კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

14.12.2017
მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, ნანული დოლიძეს სახლი ჰქონდა. შესაბამისად ფართობი რომელზეც ის სახლს აშენებს კერძო საკუთხრებაა და ეკლესიას არ ეკუთვნის. შენობა ამორტიზებული იყო, ამიტომაც მოქალაქემ  ახლის აშენების მიზნით, ნებართვის მისაღებად ჯერ ბათუმის მერიას, შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭომ მისი განცხადება განიხილა, თავდაპირველად პროექტის ზომების გამო თქვა უარი, ცვლილების შემდეგ კი მშენებლობაზე თანხმობა მისცა.

წითლად შემოხაზულია ძველი შენობა, სადაც სააგენტოს ინფორმაციით, ნანული დოლიძე ცხოვრობდა. ახალი შენობა კი უკვე არსებულ მინებიან შენობას გაუთანაბრდება.

აღნიშნულ მისამართზე 1385 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2011 წლის რეესტრის ამონაწერით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში იყო, მათ შორის დღეს, ნანული დოლიძის საკუთრებაში არსებული ფართობიც. მოგვიანებით კი, როგორც რეესტრის ამონაწერებში ჩანს, „ქონების რეალური გაყოფით“ ეკლესიის ეზოს გამოეყო 327 კვადრატული მეტრი ფართობი, აქედან 63 კვადრატული მეტრი დღეს ნანული დოლიძის საკუთრებაშია.

ეკლესიის ეზო საკადასტრო გეგმების მიხედვით 2011 წელს და დღეს / ამონარიდები საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან

 

საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული, 1877 წელს.  სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია. 2017 წლის თებერვალში ეკლესიის შენობა ჩამოინგრა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი შენობის გამაგრებისა და გადახურვის პროექტის მომზადების შესყიდვაზე. პროექტი უკვე მზადაა და სააგენტო უახლოეს მომავალში ტენდერს შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: