სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის წინასწარი მონაცემებით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილზე არსებული სახლი დასანგრევია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალაშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით.
მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომელიც, როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, ექსპერტიზის მონაცემების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა.
10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართობით ბათუმის მერიამ დააკმაყოფილა. მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ბანაკის“ პროგრამის – „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, 14 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ დაბებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მე – 10 კლასის მოსწავლემ, ანა ვარდმანიძემ, ქედის სოფლებისთვის ერთ – ერთ მთავარ პრობლემად ტრანსპორტით გადაადგილება დაასახელა.
„გადაადგილების პრობლემა ქედის არამარტო სოფლებში, არამედ დაბებშიც არის, მთავარი პრობლემა კი რიგ სოფლებში ტრანსპორტის არარსებობაა. თუ არის არასაკმარისი პერიოდულობით მოძრაობს, მაგალითად, ჩემს სოფელსა და სამ ახლო სოფელს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, შესაბამისად სულ გადაჭედილია. გარდა ამისა, მარშრუტკა სოფლიდან ქალაქში დილით მიდის და საღამოს ბრუნდება და თუ წასასვლელი დარჩები, რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიარო, ტრანსპორტის არასებობის გამო მე, როგორც სოფელში მცხოვრებ, ერთ- ერთ რიგით მოსწავლეს, არ მეძლევა საშუალება, მივიღო დამატებით განათლება, რასაც სახელმწიფო აფინანსებს,“ – ამბობს ანა.
ლანა გვარიშვილმა კი, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მნიშვნელობასა და სოფლებში ნარჩენების მართვაზე ისაუბრა. სოფლებში მთავარ პრობლემად კი, არასაკმარისი ურნები დაასახელა.
„ვფიქრობ, რომ სოფლებში არსებული ურნები არასაკმარისია, რის გამოც ნარჩენები ბუნებაში ხვდება,“ – ამბობს ლანა.
დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ხატია შარაძემ, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასა და ქედაში არსებულ ტურისტულ ადგილებზე გაამახვილა ყურადღება.
ცხმორისის სკოლის მოსწავლე, დიანა აბაშიძე, სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, ფაროსანაზე საუბრობს.მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა მავნებელ მწერთან ბრძოლაში.
„პროგრამაში 63 მუნიციპალიტეტის, დაახლოებით 5 ათასი ახალგაზრდაა ჩართული. მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 150 – მდე ბავშვია ჩართული და მსგავსი შეხვედრა ყოველ თვეში ტარდება,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის ბანაკის“ თავმჯდომარე, ანზორ მეგრელიშვილი.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის შეფასებით, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სამმართველოს სპეციალისტის, გიორგი მარჯანიძის თქმით, სახლის რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება.
„დავათვალიერეთ სახლი, სავარაუდოდ, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან მისი რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი იქნება. ამიტომ უმჯობესია ახლის აშენება. ოფიციალური დასკვნა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიდება, რომელსაც მერიას მივაწვდით,“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გიორგი მარჯანიძე.
ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული სამსართულიანი სახლი ახვლედიანის 12 ნომერში მდებარეობს. სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობდა.
მოქალაქე ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში აღარ არსებობს. მას ოჯახში ძალადობას ედავება პროკურატურა. ირაკლი ზაქარიაძე ადვოკატია, მაგრამ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს.
„მოსამართლე ირაკლი შავაძეს გასული წლის ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მე და ჩემმა ადვოკატმა გადავეცით მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მისი დასაშვებობა განხილულიყო. შემდეგ სხდომაზე ირაკლი შავაძეს მოსამართლე ლევან გელოვანი ჩაენაცვლა, რომელმაც გვითხრა, რომ მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის,“ – ამბობს ირაკლი ზაქარიაძე.
სასამართლო პროცესების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი უკვე მიიღო ირაკლი ზაქარიაძემ. განმარტავს, რომ ჩანაწერებში საერთოდ არაა მოსამართლე ირაკლი შავაძესთან გამართული სხდომები. ამ საქმეს თავდაპირველად მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა, შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილი, შემდეგ ირაკლი შავაძე, ახლა – ლევან გელოვანი.
„მე გამოვითხოვე განხილვის დაწყებიდან დღემდე ჩემს საქმეზე გამართული სხდომის ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში საერთოდ არაა ირაკლი შავაძის სხდომები,“ – ირწმუნება ირაკლი ზაქარიაძე.
„ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ კონკრეტული სხდომა თარიღის მიხედვით. თუ ის გვეტყვის, რომელ რიცხვში გამართული სხდომის ჩანაწერის სურს, მივაწვდით. მოსამართლე ირაკლი შავაძის პროცესიდან ჩანს, რომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს დაცვის მხარემ და მოსამართლე მას უკან უბრუნებს იქვე, რადგან მტკიცებულებები სრულად წარმოდგენილი არ იყო,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ივერი აბაშიძემ. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა, რომ მტკიცებულებები გამქრალიყო, ბათუმის სასამართლოს არ ჰქონია.
ირაკლი ზაქარიაძე და მისი ადვოკატი დავით კეკელიძე ერთნაირად აღწერენ მტკიცებულებების დაბრუნებას და მის ხელახლა ჩაბარებას იმავე სასამართლო პროცესზე.
„მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოითხოვა მტკიცებულებების ჩამონათვალის ნუმერაციის დაზუსტება, გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება და ჩვენ იმავე სხდომაზე მოსამართლეს ჩავაბარეთ მტკიცებულებები,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით კეკელიძემ.
ირაკლი ზაქარიაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებში საუბარი იყო პოლიციის მე-7 განყოფილებაზე. ამ განყოფილების პოლიციელებთან დაპირისპირება მას ახლო წარსულში ჰქონდა, სასამართლომ კი ირაკლი ზაქარიაძის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
2016 წელს ირაკლი ზაქარიაძეს გამოძიება რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებოდა, ერთ-ერთი იყო მტკიცებულების განადგურება. პროკურატურის ვერსიით, ადვოკატმა ნარკოშემოწმების დროს ბიოლოგიური მასალა – შარდი გაანადგურა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზამ დაადასტურა ირაკლი ზაქარიაძისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი. ირაკლი ზაქარიაძე ამბობდა, რომ ის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სცემეს. ინფორმაციის მიწოდებაზე პოლიციის მე-7 განყოფილებამ უარი უთხრა სახალხო დამცველსაც.
ირაკლი ზაქარიაძის თქმით, მტკიცებულებებში, რომლებიც სასამართლოში გაქრა, პოლიციის მე-7 განყოფილების ორი თანამშრომლის – ფრიდონ ნაკაშიძის და რამინ ფუტკარაძის სიცრუე დასტურდება:
„სასამართლოს ამ პოლიციელებმა უთხრეს, რომ არ იყვნენ ინფორმირებული პროვოკაციის შესახებ, რაც ჩემს ყოფილ ცოლს უკავშირდება. ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მამის და დის წერილობითი მიმართვა პოლიციის მე-7 განყოფილებაში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ ზუსტად ამ პოლიციელებმა ჩაიბარეს წერილები, ვიდრე სასამართლო განხილვა დაიწყებოდა. ჩემი ოჯახის წევრები პოლიციას ატყობინებდბენ, რომ ყოფილი რძალი მოდიოდა ოჯახში და პროვოკაციებს აწყობდა. ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში სხვა მტკიცებულებებიც. ამ მტკიცებულებების გამოთხოვა ხელახლა არის შესაძლებელი პოლიციიდან, მაგრამ ისევ დრო დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლებელია, სასამართლომ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას“, – განმარტავს ირაკლი ზაქარიაძე.
ამ საქმეზე პროკურორი ზურაბ კონცელიძეა. ირაკლი ზაქარიაძე ეჭვობს, რომ მტკიცებულებების სასამართლოდან გაქრობა სწორედ მას უკავშირდება. „რადგან ის ყოველთვის იყო და არის დაკავებული კანონდამრღვევი პოლიციელებზე ხელის დაფარებით“, – ფიქრობს ირაკლი ზაქარიაძე. ის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს იმის დასადგენად, გადასცა თუ არა მას სასამართლომ ირაკლი შავაძესთან გამართული სასამართლო სხდომის ჩანაწერი.
2017 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია – „აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“.
მოქმედი აქტებით შეუძლებელია აჭარაში მდებარე უძრავი ძეგლების რაოდენობის დადგენა, ასევე ძეგლების შესახებ ბრძანებებში ფიქსირდება მთელი რიგი უზუსტობები, ხოლო ძეგლების შესახებ არსებული ინფორმაცია არ იძლევა მათი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნული პრობლემატიკის გადასაჭრელად სააგენტომ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, რის შედეგადაც ძეგლების შესახებ მივიღეთ ზუსტი და სწორი სურათი.
სწორედ, აღნიშნული შედეგების გაცნობის მიზნით ვიწვევთ პრეზენტაციაზე კულტურული მემკვიდრეობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ზაფხულში შეძენილი სასმელი წყლის მილები ამ დრომდე ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული. ქედის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ საჭირო ოდენობის მილებს მოსახლეობას ინდივიდუალურად მხოლოდ მას შემდეგ დაურიგებენ, როდესაც მოსახლეობა მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მილებს მოსახლეობას არ დაურიგებს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერ კიდევ ჩემამდე გაცემული მილები მოსახლეობამ მიზნობრივად არ გამოიყენა, იქედან გამომდინარე, რომ სასმელი წყლისთვის შეძენილი მილები მოსახლეობამ საჭიროებისამებრ გამოიყენოს გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მაშინ გადავცეთ, როცა სპეციალური ავზიდან ონკანებამდე, მილის განსათავსებლად საჭირო სპეციალურ თხრილს გაიყვანს, არხის გაყვანას კი არანაირი სპეციალური ტექნიკა საჭირო არ არის, შესაძლებელია ჩვეულებრივი სამუშაო იარაღით გაიყვანონ.
ჩვენ ეს ინფორმაცია მოსახლეობას ვაცნობეთ, მას შემდეგ რაც არხებს გაიყვანენ, დავასურათებთ, ჩვენი წარმომადგენელი აზომავს გღზივ მანძილს და ოჯახს საჭირო სასმელი წყლის მილს გადავცემთ, აქვე გასათვალისწინებეილი ის ფაქტორიც რომ, შემოდგომაზე მოსახლეობას საშემოდგომო სამუშაოები ჰქონდა, შმდეგ მოთოვა“ – აცხადებს ქედის მერი.
ქედის გამგეობის ინფორმაციით, წყლის მილების შეძენაზე დაახლოებით 15 000 ლარი დაიხარჯა. ხუნკუდისა და გულების მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოსაგვარებლად ქედის მერიამ სასმელი წყალი სოფელში წელს გაიყვანა, მოეწყო წყლის ავზები და სათავე ნაგებობა, წყლის ავზებიდან ოჯახებამდე წლის გასაყვანად ქედის მერიამ მთლიანობაში ოჯახებისთვის 18 ათას 600 მეტრიწყლის მილი იყიდა.
გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძიძის ქუჩის 56 ნომერში, ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო“ გაიხსნა.
ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ორიგინლური ნაძვის ხის სათამაშოების გარდა „პინოქიოში“ სანათებს, ბრელოკებსა და სხვადასხვა დეკორატიულ, საყოფაცხოვრებო ნივთს შეიძენთ. თუ სასურველი ხის სათამაშო უკვე წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსს ვერ იპოვით, შეგიძლიათ სასურველი ფორმისა და ზომის ნივთი იქვე, მაღაზიაში შეუკვეთოთ და რამდენიმე დღეში მიიღოთ.
ბათუმის უნივერსიტეტში ფაბლაბის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ მაღაზიის მეპატრონეებს ხის სათამაშოების დამზადების იდეა გაუჩნდათ, მოიძიეს დანადგარები, რომლებითაც ხის დამუშავებაა შესაძლებელი. ხეზე ნებისმიერი ფორმის გადატანა ხდება კომპიუტერის საშუალებით. სწავლობენ, რა აინტერესებთ ძირითადად ახალგაზრდებს, სხვადასხვა თაობის ხალხს და ამის მიხედვით ამზადებენ ნივთებს.
„დღესასწაულებზე რთული არ არის განსაზღვრო, რა ტიპის ნივთებზე იქნება მოთხოვნა. ახლა ძირითადად ნაძვის ხის სათამაშოებია წარმოდგენილი. ასევე პოპულარულია ტურისტებისთვის საინტერესო ნივთებიც.
გვაქვს ონლაინმაღაზიაც, სადაც სასურველი ნივთების შესახებ გვწერენ და ამ სურვილების მიხედვით იკვეთება რაზეა ძირითადი მოთხოვნები. მაღაზიის და მზა პროდუქტის გარდა გვაქვს კლიენტის ფანტაზიაზე მორგებული სერვისი: მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს და რამდენიმე დღეში მიიღოს საკუთარი დიზაინით დამზადებული ხის ნივთი.
მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. კლიენტს შეუძლია მოვიდეს იდეით და ჩვენ დავუმზადებთ შესაბამის ნივთს. ასევე დამზადების შემდეგ შესაძლებელია დეტალის შეცვლა, რაიმეს მიმატება ან მოკლება, კლიენტის სურვილის შესაბამისად,“- ამბობს იდეის ავტორი, სალომე ფუტკარაძე.
ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, ნანული დოლიძეს სახლი ჰქონდა. შესაბამისად ფართობი რომელზეც ის სახლს აშენებს კერძო საკუთხრებაა და ეკლესიას არ ეკუთვნის. შენობა ამორტიზებული იყო, ამიტომაც მოქალაქემ ახლის აშენების მიზნით, ნებართვის მისაღებად ჯერ ბათუმის მერიას, შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭომ მისი განცხადება განიხილა, თავდაპირველად პროექტის ზომების გამო თქვა უარი, ცვლილების შემდეგ კი მშენებლობაზე თანხმობა მისცა.
წითლად შემოხაზულია ძველი შენობა, სადაც სააგენტოს ინფორმაციით, ნანული დოლიძე ცხოვრობდა. ახალი შენობა კი უკვე არსებულ მინებიან შენობას გაუთანაბრდება.
აღნიშნულ მისამართზე 1385 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2011 წლის რეესტრის ამონაწერით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში იყო, მათ შორის დღეს, ნანული დოლიძის საკუთრებაში არსებული ფართობიც. მოგვიანებით კი, როგორც რეესტრის ამონაწერებში ჩანს, „ქონების რეალური გაყოფით“ ეკლესიის ეზოს გამოეყო 327 კვადრატული მეტრი ფართობი, აქედან 63 კვადრატული მეტრი დღეს ნანული დოლიძის საკუთრებაშია.
ეკლესიის ეზო საკადასტრო გეგმების მიხედვით 2011 წელს და დღეს / ამონარიდები საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან
საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული, 1877 წელს. სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია. 2017 წლის თებერვალში ეკლესიის შენობა ჩამოინგრა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი შენობის გამაგრებისა და გადახურვის პროექტის მომზადების შესყიდვაზე. პროექტი უკვე მზადაა და სააგენტო უახლოეს მომავალში ტენდერს შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე გამოაცხადებს.
აჭარის განათლების სამინისტრომ განმარტება გააკეთა დღეს, 14 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა.
სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ჯემალ სურმანიძის განცხადებით, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2005 წელს განხორციელდა, თუმცა ამ დროისათვის სკოლა ისევ გასარემონტებელია.
„2015 წელს ჩვენ მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში, რომელზედაც ვრცელდება ხუთწლიანი საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.
რაც შეეხება ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლას, ეს არის 2014-15 წლებში აშენებული სკოლა, მაღალი ხარისხით, ცენტრალური გათბობით და სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველა კომპონენტით.
ამ შემთხვევაშიც არსებობს საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი,“-ამბობს სურმანიძე.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს განხორციელდა კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, თუმცა შეიქმნა პრობლემა მიმწოდებელი კომპანიის მიერ და მან აღარ დაასრულა ცენტრალური გათბობის სისტემის სამუშაოები.
„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა, სამინისტრომ მიმართა სკოლას და ამ მიმართვის საფუძველზე სკოლაში შეტანილია გათბობის ალტერნატიული საშუალებები – ელექტროგამათბობლები, პარალელურად უკვე მიმდინარეობს ტენდერი და გათბობის სისტემა ექსპლოატაციაში იქნება გაშვებული რამდენიმე დღეში,“-ამბობს სურმანიძე.
რაც შეეხება ოჩხამურის საჯარო სკოლას, ჯემალ სურმანიძის თქმით, ოჩხამურის დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება მუნიციპალიტეტებში სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში.
„აჭარის ტერიტორიაზე 229 სკოლა და მათზე მიერთებულია 72 საბაზო ან დაწყებითი სკოლა, სულ, 301 შენობა. სამინისტროს მხრიდან არასდროს ყოფილა დაფიქსირებული, რომ ყველა სკოლა არის რეაბილიტებული და სწორედ ამიტომაც არსებობს სპეციალური პროგრამა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა იყო მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წლიდან ყოველწლიურად იზრდება დაფინანსება და მომდევნო წელს უკვე მისი ღირებულება უპრეცედენტოდ დიდი – 8 მილიონი ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 40 სხვადასხვა სკოლაში.
რაც შეეხება შეშაზე გათბობას, ჯერ კიდევ ბევრ სკოლაში ხდება მსგავსი რამ. თუმცა რეაბილიტაციის ფარგლებში ყველგან მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. რაც შეეხება სველ წერტილებს, ყველა სკოლას მიეცა მითითება, რომ უზრუნველყონ ჰიგიენის დაცვა და მათ ამისათვის გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. გარდა ამისა, სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საპირფარეშოების სრულ რეაბილიტაციას,“-ამბობს შესყიდვების დეპრატმენტის უფროსი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ არ გასულა საგარანტიო ვადა, რატომ არ მიმართავს სამინისტრო კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად? სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლის დირექციამ უნდა გააკეთოს განაცხადი და გააგზავნოს სამინისტროში. „აღნიშნული სკოლებიდან კი, მხოლოდ კვირიკეს პირველმა საჯარო სკოლამ მოგვმართა,“- უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.
შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი ბათუმში დღეიდან 34 თვეში უნდა ააშენოს.
ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარი და 56 თეთრია, თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი და 10 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტიდან მშენებელ კომპანიას შპს „სტადიონის“ ანგარიშიდან გადაუხდიან არა 99,4 მილიონს, არამედ 117,3 მილიონ ლარს, საიდანაც „ანაგი“ 18 მილიონამდე ლარს, როგორც დღგ-ს, გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან
ელექტრონული ტენდერების ვებგვერდის მიხედვით სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გარდა „ანაგისა“, გარკვეული დოკუმენტაცია ატვირთული ჰქონდა ასევე კომპანია ILK INSAAT TAAH. SAN. ve TIC. A.S.-ს, თუმცა, „სტადიონში“ განაცხადეს, რომ ამ კომპანიას ფასი ელექტრონულ ტენდერში აღარ დაუფიქსირებია.
შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა.
დღეს, 14 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ასმათ დიასამიძემ, ქობულეთის ოთხი საჯარო სკოლის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც ამ სკოლებში იყო გადაღებული.
„დღეს წარმოვადგინეთ ოთხი საჯარო სკოლის შედეგები, სადაც სავალალო მდგომარეობა ვნახეთ. ეს სკოლები 2014-2015-2016 წელებშია გარემონტებული, თუმცა ამ სკოლებში მაინც მძიმე მდგომარეობაა.
მაგალითად, კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში 2017 წელს განახლდა სასწავლო პროცესი, გათბობის სისტემა დამონტაჟებულია, თუმცა არ არის საქვაბე, რის გამოც ვერ თბება სკოლა. იგივე მდგომარეობაა დანარჩენ სამ სკოლაშიც,“-ამბობს ასმათ დიასამიძე.
კვირიკეს პირველი საჯარო სკოლა
„კვირიკეს სკოლა ახლგარემონტებულია, თუმცა უკვე დანესტილია კედლები. ტენდერი ჩატარდა ორჯერ, საკმაო თანხაა დახარჯული, მაგრამ განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სათანადო მონიტორინგი, ამიტომ ორივე მშენებელმა მიატოვა სარემონტო სამუშაოები შუა გზაზე და ფაქტობრივად სანახევროდ გაკეთდა ყველაფერი.
ვინ უნდა აგოს პასუხი მოსწავლეების და მასწავლებლების ჯანმრთელობაზე? გარდა ამისა, სკოლაში ანტისანიტარიაა, რადგან დამლაგებელი ვერ აჰყავთ და მასწავლებლები ცდილობენ პერიმეტრის დალაგებას“.
ასმათ დიასამიძის თქმით, მსგავსი მდგომარეობაა ცეცხლაურის პირველ და მეორე საჯარო სკოლებშიც. ასევე ოჩხამურის დაწყებით სკოლაში.
ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩამტვრეულია იატაკი.
„სკოლის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2015 წელს, თუმცა დღეს უკვე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა იქ. იატაკი ჩამტვრეულია და შეიძლება ჩავრდეს ბავშვი. მასწავლებელს მერხებით შემოუღობავს ჩავარდნილი ადგილი. დარბაზში არ არის ინვენტარი, ფარებიც კი არ აქვს, მაშინ როცა ამ სკოლას ჰყავს გოგონების საფეხბურთო გუნდი, აჭარის პირველობაზე პირველი ადგილის მფლობელები. პირობები კი არ აქვთ,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.
სპორტული დარბაზის კედელი
„ოჩხამურის საჯარო სკოლა ჩვენს ერამდე არსებულ სკოლას ჰგავს. თბებიან ღუმელზე, შეშა, რომელიც მთავრობამ მიუტანა, არის მეორადი მასალა, რადგან ხის მასალა მთლიანად დალურსმულია. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რომელიმე ბავშვმა ხელი ლურსმნით დაიზიანოს.
ოჩხამურის დაწყებითი სკოლის სველი წერტილიოჩხამურის სკოლაში გასათბობად მიტანილი შეშაცეცხლაურის მე-2 საჯარო სკოლის დაზიანებული კედლები
აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას შესყიდვების სამსახური მოგვიანებით გააკეთებს.
ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ.
დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.
„რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ნახეს, მაგრამ პოლიციამ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო და არ დადასტურდა. არაფერი არ არის ცნობილი,“ – გვითხრა თეონა დოლიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები მიმდინარეობს. დეკანს უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტზე უკონკურენტოდ ირჩევენ, რადგან ოთხივე ფაკულტეტზე მხოლოდ თითო კანდიდატია დარეგისტრირებული: განათლების ფაკულტეტზე – მადონა მიქელაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – მარინა ქორიძე, ფიზიკა – მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გულადი ფარტენაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე – მარინა გიორგაძე. ოთხივე მათგანი მოქმედი დეკანია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხივეს ბსუ – ში აღნიშნულ ფაკულტეტებზე დეკანის პოზიცია ეკავა.
არჩევნები დილის 10 საათიდან დაიწყო და ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემა საღამოს 17:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება კი შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრებს აქვთ, რომლის შემადგენლობაში აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც არიან.
ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლება 92 ამომრჩეველს, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე – 76-ს, განათლებისა ფაკულტეტზე – 24-ს, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე კი 36 ამომრჩეველს აქვს.
„არჩევნებში მონაწილე სიითი შემადგენლობის უმრავლესობა უნდა გამოცხდდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, რომ არჩევნები შედგეს, ხმის მიცემა ხუთ საათზე დასრულდება, ექვს საათზე გვეცოდინება, ვინ გახდება დეკანი,“ – ამბობს გიორგი დიასამიძე.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის წინ, მოსაცდელი დაშლილია. თვითმხილველების თქმით, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოსაცდელის დაზიანების შესახებ პოლიციაში არ შესულა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსაცდელი ჭავაჭავაძის ქუჩაზე კომპანია „ალმას“ ეკუთვნის და ის დაზიანებულ მოსაცდელს შეაკეთებს.
მოსაცდელი ჭავჭავაძის ქუჩაზე / 14.12.2017 / გიორგი ბოლქვაძის ფოტოები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქობულეთში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მდინარე კინტრიშის ხიდთან ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა კინტრიშის ხიდთან, ქობულეთი / 14.12.2017
„თავისუფალჟურნალისტთასახლი“, ACCESS-ისმხარდაჭერით, აგრძელებს დისკუსიათა ციკლს„საუბრები ევროპაზე“. 15 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120-ე აუდიტორიაში საჯარო ლექციას „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრები წაიკითხავენ.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის ლექციას თემაზე: “1920-იანი წლები – გარდამავალი პერიოდი ტრადიციული საზოგადოებიდან მოდერნულობისკენ”.
ასევე ლექციას წაიკითხავს დავით ჯიშკარიანი თემაზე: “მეხსიერების ტრეპანაცია და რეპრესიები, როგორც მრავალშრიანი აქტორი სოციალური ინჟინერიის”.
დასწრება თავისუფალია.
საჯარო ლექციების შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა პირველი რესპუბლიკისა და საბჭოთა რეპრესიების შესახებ. გამოფენა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერაა ორგანიზებული. გამოფენის პარალელურად გაიმართება ესეების კონკურს -“რატომ ევროპა” – გამარჯვებულთა დაჯილდოება.
პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“, შაბათს, 16 დეკემბერს, რაგბი არენაზე რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. მატჩის შედეგი განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა გუნდი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფში. გუნდის შესაძლებლობებზე გთავაზობთ ინტერვიუს “ბათუმის” მორაგბე გიორგი [კოკი] თხილაიშვილთან. გიორგი ასევე თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
გიორგი, რატომ არის „ბათუმისთვის“ მნიშვნელოვანი „ტიმიშოარა სარასენსთან“ დაგეგმილი შეხვედრა?
16 დეკემბერს გვაქვს ამ ტურის ბოლო თამაში, რომელიც გადაწყვეტს, გადავალთ შემდეგ ტურში თუ ვერა. ცხადია, გვინდა შემდეგ ტურში გადავიდეთ და უფრო ძლიერ გუნდებს შევხვდეთ. უფრო ზევით და ზევით ავიდეთ და ევრო ჩემპიონატის თამაშები ვითამაშოთ. ეგ მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს. თან, გვინდა ხალხს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. ვშრომობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ.
რამდენად არის გუნდი მზად თამაშისთვის?
გუნდი მზადაა თამაშისთვის. დღეიდან [12 დეკემბრიდან] დავიწყეთ 16-ის თამაშისთვის მომზადება. დღეს ფიზიკურად დაღლილები ვართ – 80 წუთი ვითამაშეთ. გარდა ამისა, ნამგზავრები ვართ და ვისვენებთ. ვარჯიშის დროს უფრო ტაქტიკას ვაქცევთ ყურადღებას – სიარულით ვაკეთებთ ახალ კომბინაციებს, რისი დაპირისპირებაც გვინდა რუმინეთისთვის, ქულები რომ გავაკეთოთ. ხვალიდან დაიწყება 100 %-ით მზადება.
