სიახლეები

გამხმარი ხეები გზის გასწვრივ

03.02.2015 • 1567
გამხმარი ხეები გზის გასწვრივ

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეები ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა – პატრონობის და  დაბის გამწვანების  პროგრამის ფარგლებში დარგეს. სამუშაოები შპს „სანდასუფთავებამ“ შეასრულა. როგორც ხულოს გამგებლის მოადგილე  გივი ქედელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ნერგები კახეთიდან ჩამოიტანეს და მის შესაძენად, დასარგავად და შემდგომ მოსავლელად ჯამში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.

 

 

„ცაცხვის ნერგები ჩამოვიტანეთ კახეთიდან, ძალიან იაფად  ვიყიდეთ,  თითოში ლარნახევარი გადავიხადეთ. შარშან მთელი ზაფხული სახანძრო მანქანებით ვრწყავდით,“ – ამბობს გივი ქედელიძე.

 

 

კითხვაზე, რატომ გახმა ნარგავები, თუკი მუნიციპალიტეტი სათანადოდ უვლიდა, გივი ქედელიძე პასუხობს, რომ  „დარგვის შემდეგ შეამოწმეს და ყველა გახარებული იყო“.

 

„მერე ზამთარი არ მოვიდა დიდხანს, მერე უცებ  ყინვები დაიჭირა. გაზაფხულზე უკვე გამხმარი იყო,“ – ამბობს გივი ქედელიძე.

 

 

ხულოს მსგავსად ნერგები შუახევის მუნიციპალიტეტშიც დარგეს. 300 ძირი კაკლისა და ტყემლის ნერგი შუახევშიც კახეთიდან ჩამოიტანეს.

 

 

„1600 ლარი დაიხარჯა სამასი ნარგავისათვის. ჩვენ დავრგეთ ჩვენი ძალებით. მოვლა – პატრონობას რაც შეეხება, გაგვყავდა სახანძრო მანქანა და ვრწყავდით.  დარგული ხეებიდან დაახლოებით 15-20 პროცენტია გახარებული,“ –  ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.

 

 

„ხის დარგვას  თავისი წესი აქვს. ყველა ჯიშის ხეს აქვს თავისი საცხოვრებელი ადგილი, ამის მიხედვით უნდა შეირჩეს ნერგი. არის მცენარე, რომელიც მაღალ მთაში ხარობს, არის სუბტროპიკული ზონის, არის მშრალი ჰავის ზონის მცენარე.  მაგალითად, რაც ბახმაროში  ხარობს, ის ბათუმში ვერ გაიხარებს. როდესაც რგავ, ის კლიმატური ფაქტორები, რაც არის დამახასიათებელი ადგილისთვის, უნდა გაითვალისწინო.  ასევე მნიშვნელოვანია წლის რომელ დროს რგავ.  ხეები ირგვება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე.  შუა ზაფხულში ან გაზაფხულზე, როცა უკვე ვეგეტაცია იწყება, ანუ კვირტები ეშლება მცენარეს, დარგვა არ შეიძლება.“ – ამბობს სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი არჩილ სუპატაშვილი.

 

იმისათვის, რომ დარგულმა მცენარემ გაიხაროს, მას მოვლა სჭირდება. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელის ეთერ მაჭუტაძის თქმით ბათუმის გამწვანებისთვის და შემდგომი მოვლა-პატრონობისათვის მიმდინარე წელს 650 ათასი ლარი იხარჯება.

 

 

„ვიყენებთ როგორც მინერალურ, ისე ორგანულ სასუქებს. ყველანაირ საშუალებას მივმართავთ, რომ მცენარე იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში. გარდა  ამისა ენტომოლოგი მყავს და წელიწადში ოთხჯერ ვწამლავთ მცენარეებს. არის გამონაკლისები, როცა მცენარეს ფესვთა სისტემის ლპობა აქვს დაწყებული და შეიძლება ასეთ დროს მცენარე გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მცენარე გადავარჩინო. ზოგჯერ არის ხელოვნური დაზიანება, არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან სკვერში, მცენარეს ან აწვენენ, ან ტყავს აძრობენ და  მცენარე იღუპება,“ –  ამბობს ეთერ მაჭუტაძე. 

 

 

მისი თქმით წელს ბათუმში 1006 ძირი  ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე 400 ათასი ცალი ერთწლიანი ყვავილი  დაირგო. ხოლო დარჩენილ 6 თვეში დაგეგმილია 6 სკვერის, ოთხი გზაგამყოფის გამწვანება. უნდა დაირგოს 500 ათასი ცალი ერთწლიანი  ყვავილი  და  3 ათასი ძირი ბუჩქოვანი მცენარე. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: