Batumelebi | უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს

დღეს, 15 იანვარს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებას შეეხება.

უმაღლესი საბჭოს წევრის, ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი.

კანონი, რომელიც უქმდება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

როგორც ნინო ჩხეტია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, 2018 წელს  უმაღლესი საბჭოს წევრის და არც აპარატის თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაში არაფერი შეიცვლება. „ისინი იგივე ხელფასს აიღებენ 2018 წელსაც, რასაც გასულ წელს იღებდნენ.“

„საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში არის მუხლები, ერთ-ერთი მუხლი, თანამდებობის პირების ანაზღაურებაზე ამბობს, რომ 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს შრომის ანაზღაურების შესახებ ცვლილებაო, მაგრამ იმავე 34-ე მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ  „ამ დრომდე“, ანუ 2021 წლამდე, საშტატო ნუსხით უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგო.

შესაბამისად, არაფერი არ იცვლება, მივდივართ იმ გზით, რა გზითაც წავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი.

2018 წელს უმაღლესი საბჭოს წევრის და სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, ზუსტად იმდენი, რამდენიც 2017 წელს იყო“ – ამბობს ნინო ჩხეტია.

მისივე თქმით, 2018 წელს ცვლილება არც საშტატო ნუსხას შეეხება. „შტატების შემცირება არ იგეგმება.“

დღევანდელ სხდომაზე, გარდა ამ საკითხისა, უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი წევრის ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ დადგენილების პროექტზე და  აჭარის კონსტიტუციური კანონისა და პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე იმსჯელებს.

საშტატო ნუსხა ბოლოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 2017 წლის 30 ივნისს დაამტკიცა. ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებიც განისაზღვრება, ჯერ დამტკიცებული არ არის და ის 20 იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.

2017 წელს უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანზე [21 წევრის ჩათვლით] ხელფასებისთვის 3 მილიონ 464 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.


2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com