ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. ცესკოს გადაწყვეტილებით, აჭარის ექვს საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის 220 410 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო თანხის გადანაწილება ოლქების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაცვლად 39 136 784 ლარისა, საპრეზიდენტო არჩევნებში წელს 42 667 518 ლარს დახარჯავს.
ცესკომ რამდენიმე დღის წინ საოლქო კომისიის დროებითი წევრები შეარჩია. საუბარია თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო წევრზე, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, აპოლიტიკური და პარტიულად მიუკერძოებული უნდა იყოს. საოლქო კომისიების დროებით წევრებს წინასაარჩევნოდ ცესკო კონკურსის წესით არჩევს. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი, ბათუმის ოლქის ახალი წევრია. ის ციალა შავაძის მეგობარია.
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.