შაბათის თამაშამდე როგორ მოვიდა გუნდი?
საკმაოდ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე რთული თამაში 16 დეკემბერს გვექნება და მაგისთვის კიდევ ასმაგად, ათასმაგად უნდა მოვინდომოთ, ოფლი და სისხლი დავღვაროთ. მე მგონი, შაბათს ბათუმის გუნდი გაიმარჯვებს.
გარდა იმისა, რომ თამაშობთ კლუბში, ასევე ხართ ეროვნულ ნაკრებში. როგორ ანაწილებთ დროს კლუბსა და ნაკრებს შორის?
ეგ ძალიან რთულია. სულ გზაში მიწევს ყოფნა. ორ დღეს თბილისში უნდა ვივარჯიშო, დანარჩენი დღეები აქ უნდა ვიყო, ბათუმში. ოთხი წელი გავიდა უკვე, რაც ასე ვარ. ძალიან ვწვალობ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.
როგორც ვიცი, გქონდათ შემოთავაზება სხვადასხვა კლუბიდან. რას აპირებთ?
ოთხი წელი ვთამაშობდი თბილისის „არმიაში“. მაშინ ბათუმის გუნდი იყო პირველ ლიგაში და პირველ ლიგაში ვერ განვვითარდებოდი ისე, როგორც მინდოდა. ამიტომ წავედი უმაღლეს ლიგაში და უკეთეს გუნდში. მერე, როცა ბათუმის გუნდი ფეხზე დადგა და შეიკრა, რა თქმა უნდა, ჩემს ქალაქში დავბრუნდი. მინდა ჩემი ქალაქის სახელი შორს გავიდეს. იქაურ შემოთავაზებებზე დათანხმებას არ ვაპირებ.
არ ვიცი. ჯერჯერობით, რაღაცები არ გამოდის. ათასი ფაქტორია. ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა არ მოსწონს. ზოგს ინგლისური უნდა, რომელიც ვისწავლე და ახლა სხვა პრობლემაა. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უნდა გაგიმართლოს სპორტულ კარიერაში. იღბალი უნდა გქონდეს. ბრიტანეთში რომ მიდიხარ, იქ ინგლისური გჭირდება და მაგიტომ დამავალეს, რომ ინგლისური ისწავლეო. როცა უკვე გავაუმჯობესე ჩემი ინგლისური, გამოჩნდა რაღაც გუნდები, მაგრამ მერე პირობები არ მომეწონა. თან შედარებით დაბალი, მეორე დივიზიონი იყო… მერე ოჯახი შევქმენი, შვილი… და ვეღარ მოვახერხე. თუმცა კიდევ მაქვს დრო, რომ წავიდე. ვნახოთ.
კონტინენტის ფარის მოგების შემთხვევაში მოხვდებით ჩელენჯ ქაფზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ბათუმური გუნდისთვის იქ მოხვედრა?
„ჩელენჯ ქაფი“ არის ძალიან მაღალი დონე. ევროპის ლიგას თამაშობ და საუკეთესო გუნდებს ეთამაშები. მაგარ გუნდებთან ერთად გადიხარ, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ. მაგარია. ძალიან ვითარდები, თან მთელი მსოფლიო გიცნობს.
შაბათის მატჩს რომ დავუბრუნდეთ, როგორია გუნდის შემართება?
შაბათისთვის საბრძოლო განწყობას ვიქმნით. შაბათს გამოჩნდება ჩვენი ხასიათი და ვაჟკაცობა. წავაგებთ, მოვიგებთ მაგას მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია, ჩვენი ვაჟკაცობა ვაჩვენოთ მოედანზე. ანგარიში როგორც იქნება, ისე იქნება. ჩვენ არ უნდა წავაგოთ არც ერთ შემთხვევაში. ჯერ იმიტომ, რომ დავრწმუნდეთ – მაგრები ვართ, მერე ჩვენი მაყურებლისთვის, ოჯახის წევრებისთვის, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ყველაფერი შეგვიძლია.
ძალიან ბევრს ნიშნავს მაყურებლის ფაქტორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მე-16 მოთამაშეა ჩვენი მაყურებელი და ძალიან დიდ ენერგიას და ძალას გვმატებს. ყველას ვთხოვ, რომ მოვიდნენ. დასვენების დღეა და თუ მოვლენ, ძალიან გაგვახარებენ. ჩვენც ანალოგიურად გავახარებთ და ერთად აღვნიშნავთ ამ გამარჯვებას.
არჩილ ალიქაძე, გიორგი [კოკი] თხილაიშვილი და ზურა ერისთავი ვარჯიშის შემდეგ ბათუმი რაგბი არენაზე
ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში საზოგადო მოღვაწის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ყადირ შერვაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის პროფესიით ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სახლი საავადმყოფოს უსასყიდლოდ დაუთმო.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, ზემოდან ქვემოთ, მეექვსე ხელმოწერა ყადირ შერვაშიძეს ეკუთვნის.
ყადირ შერვაშიძის ბიუსტი თორნიკე ნიკოლაიშვილმა დაამზადა. ბიუსტი საზეიმო ვითარებაში მისმა შთამომავალმა, ბაკურ კანდელაკმა გახსნა. ქედაში ბიუსტის გახსნას ყადირ შერვაშიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.
16 დეკემბერს, ბათუმის რაგბი არენაზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით ფლეი ოფში მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
იტალიიდან დაბრუნებული მორაგბეები, ძალების აღდგენას ცდილობენ და ბათუმი რაგბი არენაზე ინტენსიური ვარჯიშით, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადებიან.
„ბათუმმა“ 9 დეკემბერს იტალიური კლუბ „ვიადანასთან“ შეხვედრა 27:31 ანგარიშით დამთავრდა, „ვიადანას“ სასარგებლოდ. „ბათუმის“ მოთამაშეები წაგების მიზეზებზე საუბრობენ.
„პირველი გუნდი ვართ ბათუმიდან, რომელიც ამ ჩემპიონატზე გადის. ისტორიას ვწერთ. რაღაც ნიუანსები არის, მაგრამ იმედია გავიმარჯვებთ. ორჯერ ვითამაშეთ იტალიურ გუნდებთან – „როვიგოსთან“ და „ვიადანასთან“. პირველ ტაიმში ორივეჯერ, ორივე გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ეს უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ. როცა ამხელა უპირატესობას უკეთებ გუნდს და მეორე ტაიმში ვერ ინარჩუნებ, ეს უკვე პრობლემაა და ამის გამოსწორებას შევეცდებით ამ კვირაში, რომ მომდევნო თამაშზე, რასაც შევქმნით, ბოლომდე შევინარჩუნოთ“, – ამბობს მორაგბე ზურა თუთბერიძე.
„იტალიაში ტექნიკური ხარვეზის გამო დავთმეთ თამაში. 19 ქულით ვუგებდით პირველ ტაიმს, შემდეგ ისე წავიდა თამაში, რომ თავის გადარჩენაზე ვიყავით და მაინც ვერ შევინარჩუნეთ. წავაგეთ. ტექნიკური ლელო დაგვიდეს. ახლა ორმაგად მოტივირებული ვართ. ჩვენთან ჩამოდიან. ჩვენს სახლში. აქ ვაჩვენებთ, რომ ტყუილად, იოლად მოსაგებად აქ ვერავინ ვერ ჩამოვა და მაგარ ბრძოლას გავაჩაღებთ. თამაშის წაგების შემდეგ იმაზეც დაიწყო ლაპარაკი, ღირსები ვართ თუ არა ჩვენ კონტინენტის ფარზე გამოსვლი. შაბათს დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად ვართ ღირსები. ჩვენ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სახელს ყოველთვის დავიცავთ“, – ამბობს მორაგბე ჯონდი კორტავა.
სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017
როგორი შემადგენლობით გამოვა გუნდი რუმინელებთან საასპარეზოდ, ჯერ ცნობილი არ არის.
„ისეთი სიტუაცია გვაქვს კლუბში, აქ გარანტირებული ადგილი არავის არა აქვს. ანდერძითაც არავის არ უწევს შემადგენლობაში თამაში. ვინც უკეთეს კონდიციაში იქნება, ის ითამაშებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა.
ევროპული რაგბის კონტინენტის ფარში სულ რვა გუნდი მონაწილეობს. ბათუმი „ბ“ ჯგუფში ასპარეზობს, რომელ ჯგუფშიც ორი იტალიური – („კალვიზანო“ და „პეტრარკა“) და ერთი პორტუგალიური („ლიშბოა“ ) გუნდია.
მოწინააღმდეგე „ა“ ჯგუფის შემადგენლობა კი ასეთია – „როვიგო“ (იტალია), „ვიადანა“ (იტალია) „ჰაიდელბერგი“ (გერმანია) და „ტიმიშოარა-სარასენსი“ (რუმინეთი). „ბათუმს“ „ბ“ ჯგუფში ყველაზე მაღალი, 8 ქულა აქვს. თუმცა ფლეი ოფში მოსახვედრად შაბათს „ტიმიშოარა სარასენსთან“ გამარჯვება სჭირდება.
16 დეკემბერს დაგეგმილ თამაშზე დასწრება უფასოა. მატჩი ბათუმი რაგბი არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.
სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017
სარაგბო კლუბი “ბათუმი” 16 დეკემბრის მატჩისთვის ბათუმის რაგბი არენაზე ემზადება ფოტო: მანანა ქველიაშვილი 12/12/2017
ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად პროფესიით აგრონომი, გივი ბარამიძე დაინიშნა. გივი ბარამიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ დღეს, 13 დეკემბერს დაწერა.
დირექტორად დანიშვნამდე გივი ბარამიძეს 2008 წლიდან დღემდე ქედის სასპორტო სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მის მოადგილედ კი ჭიდაობის მწვრთნელი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ზაზა თურმანიძე დაინიშნა.
საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ლობირებას გამორიცხავს და დასძენს, რომ ლობირება რომ ყოფილიყო, თავმჯდომარედ დანიშნავდნენ და არა მოადგილედ: ,,ზაზას წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი დირექტორად დანიშნულიყო, რადგან ამას სხვა საუბრები მოჰყვებოდა. თუმცა, ამის დიდი სურვილი იყო,” – ამბობს ის.
სასპორტო სკოლის დირექტორის ხელფასი 450 ლარია, მოადგილის – 400.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება.
„ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, სად დავიკარგე, რატომ აღარ ვჩანვარ მედიაში, გავაუქმე ფეისბუქი, აღარ ვერთვები სამოქალაქო ღონისძიებებში…
საქმე ისაა, რომ დღე-ღამეში 16-18 საათს ვუთმობ სამუშაოს, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც იდეების განხორციელების შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. ეს სამუშაო მენეჯმენტის სფეროა, უფრო ზუსტად კი, კრიზისში მყოფი პროექტებისა და კომპანიების მართვა.
მართვის სფეროში 2003 წლიდან ვარ. ბოლო წლებამდე ეს საქმე, ძირითადად, სამოქალაქო ორგანიზაციისა და პროექტების მართვას მოიცავდა. უკვე რამდენიმე წელია ბიზნესის მართვით, კრიზისული სიტუაციების მოგვარებით და ისეთი საკითხების გადაწყვეტით დავინტერესდი, რომელსაც ბევრი უპერსპექტივოდ მიიჩნევდა. თანამოაზრეები შემოვიკრიბე. რამდენიმე პროექტი ნულიდან დავიწყეთ და მართვის სისტემები ავაწყვეთ.
ამ ამოცანის მარტო დაძლევა შეუძლებელია. ერთი წლის წინ მართვის კომპანია (GGM) დავაფუძნე. მაშინ მარტო ვიყავი, ახლა კი კომპანიაში ძლიერი გუნდია. ჩვენი მართვის ქვეშ სხვადასხვა მიმართულების პროექტი და კომპანიაა. 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 120-ზე მეტია და ვამაყობ ამით. ეს მხოლოდ 1 წლის შედეგია.
ამავდროულად ვრჩები დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელ საბჭოში (ჯერ ისევ საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა რამდენიმე კვირაში მხოლოდ საბჭოს წევრის სტატუსი მექნება). მიხარია, რომ დემოკრატიის ინსტიტუტი განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. ის არ არის ე.წ. „ერთი კაცის“ ორგანიზაცია. უფრო მეტიც, დემოკრატიის ინსტიტუტი ინსტიტუციურად შედგა და განაგრძობს განვითარებას. აქ უძლიერესი გუნდი შეიკრიბა და ეს აისახა კიდეც ორგანიზაციის მუშაობის ხარისხზე. მე, როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან დემოკრატიის ინსტიტუტისთვის დაფინანსების მოძიებისა და გაძლიერების საქმეში.
ბევრჯერ მოვისმინე იმის შესახებ, რომ სამუშაოდ თითქოს საჯარო სამსახურში გადავდიოდი. ეს ასე არ არის. არა იმიტომ, რომ ეს ცუდია, პირიქით, საჯარო სამსახურებში ძალიან ბევრი პროფესიონალი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი შრომა ფასდაუდებელია. უბრალოდ, მე ამ დრომდე არ მაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის, მათ შორის საჯარო ინსტიტუციების მართვის ინტერესი.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები. გვინდა, რომ მართვის სფეროში დავნერგოთ ახალი სტანდარტები, გავაძლიეროთ გასაჭირში მყოფი კომპანიები, მოვაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, განვახორციელოთ ინოვაციური პროექტები, საჭიროებისამებრ ვიყოთ მედიატორები და ლობისტები, მოვიძიოთ დაფინანსება (სესხი, გრანტი, ინვესტიცია) ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროებიდან.
ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ რა საჭიროება აქვს ბიზნესს, რა აწუხებს საზოგადოებას და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მართვის კომპანიის (GGM) შექმნა.
ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბიზნესსექტორი და გავაუმჯობესოთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა.
შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა.
„სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში.
ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „ანაგი“. როცა კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, ამის შემდეგ გამოჩნდება მონაწილეობდა თუ არა 101,7 -მილიონიან ტენდერში სხვა კომპანია.
„ანაგი“ სტადიონს 99 მილიონ 448 ათას 549 ლარად ააშენებს.
სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველზე შპს „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი აქამდე ოთხჯერ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. „სტადიონს“, ტენდერების მიმდინარეობის პროცესში, დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. საბოლოოდ „სტადიონმა“ ზედამხედველი ვერ შეარჩია და ტენდერი, სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის ოქმით, შეწყდა.
რამდენი იქნება სატენდერო თანხა ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში? – „სტადიონში“ აცხადებენ, რომ ეს ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინაიდან გარკვეული დეტალები ამ დრომდე განიხილება.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა არ დაგვიანდება, ვინაიდან ტერიტორიაზე, სადაც საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და „მშენებლობა უცებ არ დაიწყება“.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, მომავალი წლისთვის, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად 360 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. ბულვარი ჩითილებს ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დასრულდება.
ჰორიზონტალური გამწვანებისთვის ყვივილების ჩითილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
[checklist]
გაზაფხულ-ზაფხულის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
[/checklist]
ბათუმის ბულვარი 9 სახეობის ყვავილის, ჯამში 800 000 ჩითილს შეიძენს.
ახალი საცხოვრებელი სახლის შესაძენად ეკომიგრანტი ოჯახები მომავალ წელს ისევ 25 ათას ლარს მიიღებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2018 წელს 3 მილიონი ლარით დააფინანსებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების შესაძენად 25 000 ლარს ის ეკომიგრანტი ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ეკომიგრანტთა ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდებიან და სამინისტროს მიერ პროგრამულად გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
„ამ დროისთვის 600-მდე ოჯახის განაცხადია დარეგისტრირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახს ეკუთვნის დახმარება, კომისია განიხილავს განცხადებებს და რიგითობის მიხედვით ყველა იმ ოჯახს გამოეყოფა 25 000 ლარი საცხოვრებელი სახლის შესაძენად, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მთავარი მოთხოვნაა სტიქიის შედეგად უნდა იყოს დაზარალებული ოჯახი და შესაბამისად ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებული,“ – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 2018 წელს დაახლოებით 115 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ფინანსურ დახმარებას საცხოვრებელი სახლის შესაძენად. მიმდინარე წელს სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართობი აჭარაში მცხოვრებმა 111-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: ეკომიგრანტი ოჯახი ხულოში, სოფელ ვაშლოვანში / 2015 წელი
ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES).“
პროექტის ბიუჯეტი 1.4 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას.
ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად მიიღო სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე:
თევზსაჭერი გემის ნავიგაცია
ლოჯისტიკისა და პორტის მენეჯმენტი
ამწის ოპერირება
შედუღება
ყველა ახალი პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.
საერთაშორისო პარტნიორთან, Pearson-თან ერთად ბათუმის საზღვაო აკადემიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მასალები შეიძინა. 50-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციულ პერსონალს Pearson-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.
პროგრამის ფარგლებში საზღვაო აკადემია თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით აღიჭურვა.
პროფესიული პროგრამით ყოველწლიურად 160 სტუდენტის მომზადებაა დაგეგმილი.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ როგორც ქართულ დიპლომს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს BTEC-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
ბათუმის მერია პირველადი მონაცემების საფუძველზე, 128 ათას ლარს გამოყოფს ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად.
მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და თანხა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს.
ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა 10 დეკემბერს, ასევე ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე სახლების ფასადებიც.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 70 ოჯახს თითოეულ ტყუპზე 1000 ლარი გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში 144 000 ლარი დაიხარჯა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია,“ – აცხადებს შსს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს / სქრინი: შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები შშმ პირის, ჰაიდარ გორაძის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მათ საზამთროდ შეშა არ მიუღიათ.
თამილა გორაძის თქმით, შეშის ლიმიტი ყოველწლიურად განსაზღვრულია, თუმცა მათ ყოველ წელს საკუთარი სახსრებით უწევთ შეშის შეძენა. „მამაჩემი არის პირველი ჯგუფის შშმ პირი და მას სჭირდება დახმარება. მე რამდენჯერმე მივმართე სოფლის გამგეობას და ვთხოვე, მოეტანათ მისთვის შეშა, მაგრამ არ მოგვიტანეს.
ჯერ გვითხრეს, რომ უკვე დაგვიანდა, გზა არ არისო, შემდეგ გვითხრეს, შეშის ლიმიტი ამოიწურაო, იძულებული ვიყავით საკუთარი სახსრებით გვეყიდა შეშა,“-გვეუბნება თამილა გორაძე.
„ბათუმელები“ სოფლის გამგებელს, მიხეილ ქოქოლაძესაც ესაუბრა. გამგებლის თქმით, ჰაიდარ გორაძესთან შეშის მიტანა დაუგვიანდათ, თუმცა უშეშოდ არ დატოვებენ. „სოფელში ყველა მომარაგებულია, მხოლოდ ეს ადამიანი დაგვრჩა, დაგვიგვიანდა შეშის მიტანა, მაგრამ მივუტანთ აუცილებლად. 5 კუბურ მეტრამდე შეშას მაჭახლის ეროვნული პარკი მიუტანს. გზები არ იყო აქამდე და ვერ მოვახერხეთ ტყიდან გამოტანა,“- გვითხრა მან.
მიხეილ ქოქოლაძის თქმით, ჰაიდარ გორაძე სოფელში ერთადერთი შშმ პირია, თუმცა შეშას ყოველთვის საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. „ჩვენ მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ მოგვმართოს, მოვნიშნავთ და თავის მიწაზე მივცემთ საშეშე მასალის დამზადების უფლებას“.
დღეს, 11 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში შეტანილი კორექტირების საფუძველზე, ქედის მერია 20 000 ლარად 600 კუბურმეტრ შეშის შესყიდვას აპირებს. მერია შეშად შეისყიდის მაღალი ძაბვის, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს ქედის ტერიტორიაზე გაჩეხილ და დასაწყობებულ მერქანს.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის განმარტებით, მერიის მიერ შესყიდული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საბავშვო ბაღებს გადაეცემა. თუ ვინ მიიღებს შეშას ქედაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე, შუქრი თურმანიძის თქმით, ამას კომისია გადაწყვეტს, უპირატესობა კი სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს მიენიჭება, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე პირები ცხოვრობენ.
„ერთ ოჯახს საშუალოდ 8-10 კუბურიმეტრი სათბობი შეშა სჭირდება, ბაგა -ბაღებს უფრო ნაკლები – 6-7 კუბური მეტრი. ვფიქრობთ, მთლიანობაში 70 სუბიექტს გადავცემთ სათბობ შეშას, 70 – დან კი 50 -მდე ოჯახი იქნება. სარეიტინგო ქულასთან ერთად ოჯახებისთვის განმსაზღვრელი იქნება ოჯახის წევრების ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს საცხოვრებელ სახლამდე შეშის გადატანის შესაძლებლობა არ ექნება, ჩვენ მივუტანთ ადგილზე, “ – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.
კითხვაზე, ხომ არ დააგვიანდა საკრებულოს შშმ პირებისთვის გათბობის საკითხის მოგვარება? საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შეშით მომარაგება დაგვიანებული არ არის.
ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში დღეს დამტკიცებული ცვლილებით, სარეზერვო ფონდს, 25 000 ლარი დაემატა, 50 000 ლარს კი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ორგანიზაციები კომუნალური ხარჯისთვის მიიღებენ.
ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებას საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, ქედის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
„ყველა დადგენილების პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაზე უნდა გავიდეს, ამათ ეს მუხლი დაარღვიეს, საკითხი ისე შემოიტანეს, რომ არ მოხდარა ადმინისტრაციული წარმოება,“ – განმარტავს დეპუტატი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების, საბავშვო ბაღებისა თუ დაწყებითი კლასის სკოლებისთვისთვის სათბობი შეშის შესყიდვას ითხოვდა ქედის საკრებულოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე, ამ მოთხოვნით მან ინიცირებული საკითხი ქედის საკრებულოში ჯერ კიდევ 4 დეკემბერს შეიტანა.
კურორტ „გოდერძი რიზორტი“-ს 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის.
აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა
4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.
აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ინტერესი მაღალმთიანი აჭარის მიმართ ძალიან დიდია, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი.
სეზონის გახსნის ცერემონიალს კურორტ გოდერძიზე ესწრებოდნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
კურორტზე სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა.
კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ყველაზე მაღალი სადგური კი – ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.
ზურაბ პატარაძემ კურორტზე მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა და ახალ, ინვესტორების მიერ შემოთავაზებულ პროექტებს გაეცნო.
ახალი საინვესტიციო პროექტები:
[checklist]
შპს “ნიუ გოდერძი” – 4 000 000 ლარი ინვესტიცია ,100 ნომრიანი სასტუმრო, მშენებლობის პროცესში 70, მშენებლობის დასრულების შემდეგ -15 ადამიანი დასაქმდება.
შპს “გთემ გროუპი”- 4 500 000 ლარი ინვესტიცია, ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება, მშენებლობის პროცესში 60, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ-20 ადამიანი დასაქმდება.
შპს „ARINA’S PLACE” -1 200 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 15 კოტეჯი (ჯამში 32 ნომრიანი), მშენებლობის პროცესში 30, მშენებლობის დასრულების შემდეგ-15 ადამიანი დასაქმდება.
შპს “ნიუ თაიმ” – 1 500 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 90 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, მშენებლობის პროცესში 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ – 25 ადამიანი დასაქმდება.
დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ახალი პორტალის – portal.bsu.edu.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
ბსუ-ს ინფორმაციით, „ინოვაციური სერვისი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია არსებულ სტუდენტურ პროექტებზე, დასაქმებაზე, სტაჟირებაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებზე.
სტუდენტური პორტალის საშუალებით შეიქმნება ბსუ-ს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზა, რომლის საშუალებით დამსაქმებელი მოკლე ვადაში დაუკავშირდება დასაქმების მსურველს და გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები“.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, ინოვაციური სერვისი გააუმჯობესებს სტუდენტთა მომსახურების ხარისხს. „ახალგაზრდები მოკლე ვადაში მიიღებენ სტუდენტის ცნობას, სასწავლო ბარათსა და ყველა საჭირო დოკუმენტს. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი და სტუდენტები მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის აქტუალურ საკითხებზე“.
ადმინისტრაციის ცნობით, ახალი პორტალის წარდგენა ეტაპობრივად ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება.
ახალი სტუდენტური პორტალის portal.bsu.edu.ge -ს პრეზენტაცია ბსუ-ში
კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის; ახალი საინვესტიციო პროექტები 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტებია:
შპს „გთემ გროუპი“- 4,5 მილიონი ლარი ინვესტიცია, ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება;
შპს „ARINA’S PLACE” -1,2 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია, 15 კოტეჯი (ჯამში 32-ნომრიანი);
შპს „ნიუ თაიმ“ – 1,5 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია, 90- ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი.
[/checklist]
„კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
„ბათუმელებს“ კომპანია „გოდერძი რიზორტსში“ უთხრეს, რომ ახალი პროექტების განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.
„ამ დროისათვის ფაქტობრივად დაჯავშნულია საახალწლო პერიოდი და გვაქვს ჯავშნები იანვარ-თებერვალშიც. ჯავშანს ვიღებთ „ბუკინგის“ საშუალებით, ასევე სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის შუამავლობით და ინდივუდუალურადაც. კოტეჯში განთავსების ფასია 100 ლარი, ხოლო ოთხადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში – 150 ლარი,“ – ამბობს „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ჭურკვეიძე.
კურორტ „გოდერძის“ სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი – ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მთავარი ფოტო: სეზონის გახსნა კურორტ „გოდერძიზე“ / ფოტო: აჭარის მთავრობა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერია ამ დროისთვის ზარალის ოდენობას ადგენს, რომელიც გუშინ ხარიტონ ახვლედიანის #12-ში, ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობები დაზიანდა. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დღის ბოლოს იქნება ცნობილი, თუ რამდენი ლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა იქნება საჭირო დაზარალებული ოჯახებისთვის.
„ამ დროისთვის მერია სწავლობს დაზიანებული შენობებს, მიმდინარეობს აღწერა, თუ რომელმა ოჯახმა რა ტიპის ზარალი მიიღო. ზოგს ფანჯრები დაუზინდა, ზოგან სახურავია დაზიანებული, ამიტომ საბოლოო შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი“-ამბობენ მერიის პრესსამსახურში.
ოფიციალური ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების საკითხი სპეციალურ კომისიაზე იქნება განხილული და დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, „ასევე მათთვის გუშინვე იქნა შეთავაზებული დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. თუმცა, ამ დროისთვის არცერთ ოჯახს არ მიუმართავს მერიის ქირის გადახდის თაობაზე“-გვეუბნებიან მერიაში.
10 დეკემბერს ახვლედიანის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია.
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ღობეს დაეჯახა; ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლები.
თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია გამყოფი ღობე და გარეგანათება.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილი ქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.