სიახლეები

საკრუიზო ტურიზმის ხიბლი და პრობლემები

22.02.2014 • 4935
საკრუიზო ტურიზმის ხიბლი და პრობლემები

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში საკრუიზო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.  გამოფენა ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში იმართება. საქართველო ამ გამოფენაზე შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სტრატეგიით წარსდგება. სტრატეგია შავი ზღვის ქვეყნებმა „ბლექ სიი კრუიზის“ (შავი ზღვის კრიუზი) მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავეს, რომელსაც 2012 წელს მოაწერეს ხელი.

 

 

„შავი ზღვის ქვეყნები გაერთიანდნენ იმისათვის, რომ საერთო მარკეტინგული კამპანია აწარმოონ. გაიყიდოს შავი ზღვა, როგორც საერთო პროდუქტი და ამაში ჩაერთოს ისეთი მნიშვნელოვანი პორტები, როგორიცაა: ოდესა, ბურგასი, იალტა, ბათუმი, სინოპი, სტამბოლი და სხვები. ჩვენ გამოფენაზე წარვსდგებით როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი საკრუიზო პორტი. ზღვა როგორც ერთი მიმართულება, უფრო მძლავრი და მომგებიანია, ვიდრე ბათუმის პორტის ცალკე პოზიციონერობა ბაზარზე, ამიტომაც გადაწყდა ასეთი ფორმით წარდგენა,“  –  ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი.

 

 

აჭარის მთავრობას, საკრუიზო ტურიზმის მიმართულების განვითარებაზე დიდი გათვლები აქვს. გეგმის რეალობად ქცევას, წელს, 25 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში სამ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმებამაც უნდა შეუწყოს ხელი.

 

„პროტოკოლი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით საქართველოს, თურქეთსა და უკრაინას შორის ერთობლივი ღონისძიებების გატარებასა და გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს,“  – ამბობს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გიორგი თუთბერიძე.

 

მთავრობის მიზანი ბათუმის ნავმისადგომზე საკრუიზო გემების შემოსვლის  ინტენსივობის გაზრდაა. ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ღირსეულად წარდგენასა და შავი ზღვის, როგორც საკრუიზო ბაზრის რეკლამირებაზე მუშაობს. ტურისტების დახვედრასა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაზე კი კერძო კომპანიები ზრუნავენ.

 

ტურისტული სააგენტო „აბ ვიზიტ აჭარა“ -ს ხელმძღვანელი რობერტ ფერდმანი საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას ნავსადგურის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. ის ამბობს, რომ მთავარი ბარიერი ბათუმის ნავმისადგომის არასაკმარისი მასშტაბები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა:

 

„საკრუიზო მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქცია, იმისათვის, რომ დიდი ტონაჟობის გემები მიიღოს. ამ შემთხვევაში ერთ დღეში შეიძლება 2000 ტურისტიც კი შემოვიდეს ქალაქში. თანაც ამ ტიპის გემებით მგზავრობენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები… ფულიანი ხალხი.“

 

რობერტ ფერდმანი ცდილობს ბათუმში ნავმისადგომის მასშტაბების გაზრდისა და დიდი გემების შემოსვლის მნიშვნელობა შედარებით ახსნას:

„ხომ არსებობს ერთ, ორ, სამ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. საკრუიზო გემით შემოსული ტურისტი, ასე ვთქვათ, „ხუთვარსკვლავიანი“ ტურისტია, რადგან კრუიზის მომსახურება ყველაზე ძვირი მომსახურებაა.“

 

ტურისტული სააგენტო  „აჭარა ტურის“  ხელმძღვანელი თემურ ზოიძე კი, ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის გარდა, სატრანსპორტო ინფრატსრუქტურის არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს.  მისი თქმით, „ბათუმს არ აქვს ტურისტის მომსახურებისთვის საჭირო სპეციალური ტრანსპორტი.“

 

ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქციის პროექტზე აჭარის მთავრობაში 2012 წლის ბოლოს იმსჯელეს. აჭარის მთავრობამ პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაზე ამერიკულ კომპანიასთან  „როიალ კარიბიანთან“ მემორანდუმიც გააფორმა. ამ კომპანიის აშენებულია თურქეთის ცნობილი პორტი კუშადასი.

 

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და  „როიალ კარიბიანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა მოაწერეს. შეთანხმება თანამედროვე სტანდარტების პორტის აშენებას გულისხმობდა. ბათუმის პორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე კი მუშაობა დაიწყო „როილ კარიბიანის“ პარტნიორმა კომპანიამ  „ლენდ დიზაინმა“ – კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი დაფინანსებით გეგმავდნენ. საუბარი იყო 35 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტი არ გაჩერებულა. პორტის მოდერნიზაციისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის გადაცემაზე კი ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია. საკრებულომ ეს საკითხი ბოლო სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღო. მიზეზად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის  არმისვლა დასახელდა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე საგანგებოდ იყო მიწვეული. საკრებულოს წევრებს მასთან კითხვები ჰქონდათ.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საკრებულოს შესაბამისი წერილი 2013 წლის 26 დეკემბერს მისწერა, რომლითაც სამინისტრო ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთის მთავრობისთვის გადაცემას ბათუმის პორტის მოდერნიზაციის მიზნით ითხოვს (საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, „ჭაჭის შადრევანსა“ და ნავსადგურს შორის არსებულ 9320 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს მერიის საკუთრებაშია).

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ნავმისადგომში ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ძველია, აჭარის მთავრობაში წელს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით მაინც მზარდ სტატისტიკას ვარაუდობენ. გასულ წელს ბათუმის პორტში 16 საკრუიზო გემი შემოვიდა და 5 162 ტურისტი შემოიყვანა, 2012 წელს კი ბათუმს 10 საკრუიზო გემით 3 632 ტურისტი ესტუმრა.

 

 

 

 

საკრუიზო გემი ბათუმის ნავსადგურში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: