კვირის ამბები

11 ლარი – ხელფასი ექთნებს

26.06.2015 • 2370
11 ლარი – ხელფასი ექთნებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რესპუბლიკური საავადმყოფოს 40-მდე ექთნისა და სანიტრის მიერ ხელმოწერილი წერილი შევიდა ფიქსირებული ხელფასების მოთხოვნით, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართეს, რადგანაც საავადმყოფო სწორედ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და დამუშავება. თუმცა პასუხი, თუ რა ზომებს მიიღებს სამინისტრო და როდის – ჯერ უცნობია.

“პაციენტები ნამდვილად ნაკლები გვყავს, მაგრამ ღამეებსაც ვათევთ და საქმესაც მაინც იმავეს ვაკეთებთ, რასაც ადრე. მოვა თუ არა პაციენტი, ჩვენ ყველაფერი მწყობრში უნდა გვქონდეს, ადრე თუ მუდმივად 100 და 150 ლარი გვქონდა, ახლა 11 და 15 ლარი ავიღეთ. ჩვენ რა, დავაშავეთ რამე? პაციენტები რომ არ მოდიან, ჩვენი რა ბრალია, გააუმჯობესონ პირობები და მოვა მეტი ხალხი”, – ამბობს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურში დამატებითი პრობლემების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, დაუშვებელია ექთნის, მისი თანაშემწისა თუ ნებისმიერი სხვა სპეციალისტის მიერ გაწეულ შრომაზე ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე (160 ლარი) დაბალი ანაზღაურების გაცემა. “ეს საცოდაობაა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არ იყო პაციენტი, ადამიანმა რვა ღამე გაათია საავადმყოფოში. 15 ლარის ოდენობის ანაზღაურება სირცხვილია, შესაფერისი სიტყვაც ვერ მომიძებნია”, – ამბობს ის.

ამ აზრს იზიარებს აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძეც და ამბობს, რომ აუცილებელია შრომის კოდექსით გათვალისწინებული იყოს ადეკვატური მოცულობის მინიმალური ხელფასი, რომელიც საქართველოში მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც 90-იან წლებში, მაშინდელი პრეზიდენტის მიერ 20 ლარით განისაზღვრა. ილია ვერძაძე: “წინა ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც გააკეთა იყო ის, რომ საჯარო სამსახურებში დააწესა მინიმალური ხელფასი (115 ლარი). საკითხის გადახედვას გვპირდება ახალი ხელისუფლება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს ხელფასის მინიმალური ზღვარი და ამას ძალიან მოხერხებულად იყენებენ ინვესტორები თუ სხვა დამსაქმებლები.”

ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც სახელმწიფოს არანაირი მექანიზმი, სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ექთნებისა და მათი თანაშემწეების ანაზღაურების გაზრდაზე. “უბედურება იმაშია, რომ ეს ყველაფერი პრივატქსელშია გადასული. თუ, რამდენს გადაუხდის სამედიცინო პერსონალს, სამწუხაროდ, სრულად დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, – ამბობს გარსევანიშვილი. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ექთნები ხელს აწერენ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც არ არის დადგენილი ფიქსირებული ზღვარი, საიდანაც დაიწყება გამომუშავებული ხელფასის ათვლა. “როცა გაუფორმეს ხელშეკრულება, რომ ანაზღაურება უნდა ყოფილიყო პაციენტების შემოსავლების მიხედვით, შეამოწმა ვინმემ იყო თუ არა გათვალისწინებული რისკები იმისა, რომ პაციენტი იქნებოდა ნაკლები? სამწუხაროდ, ამის გამოცდილება არ აქვთ ხშირად ექთნებს.”

ილია ვერძაძე ამბობს, რომ დამსაქმებელს კანონი არ ავალდებულებს ასეთი რისკების გათვალისწინებას შრომით ხელშეკრულებაში. მისივე განმარტებით, საავადმყოფოს მენეჯერები საშუალო და დაბალ სამედიცინო რგოლზე იმიტომ არ აწესებენ ფიქსირებულ ხელფასს, რომ პაციენტების ნაკლებობის დროს ზარალი აიცილონ თავიდან. “სამწუხაროდ, პრობლემაა ისიც, რომ სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი ბოლომდე მაინც არ იმაღლებენ ხმას და არ იცავენ საკუთარ უფლებებს. ჩემი რჩევა იქნება, პასუხი მოსთხოვონ თავიანთი პროფკავშირის თავმჯდომარეს, გააქტიურიონ ისინი, რომ ჩვენც გვქონდეს საშუალება ჩავერთოთ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას, იქ მისულს გვეუბნებიან, რომ პერსონალს არ აქვს პრეტენზია. სამწუხაროდ, ხშირად ადმინისტრაციის თანდასწრებით პერსონალიც იმავეს გვეუბნება”, – ამბობს ილია ვერძაძე.

ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, საქართველოში ექთნების ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მათი დაბალი ანაზღაურებაა. “რისთვის ისწავლოს ადამიანმა ბაკალავრიატზე, ან სამი წელი 1500 ლარი რაში უნდა ხარჯოს, რომ მერე ასეთი მიზერული ხელფასი აიღოს?” 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, 1 ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოში არსებული მონაცემებით, ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის და მათგან დაახლოებით 40% საპენსიო ასაკისაა. სამედიცინო სასწავლებლებმა 2015 წლისთვის 1800-მდე ექიმი გამოუშვეს, ექთანი კი მხოლოდ – 200, როცა პროპორციულად ეს ციფრი 7200 უნდა ყოფილიყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: