სიახლეები

ბათუმის ბულვარი ოთხი „დედინაცვლის“ ხელში

24.04.2014 • 1603
ბათუმის ბულვარი ოთხი „დედინაცვლის“ ხელში

 

ბათუმის ბულვარში კონკრეტული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ყველა უწყება ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ამასობაში ბულვარში მიწის მისაკუთრების მსურველების რიცხვი იზრდება. სად იწყება და სად მთავრდება ბულვართან მიმართებაში თითოეული უწყების უფლებამოსილება – კითხვებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა უპასუხა.

 

ბატონო ირაკლი, ბულვარის ადმინისტრაცია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აიპია, ანუ სამინისტრო თვითმმართველობის ქონებას განკარგავს. რატომ?

ბათუმის ბულვარის ქონება არის თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრება, მაგრამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე მართვაშია გადაცემული, ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობს აიპი „ბათუმის ბულვარი“.

რაც შეეხება მშენებლობებს, ვინაიდან ბულვარი ლანდშაფტური ძეგლია, ყველა მშენებლობაზე ნებართვას იძლევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ეს  მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება მართვას, ეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა.

 

როგორ ფიქრობთ, ბათუმის ბულვარს ოთხი პატრონის მფარველობა რამე სარგებელს აძლევს, თუ პირიქით, აზარალებს?

თავის დროზე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ საკრებულოში გადაწყვიტა ბულვარის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, შეცდომა დაუშვა, რადგან ქალაქის თვითმმართველობას უფრო მეტი რესურსი გააჩნია ბულვარის მოვლის, მისი პატრონობისა და პროექტების განხორციელებისთვის. ალბათ დადგება დრო, როდესაც ბულვარი ისევ თვითმმართველ ერთეულს დაუბრუნდება.

 

როდის დადგება ეს დრო, საკითხი დღის წესრიგში დგას?

საკითხზე, ალბათ, ახალი თვითმმართველი საკრებულო იმსჯელებს, ეს წელს არ მოხდება. გიდასტურებთ, დიდი ხანია ეს საკითხი განიხილება. მე ვიცი მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია – ისიც ფიქრობს, რომ უფრო უპრიანია ბულვარი ქალაქს დაუბრუნდეს. საკრებულოს წევრების უმეტესობაც ასე ფიქრობს, ოფიციალური წერილიც იყო შემოსული ფრაქცია „მაჟორიტარისაგან“ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხილვა.

 

ჩემი აზრით, ბათუმის საკრებულოსა და მერიას უფრო მეტი რესურსი აქვს ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის – სამსახურები, რომლებიც ქალაქში მუშაობენ, უფრო კარგად მოუვლიან მას. ჩემი სუბიექტური აზრიც ასეთია, რომ უპრიანია ბულვარი ისევ ქალაქმა მართოს.

 

მოქმედი საკრებულო ამ საკითხის დასმას ვერ მოასწრებს?

უფრო ვერ მოახერხებს, იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ფრაქცია ჰყავს საკრებულოში და გააჩნია ბერკეტები, გაჭირდება სხდომაზე ამ საკითხის გატანა. ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა ბულვარის დაბრუნება, რომ რაც წაგვართვეს დავიბრუნოთ, აქ ქალაქის ინტერესია მთავარი.

 

ამ პერიოდში ბულვარის ადმინისტრაციის ფუნქცია რა არის?

ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ადმინისტრაციული დანიშნულება, ეს არის წესრიგის დამყარება, დასუფთავება, გამწვანება და ასე შემდეგ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: