთავარი ფოტო: „9 აპრილის ცრემლი“ , ბათუმის ბულვარი / ლელა დუმბაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version