მთავარი,სიახლეები

ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს

14.12.2017 • 2242
ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს

მოქალაქე ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში აღარ არსებობს. მას ოჯახში ძალადობას ედავება პროკურატურა. ირაკლი ზაქარიაძე ადვოკატია, მაგრამ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს.

„მოსამართლე ირაკლი შავაძეს გასული წლის ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მე და ჩემმა ადვოკატმა გადავეცით მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მისი დასაშვებობა განხილულიყო. შემდეგ სხდომაზე ირაკლი შავაძეს მოსამართლე ლევან გელოვანი ჩაენაცვლა, რომელმაც გვითხრა, რომ მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის,“ – ამბობს ირაკლი ზაქარიაძე.

სასამართლო პროცესების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი უკვე მიიღო ირაკლი ზაქარიაძემ. განმარტავს, რომ ჩანაწერებში საერთოდ არაა მოსამართლე ირაკლი შავაძესთან გამართული სხდომები. ამ საქმეს თავდაპირველად მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა, შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილი, შემდეგ ირაკლი შავაძე, ახლა – ლევან გელოვანი.

„მე გამოვითხოვე განხილვის დაწყებიდან დღემდე ჩემს საქმეზე გამართული სხდომის ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში საერთოდ არაა ირაკლი შავაძის სხდომები,“ – ირწმუნება ირაკლი ზაქარიაძე.

„ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ კონკრეტული სხდომა თარიღის მიხედვით. თუ ის გვეტყვის, რომელ რიცხვში გამართული სხდომის ჩანაწერის სურს, მივაწვდით. მოსამართლე ირაკლი შავაძის პროცესიდან ჩანს, რომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს დაცვის მხარემ და მოსამართლე მას უკან უბრუნებს იქვე, რადგან მტკიცებულებები სრულად წარმოდგენილი არ იყო,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ივერი აბაშიძემ. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა, რომ მტკიცებულებები გამქრალიყო, ბათუმის სასამართლოს არ ჰქონია.

ირაკლი ზაქარიაძე და მისი ადვოკატი დავით კეკელიძე ერთნაირად აღწერენ მტკიცებულებების დაბრუნებას და მის ხელახლა ჩაბარებას იმავე სასამართლო პროცესზე.

„მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოითხოვა მტკიცებულებების ჩამონათვალის ნუმერაციის დაზუსტება, გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება და ჩვენ იმავე სხდომაზე მოსამართლეს ჩავაბარეთ მტკიცებულებები,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

ირაკლი ზაქარიაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებში საუბარი იყო პოლიციის მე-7 განყოფილებაზე. ამ განყოფილების პოლიციელებთან დაპირისპირება მას ახლო წარსულში ჰქონდა, სასამართლომ კი ირაკლი ზაქარიაძის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2016 წელს ირაკლი ზაქარიაძეს გამოძიება რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებოდა, ერთ-ერთი იყო მტკიცებულების განადგურება. პროკურატურის ვერსიით, ადვოკატმა ნარკოშემოწმების დროს ბიოლოგიური მასალა – შარდი გაანადგურა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზამ დაადასტურა ირაკლი ზაქარიაძისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი. ირაკლი ზაქარიაძე ამბობდა, რომ ის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სცემეს. ინფორმაციის მიწოდებაზე პოლიციის მე-7 განყოფილებამ უარი უთხრა სახალხო დამცველსაც.

ირაკლი ზაქარიაძის თქმით, მტკიცებულებებში, რომლებიც სასამართლოში გაქრა, პოლიციის მე-7 განყოფილების ორი თანამშრომლის – ფრიდონ ნაკაშიძის და რამინ ფუტკარაძის სიცრუე დასტურდება:

„სასამართლოს ამ პოლიციელებმა უთხრეს, რომ არ იყვნენ ინფორმირებული პროვოკაციის შესახებ, რაც ჩემს ყოფილ ცოლს უკავშირდება. ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მამის და დის წერილობითი მიმართვა პოლიციის მე-7 განყოფილებაში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ ზუსტად ამ პოლიციელებმა ჩაიბარეს წერილები, ვიდრე სასამართლო განხილვა დაიწყებოდა. ჩემი ოჯახის წევრები პოლიციას ატყობინებდბენ, რომ ყოფილი რძალი მოდიოდა ოჯახში და პროვოკაციებს აწყობდა. ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში სხვა მტკიცებულებებიც. ამ მტკიცებულებების გამოთხოვა ხელახლა არის შესაძლებელი პოლიციიდან, მაგრამ ისევ დრო დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლებელია, სასამართლომ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას“, – განმარტავს ირაკლი ზაქარიაძე.

ამ საქმეზე პროკურორი ზურაბ კონცელიძეა. ირაკლი ზაქარიაძე ეჭვობს, რომ მტკიცებულებების სასამართლოდან გაქრობა სწორედ მას უკავშირდება. „რადგან ის ყოველთვის იყო და არის დაკავებული კანონდამრღვევი პოლიციელებზე ხელის დაფარებით“, – ფიქრობს ირაკლი ზაქარიაძე. ის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს იმის დასადგენად, გადასცა თუ არა მას სასამართლომ ირაკლი შავაძესთან გამართული სასამართლო სხდომის ჩანაწერი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: