მთავარი,სიახლეები

აჭარაში 600-მდე ოჯახი 25-ათასლარიან დახმარებას ითხოვს

13.12.2017 • 1658
აჭარაში 600-მდე ოჯახი 25-ათასლარიან დახმარებას ითხოვს

ახალი საცხოვრებელი სახლის შესაძენად ეკომიგრანტი ოჯახები მომავალ წელს ისევ 25 ათას ლარს მიიღებენ.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2018 წელს 3 მილიონი ლარით დააფინანსებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების შესაძენად 25 000 ლარს ის ეკომიგრანტი ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ეკომიგრანტთა ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდებიან და სამინისტროს მიერ პროგრამულად გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

„ამ დროისთვის 600-მდე ოჯახის განაცხადია დარეგისტრირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახს ეკუთვნის დახმარება, კომისია განიხილავს განცხადებებს და რიგითობის მიხედვით ყველა იმ ოჯახს გამოეყოფა 25 000 ლარი საცხოვრებელი სახლის შესაძენად, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მთავარი მოთხოვნაა სტიქიის შედეგად უნდა იყოს დაზარალებული ოჯახი და შესაბამისად ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებული,“ – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 2018 წელს დაახლოებით 115 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ფინანსურ დახმარებას საცხოვრებელი სახლის შესაძენად. მიმდინარე წელს სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართობი აჭარაში მცხოვრებმა 111-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: ეკომიგრანტი ოჯახი ხულოში, სოფელ ვაშლოვანში / 2015 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: