მთავარი,სიახლეები

სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“

13.02.2026
სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“

საქართველოს ეროვნული  ბანკის [სებ] ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები, როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„წავიდა ჩვენი რეზერვები ჩინეთში, ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“ – ასე ეხმაურება გადაწყვეტილებას სებ- ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

„რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და იმ ქვეყნებში არც სურვილი ექნება განთავსების, არც ამის უფლებას მისცემს ვინმე. ყველა ნაბიჯი, რაც „ოცნებამ“ გადადადგა ბოლო წლებში, არის რუსული კანონებისა და ქმედებების პირდაპირი კოპირება. ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთზე კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე. 

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განმარტებით, აღნიშნულ ბაზარზე წვდომამ  საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობები უნდა გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციას, რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას.

სებ-ი განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ:

„შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო  ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან.

2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს  აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით“ – ვკითხულობთ სებ-ის გვერდზე გამოქმვეყნებულ ნათია თურნავას კომენტარში.

სებ-ის ინფორმაციით, CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: