მთავარი,სიახლეები

მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები

12.06.2017 • 8713
მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, პროექტის ფარგლებში – „სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები – მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“.  კვლევის პერიოდში გურიასა და აჭარაში 16-იდან 22-წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ  საუბრობენ.

კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება არასრულწლოვნების 86 პროცენტს, 15-17 წლის ასაკში აქვთ მიღებული. პირველი ვიზიტისას მათ საზღვარი მშობელთან ერთად გადაკვეთეს, მომდევნო ვიზიტებისას კი მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნების  15 პროცენტს არ ჰქონია მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

„ბათუმელებს“  კვლევის სოციალური კომპონენტის მენეჯერი სალომე ჭიჭინაძე ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მოზარდები თურქეთში სამუშაოდ, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში გადადიან, თუმცა არის სკოლის პერიოდში გადასვლის შემთხვევებიც.

„იყო შემთხვევები, როცა შრომითი გამოცდილება მოზარდებს 12 წლის ასაკშიც ჰქონდათ მიღებული. დასაქმების დროს მათ არც მშობლის ნებართვა ჰქონიათ და არც შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლის მხრიდან“, – გვეუბნება ის.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, კვლევის დროს, ხუთმა რესპონდენტმა აღიარა, რომ  დასაქმების ადგილზე, არასრულწლოვან ასაკში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. „აქედან 3 ბიჭი იყო, 2 კი გოგო“.

კვლევის მიხედვით, ჩაის ან თხილის პლანტაციებში დასაქმებული მოზარდების დიდი უმრავლესობა 9 საათს ან მეტს მუშაობს. ამასთან, ჩაის პლანტაციებში მომუშავეთა 79% საკუთარ სამუშაოს მძიმედ აფასებს, თხილის პლანტაციაში მომუშავეთაგან კი იმავე შეფასებას რესპონდენტთა 45% აკეთებს. „საერთო ჯამში, ყოველი ათი არასრულწლოვნიდან არანორმირებულად (8 საათზე მეტს) 9 საათს მუშაობს“, – ნათქვამია კვლევაში.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, ბავშვების ან მოზარდების შრომით საქმიანობაში ჩაბმის ინიციატორები მშობლები არიან. „და ეს მაშინ, როცა მათ წარმოდგენა არ აქვთ არც შრომით უფლებებზე და არც შრომით კანონმდებლობაზე. კვლევაში შემაშფოთებელია ის, რომ 16 პროცენტი საუბრობს იმაზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოზარდებს დაკარგული აქვთ განათლების მიღების სურვილი და ამაში დიდ როლს ასრულებენ როგორც პედაგოგები, ასევე  მშობლები“, – გვეუბნება სალომე ჭიჭინაძე. მისი თქმით, კვლევის დროს სწორედ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ „ეს ბავშვები მაინც ვერაფერს ისწავლიან და  სჯობს, შრომითი გამოცდილება მაინც მიიღონ თურქეთში“.

კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდები მძიმე შრომისგან მიღებულ თანხებს ძირითადად ოჯახის საჭიროებებში ხარჯავენ. „ტექნიკას ყიდულობენ ოჯახისთვის, თავისთვის ტანსაცმელს ან ტელეფონებს“.

კვლევის მიხედვით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ თურქეთში სამუშაოდ წასვლის ყველაზე დიდი მოტივაცია არასრულწლოვნებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობაა. მომდევნო მოტივაცია ოჯახის ფინანსური დახმარება, ასევე, მნიშვნელოვანი მოტივაციაა სიღარიბისგან თავის დაღწევა.

თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული.

არასრულწლოვნების უმრავლესობა თურქეთში ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე მიდის, მაგრამ მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ პირველიდან მეხუთემდე, თითოეული ვიზიტის შემდეგ, შრომითი მიგრაცია სულ უფრო ხშირად ხდება სკოლის გაცდენის ხარჯზე.

„ეს ტენდენცია იკვეთება თითოეულ ვიზიტზე და თუ პირველსა და ბოლო ვიზიტებს შევადარებთ. სასკოლო არდადეგების ხარჯზე თურქეთში გამგზავრების პროცენტული წილი 24.5%-ით მცირდება“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევა ევალებათ, არ ხარჯავენ ამისათვის საკმარის რესურსს – სოციალური აგენტები ან სოფლის რწმუნებულები თურქეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდის საქმიანობით არ ინტერესდებიან, არ კონტროლდება საზღვარზე მათი მიმოსვლის ვადები სათანადოდ და სკოლის წარმომადგენლები არ რეაგირებენ ასეთ დროს გაცდენებზე.

რესპონდენტთა ასაკი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს

რესპონდენტთა ასაკი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: