Batumelebi | ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას – Batumelebi
RU | GE  

ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას

 

 

რატომ თქვა ევროპამ „მე ვარ შარლი“ და რამდენად სწორად აღიქვა საქართველოს საზოგადოებამ დასავლური სამყაროს პროტესტი? რას ვეუბნებით „არა“-ს და რა საფრთხეების წინაშე დგას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარემ, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა ია ანთაძემ ისაუბრა.

 

 

 

 

ია, როგორ ფიქრობთ, ქართულმა საზოგადოებამ რამდენად სწორად გაიგო – „მე ვარ შარლის“ კონტექსტი?

 

მთელი საზოგადოების აზრის შეფასება ძნელია, თუმცა იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც მზად იყო შეერთებოდა ამ გზავნილს. „მე ვარ შარლი“ ნიშნავდა სოლიდარობის გამოცხადებას იმ პრინციპების მიმართ, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლე, როგორც უმაღლეს გამოხატულება და ევროპული ფასეულობები. ცხადია, შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა ამ გზავნილს, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ჰქონდა მზაობა, რომ ეთქვა „მე ვარ შარლი“, დაახლოებით ერთსა და იმავე აზრს სდებდა ამ გზავნილში.

 

თუმცა, იყო მეორე კატეგორიაც, რომელიც ამბობდა, რომ თუ შენ ხარ შარლი, ესე იგი შენ მომხრე ხარ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის…

 

 ამ კატეგორიამდე იყო კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ამბობდა, რომ მე ვეწინააღმდეგები და ვემიჯნები ტერორისტულ აქტს, მაგრამ მე ვარ მე. საკუთარ იდენტობას აყენებდა უფრო წინ, ვიდრე იმ პრინციპების ერთგულებას, რის გამო ითქვა „მე ვარ შარლი“. ამ ადამიანებისაც მესმის, მაგრამ ვინც ამბობდა – „მე ვარ შარლი“, არც ისინი ამბობდნენ საკუთარ იდენტობაზე უარს. უბრალოდ, სოლიდარობას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა იმ კონკრეტული მომენტისთვის, ვიდრე საკუთარი იდენტობის ხაზგასმა. იყო იმ ადამიანების წრეც, რომლებსაც საერთოდ არ ესმოდათ ეს მესიჯი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის დიდი ნაწილი არის ტრადიციული ცნობიერების მატარებელი და ასეთი ცნობიერების მატარებელი ადამიანისათვის ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გაცილებით მეტად გასაგებია, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები.

 

 ია, თქვენ როგორც მოქალაქეს, როგორ გესმით გამოთქმა – „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რამდენად კარგად ესმით ადამიანებს ამ სიტყვების მნიშვნელობა?

 

 ევროპული ფასეულობების მთავარი ღერძი არის ის, რომ კამათი და კრიტიკა შეიძლება ყველაფერზე, რისი შეცვლაც შესაძლებელია. რელიგია არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვაა მსოფლიოს მასშტაბით. არსებობს ქრისტიანობის სხვადასხვა პლატფორმა და სრულიად განსხვავებული რელიგიებიც, ამიტომ, ევროპული ფასეულობების სისტემა ამბობს, რომ ის, რაც ბევრია და რაც შეიძლება ადამიანმა თავისი ცნობიერებით აბსოლუტურად გაცნობიერებული არჩევანით აირჩიოს, ამ ყველაფერზე კამათი შეიძლება. ევროპული ფასეულობების წიაღში, რელიგიაც არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რაზეც კამათი, შარჟი და დისკუსია შესაძლებელია. ადამიანები აკრიტიკებენ არა თვითონ აღმსარებლობას, არამედ მის ინტერპრეტაციებს. საქართველოშიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს და არა, ვთქვათ, ათ მცნებას ან სხვა ფუნდამენტურ საკითხებს. ეს იყო საფრანგეთის შემთხვევაშიც. თუ ადამიანს აკრიტიკებ კანის ფერის გამო, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ევროპაში ეს მიიჩნევა დიდ ბარბაროსობად და დაშვებული არ არის. მაგრამ თუ შენ აკრიტიკებ იმას, რისი შეცვლაც შესაძლებელია, ეს ნორმალურია. მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობაში მართლმადიდებლად მონათლეს, მაგრამ როცა გაიზარდნენ და რაღაც მეტი დაინახეს კათოლიციზმში, მრწამსი შეიცვალეს. ანუ მათთვის, აბსოლუტურად მისაღები იყო კრიტიკა, რაღაც პლატფორმის, რაღაც აღმსარებლობის, რის გამოც შემდეგ შეიცვალეს თავიანთი შეხედულებები. ევროპული ფასეულობები დგას ამაზე – თუ ადამიანს შეუძლია გააკეთოს არჩევანი, ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას. პარიზის ტრაგედიის შემდეგ, ევროპულ სივრცეში სწორედ ამაზე გაჩნდა კითხვა, ჩვენ ხომ კონსესუსი გვქონდა, ჩვენ ხომ შეთანხმებული ვართ, რომ ის, რაც არის იდეოლოგიური საფუძვლის მქონე, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება. ახლა მივედით იქამდე, რომ რაღაცის კრიტიკა არ შეიძლება? კონსესუსი, რომელზეც დიდი ხნის წინ ჩამოვყალიბდით, ირღვევა? მთავარ ევროპულ ფასეულობებს რაღაც ხინჯი აქვს?

 

 ანუ საქართველოშიც წინააღმდეგობაში აღმოვჩნდით ევროპულ ფასეულობებთან?

 

 რა თქმა უნდა. ევროპის პერიფერიაზე რომ გაჩნდა ასეთი აზრები, ბუნებრივი იყო, რადგან ჩვენთან ტრადიციული საზოგადოება ძლიერია, მაგრამ თუ ევროპის წიაღშიც გაჩნდებოდა პოზიცია, რომ „მე კი ვგმობ ტერაქტს, მაგრამ“ არ შეიძლება რაღაცის კრიტიკა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ ევროპას გულის გულშიც გაუჩნდება ბზარები, რაც დიდი ამბავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ შეიკრიბა ორმოცდაათამდე ქვეყნის ლიდერი და თქვეს, რომ ის კონსესუსი, რაც უკვე არსებობს, არ დაირღვევა.

 

 ბოლო დროს შს სამინისტრო ითხოვს, რომ „შუღლის გაღვივება“ გახდეს დასჯადი. ფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული?

 

 მოწოდება, როგორც გამოხატვის ასეთი ფორმა, საკმაოდ რეგულირებულია ჩვენი კანონმდებლობით. თუ მოწოდება ქმნის მეყსეულ საფრთხეს ვინმესთვის, ასეთი მოწოდება ისჯება. შს სამინისტროს შემოთავაზებულ საფრთხეებში კი, ეს მეყსეული საფრთხე აღარ ჩანს. ფაქტობრივად, მოწოდება გახდა უფრო კრიმინალიზებული, ვიდრე იყო აქამდე.

 

 როგორი ფრაზები შეიძლება მივიჩნიოთ „შუღლის გაღვივებად“?

 

 მაგალითად, „ასავალ-დასავალს“ რომ კითხულობს ადამიანი, სულ შეიძლება გაუჩნდეს მსგავსი აზრი. წლების წინ სომხების სალოცავს ეჩმიაძინს, ჩეჩმას უწოდებდნენ და წერდნენ ამას დიდი ასოებით სათაურში. ამას რომ დაწერ, ესე იგი შეურაცხყოფას აყენებ ეთნიკურ სომხებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვისა და გამოხატვის კანონს დღეს ბევრი ებრძვის, მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი საზოგადოების დიდი მონაპოვარია. ამ კანონში არსებული ლიბერალური ხედვების გამკაცრება სწორად არ მიმაჩნია და შს სამინისტრო სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ამ კანონში რაიმეს შეცვლას მე კატეგორიულად არ ვემხრობი.

 

 ცვლილებებს სამინისტრო „სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შექმნას ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის განცდა?

 

 ორი მიდგომა არსებობს. ერთია ზრუნვის და მეორე – კონტროლის. სახელმწიფოს მართებს ორივე. იზრუნოს ადამიანებზე და აკონტროლოს იქ, სადაც საჭიროა. მაგრამ, ზრუნვისა და კონტროლის მიდგომებს შორის აუცილებელია ბალანსი, ეს ქმნის სტაბილურობას. როგორც კი სახელმწიფო გადაიხრება კონტროლისკენ და ზრუნვის ელემენტს შეამცირებს, იქ მივიღებთ ან ძალიან დაჩაგრულ საზოგადოებას, რომელიც ვერაფერზე ვერ ამოიღებს ხმას, ან ძალიან აგრესიულ საზოგადოებას, რომელიც გამოიწვევს ბევრ რყევას სახელმწიფოში. თუ ჩვენ სტაბილურობაზე ვფიქრობთ, ამის მთავარი საყრდენი უნდა იყოს კონტროლისა და ზრუნვის ელემენტების ფაქიზი ბალანსი. ამ ბალანსის დარღვევა არ შეიძლება.

 

 კარიკატურები არ დაბეჭდილა იმ ქვეყნებში, სადაც ტერორისტული დაჯგუფებები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მოსახლეობას. იმ მოტივით, რომ მსგავსი ძალადობა შესაძლებელია შეჩერდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, რამდენად სწორი არგუმენტია?

 

 თუ ევროპაში არ დაიბეჭდება კარიკატურა, ეს არ შეაჩერებს „ისლამურ სახელმწიფოს“. ევროპული კონსესუსის საფუძველი ის არის, რომ თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის განმუხტვის მექანიზმები არსებობს შიგნით და ეს მექანიზმები უნდა გამოიყენო, თუნდაც სასამართლოში. როცა ვიღაც შევარდება სადღაც და კლავს ადამიანებს, ეს არ არის გამოსავალი. კარიკატურა მხოლოდ საბაბია, რადგან ის იქაც შევარდება, სადაც არ დაბეჭდილება კარიკატურა. კარიკატურის დამაბალანსებელი მექანიზმები არის არააგრესიული. სადაც არის აგრესია, იქ კარიკატურა არსებითად არაფერ შუაშია.

 

 ტერორიზმით ან ცენზურით ჩაგვრის აღმოფხვრა შესაძლებელია?

 

ტერორიზმი ჩნდება იქ, სადაც სუსტ ძალას აქვს განცდა, რომ სხვანაირად ძლიერს ვერ მოერევა. ტერორიზმი არის სუსტების იარაღი. ამიტომ, სრულიად სხვა ხედვა და ფიქრია საჭირო, როგორ შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლა. ისევ და ისევ მივდივართ განათლებასთან, რომელიც ტერორიზმთან და აგრესიასთან ბრძოლის ყველაზე კარგი იარაღია. სტრატეგია უნდა იყოს გრძელვადიანი და უნდა იყოს დაფუძნებული ჰუმანიზმზე, ურთიერთგაგებაზე, განათლების შეტანაზე… იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოდან თუ ევროპის ქვეყნებიდან მიდიან აღმოსავლეთის ქვეყნებში საბრძოლველად, რომ ჰქონოდათ კარგი განათლება, კომფორტულად ეგრძნოთ თავი იქ, სადაც იყვნენ, დაენახათ სტაბილურობის სიკეთე, თავისუფლად ესუნთქათ და ეცხოვრათ, არა მგონია გასჩენოდათ იმის სურვილი, რომ იარაღით ხელში ვინმეს წინააღმდეგ ეომათ. ამიტომ, ჩვენც სანამ განათლების სისტემა არ გვექნება სათანადო დონეზე, ბევრჯერ გაგვიჩნდება კითხვა, რა დავუპირისპიროთ ძალადობას.

 

 როგორ ფიქრობთ, სად დაუშვა ცივილიზებულმა სამყარომ შეცდომა, რახან ასეთ მასშტაბებს მიაღწია ტერორიზმმა?

 

 მე ვახსენე ზრუნვისა და კოტროლის ბალანსი. აი, ეს ბალანსი დაირღვა. თვითონ ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ ნაკლებად ესმოდათ აღმოსავლეთის ქვეყნების. ალბათ საჭირო იყო მეტი შესწავლა აღმოსავლური ცხოვრების წესის, კულტურის, მათი მისწრაფებების, თუნდაც მათი რელიგიის. ბუნებრივია, აქ არის უსაფრთოების ინტერესები, ეკონომიკური და ბევრი სხვა ფაქტორია ჩართული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა ირღვევა სუსტსა და ძლიერს შორის ურთიერთობის ბალანსი, იქ უკვე არის ტერორიზმი, ომი და ჩაგვრა. ჰუმანიზმი არის ის, რაც გვაკლია ჩვენ ყველას და ამით ბევრ პრობლემას მოვაგვარებდით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე