გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, მთელი დღის განმავლობაში და ღამით სანაპირო რაიონებში შენარჩუნდება წვიმა, მთაში კი – თოვლი.
ხვალ სანაპირო ზოლში დღისით 6-11, ღამით კი 1-6 გრადუს ტემპერატურას ვარაუდობენ. მთაში დღისით 0-დან 5 გრადუსამდე დათბება, ღამით მოსალოდნელია -2-7 გრადუსი ყინვა.
დღევანდელი მონაცემებით, სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 8 გრადუსია და წვიმს. მომდევნო დღეებში სანაპირო რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა პერიოდულად მოსალოდნელია მცირე წვიმა ზოგიერთ რაიონში. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.
ზღვაზე, დღევანდელი მონაცემებით, 4-5 ბალი შტორმია, მაგრამ მომდევნო დღეებში აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ზღვაც დაწყნარდება.
დღეს, 15 იანვარს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებას შეეხება.
უმაღლესი საბჭოს წევრის, ნინო ჩხეტიას განმარტებით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი.
კანონი, რომელიც უქმდება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
როგორც ნინო ჩხეტია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, 2018 წელს უმაღლესი საბჭოს წევრის და არც აპარატის თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაში არაფერი შეიცვლება. „ისინი იგივე ხელფასს აიღებენ 2018 წელსაც, რასაც გასულ წელს იღებდნენ.“
„საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში არის მუხლები, ერთ-ერთი მუხლი, თანამდებობის პირების ანაზღაურებაზე ამბობს, რომ 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს შრომის ანაზღაურების შესახებ ცვლილებაო, მაგრამ იმავე 34-ე მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ „ამ დრომდე“, ანუ 2021 წლამდე, საშტატო ნუსხით უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგო.
შესაბამისად, არაფერი არ იცვლება, მივდივართ იმ გზით, რა გზითაც წავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი.
2018 წელს უმაღლესი საბჭოს წევრის და სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, ზუსტად იმდენი, რამდენიც 2017 წელს იყო“ – ამბობს ნინო ჩხეტია.
მისივე თქმით, 2018 წელს ცვლილება არც საშტატო ნუსხას შეეხება. „შტატების შემცირება არ იგეგმება.“
დღევანდელ სხდომაზე, გარდა ამ საკითხისა, უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი წევრის ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ დადგენილების პროექტზე და აჭარის კონსტიტუციური კანონისა და პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე იმსჯელებს.
საშტატო ნუსხა ბოლოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 2017 წლის 30 ივნისს დაამტკიცა. ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებიც განისაზღვრება, ჯერ დამტკიცებული არ არის და ის 20 იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.
2017 წელს უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანზე [21 წევრის ჩათვლით] ხელფასებისთვის 3 მილიონ 464 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება.
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ერთი მცირეწლოვანი, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი დაახლოებით სამი წლისაა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შსს ინფორმაციით, დადგენილია საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი.
საქართველო, რომელსაც რეგიონში ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბის ამბიცია გააჩნია, ბოლო რამდენიმე წელია კარგავს იმ ტვირთებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რკინიგზაზე და პორტებში, ტვირთბრუნვა ბოლო ხუთი წელია მცირდება. ქვეყნის სატრანზიტო დერეფანი უკვე არაკონკურენტულია, ის სტრატეგიულ და რეგიონალურ ფუნქციას კარგავს, მთავრობა კი ახალი, ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს.
„ტვირთნაკადები ნებისმიერ ქვეყანაში ან მცირდება, ან იზრდება, რაც დამოკიდებულია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპებზე. მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში სატრანსპორტო ტვირთნაკადები ბოლო 5 წელია მცირდება და ეს ერთგვარ სტაგნაციად იქცა“, – ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი: – „2012 წელთან შედარებით 2016 წელს მხოლოდ ტრანზიტი 49 პროცენტით შემცირდა, ხოლო ტვირთბრუნვა მთლიანად – 40 პროცენტით“.
ცენტრის კვლევებით, საქართველოს რკინიგზაში 40-პროცენტიანი კლებაა, აზერბაიჯანში – 25, ცენტრალური აზიის ქვეყნებში – 5-7 პროცენტი; ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კი, რომელთა სატრანსპორტო სისტემა მთლიანად რუსეთზეა მიბმული (რუსეთს აქვს შესაძლებლობა ტვირთები საკუთარ პორტებში მიიზიდოს), მიმდინარე წელს შეძლეს 4 პროცენტით გაეზარდათ ტვირთბრუნვა; ირანის რკინიგზამ კი 37-პროცენტიანი ზრდა აჩვენა.
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
„ირანმა კასპიის მთელი ნავთობნაკადი თავისკენ გადართო და ეს მაშინ, როცა ბათუმის ნავსადგურისთვის ყველაზე სასიცოცხლო ტვირთი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. ჩვენ ამოვარდით ამ ნავთობის გადაზიდვის სისტემიდან“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ როცა ნავთობზე ფასმა დაიწია, საქართველოში სატრანსპორტო უწყებებმა ვერ მოახერხეს ნავთობპროდუქტების მოსაზიდად ბაზარზე ტარიფების მისადაგება: „როცა ბარელი ნავთობი 125 დოლარიდან, პირობითად, 45-50 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა, გადაზიდვისა და გადამუშავების ტარიფები ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში იგივე დარჩა: ნავსადგურში 7 დოლარი ტონა ტვირთზე და რკინიგზაზე – 10,6 დოლარი. ამიტომ, ექსპორტიორს ცენტრალური აზიიდან, გაუძვირდა ხარჯთაღრიცხვაში სატრანსპორტო მდგენელის ოდენობა. შესაბამისად, მან დაიწყო ნავთობის გადამისამართება სხვადასხვა მილსადენში“.
ტვირთბრუნვის შემცირებას საქართველოში არსებულ ტარიფებს უკავშირებს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძეც: „თუ გვინდა აბრეშუმის გზა განვაახლოთ, მაშინ ჩვენი სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ საქართველოს გავლით ტვირთის გადატანა უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ირანის, თურქეთისა თუ რუსეთის გავლით. ამიტომ სტრატეგიულად არის შესამუშავებელი კონცეფცია. ჩვენი რკინიგზა ძალიან ძვირია“.
საქართველოს რკინიგზის მფლობელი სახელმწიფოა. კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება მოქნილი სატარიფო პოლიტიკის გატარება? – ალექსანდრე თვალჭრელიძე პასუხობს: „რკინიგზა სახელმწიფოა, მაგრამ ეს არის ცალკე იურიდიული პირი, რომელიც მოგებაზე მუშაობს და თვლის, რომ ესაა მთავარი. რკინიგზა მსოფლიოში ყველგან დოტაციურია. ჩვენთან ყველაფერი სხვანაირადაა, არ იდება ნორმალური ინვესტიციები. გზების რეაბილიტაციაში თითქოს რაღაც კეთდება, მაგრამ 380 კმ 3 საათში უნდა გაიარო და არა 5-ში“.
ბრიტანული საზღვაო საკონსულტაციო კომპანია WSP-ის დირექტორი როი ვან ეიედენი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საქართველოში ტვირთბრუნვის შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგან უმთავრესია დსთ-ს ქვეყნებიდან ტრანზიტული ტვირთების გადამისამართება ირანის მიმართულებით: „ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან ტრანსპორტირების დრო და ფასი ირანის გავლით არის მოკლე და იაფი. ტვირთი კი, საერთო ჯამში, ყოველთვის პოულობს ეფექტურ და ხელმისაწვდომ მარშრუტს“.
ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის ირანზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი 2016 წლის იანვრიდან გაიხსნა, როცა ირანს 2006 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. ირანი თავადაც არის ნავთობის ექსპორტიორი. ამას მოჰყვა ნავთობზე ფასების დაცემა, რასაც ხელი შეუწყო აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის გაუქმებამაც 2015 წელს (აშშ-ში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, 1973 წლიდან ნავთობის ექსპორტი აკრძალული იყო).
ბათუმი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, ვინაიდან ნავთობი ახლა იაფია, ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გადმოზიდვა ძალიან ძვირი ჯდება ჩვენს დერეფანში არსებული ტარიფების გამო: „იაფი ნავთობის პირობებში სხვანაირი პოლიტიკა უნდა იყოს გატარებული. მეჩვენება, რომ სტრატეგიაზე არ მუშაობს ხალხი. ხალხი მუშაობს იმ ოთხ წელიწადზე, რა ვადითაც არიან დანიშნულები, სხვა არაფერი აინტერესებთ“.
ექსპერტი „დიდ დანაშაულად“ აფასებს თავის დროზე ბათუმისა და ფოთის პორტების პრივატიზებას: „ეს იყო ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტები. რომელი პორტია კერძო? თუნდაც ამერიკული მსხვილი პორტები ყველა სახელმწიფოა… ჩვენი პორტების მმართველებს არ აინტერესებთ ქვეყნის სტრატეგია და მუშაობენ მხოლოდ მოგებაზე. ეს არის მოჯადოებული წრე – ტვირთი თუ მცირდება, ტარიფებს ზრდიან, ფიქრობენ დღევანდელ დღეზე და არა ხვალინდელზე“.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ტვირთს გააჩნია ალტერნატიული დერეფანი, ხოლო ტვირთებიდან ყველაზე მოცულობითი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. ამასთან, თურქმენეთისთვის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ნაკლებად კონკურენტუნარიანი და ნაკლებად მიმზიდველი გახდა. თურქმენეთის ნედლ ნავთობს თუ ავიღებთ – 31%-ით ნაკლებკონკურენტულია საქართველოს დერეფანი, ყაზახეთის შემთხვევაში – 17%-ით, აზერბაიჯანისთვის კიდევ უფრო არაკონკურენტუნარიანია – 52%-ით, ვინაიდან ნავთობს პირდაპირ რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში აგზავნიან მილსადენით.
ნავთობის წილი საქართველოს მთლიან გადაზიდვებში 30-40%-ია, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი კი – ნაკლებკონკურენტული, რის მიზეზადაც არასათანადო სატარიფო პოლიტიკასთან ერთად, შეუსაბამო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სპეციალიზებული ვაგონების არარსებობას, შავ და კასპიის ზღვებზე ბორნების ნაკლებობას, დერეფნის სუსტ გამტარუნარიანობას, ასევე ხელოვნურ ბარიერებსა და ტვირთების დაყოვნებას ასახელებენ.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით საქართველოში ვერ მოხერხდა შეთანხმება: „ბალტიისპირეთშიც დაიკლო ნავთობნაკადებმა – რუსეთმა შეისრუტა, მაგრამ მათ მოახდინეს სხვა ტვირთებით ჩანაცვლება (ქვანახშირი, ალუმინი) და ჩვენ ამ კუთხით უნდა მივბაძოთ… ტვირთის ჩანაცვლება იმით შეძლეს, რომ შუა აზიის ქვეყნებში და ჩინეთშიც ჰყავთ თავიანთი ეკონომიკური ატაშეები, რომლებიც კონკრეტულ საწარმოებთან მუშაობენ“.
პაატა ცაგარეიშვილის თქმით, ყაზახეთის იმპორტ-ექსპორტი, მარტო რკინიგზით, ყოველწლიურად ჯამში 125 მილიონი ტონაა. აქედან კი მხოლოდ 1 მილიონი ტონა ტვირთი მოდის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში: „ეკონომიკური ატაშე თუ არ გეყოლება, გვყავს ელჩები… ამიტომ, უნდა დაისვას საელჩოს მუშაობის საკითხი. ძირითადი საწარმოები იქ სახელმწიფო დაქვემდებარებაშია და ჩვენი სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, საწყისი იმპულსი მისცეს ამ ტვირთების მოზიდვას. ჩვენი სახელმწიფო კი პასიურ მდგომარეობაშია და ტვირთების მოზიდვის საქმე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, გადაულოცა რკინიგზას, ნავსადგურებს და ა.შ. სახელმწიფოს როლი ამ კუთხით მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს“.
როი ვან ეიედენის თქმით, საქართველოს მთავრობა უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს შავი ზღვის ქვეყნებთან იმისთვის, რომ შავი ზღვის ბაზარი გახადოს მიმზიდველი: „რაც უფრო მეტი გემი შევა შავ ზღვაში, მით უკეთესია საქართველოსთვის. მთავრობა უნდა თანამშრომლობდეს თავის მეზობელ ქვეყნებთან, რომ გაამყაროს სატრანზიტო ნაკადები და თავიდან აირიდოს საბაჟო შეფერხებები. მთლიანობაში სტრატეგია, რომელსაც შეიძლება მიჰყვებოდეს მთავრობა, მდგომარეობს იმაში, რომ გახადოს ტრანზიტი მაქსიმალურად ეფექტური და ეკონომიური. ბევრი წლის განმავლობაში საქართველო იყო სასურველი ვარიანტი, მაგრამ ახლა, როცა სანქციები ირანზე მოიხსნა, ეს ასე აღარ არის“.
ალექსანდრე თვალჭრელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ აქვს: „ამბობენ რაღაცებს, თუნდაც სატრანზიტო ჰაბი და ა.შ. თუმცა, მეცნიერულ დონეზე შემუშავებული რაიმე დოკუმენტი, კონცეფცია ამ სფეროში არ მინახავს. შეიძლება სადღაც დევს, მაგრამ საჯარო სივრცეში არ არის“.
„ისეც ხდება, რომ გემი დგას რეიდზე და აქ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების (საგადასახადო, საბაჟო, ინფრასტრუქტურული – მაგალითად ვაგონების გამოყოფა-მიწოდებაში შეყოვნება, დამატებითი ნებართვები) გამო, ეს გემი ბრუნდება უკან და სხვა, მეზობელ ნავსადგურში მიდის. არის ასეთი ფაქტები და ამაზე ჩვენთან გადამზიდავები საუბრობენ. რაღაც კერძო ინტერესების გამოც ზარალდება დერეფანი“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
კერძო თუ პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს ჯაბა თარიმანაშვილიც, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი: „რეგიონში და სატრანსპორტო დერეფანში, არსებობენ კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატრანზიტო გადაზიდვებზე. მათ აქვთ ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსი და ხშირ შემთხვევაში იყენებენ მას, რომ ხელი შეუწყონ პირადი ინტერესების გატარებას სასაქონლო გარიგებებში და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ უკავშირდება. შედეგად, ვხედავთ ტვირთის მოცულობების უწყვეტ კლებას ჩვენს დერეფანში, ალტერნატიული მარშრუტების სასარგებლოდ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების კომპანიებზე, ტერმინალებზე, პორტებზე, ეკონომიკასა და მთლიანად რეგიონის განვითარებაზე“.
ექსპერტთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვაზე უარყოფითად აისახა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებაც.
პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ როცა ყაზახურ კომპანიას 49 წლით მმართველობაში გადაეცა ბათუმის პორტი, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას (2009 წელს), რომლითაც ყაზახურმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ 5 მილიონ ტონა ტვირთს მოიტანდნენ ყოველწლიურად: „ყაზახეთს ბოლო სამი წელია ამ რაოდენობის ტვირთი ვერ მოაქვს. სახელმწიფოც არ სთხოვს, რომ კომპანიამ უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის ტვირთების მოტანა. რატომ არ ვიცი. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია ყაზახური მხარისთვის, რომ გაუშვას ნედლეული ნავთობსადენში“.
„თუ ხელშეკრულება 5 მილიონ ტონაზეა, უნდა გადაიხადონ შესაბამისად, თუნდაც ნურაფერს ნუ გადაზიდავენ. თუ არ გადაიხდიან, სახელმწიფომ ჯარიმა უნდა დააკისროს. აქ უფრო ხისტი უნდა იყოს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო. ის, რომ პორტების ტვირთბრუნვაზე მოქმედებს მილსადენი, ეს არ არის სწორი… ბაქო-ჯეიჰანი, პორტები არაფერ შუაში არ არის. აქ უფრო ბოსფორის სრუტის გამტარიანობის პრობლემაა“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ცენტრალურ აზიაში არის საბადოები, სადაც მოპოვებული ნავთობი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანია. ამიტომ, პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ამ ნავთობის ექსპორტიორებს არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ მაღალღირებული ნავთობის არევა მილსადენში, ვინაიდან ასეთი არევით მათი ნავთობის ფასი ბაზარზე ეცემა. შესაბამისად, ყოველთვის აწყობთ მატარებლებით გაატარონ თავიანთი ნავთობი. ანალოგიური ვითარებაა ნავთობპროდუქტების, მაგალითად, მაზუთის მხრივაც.
„ამიტომ ზუსტად უნდა გამოიკვეთოს, რა მოცულობებზეა საუბარი და სახელმწიფომ ეს ნაკადი უნდა წამოიღოს ბათუმის ნავსადგურში. მაგრამ, ვინაიდან არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტარიფები, ამიტომ ურევენ ამ ნავთობს მილსადენებში. ჯეიჰანის მილსადენში კიდევ არა უშავს, აი, ნოვოროსიისკის მილსადენში როცა ურევენ, ცენტრალური აზიის ნავთობის ხარისხი, შესაბამისად, ფასი ეცემა, რუსეთის ნავთობის ხარისხი და ფასი კი – იზრდება, რადგან რუსეთის ნავთობი არის ერთ-ერთი უხარისხო“.
პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს ყოველთვის უნდა ჩვენი სატრანზიტო დერეფანი იყოს რაღაც განშტოება, მეორეხარისხოვანი და მას გააჩნია შესაბამისი ბერკეტი – სატარიფო: „დიდი ტერიტორია აქვს და აქ გატარებულ ტვირთზე ყოველთვის შეუძლია დაწიოს ფასი. ეს ბერკეტი რუსეთს აქვს, ბაზარია და ვერავის დასჯი“.
ალექსანდრე თვალჭრელიძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფაქტორი ვერ იმუშავებდა, რომ არსებობდეს კარგი პროექტი: „მითუმეტეს ნავთობი თუ ევროპაში მიდის, რა საჭიროა მოსკოვში გატარება. წაიღე ვარნაში (ბულგარეთი), კონსტანცაში (რუმინეთი). შავი ზღვის შიდა მარშრუტები უნდა დაიხვეწოს და ა.შ.“
როი ვან ეიედენის თქმით, ტვირთბრუნვის თვალსაზრისით ყველაზე მდგრად სიტუაციაში ახლა ბულგარეთი და თურქეთი არიან: „თურქეთის შემთხვევაში ამას განაპირობებს ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებასთან დამეგობრება… რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო დერეფანს და ტვირთბრუნვის შემცირებას, ჩემი აზრით, აქ ორივე ქვეყნის ზეგავლენა (თურქეთი, რუსეთი) უმნიშვნელოა. ერთადერთი რეალური ბმულები შავი ზღვის მთლიან მიმზიდველობასთან არის დაკავშირებული“.
შავი ზღვის ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველობაზე, როი ვან ეიედენის თქმით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს იმ ამბიციური პროექტის განხორციელება, რომელიც თურქეთს აქვს ჩაფიქრებული. საქმე ეხება ბოსფორის სრუტესთან არხის გაჭრას, რაც საშუალებას მისცემს დიდ ტანკერებს, თავისუფლად გადაადგილდნენ შავ ზღვაში:
„2023 წელს არის თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მას შემდეგ, რაც დაარსდა თურქეთის რესპუბლიკა, რამდენიმე ხელშეკრულება უწევდა ორგანიზებას ბოსფორზე სატვირთო გემების გადაადგილებას. თურქეთი მიილტვის, დაასრულოს რიგი მნიშვნელოვანი პროექტებისა 2023 წელს და ერთი ნაწილი ამ სტრატეგიისა დაკავშირებულია ბოსფორში მოძრაობასთან. ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას“.
ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოზე გავლით შენდება ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო შავ ზღვასთან და მისი ფუნქცია იქნება ყაზახეთიდან ტვირთების გადაზიდვა თურქეთის მიმართულებით. მათ შორის საკონტეინერო ტვირთებისაც.
„ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ოფიციალურად განვუცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაიცავს ქართული პორტების ინტერესებს, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ეს რკინიგზა ქართული პორტების კონკურენტი ვერ გახდება – ამის დაბალანსება შესაძლებელია ფასით და ტვირთნაკადით“.
თუმცა, ამავე სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ქართულ პორტებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც შემცირებულია – 117 167 ერთეულით ბოლო სამ წელიწადში.
„პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანსპორტო-სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით“, – აცხადებენ სამინისტროში, თუმცა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაგვაკავშირა კომპეტენტურ პირს, ვინც ტვირთბრუნვის შემცირებასთან და, ზოგადად, სატრანსპორტო დერეფნის პრობლემებზე, სახელმწიფოს ხედვებზე კომენტარს გააკეთება. ინფორმაცია ტვირთბრუნვის კლებასთან თუ, ზოგადად, პორტის მუშაობასთან დაკავშირებით, ვერც ბათუმის პორტმა მოგვაწოდა. ბათუმის პორტი 2009 წლიდან ყაზახეთის სახელმწიფოს აქვს მართვაში გადაცემული.
[toggle title=”ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსი“]
ტვირთბრუნვის შემცირების პარალელურად, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია „ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსშიც“, სადაც 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოზიციები გაუარესდა ლოგისტიკის ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითად კრიტერიუმში:
ლოგისტიკური მომსახურების კომპეტენტურობა და ხარისხი;
გზავნილებზე თვალყურის დევნებისა და კვალდაკვალ მიყოლის შესაძლებლობა;
მიწოდების დაგეგმილ ან მოსალოდნელ ვადებში მიმღებამდე გზავნილების მიტანის სიხშირე.
ლოგისტიკის ეფექტურობის ინდექსი მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საორიენტაციო ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ქვეყნებს გამოწვევების გამოვლენაში – ვაჭრობის შესაძლებლობების ზრდისა თუ სიღარიბის დაძლევის მიზნით. კვლევას მსოფლიო ბანკი ყოველ ორ წელში ერთხელ ატარებს.
[/toggle]
რატომ არ იყენებს სრულად ბათუმის პორტს ყაზახეთი საკუთარი ტვირთების გადასაზიდად? – პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აქ არის გავლენა რუსეთის მხრიდან, რომელიც ამ გავლენით ავალდებულებს ყაზახურ მხარეს, შეავსოს, თუნდაც კასპიის მილსადენი, რომელიც ყაზახეთ-რუსეთის ტერიტორიაზე გადის (ნოვოროსიისკის პორტამდე): „ეს მილსადენი ატარებს 67 მილიონ ტონა ნავთობს, აქედან 87%, სადღაც 56 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობია. ამასთან, რუსეთი ყაზახეთს უფრო მომგებიან ფასს სთავაზობს. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ აშშ-ს მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა ეს მილსადენი, სადაც 15-პროცენტიანი წილი აქვს ამერიკულ კომპანია „შევრონს“, გარკვეული დარტყმის ქვეშ მოჰყვეს და ამან შესაძლოა ჩვენთვის სასიკეთოდ იმოქმედოს“.
კასპიის ზღვის გამტარიანობის გაზრდას რაც შეეხება, „ამბობენ ტრანსკასპიურ გაზსადენს და ნავთობსადენს გავაკეთებთო, მაგრამ არ მჯერა. თუმცა არსებობს სუფსის ტერმინალის განვითარების გეგმა – ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს ირანელებთან ერთად; ამერიკელები იწყებენ ღრმაწყლოვანი სანაოსნო პორტის მშენებლობას ანაკლიაში, რომელსაც მრავალმხრივი ფუნქცია ექნება, მათ შორის სამხედროც, მეტს არ ვიტყვი. ბათუმის პორტის ტვირთბრუნვაზე კი ანაკლიის პორტი დიდ გავლენას არ იქონიებს“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
როი ვან ეიედენიც მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება ძალიან საინტერესოა, ვინაიდან დაგეგმილი მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე არსებული პორტების მოცულობები: „ამ პორტის რეალიზაცია, ალბათ, მოხდება არსებული პორტების ხარჯზე… არსებულმა ოპერატორებმა კი ჩადეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერმინალების ოპერირების უფლებების შესაძენად და სამართლიანია ვამტკიცოთ, რომ ისინი არ დაუშვებენ მათი პორტების მუშაობის შეფერხებას. მთლიანობაში, მივიჩნევ, რომ შესანიშნავი მიღწევა იქნება, თუ ანაკლიის პორტი აშენდება. პორტს შეუძლია ტვირთების მოზიდვა, თუ იგი იაფია, ეფექტური და უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ალტერნატიული პორტები. ეს კი ძალიან რთული იქნება“.
„თუ ბარიერებს არ დავუპირისპირებთ გადაწყვეტილებებს, უზარმაზარი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველო კვლავაც გააგრძელებს ტვირთნაკადების შემცირებაზე დაკვირვებას, ალტერნატიული მარშრუტები განვითარდება და ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი, პოტენციური ლოგისტიკური და სავაჭრო პლატფორმის ნაცვლად, გადაიქცევა გარკვეულ ჩიხად ან დამატებითი ღირებულების არმქონე გამტარად“, – აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.
აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი არის საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ბუნებრივად გაგრძელების ზონა და ამ ქვეყნებიდან ტვირთები, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ უნდა დავკარგოთ. „ბრძოლაა აქ საჭირო, ვინაიდან სხვა ქვეყნებმა ტვირთბრუნვის სტაგნაცია გადალახეს, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ; ჩვენი დერეფანი აღარ არის კონკურენტუნარიანი; სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლაში ჩართვა ტვირთების მოსაზიდად; აქტიურად უნდა ჩავრთოთ „ტრასეკა“ ამ კუთხით და აუცილებლად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის სუსტი ადგილების იდენტიფიცირება, ხელის გულზე დალაგება და არა მიჩქმალვა“, – აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.
სპეციალისტების თქმით, უმჯობესია სატრანსპორტო სფეროს, ლოგისტიკას ერთი სამინისტრო კურირებდეს და არ იყოს ისე, როგორც დღესაა – დაქსაქსული სხვადასხვა უწყებაში და დეპარტამენტის დონეზე.
„თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკის, სტრატეგიის შემუშავებაა უფრო მნიშვნელოვანი – არა ფარატინა ქაღალდის, არამედ დროში გაწერილი, ინვესტიციების მოზიდვის, შემსრულებლების დონეზე დასული და კარგად გათვლილი. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი იყო რეგიონული პროექტი, ანუ ჩინეთ-ევროპის შემაერთებელი. ახლა, თუ ეს სტაგნაცია არ შევაჩერეთ, ის დანიშნულებას დაკარგავს და შესაძლოა ქვერეგიონულ პროექტად გადაიქცეს. არამიმზიდველ პროექტად, რომელიც მაქსიმუმ სამ-ოთხ ქვეყანაში იქნება კონცეტრირებული: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჰა-ჰა, თურქეთი. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ უცხოური საფინანსო ინსტიტუტების სწრაფვა, ინვესტიციების დაბანდების მხრივ, იქნება ძალიან დაბალი და საქართველო მათთვის იქნება უინტერესო“.
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში არსებული ვითარება როი ვან ეიედენის აზრით, მოითხოვს დეტალურ ანალიზს: „თუ ტვირთის მოცულობის შემცირება გაგრძელდება, ამას ექნება უკუეფექტი საქართველოს შემოსავლებზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს შრომის ბაზარზეც.
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, არამიმზიდველს ხდის ისიც, რომ გარკვეული შეღავათები არის ტვირთების გადაზიდვაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მაგრამ არ არის შეღავათი პირიქით, ტვირთის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადატანისას.
„უკუმიმართულებით ტარიფები, ზოგადად სისტემა, არ არის ჩვენთან განვითარებული. რუსეთმა, მაგალითად, როცა დაცალა ვაგონი ვარშავაში, დააბრუნა ის რუსეთში, დატვირთა ხე-ტყით და გაუშვა ჩინეთში. ასეთი უკანა ტვირთი ბევრი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს, ვთქვათ, ღვინო. ამას კი სჭირდება ფინანსური მარკეტინგი, ოპერატორი, რომელიც დაგეგმავს აქეთ-იქეთ ტვირთების მოძრაობას. დღეს ასეთი ოპერატორიც არ ჩანს“.
მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისი მეორედ უმასპინძლებს აბრეშუმის გზის ფორუმს. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყარად დაიმკვიდროს ადგილი ცენტრალურ აზიაში და აქედან მოიზიდოს ტვირთები:
„აქ არის გადასამუშავებელი ნედლეული. ჩინეთი კი ყველაფერს დამუშავებულს აგზავნის. გადაუმუშავებელი ტვირთის წონა კი, ყოველთვის მეტია და შესაძლებელიც არის, რომ ის წამოვიღოთ. ყაზახეთს, მხოლოდ რკინიგზით, ყოველწლიურად 125 მილიონი ტონა აქვს ექსპორტ-იმპორტი, უზბეკეთს – 40 მილიონი, თურქმენეთს – 25 და ა.შ. ჩინეთს კი სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით 20-25 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი არ გააჩნია. ამ ეტაპზე, რომ ჩინეთი არის გადარჩენა და ეს სტრატეგია დავსახოთ, არ მიმაჩნია სწორად. თუმცა ჩინეთის ტვირთიც უნდა წამოვიღოთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.
„კარგი რა, რა ცხელი ღვინო! დაასხი, ისე დავლიოთ!“ „აი, ღვინის გაცხელება როგორ შეიძლება, შეურაცხყოფას აყენებ!“ „ბრრრ, რა დამალევინებს ცხელ ღვინოს!“
მიუხედავად იმისა, რომ გლინტვეინის, გროგის, სანგრიას და სხვა მსგავსი სადღესასწაულო/საოჯახო სასმელების შესახებ, პირველად, ჯერ კიდევ ბაბოს ძველ სამზარეულოს წიგნებში წავიკითხე, ჩვენი და განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობისგან ასეთ და სხვა მსგავს რეპლიკებს ხშირად მოისმენთ.
და მაინც, ყოველ ახალ წელს ჯიუტად ვაკეთებ გლინტვეინს და ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გჭირდებათ:
მშრალი ან ნახევრად მშრალი წითელი ღვინო
ფორთოხალი
მიხაკ-დარიჩინი
მუსკატის კაკალი
თაფლი
ეს ინგრედიენტები, როგორც წესი, არ იცვლება ხოლმე, თუმცა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ იექსპერიმენტოთ და დაამატოთ დაფნის ფოთოლი, კარკადე, ლიმნის ცედრა, ბრენდი და ა.შ.
უფრო დაწვრილებით კი, ოთხი ადამიანისთვის დაგჭირდებათ ერთი ლიტრი ღვინო, ერთი ფორთოხალი, ორი სუფრის კოვზი თაფლი ან შაქარი, მუსკატის კაკალი და დაფნა. გემოს გამძაფრებისთვის შეგიძლიათ ჯერ ინგრედიენტები მოხალოთ რამდენიმე წამით და შემდეგ დაამატოთ ღვინო. გახსოვდეთ, ღვინო არ უნდა ადუღდეს!
გლინტვეინი, ძველი რომაელების მემკვიდრეობა, ევროპის ქვეყნების საშობაო-საახალწლო დღეების მთავარი სურნელია. საშობაო ბაზარში გლინტვეინის სიმხურვალე და ზამთრის სუსხი ერთნაირად გიღიტინებს ცხვირში, ხელებს ცხელი ჭიქით ითბობ და საერთოდ არ გეშინია გაყინულ ქუჩებში სიარულის, გარეთ ახალი წელია და შენ გარშემო ყველგან ცხელი გლინტვეინი იხარშება, ნებისმიერ დროს გადაივსებ ჭიქას.
ხშირად კითხულობენ: „სად დავლიოთ კარგი გლინტვეინი აქ, საქართველოში“. პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს. რამდენადაც თითოეული ადამიანია ინდივიდუალური და განსხვავებული, ასევე ინდივიდუალურია გლინტვეინის მომზადების წესიც, ინგრედიენტების არჩევანიც. ერთადერთი წესი, რაც ყველა შემთხვევაში შეუცვლელია, არის ის, რომ ღვინო უნდა შეცხელდეს და არ უნდა ადუღდეს, სასურველია ავირჩიოთ მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინოები, რაც შეცხელებისას სიტკბოს გამოიღებს, ხოლო ტკბილი/სადესერტო ღვინოები კიდევ უფრო დატკბება და არც ისე სასიამოვნო დასალევია. გარდა ამისა, უფრო რთულია სხვა, დამატებითი არომატების შემოტანა და სასურველი გემოს დაყენება.
სასურველია, ღვინო იყოს ალკოჰოლის და ტანინის მაღალი შემცველობით, რათა მცირე აორთქლების შემთხვევაშიც, ალკოჰოლი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ცხელი ღვინის ნაცვლად, ცხელი ჩაი არ მივიღოთ. გაითვალისწინეთ, ალკოჰოლი აორთქლებას 173oF-ზე (რაც დაახლოებით 78oC) იწყებს, შესაბამისად, აქამდე არ უნდა მიიყვანოთ და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ღვინის თვისებები აწ უკვე ცხელ სასმელშიც.
„ღვინოს გლინტვეინზე ხომ არ გავაფუჭებ“ ტიპის ადამიანების საყურადღებოდ კი გეტყვით, რომ გლინტვეინისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის ღვინო. დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი, ფორთოხალი – იმდენად ძლიერი ინგრედიენტებია, მყისიერად დაჩრდილავს ღვინის თავდაპირველ ტონებს და შეცხელებაც თავისთავად ანელებს გემოსა და სიძლიერესაც.
დღეს, გლინტვეინი თითქმის ყველა კაფეში აქვთ, თუმცა მომზადებაში დახელოვნების რა გითხრათ, ზოგან ისე ცუდად აკეთებენ, მისხალი ალკოჰოლიც კი არ აქვს შენარჩუნებული, ზოგან ჩაის პატარა ფინჯნებით მოაქვთ, რაც ასევე ძალიან მოუხერხებელია. კარგი იქნება, თუ გლინტვეინს მიართმევთ დიდ, სქელ, ფაიფურის ან რკინის ჭიქაში, ასე, სასმელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ნელ-ნელა წრუპავთ და ხელებსაც ითბობთ.
თუ არჩევანზე მიდგა საქმე, მირჩევნია მეგობრები მესტუმრონ და რამე იაფიანი ღვინო ზამთრის ბრჭყვიალა სასმელად ვაქციო. ერთი ფინჯანი გლინტვეინი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაჩნდეს თოვლიც, აგიზგიზებული ბუხარიც და კარზე თოვლის ბაბუამაც დააკაკუნოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს.
„მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აცხადებს შსს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
6:11 ამ ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა რაგბში “ბათუმსა” და რუმინულ კლუბ “ტიმიშოარას სარასენსს” შორის. ბათუმურმა კლუბმა კონტინენტის ფარის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა სახლში, ბათუმი რაგბი არენაზე წააგო. განმეორებითი მატჩი რუმინეთში, კლუჟ არენაზე 20 იანვარს გაიმართება. ჯამში ორი მატჩის ანგარიშით გაირკვევა თუ ვინ იბრძოლებს ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრი ბილეთისთვის.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დღევანდელი მატჩიდან.
თამაში „ბათუმის“ რამდენიმე კარგი შეტევით დაიწყო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017
პირველი ტაიმი ანგარიშით 3:3 დამთავრდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017
მსაჯმა რუმინულ გუნდს ლელო ჩაუთვალა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017
მეორე ტაიმში რუმინელებმა ერთადერთი ლელოს დადება მოახერხეს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017მორაგბეებს კოკისპირულ წვიმაში მოუწიათ თამაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017
“ტიმიშოარა სარასენსის” მორაგბემ ტრამვა მიიღო და თანაგუნდელებმა მოედნიდან გაიყვანესფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13/01/2017
ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ფანტაზიას“ [„რვაფეხა“] შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 197 ათას 606 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 29 იანვარს მთავრდება.
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, გაკეთდება „რვაფეხასთან“ მისასვლელები, ერთ-ერთი ალეას მონაკვეთი, დაიგება ფილები და მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ამ ადგილზე დღემდე არ ყოფილა.
„უშუალოდ „რვაფეხას“ შენობის რეკონსტრუქციას ფონდი „ქართუ“ ატარებს. შენობას შეუნარჩუნდება ძველი სახე და მის მიმდებარე ტერიტორიასაც „ქართუ“ მოაწესრიგებს. სამუშაოები 2018 წლის ბოლოს ან შესაძლოა 2019 წლის პირველ კვარტალში დასრულდეს.
რაც შეეხება შემდგომში კაფე-ბარის განკარგვას, მისი გასხვისება არ იგეგმება და თუ ბულვარი სამინისტროს დარჩა მართვაში მომავალ წელსაც, ალბათ კაფეს იჯარით ჩვენი სსიპ-ი გასცემს, თუმცა ეს დეტალები ჯერ გადაწყვეტილი არ არის,“ – განაცხადა ეთერ მაჭუტაძემ.
სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ბათუმის ბულვარი კი, რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, 320 426 კვ/მ ტერიტორიას მოიცავს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებაა, რომელიც სამართავად გადაცემულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე. უშუალოდ კაფე „ფანტაზია“ ბულვარის ტერიტორიას [არც „ძველ ბულვარს“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია] აღარ ეკუთვნის.
2053 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია „რვაფეხა“, ბათუმის მერიას ეკუთვნოდა, თუმცა ის 2012 წლის მაისში საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს. აჭარას 2014 წელში საკუთრებაში გადასცეს ასევე „რვაფეხას“ მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი, საერთო ფართობით – 3268 კვ/მ.
შესაბამისად, „რვაფეხა“ და მის მიმდებარედ ჯამში 5321 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ქონებას აღარ წარმოადგენს და ამ ტერიტორიას ბათუმის მუნიციპალიტეტი ვერც ბულვარის დაბრუნების შემთხვევაში დაიბრუნებს. ქონებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასული წლის აპრილში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ კაფე „ფანტაზიას“ შენობა რეკოსტრუქციის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.
კაფე „ფანტაზიის“ დემონტაჟის ხარჯზე ორი საცურაო აუზის მოწყობას სასტუმრო „ჰილტონის“ მესაკუთრე გეგმავდა. ინვესტორმა ამ ტერიტორიის სანაცვლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხრა მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება შესთავაზა. ეს პროექტი ბათუმში აქციებით გააპროტესტეს.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიის“, როგორც უნიკალური და ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა გუშინ აირჩიეს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერაბ ტურავას 2016 წლის 2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე გუშინვე პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე აირჩია.
ტერიტორიაზე მერისში, სადაც „აკავრეთა ჰესი“ შპს „Georgian Shenke Power Investment“-ის მიერ მომზადებული პროექტით უნდა აშენდეს, წიაღისეულის მოსაპოვებელი ლიცენზიაც არის გაცემული. „აკავრეთა ჰესის“ დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი, შამილ ბირკაძე აცხადებს, რომ მათთვის ეს მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კომპანია სახელმწიფოსთან ჰესის ასაშენებლად მემორანდუმის გაფორმებას აპირებდა.
მერისის ხეობაში, მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარის კვეთაზე „აკავრეთა ჰესის“ მშენებლობისთვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად კიდევ ერთი მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Georgian Shenke Power Investment“-ს შორის 2017 წლის 2 მაისს არის გაფორმებული.
შამილ ბირკაძის თქმით, ჰესის მშენებლობაზე, რომელმაც 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ჰესის აშენებას ჩინურ-ქართული კომპანია Georgian Shenke Power Investment-ი აპირებს. თუმცა ჰესის მშენებლობას კომპანია მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ იწყებს – ტერიტორია მერისში, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, კიდევ ერთ კომპანიაზე – Kinland Georgia Mining-ზეა გაცემული, რომელიც წიაღისეულის, მათ შორის ოქროს მოპოვებაზეც მუშაობს. შპს Georgian Shenke Power Investment-ს ჰესის მშენებლობის დაწყებაზე სწორედ ეს კომპანია არ თანხმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, მერისში, ტყვიის, სპილენძის, თუთიის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვებაზე ლიცენზია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 4 მაისის #479 ბრძანების საფუძველზე, შპს „მეტალონ ჯორჯიას“ 40 წლის ვადით 10 040 ჰექტარ ტერიტორიაზე მისცა. ლიცენზიის გასაყიდი ფასი იყო 880 000 დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ლიცენზიის გაცემიდან ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 15 ნოემბრის #13/523 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული ლიცენზია საკუთრებაში კომპანია „Kinland Georgia Mining“-ს გადაეცა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვკითხეთ, „მეტალონ ჯორჯიაზე“ გაცემული ლიცენზია რატომ გადაეცა საკუთრებაში კომპანია „Kinland Georgia Mining“-ს. ან როგორ მოხდა, რომ იგივე ტერიტორია, სადაც ამ კომპანიას ოქროს მოპოვებაზე უნდა ემუშავა, იგეგმება „აკვარეთა ჰესის“ აშენება?
სამინისტროში განმარტავენ, რომ ჰესის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია კომპანიას ჯერ არ გადასცემია. თუმცა ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობაზე მოლაპარაკება კომპანია „ჯორჯიან შენკე ჰაიდრო ფაუერ ინვესტმენთან“ ნამდვილად მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს ასევე ვკითხეთ, რა აფერხებს ჰესის მშენებლობის დაწყებას? არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ კითხვებზე სამინისტროებისგან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი პირად საუბარში ამბობს, რომ ორივე კომპანიას – როგორც წიაღისეულის მომპოვებელს, ასევე ჰესის მშენებელს, შეუძლია სამუშაოები აწარმოოს და ლიცენზია პრობლემას არ შექმნის.
თუმცა ასე არ ფიქრობენ „ჯორჯიან შენკე ჰაიდრო ფაუერსში“. „30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იმის გამო ვერ იწყება, რომ ტერიტორია, რომელზეც ჰესი უნდა მოეწყოს, წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიით არის გაცემული. ამ კომპანიას თანხმობის მისაღებად მივმართეთ, მაგრამ გვაცნობეს, რომ ჩინურმა კომპანიამ ლიცენზია ინგლისელებს მიჰყიდა. ამის გამო „აკავრეთა ჰესის“ სამშენებლო პროექტის განხორციელება ჭიანურდება,“ – ამბობს „აკავრეთა ჰესის“ დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი, შამილ ბირკაძე.
შამილ ბირკაძის ინფორმაციით, „პროექტის სქემა დადგენილია, ენერგეტიკის სამინისტრომ პროექტის ტექნიკური გამართულობა დაადასტურა, მაგრამ ვიდრე საბადოს მომპოვებელი კომპანია მშენებლობის დაწყების თანხმობას არ მოგვცემს, მშენებლობას ვერ ვიწყებთ, ლიცენზიით გაცემული ტერიტორიიდან ჰესის ასაშენებლად მხოლოდ 1-2 ჰექტარი ტერიტორია გვჭირდება. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მოსახლეობის განსახლება არ არის საჭირო, სოფელ გუნდაურში, სადაც მილსადენი უნდა გავიდეს, მხოლოდ ერთი ოჯახის ეზოს მცირე ტერიტორია გვჭირდება, მიწის მესაკუთრე ოჯახთან მოლაპარაკება გვქონდა და პრობლემა არ არის ნაკვეთის გამოსყიდვაზე“.
პროექტი, რომლის მიხედვითაც მერისში, მდინარე აკავრეთაზე 23 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა აშენდეს, სოფელ მერისში ორი გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს, გვირაბის მთლიანი სიგრძე კი 5 კილომეტრი და 600 მეტრი იქნება.
„აკავრეთა ჰესის“ მშენებლობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2013 წლიდან მიმდინარეობდა.
„დაგდაგანი არის: ირაკლი შენგელია მალხაზის ძე, დაიბადა 1994 წლის ცივ გაზაფხულზე, მარტის პირველს. ცოტნე გორგოშიძემ ვაჟიშვილობა დაკარგა 2011 წლის 9 აპრილს. მათე ხურციძე რამაზის ძე დაიბადა და გაიზარდა 90-იანების ქუთაისში, მაგრამ არ არის ნასამართლევი. გადავარდება და დაიღუპება ხრამში. გიორგი ბულბულაშვილი (ბულბულა) დაიბადა და გაიზარდა. გიორგი კოჭლაშვილი – უყვარს დალევა“.
რამდენიმე ლაივჩანაწერისა და youtube-ზე ატვირთული სიმღერების მოსმენის გარდა, ჯგუფის შესახებ მათ ოფიციალურ გვერდზე ესეც წავიკითხე. ბიჭები, რა თქმა უნდა, ხუმრობენ და სინამდვილეში საქმეს ასე ინაწილებენ: სიმღერის ტექსტებს წერს და მღერის ცოტნე გორგოშიძე, გიტარაზე ირაკლი შენგელია და გიორგი კოჭლაშვილი უკრავენ, ბასგიტარაზე მათე ხურციძე, ჯგუფის დრამერი კი გიორგი ბულბულაშვილი, იგივე ბულბულაა.
მსმენელი ვერასოდესაა მშვიდი, როცა ბიჭები იწყებენ დაკვრას და ცოტნეს ტექსტების მუხტზე ზუსტად მორგებული ვოკალი შემოდის.
უსმენ და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ სწყდები: ნებისმიერი გადასვლა, საჭირო დროს დანარჩენი ინსტრუმენტების დროული ჩაჩუმება და გიტარის სოლოს შემოსვლა ან პირიქით, ინსტრუმენტალის უკანა პლანზე გადასვლა, აქცენტი ცოტნეს ვოკალზე, ტექსტზე – ყველაფერი მიანიშნებს, რომ ჯგუფის ხუთივე წევრმა ზუსტად იცის, რა დროს როგორ იმოქმედოს. ჰარმონია სცენაზე, ერთ მთლიან, განუყოფელ „დაგდაგანს“ ქმნის.
ფოტო: შალიკა სტუდიო
ბულბულას, კოჭლასა და მათეს არ სცალიათ, მუშაობენ. მათე სერვისის მენეჯერია, ბულბულა – ხმის ინჟინერი, კოჭლა მობილური კავშირის სერვისში მუშაობს, ირაკლი ტურისტული სააგენტოს დირექტორია, ცოტნე – კომპიუტერის ტექნიკოსი.
ცოტნესა და ირაკლის ვხვდები „ალტჰაუსთან“. „ჩაის სახლში“ ჩაწერისთვის საჭირო სიმშვიდე არ გვხვდება, ხალხით გადაჭედილ დარბაზში ადგილს ვერ ვპოულობთ და მგონი, გულში ყველას გვიხარია: გვირილისა და ასკილის ჩაისთან ერთად ბიჭების მოყოლილი ამბები, რომლებიც ალკოჰოლზე, ტკივილგამაყუჩებლებზე, ქალაქის სუნიან სადარბაზოებსა და ბევრ სხვა ნამდვილ რამეებზე მღერიან, ცოტათი უცნაური გამოვიდოდა. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ საღამოს რვა საათის მერე თბილისში მშვიდ კაფეს ვერ ვპოულობთ.
მივდივართ ცოტნესთან სახლში და ათას რამეზე ვსაუბრობთ. ბიჭებს, ჩვეულებრივ, შინაურულ გარემოში ვუსმენ, როგორ ყვებიან ყოველდღიურობაზე, რეპეტიციებზე, ერთმანეთზე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვინ რას აკეთებს, სად მუშაობს ან სწავლობს და როგორ ემზადებიან 23 დეკემბრის სოლოკონცერტისთვის.
გიტარისტი ირაკლი შენგელია ამბობს, რომ ჯგუფის მთავარი ძალა ცოტნე გორგოშიძის ვოკალი და ტექსტებია.
მელანქოლია, ნიჰილიზმი, ირონია, უცენზურო სიტყვები – ცოტნეს ტექსტებში ყველაფერია, რაც შიშველი სიმართლის გადმოსაცემად შეიძლება გამოდგეს. არც ერთი სიტყვა არ არის ყალბი და ზედმეტი. თუმცა ცოტნე ამბობს, რომ არასოდესაა სიმღერების საბოლოო ვარიანტებით კმაყოფილი და ჩანაწერების მოსმენისას ყოველ ჯერზე ფიქრობს, რომ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდა, რაღაც ყოველთვის ეზედმეტება ან აკლია.
მათ ტექსტებში უცენზურო სიტყვებიც კი ვულგარულად არ ჟღერს, მეტიც: ცოტნე „ცუდ სიტყვებს“ დახლართული ფსიქოლოგიური კვანძების გასახსნელად იყენებს. ალბათ ამიტომაც, მსმენელზე ემოციურად უცენზურო სიტყვები უფრო მოქმედებს, წყნარი, გარანტირებული, უმოქმედო ცხოვრების შეფასებისას, ვიდრე ხელოვნურად მოზომილი ტექსტი იმოქმედებდა. თუ მოგეჩვენებათ, რომ ვაჭარბებ, youtube-ზე „დაგდაგანის“ ლაივები შეგიძლიათ ჩართოთ და დააკვირდეთ მსმენელის ემოციას, 20, 21, 22 წლის გოგო-ბიჭები დარბაზიდან მაშინაც კი მღერიან თავგამოდებით, როცა სცენაზე ტექნიკური ხარვეზის გამო მიკროფონი ითიშება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფის სიმღერებს: „ალკოჰოლიკი“, „თენგიზი ა*****ს“, „2 წელიწადში“ და ბევრ სხვას 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს, ჯგუფის კონცერტებს უამრავი ადამიანი ელოდება.
ცოტნე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვების გამო ხშირად საყვედურობენ და ჯგუფის შეკრების ამბავს, პირველ სოლოკონცერტს იხსენებს:
„უცნაური იცი რა არის? სიმღერის ტექსტებში უცენზურო სიტყვების გამო ყოფით ცხოვრებაში განსაკუთრებული უკულტურობით გამორჩეული ადამიანები გვედავებიან, თითქმის ყოველთვის.
სიმღერები გვქონდა უკვე და არ გვქონდა სახელი. მოვემზადეთ კონცერტისთვის და აფიშების გაკვრის დრო რომ მოვიდა, ხომ უნდა მიგვეწერა რამე ამ აფიშაზე, ჰოდა, მოაფიქრდა ჩვენს ერთ მეგობარს „დაგდაგანი“… სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა რამეს ნიშნავს, თან ქართულად კარგად ჟღერს, აურზაურის ასოციაციას ქმნის და მოგვეწონა.
2013 წელს შევიკრიბეთ, მაშინ არ გვყავდა ირაკლი შენგელია და გიტარაზე მე ვუკრავდი, დრამზეც სხვა უკრავდა. ამ შემადგენლობით 2014 წლიდან ვართ და ამ წელს დაიწყო, რაც დაიწყო. 2014-ში გვქონდა პირველი სოლოკონცერტი კლუბ „დივანში“, მანამდე youtube-ზე ვდებდით ჩანაწერებს. უამრავი მსმენელი მოვიდა, დარბაზი გაივსო, გარეთ, კიბეებზე იდგნენ და გვისმენდნენ.
ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადის კონცერტზე, ბათუმში რომ ვუკრავდით, მსმენელს ვცნობდით, თბილისიდან გამოგვყვნენ. ძირითადად ახალგაზრდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, შუახნის ხალხს უთქვამს, რომ გვისმენენ. გვიხარია, რა თქმა უნდა“.
„ვერ ვიხსენებ, სად მახსოვს ყველაზე კარგი მსმენელი“, – აგრძელებს ირაკლი. – „დაგვიკრავს გორში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და ყველგან ის ხალხი მოდიოდა, ვინც მართლა გველოდა. ბევრი კონცერტი არ გვქონია, მაგრამ თუ ვუკრავთ, ყოველთვის ვცდილობთ ფორმაში ვიყოთ და ამიტომაცაა ალბათ, რომ დარბაზს ყოველთვის დადებითი რეაქცია აქვს ჩვენს გამოსვლებზე. ვცდილობთ, ერთ ადგილას არ გავიყინოთ, ამას ალბათ მსმენელიც გრძნობს“.
ცოტნე გორგოშიძე. მარიამ პლატონოვას ფოტო
აქვს თუ არა ბენდისთვის მნიშვნელობა პუბლიკას, მსმენელს და მათ რეაგირებას?
ცოტნე: რა თქმა უნდა, როცა ხედავ ხალხი გყვება, შენთან ერთად მღერის და ტექსტები ზეპირად იცის, ეს ძალას გაძლევს. თუ შენთვის უკრავ და არავინ გისმენს, ესე იგი, ვერ არის ყველაფერი რიგზე. რისთვის მღერი მაშინ საერთოდ.
არ გვგონია, რომ დაკვრისა და სიმღერისთვის ვინმემ რამე უნდა გადაგვიხადოს, ეგ პერიოდი იყო 60, 70-იანი წლების ამერიკაში, როცა მუსიკით ფული იშოვებოდა და მორჩა. ვინ ცხოვრობს დღეს ხელოვნების ხარჯზე საქართველოში? ხელფასი თუ გჭირდება, ამისთვის სამსახური უნდა გქონდეს და იმუშაო.
ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს და დაკავებულია, ამიტომ ძალიან გვიჭირს ხშირად დიდი ხნით შეკრება, ძირითადად, კონცერტების წინ ვუკრავთ აქტიურად სარეპეტიციოში. კონცერტები ხშირად არ გვაქვს. პასუხისმგებლობაა, როცა ხედავ ხალხის რაღაც ნაწილი გისმენს და გელოდება რას შესთავაზებ. ასეთ დროს თავს უფლებას ვერ აძლევ, ცუდ ფორმაში იყო.
გიორგი ბულბულაშვილი. ფოტო: shalika Studio
როგორ ფიქრობთ, რატომ გისმენენ?
მათე: არ ვმღერით მთვარეზე, ღამეზე, ყვავილებსა და ცრემლებზე. ნამდვილ ცხოვრებაზე ვმღერით. მსმენელი გრძნობს სინამდვილის უპირატესობას. ყველას ვეტყოდი, რომ მოეშვან youtube-ს, „ფეისბუქს“, სოცქსელებს და ნამდვილ ცხოვრებაში, ცოცხალ მუსიკაზე გადმოერთონ. ილიაუნში ვსწავლობდი და ცოტნე იქ გავიცანი, გავიგე, რომ ბენდის შექმნა უნდოდა, მეც სკოლიდან ვოცნებობდი ჯგუფში დაკვრაზე და გავიცანით ერთმანეთი. თავიდან ცოტნეს სახლში ვუკრავდით, მერე სარეპეტიციოში გადავინაცვლეთ და ასე მოვედით აქამდე.
ბულბულა: ქართულად ვმღერით ტექსტებს ყველასთვის გასაგებ რეალობაზე. გაგვიმართლა, რომ მეხუთე წელია ერთად ვართ. სტიმულს ხალხისგან წამოსული ენერგია გვაძლევს. რასაც ვაკეთებთ, მსმენელს ძალიან მოსწონს და მერე კიდევ გინდება რამე გააკეთო. ხუთი წლის შემდეგ, მაგალითად, „დაგდაგანი“ წარმომიდგენია ბევრი კარგი და ახალი სიმღერით.
ირაკლი შენგელია. გიორგი თოდუას ფოტო
რატომ იშლებიან ქართული როკ-ჯგუფები და უშლის ხელს ალტერნატიულ მუსიკას საქართველოში?
ცოტნე: ალბათ წინასწარი მოლოდინები, ხშირად თავიდანვე წარმოუდგენიათ სამომავლოდ რამე დიდს შექმნიან და მერე ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც გეგმავ. მუსიკა საქართველოში ვერავისთვის იქნება შემოსავლის წყარო, ამისთვის თავიდანვე მზად უნდა იყო. მუსიკასთან ერთად აუცილებლად უნდა აკეთებდე რამეს, რომ იცხოვრო. ყოველთვის აქტიურობა და წინ სიარულია საჭირო, როგორც ლუის კეროლთანაა, გახსოვთ? „თუ წინ არ მიდიხარ, უკან ბრუნდები. ერთ ადგილას დგომა უკან სვლას ნიშნავს“. ეს არ არის მარტივი, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა.
ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს, ძლივს ვპოულობთ თავისუფალ დროს, რომ დავუკრათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ მაქვს ილუზია, რომ მუსიკით საქართველოში ოდესმე ვინმე გამდიდრდება.
გვსიამოვნებს, სიამოვნებს მსმენელსაც და ვერთობით. მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ამაზე არც მინდა ვიფიქრო. წინასწარ მოლოდინებს კარგი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. ხომ ხდება ასე, გადაწყვეტს წყვილი ცხოვრების ბოლომდე ბედნიერად იცხოვროს და მერე ერთი წელიც არ გადის, შორდებიან ან პირიქით: შეიძლება ხუთი შვილი გააჩინო ვინმესთან, ვისთანაც არაფერს წარმოიდგენდი და ყველაფერი კარგად გქონდეთ, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. მუსიკაც ასეა.
კოჭლა: მეც მგონია, რომ პრობლემა წინასწარი მოლოდინებია, ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს. ხანდახან მუსიკა საკუთარ თავსაც კი ვერ აფინანსებს და ამისთვის მზად უნდა იყო. ან უბრალოდ ყველა ჯგუფს, რომელიც დიდხანს ვერ არსებობს, თავისი შიდა პრობლემა აქვს და ამიტომ იშლება. ჯგუფში დაკვრა ნიშნავს გყავდეს შეყვარებული: ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს ხშირად ბევრ რამეზე, ყველანი სხვადასხვა რამეს ვუსმენთ და გვიწევს შეთანხმებამდე მისვლა, ერთ აზრზე ჩამოყალიბება. ამას გაგება, ენერგია, მოთმინება სჭირდება. ბევრ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ზრდისთვის აუცილებელ პროცესს ზოგიერთი ვერ უძლებს.
„კოჭლა“, გიორგი კოჭლაშვილი. ნინუცა კაკაბაძის ფოტო
სამშობლოზე გაქვთ სიმღერა, ამ თემაზე ნამღერი აქამდე ცნობილი ქართული სიმღერებისგან განსხვავებული და მძიმე. არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით საქართველოდან?
ირაკლი: არსად. არ მესმის რატომ მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად, როცა აქ ამდენი საქმეა საკეთებელი. ისეთ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თითოეულ ადამიანს უდიდესი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. საქართველოს მსგავს ქვეყანაში მარტივია იქცე ცვლილებების მიზეზად, თუ საკუთარ საქმეს კარგად აკეთებ, შრომისა და ძალისხმევის შედეგად ყველაფერს შეძლებ.
ჩინეთში, მაგალითად, რთულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ, ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს. ჩვენ ცოტანი ვართ და ადვილად ვაწვდენთ ხმას. ქვეყანა ალბათ ერთ შემთხვევაში ვითარდება, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს კარგად.
ცოტნე: კი, ასეა. პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ არავინ იცის კარგად თავისი საქმე, პრობლემაა განათლება და პროფესიონალიზმი ნებისმიერ სფეროში.
სად უნდა წახვიდე შენი ქვეყნიდან, რა მნიშვნელობა აქვს, იქაც უბედური იქნები და აქაც. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, პრობლემები ყველგანაა, ზოგან ასეთი, ზოგან – ისეთი. განსხვავება მხოლოდ შენობებში, ქუჩებსა და გეოგრაფიაშია.
აქ მეგობრები, ახლობლები გყავს, რამე რომ დაგჭირდეს, შენს ქვეყანაში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაგეხმარება.
რას ნიშნავს მღეროდე სიმართლეზე, ნამდვილ პრობლემებზე, რომლებიც მტკივნეულად გაწუხებს? თავისუფლდები სიმძიმისგან, როცა ემოციას მსმენელს გადასცემ?
ცოტნე: კონცერტებზე ალბათ კი, მაგრამ რეალურად ყველანი ხშირად ვართ ძალიან ცუდად. ამას ვერაფერი შეცვლის. კონცერტზე შეიძლება ენერგია გასცე, დახარჯო და მოგწონდეს რაღაც მომენტში ეს ამბავი, მაგრამ მერე ისევ ხარ ცუდად. ასე გრძელდება სულ.
„დაგდაგანი“ აუცილებლად გიმღერებთ ცუდად ყოფნაზე, უმოქმედო ტკივილგამაყუჩებლებზე, მთელი წლის უსიზმრო ძილსა და ღამეებზე. მწარედ მოგახლით, რომ წავა ყველა, რომ არ არის და არც არასდროს იქნება შველა, რომ გეჩვენება სიცოცხლე და სინამდვილეში უკვე მკვდარი ხარ უაზრო რეკლამების ცქერით, რომლებიც გარწმუნებენ – უშორეს ვარსკვლავამდეც შეგიძლია ასვლა, საიდანაც აღარ ჩანან მეგობრები. მერე დიდ სიყვარულზე დაწერილ სიმღერასავით ნატიფად იმღერებს ალკოჰოლზე და სანამ თვითონ არ გეტყვის, ვერანაირად ვერ გამოიცნობ, რომ სინამდვილეში სასმელს უმღერის.
ამ ამბებს თუ გაუძლებ და არ დაფრთხები, უკეთესებიც გელის, ცოტნე მხიარულ რიტმებს სასტიკ ტექსტს დაადებს და სიმღერაზე – „ყველაფერი კარგად არის“ ცეკვაც შეგიძლია, თუ თავს დააჯერებ, რომ „ტელევიზორში გამოჩხერილი მახინჯი კაცის დაპირებები“ დაგეხმარება, თუ თავს დააჯერებ, რომ ყველაფერი კარგად არის, თუ თავს დააჯერებ, რომ ცხოვრებაში მთავარია გამძლეობა, რომ ყველაფერი მოვა, მაგრამ მაშინ, როცა აღარ დაგჭირდება.
„დაგდაგანი“ სადღესასწაულო ამბებზე არ მღერის. თუმცა ცოტნეს ახალ წელზე თავისი აზრი აქვს და სიმღერასაც ასე ჰქვია – „ახალი წელი არ იქნება“:
ახალი წელი არ იქნება,
შობაც შემდეგზე გადადეს,
ჩემი სახლის მაგივრად დღეს
სუპერმარკეტი ააგეს.
გაყიდეს ყველა სიგარეტი, ლოთები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ, არავინ არ მყავს მე შენ მეტი და შენც კარებს არ მიღებ.
მერე რა. „დაგდაგანთან“ ერთად შეიძლება ყველაზე სევდიანი ამბებიც კი იმღერო მხიარულად.
იმერეთსა და გურიაში ბავშვები გასართობ ცენტრს ეწვივნენ და მშობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საღამოს დასასრულს მათ საჩუქრები შეხვდათ თოვლის პაპასგან.
ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდიდან
ბათუმში მოზარდები ზოოტოპიას ესტუმრნენ და ცხოველები დაათვალიერეს, ბევრი მათგანი პირველად აღმოჩნდა ეგზოტიკურ გარემოში.
ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდიდან
შემდეგ საღამო გასართობ ცენტრში გაგრძელდა, სადაც საახალწლო პროგრამის დასასრულს სანტამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა მოზარდებს.
ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდიდან
სამეგრელოში ბავშვებისთვის მოეწყო ექსკურსია აბაშის, ზუგდიდისა და მარტვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. ღონისძიების დასასრულს ჩვეულებისამებრ მათაც მიიღეს საახალწლო საჩუქრები.
ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდიდან
ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
დემოკრატიის ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაციის, აფხაზინტერკონტის სოციალური მუშაკი, ინგა იმედაძე „ბათუმელებთან“ რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„130-მდე ოჯახთან მიწევს მუშაობა და ვიცი, რა პრობლემებიც აქვთ პატიმართა ოჯახებს, შვილებს. არის შემთხვევები, როცა ბავშვებს უმალავენ, რომ მშობელი საპატიმროშია და თითქოს ასე სტრესის თავიდან ასაცილებლად იქცევიან. მაგრამ სინამდვილეში მოზარდები ყოველთვის იგებენ სიმართლეს და ორმაგად რთულდება მდგომარეობა. ბავშვებისა და ყოფილი პატიმარი მშობლების ერთად წასვლა რაიმე ღონისძიებაზე ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ამბად მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ხშირად ასეთ ოჯახებს მატერიალური საშუალება არ აქვთ განსატვირთად ერთად წასასვლელად. ხანდახან ყოფილი პატიმრები ძალიან გაუცხოებულები არიან გარემოსა და ოჯახისგან, მათ ძალიან სჭირდებათ მსგავსი ღონისძიებები, ადგილი, სადაც არაფორმალურ გარემოში შვილებთან ერთად დაისვენებენ და პრობლემებს ცოტა ხნით მაინც დაივიწყებენ“.
პატიმართა ოჯახების საჭიროებებსა და რეაბილიტაციის კომპონენტზე საუბრობს ასევე პროექტის კოორდინატორი ნინო ხაჩიძე. ის აღნიშნავს, რომ პატიმართა გაძლიერების პროექტი სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასაც ითვალისწინებს, რაც ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფებისა და მათი ოჯახების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რეაბილიტაციას.
როგორც ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, პროექტის დასრულებამდე პატიმართა გაძლიერების პროექტის ფარგლებში კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ბავშვებისთვის.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი.
ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდიდან
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა.
„ჩვენ შევისწავლით წინადადებას, შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მივიღებთ ზომებს. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს აჭარაში მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები. ის პროგრამები, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებულად სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში. მინდა გითხრათ ბოლო სიხლე, რაც დღეს უკვე დააანონსა ბათუმის მუნიციპალიტეტმა. სპეციალური პროგრამა არის შექმნილი ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისათვის და ასე შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ, ნახოთ ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით უამრავი პროგრამა მუშაობს,“ – განაცხადა პატარაძემ.
დღეს, 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცარიელი იყო სკამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს არ დასწრებია.
“პრეზიდენტი იყო მოწვეული, რატომ არ ჩამობრძანდა ვერ გეტყვით,” – განაცხადა ევა გოცირიძემ ფიცის დადების შემდეგ ჟურნალისტებთან.
“ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს და მე ყველა ღონეს ვხმარობ რომ ღირსეულად ვატარო ეს ტვირთი. მე მოხარული ვარ, რომ მმართველმა გუნდმა დამიჭირა მხარი. ძნელია მოიძებნოს რომელიმე ისეთი კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისა, რომლის მიმართაც ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება ერთგვაროვანი აზრი,” – თქვა მან.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძე გასული წლის დეკემბერში აირჩია. გოცირიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 0.
ევა გოცირიძე მოსამართლედ იმუშავებს შემდეგი ათი წლის განმავლობაში. ევე გოცირიძემ მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა.
პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სკამი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის გვერდით, ცარიელი დარჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრებოდნენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
დრონსტაგრამი სოციალური ქსელია და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებს, რომლებიც გვერდზე დრონით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. დრონსტაგრამზე ყოველდღიურად ათასობით ფოტო იტვირთება. საიტზე დარეგისტრირება და დრონით გადაღებული კადრების განთავსება ყველას შეუძლია.
დრონსტაგრამის ფოტოებს სხვა ტიპის კადრებისგან უცნაური პერსპექტივა და დიდი სიმაღლიდან ხედვის კუთხე გამოარჩევს.
დრონსტაგრამი ყოველწლიურად დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების კონკურსს აწყობს. ცოტა ხნის წინ სოციალურმა ქსელმა არქტიკიდან ტროპიკებამდე გადაღებული 2017 წლის საუკეთესო ფოტოები გამოავლინა.
ტაილანდი. მებაღეები აგროვებენ გულყვითელებს
პორტუგალია. კიბე ალგარვიდან – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პლაჟიდან მთებისკენ მიემართება
კანადა, ინუკტიტუტი. თეთრი დათვის გადაადგილება ყინულის ლოდებზე.
დუბაი. ბეტონის ჯუნგლები
აფრიკა. ნამიბიის დიუნები
გოგონები და სკაროსები
ვიეტნამი. ლილიები წყალზე
საბერძნეთი. მელისანის გამოქვაბულის კვლევა კუნძულ კეფალონიაზე
ალექსანდრიას არხი კანადასა და ნიუ იორკს შორის. წყალდიდობა
საჯარო უწყებებში დასაქმებულ მოხელეს მიენიჭება მოხელის კლასი 1-დან 12-მდე და მიიღებს საკლასო დანამატს ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად. მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. თუმცა კლასის მინიჭებამდე მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეაფასონ. კლასის მინიჭება ამ შეფასების შედეგზეა დამოკიდებული.
შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა:
საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება:
[checklist]
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ;
მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა.
[/checklist]
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მოხელეს რომ პირველი კლასი მიენიჭოს, მან წელს, ასევე მომავალ 2019 წელს, უნდა მიიღოს საუკეთესო შეფასებები, ანუ პირველი კლასი მიენიჭება და შესაბამის დანამატს მიიღებს 2020 წლიდან.
ამავე მოხელეს რომ მეორე კლასი მიენიჭოს, მან 2020-2021 წლებში უნდა მიიღოს საუკეთესო შეფასებები და ასე, ყოველი მომდევნო ორი წლის შემდეგ აიმაღლებს კლასს მე-6 კლასამდე. ხოლო, თუ 2030 წელშიც მიიღებს საუკეთესო შეფასებას, მიენიჭება მე-7 კლასი, თუ 2031 წელშიც მიიღებს საუკეთესო შეფასებას – მე-8 კლასი და ასე მე-12-კლასის ჩათვლით.
იმავე პრინციპით, თუ სამი წლის მანძილზე მოხელეს ზედიზედ აქვს კარგი შეფასებები, მიენიჭება პირველი კლასი, მომდევნო სამ წელში ასევე კარგი შეფასებებით მეორე კლასი და ასე შემდეგ მე-6 კლასის ჩათვლით. შემდეგ კი, ყოველ ორ წელიწადში კარგი შეფასებებით, მიენიჭება კლასი მე-7-დან მე-12-ს ჩათვლით.
საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული ექნება მოხელის კლასი, მიიღებს საკლასო დანამატს. მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი საჯარო მოხელეს მიეცემა თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] პროცენტული ოდენობით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მაგალითად, თუ საჯარო მოხელეს მინიჭებული აქვს პირველი კლასი და მისი თანამდებობრივი სარგო არის პირობითად 1000 ლარი, ის მიიღებს საკლასო დანამატს – 10 ლარს; თუ იმავე მოხელეს მინიჭებული აქვს მე-12 კლასი, ის საკლასო დანამატის სახით მიიღებს ყოველთვიურად 150 ლარს.
საჯარო სამსახურები ვალდებულნი არიან დაიწყონ და წლის ბოლომდე შეაფასონ საჯარო მოხელეები. შეფასება არ ეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაგალითად, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. ბუნებრივია, მათ არც კლასი მიენიჭებათ, ვინაიდან არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს განმარტებით, მიმდინარე წლიდან სსიპ-ის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, შეაფასონ მათ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, თუმცა მათ კლასებს ვერ მიანიჭებენ. ბიუროში აცხადებენ, რომ სსიპ-ებში დასაქმებულები საჯარო მოხელეებს მომავალი, 2019 წლიდან გაუთანაბრდებიან და მათზეც გავრცელდება შრომის ანაზღაურებისა და კლასების მინიჭების წესები.
რაც შეეხება აიპ-ებს, აქ დასაქმებულებიც არ არიან საჯარო მოხელეები, შესაბამისად, შეფასება, კლასის მინიჭება და საკლასო დანამატების გაცემის წესი მათზე არ ვრცელდება.
საკლასო ჩინები და მოხელის კლასები
მოხელეს, რომელსაც 2017 წლის პირველ ივლისამდე მინიჭებული ჰქონდა საჯარო მოხელის საკლასო ჩინი [მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა იგი საკლასო ჩინის დანამატს] და მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, მიეცემა საკლასო დანამატი უკვე 2018 წლის იანვრიდან.
მოხელეები, რომლებიც მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ საკლასო დანამატს [ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად]:
ყოფილი ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, რომელსაც მიენიჭა მე-12 კლასი;
პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
სახელმწიფო მრჩეველი – მე-10 კლასი;
პირველი კლასის მრჩეველი – მე-9 კლასი;
მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.
რა მეთოდით მოხდება მოხელის შეფასება?
საქართველოს მთავრობის დადგენილებით:
მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.
საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეფასების მეთოდის განსაზღვრასთან ერთად, დაადგინოს შესაფასებელი დოკუმენტური მასალის შექმნის წესი.
გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. გასაუბრების საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა.
შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი აცნობებს მას მოხელეს, ასევე განუმარტავს შეფასების მეთოდს, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესს.
გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე.
საჯარო დაწესებულებამ შეფასების მეთოდი უნდა განსაზღვროს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
[checklist]
დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკურობა;
მოხელის იერარქიული რანგის ან/და თანამდებობის შინაარსის სპეციფიკურობა;
საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების დონისა და ორგანიზაციული კულტურის სპეციფიკურობა.
[/checklist]
საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში. ამასთან, დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში.
მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:
მოხელისათვის კლასის მინიჭება;
წახალისება;
პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა;
მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.
გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება განხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე გათავისუფლდება თანამდებობიდან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„ხელისუფლების დაპირებისამებრ, ნაცვლად ტარიფების შემცირებისა, ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები. ახლახან გაძვირდა ელექტროენერგია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა ამუშავდეს 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და პენსიონერებს, ომში დაღუპული გმირების ოჯახებს და ასევე ოჯახებს, სადაც ცხოვრობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირები. მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები პროგრამის ასამოქმედებლად, საბიუჯეტო თანხების გამოსაყოფად. ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას მოსახლეობაში და ინიციატივას წერილობით წარუდგენს აჭარის მთავრობას,” – განაცხადა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე.
მისი თქმით ბიუჯეტში არის ხარჯები, რომელიც შეიძლება გამოთავისუფლდეს.
“მაგალითად 200 ათასი მარტო სტრატეგიის შემუშავებისთვის აქვთ გამოყოფილი. 160 ათასი ლარი აჭარის მთავრობას მანქანების შესაძენად აქვს გათვალისწინებული. შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ნაშთი რჩება ბიუჯეტში. იქნება თითქმის 17 ათასი ოჯახი რომლისთვისაც დაახლოებით 5 ან 5 მილიონ-ნახევარი ლარი იქნება საჭირო, რომ მათთვის კომუნალური გადასახადების 300 ლარიანი ვაუჩერი ამოქმედდეს . თანხას ოჯახი თავად განკარგავს: შეუძლია მხოლოდ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი დაფაროს, ან ყველაფერი ერთად: გაზიც, შუქიც, დასუფთავებაც და წყალიც. ინიციატივა ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც წარვადგინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. მოსახლეობაში შეგროვილ ხელმოწერებს წარვუდგენთ აჭარის მთავრობას და ვაჩვენებთ, რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, ეს არის ხალხის სურვილი და საჭიროება,”-აცხადებს გია აბულაძე.
„ბათუმელების” კითხვას თუ რა პერიოდში შეგროვდება ხელმოწერები და როდის წარედგინება აჭარის მთავრობას ინიციატივა, გია აბულაძემ ასე უპასუხა:
„ხელმოწერები დაახლოებით ერთ კვირაში შეგროვდება აჭარის ტერიტორიაზე. მზად ვართ მთავრობასთან კონსულტაციები ხვალვე დავიწყოთ და თუ ისინი ხელმოწერების შეგროვების გარშე გამონახავენ საბიუჯეტო თანხებს კომუნალური ვაუჩერებისთვის, ცხადია მოვილაპარაკებთ, თუმცა თუ ასე არ მოხდება შევაგროვებთ ხელმოწერებს. როგორც აღვნიშნეთ, ვგულისხმობთ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას”.
მისივე განცხადებით ხულოს, შუახევს, ხელვაჩაურს, ქობულეთსა და ბათუმს მოწყვლადი ჯგუფის ოჯახებისთვის 300 ლარიანი ვაუჩერების გამოყოფის რესურსი აქვს, თუმცა იგივე რესურსი არ გააჩნია ქედას. ცენტრალიზებულად აჭარის მთავრობას საერთო ჯამში მოეძევება საბიუჯეტო თანხები პროგრამის ასამოქმედებლად ისე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვალოს ბიუჯეტში და რაიმე სხვა პროგრამის ამოღება ან გაუქმება არ გახდეს საჭირო.
ხვალ, 13 იანვარს, ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
“ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი. ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და ერთს გარეთ). გამარჯვებული, თუ ვინ ითამაშებს ნახევარ ფინალში, ორი მატჩის ჯამური ანგარიშით გამოვლინდება. ბათუმსა და ტიმიშოარას შორის განმეორებითი შეხვედრა 20 იანვარს რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში, კლუჟ არენაზე შედგება.
კონტინენტის ფარის ფლეი ოფის მოსახვედრად ბათუმმა საკმაოდ ბევრი იბრძოლა. ბოლო თამაში, რომლის შედეგმაც “ბათუმი” ფლეი ოფში მოახვედრა, 16 დეკემბერს ბათუმი რაგბი არენაზე იყო. ბათუმმა 20:17 ამ ანგარიშით დაამარცხა “ტიმიშოარა სარასენსი” და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმის მერია 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველ ახალშობილზე ერთჯერადად 800 ლარს გადასცემს. გარდა ამისა ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც 1 წლამდე ჩვილი ჰყავს, ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებს ბავშვის პირველადი საჭიროებისათვის.
„შეიცვალა მიდგომა – ჩვენ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარების გაწევა სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. პრიორიტეტად აღებულია 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები და 0-დან 70 ათასამდე. სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც შეეძინება პირველი, მეორე თუ მესამე შვილი – არ აქვს მნიშვნელობა, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ასეთი ოჯახი მიიღებს ერთჯერადად 800 ლარს,” – ამბობს ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე.
გარდა ამისა დახმარება გაეწევათ შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:
0-და 70 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სამშვილიანი ოჯახები ყოველთვიურად მიიღებენ დახმარებას 80 ლარის ოდენობით, ხოლო ოთხშვილიანი ოჯახები მიიღებენ 100 ლარის ოდენობით.
0-დან 70 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 5 და მეტშვილიანი ოჯახები ყოველთვიური დახმარების სახით მიიღებენ 180 ლარს.
უდედმამო ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით მიიღებენ 150 ლარის.
რაც შეეხება ისეთ მრავალშვილიან ოჯახებს (ხუთი და მეტი შვილი), ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ასეთი ოჯახები მიიღებენ 150 ლარს ყოველთვიურად.
ბათუმის 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 1 მილიონ 200 ათასით გაიზარდა და 13 მილიონ ლარს შეადგენს.
ბათუმის თოჯინების თეატრში დღეს დასავლეთ საქართველოს თეატრების რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დისკუსია, ფაქტობრივად, ცალმხრივ ფორმატში წარიმართა. ჯგუფი სატელევიზიო გადაცემა „ტელესპექტაკლების“ შეწყვეტას აპროტესტებდა.
„მამალი მგლებისაც არ გვეშინია, პირად ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, აქ შეკრებილებს თავისი დამოკიდებულება აქვს ბათუმის მიმართ, საძმაკაცო ჰყავს და ასე შემდეგ“, – მიმართავდა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს – ნათია კაპანაძეს.
„საჩხუბრად გამოგყვებით მუშტიკრივით, ოღონდ ნუ „ვიმატავებთ“. აქ ამ საქმის დიდოსტატები სხედან, თამაში რეჟისორებისა და არტისტების საქმეა. კონკრეტული კითხვა გვაქვს და გვიპასუხეთ, რომ პროექტი გრძელდება ან დახურულია. თუ პროექტი გააგრძელებს მუშაობას, ვეჩხუბოთ ვისაც გინდა. კონკრეტული პასუხი გაგვეცით. ეს არის ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც. არ შეგვიწუხებია არავინ, არც მინისტრები და ვთქვით, რომ აჭარის ტელევიზიასთან ჩვენით მოვაგვარებთ ყველაფერს, რადგან ამ ადამიანებთან სამწლიანი ურთიერთობა გვაქვს“, – დასძინა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე
არხის დირექტორი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ „თეატრი არასდროს დარჩება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების გარეშე და ამის დადასტურებაა ის, რომ ეთერში რჩება გადაცემა „სცენა“, რომლის ფორმატიც შედარებით განსხვავებულია.
,,თუ ავყვირდით ჩვენ ძალიან მაღალი ხმა გვაქვს ქალბატონო ნათია!”, „დავანებოთ რა თავი ამათ, ხომ ვამბობდი, რომ ჩვენს ინტელექტთან ვერ მოვლენ!”, „რამდენჯერ ჩაგიტარე გოგო ლექცია და ვერაფერი შეგაგნებინე!”, ,,თუ გმართავენ გვითხარი ვინ გაიძულებს პროექტის დახურვას და ჩვენ დაველაპარაკებით ვისაც საჭიროა!” – მიმართავდნენ თეატრის წარმომადგენლები ნათია კაპანაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ შეურაცხყოფის ფორმატში დიალოგს ვერ გააგრძლებდა მათთან და შეჩერებული პროექტის ხარისხთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრა.
„მინდა მოგახსენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემებზე, გადაცემას, რომელზეც ვსაუბრობთ არ ჰქონდა საკუთარი კაბინეტი, კომპიუტერი, არ ჰყავდა გუნდი. ძალიან რთულია, რამის დაგეგმვა ასეთ პირობებში. გამოწვევები კი, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას არის ძალიან დიდი. აჭარის მაუწყებელი ღია იქნება თეატრებისთვის, თუკი გადაწყვეტთ, რომ ჩაწეროთ თქვენი სპექტაკლები და ვიმუშავებთ იმაზე, შეიძლება თუ არა საეთეროდ მომზადდეს მასალები. ორ გადაცემასთან ერთად სხვა ბერკეტებიც იქნება გამოყენებული თეატრისა და კინოს ნაწილში“, – აცხადებს მაუწყებლის დირექტორი.
არხის დირექტორმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდილ მოთხოვნას ხარისხზე და აღნიშნა, რომ აჭარის ტელევიზია ითანამშრომლებს თეატრებთან და გააშუქებს სპექტაკლებს, თუკი ისინი საკუთარი რესურსით გააკეთებენ ჩანაწერებს. მისივე განმარტებით, „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა და პროექტის სამომავლო ფორმატი, თუ ის არსებობას გააგრძელებს გადასახედია.
დღეს თეატრის წარმომადგენლები პროექტ „ტელესპექტაკლების“ დახურვას აპროტესტებდნენ. თეატრის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ, რომ სპექტაკლები ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსით ჩაიწეროს და გავიდეს ეთერში. რადგან, თეატრებს ამის საშუალება არ აქვთ.
თეატრისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა შეხვედრა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ბათუმის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კი ახალი მოსამართლე ჰყავს – ირმა ტოგონიძე. მორიგი კონკურსი მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 11 იანვარს დაასრულა.
მოსამართლეთა კონკურსში ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ერთი მოსამართლე მონაწილეობდა – ვიოლეტა ფორჩხიძე. ის ამჯერად უვადოდ დანიშნეს და ისევ სისხლის სამართლის კოლეგიაში განაგრძობს მუშაობას.
კონკურსში მონაწილეობდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის წევრებიც: სასამართლოს მენეჯერი ივერი აბაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახდა, დარინა აბულაძე კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. დარინა აბულაძე აქამდე მოსამართლე ირაკლი შავაძის თამაშემწე იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლეთა კონკურსში 52 საშტატო ერთეულზე სულ 84 კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგად 18 ადგილი ვაკანტური დარჩა.
შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლქვაძე 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან სულ 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. შმაგის გარდა ჩემპიონატზე 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
“შედეგი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ ამ ექვსიდან სულ ცოტა სამი მაინც უნდა ყოფილიყო ჩემპიონი. სპორტია და რას იზამ ახლა, გამოვასწორებთ,”- ამბობს ანზორ ლაზიშვილი, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ინერტული მასალას მოპოვება უკანონოდ მოიპოვებენ და ის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გამოიყენება.
„ნებართვა იყო გაცემული კალაპოტის დაცულ ხაზოვნებაზე, რომელიც ითვალისწინებს ჯებირების გაკეთებას სანაპირო მხარეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ინერტული მასალა არ უნდა ამოღებულიყო. ინერტული მასალის ამოღების ნებართვა არ აქვთ. მუშაობა შევაჩერებინეთ – გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექციაც და პოლიციაც,“ – ამბობს გია ხალვაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კომპანია ინერტულ მასალას უკანონოდ არ მოიპოვებს.
„იყვნენ ჩვენი თანამშრომლები ქობულეთში მისულები ადგილზე, სადაც მოპოვება ხდება. კომპანია „მაინინგ გრუფს“ მთავრობის განკარგულებით აქვთ მოხსნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის ფლობის ვალდებულება. ამიტომ მოპოვება, რომელიც მიმდინარეობს, არის კანონიერი. აქტი შედგენილია, თანამშრომლებმა ადგილზე აზომვებიც გააკეთეს და ფოტოებიც გადაიღეს. არანაირ კანონდარღვევა არ ხდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მდინარე კინტრიშიდან ინერტულ მასალას კომპანია „მაინინგ გრუფი“ იღებს. კომპანიამ მასალის მოპოვება 2018 წლის მარტში უნდა დაასრულოს.
შავი ზღვაში, ბათუმის მიმდებარედ, რამდენიმე სეინერი გამოჩნდა, რომლებიც თევზს იჭერენ.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თევზჭერა ბათუმის აკვატორიაში, ძირითადად თურქული კომპანიის სეინერებით, კანონიერად მიმდინარეობს.
„თევჭერის ლიცენზია გაცემულია. მათ აქვთ გარკვეული კვოტები და იმ რაოდენობის თევზს მოიპოვებენ. თევზს, მართალია ფოთის მხარეს მოიპოვებენ, თუმცა იქ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო გადმოინაცვლეს ბათუმის მიმდებარედ. ამის უფლება ლიცენზიის მფლობელებს ჰქონდათ. ზოგადად, ბათუმის აკვატორია თევზჭერისთვის კარგი ადგილი არ არის“, – განაცხადეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი ინიშნება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის დანიშნული მინისტრის პირველი მოადგილე. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას „დღეს შესთავაზა მინისტრმა ეს თანამდებობა და თანხმობაც განაცხადა“.
„ალბათ მუსირებდა აქამდეც, შესწავლის პროცესში იყო კანდიდატები და მე ამის შემდეგ შემატყობინეს… სამინისტროში ჯანდაცვის პროგრამებს ვუხელმძღვანელებ“, – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.
პროფესიით ექიმი რუსუდან შავიშვილი აქამდე მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, როგორც სამედიცინო დირექტორი და კლინიკის მენეჯერი. მანამდე კი სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიასთან თანამშრომლობდა.
რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება სამინისტროში, რაც პროცედურები სამართლებრივად მოწესრიგდება. მანამდე კი ის ისევ რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
ლევან მაისურაძემ – აწ უკვე აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამ თანამდებობაზე რვა თვე იმუშავა – ის როტაციის პრინციპით მას შემდეგ მოავლინეს რეგიონში, რაც მისი წინამორბედი კახაბერ ბუხრაძე ასევე როტაციის წესით სხვაგან გადაიყვანეს. თავის მხრივ კახა ბუხრაძის გადადგომას ბათუმის ცნობილი მოვლენების – 11-12 მარტის აქციაზე ითხოვდნენ.
შს სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ ლევან მაისურაძის გადადგომას, ასევე დასძენენ, რომ ლევან მაისურაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. უწყებაში ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ჯერჯერობით, არავინ არ არის დაუნიშნიათ.
თავად ლევან მაისურაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 100 ჰექტარ მიწას გამოისყიდის. გამოსყიდული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 3 900 კვადრატულ მეტრზე სამინისტროს აეროდრომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა აქვს დაგეგმილი.
სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ გეგმით გაწერილი 100 ჰექტარი მიწიდან, ფიზიკური პირების საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთების დიდი ნაწილი ამ დროისთვის გამოსყიდულია, მიწის გამოსყიდვას სამინისტრო აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, სუბსიდირების სახით მიღებული თანხით ახორციელებს.
მიწები, რომლის გამოსყიდვაზეც სამინისტრო მუშაობს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ნაწილზე კი დროებითი საცხოვრებელი სახლებია განთავსებული და მათ მხოლოდ მოიალაღეები იყენებენ. მიწასთან ერთად, სამინისტრო მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და გადატანის თანხასაც აუნაზღაურებს.
სამინისტრო „გოდერძიზე“ მესაკუთრეს ერთ კვადრატულ მიწის ნაკვეთში 10 ლარს, მოსარგებლეს კი – 6 ლარს უხდის.
ვინ და რა ფორმით ააშენებს აეროდრომს კურორტ „გოდერძიზე“ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მიწის გამოსყიდვა დასრულდება.
მიწების გამოსყიდვაზე ამ დრომდე სულ 6 მილიონი ლარია გაცემული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პროექტ ,,ტელესპექტაკლებს“ აუქმებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას თეატრალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა.
ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ტენდერს გარეწარმოებაზე, დოკუმენტური ფილმების შესაძენად, ამ პროცესში ჩართული იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორი ნერონ აბულაძე. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელიც ძალიან მალე გამოცხადდება. ნერონ აბულაძისთვისაც ცნობილი იყო, რომ დოკუმენტური ფილმები გადიოდა გარეწარმოებაზე. პროექტებზე, რომელიც ნერონ აბულაძემ წარმოადგინა, პრიორიტეტებისა და ტექნიკური თვალსაზრისით უარია ნათქვამი.
რატომ აცხადებს ტენდერს გარეშესყიდვებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი, როცა ტელევიზიას ჰყავს თანამშრომლები?
საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანონმდებლობის მიხედვით, არხის 25%-ი უნდა გავიდეს გარეწარმოებაზე. დოკუმენტური ფილმები იქნება ის, რაც პირველად გავა გარეწარმოებაზე. გარეწარმოებაზე გავა ასევე სხვა პროდუქტებიც დროთა განმავლობაში, კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონის მე-16 მუხლის მითითება, კანონის ამ ჩანაწერის მთავარი იდეაა განვითარების შესაძლებლობა მივცეთ გარეწარმოების სტუდიებს.
რა გადაცემები რჩება აჭარის ტელევიზიის ეთერში ხელოვნების მიმართულებით?
„არტ-ექსპერტი“ და „სცენა“.
არის თუ არა ცნობილი, რით შეივსება პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმების შემდეგ გამოთავისუფლებული საეთერო დრო?
ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვექნება მარტის თვის დასაწყისში. მთავარი რეკომენდაციები რაც გვაქვს, ეს არის ბადის არამყარი ხასიათი, აჭარის ტელევიზიის შემთხვევაში ბადეს აქვს ბევრი ნაკლი, თითოეული გადაცემა უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, რომელიც სამაუწყებლო პროფილის ანალიზის შედეგად გვაქვს. პროცესი ითვალისწინებს უფრო ცოცხალი, აქტიური გადაცემების შექმნას. ამისთვისაა სწორედ საჭირო როგორც ტელევიზიის შიდაწარმოების პროდუქტი, რომელთაგანაც თეატრალური და სახელოვნებო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემებისგან რჩება 2018 წლის ეთერში – გადაცემები „სცენა“ და „არტ ექსპერტი“. ასევე საჭიროა კანონის მიხედვით გვქონდეს გარეწარმოების სტუდიებისგან შეძენილი მასალებიც.
თქვენ სოციალურ ქსელში წერთ, რომ ოთხი გადაცემა შესთავაზეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ოთხივე პროექტი დაიწუნეს, ისე რომ მიზეზი არ იცით?
დეკემბრის ბოლოს მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩემი პროექტებისთვის ტელევიზიას საკმარისი რესურსი არ აქვს. ასევე მაცნობეს, რომ იხურებოდა პროექტი „ტელესპექტაკლები“ და მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას.
პროექტი სამი წელია არსებობს და ჩვენ გვქონდა შეთანხმება რეგიონების დრამატულ თეატრებთან, გაგვეკეთებინა გამორჩეული სპექტაკლების სატელევიზიო ჩანაწერები, რომ მომავალ თაობებს ოქროს ფონდის სახით შემორჩენოდა არქივი, რომელიც აჩვენებს როგორია ჩვენი პერიოდის თეატრალური ცხოვრება საქართველოში.
რა იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ბიუჯეტი, რა უჯდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს პროექტის დაფინანსება?
სამი წელია რაც პროექტი არსებობს და ორი წლის განმავლობაში თვეში ორ სპექტაკლს ვწერდით, შემდეგ ეს რიცხვი რესურსის სიმცირის გამო შემცირდა და ბოლო ერთი წელია წელიწადში 11 სპექტაკლის ჩანაწერს ვაბარებდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ თვეში ერთ სპექტაკლს ვწერდით. აჭარის ტელევიზია კვირაში ერთხელ უშვებდა სპექტაკლების სრულ ჩანაწერს, ძველი სპექტაკლებიც მეორდებოდა პერიოდულად ეთერში. ერთი მივლინებისას ერთი სპექტაკლის გადაღებაზე მაქსიმუმ 1000 ლარამდე იხარჯებოდა, თუ არ ჩავთვლით ჯგუფის ყოველთვიურ ხელფასს. მაგრამ ხშირად ეს ხარჯი არ აღემატებოდა 500-600 ლარს.
ამბობთ, რომ გამორჩეულ სპექტაკლებს იღებდით რეგიონებში. თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ გუნდის წევრები, ვინც განსაზღვრავდა პრიორიტეტებს და იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელი სპექტაკლი გადაეღოთ და შეეტანათ „ოქროს ფონდში“?
თქვენ არ ითვალისწინებთ, რომ მე თავად გახლავართ თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, წარმოვადგენ საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციას, თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრს. ამ ასოციაციაში ერთიანდება საქართველოში მოღვაწე ყველა თეატრმცოდნე, ასევე ვრედაქტორობ თეატრალურ ჟურნალს, რომელშიც ჩემი კოლეგების წერილები იბეჭდება. ვიღებდით სპექტაკლებს, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში თეატრალური სეზონის გამორჩეულად ღირებულ ნამუშევრად ითვლებოდა, პრემიერების რაოდენობის და თეატრმცოდნეების დადებითი გამოხმაურებების მიხედვით. სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელებთან განხილვის შედეგად ვათანხმებდით რომელი სპექტაკლი იყო სეზონზე მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩეული.
კონკრეტული თეატრების ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ თავიანთი თეატრების მხატვრულ მიმართულებას. ვეყრდნობოდით თეატრმცოდნეების რეცენზიებს და სპექტაკლებს, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ არაერთი პრემია.
როგორ გგონიათ, რატომ ხურავს აჭარის მაუწყებელი პროექტს და ხომ არ უკავშირდება ეს თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნის ცვლილებას, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა კვირაში ერთხელ სპექტაკლის სრული ჩანაწერის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის?
პროექტის დახურვის მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ. რაც შეეხება მაყურებლის მოთხოვნას, დღეს ქუთაისის თეატრში შეიკრიბნენ დასავლეთ საქართველოს დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები, რომლებმაც გამართეს საპროტესტო აქცია პროექტის დახურვასთან დაკავშირებით. ისინი დღეს მოდიან ასევე ბათუმში ბორდთან [აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო] შესახვედრად. 14 იანვარს, თბილისში იკრიბება სრულიად ქართული თეატრი ერთადერთი მოთხოვნით, რომ აღდგეს პროექტი. არის თუ არა ეს საზოგადოების მოთხოვნა?
ბათუმში დღევანდელი შეხვედრის მიზანია აღდგეს პროექტი „ტელესპექტაკლები“, რომელსაც ყოველკვირეულად ელოდებოდა თეატრალური საზოგადოება. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომლის პროფესიული განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტი.
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია “ატუ” ჭრის. 19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული.
“19-ზე გაცილებით მეტი ხე არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს “ბათუმელებთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე. მისი თქმით, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში რეკავდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, თუმცა გარემოსდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
“მინიმუმ ხუთჯერ დავრეკე. ცხელ ხაზზე მეუბნებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გადავეცითო, მაგრამ არავინ მოსულა ადგილზე. ორჯერ ამოვიდა პოლიციის მანქანა, ალბათ აინტერესებდათ აქციის ჩატარებას ხომ არ ვაპირებდით,” – ამბობს გია აბულაძე.
ხეების ჭრაზე ნებართვა 2017 წლის 15 ნოემბერს აქვს გაცემული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს.
„ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოქალაქეები და არასდროს არ შექმნილა პრობლემა, მითუმეტეს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაშიც ინფორმაცია მთავრობის აპარატის მიერ გაიცა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განცხადების საფუძველზე, რა განცხადებითაც მოგვმართეს. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზუსტების მიზნით ქალბატონ ასმათს არ მოუმართავს მთავრობის აპარატისთვის. თუ მას დამატებით რაიმე ინფორმაცია ჭირდებოდა, შეიძლებოდა მარტივად განცხადების შემოტანა დაზუსტების თაობაზე. თუმცა ეს მოწმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. ვინაიდან თუ ინტერესი არის, ის რომ მიიღო დამატებით კიდევ რაიმე სახის ინფორმაცია მარტივია – დაზუსტების მიზნით მიმართავენ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც ქალბატონ ასმათს არ გაუკეთებია,“ – განაცხადა ოთარ დიასამიძემ.
ოთარ დიასამიძის კომენტარი აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება.
„მიმდინარე წლის 20 იანვრამდე უნდა განისაზღვროს ხელფასები კოეფიციენტების შესაბამისად – სად, როგორ და ვის რამდენი ექნება… უნდა შეიცვალოს საშტატო ნუსხები და ხელახლა დამტკიცდეს. მიდის მუშაობა სამინისტროშიც და მთავრობაშიც, რათა ყველაფერი მოექცეს კანონთან მიმართებაში. კანონის მიხედვით უწყებებმა ახალი საშტატო ნუსხები 20 იანვრამდე აუცილებლად უნდა დაამტკიცონ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში არჩილ სირაბიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება სსიპ-ებსა და აიპ-ებს, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებით დადგენილება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დღეებში გამოქვეყნდება. ამ დადგენილებაზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად როგორ დაიანგარიშებენ სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებს.
ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი, გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.
მაგალითად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის [დეპარტამენტის უფროსის] ხელფასი აჭარის მთავრობის აპარატში იყო 2 832 ლარი, ხოლო სამინისტროში – 2 464 ლარი [შესაბამისად, ხელზე ასაღები – 2 265 და 1 971 ლარი]. რაც შეეხება ყველაზე დაბალ თანამდებობას – მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მთავრობის აპარატში ხელზე იღებდა 712 ლარს, ხოლო სამინისტროში – 496 ლარს [პრემიების გარეშე].
ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი შესაძლოა განისაზღვროს მინიმუმ 1000 ლარიდან მაქსიმუმ 3 500 ლარის ფარგლებში, ხოლო მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი – მინიმუმ 100 ლარიდან მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ხელფასების დაანგარიშება 2018 წლისთვის თითოეულ დასაქმებულზე მოხდება იმგვარად, რომ შენარჩუნდება დღეს არსებული ხელფასების ის ოდენობა, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს ერთად.
საჯარო მოხელეებზე ხელფასთან და ფულად ჯილდოსთან ერთად, დაშვებულია საკლასო დანამატების გაცემაც. საკლასო დანამატი საჯარო მოხელეზე შესაძლოა გაიცეს კლასის მინიჭების შემდეგ, რაც მოხელის შეფასებით ხდება. შეფასებას კი საჯარო მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო უწყებებში დღეს საშტატო ნუსხების ხელახლა დამტკიცებასა და ხელფასების განსაზღვრაზე მუშაობენ და მოხელის შეფასება კლასის მისანიჭებლად ჯერ აქტუალური არაა. მოხელეთა შეფასებას და კლასების მინიჭებას უწყებებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებენ.
სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის [ვინაიდან მათზე ახალი წესი არ ვრცელდება], ხელფასების განსაზღვრის მიზნით დეტალები ზუსტდება, რის შემდეგაც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხის ჯამური ოდენობა, რაც დამტკიცებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტით, არ შეიცვლება.
მაგალითად, 2017 წლის მდგომარეობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 5792 ლარი იყო თვეში [თანამდებობრივ სარგოს – 3 310 ლარს დამატებული დანამატი – 2 482 ლარი]; ანუ, მთავრობის თავმჯდომარე თვეში იღებდა 4 633 ლარს ხელზე.
აჭარაში 4 მინისტრია. მათი ხელფასებიც იდენტურია – 4 760 ლარი [2 720 – სარგო, 2 040-დანამატი]. ანუ, თითოეული მინისტრი ხელზე თვეში 3 808 ლარს იღებდა.
შრომის ანაზღაურების ახალი წესი მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებზე 2021 წლიდან გავრცელდება. შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი შესაძლოა მაქსიმუმ 8 500 ლარით, ხოლო აჭარის მინისტრის – 6 000 ლარით განისაზღვროს [ხელზე შესაბამისად, 6 800 და 4 800 ლარი].
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რაც ნაწილობრივ მიაწოდეს.
„არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ. ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი ინსტანციებისგან მაინც მივიღოთ,“ – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
მისივე თქმით, ხარჯები, რომლის გასაჯაროვებაც აჭარის მთავრობას არ სურს, სავარაუდოდ, წინასარჩევნოდ დახარჯული თანხებია.
„მათ მომხრეებზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ვინც ჩამოდიოდა ალბათ, მათი დახვედრა-გასტუმრების ხარჯებია ეს. როცა არ გაძლევენ ინფორმაციას, ხომ გრჩება შთაბეჭდილება რომ რაღაცა იმალება?“ – კითხულობს ასმათ დიასამიძე.
საჯარო ინფორმაციის მოწოდების დავალდებულების მოთხოვნით სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასმათ დიასამიძემ დღეს, 11 იანვარს შეიტანა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, გ.ც-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
კერძოდ: ხმოვანი სასიგნალო იარაღი – 20 ცალი, პნევმატური იარაღი – 20 ცალი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – 3 ცალი, ხმოვანი ვაზნა – 12 500 ცალი, პიროტექნიკური ვაზნა – 400 ცალი, სანადირო ელექტრონული ხმოვანი სატყუარა – 16 ცალი, პნევმატური იარაღის სამიზნე – 18 ცალი, იარაღის ღვედის სამაგრი კროშტეინი – 24 ცალი, ქანჩის ექვსკუთხა გასაღები – 2 ცალი, იარაღის ჩამკეტი – 10 ცალი, სასხლეტი მექანიზმის ნაწილი – 11 ცალი, სანადირო იარაღის ლულის დამაგრძელებელი – 5 ცალი და 4 ცალი კონდახი“.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11,664.4 ლარი შეადგინა; საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 11 სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტებს სამინისტრო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 33 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
სკოლები, სადაც ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება:
სამინისტრო ამ სკოლებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის შემდეგ გამოაცხადებს ტენდერს სამუშაოების ჩატარებაზე. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა იყოს მზად. ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 22 იანვარს დასრულდება.
დღეს, 11 იანვარს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დილით ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბინაში, მეხუთე სართულზე, ერთ ოთახში გაჩნდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი მამაკაცი დამწვრობით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.