341 ათასი ლარი აჭარის მთავრობის შენობის რემონტისთვის

აჭარის მთავრობა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალურ რემონტსა და რეკონსტრუქციას გეგმავს, რითვისაც აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 4 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პირობების მიხედვით გარემონტდება მთავრობის შენობის სახურავი, გარე ფასადი, კიბის უჯრედი, სველი წერტილები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, მოეწყობა არქივი, საკონფერენციო დარბაზი და ჩატარდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.

ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩა 119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტროა განთავსებული: ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, სამინისტროები შენობაში რემონტის პარალელურად გააგრძელებენ მუშაობას.

შენობის გარემონტებაზე გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის  25 ოქტომბერს მიიღო და ტენდერიც იმავე დღეს გამოაცხადა. კომისიას სამუშაოების შესყიდვის მოთხოვნით კი, ერთი დღით ადრე, სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა მიმართა. შესაბამისი პროექტი სამინისტრომ 2016 წელს შეისყიდა.

საპროექტო დოკუმენტაციიდან
საპროექტო დოკუმენტაციიდან
აჭარის მთავრობის შენობა, ბათუმი, მ. კომახიძის N119

 

რატომ არის დედობა პოლიტიკური აქტი

გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი დღეს, 26 ოქტომბერს ბათუმში დისკუსიას მართავს. დისკუსიის თემა, დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაა. რატომ ვერ ახერხებენ  ქალები ხშირ შემთხვევაში გათავისუფლდნენ  აღზრდის თავსმოხვეული  სტერეოტიპებისგან და თვითონ შეცვალონ  კულტურული გარემო? ამ თემაზე თამთა თათარაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

თამთა, რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა?

ბუნებრივია სანამ ამ კითხვამდე მივიდოდი, მანამდე მე თვითონ დავდექი იმ რეალობის წინაშე, რასაც დედობა ჰქვია და მივხვდი რომ ცხოვრება ისე არ გრძელდება შვილის დაბადების შემდეგ, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე. როცა პრობლემის წინაშე ვდგები, ხშირად მივმართავ ლიტერატურას და იქ ვეძებ პასუხებს. ამ კითხვებზე პასუხის მიღებაც ფემინისტურ ლიტერატურაში დავიწყე.

რისი მოლოდინი გქონდათ და რა აღმოჩნდა პრაქტიკაში განსხვავებული?

მოლოდინი მქონდა იმის, რომ შემეძლო შვილის გაჩენის შემდეგაც ისე  გამეგრძელებინა ჩვეული ცხოვრება, რაც ბავშვამდე მქონდა. ვიცოდი რომ დედა არის მუდმივი და უწყვეტი სიყვარულის და ზრუნვის წყარო და მეც ასე ვიქნებოდი, მაგრამ ფიზიკური დაღლილობის თუ უძილობის დროს ვეღარ ვახერხებდი იმას, რაც მეგონა რომ  ჩვეულებრივად იქნებოდა. ამ პერიოდში  ედრიენ რიჩის „ქალისგან გაჩენილი“  წავიკითხე, სადაც სწორედ  ამ გამოწვევებზეა საუბარი. იმაზე, დროთა განმავლობაში, როგორ იცვლებოდა დედობის კულტურა სხვადასხვა ეპოქაში. აქ იმაზეც კია საუბარი, როგორ აიღეს მამაკაცებმა ხელში  გინეკოლოგიაც კი, რომელიც მანამდე  მხოლოდ ქალების საქმედ მიიჩნეოდა.

რატომ არის ეს პრობლემა?

თითქოს მოხდა ქალის გაუცხოება საკუთარი სხეულის მიმართ. თითქოს ქალის სხეულის  ექსპერტები გახდნენ კაცები, რომლებმაც უკეთ იციან, როგორ უნდა იმშობიაროს ქალმა. მეორეს მხრივ, ჩვენ ქალები თითქოს გავუცხოვდით ჩვენი სხეულის მიმართ და არ ვიცით რა ხდება იქ.

როგორია საქართველოში დედობა?

ფემინისტურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შვილების აღზრდის საკითხს და სწორედ აქედან იწყება დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაც.  ჩემი პატარა კვლევის საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ქალებს არ აქვთ შვილების აღზრდის ინდივიდუალური მიდგომები და გოგონებსაც და ბიჭებსაც სტერეოტიპულად, რაღაც დადგენილი წესების მიხედვით ზრდიან.

მაგალითად, გამოკითხვისას  უმეტესობა ამბობდა, რომ გოგონას აღზრდა უფრო ადვილია, რადგან ის შენთან არის,  უფრო ადვილია მისი კონტროლი. კონტროლი კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ  სახელი არ შეელახოს. ბიჭის კონტროლის მიზანი კი მხოლოდ ის არის რომ ცუდ წრეში არ მოხვდეს.  თუმცა რაღაც ეტაპზე როცა ბიჭები წამოიზრდებიან და ქუჩაში პრობლემები შეექმნებათ, დედები მათ პრობლემების წინაშე ტოვებენ და ეს არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად.

კვლევის დროს, მქონდა მოლოდინი რომ მივიღებდი ქალებისგან პასუხს რომ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული  დამოკიდებულება შვილების აზღდაში, რომ გოგონების მიმართ სოლიდარობას გრძნობენ და არ უნდათ მათაც გაიარონ იგივე გზა, რაც მან გამოიარა, რომ  ეცდება რომ გააძლიეროს  შვილი, რომ  მსგავსი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს ან ადვილად გადალახოს პრობლემა, მაგრამ ეს პასუხი ვერ მივიღე.

რა ამის მაშინ მთავარი მათთვის, რა ამოძრავებთ ქართველ დედებს?

ვფიქრობ, ყველა გამოკითხული ქალის მიზნები განსხვავებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემაა ის რომ ქალები ვერ აცნობიერებენ  დედის შრომის მნიშვნელობას და მის პოლიტიკურ მიზანს. იმას, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ.  სამაგიეროდ, ისინი ამბობენ, რომ ისე აღზრდიან „როგორც დედაჩემი მზრდიდა“. ნაკლებია სურვილი შეცვლის, ამბოხის…

რატომ ვერ ახერხებენ  ამას თქვენი აზრით?

ზოგადად, ისეთ კულტურაში ვიზრდებით, სადაც  მორჩილება ზოგადი მორალური კანონებისა თუ წესებისა  უფრო ღირსებად ითვლება, ვიდრე ინდივიდუალური ამბოხი, რაღაცისადმი წინააღმდეგობის გაწევა. მერე ხდება ისე, რომ ამ სტიგმებით გაზრდილი შვილიც ისევე ზრდის თავის შვილს, როგორც ის აღზარდეს. დედები ვხვდებით ხოლმე იმ კულტურის გამტარი რაშიც ჩვენ გვზრდიან და ასე დავდივართ წრეზე.

ამ წესებს მხოლოდ კაცები გვკარნახობენ?

ამ კულტურულ  გარემოს ქალებიც ქმნიან, რადგან ისინი ემორჩიელბიან  წესებს,  შემდეგ კი გადასცემენ შვილებს.  წინააღმდეგობის არქონის და მათში არ აღზრდის გამო  გამტარები ხდებიან. „კარგი დედობა“ და „კარგი ქალობა“ ალბათ ასე მოიპოვება.

აღზრდას კი აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან გამომდინარე იქედან რომ  ჩვენს კულტურაში დედა მიიჩნევა  ძირითადად შვილების აღმზრდელად, მას აქვს გარკვეული ძალაუფლება  ამ პროცესებზე.

რასაკვირველია, ინდივიდუალურად ცალკეული დედები ამას ახერხებენ, მაგრამ  ეს ძალაუფლება არის წინაპირობა იმ პოლიტიკური მნიშვნელობის, რომელიც მომავალში შეცვლის საზოგადოებას.

 

 

 

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს

7127 ლარსა და 20 თეთრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიმს“ სთხოვს. დავის საგანი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაა, რაშიც „სოკარი“ 2014 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 24 მარტამდე ფულს არ იხდიდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს.

საუბარია „მაკდონალდსის“ გარე ტერიტორიის ნაწილსა და გზაზე [აქ „სოკარს“ ბენზინგასამართი სადგურიც აქვს]. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ იურისტი, მარინე ხაჩიძე ამბობს, რომ თანხის გადახდას გზაში სთხოვენ და ადგილში, რომელიც კომპანიამ კეთილმოაწყო. იჯარის ხელშეკრულება სადავო მიწის ნაკვეთზე 15 წლის ვადით 2015 წლის აპრილში გაფორმდა.

„გზა მოაწყო კი, მაგრამ ეს გზაც ამ კომპანიას სჭირდებოდა თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე,“ – გვითხრა გელა ცინცაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.

„არ შემოსულა განცხადება, თუმცა ჩვენ გამოვხატავთ მზაობას შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – მიმართა მოსამართლეს ზვიად მაკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა.

სამინისტრომ დღევანდელ პროცესზე სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები დააზუსტა – კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დეტალურად დაითვალა, ძირ თანხას დაუმატა და დაჯამებული ციფრი წარმოადგინა. თავდაპირველად სამინისტრო „სოკარისთვის“ 4718 ლარის და 80 თეთრის დაკისრებას ითხოვდა, ასევე პირგასამტეხლოს თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის. 7127 ლარსა და 20 თეთრში კი პირგასამტეხლოთი გათვალისწინებული თანხაც შედის.

„ეს არ არის იმ სტანდარტით შედგენილი დოკუმენტაცია, რაც უნდა იყოს წარმოდგენილი… ამ ფორმით სასამართლოსთვის მიმართვა გათვალისწინებული არ არის სამოქალაქო კანონმდებლობით. გაუგებარია ბატონი ზვიადის განმარტება, რომ მან მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი შეცვალა და არ შეუცვლია სარჩელის მოთხოვნა…“ – აღნიშნა „სოკარის“ იურისტმა, მარინე ხაჩიძემ. მან ვრცლად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა დააკმაყოფილოს სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა.

მოსამართლემ „სოკარ ჯორჯიას“ პოზიცია არ გაითვალისწინა. გოჩა ფუტკარაძემ თქვა, რომ დოკუმენტაცია, რაც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა, პირდაპირ თუ არა ირიბად უკავშირდება სარჩელს.

ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ შუამდგომლობა „სოკარმა“ დააყენა: „ჩვენ გვექნება ახალი მტკიცებულებები, გვჭირდება დრო, მოვითხოვ საქმის გადადებას,“ – თქვა მარინე ხაჩიძემ.

„მტკიცებულებების წარმოდგენა თუ გსურდათ, ამისთვის საკმარისი დრო იყო…“ – რეპლიკით უპასუხა „სოკარის“ წარმომადგენელს ეკონომიკის სამინისტროს იურისტმა.

მოსამართლემ „სოკარის“ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი გადადო, თუმცა დავა გაგრძელდა შემდეგი სხდომის თარიღზე.

„ნოემბერში ჩვენ არ გვცალია, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ნოემბერში ვერ მოვახერხებთ,“ – თქვა „სოკარის“ წარმომადგენელმა, მარინე ხაჩიძემ.

„ოქტომბერში რომ იყოს, არ გაწყობთ?“ – იკითხა სამინისტროს იურისტმა.

„ხუმრობთ ხომ?“ – კითხვითვე დააბრუნა პასუხი მარინე ხაჩიძემ.

„მარტში ხომ არ ჩავნიშნოთ, მარტში?“ – იკითხა მოსამართლემ.

პაუზის შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ ორივე მხარემ უნდა მოიცალოს, რათა დროულად მოხდეს საქმის განხილვა. საბოლოოდ მორიგი სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა.

ემუქრება თუ არა საფრთხე საცხოვრებელ სახლებს კობალთაში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნებით, კობალთის უბანში საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მთას, საიდანაც უხვი ნალექის დროს მიწის მასა კობალთის უბანთან დამაკავშირებელ გზაზე ხშირად ჩამოდის, გეოლოგიური დასკვნებით საფრთხის შემცველია და მასზე დამცავი კედლისა თუ ხიდების მოწყობა რეკომენდებული არ არის.

„გეოლოგებმა კობალთის უბანში საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლეს, დაიდო დასკვნები, რომ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ უბნთან დასაკავშირებლად ალტერნატიული გზის გაყვანის საშუალება არ არის მოსახლეობას, საცხოვრებელი სახლების უსაფრთხო ადგილზე გადასატანად საჭირო თანხას შევთავაზებთ, ყველა საცხოვრებელი ხისაა და შესაძლებელია მათი გადატანა.

პირველ ეტაპზე დავაზუსტეთ მუდმივ მცხოვრებთა სია. გზის პრობლემა მხოლოდ 10 ოჯახს ეხება, დავიწყებთ ხარჯთაღრიცხვის შედგენას, თუ რამდენი თანხა დასჭირდება სახლების გადატანას. რაც შეეხება გზას, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, შესაძლებელია დროებით ბაგირის ხიდი მოეწყოს, მაგრამ ეს არ იქნება უსაფრთხო, გზაზე მოსახლეობის გადაადგილებისას უსაფრთხოების პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ, არავინ იცის როდის შეიძლება ჩამოიშალოს მთა. მოსახლეობის განსახლების პრობლემა დაზამთრებამდე შესაძლებელია მოგვარდეს, თუკი ოჯახები ალტერნატიულ ფართობს გამონახავენ,“  – ამბობს გამგებელი.

ქედის გამგეობა სოფლებისთვის ნაგვის მანქანას ყიდულობს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად დამატებით ერთ ავტომობილს შეისყიდის. ნაგავმზიდის შესასყიდად გამგეობის მიერ 280 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 24 ოქტომბერს დასრულდა.

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ დაბებსა თუ სოფელებში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალსერვისს“ გამოაქვს. შპს-ს ამ დროისთვის ერთი ნაგავმზიდი ავტომობილი აქვს, რომელიც, ასევე, ქედის გამგეობამ შეისყიდა. ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის ინფორმაციით, ნაგავმზიდთან ერთად ქედის გამგეობა სოფლებისთვის დამატებით 50 ურნის შესყიდვას გეგმავს.

„მას შემდეგ, რაც ავტომობილს შევისყიდით, ნაგავმზიდს დროებით სარგებლობაში „კომუნალურ სერვისს“ გადავცემთ, ქედაში სულ 65 სოფელია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები შპს-ს სოფლებიდან კვირაში ორჯერ გამოაქვს და ბათუმში გადააქვს. საჭირო დარჩა მეორე ავტომობილის შეძენა. რაც შეეხება დამატებით ურნებს, მაათ იმ სოფლებში განვათავსებთ, სადაც ნაკლებობა შეინიშნება,“  – ამბობს გურამ ბერიძე.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნაგავმზიდი, რომელსაც ქედის გამგეობა შეისყიდის, 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული, დიზელზე მომუშავე და ევროსტანდარტის კონტეინერების დამცლელი სისტემა უნდა გააჩნდეს.

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „ თეგეტა თრაქ ენდ ბას“ – მა მიიღო 280 000 ლარით, თუმცა შესყიდვების ვებგვერდზე,  ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტები არ არის ატვირთული.

ნაგავმზიდის შესაძენად  საჭირო თანხა ქედის გამგეობამ სახელმწიფო ბიუჯეტის „მუნიციპალური ფონდიდან“ მიიღო.

 

„ჰარი პოტერი-მაგიის ისტორია“ ბრიტანული გამოფენა პოტერჰედებისთვის

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 2018 წლის 28 თებერვლამდე მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ,,ჰარი პოტერი – მაგიის ისტორია’’, რომელიც მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის ყველასთვის საყვარელ ამბავს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე უძველესი მანუსკრიპტები, იშვიათი წიგნები და ძველი, საყოფაცხოვრებო ნივთებია წარმოდგენილი ბიბლიოთეკის არქივიდან. დამთვალიერებელს შეუძლია მაგიურ წარსულში იმოგზაუროს და ბრიტანული ფოლკლორის ტრადიციებს გაეცნოს, რომელიც ჯოან როულინგის შთაგონების წყაროდ იქცა ჰარი პოტერის წერისას.


ნახავთ 1500 წლით დათარიღებულ ექვსმეტრიან გრაგნილს, რომელიც გვამცნობს ფილოსოფიური ქვის დამზადების ხერხებს. წარმოდგენილია XVII საუკუნის ზეციური დედამიწის გლობუსი და XIII საუკუნის არაბული ასტროლოგია.

        გრაგნილი, რომელზეც ფილოსოფიური ქვის მიღების პროცესია აღწერილი
ფოტო: British Library

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს, ასეულობით წლის წინანდელი, რომელი მითები და წარმოდგენები იქცნენ  ჯოან როულინგის შთაგონების წყაროდ ჰარი პოტერის წერისას.

ექსპოზიცია პოტერჰედებს ინტერაქტიულ ელემენტებსაც სთავაზობს: შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ სასურველი საწამლავი და იწინასწარმეტყველოთ მომავალი ელექტრონული, სენსორიანი ტაროს მეშვეობით.

          ჯადოსნობა და საწამლავის დამზადება შეუძლებელია მაგიური თასის გარეშე
ფოტო: British Library

საგამოფენო სივრცის სუსტი განათება და გოთიკური თაღები მნახველს უქმნის წარმოდგენას, რომ ჰარი პოტერზე გადაღებულ ფილმში აღმოჩნდა და თვითონაც წიგნის პერსონაჟად იქცევა.

დრაკონის კვერცხის ნაირსახეობები

ფოტო: aminoapps.com

გამოფენის მცირე დეტალებზე დახარჯული ენერგია ჯადოსნურ სამყაროს ქმნის თითოეულ განყოფილებაში: ცალკეა მოწყობილი წითლად განათებული, ჯადოსნობისა და მისნობის ოთახი. სასარგებლო და სასწაულმოქმედი მცენარეების გამოფენა-გაცნობას კი ცალკე სივრცე ეთმობა

                    მაგიურ მცენარეთა სახელმძღვანელო                                                

ფოტო: British Library

ცარიელ, ბოქლომით ჩაკეტილ ვიტრინას აწერია, რომ აქ ჰარი პოტერის უჩინარი მოსასხამია გამოფენილი, თუმცა არაფერი ჩანს. მნახველს თავად შეუძლია დაასკვნას საკუთარი წარმოსახვის მიხედვით, ექსპონატი ნამდვილადაა წარმოდგენილი თუ არა.

გამოფენა არამარტო პოტერჰედებს, არამედ იმ ადამიანებსაც დააინტერესებთ, რომლებიც, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორით, სიძველეებითა და მაგიის ისტორიით ინტერესდებიან.

 

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. სამინისტროს ესტაკადის მშენებლობას ორი კომპანია სთავაზობდა: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს.

„კავკასუს როუდ პროჯექტს“, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დამატებით მოსთხოვა სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენა: ცნობა სასამართლოდან, რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ და ამონაწერი რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა.

კომპანიიდან სამინისტროს პასუხად მისწერეს, რომ „კავკასუს როუდ პროჯექტი“ 2017 წლის აგვისტოდან რეგისტრირებულია „თეთრ სიაში“, შესაბამისად სარგებლობს პრივილეგიით, „მათ შორის განთავისუფლებულია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან“.

შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მხოლოდ ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და რომლებსაც თითქმის არასდროს დაურღვევიათ ხელშეკრულების პირობები.

რეესტრის მიხედვით, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ 2005 წელსაა რეგისტრირებული თბილისში და მისი 100% წილის მფლობელია პაატა ტრაპაიძე.

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის.

ბაქოს ქუჩა. ადგილი სადაც ესტაკადა უნდა აშენდეს / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბაქოს ქუჩა. ადგილი სადაც ესტაკადა უნდა აშენდეს / 22.10.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

რატომ თქვა უარი ამ პროექტზე აჭარის მთავრობამ, გაურკვეველია. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამაც უპასუხოდ დატოვა.

მთავარი ფოტო: საინფორმაციო ბანერები, რომლებიც ბაქოს ქუჩაზეა გამოკრული / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“

დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

 

 

 

 

ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი ბათუმში

12 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი – „შემოდგომის ბათუმი“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 20,25 და 30 ლარია.

შეზღუდვები ქობულეთის წყალმომარაგებაში

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში,  ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

სკოლა ევრო–2000–ის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლა ევრო 2000–ს პარტნიორი სკოლა ჰყავს გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში. ბისმარკის სახელობის გიმნაზიასა და ჩვენს სკოლას შორის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა სამი წლის წინ, როდესაც სკოლას ბისმარკის სახელობის გიმნაზიის დირექტორი სტუმრობდა. რიგით მეოთხე გაცვლითი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში შედგა. გერმანული ენის პედაგოგები, ირმა დავითაძე და მაია დუმბაძე, მე–10, მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეებთან ერთად (სულ 22 მოსწავლე) გაემგზავრნენ გერმანიაში.

პროექტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი და გერმანელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქალაქ მიუნხენის ახალგაზრდულ ბანაკში–ციხესიმაგრეში, რომელიც მდებარეობდა ულამაზეს გარემოში და მუშაობდნენ თემაზე „სოციალური მედიების გამოყენება“. ქართველ-გერმანელი მოსწავლეებით დაკომპლექტებული ჯგუფები ამუშავებდნენ არჩეულ თემებს. მუშაობის პროცესში მათ მოუწიათ ერთობლივად ინფორმაციების მოძიება, კვლევების ჩატარება,მიუნხენის ქალაქში გასვლები და მოსახლეობის გამოკითხვა, ინტერვიუების ჩამორთმევა და ჩაწერა. სამდღიანი მუშაობის შედეგები მათ წარმოადგინეს პრეზენტაციებზე საინტერესო ინფორმაციებითა და ლამაზად გაფორმებული პლაკატებით.

ჯგუფური მუშაობის გარდა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ მიუნხენის ღირშესანიშნაოებები და აღფრთოვანებულიყვნენ BMW-ეს სამყაროთი და ცოცვის მოყვარულთა პარკით. ვიზიტის მეორე ნაწილი ქართველ მოსწავლეთა გერმანელ ოჯახებში სტუმრობას მოიცავდა. ქართველ ბავშვებს მიეცათ გერმანული ყოფა-ცხოვრებისა და გერმანული სკოლის სისტემის გაცნობის საშუალება. ისინი სამი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ გაკვეთილებს ბიმსმარკის სახელობის გიმნაზიაში და აქტიურად იყვენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. მოეწყო ერთობლივი ექსკურსია ქალაქ ჰამბურგში. გამომგზავრების წინა საღამოს მასპინძელ სკოლაში ჩატარდა „ჭრელი საღამო“ (გერმანულ–ქართული საღამო), სადაც ქართველ-გერმანელმა მოსწავლეებმა, მიუნხენში მომზადებული პრეზენტაციების გარდა, სხვა საინტერესო მომენტები შესთავაზეს სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ მასპინძელი მოსწავლეების მშობლები და სკოლის წარმომადგენლები ქართულად ამღერებულ და აცეკვებულ გერმანელებს.

გაცვლითი პროგრამის მიზანი მიღწეულია. უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით, უამრავი ახალი ინფორმაციით დატვირთული, გაფართოებული თვალსაწიერით და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენით გამოწვეული სიხარულის განცდით დაბრუდნენ ევრო 2000 –ის მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში.

[red_box]მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:[/red_box]

[highlight color=”green”]მარიამ ვადაჭკორია, Xკლასი[/highlight] :გერმანიაში გატარებულმა დღეებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. გავიგე ძალიან ბევრი ახალი რამ ამ ქვეყნის შესახებ, შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, გავეცანი გერმანულ კულტურასა და ჩემი თანატოლების ყოველდღიურობას. ამასთან ერთად პროექტი დამეხმარა ენის ბარიერის დაძლევაში. უამრავი ტკბილი მოგონება დამრჩა ამ გაცვლითი პროგრამის შემდგომ. განსაკუთრებით კი ბოლო დღე დამამახსოვრდა, როდესაც გერმანელმა და ქართველმა ბავშვებმა წარვადგინეთ პრეზენტაციები, დავდგით ცეკვის და სიმღერის ნომრები და წარვადგინეთ ჩვენი სამზარეულო. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო სკოლას ასეთი შესაძლებლობისთვის.

[highlight color=”green”]ლიზი ბოლქვაძე, Xკლასი[/highlight]ჩემთვის ეს პროექტი ,,დიდი მოგზაურობის’’ დასაწყისი იყო, რომლის ფარგლებშიც მომეცა საშუალება სულ სხვანაირი სამყარო მენახა გერმანიის სახით. გავეცანი გერმანულ კულტურას, ყოველდღიურობას და ამავდროულად, თვალსა და ხელს შუა შემომემსხვრა უამრავი სტერეოტიპი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, შევიძინე მეგობრები და მათთან ერთად უამრავი დაუვიწყარი მოგონება.

[highlight color=”green”]ნატა ანანიძე, Xკლასი[/highlight]გერმანიაში გატარებული 10 დღე ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები იყო. ამდენი დაუვიწყარი მოგონების შექმნაში მონაწილეობა ყველამ და ყველაფერმა მიიღო, ყველაზე მეტად შთაბეჭდილება მოახდინეს მომღიმარმა და თბილად განწყობილმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და უბრალო გამვლელებმაც კი. ძალიან დიდი მადლობა სკოლა ევრო 2000-ს ამდენი შთაბეჭდილებისთვის და იმ მოგონებებისთვის, რომელთა გახსენებაც ყოველთვის სიამოვნებას მომგვრის.

[highlight color=”green”]გიორგი ხალვაში, IXa კლასი[/highlight]ბევრი ახალი სტერეოტიპი და ბევრი ძველი-აწ უკვე გაქარწყლებული. ბედნიერება, იმედები და იმედგაცრუებები. ახალი და ძველი მეგობრები. რეალობა და აბსტრაქცია. სიახლე იყო ჩემთვის გერმანია, სიახლე და შესავალი ახალ სამყაროში.

[highlight color=”green”]მარიამ მიქელაძე, Xკლასი[/highlight]:უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლა ევრო 2000–ს, რომ მომცა საშუალება დაუვიწყარი 10 დღე გამეტარებინა გერმანიაში თანაკლასელებთან ერთად. ეს ყველაფერი ერთი დიდი თავგადასავალი იყო. პირველსავე დღეს უფრო მეტი განსხვავება დავინახე ქართველებსა და გერმანელებს შორის, ვიდრე წარმოვიდგენდი. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა კონტაქტში შესვლა, მაგრამ მას შემდეგ რაც მასწავლებლებმა განსხვავებული გარემო შექმნეს, ყველაფერი შეიცვალა და ძალიან დავახლოვდით. ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა ისე თბილად მიმიღო, არც კი ველოდებოდი. სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ და ცდილობდნენ უფრო მეტი ყურადღება მოექციათ. მომავალი ზაფხულისათვის   3 კვირით დამპატიჟეს გერმანიაში. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ჩემი გერმანელი მასპინელი ბიჭი საქართველოში ჩამოვა და იხილავს გერმანიისგან სრულიად განსხვავებულ, მაგრამ ჩემს პატარა, ლამაზ და სტუმართმოყვარე ქვეყანას.

[highlight color=”green”]თიკა გობაძე, Xკლასი[/highlight]:მთელი 9 წლის მანძილზე ჩემი მთავარი მიზანი გერმანიის ნახვა იყო, როცა სკოლაში შემოვედი და გავიგე, რომ შემეძლო წავსულიყავი იქ, მაშინვე მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად წავიდოდი. ახლა, როცა უკვე ნამყოფი ვარ იქ, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი წასვლას, მინდა ავთქვა, რომ ეს ყველაფრად ღირდა. ყოველთვის ბედნიერად გავიხსენებ იმ ათ დღეს, რომელიც იმ საოცარ ადგილას გავატარე, დავიმახსოვრებ ადამიანებს, ადგილებს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, როგორც სკოლას, ისე მასწავლებლებს, რომლებმაც შეძლეს და ყველა ჩვენგანის მნიშვნელოვანი ოცნება აასრულეს.

[highlight color=”green”]ქეთი კოპალიანი, IXკლასი[/highlight]ძალიან მომეწონა ბავარიის ულამაზესი დედაქალაქი, საკვანძო წერტილი ალპებისკენ მიმავალ გზაზე და„ოქტობერფესტის“ მასპინძელი ქალაქი. დავბინავდით ოჯახებში. არ მეგონა, რომ ასეთი თბილი „დედ-მამა“ მეყოლებოდა, გაოცებული ვიყავი, ყველაფერს მიხსნიდნენ, მესაუბრებოდნენ, ყურადღების გარეშე არ მტოვებდნენ. წამოსვლა აღარ მინდოდა, დავრჩებოდი დიდი სიამოვნებით, ნეტავ კიდევ ერთხელ შეიძლებოდეს უკან დაბრუნება და ყველაფრის თავიდან გამეორება. ყველა ბავშვი ძალიან შემიყვარდა, ვიმედოვნებ, რომ საქართველოსაც ესტუმრებიან სულ მალე, და ჩვენც შევუქმნით ისეთ მეგობრულ გარემოს, წასვლა რომ აღარ მოუნდეთ.

 

საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საია ასაჩივრებდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც საიას უარი უთხრეს საარჩევნო დარღვევებზე მომზადებული 6 საჩივრის განხილვაზე. ოლქმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუყონებლივ უნდა წარმოდგენილიყო და არა დარღვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მართებულად მიიჩნია საოლქო კომისიის მიდგომა. მისი თქმით, რთულია იმის დადგენა, რას უნდა მოიცავდეს საჩივრის “დაუყონებლივ წარდგენა”, მაგრამ ამოსავალი უნდა იყოს საარჩევნო პროცედურებით გათვალისწინებული ვადები.

“დარღვევები, რაზეც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა საუბნო კომისია, უმჯობესი იყო დროულად შესულიყო საჩივარი საოლქო კომისიაში,” – აღნიშნა მოსამართლემ.

რა მიზანს ემსახურება სარჩელის დაუყონებლივ შეტანა საოლქო კომისიაში? – ოლქის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მიზანი დარღვევის აღმოფხვრაა, რომელიც შეიძლება განგრძობადი იყოს.

“მაგალითად, დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე. თუკი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიმართავს დაუყონებლივ ოლქს, საოლქო კომისია მაშინვე მოახდენს რეაგირებას… გარდა ამისა, ოლქი არის მუდმივმოქმედი ორგანო, მას სხვა კომპეტენცია აქვს საუბნო კომისიისგან განსხვავებით, რომელიც იქმნება კონკრეტულად არჩევნებისთვის,” – ამბობს სულიკო შვენთიძე.

“ერთკაციანმა ორგანიზაციებმა რა ქნას, ბატონო მოსამართლევ?”- ჰკითხა მოსამართლეს გიორგი ხიმშიაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

“ეს სხვა პრობლემაა… სასამართლომ ამ შემთხვევებში ასე მიიჩნია უკეთესად,” – დასძინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მოსამართლეს ასევე ჰკითხეს, როდის იწურება კონკრეტულად “დაუყოვნებლივი დრო” – მოსამართლემ თქვა, რომ ზუსტ დროს იგი ვერ დაადგენს.

გიორგი ხიმშიაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ საოლქო კომისიისთვის მიმართვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის უფლებაა და არა ვალდებულება, შესაბამისად, სარჩელით მიმართვის უფლება არ უნდა იზღუდებოდეს.

“გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივარი საუბნო კომისიაში და საოლქო კომისიაშიც,” – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

საიას იურისტებმა თქვეს ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვა საოლქო კომისიებს არ უთქვამთ სარჩელის განხილვაზე უარი იმ მოტივით, რომ იგი დაუყოვნებლივ არ იყო წარმოდგენილი. ორგანიზაციის შეფასებით, ბათუმში ახალი პრაქტიკა მკვიდრდება, რაც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირებას გაართულებს.

სოფელ ხაბელაშვილებში საბავშვო ბაღი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ბაგა – ბაღის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გუშინ, 25 ოქტომბერს,  103 ათას 330 ლარზე გამოცხადდა.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაბელაშვილების საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი გარდამავალია და 2017 – 2018 წლებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შუახევის გამგეობა ბაღის ასაშენებლად წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 50 000 ლარს გამოჰყოფს, დანარჩენ 53 000 ლარი,  კი მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ბაგა – ბაღის მშენებლობაზე, 25 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერი 15 ნოემბერს დასრულდება.  შ.პ.ს „გლობალ ინვესტ გრუპ“ – ის მიერ მომზადებული პროექტით, ბაღის მშენებლობა ხაბელაშვილებში 2018 წლის 15 გვისტომდე უნდა დასრულდეს.

შუახევის გამგეობის ინფორმაციით, ხაბელაშვილების საბავშვო ბაღის პროექტი მინიმუმ 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

მომავალი წლის იანვრიდან სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების [პჯდ] ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დანამატი სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. ეს ცვლილება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის,  ზაალ მიქელაძის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრების შემდეგ გადაწყდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2014 წლიდან დამატებით შრომის ანაზღაურებას მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანი სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფაა.


2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.

ამავე თემაზე:

რა ღირს ექთნის შრომა

11 ლარი – ხელფასი ექთნებს

თხილვანელები ისევ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას.

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით სამთვიანი ვადა მხოლოდ ქონების შეძენასთან დაკავშირებით იყო გაწერილი, რაც შეეხება სოფელ თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის ვადებს – ეს ხელშეკრულებით გაწერილი არ ყოფილა.

„ხელშეკრულებით სამი თვის ვადაში მოსახლეობას უძრავი ქონება  უნდა შეეძინა, ეს იქნებოდა მიწის ნაკვეთი თუ საცხოვრებელი სახლი. შენობა-ნაგებობა და ქონება საკუთრებაში უნდა დაერეგისტრირებინა, სოფელ ქვედა თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა, თუმცა დემონტაჟთან დაკავშირებით კონკრეტული ვადები ხელშეკრულებით არ არის გაწერილი. მოსახლეობის ნაწილმა მოახერხა ახალი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ნაწილი კი ძიების პროცესშია. იქედან გამომდინარე, რომ სოფელში ცხოვრება არ შეიძლება, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, კომპენსაციებიც გაიცა ჩვენ მოსახლეობას შესაბამისი მითითებები არამარტო სიტყვიერად,  ოფიციალურად, წერილობითაც კი მივეცით,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვებზე, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობას იმისთვის, რომ მოსახლეობამ სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია მიზნობრივად გამოიყენოს? ასევე,  გატარდება თუ არა სანქციები განსახლების ვადების დარღვევის შემთხვევაში? –  ლაშა ბოლქვაძე პასუხობს:

„ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რითაც  სამი თვის ვადაში უძრავი ქონების შეძენა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა დავავალდებულეთ. თუ არ შეიძენენ, სახელმწიფო პასუხისმგებლობას მოიხსნის იქედან გამომდინარე, რომ კომპენსაცია გაცემულია. პროცესის განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გამგეობის შესაბამისი სამსახური ამუშავებს. რამდენიმე დღეში გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას სოფელში და რამდენი გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან.“

მოსამართლე: ამომრჩეველს არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენების დანომვრაზე

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ბათუმის საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ. საოლქო კომისიამ განუხილველი დატოვა 4 სარჩელი იმ მოტივით, რომ ისინი დაუყოვნებლივ არ წარედგინა კომისიას.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე ასაჩივრებდა ბათუმის 29-ე უბანზე საოლქო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საჩივრის მიხედვით, ამ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ნომრავდა და „ფარულობის პრინციპი“ დაირღვა. „სამართლიანი არჩევნები“ ბიულეტენების ხელახლა გადათვლას და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.

საოლქო კომისიამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით „სამართლიანი არჩევნების“ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა კომისიას საუბნო კომისიის წევრების პოზიცია სხდომაზე არ მოუსმენია და არც საკითხი გამოუკვლევია.

საოლქო კომისიისგან განსხვავებით, სხვა მიზეზით თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ. მისი თქმით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომელიმე ამომრჩევლის მხრიდან პრეტენზიის ქონას ბიულეტენების დანომვრაზე.

რაც შეეხება საჩივრების დაუყოვნებლივ წარდგენას, სასამართლოს განმარტებით, სარჩელი საოლქო კომისიაში შეტანილია დარღვევის დაფიქსირებიდან 4-5 საათის შემდეგ, რაც ვერ ჩაითვლება დაუყოვნებლივ წარდგენაში.

თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას

28 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ისაუბრებს თემაზე , სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანების უფლება საქართველოში.

საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.

როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა გზა რჩება საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების დასაცავად?

ლექცია დაიწყება დილით, ათ საათზე. დასწრება თავისუფალია.

 

გაუმართავი ავტომანქანები და მოტყუებული საფინანსო ორგანიზაცია – დაკავებულია ორი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების  მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის პერიოდში, ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შეიძინეს BMW-ს მარკის X5-ის მოდელის გაუმართავი 5 ავტომანქანა. რამდენიმე შემთხვევაში მათ მხოლოდ ავტომანქანის ძარის შეძენა მოახდინეს. ამის შემდგომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფით სესხის აღების მიზნით, ფინანსურ ორგანიზაციას მიმართა.

დანაშაულებრივ სქემაში ჩართულმა მეორე ბრალდებულმა, ამავე ორგანიზაციის ექსპერტ-შემფასებელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  ავტომანქანების მდგომარეობისა და ღირებულების შესახებ ორგანიზაციის შესაბამის სამსახურს განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც,  ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცა. შესაბამისად, ორგანიზაციამ სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზაციას ჯამში 61 157 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბათუმის მომავალი მერი საკადრო პოლიტიკაზე: „ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში“

შესთავაზებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ბათუმის ახალი მერი მოქმედი მერის – გიორგი ერმაკოვის მოადგილეებს, ამაზე ლაშა კომახიძე ჯერ არ საუბრობს.

მოადგილეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, იმიტომ, რომ  არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც უფრო ღრმად მჭირდება ჩახედვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის ახალ მერს სამსახურში ჯერ კიდევ მოქმედი მერის გიორგი ერმაკოვის შერჩეული კადრები დახვდებიან. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ახალი მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე მერიის ან გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელების ავტომატურად გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ არ  ჰყავს კონკრეტული  გუნდი, რომელთან ერთადაც მერიაში მისვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მასთან ერთად მერიაში არა კონკრეტულ პირებს, არამედ კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებს მოიაზრებს:

„თუკი ასეთები არიან მერიაში, ისინი დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნებს, თუ არ არიან, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ახალი კადრები.  მე, რა თქმა უნდა, ვიცნობ საზოგადოების აზრს და ვიცი, რომ არის სერიოზული უკმაყოფილება ცალკეული სამსახურების მიმართ, თუმცა  შეიძლება პრობლემა იყოს არა პიროვნებაში, არამედ კონკრეტულ ფუნქციებში, რაც განაპირობებს ეფექტურობას. ბევრი რამე გახდება ჩემთვის უფრო ნათელი, ახლა მხოლოდ მოსაზრებების დონეზე ვსაუბრობ. ჩემი მიზანი იქნება უზრუნველვყო ეფექტურობა და საზოგადოების მოლოდინების გამართლება,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

იმ შემთხვევაზე სასაუბროდ კი, თუკი კონკრეტული სამსახური ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მომავალმა მერმა მაგალითისთვის მერიის ზედამხედველობის სამსახური აირჩია:

„…ჩემთვის ამოსავალი წერტილი რა არის კარგად მინდა აგიხსნათ, თუ მაგალითად კონკრეტული სამსახური, პირობითად ავიღოთ ზედამხედველობის სამსახური ვერ მუშაობს ეფექტურად გავაანალიზოთ რაში არის მისი ბრალი. ეს არის პიროვნულ , ორგანიზაციული თუ სტრუქტურული პრობლემა, კომპლექსური თუ სხვა და სხვა. მე ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში და ძალიან გაბედული ვარ ახალი მიმართულებების გატარებაში. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  ამ სამსახურების მუშაობა გახდეს ეფექტური.“

სამსახურების მუშაობის ეფექტურობის პირველ ეტაპზე ვერ მიღწევის შემთხვევაში ლაშა კომახიძე მერიაში რესტრუქტურიზაციასაც არ გამორიცხავს.

რას გეგმავენ თავად მერის მოადგილეები? – ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, ჯერ ამ თემაზე არ უფიქრია და არც შეთავაზება ქონია. ბაგრატ მანველიძე ტელეფონს არ პასუხობს.

რაც შეეხება მოქმედ მერს, გიორგი ერმაკოვს, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირწმუნება, რომ შეთავაზება მმართველი გუნდისგან მასაც ექნება, ისევე, როგორც სხვებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისივე თქმით ამის შესახებ მმართველ გუნდში საკითხის განხილვისას მოისმინა.

შეთავაზებას თავად ერმაკოვიც ელოდება:

„… არ ვიცი ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, გუნდში ვარ, ქალაქში ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ. მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, დაველოდოთ. სადაც ჩათვლის გუნდი, რომ მინდა ვიყო, საიდანაც შეიძლება მოვუტანო სარგებელი ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას, იქ ვიქნები,“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

არჩილ ხაბაძის თქმით კი, გიორგი ერმაკოვითვის, როგორც ყოფილი მერისთვის საჭიროა შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება: „… ის მერიაში განყოფილებას რომ ვერ უხელმძღვანელებს იცით, შეთავაზება უნდა იყოს შესაბამისი,“ – ამბობს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.

 

ქუჩაში ფოტოს იძულებით გადაღებისთვის პოლიციას კომპენსაციას სთხოვენ

მოქალაქე ბეგი ტაკიძე პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს. იგი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს პოლიციისგან. პოლიციამ ბეგი ტაკიძე და „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი – ბექა რომანაძე 29 მარტს გააჩერა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე და ფოტოს გადაღება აიძულა.

„მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და გვთხოვა მაიდენტიფიცირებელი საბუთების წარდგენა. პოლიციის თანამშრომელს წარვუდგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მივაწოდე ჩემი პასპორტი და მოხდა იდენტიფიცირება, მაგრამ პოლიციის მუშაკმა ციფრული ფოტოაპარატის მეშვეობით მაინც გადამიღო ფოტო, რამაც გამოიწვია ჩვენი უკმაყოფილება და მოვითხოვეთ მიზეზის განმარტება. ამ მოთხოვნაზე პოლიციის მუშაკისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მომხდარის შესახებ შევატყობინე შსს გენერალურ ინსპექციას. ამ ფაქტმა გამოიწვია პოლიციელის უკმაყოფილება და დაგვაკავეს ადმინისტრაციული წესით,“ – ამბობს ბეგი ტაკიძე.

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა – ამ საფუძვლით ბეგი ტაკიძე და ბექა რომანაძე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, რუსლან მამინაიშვილმა დააკავა. 30 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე დაკავებული გაამართლა და მათ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება  შეწყვიტა.

საქმისწარმოების შეწყვეტის შემდეგ ბეგი ტაკიძემ და ბექა რომანაძემ პროკურატურას მიმართეს და დაკავების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს. პროკურატურამ საჩივარი აჭარის პოლიციის დეპარტამენტს გამოუგზავნა, საიდანაც პასუხი ასეთი მოვიდა:

„ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს… სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის არ გაზიარება სასამართლოს მიერ და შესაბამისი ოქმის გაუქმება არ გულისხმობს დაკავების უკანონობას და, შესაბამისად, ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს,“ – აღნიშნულია პოლიციის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ბეგი ტაკიძე მორალური კომპენსაციას სთხოვს პოლიციას, ვინც უსაფუძვლოდ დააკავა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მოქალაქე პოლიციისგან კომპენსაციის მიღებას ითხოვს უსამართლოდ დაკავების გამო.

იურისტი განმარტავს, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვა და კომპენსაციის მოთხოვნა, მაგრამ იურისტის აზრით, პირველ რიგში, უნდა გააბათილდეს დაკავების ოქმი.

„სასამართლომ იმსჯელა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე და შეწყვიტა საქმის წარმოება, მაგრამ სასამართლო არ მსჯელობს ამ დროს უშუალოდ დაკავების ოქმზე. ამ ოქმის ბათილად მიჩნევის მოთხოვნით მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რადგან პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბეგი ტაკიძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საქმე სხვა უწყების კომპეტენციაა და მისი განსახილველი არ არის. ბეგი ტაკიძემ ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

ბეგი ტაკიძე

რა თანხას მოითხოვს მოქალაქე პოლიციისგან მორალური ზიანის სანაცვლოდ? – ბეგი ტაკიძემ გვითხრა, რომ ეს ჯერ არ მოუფიქრებია. კომპენსაციის მიღებას პოლიციისგან არ ითხოვს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ბექა რომანაძე. მისი თქმით, საკმარისია დაკავების ოქმის ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ.

 

ამავე თემაზე: თუკი პოლიცია ღამით ფოტოს გადაღებას გაიძულებთ

 

 

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რესურსცენტრის შენობის წინ ინციდენტი მოხდა. ჩხუბის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც ამ დროისთვის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაჭრილი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ჩხუბი რამდენიმე ახალგაზრდას შორის მოხდა და ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მსუბუქად არის დაჭრილი და დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის და ვალერიან მიგინეიშვილის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობის უფლება მიეცემათ იმ პირებს, ვინც 2013 წლის პირველ ივლისამდე კერძო დაზღვევით სარგებლობდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საყოველთაო დაზღვევით სრულად ვერ სარგებლობდნენ ადამიანები, ვინც 2013 წლის მდგომარეობით იყვნენ დასაქმებული და ჰქონდათ კერძო დაზღვევა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უშუალოდ ის ადამიანები ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვით, ვინც 2013 წლის შემდეგ სამსახური დაკარგა და შესაბამისად – კერძო დაზღვევაც.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილება იყო ანტიკონსტიტუციური და არღვევდა კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.

 

 

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

ბათუმში „საბაევის სახლი“, რომლის რესტავრტაცია-რეაბილიტაციისთვის გასულ წელს ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, გასარემონტებელია. ამ შენობაში, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული, შიდა სარემონტო სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაატარებს. შესაბამის მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 96 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში სხვადასხვა სამუშაო იქნება ჩასატარებელი. მათ შორის: ამორტიზებული ლამინირებული პარკეტის ალაგ-ალაგ აყრა; მდფ-ის კარებისა და არსებული თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერის დემონტაჟი; გათბობის რადიატორების დემონტაჟი; შავ იატაკზე ახალი მაღალი ცვეთამედეგობის არსებულის ანალოგიური ლამინირებული პარკეტის დაგება; ახალი მდფ-ის კარებისა და თამასების მონტაჟი; დემონტირებული მდფ-ის კარების მცირე რემონტი, ნაწილობრივ გასაღებებისა და სახელურების შეცვლა და მონტაჟი; ინტერნეტკაბელების პლასტმასის საკაბელო არხების [კაბელებთან ერთად] ჩამარხვა მისთვის მოწყობილ ღარებში; შეკიდული ჭერის მოწყობა; ჭერების, შიგა კედლების და კარ-ფანჯრების ფერდოების დამუშავება და შეღებვა წყალემულსიური საღებავით; ხის ფანჯრისქვეშა რაფების შეღებვა; არსებული [დემონტირებული] ლითონის პანელური რადიატორის დაყენება; სპილენძის ელექტრო სადენის გაყვანა; შტეფსელური როზეტის და ჩამრთველების დაყენება; ერთნათურიანი ელექტროსანათისა და ნათურის დაყენება; საკაბელო არხში ინტერნეტქსელის გაყვანა და სხვ.

ასეთ სამუშაოებს ისტორიულ შენობებში [რომლებსაც ძეგლის სტატუსი აქვს] ის ორგანიზაციები თავად ატარებენ, რომელთა ოფისებიც ამ შენობებშია განთავსებული, თუმცა გარკვეული სამუშაოები აუცილებლად უნდა შეათანხმონ სააგენტოსთან.  რატომ ატარებს ამ შემთხვევაში  სამუშაოებს სააგენტო  და არა სახელმწიფო დაცვის სამსახური? – ამ კითხვის პასუხად სააგენტოში გვითხრეს, რომ „რადგან საქმე ეხება ძეგლს, გასულ წელს შესრულდა გარე ფასადზე სამუშაოები; გარკვეული სამუშაოები ჩასარტარებელია შენობის შიგნითაც. ვინაიდან სააგენტოც და დაცვის სამსახურიც ორივე სახელმწიფო სსიპ-ებია, ამ შიდა სამუშაოებისთვის თანხა გათვალისწინებული იქნა ჩვენს ბიუჯეტში და არა დაცვის სამსახურის ბიუჯეტში. ამაზე წინასწარი შეთანხმება სამსახურებს შორის იყო.“


ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N11-ში მდებარე შენობა, ე.წ. საბაევის სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრების დაცვის სააგენტომ გასული წლის მარტში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 421 500 ლარი იყო. ტენდერში მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება სააგენტომ 399 999 ლარზე გააფორმა. ხელშეკრულებაში ცვლილება 4-ჯერ შევიდა და საბოლოოდ თანხა 415 200 ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, შესყიდვების გვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის ფაქტობრივად  გადახდილია 70 649 ლარით მეტი, ანუ  485 849 ლარი.

„ეს არის ტექნიკური ხარვეზი გადარიცხვის დროს. ფაქტობრივად კომპანიისთვის გადახდილია ის თანხა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ზედმეტად გადარიცხული თანხა დაბრუნებულია უკან, უბრალოდ, ამის ასახვა ტექნიკურად აღარ ხდება შესყიდვების გვერდზე. ზოგადად, სახელშეკრულებო თანხის გაზრდის აუცილებლობა კი სამუშაოების მიმდინარეობისას დადგა“ – განაცხადეს ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

„საბაევის სახლისა“ და დაბა მახინჯაურში ჯინჭარაძის ქ. N21-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს 59 400 ლარი აქვს გადახდილი კომპანია „ელბი სტუდიოსთვის“ 2015 წელს.

„საბაევის სახლი“, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული / 25.10.2017

 

მდინარე ბარცხანაში ნავთობი იღვრება – სახელმწიფო პრობლემას არ აგვარებს [ვიდეო]

ზღვასა და ნავთობტერმინალს შორის, მდინარე ბარცხანაში, ნავთობის შემცველი ნივთიერება იღვრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქემ აცნობა. ადგილზე  „ბათუმელებს“ ნავთობტერმინალის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ პერიოდულად წმენდნენ მდინარეს და დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება.

იგივე გვითხრეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მდინარის კალაპოტი მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს და წასვლამდე მოკლედ განმარტეს, პერიოდულად მეორდება ნავთობის შემცველი პროდუქტის ჩაღვრა ბარცხანის ხიდთან.

ბარცხანის ხიდთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ნავთობის სუნი მუდმივად აწუხებთ, თუმცა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. მოქალაქეების თქმით, ნავთობტერმინალის თანამშრომლები პერიოდულად წმენდენ მდინარეს, მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდება. ბარცხანელების თქმით, ნავთობტერმინალის ჯგუფი ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ მდინარეში ჩაღვრილმა ნავთობმა ზღვაც არ დააბინძუროს, მდინარის პირას მცხოვრები მოსახლეობა კი არავის ადარდებს.

„იღვრება, მაგრამ გამორიცხულია ეს ნავთობტერმინალს უკავშირდებოდეს,“ – ეს ადგილზე მოსულმა თენგიზ გორდელაძემ გვითხრა, ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, ნავთობის შემცველი ნივთიერება მილიდან პირველად ოთხი წლის წინ დაიღვარა, მაგრამ არც მილი და არც ნივთიერება ბათუმის  ნავთობტერმინალს არ ეკუთვნის.

„ეს არ არის ტერმინალის მილი, გაუგებარი წყაროა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ და ვერ ვნახეთ, არ ვიცით, ვისია. ეს არის პირუზირული ფისი, რაც ჩვენი ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, 1998 წელს გადაიტთვირთებოდა და ნავთობწარმოებაში გამოიყენებოდა, მაგრამ მაშინ ტერმინალი არ არსებობდა,“ – განმარტავს თენგიზ გორდელაძე.

რა გამორიცხავს იმას, რომ ნავთობის შემცველი ნივთიერება მდინარეში სწორედ ტერმინალიდან იღვრებოდეს? – თენგიზ გორდელაძის თქმით, ამის დასადგენად სპეციალურად არხი გაითხარა, მაგრამ ვერ დადგინდა წყაროს წარმომავლობა. იგი ირწმუნება, რომ ამ ნივთიერებას ტერმინალი არ მოიხმარს.

რატომ ასუფთავებს მდინარეს ნავთობტერმინალი, თუკი მდინარეში ჩაღვრილი ნავთობი და მილი ტერმინალს არ ეკუთვნის? – თენგიზ გორდელაძე ამბობს, რომ დავალება გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიიღო, რომ არ მოხდეს ზღვის დაბინძურება. ის ამტკიცებს იმასაც, რომ მდინარის სანაპიროზე ნავთობის სუნი არ არის. „არ ვიცი, ვინ რას ამბობს და თქვენ რას გრძნობთ, ნავთობის სუნი არ არის…“ – დასძინა მან.

„დავალებას ვასრულებთ და ვზრუნავთ გარემოზე. გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ყველა შემთხვევაში ნავთობტერმინალზე ხდება დაბრალება, არადა, ასე არაა, ჩვენ ვუფრთხილდებით საწარმოს იმიჯს. ამიტომაც ვზრუნავთ მდინარის გაწმენდაზე,“ – გვითხრა თენგიზ გორდელაძემ.

რა დაადგინა ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფომ? – გარემოს დაცვის ინსპექციაში გვითხრეს, რომ ვერ დადგინდა საიდან ბინძურდება მდინარე ბარცხანა პერიოდულად. აქ მდინარის დაბინძურებას ისტორიულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სამართალდამრღვევი ამ შემთხვევაში არავინაა. ინსპექციის თანამშრომლემა დაგვიდასტურეს ისიც, რომ მათი თხოვნის საფუძველზე ასუფთავებს მდინარეს ნავთობტერმინალი.

„ეს არის ძველი და ამორტიზებული მილები, რომლებიც მერწმუნეთ, არ ეკუთვნის არც ერთ მოქმედ საწარმოს. ნავთობტერმინალი კეთილი ნების საფუძველზე წმენდს ამ ტერიტორიას,“ – გვითხრა ნატო დავითაძემ, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა.

რატომ უნდა ვიყოთ მუდმივად დამოკიდებული ნავთობტერმინალის კეთილ ნებაზე და რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს მსგავსი პრობლემის მოგვარება? – ნატო დავითაძემ გვითხრა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მისი უწყება არ წარმოადგენს და ყველა კითხვაზე პასუხი მას არ უნდა მოვთხოვოთ. ის ადასტურებს იმას, რომ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია.

„როცა სახიფათო ნარჩენი არსებობს და არ დგინდება კონკრეტული სამართალდამრღვევი, ალბათ მუნიციპალიტეტმა უნდა მიხედოს ამ პრობლემას, თუმცა მხოლოდ მერია ამას ვერ მოაგვარებს,“ – აღნიშნა ნატო დავითაძემ.

„ამ პრობლემის მოგვარება ბათუმის მერიის უფლებამოსილება არ არის. ეს გარემოს დაცვის ინსპექციის საქმეა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა / 25.10..2017 /გურამ მურვანიძის ფოტო, ვიდეო

 

 

 

 

ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ახალი ოფისი ექნება

სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ბათუმში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოფისისთვის ფართს გადასცემს. ახალი ოფისისთვის ფართი გამოყოფილი იქნება ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის, ციალა ქათამიძის თქმით, ფართი გარემონტებულია, თუმცა არ არის ადაპტირებული.

„შენობის პირველ სართულზე გვაძლევენ ოფისს, სამინისტრომ მოგვწერა უკვე წერილი სადაც ამბობს, რომ მზად არის ფართი დაგვითმოს, მაგრამ ოფისის ადაპტირებაა საჭირო, შიგნიდან მისადგმელი ლიფტის გაკეთება გვინდა. ამიტომ, მერიისგან უნდა მივიღოთ ლიფტის მშენებლობის ნებართვა“-გვეუბნება ციალა ქათამიძე.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლობა ახალ ოფისში მუშაობას წლის ბოლოსთვის დაიწყებს.

სახალხო დამცველის ოფისები როგორც ბათუმში, ასევე თბილისში ავარიულ შენობებშია განთავსებული. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის შრომის ნორმალური პირობები შეექმნა.

 

 

 

განთიადი ზღვაზე

„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. მსგავსი კვლევა შავ ზღვაზე 1990 წლის შემდეგ პირველად შარშან ჩატარდა. წელს კვლევის მეორე ეტაპი იყო.

„დელფინების ქარავანი უნდა გადავიღო“, – ჩემი ჯერ „ჩანასახში მყოფი მოგზაურობა“ ასე აღვწერე პირველივე წამს, როდესაც გავიგე, რომ გემზე მივდიოდი. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ნიშნავდა საათობით დგომას ქარიან გემბანზე და ღია ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტის მზერას.

გემზე 3 სექტემბერს, ღამით ავედი და მანამდე ჩამეძინა, სანამ ბათუმი თვალს მიეფარებოდა.

4 სექტემბრის დილა გემბანზე დგომით დაიწყო. უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელ ოქსანა სავენკოსთან ერთად დელფინებს ვითვლიდი და ფოტოებს ვიღებდი. პროცესი არც რთულია და არც ადვილი.

გადაიღო დელფინები, ნიშნავს ისწავლო დელფინის ხასიათი. როცა ჰორიზონტზე ზღვიდან ამოწვერილ დელფინის შავ კუდს მოჰკრავ თვალს, უნდა გამოიცნო საით წავა და შემდეგ კამერის ობიექტივი მიადევნო. თავიდან გამიჭირდა, სწრაფად ვერ  „მივსდევდი“, დელფინები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, ფოტოაპარატში კი არც ერთი წესიერი კადრი არ მქონდა. მთელი დღე გემბანზე გავატარე დელფინების მოლოდინში. ზღვა იყო ისეთი ლურჯი, როგორიც არასდროს მენახა მანამდე.

თეთრგვერდა დელფინი საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 4.09.2017

შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევა 90-იანი წლების შემდეგ პირველად 2016 წლის მაის-ივნისში ჩატარდა. სამეცნიერო-კვლევით გემ MARE NIGRUM-ის საშუალებით საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტებმა შავ ზღვაში ერთობლივი კვლევები ჩაატარეს. პროექტი „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ევროკავშირმა  და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დააფინანსა. პროექტის პარტნიორი საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოა. კვლევები, რომლებსაც მეცნიერები ატარებენ, უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლო 26 წელია არ ვიცით, როგორია შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა.

“>

გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ზღვაში დიდი რაოდენობით მყარი ნარჩენები იპოვეს. პლასტმასის ბოთლები თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რასაც უხვად ტოვებენ ადამიანები სანაპიროებზე, ზღვას ღია სივრცეში მიაქვს და იქ უყრის თავს.

გასული წლის მონიტორინგის ანგარიში წაკითხული მქონდა, შესაბამისად, აღარ გამკვირვებია, როცა ნაპირიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით, ღია ზღვაში მცურავი პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკები ვნახე.

გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, ადამიანების უარყოფითი ზეგავლენის კვალი ზღვის წყალშიც აღმოჩნდა. შავი ზღვის კვლევების მთავარი მიზანი ზღვაში არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გამოსწორების გზების ძიებაა.

ძირითადი სამეცნიერო სამუშაოები უკვე დამთავრებული იყო, როცა მე გემს უკანა გზაზე გავყევი, ამიტომ განსაკუთრებული ინტერესით ველოდი დარჩენილ ერთ კვლევას, რომელიც ზღვის ღელვის გამო ბათუმისკენ მომავალმა სამეცნიერო-კვლევითმა გემმა გამოტოვა. მას შემდეგ, რაც გემი ღია ზღვაში იმ წერტილს მიუახლოვდა, სადაც კვლევა უნდა ჩატარებულიყო, ღუზა ჩაუშვეს და ზღვიდან, 2 ათასი მეტრის სიღრმიდან, შლამი ამოიღეს. ამ შლამს მეცნიერები გამოიკვლევენ და შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ რაც ხილული იყო და თვალსაჩინო, შლამზე არსებული თევზის ანაბეჭდია. როგორც ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, თევზი დაახლოებით მილიონი წლის წინ მოხვდა ამ შლამში და მილიონი წლის შემდეგ კი მისი ფიტული – ჩემს ობიექტივში.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 4.09.2017

დაახლოებით მილიონი წლის წინანდელი თევზის ანაბეჭდი შლამზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 5.09.2017

როცა ღია ზღვაში ყოფნის დღეებს ვიხსენებ, პირველი, რასაც ვგრძნობ სიმშვიდეა. ჩემი აზრით, არაფერს მოაქვს ისეთი სიმშვიდე, როგორც ზღვას. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან წყალია, უზარმაზარი ლურჯი სივრცე. გემი ამ სილურჯეში მისრიალებს და გვერდებზე წყლის თეთრ ღრუბლებს ქმნის.

გემზე ჩემთან, გემის ეკიპაჟის წევრებთან და მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ცხოვრობდა გემის კაპიტნის, კონსტანტინის კატა მაიკლი. მაიკლი, იგივე მიჩო, უბრალო კატა არ გეგონოთ, 12 წლისაა, მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა, მეზღვაურის პასპორტი აქვს და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ პორტში უპრობლემოდ შევიდეს. მიჩომ „მარე ნიგრუმის“ კაპიტანთან ერთად მსოფლიო უკვე შემოიარა.

მაიკლი და კაპიტანი

როგორი გამოცდილი კაპიტანიც არ უნდა ხელმძღვანელობდეს გემს, მსოფლიოს ნებისმიერ პორტში შესასვლელად მას, თურმე, დახმარება სჭირდება. როცა გემი ნავსადგურის მიდამოებს მიადგება, ნაპირიდან მასთან შესახვედრად სალოცმანო კატარღით ლოცმანი მოდის. ლოცმანი იგივე პილოტია, გემის გაცილების სპეციალისტი. გემიდან ხის კიბეს ჩაუშვებენ სალოცმანო კატარღაზე და პილოტი ამ გზით გემბანზე ამოდის. შემდეგ უკვე ის განსაზღვრავს კურსს, თუ როგორ უნდა შევიდეს გემი პორტში.

გემის პორტში შესვლა, ალბათ, გემით მოგზაურობის ყველაზე დამღლელი პროცესია. დამღლელი იმიტომ, რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა ხმელეთი, გემი კი ნელ-ნელა, ზოზინით მიიწევს პორტისკენ. პორტში შესვლის დაწყებიდან ღუზის ჩაშვებამდე ზოგჯერ ორი საათიც კი გადის. ნერვების შემდეგი გამოცდა მაშინ იწყება, როცა გემი ღუზას ჩაუშვებს და თითქოს ყველაფერი მზადაა ნაპირზე გადასასვლელად, მაგრამ არა. სანამ გემი ავტორიზაციას გაივლის, კაპიტანი პასპორტს გადმოგცემს და ხმელეთზე გადასვლის ნებას დაგრთავს, ერთ-ორი საათი კიდევ გადის.

სასადილო გემზე ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შეგეძლო ეკიპაჟის ყველა წევრი და ექსპედიციის მონაწილეები გენახა, პატარა ოთახში, რომელსაც გემბანზე გამავალი ფანჯრები ჰქონდა, მაგიდებიც (წითელი კუბოკრული ქაღალდის საფარით)  და სკამებიც იატაკზე იყო მიდუღებული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ შტორმისა და ღელვის დროს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში არ „ისეირნონ“. კამბუზიდან, გემის სამზარეულოდან ყოველთვის საინტერესო სუნი გამოდიოდა და კერძებიც მრავალფეროვანი იყო. თუმცა მე გამოვყოფდი ლიმონს. ლიმონი და ნიორი გემზე აუცილებელი საკვებია – ვიტამინებსა და კალცს ამ ფორმით იღებენ მეზღვაურები. ნივრის რა გითხრათ, მაგრამ ლიმონს ზღვა განსაკუთრებულ გემურ თვისებას სძენს. იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლია კანიანად ჭამო. იმისთვის, რომ ლიმნის ეს გემური თვისება აღმოაჩინო, ჰო, ალბათ, ზღვაზე უნდა წახვიდე.

„მარე ნიგრუმზე“ მოხვედრამდე არ ვიცნობდი არც ერთ სტიუარტს, ალბათ ამიტომ მგონია, რომ ჩვენი სტიუარტი მსოფლიოში ყველაზე მხიარული, საინტერესო და ცოტა ხელოვანი ტიპი იყო. სტიუარტი არის ადამიანი, ვინც გემის სასადილოში მაგიდებს ემსახურება. მის მოვალეობაში ასევე შედის კოკის, მზარეულის დახმარება. ზოგიერთ გემზე კი სტიუარტი კაპიტნისა და გემის უფროსი მექანიკოსის კაიუტებსაც ალაგებს.

ინგლისური არ იცოდა. „ბუონ აპეტიტ“ „იქსქიუზ მი“ „სენქს“ – ამ სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ თითოეული კერძი მაგიდაზე ისეთი გრაციოზულობით მოჰქონდა, ღიმილსა და ბედნიერების შეგრძნებას უჩენდა ყველას. ხანდახან გემბანზეც გადიოდა ხოლმე და ფოტოებს იღებდა.

გემზე ყოფნის ყველაზე რთული ეტაპი შტორმია ერთი კვირის მანძილზე. რაც ზღვაში ვიყავით, ძლიერი შტორმი არ ყოფილა, თუმცა ღელვამ გვარიანად აჯანჯღარა ჩვენი გემი.

ზღვის ავადმყოფობა გაქვს თუ არა ამას მარტო მაშინ იგებ, როცა გემზე ხვდები. როცა ზღვა ღელავს, გემი ირწევა, გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი ერთდროულად გეწყება. არსებობს ალბათ რაღაც წესები, თუ როგორ უნდა ებრძოლო ზღვის ავადმყოფობას, მაგრამ მე გამოსავალი ძილში ვიპოვე. მახსოვს, 7 სექტემბრის საღამოს ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, ვახშმის დროს სასადილოში მეზღვაურებმა მოხუცი ქალის პატარა თოჯინა გამოიტანეს და ჭერში, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ლურსმანზე ჩამოკიდეს, ცუდი ამბებისგან დაგვიცავსო. ცრურწმენები მრავლადაა მეზღვაურებში. ზოგიერთს სწამს, რომ პარასკევს პორტიდან გასვლა არ არის კარგი – მიიჩნევენ, რომ რთული მგზავრობა იქნება. ერთი ნაცნობი ქართველი კაპიტანი კი მომიყვა, თუ რატომ მიაჩნდათ ძველად მეზღვაურებს გემზე ქალის ყოფნა თარსად. როგორც აღმოჩნდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონია: მეზღვაურები გემს მდედრობით სქესად აღიქვამენ. გემი არის “She” და როცა ხომალდზე სხვა ქალია, ის „მთავარი ქალი“ ეჭვიანობს, ეგოისტობს და ამის გამო გემზე პრობლემები იქმნება. მიზეზი, რის გამოც გემს ქალად აღიქვამენ, ჩვევებშია. როგორც ქალი იწყებს დილით გაღვიძებისთანავე თავის მოვლა-მოწესრიგებას, ისე მეზღვაურები დილიდან წმენდენ, ალაგებენ და ღებავენ გემსო.

ეს ცრურწმენები გადმონაშთია და დღეს ნაკლებად, რომ ვინმე ითვალისწინებდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენს ექსპედიციაში ბევრი ქალი იყო, ეკიპაჟის შემადგენლობაშიც ჰყავდათ ერთი ქალი.

გემის წესები ყველა იმ წესებისგან განსხვავდება, რასთანაც აქამდე შეხება მქონია. თავიდან არაფერი ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ვცდილობდი ფეხებში არავის მოვდებოდი. სანამ ქართველმა მესაზღვრეებმა მკაცრად არ მითხრეს, პასპორტი გემის კაპიტანს უნდა ჩააბარო და მასთან დარჩება მთელი მოგზაურობის მანძილზეო, მანამ არ მჯეროდა, რომ ასე უნდა გამეკეთებინა. გემზე ყველა და ყველაფერი კაპიტანს ემორჩილება.

ჩვენი კაპიტანი მკაცრი სულაც არ იყო.

ღია ზღვაში მოგზაურობამ ბევრი წარმოდგენა შემიცვალა იმაზე, თუ როგორია ცხოვრება გემზე. აღმოჩნდა, რომ კაპიტანს ის ლამაზი, თეთრი ფორმა მარტო მაშინ აცვია, როცა გემი პორტში შედის. სხვა დროს შორტებით, მაისურითა და ფლოსტებით დადის, მზარეულთან ერთად ნარდს თამაშობს და იღიმის კიდეც. ფორმები არც მეზღვაურებს აცვიათ. ხოლო როცა გემი პორტში ღუზას უშვებს, სანამ ნაპირზე გადასვლის ნებართვას მიიღებენ, მეზღვაურთა თავის შესაქცევი საქმიანობა თევზაობაა.

მზარეული და კაპიტანი ნარდის თამაშისას, სადღაც ღია ზღვაში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
6.09.2017

ამ მოგზაურობის დროს პირველად ვიგრძენი თავი მეზღვაურად. ოდესის პორტს 6 სექტემბერს მივადექით, თუმცა პორტში შესვლის უფლება მხოლოდ 7 სექტემბერს მივიღეთ. „მარე ნიგრუმმა“ ღუზა პორტთან ახლოს, ღია ზღვაში ჩაუშვა. ნაპირი ახლოს იყო, მაგრამ ვერ გადავდიოდით. მეზღვაურები ღია ზღვაში თევზაობდნენ, მეცნიერები ისვენებდნენ, დრო თითქოს გაჩერდა. გემები მიმოდიოდნენ, გვერდს გვიქცევდნენ, ზოგიერთიც ჩვენი გემივით ღია ზღვაში იდგა. პორტში მეორე დღეს 9 საათზე შევედით, თუმცა მთელი რიგი პროცედურების გავლას დრო დასჭირდა და ქალაქში გასვლის ნება მხოლოდ 12 საათზე, ერთი საათით მოგვცეს. პირველ საათზე გემი ისევ ზღვაში გადიოდა.

წარმოუდგენლად ბევრი რამ შეიძლება მოასწრო ადამიანმა თურმე ერთ საათში. ჩქარი ნაბიჯით დავდიოდი ოდესის ქუჩებში, ჩემ წინ ეკიპაჟის წევრები სხვადასხვა ქუჩაზე იფანტებოდნენ, მე კიდევ ვცდილობდი ქალაქი სწრაფად მენახა, სადმე ინტერნეტი მომეძებნა და მეგობრებისთვის მიმეწერა. ქალაქის ნახვაც, ტელეფონში წინასწარ დაწერილი წერილების დაგზავნაც, განსაზღვრულ დროში შევძელი. ახლაც არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ გემზე არ დამიგვიანებია.

ჩემი მოგზაურობის ბოლო დღეს პირველად აღმოვჩნდი შტურვალთან. უფრო სწორად იმ ოთახში, სადაც გემის საჭე და სანავიგაციო სისტემებია განთავსებული. ჯადოსნური ადგილია.

გემით ღია ზღვაში მოგზაურობისას ბევრი რამ იყო, რაც პირველად ვნახე და რასაც, ალბათ, ყველა მეზღვაური ან ის ადამიანი ნახულობს, ვინც ზღვით მოგზაურობს. ვნახე, როგორ დაცურავენ დელფინები გემთან ერთად, როგორ ეთამაშებიან თოლიები იგივე დელფინებს და როგორ უცვლის მზის სხივები ზღვას ფერს. თუმცა ყველაზე ჯადოსნური მაინც მზის ამოსვლა იყო. განთიადი ზუსტად ისე ზანტად დგება ზღვაზე, როგორც გემები შედიან პორტში. ჯერ ბინდი ტყდება, შემდეგ მზის წითელი ბურთი იწყებს ამოსვლას და წუთების მიხედვით იცვლება ფერი ირგვლივ, ბოლოს მზე ამოდის და ნათდება.

 

 

მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი ჭკვიანური გამოგონება

მზე შეიძლება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ რესურსად იქცეს, თუმცა 99%-ით დღემდე სხვა სახის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ში, მაგალითად, მზე, როგორც ალტერნატიული ენერგია, მხოლოდ ერთი პროცენტითაა ათვისებული.

სერბეთის, ჰოლანდიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე მზის ენერგიის გამოყენების ოთხი ჭკვიანური მაგალითი არსებობს.

1.მარწყვის ენერგია (Strawberry Energy)

თუ ბელგრადში მობილური ტელეფონი გაგეთიშებათ, შეგიძლიათ ,,მარწყვის ხე’’ მოძებნოთ და მზის ენერგიით დამუხტოთ, როგორც ტელეფონი, ასევე სხვა ნებისმიერი მოწყობილობაც. ,,მარწყვის ხეები’’ (Strawberry Tree) მზის ენერგიაზე მომუშავე სოციალური სადგურებია. აქ მზეზე მომუშავე WI-FI სერვისიც ფუნქციონირებს.

,,მარწყვის ხეები’’ ბელგრადის ქუჩებში, მოედნებზე, კაფეებსა და პარკებშია დამონტაჟებული. პროექტის იდეა ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტს, მილოშ მილისავლევიჩს ეკუთვნის, რომელმაც თანაკურსელებთან ერთად აქცია იდეა რეალობად.

,,მარწყვის ხეების’’ მისია ყოველდღიურ ცხოვრებაში განახლებადი, სუფთა ენერგიის გამოყენების დანერგვაა. ბელგრადში ამ სადგურებზე 18,695 დამმუხტავი წერტილია განთავსებული. ენერგიის ახალ წყაროს გამოჩენისთანავე 100 000 მომხმარებელი ჰყავდა ბელგრადში.

,,მარწყვის ხეში’’ მზის ენერგია დღის განმავლობაში გროვდება და ინახება ღრუბლიან ამინდსა და ღამის საათებში გამოსაყენებლად. ყოველ ხეს უფასო პორტები აქვს, რომლებიც 10-15 წუთში მუხტავს მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებს. ბელგრადში დაწყებულ კამპანიას ,,მარწყვის ენერგია” (Strawberry Energy) შემოსავალი სადგურებზე განთავსებული რეკლამებისგან აქვს.

                                                                                            2.მზის რესტორნები ფინეთში

რესტორანი Lapin Kulta Solar Kitchen-ი ფინურმა კომპანია Lapin Kulta-მ გახსნა და მალე მთელ ევროპაში გახსნეს ფილიალები,  კლიენტები ე.წ. ,,მზის საკვებით” რომ მოემარაგებინათ. რესტორანი მხოლოდ მზიან დღეებშია ღია და დღის მენიუ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პროდუქტის მოსამზადებლად იქნება საკმარისი ამა თუ იმ დღეს მზის ენეგია. ჰელსინკის კალასატამას რაიონში მზიან დღეებში ყოველდღიურად 1000-მდე ვიზიტორი ჰყავს რესტორანს. უზარმაზარი ,,მზის ქურები’’ სპეციალური მეტალისგანაა დამზადებული, რომელიც მზის სითბოს სწრაფად კრებს და საკმარისად ცხელდება სხვადასხვა პროდუქტის მოსამზადებლად. ასე მომზადებულ საკვებს განსხვავებული გემო აქვს და რესტორნებიც, ძირითადად, ეკოტურისტებს იზიდავს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს და სუფთა ენერგიას ანიჭებენ უპირატესობას

    3.მზის ბილბორდები დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკაში.

კომპანია Ricoh-ი მზის ენერგიაზე მომუშავე სარეკლამო ბილბორდებს ამონტაჟებს სხვადასხვა ქალაქში: სიდნეიში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. ბილბორდი ნათდება მაშინ, როცა განახლებადი, დაგროვილი ენერგიის რაოდენობა საკმარისია. ,,ეკო ბილბორდი’’ ერთადერთი გამოგონებაა, რომელიც ორი სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგიით საზრდოობს ერთდროულად – ქარის ხუთი ტურბინითა და მზის 96 ბატარეით. კომპანია იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის მათი ფილიალები გაიხსნება მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქალაქში და სუფთა ენერგიაზე მომუშავე სარეკლამო ბილბორდები ეკოქალაქების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა.

                                                                                                   4.ნიდერლანდები-მზის გზა

ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია და ინოვაციებზე მომუშავე კვლევითმა ფირმა TNO-მ გადაწყვიტა, ეს ფაქტორი მზის ენერგიის დასაგროვებლად გამოეყენებინა. ამსტერდამში 250 მილის სიგრძის საველოსიპედე ბილიკები დამცავი, გამძლე მინით იფარება. მინა მზის ენერგიას აგროვებს და გარდა ამისა, ამავე ბილიკზე განთავსებული სპეციალური პანელების მეშვეობით ველოსიპედისტები ავტომატურად გამოიმუშავებენ ენერგიას სიარულისას. ,,მზის ბილიკის’’ ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 50 კვტ.სთ ენერგია გროვდება, რომელიც ქსელით გადაიცემა შუქნიშნების, ქუჩის განათების უზრუნველსაყოფად და სახლების გასანათებლადაც კი.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

https://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

წყვილები, რომლებმაც მსოფლიო ხელოვნების ისტორია შეცვალეს

წყვილები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს და გაუცნობიერებლად ბევრ საინტერესო რამეს, დიდ საქმეებს, ხელოვნებაში განსხვავებული მიმდინარეობის დასაწყისს, ან სულაც ახალ ეპოქას იწყებენ განსხვავებული ხედვით. ვიხსენებთ რამდენიმე წყვილს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში, თუმცა ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

                                                                                                 ულა და მარინა აბრამოვიჩი

მრავალ საინტერესო და ავანგარდულ პერფორმანსს შორის, რომელზეც ულას და მის მეუღლეს მარინა აბრამოვიჩს უმუშავიათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ცოცხალი სანახაობა The Lovers იყო, რომელიც 1988 წელს მოაწყეს გაცნობიდან 12 წლისთავის აღსანიშნად: მარინა და ულა ჩინეთის კედლის სხვადასხვა მხრიდან მიდიოდნენ ერთმანეთისკენ ძალიან, ძალიან დიდხანს და ბოლოს კედლის შუაში შეხვდნენ ერთმანეთს.

ფოტო: pomeraz-collection.com
ფოტო: pomeraz-collection.com
მაქს ერნსტი და დოროთი ტენინგი

ერნსტი და ტანინგი სიურეალიზმის მოძრაობის პიონერები იყვნენ – პირველად 1942 წელს ნიუ-იორკის გალერეაში გაიცნეს ერთმანეთი და 1946 წელს დაქორწინდნენ. მაქს ერნსტმა დოროთისთან ქორწინების წელს დაწერა ცნობილი ტრაქტატი ,,მხატვრობის მიღმა’’ რამაც წყვილს დიდი ფინანსური მოგება მოუტანა.

ფოტო: dorotheatanning.org
                                                                                               ფრანსუაზა ჟილო და პაბლო პიკასო

პიკასო 63 წლის იყო, როცა ხელოვნების ახალგაზრდა კრიტიკოსთან, ფრანსუაზა ჟილოსთან დაიწყო ურთიერთობა. 40 წლით უმცროსი ქალის შთაგონებით პიკასომ სრულად შეცვალა ხატვის მანერა და ჟილოსთან ერთად გაატარებული ათი წლის განმავლობაში განსხვავებული, კუბისტური ნახატების  შექმნა დაიწყო.

ფოტო: aperture.org
ფოტო: aperture.org
                                                                                             დიეგო რივერა და ფრიდა კალო

ფრიდა კალო დიეგო რივერას მოწაფე იყო თავიდან, თუმცა მალევე, სიცოცხლეშივე  იქცა ყველაზე დიდ მექსიკელ მხატვრად. ფრიდა კალომ და რივერამ ბევრწილად განსაზღვრეს ერთმანეთის სტილი და ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რივერა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ 1954 წელს ფრიდას გარდაცვალება მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია იყო.

ფოტო: sites.darthmouth.edu
ფოტო: sites.darthmouth.edu
ლი კრასნერი და ჯექსონ პოლოკი

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პირველი მიმდევრები პოლოკი და ლი კრასნერი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და 1944 წელს დაქორწინდნენ. პოლოკს ბევრი რამ მისცა ლი კრასნერის თეორიულმა ცოდნამ, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მხატვარ-აბსტრაქციონისტი იყო. წყვილმა ლონგ აილენდთან ახლოს მამული შეიძინა ხის სახლით. მამულის ბოსელი მხატვრების წყვილმა სახელოსნოდ გადააკეთა და სწორედ აქ შეიმუშავა ჯექსონ პოლოკმა თხევად საღებავზე სპონტანურად მუშაობის მისეული გამორჩეული ტექნიკა. დღეს ამ სახელოსნოში პოლოკ-კრასნერის ცნობილი სახლი-სტუდია ფუნქციონირებს.

ფოტო: patronofthearts.com
ფოტო: patronofthearts.com
რეი და ჩარლზ ეიმსები

ჩარლზმა და რეიმ ერთად შექმნეს 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრები Time-Life-ის სკამები და Eames-ის დივანი. რომლებიც ნებისმიერ თანამედროვე სივრცეში ფართოდ გავრცელებულ ავეჯად მიიჩნევა.

ფოტო: bricoberta.com
ფოტო: bricoberta.com
ვასილი კანდინსკი და გაბრიელა მიუნსტენი

მიუნსტენმა და აბსტრაქციონისტმა კანდინსკიმ ერთმანეთი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიცნეს კანდინსკის ლექციის მერე  მიუნხენის სკოლა Phalanx-ში. ორივე ერთად მუშაობდა ექსპრესიონისტთა ჯგუფის ფორმირებაზე და მათ ერთად შექმნეს მხატვართა ჯგუფები ,,Der Blaue Reiter’’ და ,,Neue Kunstlervereinigung’’

ფოტო: pinterest.com
ფოტო: pinterest.com

 

ელენ მარი ფრიდი და უილიამ დე კუნინგი

ელენ მარი ფრიდი და უილიამ დე კუნინგი ერთმანეთს 1938 წელს შეხვდნენ. 1943 წელს დაქორწინდნენ და მხატვარ-ექსპრესიონისტებთან ერთად ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ. წყვილი აქტიურობდა 60-ინი წლების მოძრაობაში, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკის სკოლის სახელით გახდა ცნობილი.

ფოტო: pinterest.com
ფოტო: pinterest.com

                                                                                                         მან რეი და ლი მილერი

პროფესიონალი მოდელი ლი მილერი პარიზში ჩავიდა და უკვე ცნობილი მხატვრის, მან რეის მოწაფე გახდა. შემდეგ მის ასისტენტ-ფოტოგრაფად და მუზად იქცა. მილერმა ბოლოს მხატვრის კარიერაზე ფიქრი დაიწყო და სიურეალიზმის მოძრაობის ერთ-ერთ აქტიური წევრი იყო.

ფოტო: npr.org
ფოტო: npr.org

სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი მოეწყობა

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოეწყობა. სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქობულეთის გამგეობამ ტენდერი გუშინ, 24 ოქტომბერს გამოაცხადა. პროექტის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 10 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს „სრული არქიტექტურული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-კომუნალური შიგა და გარე ქსელების
პროექტისაგან, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა.“

სატენდერო კომისიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დაჯდება ბიუჯეტიდან ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის მოწყობა. განგვიმარტეს, რომ ეს პროექტზე იქნება დამოკიდებული.

ზურაბ გორგილაძის სახლი სოფელ გორგაძეებში/ ქობულეთის გამგეობის ფოტო

პოეტი ზურაბ გორგილაძე [1937-2006] ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში დაიბადა. პოეტი 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად.

ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი “ნდობა”გაიხსნა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, # 47-ში, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი  „ნდობა” გაიხსნა.

ცენტრში ძირითადად იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, რომლებიც განსაკუთრებით გამოკვეთილია გამომდინარე ჩვენი საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური თუ განათლების დაბალი დონის გამო.

დასაწყისისთვის მიიღებენ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება:

[checklist]

  • კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევაში და სტრესის დაძლევაში
  • სხვადასხვა ძალადობის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში
  • მავნე ჩვევებიდან თავის დაღწევაში (ნარკომანია, ლოთობა, თამაშომანია და სხვები)
  • ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდებაში
  • საწარმოებში დასაქმებულებს შორის  დადებითი ფსიქოლოგირი აურის შექმნაში.

[/checklist]

სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, იგეგმება უცხოეთში აპრობირებული სხვა ფსიქოლოგიური კურსების დამატება, მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა:  წყვილების წინასწარი მომზადება ქორწინებისთვის, ჯგუფური თერაპიული კურსების შექმნა და ბედნიერთა კლუბის ჩამოყალიბება.

 

ნგრევა ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე #61-ში , სადაც რესტორანი „ბრემენი“ ფუნქციონირებდა, მესაკუთრე ეთერ ქილიფთარი ძველი შენობის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც  მშენებელმა ახალი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს შეათანხმა.

საბჭოს შვიდი წევრიდან, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ექვსმა თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს  რომ საკითხი დადებითად გადაწყდა.  წინააღმდეგი მხოლოდ სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი მირზა ცეცხლაძე იყო, მისი აზრით, ახალი პროექტი დასახვეწია.

ახალი პროექტი არ მოსწონთ ძეგლების დამცველებსაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი კიდევ ერთხელ დაარღვევს ამ ქუჩაზე ძველი ბათუმის განაშენიენებას.

 

 

კოსმოსური ბანაკი „Rocket Club“-ი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV-“Youth for Democracy” აცხადებს რეგისტრაციას 14-დან 17-წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის “კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მისაღებად.  “კოსმოსური ბანაკი” ბათუმის, ზუგდიდის და თელავის ამერიკულ კუთხეებში ჩატარდება.

კოსმოსური ბანაკი მოიცავს სალექციო პროგრამას და პრაქტიკულ სამუშაოებს სარაკეტო და ჰაერნაოსნობის ინჟინერიასა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიღწევების შესახებ.“კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14-დან 17-წლამდე, ბათუმის, ზუგდიდის ან თელავის ამერიკული კუთხეში არსებული “Rocket Club”-ის წევრი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 ოქტომბერია.

Rocket Club”-ში გასაწევრიანებლად მიყევით ბმულს: https://goo.gl/forms/83gKmPyRsA0JxIbm1

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 032 2990 957; 599 560 348

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

ბათუმში, გორგილაძის #94-ში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს. მათივე ინფორმაციით, ნავთობი მათი სახლის სარდაფში სახლის წინ მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის რეზერვუარიდან მოხვდა. ამბობენ, რომ ამის გარკვევა მათ სარდაფიდან აღებული სინჯით შეძლეს: „სინჯი ექსპერტიზაზე წაიღეს. აქ ამბობენ, რომ „სოკარის“ რეზერვუარიდან ბენზინი ამ დრომდე ჟონავს.

„…ზაფხულში ჩვენს ბინაში ნავთობის მკვეთრი სუნი დადგა, ბავშვებს გულისრევის შეგრძნება დაეწყოთ. თავდაპირველად გვეგონა სუნი გვერდით მდებარე ბენზინგასამართი სადგურებიდან მოდიოდა. ჩვენს სახლთან ორი ბენზინგასამართი სადგურია – „სოკარი“ და „რომპეტროლი“.  თანდათან სუნი გაძლიერდა და მაღალ სართულზეც ავიდა. დავრეკეთ მერიაში და 122-ში, მოვიდნენ გადაამოწმეს – აღმოჩნდა, რომ სარდაფში ნავთობი იდგა. მოვიდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვიც, თვითონ იყო სარდაფში შესული, თავისი ტელეფონით მიანათა და თავის თვალით ნახა ყველაფერი. იმ ღამეს სახლი დავცალეთ. შემდეგ სამი ღამე იდგნენ სახანძროს მანქანები ადგილზე, სინჯები აიღეს და აღმოჩნდა, რომ ჩვენს სარდაფში „ სოკარის“ საწვავი იყო. სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა, არავინ იცის, რა მოხდებოდა, ვინმეს ერთი ასანთის ღერი რომ აენთო“, – ამბობს გორგილაძის #94-ში მცხოვრები.

ახალაშენებული სახლის სარდაფში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ „სოკარს“ სახლსა და ბენზინგასამართ სადგურს შორის წყალშემკრები ჭა გაუთხრიათ. გორგილაძის #94-ში  მცხოვრებლების ინფორმაციით, „ამ ჭიდან 16 ტონა ნავთობი ამოიღეს“.

ნავთობის სუნი გორგილაძის 94-ის ეზოში, განსაკუთრებით სარდაფის მხრიდან ისევ იგრძნობა. აქ მცოვრებლების თქმით, ისინი პრევენციის მიზნით ისევ დაუკავშირდნენ მერიას და 112-შიც დარეკეს, თუმცა ამჯერად რეაგირება არავინ მოახდინა. „112-ში გვითხრეს – ჩვენ არ გვეხებაო. არც მერია მოდის შესამოწმებლად“, – ამბობობენ აქ მაცხოვრებლები.

რატომ არ რეაგირებს მერია შეტყობინებაზე და ვინ უზრუნველყოფს გორგილაძის #94 მცხოვრებთა უსაფრთხოებას? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე განმარტების გაკეთება არ ისურვეს და „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს.

შპს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ბათუმის წყალმა“ ამ ბინის სარდაფიდან გრუნტის წყლები ამოტუმბვა, იმ მიზნით რომ ნავთობი კანალიზაციაში არ ჩაღვრილიყო და მომავალში სანიაღვრე სისტემის მუშაობას პრობლემები არ შექმნოდა“.

„სხვა კომპეტენცია ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს ელენე ნოღაიდელი, ბათუმის წყლის პრესსამსახურის თანამშრომელი.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გორგილაძის #94-ში მრავალბინიანი სახლის სარდაფში, სადაც პარკინგის ადგილია, ნავთობის შემცველი სითხე ნამდვილად დაგროვდა, მაგრამ ეს „სოკარის“ ნავთობი არ ყოფილა:

„…სარდაფში ნავთობი იყო, სხვანაირად წყლის და ნავთობის კონცენტრაცია ერთმანეთს არ დაემთხვეოდა. „სოკარმა“ წარმოგვიდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ავზები დახურული აქვს.  გარდა ამისა, ამ სახლიდან აღებული სინჯი „სოკარის“ სინჯს არ დაემთხვა.  ჩვენი ინფორმაციით, სხვა მშენებლობის დროსაც იყო მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რაღაც ძველი ნარჩენებია. აქ არის მშენებლობის ნორმების პრობლემა. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტმა მშენებელს უნდა დაავალდებულოს ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ არ გვაძლევს კანონმდებლობა საშუალებას, მშენებელს დავაკისროთ გამოასწოროს  ეს ნორმები“, –  გვითხრეს ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სახლი, რომელსაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით საკანალიზაციო სისტემა გამართული არ აქვს, ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში ორი წლის წინ ჩაიბარა.

„ბათუმელები“ ზედამხედველობის სამსახურისგან ინფორმაციის დამადასტურებელ  ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.

თავად კომპანია „სოკარში“ გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და დაგვიკავშირდებიან.

 

 

შემოდგომა ბათუმში [ფოტო]

საქმის, ქაღალდების, ციფრების, დედლაინების, დაუსრულებელი თუ დასრულებული ისტორიების ზღვაში, ყოველთვის მოიძებნება ერთი საათი, როცა გაქვს შანსი სადმე გახვიდე და დაისვენო.

თუ გაგიმართლა და ბათუმში ხარ, მაშინ შეგიძლია ექვსი მაისის პარკში შემოდგომის მზეს მიეფიცხო, ტბაში მოცურავე იხვების ცქერით გაერთო, ან უბრალოდ ბალახზე წამოწვე და არაფერზე იფიქრო.

 

ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017

 

ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 24.10.2017

 

ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017

ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017
ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017

დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში

26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:30 სთ-ზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია – „დედობა როგორც პოლიტიკური აქტი“.

„პატრიარქალურ კულტურაში დედობა განსაზღვრულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, რომელიც, ძირითადად, გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით ხასიათდება. ამგვარი ჩარჩო უგულვებელყოფს დედის სპეციფიკური აზროვნებისა და დედობის პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობებს. ამავდროულად, საშინაო სივრცეში ჩაკეტვა დედების ერთმანეთისგან იზოლირებასაც უწყობს ხელს და მათი ურთიერთსოლიდარობის შესაძლებლობებს ზღუდავს,“-ნათქვამია პრესრელიზში.

მომხსენებელი იქნება პროექტის ფემინისტი დედის დღიურები / Feminist Mother’s Diaries ავტორი, გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი.

დისკუსიის ძირითადი ხაზი იქნება  –  როგორია დედობა, როგორც ინსტიტუტი და რამდენად ჰგავს ის დედების რეალურ გამოცდილებას? აღნიშნული კომპონენტი წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შეგროვებული ზეპირი ისტორიების საფუძველზე;

დედობასთან დაკავშირებულ რა მითებს ანგრევს ფემინისტური კრიტიკა; ვინ არის ფემინისტი დედა და რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა?

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  გამარჯვებული კანდიდატები იქნებიან.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სიის ოთხი წევრის გაყვანა შეძლო. ესენი არიან: სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძე,  ლევან ანთაძე, რომელიც მერობის კანდიდატიც იყო ამ არჩევნებზე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ნოდარ დუმბაძე  და ევგენი კუნჭულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე ადასტურებს, რომ საკრებულოში ოთხი წევრით იქნება პარტია წარმოდგენილი, „თუმცა, შესაძლებელია პროპორციული სიით წარმოდგენილი თანმიმდევრობა შეიცვალოს.“

„ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კი თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილნი. „ევროპული საქართველოდან“ სიის პირველი ნომერი, რაულ თავართქილაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი არჩილ მამულაძე შევა საკრებულოში.

„ნაციონალური მოძრაობა“ რადგან ოთხი წევრითაა წარმოდგენილი, შეძლებს საკუთარი ფრაქცია ჰქონდეს საკრებულოში. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი გაერთიანდებიან. ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ისინი მეორე ფრაქციის შექმნას საკრებულოში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გამორიცხავენ. „პრორუსულ პარტიასთან (გულისხმობს „პატრიოტთა ალიანსს“) ფრაქციის შექმნა მე პირადად სწორად არ მიმაჩნია,“- ამბობს ის.

სხვა პარტიის წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნის წინააღმდეგია რაულ თავართქილაძეც.

რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება   

გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა ირაკლი ქაჯაიას საქმეზე. გასული წლის ივლისში იგი სამართალდამცველებმა ბათუმის ბულვარში დააკავეს. პოლიციის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან კი ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში – მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. გამოძიება კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება, რითაც პოლიციელების ბრალეულობის საკითხი უნდა დადგინდეს, უსაფუძვლოდ ჭიანურდება.

„ჩვენი განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 6 სექტემბრის დადგენილებით, ირაკლი ქაჯაია ცნობილი იქნა დაზარალებულად, მაგრამ პოლიციელთა წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება დღემდე ჭიანურდება უსაფუძვლოდ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

გამოძიება არ დასრულებულა, მაგრამ პოლიციამ ირაკლი ქაჯაია ადმინისტრაციული წესით მიმდინარე წლის მაისში დააკავა – წვრილმანი ხულიგნობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 8 მაისს ირაკლი ქაჯაია გაამართლა და მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში მისცა გაფრთხილება.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი პუშკინის ქუჩაზე, ღამე იყო. ისინი ლუდს სვამდნენ. მე – არა. ჩამოიარა პატრულის მანქანამ, შეაჩერა და გადმომძახეს მანქანიდან, ქაჯაია დაახვიეო. ვკითხე, რა დავაშავე-მეთქი. გადმოვიდნენ და მარტო მე დამაკავეს… ალბათ გასული ზაფხულს რაც მოხდა, იმას უკავშირდებოდა ეს დაკავება. ზოგადად, ხშირად მაჩერებს პოლიცია ქუჩაში,“ – ამბობს ირაკლი ქაჯაია.

„ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში ირაკლი ქაჯაია იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, რითაც დაარღვია მოქალაქეთა სიმშვიდე და მყუდროება. არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე იგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ღებულობდა სპირტიან სასმელს,“ – ეს პოლიციის თანამშრომელმა უთხრა მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს. პოლიციის ჩვენებით, განყოფილებაში მიყვანილმა ირაკლი ქაჯაიამ ასევე დახია სამართალდაღვევის ოქმი, რაც პოლიციელებმა შეადგინეს.

„პოლიციელებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რაც ამას დაადასტურებდა. აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევის დროს მათ ჰქონდათ ციფრული აპარატი, მაგრამ არ გადაუღიათ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადაგვეღოო. რაც შეეხება წინააღმდეგობის გაწევას, ამას არც ირაკლი უარყოფს, რომ წინააღმდეგობა გაუწია, როცა უსაფუძვლოდ აკავებდნენ,“ – ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც სასამართლოში ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს იცავდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ირაკლი ქაჯაიამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რადგან იგი დაკავების დროს ცდილობდა გაქცევას და იძულების წესით დააკავეს. ამ ნაწილში სასამართლომ სანქციის სახით მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა.

„რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ირაკლი ქაჯაიას ასეთი პასუხისმგებლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად არ არის საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც არ არის დადასტურებული რომელიმე კონკრეტული წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევის არსებობა მათ ქმედებებში,“ – აღნიშნავს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე გადაწყვეტილებაში.

 

Exit mobile version